საგანელიძის ასრულებული ოცნება: მინდა, მეც მილიონერი ვიყო!

ეკონომისტი, ექიმი, იურისტი, პოლიტიკოსი და ახლა უკვე ბიზნესმენი დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვეულებრივი მილიონერია. მარტო 2016 წელს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, „დიდმა“ დავითმა, თანამდებობრივი ანაზღაურების სახით, 404 250 ლარი მიიღო, რაც თვეში, საშუალოდ, 33 687.5 ლარია. ალბათ, იკითხავთ, _ 2017 წელს რამდენიო?.. ამაზე პასუხი ჯერ არ გვაქვს, ვინაიდან საგანელიძის ქონებრივი დეკლარაცია „გაღარიბდა“, თუ უფრო გამდირდა, არ ვიცით _ მიმდინარე წელს ჯერ არ შეუვსია.

ვინ არის დავით საგანელიძე?

განსაკუთრებული არავინ… უბრალოდ, ის არის ყოველთვის იქ, სადაც დიდი ფულია და გავლენებს ადვილად იპოვებს. ასე იყო 2012 წელსაც, როცა ის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი კიდევ ერთხელ იყო „ქართული ოცნებიდან“.
საგანელიძე 1959 წელს დაიბადა. დაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ჰყავს მეუღლე და შვილები. აქვს ბევრი ფული და უამრავი ქონება. მისი ქონება კი დღეს, რაც ოფიციალურად არის ცნობილი, ასე გამოიყურება:
მის მფლობელობაშია 2 ბინა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე (200.00 კვ.მ და _ 300.00 კვ.მ);
ბინა ბათუმში _ „მაგნოლია“, ფართობი _ 65.00 კვ.მ;
აგარაკი მცხეთაში, სოფ. არმაზში, ფართობი _ 300.00 კვ.მ.
დავით საგანელიძის საკუთრებაშია საცხოვრებელი სახლი რაჭაში _ ონი, წმენდაური, ფართობი _ 160.00 კვ.მ; მიწის ნაკვეთი ონში, სოფ. წმენდაური, ფართობი _ 8000.00 კვ.მ;
საგანელიძის დედის, ლილი ბოჭორიშვილის საკუთრებაშია ბინა თბილისში, ატენის ქუჩაზე, ფართობი _ 180.00 კვ.მ;
ლილი ბოჭორიშვილი და საგანელიძის მეუღლე, სოფიო ფარცხალაძე, ფლობენ თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის 25-25%-იან წილს;
საგანელიძის განკარგულებაშია 2 მსუბუქი ავტომანქანა: „ლინკოლნ-ნავიგატორი“ და „ნისანი“.
თუმცა მის ქონებას მარტო ეს ჩამონათვალი არ შეადგენს.
ახლა საგანელიძის პირად ბიზნესინტერესებსაც გადავხედოთ. ამ ჩამონათვალში თქვენს თვალებს ცოტა ხნით მოვაცილებთ მის საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორობას, ვინაიდან ამ ბიზნესში ის მთლად მარტო არაა და ამ ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის საქართველოს მთავრობის 4 წევრი და კერძო სექტორიდან მოწვეული 3 პირი. კერძოდ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, ენერგეტიკისა და იუსტიციის მინისტრები; „თი-ბი-სი ბანკის“, „საქართველოს ბანკისა“ და „ლიბერთი ბანკის“ წარმომადგენლები.
ამ დროისთვის დავით საგანელიძის პირადი ბიზნესებია:
შპს „ვეტპრეპარატი“ _ დაფუძნებულია 2016 წელს;
შპს „ოფის სუითის“ _ დაფუძნებულია 2015 წელს;
შპს „პულსი“ _ დაფუძნებულია 2012 წელს.
ახლა სათითაოდ მივყვეთ ამ ბიზნესებს და თქვენ აქ პირველად ნახავთ, თუ როგორ ჰყავს საკუთარ და კერძო ბიზნესში ჩაბმული თბილისის საკრებულოს დღევანდელი თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძე.
შპს „ვეტპრეპარატის“ 100%-იანი წილიდან 66.7% ცნობილ მელუდე გოგი თოფაძეს ეკუთვნის, 33.3% _ თავად საგანელიძეს, ხოლო კომპანიის დირექტორი თბილისის საკრებულოს დღეს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი ტყემალაძეა.

თავად საკრებულოს დღევანდელ თავმჯდომარეს კიდევ სხვა ბიზნესინტერესები და კომპანიები აქვს და ამას შემდეგ ნომერში შემოგთავაზებთ. დიახ, მასზე და მის მამაზეც _ ზურაბ ტყემალაძის ქონება-ცხოვრებაზე.
დავუბრუნდეთ დავით საგანელიძის ფირმებს: შემედგი ფირმა შპს „ოფის სუითისია“. აქ საგანელიძის წილობრივი მონაწილეობა, 2015 წლის მონაცემებით, 18% ფიქსირდება, ხოლო თავად ამ ფირმას საგანელიძის გარდა კიდევ 5 პირზე მეტი მოწილე ჰყავს. ეს კომპანია ცეკვისა და გართობის ბიზნესს წარმოადგენს.

დავით საგანელიძის შემდეგი ბიზნესკომპანია შპს „პულსია“. ის აქ 100%-იანი წილის მფლობელია, ხოლო პარტნიორი ამ ბიზნესში 3 ადამიანი ჰყავს.

დავით საგანელიძე ამ ხელისუფლების პირობებში ფულს რომ საკმაოდ შოულობს, ეს ფაქტია. ფაქტია ისიც, რომ საგანელიძის ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და პარტნიორები „ქართული ოცნების“ მსუყე შემომწირველებიც არიან. ციფრები შთამბეჭდავია.
გოგი თოფაძე _ 169 879 ლარი;
გია საგანელიძე _ 15 000 ლარი;
დავით გვასალია _ 30 000 ლარი;
ჯუმბერ ბერაძე _ 60 000 ლარი.
ვასილ საგანელიძე _ 16 065 ლარი.
სულ, რაც ოფიციალურად ითვლება, „ქართულ ოცნებას“ საგანელიძემ და მისმა ბიზნესკომპანიონებმა 290 944 ლარი აჩუქეს. თუმცა თავად დავით საგანელიძემ შემოწირულობის ამ ჯამს 15 000 ლარიც შეჰმატა, ანუ 305 944 ლარი „ოცნებისთვის“.
ახლა დავით საგანელიძისა და მისი კომპანიის სიკეთეებზეც დავწეროთ ორი სიტყვა. მართლაც რომ „ორი სიტყვა“ გამოვიდა. მშიერი ადამიანებისთვის მას და მის ბიზნესკომპანიებს არც არაფერი სიკეთე გაუკეთებიათ, თორემ ყველაფერი ისე კარგად იქნებოდა გადაჭრელებული, რომ ეს ამბავი ნამდვილად არ გამოგვეპარებოდა. ისე, ბატონო დავით, „ნაცმოძრაობის“ წევრ პეტრე ცისკარიშვილის მიერ პარლამენტის ტუალეტში ნარტყამი ხელი თუ გახსოვთ? მაშინ, მართალია, მილიონერი არ იყავით, მაგრამ წარსულის დავიწყება ამ დიდძალი ფულის ქონის ფონზე ნამდვილად ღირს… მართალია, მაშინდელი პრესა თქვენი ხან თითის დაკარგვას იუწყებოდა, ხან მძიმედ დაჭრის ფაქტს.. მაგრამ არც ერთი დადასტურდა და არც, _ მეორე… ჩხუბი კი ნამდვილად მოხდა.

გიორგი ნაცაძე