„სალომე ზურაბიშვილი დარჭობილ ჯოხზე უარესია, იმიტომ რომ ჯოხი ნულია, ეს _ მინუსებშია, ხალხს სძულს“

„ქრონიკა+“ ესაუბრება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, პეტრე ცისკარიშვილს:
_ ხელისუფლებები, როგორც წესი, არჩევნების წინ მაინც იქცევიან ხოლმე შედარებით ნორმალურად, მოზომილად. ამ ხელისუფლებამ კი მაინცდამაინც ზედ არჩევნების წინ მოინდომა მარიხუანას გაშენება. რა მოლოდინების გაჩენა სურს ამ ნაბიჯით ხელისუფლებას?
_ ეს იცით, როგორაა, მარიხუანას ეგ კანონი და სალომე ზურაბიშვილის წამოყენება ერთ კონტექსტშია განსახილველი.
_ რა თვალსაზრისით?
_ მას ჰგონია, რომ რასაც კი მოინდომებს, ყველაფერი გაუვა, იქნება ეს სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება თუ მარიხუანას გაშენება. სხვა რა უნდა იფიქრო, როდესაც ბატონმა ივანიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა ასეთ ოდიოზურ ფიგურას? ყველაზე ოდიოზურ ფიგურას, რომელიც კი შეიძლებოდა შერჩეულიყო პოლიტიკური სპექტრიდან. ქართული პოლიტიკის ზედაპირული ნიუანსებიც კი არ ესმის ამ ქალს, თუ შეიძლება, რომ მას პოლიტიკოსი ვუწოდოთ, საერთოდ. იგი პოლიტიკოსიც არაა, უბრალოდ, აღმოჩნდა, რომ რუსეთს აწყობს. როგორც ჩანს, ივანიშვილს დაევალა მისი წარდგინება და მხარდაჭერა. ცხადია, მასაც აწყობს ეს გარემოება, ზურაბიშვილი რომ „ქართული ოცნებიდან“ არაა და ხაზსაც უსვამს ამას სულ, მაგრამ მაგის სულელი არავინ არაა, რომ მის ვირეშმაკობას ვერ მიხვდეს.
_ რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წარადგინა და აქვს თუ არა პარტბილეთი, ისე არიან მობილიზებულები და ისე გააფთრებით იცავენ, ქოცსაც რომ არ დაიცავდნენ.
_ დიახ, იცავენ და საერთოდ, რეალურად, თვითონ წარადგინეს, თვითონ აფინანსებენ, კბილებით იცავენ და მთელ თავის ადმინისტრაციულ რესურსს ახმარენ და მეტი რაღაა საკუთარი კანდიდატის ყოლა, თუ არა ეს ყველაფერი? ზურაბიშვილს საქართველოში არანაირი პოლიტიკური რეიტინგი არ აქვს და არც ჰქონია. პოლიტიკურ რეიტინგსაც რომ თავი დავანებოთ, არც კარგი ქალის, კარგი ადამიანის სახელი აქვს! ივანიშვილს შეეძლო, ვინმე არაპოლიტიკოსი მოეყვანა და ეთქვა, ეს ადამიანი რაღაც წრეებში სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობს, ამიტომ გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ და პრეზიდენტი გავხადოთო. ასეთიც არ არის ეს ქალბატონი! ეს არის პირდაპირ ჩვენი მტრის წისქვილზე წყლის დამსხმელი, ოდიოზური, ქართულად, მშობლიურ ენაზე ვერმოლაპარაკე სუბიექტი! ვიმეორებ, ივანიშვილს ჰგონია, რომ ყველაფერი გაუვა. უნდა სალომე ზურაბიშვილი და ჰგონია, რომ გაიყვანს. როგორც ამბობენ ხოლმე, ჯოხს დავარჭობ და იმას გავიყვანო. სალომე ჯოხზე უარესია, იმიტომ რომ ის ჯოხი ნულია და ეს მინუსებშია, ხალხს სძულს. სალომე ზურაბიშვილი სძულს არათუ ამ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ელექტორატს, სძულთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსაც. და ამ ხალხს, ვისაც სძულს სალომე ზურაბიშვილი, ივანიშვილი აიძულებს ხმის მიცემას, აიძულებს როგორც მხარდამჭერებს, ასევე მათ, ვისაც აქამდეც ავალებდა _ გამგეობების, მერიების, სამინისტროების, პოლიციის, სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე დაინტერესებულ ბიზნესწრეებს, რომლებსაც ტენდერებს აძლევენ, ზოგს უტენდეროდ აგებინებენ კონტრაქტებს, მოკლედ, მთელ ამ რესურსს, რომელსაც იყენებენ არჩევნებზე და რასაც ემატება გაყალბება, ცესკო. ცესკოც ერთ-ერთი მჭიდრო რგოლია ადმინისტრაციული რესურსის, იმტომ რომ რასაც თვითონ ვერ გასწვდებიან, შემდეგ ცესკო გაულამაზებს და დაუხატავს ციფრებს.
_ რატომაც არ გაულამაზებს, აგერ აგვისტოში 20 ათასი ლარი აუღია ხელფასად. 20 ათას ლარ ხელფასად სალომე ზურაბიშვილს კი არა, ტუტანხამონს არ გაიყვანს პრეზიდენტად?!
_ კი, ყველაფერზე წავა, ყველა ბინძური უკანონო დავალების შემსრულებელი ქალია ეს თამარ ჟვანია. ასე რომ, თქვენს მთავარ კითხვას რომ დავუბრუნდე, ივანიშვილი ფიქრობს, თუ გასდის სალომე ზურაბიშვილის დაყენება და გაყვანა, რატომ არ გაუვა მარიხუანას კანონი? მას ეს ქვეყანა თავისი ერთ-ერთი შპს ჰგონია და ახლა ფიქრობს, რომ ამ შპს-ში მარიხუანას მოყვანა სარფიანი იქნებოდა. „რატომაც არა“ _ ეს მიდგომა აქვს. ჩვენ ახლა შიგნიდან, ამ ქოცური წრეებიდან ხომ მოგვდის ინფორმაციები, რამდენიმე ქოცი წინააღმდეგი ყოფილა, წინააღმდეგობა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, უბრალოდ, ამ რამდენიმემ მოსაზრება გამოთქვა, ახლა არ გვინდა, არჩევნების მერე შემოვიტანოთო, მაგრამ ივანიშვილს დაუჟინია, გინდა თუ არა, ახლა უნდა გავაკეთოთო. დააყენა და „აპრავებინა“ და აძახებინა, თურმე, რა კარგი და რა მარგებელია მარიხუანა, კანაფს მოვიყვანთ და თურმე გავმდიდრდებით…
_ რომც მართლა გამდიდრებას გვიქადდეს ეგ, უნდა მიდიოდეს თუ არა სახელმწიფო მაგაზე და მეორეცაა, გავმდიდრდებით კი? გვინდა ამ გზით შვსებული ბიუჯეტი? და შეავსებს კი ბიუჯეტს?
_ რატომღაც, ბევრს არასწორი წარმოდგენა შეექმნა, რომ ყველას შეეძლება მოყვანა და შემოსავლებს მიიღებენ. ამას თუ დაუშვებენ, ეს ნიშნავს, რომ ტოტალურად მარიხუანას ქვეყანა გავხდებით, ვერავინ გააკონტროლებს, ვინ მოკრიფა, ვინ მოწია, ვინ სად გაყიდა… ამ მოდელზე ვერ და არ მიდის, ჯერ ერთი, ვერც ბედავს ამას და მეორეც, არ აწყობს. თუ ყველა მოიყვანს, ეს ყველა მისი კონკურენტი იქნება და ფასი დაეცემა. მას უფრო ჩაკეტილი, სათავისო სქემა აქვს მოფიქრებული. გაათამაშებს რამდენიმე ლიცენზიას, რომლის ყიდვაც სერიოზული თანხა ეღირება, შეიქმნება ორი-სამი კარტელი, ანდა სულაც ერთი, მხოლოდ მისი, როგორც ბიტკოინებზე აქვს აწყობილი. კი, წვრილ-წვრილი ბიტკოინები არ არის აკრძალული, მაგრამ ვისაც პატარა მაინერები უდგას, დენში სამჯერ მეტს იხდის, ვიდრე ივანიშვილი. არანაირი დიდი პლანტაციების გაშენებას ის არ გეგმავს. ის სულ რამდენიმე ჰექტარზე გააკეთებს სათბურებს, სადაც სხვადასხვა ინტენსიურ ჯიშს მოიყვანს, რომელიც კაი ფასად იყიდება. მოიყვანს და გაყიდის, თავისთვის იშოვის ფულს, როგორც ამას ბიტკოინებით აკეთებს. ასობით მილიონი აქვს შემოსავალი. ეს მარიხუანას სათბურები ექნება თბილისთან ახლოს ან საპორტო ქალაქებთან ახლოს, სადაც უკეთესი პირობებია ტრანსპორტირებისთვის და საერთაშორისო ტრეიდერებს ან პირდაპირ კომპანიებს მიაწოდებს, რომელიც შემდეგ ამას სხვადასხვა დანიშნულებით მოიხმარს. ანუ იქნება მარიხუანას ბარონი, სხვა არავისზე ეს შემოსავლები არ გადანაწილდება. როგორც ბიტკოინებიდან კაპიკი არავის უნახავს, აქედანაც ვერავინ ვერაფერს ნახავს, მათ შორის, ვერც ბიუჯეტი, პირდაპირ მის ჯიბეში ჩაჩხრიალდება უცხოური ვალუტა. იმ სათბურებში სულ რამდენიმე კაცი იმუშავებს, დანარჩენი ყველაფერი კომპიუტერიზებული იქნება.
_ რას ამბობ, როდესაც მარიხუანას პლანტაციებზე ლაპარაკი დაიწყეს, ხალხს ამით ახარბებდნენ, ათასობით ადამიანს დაასაქმებსო და ესეც ტყუილია?
_ რა დასაქმება, რის პლანტაციები?.. არ ვიცი, ვის წარმოედგინა, რომ ივანიშვილი პლანს ათასობით ჰექტარზე ააბიბინებდა და ამ თვალუწვდენელ პლანტაციებში მართლა ათეულ ათასებს დაასაქმებდა? ასე ხარჯები გაექცევა, რასაც ის არანაირად დაუშვებს. მას ექნება ინტენსიური წარმოება სათბურებში _ ნახევარ ჰექტარზე, ერთ ჰექტარზე გაშენებულ სათბურებში, სადაც, მაქსიმუმ, 10-12 კაცი ეყოლება დასაქმებული და სადაც მთელი წლის განმავლობაში მოიყვანს მარიხუანას, მოიყვანს ბევრ მარიხუანას. ეგ პატარა ბიზნესში ცხვირს არ შეყოფდა.
_ ანუ ეგ ერთადერთი პლუსიც არ აქვს ამ მარიხუანის შესაძლო გაშენებას.
_ არც ეგ აქვს და პირიქით დენსაც გაგვიძვირებს. როგორც ბიტკოინები აზის ენერგოსისტემას წურბელასავით, ეს სათბურებიც ასე დააჯდება ენერგოსისტემას. სათბურებს გათბობა სჭირდება, სინათლე სჭირდება, დენის კიდევ ერთი წურბელა გაჩნდება მაგ მარიხუანას სათბურების სახით და ჩვენ დენი კიდევ უფრო გაგვიძვირდება. ბიტკოინებმა ხომ უკვე გაგვიძვირეს, ახლა ეს მარიხუანა გაგვიძვირებს, იმიტომ რომ მოთხოვნა რომ იზრდება ან მიწოდებაც უნდა გაზარდო პარალელურად, რომ ფასი დაიჭირო, ან არადა თუ ვერ ზრდი მიწოდებას, ფასი იზრდება. ამათ მიწოდება ვერ გაზარდეს. რომ დადიან და ამ ჰესებს ხსნიან, არც ერთი თავისი დაწყებული ჰესი არ გაუხსნიათ, ყველა ჰესი, რაც კი გახსნეს, 2012 წლამდე არის დაწყებული.
_ ანუ თუ ივანიშვილმა მარიხუანა გააშენა, ჩვენ სარგებელს ვნახავთ კი არა, პირიქით, დენიც გაგვიძვირდება?
_ კი, დენს დამატებით წაიღებს, ჩვენ დენი გაგვიძვირდება და თვითონ ჩვენ ხარჯზე ფულს იშოვის. ეგ იქნება მაგის მთელი ეკონომიკა, კანაფიდან ვერც ხეირს და ვერც შემოსავალს ვერ მიიღებს ვერავინ სხვა, გარდა ივანიშვილისა.
_ ბევრად კომფორტული იქნებოდა მისთვის ვინმე ქოცი კანდიდატის გაყვანა, რომელიც თვითონ ქოცებისთვის მაინც იქნებოდა მისაღები, სალომე ზურაბიშვილი ქოცებისთვისაც კი მიუღებელია, ეს ხომ არაა პუტინის დავალება, როდესაც ივანიშვილს სხვა გზა არ აქვს და პრეზიდენტად უნდა გაიყვანოს?
_ ეს იმ ტიპის დავალებაა, თავად ივანიშვილსაც რომ აწყობს. ივანიშვილი პუტინის დახმარებით მოვიდა ხელისუფლებაში, კი გახდა მისი ფინია და ქვეყანასაც შესანიშნავად აქცევს, მაგრამ ფაქტია, ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით ვერ გადადგა: ვერც აფხაზეთი ჩააბარა საბოლოდ, ვერც ცხინვალის რეგიონი, ვერც დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა რუსეთთან, ვერც რკინგზას დააყენა საშველი და მოიფიქრა ასეთი ვირეშმაკობა, ივანიშვილმა კანდიდატი არ წამოაყენა და ვითომ მთლიანად ჩვენ, საზოგადოებას მიანდო კანდიდატის წამოყენებაც. 2023 წელს საერთოდ არჩევნებს აუქმებს და არც გვეკითხება, ვის დასვამს პრეზიდენტად და ახლა ვითომ კანდიდატის არჩევაც ჩვენ მოგვანდო. შემდეგ მხარდაჭერა გამოუცხადა ვითომ დამოუკიდებელ, რეალურად პუტინის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. სწორედ სალომე ზურაბიშვილის ხელით გააკეთებს ივანიშვილი იმ ყველაფერს, რაც რუსეთს უნდა, _ იქნება ეს აფხაზეთის აღიარება თუ რკინიგზის გახსნა, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. სწორედ მას ამოეფარება ივანიშვილიც და გვეტყვის, _ მე რა შუაში ვარ, თქვენ აირჩიეთო. ივანიშვილისთვის მთავარი პასუხისმგებლობის აცილებაა. მაგას ხომ იცით, როგორც უყვარს პასუხისმგებლობიდან დისტანცირება და თავის დაძვრენა. წავიდა, სახლში დაჯდა, ვითომ მე აქ არაფერ შუაში ვარო, ქვეყანას არ ვმართავო, მერე მოვიდა, ცოტა ახლოს მოჩოჩდა, ვითომ პარტიის თავმჯდომარეა, მაგრამ ბოლომდე პასუხისმგებლობა არ აიღო, პრემიერი არ გახდა, პრეზიდენტის კანდიდატად თავი არ დააყენა, იმიტომ რომ ვიღაცას შეტენოს ეს პასუხისმგებლობა. ხუთი წელი ხომ აქვს ვადა პრეზიდენტს, ზურაბიშვილს ეს ხუთი წელი იხმარს, გამოიყენებს, ყველა ბინძურ ოდიოზურ სარუსეთო პროკრემლურ საქმეს მას გააკეთებინებს და გაუშვებს.
_ გასაგებია, ჩვენთანაც თავს იმართლებს, მე რა შუაში ვარო და _ დასავლეთთანაც. „დამოუკიდებელი“ სალომეს ხელით ის ყველა მოთხოვნას შეუსრულებს რუსეთს. აქამდე ფაქტია, რომ დასავლური კაპიტალის დაკარგვის შიშით, მან ბევრი მოთხოვნა ვერ შეუსრულა რუსეთს. ივანიშვილი, თავისი ფინანსებით ისევეა დამოკიდებული დასავლეთზე, როგორც პუტინზე. რა მნიშვნელობა აქვს, რომელი ჯიბიდან დაკარგავდა ფულს _ მარცხენა თუ მარჯვენა ჯიბიდან. ამიტომაც ვერ მოახერხა ის ყველაფერი, რაც რუსეთს უნდოდა.
_ მაგიტომაც და ხალხის შიშითაც, ნაწილობრივ. პუტინის მკაცრ ხელსაც მაგით იგერიებდა, ეგეთ რაღაცას ნუ გამაკეთებინებ, რომ მერე აქ ხალხი აბუნტდეს და მიშა დააბრუნოსო. ეს ხელისუფლება ხომ, როგორც ასეთი, არ არსებობს. არ არსებობს არც ხელისუფლება და არც გუნდი. რეალურად, ერთი კაცი წყვეტს და შემდეგ ეს ე. წ. გუნდი „აპრავებს“ ამ გადაწყვეტილებას, იქნება ეს მარიხუანას გაშენება თუ სალომე ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის გამოცხადება.
_ რეალურად, რა ხდება ხორბლის გადამზიდავებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, აქაც ხელისუფლების კორუფციულ ინტერესთან გვაქვს საქმე და არა რაიმეს მოწესრიგებასთან.
_ ამ გადაწყვეტილების რეალურ მიზეზს ცხადია, ვერ იტყოდნენ, რა უნდა ეთქვათ, იმას ხომ არ იტყვიან, რომ თვითონ უნდათ მონოპოლია? ხომ არ იტყოდნენ, რომ რამდენიმე ათას მძღოლს ვერ აკონტროლებენ, რკინიგზას აზიან, აკონტროლებენ და ამიტომაც უნდოდათ ამ ტვირთების გადაქაჩვა მძღოლებიდან რკინიგზაში? ადგნენ ეს ცინიკოსები და უტიფრები და ყველაფერი ლარსში გამშვებ პუნქტზე რიგებს დააბრალეს. თითქოსდა ეს ხორბლის გადამზიდავები აყენებდენ იმ უსაშველო რიგებს. ჯერ ერთი, თუ რიგები გაწუხებს, ეგ მოაწესრიგე, გააფართოვე. ჩვენს დროს რატომ არ დგებოდა რიგები? მასე, სარფშიც დგება რიგები, იქ საერთოდ ზედახორაა და იქიდანაც აუკრძალე მანქანებს სიარული. რაც მთავარია, მთელ იმ ტრაილერების ნაკადში, ეს ხორბლის გადამზიდავი მანქანები რამდენ პროცენტს შეადგენენ? 5-7%-ს ხომ, მაქსიმუმ? დანარჩენი ტრაილერებს გადააქვთ სხვა ტვირთები და დიდი უმეტესობა რუსეთ-სომხეთის ტრანზიტის ტვირთებია. იმათ ცხადია, ხელს არ ახლებ და მარტო ამ ხორბლის გადამზიდავების გამოთიშვით რა რიგებს შეამცირებ? ეს ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგები საერთოდ ყურით მოთრეულია! ამ ნაძირალებმა ხალხს დააჯერეს, რომ მართლა ამიტომაა იქ რიგები. კი, იქ მართლა ზედახორაა და მართლა 10-15-საათიანი რიგებია, მაგრამ ეს ამათი უთავბოლობის გამოა და არა ხორბლის გადამზიდავების გამო. ვიმეორებ: მთელ იმ ნაკადში 80% მსუბუქი მანქანებია, მხოლოდ 20%-ია ტრაილერები და იქიდანაც უმეტესობას სხვა ტვირთები დააქვს და მხოლოდ პატარა ნაწილია მათგან ხორბლის გადამზიდავი. გეგონება, 1 ტურისტი დგას და 200 ხორბლის მანქანა! მთავარი ტრანზიტი არის სომხეთის ტვირთები. სომხეთს ხომ სხვა დერეფანი, პრაქტიკულად, არ აქვს, ზღვიდან, ფოთიდან იღებს საწვავს, ტვირთების ნაწილს და დანარჩენი ვაჭრობა, რაც გააქვს, რაც შეაქვს, რასაც სვამს, რასაც ჭამს რუსეთზეა მიბმული ამ ლარსით და სამხედრო გზით. უმეტესობა მათი ტრაილერებია და თუ საზღვარს არ მოაწესრიგებ, ხორბლის გადამზიდავების ამოგდება რას გიშველის.
_ ე. ი. ეს ხორბლის გადამზიდავები მარტო იმიტომ ამოაგდეს მაქედან, რომ ხორბლის გადაზიდვით თვითონ იშოვონ ფული?
_ რა თქმა უნდა, დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ იმ სფეროში, რომელსაც აკონტროლებენ, ეს არის რკინიგზა, ეგ არის და ეგ. ამის გამო დატოვეს ეს ათასობით ადამიანი ჰაერში, ულუკმაპუროდ. სხვა რა უნდა გააკეთოს ამ ხალხმა, კონტრაქტები ჰქონდათ, მაგაზე მუშაობდნენ, ეგ სპეციფიკა ჰქონდათ აღებული. ახალზე გადაწყობაც გაუჭირდებათ, ძალიან რთული იქნება, სულ ყველგან კონკურენციაა, მოვედი და რაღაცა მინდა გადავზიდო, ეგრე სადაა, ამა თუ იმ ტიპის ტვირთის გადაზიდვებით უკვე სხვები არიან დაკავებული, ვერ ჩაეკვეხები, თან ამდენი ერთად, ათასობით კაცი.
_ რეალურად რა ხდება „ომეგას“ თავს და რას ცდილობდნენ? რის გატანას?
_ ოქუაშვილს არც ვიცნობ, ტელევიზიით მყავს ნანახი, ისიც რამდენჯერმე. როგორც ჩანს, ეს კაცი მართლაც მაგარი ბიზნესმენია, ყველა ხელისუფლების დროს პრობლემები ჰქონდა, ცხადია, სხვადასხვა სახის, მაგრამ მაინც ახერხებდა, ბიზნესი ეკეთებინა და არ გაკოტრებულიყო. ახლა პრობლემა ისაა, თუ ამ ქვეყანაში ბიზნესთან ერთად ტელევიზიაც გაქვს, უფლება არ გაქვს იყო არათუ ოპოზიციური, არამედ ნეიტრალურიც კი, ეს შენი ტელევიზია აუცილებლად უნდა იყოს „იმედივით“ ქოცურ მესიჯბოქსზე მჯდომი მაუწყებელი, სხვა ვარიანტი არ გაქვს. რაღაცა დიდი ოპოზიციურობით „იბერია“ არ გამოირჩეოდა. მოვლენებს აშუქებდა ჩვეულებრივად, ოპოზიციურ ხაზს საერთოდ არ ატარებდნენ, მაგრამ თუ ბიზნესმენი ხარ და გაქვს ტელევიზია, ამ ბიზნესის თავისუფლად სუნთქვის ეპოქაში, ვალდებული ხარ, ამ შენი ტელევიზიით ემსახურო ივანიშვილს და იყო ქოცური პროპაგანდის შემადგენელი ნაწილი და თუ არ ხარ და თუ ჩვეულებრივ აშუქებ მოვლენებს, ყოფას გიტირებენ. ეს არის ამათი ბიზნესის და სიტყვის თავისუფლება. ეს მოხდა ამათ თავს და ამას დაემატა ისიც, რომ თამბაქო მიმზიდველი აღმოჩნდა ივანიშვილთან დაკავშირებული პირამიდისთვის. იქ უჩაა, იქ პარტიაა, ესა, ისა… ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს ხომ ივანიშვილი არ დახარჯავს, ჰოდა, მან რომ არ დახარჯოს, ამის შესავსებად რამდენიმე ასეულობით მილიონი ლარი არ აწყენს, ხარჯები აქვს, მსახიობები ჰყავს გამოსაკვები…
საინტერესო სქემა მოიფიქრეს, სადისტრიბუციო კომპანიას ქმნიდნენ, ზედმეტ რგოლს, რომელიც წურბელასავით მოაჯდებოდა დარგს. ცალკე მომხმარებელს გაგვიძვირებდნენ სიგარეტს, ცალკე მწარმოებელ ქარხანას აიძულებდნენ იაფად მიყიდვას, ანუ თუ ადრე, სიტყვაზე, კოლოფ სიგარეტს სადისტრიბუციო კომპანია ლარად ყიდულობდა, ახლა 80 თეთრსღა გადაუხდიდნენ, რაც, თავისთავად ცხადია, იმას გამოიწვევდა, რომ მწარმოებლები გაკოტრების ზღვარზე მივიდოდნენ, სამუშაო ადგილებს შეამცირებდნენ, ხელფასებს დაწევდნენ. მოკლედ, ცალკე ხალხს გაუძვირებდნენ სიგარეტს და ცალკე დასაქმებულებს დატოვებდნენ უმუშევარს, თვითონ ასეულობით მილიონს იშოვიდნენ, ამ შემოსავლიდან 50% პარტიაში, ფონდში წავიდოდა, 25-25% _ „ომეგასა“ და ჩუბინიშვილის ფირმაში. ეს არ გაუვიდათ, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს, რაღაც სქემა ყველა ვარიანტში მოქოქეს მაგათ. გამორიცხულია, ისე არ შეეშვებოდნენ. ესაა ახლა მთავარი გამოსაძიებელი.
_ თამბაქოზე რეგულაციებს ახლა არაყზე რეგულაციები დაადევნეს, მალე აკრძალავენ არყის ყველგან გაყიდვას, აპირებენ სხვა შეზღუდვებსაც იმ მოტოვით, რომ ჩვენს ჯანმრთელობას უფრთხილდებიან. ვითომცდა ჩვენზე ფიქრობენ, რომ არ გავლოთდეთ.
_ ამის მიზეზი, იცით, რა არის? ესენი არიან მემარცხენე სოციალისტები, ცოტა ოქსიმორონივით არის, ეს მილიარდერი კაცი თან სოციალისტი რომაა, მაგრამ ფაქტია, ასეა. სოციალიზმს რა ახასიათებს? _ გაზარდოს გადასახადები, ჩაერიოს ყველას ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეტი რეგულაცია შემოიტანოს, უფრო და უფრტო მეტად ჩაერიოს ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ყოველდღიურობაში. ამიტომ ამათ სადაც კი დაინახეს, რომ რეგულაცია არაა, რეგულაციებს აწესებენ. კი, ასეთი შეზღუდვები წამყვან ქვეყნებშიცაა, მაგრამ ეგ წამყვანი ქვეყნები ჯერ გამდიდრდნენ და მერე დაიწყეს მაგ რეგულაციების შემოღება. შვედეთის მაგალითი რომ აუჩემებიათ, შვედეთში 2 საუკუნე ველური კაპიტალიზმი მძვინვარებდა, ყველაზე კაპიტალისტური ქვეყანა იყო მეორე მსოფლიო ომამდე და შემდეგ დაიწყეს მაგ რეგულაციების შემოღება. რომ გამდიდრდები, რეგულაციები დასაშვებია, რადგან რეგულაციების პირობებში ეკონომიკური ზრდის ტემპი ვერ გექნება მაღალი. როცა სახელმწიფო მდიდარია, მას აქვს იმის ფუფუნება, საშუალება, რომ 2%-იან ეკონომიკურ ზრდას დასჯერდეს და აქ რა ხდება? იმის მაგივრად, რომ რეგულაციებს შეეშვან და 10-12%-იანი ზრდა გვქონდეს, რომ როგორმე იქამდე მივიდეთ, როგორმე გავმდიდრდეთ, ამათ იმ რეგულაციების შემოტანა დაიწყეს, რომელიც უკვე გამდიდრებულ ქვეყნებს აქვს ევროპაში და იმ 2%-იან ზრდასაც სჯერდებიან. ჩვენ კი, თუ ასე 2-2%-ით ვივლით ეს წლები, როგორც ბენდუქიძე ამბობდა, საერთოდ აღარ ვიარსებებთ. კი, ამ მთებს ზურგზე არავინ მოიკიდებს, აქ იქნება და ეს მიწაც აქ იქნება, მაგრამ ხალხი გაიქცევა და სხვაგან იმუშავებს, იცხოვრებს. აღარავინ გაჩერდება აქ სიღარიბეში.
_ სიგარეტის მოწევაზე რეგულაციებსაც და არაყზე რეგულაციებსაც გვტენიან და გვასაღებენ ჩვენზე ზრუნვად, რომ თურმე მავნებელია, მაგრამ ამის პარალელურად მარიხუანას მოხმარების და ახლა უკვე გაშენების პროპაგანდაც მიდის. ე. ი. თამბაქო, არაყი მავნეა (და ეს მართლაც ასეა), აი, მარიხუანა კი სულ მალამოდ ედება ფილტვებს და ფსიქიკას.
_ ახლა, ამ გადასახედიდან ხომ მაინც ვხვდებით რეტროსპექტულად, თუნდაც იმ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება რისთვის უნდოდა? ეს პასუხისმგებლობაც მოიხსნა, სასამართლოს გადააწყვეტინა. ტურავა რომ გამოვა და მარიხუანას ყვირილს დაიწყებს, ხომ უნდა მიხვდე, რაც ხდება? ნიადაგი შეამზადა ამ გადაწყვეტილებით და მთელი იმ პროცესებით, რაც ხდებოდა, თორემ პირდაპირ რომ გაშენებაზე დაეწყო ლაპარაკი, გამოვიდოდა, რომ ესკობარიზაციას განიცდის. წარმოიდგინეთ, იგივე ერთი წლის წინ რომ ეთქვა, რა რეზონანსი ექნებოდა. ახლა მოხმარება დეკრიმინალიზებულია, თან გვეუბნება, აქ ვაწარმოებ, მაგრამ აქ არ გავყიდი, არ დაგაბოლებთო, გავიტან და გარეთ ვიშოვი ფულსო. რბილად აკეთებს… არადა, აქ თუ დეკრიმინალიზებულია, ლეგალურია, აქ რატომ არ ყიდი? აქაც მოგვაწევინე. მაგრამ არ ყიდის, იმიტომ, რომ აქ გაყიდვით შეიძლება პოლიტიკურად დაზიანდეს. თუ ნახა, რომ ეს საფრთხე გავიდა, აქაც გადასარევად გაყიდის.
_ არჩევნების თემას რომ დავუბრუნდეთ, არის ხალხში ის მუხტი, რაც რეალურ ცვლილებამდე მიგვიყვანს?
_ ვფიქრობ, რომ არის. ერთი მხრივ, ხალხი უკმაყოფილოა „ოცნებით“, რომელმაც მათ მოატყუა და ყველა იმედი გაუცრუა, მეორე მხრივ, არავის მოსწონს სალომე ზურაბიშვილი. როცა არ მოგწონს და ძალით გტენიან, ეს კიდევ უფრო ძაბავს პოლიტიკურ გარემოს. და კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტი _ ჩვენი კანდიდატის სიძლიერეა. გრიგოლ ვაშაძე გახლავთ დიდი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, თავის ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული პატრიოტი. მის აქტივშია წარმატებული არაღიარების პოლიტიკა. ქარიზმატულია. შეუძლებელია, მას შეხვდე, გაესაუბრო და მის მიმართ სიმპათია არ გაგიჩნდეს. ქუთაისთან წლების მანძილზე არ ჰქონია შეხება, მაგრამ წინა არჩევნებზე ჩავიდა თუ არა, რამდენიმე კვირაში სერიოზული რეიტინგიც აკრიფა და ბევრი ხმა მიიღო. არჩევნებამდე თვეზე მეტია დარჩენილი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ ხალხი კიდევ ერთხელ კარგად დაფიქრდეს და ჩამოყალიბდეს, რას და ვის აძლევს ხმას.
_ წინა არჩევნების გამოცდილებიდან გამომდინარე, გამორიცხული არაა ცილისწამების ნიაღვარი, შავი პიარის აგორება, მით უფრო, ამის ნიშნები ამ არჩევნებზეცაა უკვე, თუნდაც „კაგებეს“ მოწმობის ფრიალი…
_ „ფეიკი“ რაღაც, „ნოდარიჩი“ რომ ეწერა. კი, ეს სიბინძურის ტალღა მოდის და, ალბათ, კიდევ წამოვა, იმიტომ რომ თვითონ სხვა გზა არ აქვთ, ჰყავთ ძალიან სუსტი, ოდიოზური და ხალხის მიერ უკვე აპრიორი მოძულებული კანდიდატი, რომელზედაც ყველა ამბობს: „ოღონდ ეგ ქალი არა“… მე არ დავიწყებ საუბარს იმ სისულელეებზე, ბინძურ ჭორებზე, რასაც ეგენი ავრცელებენ გრიგოლ ვაშაძეზე. წესით, ყველა უნდა ხვდებოდეს, რომ ეს ყველაფერი შეთითხნილია, თუნდაც იგივე ეგ მოწმობა, „ნოდარჩი“ რომ ეწერა და „შპიონი“, ქოცური შემოქმედების, იმპროვიზაციის პიკი იყო.
_ არ უნდა დაიჯეროს, მაგრამ იჯერებს გარკვეული კატეგორია და რა გინდა, რომ ქნა? სადაც ის დაიჯერეს, რომ ცოცხგაყრილი ადამიანი აუღელვებლად საუბრობს, ან ის, რომ სანდრას ორგანოები „სუმკებით“ დააქვს…
_ თუ ხარ ოპოზიციური ძალა, უნდა იმუშაო და გადაარწმუნო ხალხი, აუხსნა და სიმართლე დაანახვო ხალხს, მაგრამ მეორე მხრივ, დროა, უკვე თავად ამომრჩეველიც აიცრას ამგვარ სიბინძურეებზე და არ უნდა სჯეროდეთ ასეთი სისულელეები, როგორიცაა ორგანოებით ვაჭრობიდან მოყოლებული, ამ უსუსური „ნოდარიჩიანი“ მოწმობით დამთავრებული. ეს სისულელეები აღარ უნდა სჯეროდეთ, რა. სანამ მასეთი რაღეცების სჯერათ, რომ ვიღაცა ძუძუებს კვნიტავს და სანდრა ორგანოებით ვაჭრობს, მანამ იცხოვრებენ ამ საბრალო ქოცურ, ღარიბ ქვეყანაში.
_ გეთანხმებით, მანამ ვიცხოვრებთ ასეთ ქვეყანაში, სანამ არ ისწავლიან, რა დაიჯერონ და რა _ არა, მაგრამ თქვენც ოპოზიციაში ყოფნა მოგიწევთ მანამ, სანამ არ ისწავლით აგორებულ ამბებზე პასუხის წესიერად გაცემას.
_ გეთანხმებით, არათუ პასუხი უნდა გაეცეს ამ სიბინძურეებს, მეტი მუშაობაა საჭირო. მარტო პასუხის გაცემა არ კმარა, უფრო აქტიურად და თვალსაჩინოდ უნდა დავანახვოთ ხალხს, რა ბინძური ძალაა დღეს ხელისუფლებაში.

რეზო შატაკიშვილი