რატომ აგინეს დევნილებს გია ვოლსკიმ და ემზარ კვიციანმა?!

გასულ დღეებში საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „აფხაზთა კრების“ წარმომადგენლებსა და ცალკეულ დეპუტატებს შორის დაწყებული კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. „აფხაზთა კრებაში“ აცხადებენ, რომ ეს წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო, რადგან მათ არ სურდათ სხდომაზე გაჟღერებულიყო ის კითხვები, რომელიც „კრების“ წევრებს ჰქონდათ.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება „აფხაზთა კრების“ წარმომადგენელი _ მალხაზ პატარაია:

_ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიისა და კიდევ სხვა სამი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა, სადაც „აფხაზთა კრება“ ოყო მიწვეული. მიწვევის გარშეც ვესწრებით ხოლმე ჩვენთვის საინტერესო სხდომებს. როგორც აღვნიშნე, ჩვენი იქ ყოფნა სიახლე არ იყო, სხვა სხდომებშიც მიგვიღია მონაწილეობა და ჩვენთვის საინტერესო საკითხები დაგვისვამს. ჩვენი ინტერესი გამოიწვია იმან, რომ ამ სხდომაზე იხილებოდა აფხაზეთის მთავრობის მოხსენება გალში განათლების მდგომარეობის შესახებ, ქართული ენის სწავლებასთან დაკავშირებით, მსგავსი სხდომა მოწვეული იყო ერთი წლის წინათაც, სადაც რეკომენდაციები მიიღეს და ახლა სწორედ მისი შესრულება იხილებოდა. მომხსენებელი იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჯემალ გამახარია. მან საკმაოდ წყალწყალა, არაფრისმთქმელი მოხსენება წაიკითხა, რამაც ბრეჟნევის პერიოდის მოხსენებები გაგვახსენა. იქ ახალი არაფერი თქმულა: რამდენი სკოლაა, რამდენი ბავშვი სწავლობს, რამდენი მასწავლებელია, რამდენი ბაღია და რომ ქართულად არ ასწავლიან. რაც მთავარია, ითქვა, რომ წინა რეკომენდაციების უმნიშვნელოვანესი ნაწილი შესრულდა და დანარჩენი შესრულების პროცესშია. სინამდვილეში, ვითარება ასეთია: მდგომარეობა უარესდება, არადა, რეკომენდაციები შესრულებულია! თუ რეკომენდაციები შესრულებულია, მდგომარეობა როგორ უარესდება და თუ მდგომარეობა გაუარესებულია, რეკომენდაციები როგორ შესრულდა?! რაც მთავარია, ხელისუფლებას მადლობებს უხდიდნენ! ამის შემდეგ პარლამენტარებმა შეკითხვები დასვეს. ჯერი ჩვენზე რომ მიდგა, მაშინ დაიწყო, როგორც შემდეგ გამოჩნდა, აფხაზეთის მთავრობისა და პარლამენტის რიგი დეპუტატების მიერ წინასწარ მომზადებული დებოში ამ სხდომის ჩასაშლელად, რათა იქ სიმართლე არ გვეთქვა, მწვავე კითხვები არ დაგვესვა, რეალურად არ გველაპარაკა და არ გახმაურებულიყო ის, რაც ხდება გალის რაიონში, იმ უმოქმედობის შესახებ არ გველაპარაკა, რასაც ხელისუფლება ამ მიმართულებით ავლენს. მიუხედევად იმისა, რომ სხვადასხვა მხარეს ვისხედით, გვითხრეს, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია ერთ ადგილზე წრიალებდა და გვერდით მყოფებს ეუბნებოდა, სხდომა როდის დავხუროთო? შემდეგ იქ გამოჩნდა სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე, რომელმაც თქვა, რომ ჩვენ გალში რაღაცას ვაკეთებთ და ამიტომ შეიძლება, ჩვენს ხალხს ავნოს გალის პრობლემების შესახებ აქ საუბარმა და სხდომა დავხუროთო. მერე ეს ადამიანი გაქრა, ესტაფეტა კი გადაიბარა ადა მარშანიამ, თუმცა მანამდე ორი კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა, _ თუ რამე დასახურია, ბოლო ნაწილში ვილაპარაკოთ, თუ არადა, რაც სათქმელია, ვთქვათო. და მომხსენებელს უთხრეს, _ თუ მიიჩნევ, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არის ღიად საჭირო, ნუ უპასუხებო. მიუხედავად ამისა, ადა მარშანიამ ულტიმატუმის ენით თქვა, _ ან მე ვიქნები ამ სხდომაზე, ან დაიხურებაო. შეიქმნა პაუზა, ნახევარ სხდომას ვესწრებოდით და საკმაოდ შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავი, თუმცა არაფერი გვითქვამს. ერთ-ერთ ჩვენგანსა და მარშანიას შორის რეპლიკები იყო. ამასობაში, „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ლომიამ ჩვენი დადანაშაულება დაიწყო, თითქოს იქ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოგვიყვანა, თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის აგენტურა და ა. შ. მან ჩვენს ერთ-ერთ წევრს შეურაცხყოფა მიაყენა, მიკროფონიც კი ესროლა და ამ დროს შემოვარდა ემზარ კვიციანი. ის არ იყო სხდომაზე, როგორც ჩანს, ყოლბაიამ და მისმა ამფსონებმა გამოიძახეს, პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და თქვა, რომ ესენი ყველა ასეთები არიანო. რა თქმა უნდა, ჩვენი წარმომადგენლობა საკმაოდ შეურაცხყოფილი აღმოჩნდა მისი მოქმედების გამო და იქვე უთხრა ყველაფერი, რასაც ის წარმოადგენდა, რაც არ იცის დანარჩენმა საქართველომ და ვიცით ჩვენ!

_ ჩვენც გვეტყვით, რა არ იცის დანარჩენმა საქართველომ?

_ იქვე, სხდომაზე, ყველას გასაგონად უთხრეს, რომ მისი პირველი პატიმრობა იყო ძროხის ქურდობისთვის; აფხაზეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უღელტეხილზე გადმოვიდა, რა თქმა უნდა, კოდორის ხეობის მოსახლეობამ დევნილებს მასპინძლობაც გაუწია, რითიც შეეძლო, დაეხმარა, ბევრი შეიფარა, დალოცა, გამოისტუმრა, დააპურა, გაათბო, მაგრამ კვიციანის ჯგუფი უღელტეხილზე იდგა და პირდაპირ ძარცვავდა დევნილ მოსახლეობას. ძვირფასეულობა იქნებოდა თუ ფული, ართმევდა, ასევე ჯარისკაცებს იარაღს ართმევდა! ერთ-ერთმა ჩვენგანმა მას პირდაპირ უთხრა, რომ ის იყო მისი მსხვერპლი! _ ვინ ხარო? _ რომ ჰკითხა, უპასუხა, _ ის კაცი ვარ, შენ რომ გაძარცვეო! გარდა ამისა, შეახსენეს მისი დეზერტირობა ომის დროს; ის, რომ მან იქ იარაღი და ტყვია-წამალი გადამალა. ეს თქვენი გაზეთის ფურცლებზეც დაიწერა; ის, რომ მოღალატეა და გაიქცა, მისი კავშირები კრემლთან და რუსეთთან. მან ასეთი სიტყვა თქვა, _ მტყუანსო?! _ კიო! _ უპასუხეს ჩვენებმა და ამას მოჰყვა სირბილი პარლამენტში და დებოში. როგორც იქნა, კვიციანი მანდატურებმა დააწყნარეს, ახლა გია ვოლსკიმ დაიწყო ჩვენი გინება. ერთ-ერთ სხდომაზე დევნილები დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა დაგვწყევლა, ამან გვაგინა! სავსებით გასაგები მიზეზი იყო, რომ ჩვენ სრულებით არ გვაწყობდა ხმაური, დისკუსიისთვის, დიალოგისთვის, პოლემიკისთვის მივედით და იმ კითხვებზე პასუხის მიღება გვინდოდა, რაც მართლა აინტერესებდა საზოგადოებას და სიმართლე გვეთქვა.

_ რა კითხვები გქონდათ, რა არის სიმართლე?

_ სიმართლე ასეთია: ახლა, მაისში, გალში გახსნეს ტელევიზია, ჯერჯერობით, მაუწყებლობა რუსულადაა და როგორც თვითონ ამბობენ, მეგრულადაც იქნება. პირველი გადაცემა არძინბას დაბადების დღეს მიუძღვნეს და პირველივე სიუჟეტია, როგორ შეიკრიბა მათი ნომენკლატურა არძინბას საფლავზე მისი დაბადების დღის აღსანიშნავად. სიუჟეტშივე იყო, როგორ წაიყვანა გალის ადმინისტრაციამ ჩვენი გალელი ბავშვები, მიიყვანა საფლავზე, ყვავილები მიატანინა და ლამის, დააჩოქა. ეს გადაცემა „იუთუბიზე“ დევს. პარალელურად, ზუსტად იმ დროს, ყოლბაიას ტელევიზია გადასცემს (ვიცით, რომ მათი გადაცემები იწყება ყოლბაიათი, მთავრდება ყოლბაიათი და უმაღლესი საბჭოს წევრებით), ასეთი სიუჟეტია: ერთ-ერთ კომიტეტში მიდის მოსმენა და დღის წესრიგია, _ აშშ-ს ბიუჯეტის კანონის განხილვა! ასეთი ტექსტი მიდის და შეკრებილები არიან კომისიის წევრები. დაადგინეს: მოწონებულ იქნას! კომენტარებია, _ ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ყოველთვის ვიბრძოდით. ე. ი. შვებით ამოისუნთქა ტრამპმა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს რომ არ მიეღო აშშ-ს ბიუჯეტი და მათ არ დაემტკიცებინათ უმაღლესი საბჭოს სესიაზე, დაღუპული იყო ტრამპიც და ამერიკაც! აქედან გამომდინარეობს ძალიან ლოგიკური კითხვა, _ რას აკეთებს აფხაზეთის მთავრობა იმისთვის, რომ გალში ქართულ მოსახლეობას მონური მდგომარეობა შეუმსუბუქოს?! რას აკეთებს იმისთვის, რომ გალში ქართულად ისწავლებოდეს?! ამ დროს არსებობს საერთაშორისო სამართლებრივი ორი მნიშვნელოვანი პრეცედენტი: ერთი არის ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება კვიპროსი-თურქეთის საქმეზე. ერთ-ერთი მუხლი გახლდათ განათლების უფლება, უკეთესი ვითარება იყო კვიპროსელ ბერძნებთან, მათ ჰქონდათ დაწყებითი სკოლა და უარი უთხრეს საშუალო განათლებაზე, ასევე ცენზურა დაუწესეს დაწყებითი განათლების სახელმძღვანელოებში,  ისტორიისა და კულტურის შესახებ რაღაცები ამოიღეს. ევროპის სასამართლომ თქვა, რომ არ შეიძლება ცენზურა, თუნდაც არ ეთანხმებოდე ამ კანონების შინაარსს და არ შეიძლება განათლების უფლების ხელყოფა. სრულიად უსაგნოდ და უსაფუძვლოდ მიიჩნია ის მოტივი, თითქოს ჩრდილოეთ კვიპროსელ ბერძნებს, როგორც თურქეთი მაშინ ამბობდა, დანარჩენი კვიპროსის ტერიტორიაზე შეეძლოთ განათლების მიღება. ეს არის პრეცედენტი, ასე უყურებს მას ევროპული სასამართლო! მეორე პრეცედენტი, რომელიც სულ ახლახან დაადგინეს, უკვე გაეროს სასამართლოს მიერ უკრაინის სარჩელთან დაკავშირებით, არის ის, რომ ყირიმში, როგორც დროებითი ზომა, რუსებს დაავალეს, ყირიმელი თათრებისთვის უზრუნველყოფილ იქნას განათლების უკრაინულ ენაზე მიღება. ეს ორი პრეცედენტი საკმარისია იმისთვის, რომ როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს! გამახარიამ თქვა, თუ სარჩელები იქნება, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობასო. აფხაზეთის მთავრობას იურიდიული დეპარტამენტი აქვს ნახევარმილიონიანი ბიუჯეტით, 31 კაცი მუშაობს და მათაც შეუძლიათ ამ სარჩელებზე დამოუკიდებლად მუშაობა, უფრო სწორად, რაზე უნდა იმუშაოს, თუ ამაზე არა?! ეს შეკითხვა ძალიან ლოგიკური და ბუნებრივი იყო, _ რას აკეთებთ? რა გაუმჯობესდა? როცა მათთვის მიცემული ერთ-ერთი დავალება სწორედ ეს იყო, რომ მომზადდეს სარჩელები სხვადასხვა საერთაშორისო ინსტანციაში. პერიოდულად გაეროში დევნილთა დაბრუნების შესახებ საკითხი განიხილება. ამ კომიტეტის სხდომის წინ, რამდენიმე დღით ადრე, მორიგი რეზოლუცია მიიღეს. აქედან 14-მა ქვეყანამ წინააღმდეგ მისცა ხმა და 60-ზე მეტმა ქვეყანამ თავი შეიკავა. ყველას საელჩოა აქ და იგივე აფხაზეთის ხელისუფლებისა და მთავრობისადმი გვქონდა მიმართვა, _ იქნებ, გვეკითხა, რას აკეთებენ? რას მუშაობენ? რა ხდება? ან რატომ არ დგანან, ბოლოს და ბოლოს, მათ წინ პლაკატებით?! ჰკითხონ მაინც, რატომ არიან ჩვენი დაბრუნების წინააღმდეგნი ეს სახელმწიფოები?! ჩვენ გვინდოდა, უფრო შორს წავსულიყავით და გვეკითხა: 31 მაისს, „ჰუნდაის“ რუსეთის განყოფილებამ სარეკლამო ავტოგარბენა ჩაატარა აფხაზეთში, ეს ინფორმაცია ინტერნეტში დევს, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა ორ ნაწილში, ერთი _ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და მეორე _ უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, იმიტომ, რომ რეკლამაც სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა. უნდა დაგვესვა კითხვა, _ რას აკეთებენ?! სად არის საგარეო საქმეთა სამინისტრო?! ლოგიკური იყო კითხვა, _ რას აკეთებს უმაღლესი საბჭო ამ მიმართულებით?! 13 მილიონზე მეტი აქვთ ბიუჯეტი, გარდა იმისა, რომ აშშ-ის ბიუჯეტს იხილავს?! იმ პერიოდში, როდესაც ეს დავალება იყო მიღებული, შარშან, როდესაც კომიტეტმა დავალებების საკმაოდ დიდი ჩამონათვალი წარუდგინა, ზუსტად იმავე პერიოდში, ინფორმაცია მათი ოფიციალური გვერდიდანაა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ბატონი გვაზავა, აფხაზეთის ბიუჯეტის სახსრებით გაეროს ახალგაზრდულ ფორუმზე მიდის ნიუ-იორკში თავის მეუღლესთან ერთად, დელეგაცია ხარჯავს 20 000 აშშ დოლარზე მეტს და მსჯელობს საკითხზე, _ არ მისცე დევნილს თევზი, არამედ ასწავლე მისი დაჭერა! 25 წლის მერე დევნილებმა თევზის დაჭერა უნდა ვისწავლოთ! შეხვდა იქ ჩილესა და პაკისტანის დელეგაციებს. იმავე პერიოდში ჩეხეთში წავიდნენ 40-კაციანი დელეგაციით მემორიალური დაფის გასახსნელად. რად უნდა ამ საქმეს 40 კაცი, როცა ეს შეუძლია, იქაურმა საელჩომაც გააკეთოს?! ეს 40 კაცი გაყავი 5-5-ად, ერთი ბრიუსელში წავიდეს, მეორე _ სტრასბურგში, მესამე _ ჰააგაში და ა. შ. დაიკავონ პლაკატები, დადგნენ და იყვირონ, რომ ეს არის რასიზმი, ეს არის აპარტეიდი, ეს არის სეგრეგაცია, ეს არის გულაგი, რასაც დღეს ოკუპანტი აკეთებს გალის რაიონში! ეს იქნება გაცილებით პროდუქტიული, ვიდრე, თუნდაც, პატივსაცემი პიროვნების, ემხვარის მემორიალური დაფის ჩამოკიდება, რომელიც შეუძლია, იქაურმა საელჩომაც გააკეთოს. ეს გვინდოდა გვეკითხა, მაგრამ არ დაგვცალდა! ჩვენი ინტერესი სულ არ იყო, რომ იქ არეულ-დარეულობა მოგვეწყო! „აფხაზთა კრება“ 25 კაცით იყო წარმოდგენილი და ჩემ გარდა სხვებსაც ჰქონდათ კითხვები, _ საერთოდ, რა მდგომარეობაა და, ბოლოს და ბოლოს, გვინდა მივიღოთ პასუხები საქართველოს ხელისუფლებისგანაც, _ შეიძლება რამის გამკეთებელი იყოს აფხაზეთის ხელისუფლება, რომელსაც 0%-იანი ნდობა აქვს თავისსავე მოსახლეობაში?! ამაზე ჩვენ სოციოლოგიური გამოკითხვაც კი ჩავატარეთ. ამას ეხებოდა ჩვენი კითხვები, რომელიც ყოლბაიას არ აწყობდა! ასევე არ აწყობდა კვიციანს, რომელიც ალიანსშია ყოლბაიასთან! რაც შეეხება კვიციანს, პარლამენტში ძალიან მძიმედ გვაქვს საქმე, _ კაცი ერთმანეთისგან ვერ არჩევს რეზერვსა და რეზერვუარს!!! აგერ, პარლამენტის გვერდზე წერია, რომ ის არის ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ესპანეთის, კანადის, სერბეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, ლიტვის, პორტუგალიისა და ჩინეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრი! დაღუპულები ვართ! ან რომ ითხოვდნენ, სხდომა დავხუროთო, შეიძლება იყოს რაიმე საიდუმლო იმ პარლამენტში, სადაც კვიციანია დეპუტატი?! რაც შეეხება გია ვოლსკის, მისი საქციელი საერთოდ არაადეკვატური იყო, რადგან მის მიმართ არაფერი ყოფილა და გინება დაიწყო! პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა კაცი! ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ, ჩემი აზრით, გალში კიდევ ერთი სერიოზული პრობლემაა _ კონტრაბანდა! ადრე გალელების ნაშრომს ითვისებდნენ, პირდაპირ ძარცვავდნენ, სოფლებში მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ერთ ხეზე ამდენი გაქვთ ჩვენთვის ჩასაბარებელი თქვენი თხილის მოსავლიდანო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, ის ხე მოისხამდა ნაყოფს თუ არა. ახლა ესენი უფრო ცივილიზებულად აკეთებენ, ჩამბარებელ პუნქტებში აბარებინებენ, მაგრამ იქ ფასს საგანგებოდ უგდებენ და მერე ეს თხილი ფურებით გადმოდის ზუგდიდში, ღამით, ყოველგვარი შემოწმების გარეშე, ცენტრალური მაგისტრალიდან. იქაური ადმინისტრაცია, აქაური და აფხაზეთის ხელისუფლება ამ უკანონო საქმიანობაში ჩარეულია. ეს ეხება არა მხოლოდ თხილს, არამედ, სხვა კონტრაბანდასაც. ამაზე ხშირად საუბრობენ და თქვენს გაზეთშიც მიეძღვნა მასალები, ეს ახალი ამბავი არ არის, თუმცა, შეიძლება, სიახლე იყოს ის, თუ როგორ აწარმოებენ თხილის ბიზნესს. აქ ჩართულია კრიმინალური სამყაროც, ასევე მითხრეს, რომ ყოველ კვირაში ორი დღე ყოლბაია ქრება, ზუგდიდში მიდის, არც ტელევიზია მიჰყავს და არც არავინ და მერე მოდის. ჩემი ვარაუდით, მას ინფორმაცია ჩამოაქვს აქეთ და ის ქეშიც, რომელსაც ამ მფარველობის გამო იღებენ. ჩემი აზრით, ამ ყველაფერს ვოლსკი „კრიშავს“! ამიტომაც იყო, რომ ამბრაზურასავით გადაეფარა ყოლბაიას ხელისუფლებას! ვოლსკისგან ეს ნამდვილად არ მიკვირს, ის იმ გენერაციის ტიპია, კომუნისტების პეროდში ცეკას ინსტრუქტორი იყო. ისინი, ერთგვარად, ქუჩაში „ძველი ბიჭები“ იყვნენ და მთავრობაში ინსტრუქტორები, თუმცა ქუჩამაც იცოდა, რომ ინსტრუქტორები იყვნენ. ეს გასაგები იყო _ კომუნისტური წყობის რღვევისა და ავტორიტეტის არქონის ფონზე. მართვისთვის ეს უკვე დაშვებული იყო, რომ ქუჩურადაც ელაპარაკათ და ურთიერთობა ქუჩასთან ბირჟის ფორმითაც ჰქონოდათ. რომ დააკვირდეთ, ვოლსკი ზუსტად ეს ტიპია, კომუნისტების ბოლო პერიოდის ცეკას ინსტრუქტორი, რომელიც ვითომ „ძველი ბიჭია“, სინამდვილეში კი ცეკას ინსტრუქტორია! ინსტრუქტორობის შემდეგ, უკვე, გაეროში 10 წელი მუშაობდა და სამარცხვინო რეზოლუციებს აცხობდა, სადაც ყველგან მადლობა იყო ნათქვამი რუსეთისთვის, რომ სამშვიდობო პროცესს ახორციელებდა აფხაზეთში! რეალურად, რაც მან გააკეთა, ეთიკის საკითხს არავინ განიხილავს, მაგრამ დევნილების მიმართ გინება არასოდეს არავის უკადრებია! მოკლედ, კიდეც დაგვწყევლეს და კიდეც გვაგინეს! მისივე ენაზე და ჟარგონზე, ასეთ საქციელს „ბაკლანობა“ ჰქვია! ხულიგანი, ოღონდ ქუჩის გაგებით ხულიგანი და არა კანონის გაგებით, რომელიც წესებს არღვევს! ეს მისი მხრიდან შადიმანობის ერთ-ერთი გამოვლინებაა! ამიტომაა, რომ მას ჩვენ არ ვუყვარვართ! ამიტომაა, რომ მას სძულს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან არა მხოლოდ მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე, არამედ, პირდაპირ, მტერთან თანამშრომლობით! ადრე თქვენს გაზეთთან ვისაუბრეთ, როგორ მოუმზადა აფხაზეთის მთავრობამ პირადად ვოლსკის საახალწლო ძღვენი, ოფიციალურად გაფორმებული წარწერით! ასე რომ, ისინი ამაში შემჩნეულები არიან!

„ქრონიკა+“ ცდილობდა, კომენტარისთვის დაკავშირებოდა დეპუტატებს  გია ვოლსკისა და ემზარ კვიციანს, მაგრამ მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებას არ უპასუხეს.

 

თამარ ბატიაშვილი