როცა პოროშენკო ქუხს, კანონი დუმს

2006 წელს, როცა რუსეთის ქალაქებში ეთნიკურ ქართველთა მასობრივი დევნა დაიწყო, ხოლო შემდეგ ისინი „აბეზიანნიკებში“ შეჰყარეს და საქართველოში, არც მეტი, არც ნაკლები, საქონლის გადასაყვანი საბარგო თვითმფრინავით გამოამგზავრეს, ალბათ, ძალიან ცოტა, ან ვერავინ იფიქრებდა, რომ გავიდოდა ათიოდ წელი და რომელიმე ქვეყნის მეთაური ვლადიმირ პუტინზე მეტად ცინიკოსი აღმოჩნდებოდა ქართველებთან მიმართებით.

ალბათ, ვერც იმას წარმოიდგენდა ვინმე, რომ ასეთი ქვეყანა უკრაინა იქნებოდა, ხოლო ქვეყნის ცინიკოსი მეთაური _ პეტრო პოროშენკო, რომელსაც, თავის დროზე, სწორედ ქართველების მიმართ ზედმეტ ხელგაშლილობას ისევ მისივე გარემოცვის წევრები ედავებოდნენ.
პოროშენკოს ირგვლივ ქართველებიდან, თავდაპირველად, მიხეილ სააკაშვილი გამოჩნდა. ეს, ჯერ კიდევ, მაიდნის დღეებში მოხდა და, რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილმა მაშინ მაიდნის უკრაინელ ლიდერებს თავისი საერთაშორისო ავტორიტეტიც შეაგება. პოროშენკო თავიდან ნამდვილად არ ჩანდა უმადური _ სააკაშვილს სპეციალური მრჩევლის ადგილი შესთავაზა და ცალკე სტრუქტურაც კი შეუქმნა, რომელიც უშუალოდ პრეზიდენტთან იყო ანგარიშვალდებული.
მაგრამ სააკაშვილი რა სააკაშვილი იქნებოდა, პოროშენკოს მიერ სათავისოდ დალაგებული კარტი მის სასარგებლოდ არ შემოებრუნებინა. ჯერ კიდევ ანტიკორუფციული საბჭოს ხელმძღვანელობისას სააკაშვილი მიხვდა, რომ პოროშენკოს ცვლილებები კი არა, ცვლილებების იმიტაცია უნდოდა. იმასაც კარგად მიხვდა, რომ მისთვის ჩაბარებული სტრუქტურა და თითქოსდა მინიჭებული კარტ-ბლანში, სინამდვილეში, ფიქცია იყო და პეტრო პოროშენკოს სურდა, სააკაშვილი თავისთვის ყოფილიყო, თვალში არ შეფეთებოდა და „ანტიკორუფციონერობანა“ ეთამაშა.
როგორც ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდობის წლების დიდი ნაწილი ერთად გაატარეს, პოროშენკოს მიშა არ სცნობია, ან არ ხსომებია. რასაკვირველია, სააკაშვილი არასდროს დათანხმდებოდა ფიქციურ პერსონად ყოფნას და აქტიურადაც დაიწყო კორუფციასთან ისე ბრძოლა, რომ პოროშენკოს ვერ ესაყვედურა, მაგრამ მალე პოროშენკო მიხვდა, რომ თუ სააკაშვილი ამ ტემპით გააგრძელებდა, კარგი დღე არ დაადგებოდა და კიევიდან მისი მოშორების მიზნით, ოდესაში გაგზავნა გადაწყვიტა.
ოდესა მხოლოდ საპორტო ქალაქი რომ არ იყო, სააკაშვილსაც მშვენივრად მოეხსენებოდა და პოროშენკოს წინადადებას იმ პირობით დასთანხმდა, რომ იქ თავისი გუნდი ეყოლებოდა და რეალური საქმის რეალურად კეთებას შეუდგებოდა.
ჩავიდა, თან გიორგი ლორთქიფანიძე ჩაიყვანა და ოდესის ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი მაშინვე დაიწყო. დასახული ამოცანა მარტივად კი ჟღერდა, მაგრამ რთული შესასრულებელი იყო: ოდესის გამოგლეჯა ოლიგარქების ხელიდან და იქ პატარა კუნძულის შექმნა, რომელიც შემდეგ, მთელი უკრაინის მოდელად უნდა გამომდგარიყო.
ოლიგარქებს შეჭიდებულ სააკაშვილს, რომელიც, საქართველოში პოლიტიკური კარიერის დაწყების მსგავსად, ქუჩაშიც ფეხით დადიოდა, პოლიციის ოპერაციებსაც ესწრებოდა და საერთოდაც, ხშირად იგდებდა თავს საფრთხეში (ერთხელ ის კაფეც კი ააფეთქეს ქალაქის ცენტრში, სადაც თითქმის ყოველ საღამოს ჩაის სვამდა), რასაკვირველია, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა უნდა ჰქონოდა და თითქოს ჰქონდა კიდეც, მაგრამ მხოლოდ ფორმალურად: ოლიგარქების მედიამ აქტიურად იმუშავა, რომ სააკაშვილის სურვილს, ოდესაში რეფორმები წამოეწყო, მასობრივი შეტევით უპასუხა.
მართალია, სააკაშვილმა, თავისი ულევი ენერგიის მეშვეობით, ძირითად სფეროებში გარდატეხას მიაღწია, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც იძულებული გახდა, ცენტრალურ ხელისუფლებას დაპირისპირებოდა. თავდაპირველად ეს პრემიერი იაცენუკი იყო, შემდეგ შს მინისტრი ავაკოვი და სულ ბოლოს, როცა სხვა გზა აღარ დარჩა, უკრაინის პრეზიდენტი. ამ დაპირისპირების პარალელურად, თანამდებობები დატოვეს მისი გუნდის წევრებმა: ხატია დეკანოიძემ, ალექსანდრე კვიტაშვილმა, რომელიც თავად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა დაადანაშაულა კორუფციულ გარიგებებში, ასევე დათო საყვარელიძემ და გიორგი ლორთქიფანიძემ.
საბოლოოდ, გადადგა მიხეილ სააკაშვილიც. რასაკვირველია, მისი გუნდის აქტიური წევრები, საქართველოდან გაყოლილები თუ კიევში მერე ჩასულები, მის გვერდით დარჩნენ. აქ იმ პირებსაც ვგულისხმობ, რომლებიც, როგორც წესი, საჯარო სივრცეში ნაკლებად ჩანან და აქტიურობენ, მაგრამ პროცესების წარმართვაში ქმედითად მონაწილეობენ.
სააკაშვილის უკრაინიდან მოკვეთის შემდეგ, რომელიც ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა, მის გუნდში ახალი სახეებიც გაჩნდნენ, მაგრამ, ზოგადად, ეთნიკურ ქართველთა რიცხვმა იკლო. ეს გასაგებიცაა, თუ იმას გავიხსენებთ, რომ სააკაშვილს მუდამ ამას აყვედრიდნენ, რომ მხოლოდ ქართველებით გარშემორტყმული დადიოდა. თუმცა, ცხადია, ქართველები მის გუნდში ისევ არიან და იქნებიან, თუნდაც იგივე დათო საყვარელიძე და ასევე, ბატალიონ „დონბასის“ მეთაური ვანო ნადირაძე.
როგორც ჩანს, პოროშენკომ არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ თუ მიხეილ სააკაშვილის გვერდით ქართველები ასე მრავლად იქნებიან, მისი მორევა გაუჭირდება და სწორედ ამიტომ გასცა განკარგულება, ნებისმიერი ხერხით გაეძევებინათ უკრაინიდან ყველა, მინუს სააკაშვილი.
საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პეტრო პოროშენკომ, რომელიც, წესით, დემოკრატიის ტალღაზე მოსული პრეზიდენტი უნდა იყოს, სრული კარტ-ბლანში მისცა უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც არც აცია, არც აცხელა და უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის გარემოცვაში მყოფ ქართველებს დაერია.
დარევაც არის და დარევაც _ კიევში „რუსთავი 2-ის“ ოპერატორის, თამაზ შავშიშვილის, იგივე „ტომაზოს“ მოხერხებულობამ და თადარიგის წინასწარ დაჭერამ გახადა შესაძლებელი, ყველას ეხილა ინტერნეტში ვიდეომასალა, სადაც აღბეჭდილია, როგორ მიჰყავთ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ჩვეულებრივი, ხალხმრავალი კაფედან დღისით-მზისით ვანო ნადირაძე და მისი თანმხლები პირი: ხელების გადაგრეხით, იძულებით გაყვანით და ხაზგასმული უხეშობით.
ბედის ირონია ის იყო, რომ ამ დროს „ტომაზო“ არა კაფეში, არამედ თავისთან, სახლში იმყოფებოდა. ადამიანი, რომელიც წლებია, უკრაინაში შეუფერხებლად მუშაობს, მედიის წარმომადგენელი, რომელმაც რეგისტრაცია სულაც ნოემბრის დასაწყისში გაიარა და უკრაინაში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მიიღო, სახლიდან ძალის გამოყენებით გაიტაცეს, მანამდე კი სასტიკად სცემეს:
„11 საათზე 15 შეიარაღებული შემოვარდა. სახეში იარაღი ჩამარტყეს, ძირს დამაწვინეს და ფეხებით მირტყამდნენ. ფეხები და ხელები შემიკრეს „სკოჩით“. ჩამაგდეს მანქანში. ორჯერ გამოცვალეს ეს მანქანა. ფაქტობრივად, სახლიდან მომიპარეს. მერე ვერტმფრენში ამიყვანეს. ჯერ წამიკითხეს, სამი წელი ვერ შემოხვალ უკრაინაშიო. ვერტმფრენშივე ძირს დამაწვინეს და გაურკვეველი მიმართულებით გავფრინდით. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. მერე აღმოვჩნდი გემზე. მეც ვერ მივხვდი, რა ხდებოდა. ჩვეულებრივად მომიპარეს. სპეცრაზმი სახლში შემოვიდა და მომიპარა“, _ განაცხადა შავშიშვილმა.
სხვა გატაცებულებსაც იგივე ბედი ერგოთ: ვანო ნადირაძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტის არცთუ იოლი ფორმა აქვს, ნაცემი იყო, ხოლო კიდევ 6 ადამიანი, უბრალოდ, ზუსტად ისევე მოიტაცეს, როგორც თბილისიდან _ ავღან მუხტარლი: თავზე ტომრები ჩამოაცვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, საბოლოოდ კი უთხრეს, რომ საქართველოში აბრუნებენ და უკრაინაში სამი წლის განმავლობაში ვერ შეჰყოფდნენ ცხვირს.
უკრაინელი ოლიგარქი იქამდეც კი მივიდა, რომ, თავდაპირველად, აყვანილ პირთა ადგილსამყოფელი, უბრალოდ, არც კი გაამხელინა, შედეგად კი ახლობლებმა თითქმის 35 საათის განმავლობაში არაფერი იცოდნენ გატაცებულთა შესახებ.
საბოლოოდ გაირკვა, რომ თვითმფრინავი, რომლითაც, წესით, დეპორტირებულებს უნდა ემგზავრათ, საერთოდაც არ აფრენილა და მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი საქართველოში ზღვით გაეგზავნათ. თუმცა არავის შეუწუხებია თავი, ამის შესახებ დაკავებულთა ოჯახის წევრებისთვის შეეტყობინებინათ, ამიტომაც, ფოთის პორტში მისული ახლობლები ისე, ალალბედზე ელოდებოდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს. ყველაზე მტკიცე ვანო ნადირაძის დედა აღმოჩნდა, რომელსაც წუწუნი კი არ დაუწყია (უნდა ითქვას, რომ არც ერთი დეპორტირტებულის ოჯახის წევრებს არ უწუწუნიათ), არამედ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი შვილი პატრიოტია, რომ ამაყობს მისით და უკრაინის ხელისუფლება ასე არ უნდა მოქცეოდა ადამიანს, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის ეროვნული გმირის ჯილდო გადასცეს.
ალბათ, ყველას გახსოვთ, როცა რუსეთიდან 2006 წელს ქართველები გამოადეპორტეს, რამდენიმე ათეული მოსკოველი ქუჩაში გავიდა სამკერდე ნიშნით: „მე ქართველი ვარ!“ ამით ისინი ქართველებს მხარდაჭერას უცხადებდნენ და ხელისუფლებას მიანიშნებდნენ, რომ რუსეთში მყოფი ქართველების ამ ფორმით დევნა არაგონივრული საქციელი იყო.
ცხადია, უკრაინაშიც იგივე მოხდა. მეტიც: პროტესტის გამოთქმის ფორმებს თუ განვიხილავთ, უკრაინაში პოროშენკოს მიმართ პროტესტი უფრო უხეშადაც კი გამოხატეს _ ერთგვარი პერფორმანსიც მოაწყვეს და აეროპორტში თავზე ტომარაჩამოცმულები აპროტესტებდნენ განუკითხაობას.
მიხეილ სააკაშვილს კი ამ დღეების განმავლობაში ოდესაში ჩასვლაც მოუწია. მიზეზი ის იყო, რომ გარემოცვაზე მიტანილი იერიშის არეალი გაფართოვდა და ახლა ოდესაში მიხეილ სააკაშვილის მძღოლს დაესხნენ თავს. მძღოლი უკრაინელია, თავისი ქვეყნიდან ხომ ვერ გააძევებდნენ და საკუთარი სადარბაზოს შესასვლელშივე სცემეს, თანაც ისე, რომ ტვინის შერყევა მიიღო…
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ამ ამბებში ჩართულებიც გაშიფრა და განაცხადა, რომ ქართველთა უკანონო დევნას პოროშენკოს დაცვის უფროსი ხელმძღვანელობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესები უშუალოდ პოროშენკოს მიერ მართულია:
„მოტაცებული ქართველები სამი ვერტმფრენით კიევიდან ოდესაში გადაიყვანეს. ოპერაციას ხელმძღვანელობდა პირადად გელეტეი (რედ. – Валерій Вікторович Гелетей, უკრაინის სახელმწიფო დაცვის სამმართველოს უფროსი), რომელიც ჩვენმა მეომრებმა მაშინვე იცნეს, პისტოლეტის კონდახით სცემეს ჟურნალისტი თამაზ შავშიშვილი. ოდესაში მათ დახვდა გენერალი კოსიკი (რედ. _ Сергій Косік) და ბორანზე აიყვანა, სადაც მათ საქართველომდე 50 სპეცრაზმელი აცილებდა.
ეს არის გენერალ გელეტეის ახალი „ბრწყინვალე“ ოპერციაცია, რომ პრეზიდენტის დაცვის უფროსი ქართველთა უკანონო დეპორტაციას ახორციელებს, იმის მანიშნებელია თუ როგორ ეშინია ჩემი პოროშენკოს. მას ეშინია, რადგან სხვებისგან განსხვავებით, მე ვერ შემაშინებს, ვერ მომისყიდის და პუტინის აგენტად ვერ გამომაცხადებს. მას ეშინია, რადგან მე მიყვარს უკრაინა მასზე მეტად და მისგან განსხვავებით არასდროს ვძარცვავდი მას…
და კიდევ, მისგან გასხვავებით, მე მაქვს წარმატების ისტორია“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ოპერაციაში ჩართული იყვნენ საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებიც, კერძოდ კი სუსი, რომელმაც ქართველების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ მხარეს მიაწოდა.
სააკაშვილის ბრალდებებზე საქართველოს ძალოვან სტრუქტურებში კომენტარი არ გაუკეთებიათ. მათ ნაცვლად ამ სახის ბრალდებებს იუსტიციის მინისტრმა უპასუხა:
„არავითარი კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით ორი ქვეყნის უწყებებს შორის, რაც შეეხება, იუსტიციის სამინისტროებს, არ ყოფილა. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ჩვენი ქვეყანა არის ღია და რა თქმა უნდა, მათ თუ უცხო ქვეყნის სახელმწიფო სამშობლოში დააბრუნებს, ეს სამშობლო არის ღია ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს ბრალდება საქართველოს ოფიციალური სტრუქტურების მისამართით ადრეც გაჟღერდა _ უკრაინიდან ქართველების დეპორტაციის ფაქტი პირველი არ არის, მანამდე, ასე ვთქვათ, „ნიადაგის მოსინჯვა“ იყო, როცა ატო-ს მებრძოლ ქართველს სათითაოდ არჩევდნენ და, მათი ნების მიუხედავად, საქართველოში აგზავნიდნენ.
უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში მოქმედი ბატალიონ „დონბასის“ ქართველი მებრძოლი, თენგიზ თეთრუაშვილი, საძახისით „მეცამეტე“, უკრაინიდან 2016 წლის სექტემბერში გამოადეპორტეს. თეთრუაშვილი კიევის ჟულიანის აეროპორტში დააკავეს და საემიგრაციო სამსახურმა მისი დეპორტაციის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. დეპორტაციის მიზეზები უცნობი დარჩა.
გადაწყვეტილების გასაჯაროებას ინტერნეტსივრცეში უკრაინელების მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა _ კომენტარებში ისინი წერდნენ, რომ არ შეიძლება ასე მოექცე სხვა, მეგობარი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც უკვე მეორე წელია, შენი ქვეყნისთვის იბრძვის.
ინფორმაცია მებრძოლებმა და მეთაურებმაც გაიზიარეს, ხოლო ერთ-ერთმა მეთაურმა, ლევგენ შევჩენკომ, ვრცელი სტატუსი დაწერა და დეტალურად გაიხსენა ის დამსახურება, რაც კონკრეტულად თეთრუაშვილს ჰქონდა ანტიტერორისტულ ოპერაციებში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულმა ტელეარხმა, ჯერ კიდევ, სამი წლის წინათ სპეციალური გადაცემა მოამზადეს ლისიჩანსკის ალყისა და უკრაინელი მებრძოლების მხრიდან ამ ალყის გარღვევის შესახებ, სადაც ბრძოლებში თენგიზ თეთრუაშვილიც მონაწილეობდა. ფილმში მოხალისე ქართველი მებრძოლი იხსენებს, როგორ დაეხმარა უკრაინა საქართველოს აფხაზეთში მიმდინარე რუსეთ-საქართველოს ომის დროს 90-იან წლებში და სწორედ ამით ხსნის მის ჩართვას უკრაინის ერთიანობისთვის ბრძოლაში.
დღევანდელი მონაცემებით, უკრაინაში, ათეულობით ქართველი მოხალისე იბრძვის, ათი მოხალისე ბრძოლის ველზე დაიღუპა და მათგან ცხრა საქართველოში ჩამოასვენეს. ქართველებთან ერთად უკრაინის ანტიტერორისტულ ზონაში სხვა ეროვნების მოხალისეებიც იბრძვიან. ამ მოხალისეებს, თავის დროზე, უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ჰპირდებოდა, რასაც დეპუტატებიც უჭერდნენ მხარს.
კიევში კი სააკაშვილისთვის გარემოცვის ამ მეთოდებით ჩამოცილების კვალდაკვალ გაჩნდა ვარაუდი, რომ 3 დეკემბრამდე, როცა კიევში „სახალხო იმპიჩმენტის“ დღეა დანიშნული, ხოლო სააკაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა, სათავეში ჩაუდგეს უკრაინის ახალი მთავრობის ფორმირების პროცესს, გაჩნდა ვერსია, რომ შესაძლოა, 3 დეკემბრამდე თავად სააკაშვილსაც მიადგნენ და საქართველოში გაადეპორტონ.
რამდენად საფუძვლიანია ეს ვარაუდი, ძნელი სათქმელია, თუმცა მას თავად სააკაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუ ასე მოხდება, „პოროშენკოსთვის უარესი“ იქნება:
„საქართველოში თუ დამაბრუნებენ, გარანტიას გაძლევთ, ძალიან მალე ვიქნები თავისუფალი და მეტიც, ეს პოროშენკოსთვის ძალიან ცუდად დამთავრდება. ამის შესახებ მანაც იცის და საქართველოს მთავრობამაც“, _ თქვა მან და დაამატა, რომ საქართველოს ხელისუფლებას მისი დაპატიმრება არ შეუძლია, ასევე საქართველოს მოსახლეობის, სამართალდამცველი უწყებებისა და თავდაცვის საჯარისო ნაწილების უმრავლესობა მას უჭერს მხარს…
სანამ ოფიციალურად დეპორტირებული ქართველების ადგილსამყოფელი უცნობი იყო, საქართველოს არც ერთ ოფიციალურ სტრუქტურას მათი მოკითხვით თავი არ შეუწუხებია: დუმდა საქართველოს საელჩო უკრაინაში და, მაგალითად, ვანო ნადირაძის დედა სულ ამაოდ ითხოვდა, ის მაინც მითხარით, ცოცხალია თუ არა ჩემი შვილიო; დუმდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და მხოლოდ პრემიერის ბაგეთაგან დაცდენილი ფრაზის: „საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს“ იმედად უნდა ვყოფილიყავით, რაც, ცხადია, ფუჭი იმედი იყო.
საქართველოს საელჩომ სამდღიანი დუმილის შემდეგ ამოიღო ხმა და ისეთი ტექსტი გამოაცხო, მგონი, დერეფნებში ახლაც ერთმანეთს ეკითხებიან, _ ეს რა დავწერეთო?..
ოფიციალური სტრუქტურების დუმილით თავგაბეზრებული ხალხი ორშაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბა. აქცია ენმ-ს ორგანიზებული იყო და მასში მონაწილეობის მისაღებად არცთუ ცოტა ადამიანი მივიდა. აქციის მონაწილეებს შესაბამისი შინაარსის პლაკატები და ტრანსპარანტები ჰქონდათ:
„ჩვენ დღეს უკვე იმ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც შეიძლება, ჩვენი ქუჩებიდან თავზე წამოცმული ჟურნალისტი გაიტაცონ და ასევე შეიძლება, რომ ჩვენი ჟურნალისტი სხვა სახელმწიფოდან გამოიტაცონ, ასევე თავზე ტომარა ჩამოცმული. იმიტომ, რომ ვიღაცები შეთანხმდნენ, რომ მათ ინტერსებში ეს შედის… ეს, სამწუხაროდ, ნათელი მაგალითია იმისა, რომ როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს შეეხება საქმე, ამ ქვეყანაში არ არსებობს არც კანონი და არც სახელმწიფო“, _ განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა სალომე სამადაშვილმა.
რაც შეეხება დეპორტირებულებს, მაგალითად, თამაზ შავშიშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივ დავას აპირებს და უკრაინაში დაბრუნების ნებას მიიღებს, ხოლო ვანო ნადირაძემ თავის მხარდამჭერებს სოციალურ ქსელებში აცნობა, რომ ჯანმრთელადაა და ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს:
„ცოცხალი და უვნებელი ვარ, აუცილებლად დავბრუნდები და აუცილებლად გავიმარჯვებ უკრაინელ ხალხთან ერთად!..“ _ ასეთია მისი პოზიცია.

ლაშა ბერულავა