რა სიახლეები იქნება 2018 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე?

„ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი, სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება“

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ზოგადი უნარების ტესტი მცირედ განსხვავებული იქნება. კერძოდ: ცვლილება ანალოგიების ბლოკს შეეხება _ 2018 წლიდან ტესტში ანალოგიები არა დამოუკიდებელი ბლოკის სახით, არამედ წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებების ბლოკთან ერთად იქნება წარმოდგენილი. წაკითხულის გააზრების ნაწილს თან დაერთვება 10 დავალება (ნაცვლად 6 დავალებისა). ამ დავალებათა ნაწილი (5-7 დავალება) კვლავ იქნება ტექსტში მოცემული ინფორმაციის გააზრების შესამოწმებლად დასმული შეკითხვები, ხოლო 3-5 დავალება იქნება ანალოგიის ტიპის, თუმცა იმ განსხვავებით, რომ ანალოგიები, ძირითადად, ტექსტში არსებულ სიტყვებზე აიგება, რათა, როგორც აღნიშნავენ, აბიტურიენტს სიტყვის მნიშვნელობის წვდომა კონტექსტის საფუძველზე გაუადვილდეს.

„წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებებთან ერთად ანალოგიებზე მუშაობა აბიტურიენტებს მათი უნარების უკეთ გამოვლენის შესაძლებლობას მისცემს _ სიტყვის მნიშვნელობის არცოდნის შემთხვევაში, აბიტურიენტს მისი მნიშვნელობის განსასაზღვრად კონტექსტი დაეხმარება.
ზოგადად, ცნობილია, რომ ახალი ინფორმაციის გააზრების უნარი ყველაზე უკეთ იჩენს თავს წაკითხული ტექსტის გააზრების დავალებათა შესრულების პროცესში. შესაბამისად, ეს სიახლე აკადემიური უნარების შეფასების სიზუსტის თვალსაზრისითაც წინგადადგმული ნაბიჯია. ზოგადი უნარების ტესტის მიზანი იმ უნარების შეფასებაა, რომლებიც აუცილებელია უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად, ცოდნის შესაძენად. სწორედ ამიტომ წაკითხულის გააზრებაზე აქცენტის გაძლიერება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს იმ უნარის წარმოჩენას, რომლის გამოყენებაც უმაღლეს სასწავლებელში არაერთხელ მოუწევთ მომავალ სტუდენტებს.
ანალოგიების ბლოკის ცვლილება ლოგიკის ბლოკში დავალებათა რაოდენობაზეც აისახება. ამ ბლოკში დავალებების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა ლაკონიური და მარტივი დავალებების ხარჯზე. შეგახსენებთ, რომ ზოგადი უნარების ტესტი შედგება ორი _ ვერბალური და მათემატიკური ნაწილისგან. ტესტის თითოეულ ნაწილზე სამუშაოდ აპლიკანტს ეძლევა 1 საათი და 35 წუთი. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80.
2018 წელს გარკვეული სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდასაც შეეხება. იგეგმება არგუმენტირებული ესეს შეფასების კრიტერიუმების კორექტირება. ეს ცვლილებები ეფუძნება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების კვლევასა და სპეციალისტების ექსპერტულ ანალიზს. ცვლილებები მიზნად ისახავს შეფასების მექანიზმის სრულყოფას. ახალი კრიტერიუმებით არგუმენტირებული ესეს შეფასების მაქსიმალური ქულაა 24, ნაცვლად 20 ქულისა. ამ კრიტერიუმებით გაიზარდა ნაშრომის შინაარსობრივი მხარის შეფასების ხვედრითი წილი, რაც მიზნად ისახავს მსჯელობის არგუმენტირებისა და არაშაბლონურობის, აგრეთვე, კრიტიკული აზროვნების წახალისებას“, _ აღნიშნულია განმარტებაში.
ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის თქმით, ცვლილება ხორციელდება იმ აბიტურიენტებისთვისაც, რომლებიც არჩევით საგნად მათემატიკას აბარებენ:
„ეს ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის არის საინტერესო, ვინც ფიქრობს, არჩევით საგნად მათემატიკა დაასახელოს. გასული წლების სტატისტიკა გვაჩვენებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს, სხვა საგნებთან შედარებით, მათემატიკა უფრო უჭირთ. საუბარი არ არის ტესტის გამარტივებაზე, არამედ შედარებით მარტივი დავალებების ხვედრითი წილის გაზრდაზე. ტესტის ფორმატი არ იცვლება, მაგრამ იზრდება მარტივ დავალებათა ხვედრითი წილი“.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს _ სოფო დოლიძეს ესაუბრება:
_ ქალბატონო სოფო, ამ ცვლილებების მიზეზი რა გახდა?
_ უპირველესად, ეს ცვლილებები უნარების შეფასების სიზუსტეს კიდევ უფრო აუმჯობესებს (ამის მაჩვენებელს ზრდის), რადგან ტექსტი კიდევ უფრო უნარებზე ორიენტირებული ხდება, აქცენტი გადადის უფრო მეტად ლოგიკურ მსჯელობაზე. ამას გარდა, გვსურს, აბიტურიენტებს წაკითხულის გააზრებისა და მასზე მუშაობის მეტი მოტივაცია შევუქმნათ. ანალოგიების ბლოკის დავალებებში შესაძლებლობა ეძლევათ, ტექსტი იმისთვის დაიხმარონ, რომ თუ, ვთქვათ, რომელიმე სიტყვა არ ეცოდინებათ, ისევ კონტექსტის მიხედვით, უნარების დახმარებით შეძლონ მისი ამოცნობა, ან სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება. ეს პირველი და მთავარია.
რაც შეეხება სხვა მიზეზებს, მაგალითად, შეგვიძლია ანალოგიებზე მუშაობის, ანალოგიების ბლოკისთვის მომზადების არასწორ პრაქტიკაზე ვისაუბროთ: აბიტურიენტებთან ძალიან ბევრი შეხვედრა გაგვიმართავს და ამ საკითხში ჩვენი დამოკიდებულება სწორედ აღნიშნულ პრაქტიკას ეფუძნება. ძალიან ხშირად გვსმენია, რომ აბიტურიენტები ამა თუ იმ უცხო სიტყვას ლექსიკონიდან იზეპირებენ. ანუ, ძირითადად, ლექსიკონს მიჰყვებიან და სიტყვებს იქიდან სწავლობენ. ეს მათ უნარების ტესტში ნაკლებად დაეხმარა.
რა თქმა უნდა, კარგია, როცა უცხო სიტყვები ვიცით, მაგრამ არა ასე, როცა უკონტექსტოდ და უყველაფროდ ვსწავლობთ. ჩვენ ისინი სხვადასხვა წყაროში უნდა ამოვიკითხოთ. მათი მნიშვნელობა ლექსიკონში შევამოწმეთ (კარგია, რომ ეს გავაკეთეთ), მაგრამ ეს აუცილებლად გააზრებაზე და არა დაზეპირებასა და დამახსოვრებაზე ორიენტირებული მიდგომა უნდა იყოს. ჩვენ ამიტომაც გამოვიტანეთ ანალოგიები, ეს კიდევ ერთი დამატებითი მიზეზი (ტექსტთან ანალოგიები) იყო, რომ აბიტურიენტებმა ნახონ, თუ როგორ შეიძლება კონტექსტით მნიშვნელობის უკეთ გააზრება. ძირითადი მიზეზები ეს გახლავთ.
_ ამ ცვლილებებს წინ უძღოდა გარკვეული კონსულტაციები?
_ ეს რომ ტექსტში გადაგვეტანა, ამასთან დაკავშირებით აბიტურიენტებთან ნამდვილად არ გვისაუბრია. უბრალოდ, აბიტურიენტებთან მუდმივი შეხვედრები გვაქვს თვითონ ტესტის ფორმატთან, ტესტისთვის მომზადებასთან, მის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, განვიხილავთ დავალებებს, ტიპებს, პრაქტიკულ ანალიზს ვაკეთებთ ხოლმე და ა. შ. ტესტირებებს ხანდახან იკვლევს კითხვარები, რომელიც აბიტურიენტების დამოკიდებულებებს სწავლობს, ასე რომ, ამ თვალსაზრისით მათთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს.
მაგრამ ასე კონკრეტულად, რომ მოდით, ტექსტში გადავიტანოთ ანალოგიები და თქვენ ეს როგორ მოგწონთო, ამაზე კონსულტაციები არ გვქონია. ამ ყველაფრის რეალური გამოცდილება არსებობს. ისედაც, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, კონტექსტის დახმარებით სიტყვის ამოცნობა ბევრად არის უნარზე ორიენტირებული და ადვილია იმ ადამიანებისთვის, ვინც წაკითხულს კარგად გაიაზრებს, ვიდრე მხოლოდ ტესტში ცალკეული სიტყვების წარმოჩენაა.
_ როგორია აბიტურიენტების მომზადების მაჩვენებელი წლებთან ერთად და საით მიდის ეს ტენდენცია?
_ თუ ჩვენს მონაცემებზე დაყრდნობით საუბარი გვსურს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ამისთვის არ გამოგვადგება. რეალურად, ეს არის სასელექციო გამოცდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლებლებისთვის ვარჩევთ. მათგან ვარჩევთ, ვინც გვყავს. ესენი არიან ჩვენი სკოლადამთავრებული მე-12 კლასელები, ან შეიძლება უფრო ადრე დამთავრებულები.
ჩვენ ვალდებული ვართ, სასელექციო ტესტის მომზადების დროს ტესტის ეს სირთულე ამ რეალობას მოვარგოთ. შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ტესტი გამარტივდა, ან გართულდა, რადგან მაჩვენებელი უკეთესი ან უარესი გახდა, ეს მართებული მიდგომა არ იქნება.
იმისთვის, რომ ვიცოდეთ, ახალგაზრდა თაობაში უმჯობესდება თუ არა ცოდნის დონე, სხვა ტიპის კვლევა არის საჭირო, მაგალითად, სახელმწიფო შეფასება, რომელიც სხვადასხვა კლასში ტარდება კიდეც. თუ არ ვცდები, შარშან ასეთი კვლევა მე-7 კლასში ჩატარდა, კერძოდ, _ საბუნებისმეტყველო საგნებში.
აი, ამ შემთხვევაში შეგვეძლო გვეთქვა, მომზადების მაჩვენებელი დაბალია თუ მაღალი.
პირადად ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ რადიკალურ ცვლილებებს არასოდეს ველოდებით, მით უმეტეს, უნარების თვალსაზრისით. რადგან უნარები დიდი ხნის განმავლობაში გავარჯიშებადი ფენომენია, ერთ-ორ წლიწადში არ იცვლება, მის განვითარებას სისტემატური, სტაბილური მუშაობა სჭირდება, საბავშვო ბაღის ასაკიდან დაწყებული. თუ მთელმა საზოგადოებამ (მშობლებმა), ბაღმა, სკოლამ ამას ერთიანად ხელი არ შეუწყო, ამ პროცესში რადიკალური ცვლილებები არ გვექნება.
_ რა უნდა გაკეთდეს მომზადების დონის ასამაღლებლად? აქ სკოლის როლსაც ვგულისხმობ…
_ რასაკვირველია, სკოლის როლი უზარმაზარია. ყველა საგნის მასწავლებლები მაქსიმალურად იმაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, რომ მოსწავლეები გააზრებულ დასწავლას შევაჩვიოთ. მათ ყველა ფენომენი უნდა გაიაზრონ და ამაში დავეხმაროთ. მათ არგუმენტირებული მსჯელობა, სხვადასხვა მოვლენის კრიტიკული ანალიზი უნდა ისწავლონ და ეს რეალობა ყველა საგანში უნდა გვქონდეს.
უნარები, როგორც საგანი, არ არსებობს და არც უნდა იყოს. ეს არის ადამიანის პოტენციური შესაძლებლობა, რაღაც გააკეთოს და ეს შესაძლებლობა სხვადასხვა საგნის სწავლის კვლალდაკვალ უნდა განვითარდეს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ქართული, მათემატიკა, საბუნებისმეტყველო საგნები, სოციალური მეცნიერებები ისე, რომ ჩვენი სააზროვნო უნარები, რაც შეიძლება, კარგად იყოს განვითარებული. მასწავლებლებმა დამოუკიდებელი აზროვნების საშუალება მოგვცენ, ამისკენ გვიბიძგონ, არგუმენტირებული მსჯელობა უნდა გვასწავლონ და ა. შ.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ცოდნა უნდა შევიძინოთ, რადგან ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი წყაროა ჩვენი უნარების განვითარებისთვის. ცოდნის შეძენაში, ცხადია, გააზრებულ ცოდნას ვგულისხმობ და არა რაღაც მასალის ფაქტობრივ დაზეპირებას. ეს პროცესი უნარების განვითარებას ხელს შეუწყობს.
_ თვითონ ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემა რა გამოწვევების წინაშე დგას, კიდევ რის გაუმჯობესებას მოითხოვს?
_ ეს სისტემა 2005 წელს შემოიღეს და ჩვენ ყოველწლიურად ვცდილობთ, უკეთესი გავხადოთ. შეუძლებელია, იდეალური სისტემა შექმნა, აუცილებელი იქნება მისი მუდმივი გაუმჯობესება და ჩვენ ამას ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ. ყოველწლიურად აბიტურიენტებს სხვადასხვა სიახლეს ვთავაზობთ, სწორედ იმისთვის, რომ მათი ცოდნისა და უნარების შეფასება უფრო ზუსტი იყოს; ეს ყველაფერი უფრო მეტად იყოს მორგებული აბიტურიენტების რეალურ ცოდნასა და უნარებზე; აბიტურიენტების კარგად, სწორად შერჩევა მოვახერხოთ, ანუ შევარჩიოთ ისინი, ვინც უმაღლეს სასწავლებლებში მართლაც კარგად ისწავლიან. ამისთვის საჭირო ნაბიჯებს ყოველწლიურად ვდგამთ.
მაგალითად, წელს უნარების ტესტში გვაქვს ცვლილება, ასევე ქართული ლიტერატურის ნაწილში. კიდევ ერთი ტექნიკური ნაბიჯი არის აბიტურიენტთა სასარგებლოდ გადადგმული. ალბათ, იცით, რომ სპეციალური ტიპის კალმის შემოტანის უფლება აქვთ და ა. შ. ჩვენ ასეთ ნაბიჯებს ყოველწლიურად ვდგამთ. ისე არ არის, რომ რამეს რადიკალურად ვცვლიდეთ, მაგრამ მიზანმიმართულად გაუმჯობესებისკენ მივდივართ.
_ ზოგიერთი ექსპერტისგან მსმენია, რომ უმაღლესის გამოცდებიც სკოლაში უნდა გადავიდეს, თქვენ დამოკიდებლება როგორია ამ საკითხის მიმართ?
_ ეს მოსაზრება მეც მსმენია. შეიძლება, ადამიანმა ისიც იფიქროს, რომ ბევრ გამოცდას ვნიშნავთ ჩვენი მოსწავლეებისთვის თუ აბიტურიენტებისთვის, მაგრამ ყველა გამოცდას თავისი მიზანი აქვს. საატესტაციო გამოცდების მიზანია იმის შეფასება, სკოლაში რა ცოდნაც უნდა მიიღოს ადამიანმა, ამას დაეუფლა თუ არა. აქედან მინიმალური ცოდნა მაინც, ამის დადასტურება ხდება.
ერთიან ეროვნულ გამოცდებს სრულიად სხვა მიზანი აქვს და სხვა ტიპისაა. რეალურად, აქ ადამიანმა რაღაც თამასა უნდა დააკმაყოფილოს. ერთიანი ეროვნული უკვე სასელექციო, შესარჩევი გამოცდაა. ვინც ის წინა თამასა დააკმაყოფილა, ახლა უკვე მათგან საუკეთესოები უნდა შევარჩიოთ იმისთვის, რომ მათ უმაღლეს სასწავლებელში კარგად ისწავლონ.
ეს ორი სხვადასხვა ამოცანაა და ამის გაერთიანება ცოტა შეუძლებლად მეჩვენება, ყოველ შემთხვევაში ახლა, ამ ეტაპზე მაინც. თანაც, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როდესაც, მაგალითად, გამოცდების გაერთიანებაზე, მათ დაახლოებაზე ვსაუბრობთ, ის ტესტირების სრულიად სხვადასხვა მოდელს ეყრდნობა. მაგალითად, ის კომპიუტერებზე ადაპტირებული ტესტია, ხოლო ეს კლასიკური თეორიის მიხედვით შექმნილი საგამოცდო ტესტებია.
გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებელს შესაძლებლობა აქვს იცოდეს, რომ სტუდენტი, რომელიც მისთვის შეირჩა, წერითი მეტყველების უნარებითაც გამოირჩევა, რადგან ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თუ სხვა საგამოცდო საგნებში ადამიანებს წერითი დავალებების შესრულება უწევთ, რაც საატესტატო გამოცდებზე არ ხდება.
ასევე რთულად წარმოსადგენია, ვინმეს სტუდენტად უნდოდეს ადამიანი, რომელსაც შესარჩევ ეტაპზე არც ერთი სიტყვა არ დაუწერია, რაც საატესტატო გამოცების დროს ხდება.
ასე რომ, ერთიანი ეროვნული გამოცდები ძალიან განსხვავებულ მიზნებს ემსახურება და, შესაბამისად, განსხვავებული ფორმატისაა. ამ გამოცდების მუშაობის ალგორითმიც სრულიად სხვადასხვაა, რის გამოც მათი გაერთიანება ცოტა რთულად მესახება.
რაც შეეხება პროცესის სკოლაში გადატანას, ამასაც რაღაც რეალური მიზანი ხომ უნდა ჰქონდეს? უმაღლესების შესარჩევი გამოცდები სკოლაში რატომ უნდა გადავიტანოთ? ამიტომ კარგად ვერც ვხვდები ამ მოსაზრების საფუძვლიანობას. თუ ლაპარაკია გამოცდების რაოდენობის შემცირებაზე, აქ, რა თქმა უნდა, სხვა ნაბიჯების გადადგმა შეიძლება. ვთქვათ, ეს გამოცდები უფრო ქვემოთ, მეათეში, მეთერთმეტე კლასებში ჩავიდეს და ბევრი გამოცდის საჭიროება არ იყოს.
თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ თუ ვინმე საატესტატო გამოცდებს დააკვირდება, ნახავს, რომ იქ არანაირი სტრესული გარემო ჩვენი მოსწავლეებისთვის არ არის. გამოცდას ძალიან მარტივად უმკლავდებიან. დაახლოებით, ოც წუთს ანდომებენ თითოეულ საგამოცდო საგანს, ასე რომ, ეს მათთვის რთული ბარიერი ნამდვილად არ არის. ამიტომ ვერ ვიტყოდი, რომ რაიმით მაინც ამის საჭიროება იყოს.
მთელი სისტემა თუ შეიცვლება, რა თქმა უნდა, ამ ცვლილებებისთვის გამოცდების სისტემაც მზად არის. მოერგება იმას, როგორიც განათლების (სასკოლო და უმაღლესი) სისტემა იქნება. ცხადია, საგამოცდო სისტემაც ამ ყველაფერს მოერგება, მაგრამ ამ წუთას როგორი სისტემაც გვაქვს, აქ ცოტა ძნელად წარმომიდგენია ამ გამოცდების გაერთიანება.

გელა მამულაშვილი