რას ყიდულობს თბილისის მერია?

თბილისის მერია და სხვა შემსყიდველი ორგანიზაციები ყოველდღიურად ათობით ტენდერს აცხადებენ სხვადასხვა მომსახურების შესაძენად.
ტენდერის სხვადასხვა ტიპი არსებობს, თუმცა ყველაზე ხშირად გამოიყენება ელექტრონული ტენდერის გამარტივებული ფორმა, სადაც მომსახურებას შემსყიდველს სთავაზობს მხოლოდ ერთი პრეტენდენტი, რაც გამორიცხავს დამატებითი რაუნდისა და კონკურენტული გარემოს არსებობას.

ძირითადად მსგავსი ტიპის ტენდერებს აცხადებენ შემსყიდველი ორგანიზაციები, მაშინ როცა აუცილებელია მომსახურების შეძენა მოკლე დროში და, ამავდროულად, წინასწარ ცნობილია, მოთხოვნილი საჭიროებების დაკმაყოფილებას რომელი მომწოდებელი და რა ვადაში შეძლებს.
ანუ შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტენდერის გამოცხადებას საკმაოდ ფორმალური სახე აქვს ან ფორსმაჟორულ სიტუაციაში პროცედურების სიმრავლე პრობლემის გართულებასაც უწყობს ხელს.
თუმცა იმისთვის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივით საუკეთესო წინადადება შეირჩეს და, ამავდროულად, არ დაირღვეს კონკურენტუნარიანი გარემოს პრინციპიც, აუცილებელია ტენდერების გამოცხადება.
საინტერესოა, რა მომსახურებაზე აცხადებენ ყველაზე ხშირად ტენდერს ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მერიაში და როგორია ამ ტენდერების განვითარების ეტაპები და მათი განხორციელების პირობები?

„ქრონიკა+“ გთავაზობთ მინიმონიტორინგს თბილისის მერიის მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გამოცხადებულ ტენდერებსა და მათ მიმდინარეობაზე, ასევე მასში მონაწილე მხარეებსა და ატვირთულ დოკუმენტაციაზე შესაბამისი პარამეტრებითა და სტანდარტებით. ისინი სხვადასხვა კანონითაა განსაზღვრული.
მონიტორინგის პერიოდად განისაზღვრა მიმდინარე წლის პირველი მარტიდან აპრილამდე ერთთვიანი ვადა და ამ დროის განმავლობაში თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები სხვადასხვა მომსახურებაზე.
აღმოჩნდა რომ დედაქალაქის მერიამ ბოლო ერთ თვეში 79 ტენდერი გამოაცხადა.
აქედან საწყის ეტაპზეა და ჯერ მხოლოდ გამოცხადებულის სტატუსი აქვს 13 ტენდერს.
აღსანიშნავია, რომ ეს ტენდერები ძირითადად არის ელექტრონული სახის აუქციონის გარეშე, რომელთა შესყიდვის სავარაუდო ღირებულება საკმაოდ მოცულობითია და უმეტეს შემთხვევაში 20 000 ლარს აღემატება.
რაც შეეხება შესყიდვის კატეგორიას, ანუ კონკრეტულ მომსახურებას, რაზედაც დედაქალაქის მერიამ გამოაცხადა ტენდერი, განსხვავებულია. ძირითადად ეს კატეგორიები მოიცავს საინჟინრო მომსახურებას, ბუნებრივ წყალს, სამშენებლო და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოებს, ასევე ვხვდებით ქარხნული წარმოების საგნებსა და ოპტიკურ ხელსაწყოებზე გამოცხადებულ ტენდერებსაც.
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიებისა, თბილისის მერია მიმდინარე თვეში გეგმავს მეტყევეობისა და ტყეკაფვის პროდუქტების შეძენას, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება საკმაოდ მოცულობითია და 25 000 ლარამდე აღწევს.
რა ფორმაა კონკრეტულად ტენდერი აუქციონის გარეშე, იგივე შესყიდვა?
მსგავსი ტიპის ტენდერში აუქციონის გარეშე წინადადების ღირებულების წარდგენა ხდება მხოლოდ ერთხელ, ელექტრონული ვაჭრობის ძირითად დროში და შესაბამისად არ ხორციელდება ფასების რევერსული კლება ვაჭრობის დამატებით რაუნდებში. მსგავსი ტიპის შესყიდვების საშუალება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან სისტემას 2016 წლის ივლისიდან დაემატა.
რაც შეეხება სტატუს გამოცხადებულს, ამ დროს შემსყიდველს აქვს სატენდერო განცხადებების რედაქტირების უფლება.
საინტერესოა ისიც, რომ გამარტივებული ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე შესყიდვის მაქსიმალური თანხაა 200 000 ლარი. თუ შემსყიდველის მიერ გამოცხადებული ღირებულება აღემატება ამ ზღვარს, მაშინ შემსყიდველი ვალდებულია, სატენდერო დოკუმენტაციის გვერდზე ატვირთოს სამართლებრივი აქტი, ანუ მთავრობის მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა.
თბილისის მერიის ბოლო პერიოდში გამოცხადებული მსგავსი ტიპის ტენდერებში არაა დაცული ეს წესი. გვხვდება ისეთი შესყიდვები, რომელშიც მერიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არასრულია და არ შეიცავს გამონაკლისის დამადასტურებელ დოკუმენტს, ანუ მთავრობისგან აღებულ სპეციალურ ნებართვას, რაც დაასაბუთებს იმ საჭიროებებსა და ვალდებულებებს, რის გამოც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ზღვრულ თანხას აჭარბებს.
ერთ-ერთი ასეთი 11 აპრილს გამოცხადებული ტენდერია, რომლის შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 442 039 ლარია განსაზღვრული. მერია ამ ტენდერით აპირებს სამშენებლო სამუშაოებისა და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოების შესყიდვას. ატვირთულ დოკუმენტაციაში ვერ ვხვდებით იმ აუცილებელ სამართლებრივ აქტს, რომელიც ზღვრული თანხისგან გამონაკლის შემთხვევას დაადასტურებდა.
მიმდინარე წლის მარტიდან აპირლის პერიოდში თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს შორის ასევე ვხვდებით ისეთ შესყიდვებს, სადაც წინადადებებების მიღება დაწყებულია, ზოგიერთი მათგანი კი უკვე შერჩევა/შეფასებისა და ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა.
განვიხილოთ ბოლო თვეში არშემდგარი ტენდერები და ამ წარუმატებელი შედეგის მიზეზები.
სულ ბოლო თვეში თბილისის მერიის გამოცხადებულ ტენდერთაგან 5 ტენდერი ვერ შედგა.
განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, 19 მარტს გამოცხადებული ტენდერი, რომლის შესყიდვის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენდა და კატეგორიით ითვალისწინებდა სასტუმროს მომსახურების შესყიდვას, კერძოდ შშმ ბავშვებისა და მოზარდებისთვის ზღვის კურორტზე, დაბა ურეკსა და ანაკლიაში საკურორტო მომსახურების შესყიდვას.
აღნიშნული ტენდერი ჩაიშალა და და ვერ შედგა, იმდენად, რამდენადაც არ შესულა არც ერთი შეთავაზება, არ გამოჩნდა მომწოდებელი, რომელიც ყველა ჩამოთვლილ მოთხოვნას დააკმაყოფილებდა და აღნიშნულ თანხაში გაყიდდა მსგავსი ტიპის მომსახურებას.
უცნობია, აპირებს თუ არა მერია ამ საქმისთვის ახალი ტენდერის გამოცხადებას და ამ მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობის საბოლოოდ განხორციელებას, თუმცა პროექტის მნიშვნელობაზე არავინ დაობს.
საინტერესოა ასევე წარმატებით დასრულებული მიმდინარე ტენდერები, რომლებშიც ხელშეკრულება უკვე დადებულია და იგი განხორციელების ეტაპზეა.
გამოცხადებულ ტენდერთაგან 8 წარმატებით დასრულდა და შემსყიდველსა და მომწოდებელს შორის დაიდო კიდეც ხელშეკრულება, რომელშიც სამუშაოების ტიპი და შესასრულებელი ვადაც განსაზღვრულია.
თვალში საცემია ის ფაქტი, რომ ამ წარმატებით დასრულებულ ტენდერთაგან რამდენიმეში გამარჯვებულ კომპანიად გვევლინება შპს „ელ+“.
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით ვიგებთ, რომ შპს „ელ+“ 2005 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დირექტორი ლაშა ჭუმბურიძეა, ხოლო მესაკუთრე 100%-იანი წილით პაატა ჭუმბურიძე.
ეს უკანასკნელი გარდა შპს „ელ +“-ისა ასევე ფლობს საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციასა და შპს „ხანძარტექნიკ ლიდერს“, სადაც, ამავდროულად, დირექტორის თანამდებობა უკავია.
აღსანიშნავია, ისიც, რომ ტენდერებში, სადაც გამარჯვებულად გვევლინება შპს „ელ+“, მონაწილეთა რაოდენობა მხოლოდ ერთია, რაც შესაბამისობით გამორიცხავს კონკურენტების არსებობას და ბევრად მარტივს ხდის კონკრეტული მომწოდებლის გამარჯვების საკითხს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, რომელიც ტენდერის სხდომას ესწრებოდა, გივი ჭუმბურიძეა.
არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი გამარჯვებული კომპანიის მფლობელ ჭუმბურიძესა და მერიის წარმომადგენელ მის მეგვარეს შორის? საეჭვო და საკითხავი სწორედ ესაა.
რაც შეეხება შეწყვეტილ ტენდერებს, რომელიც ბოლო პერიოდში მხოლოდ ერთია, ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად არ არის განმარტებული. თუ რა მიზეზით შეწყდა მომსახურების შესყიდვა და კონკრეტულად არც გამარჯვებული მომწოდებლის ვინაობაა მითითებული.
უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერები შესყიდვის კიდევ ერთი, საკმაოდ გავცრელებული ფორმაა, რომელიც მარტიდან აპრილში რამდენჯერმე გვხვდება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს შორის.
აღსანიშნავია, რომ ყველა ამ უარყოფითი შედეგით დასრულებული ტენდერის ღირებულება საკმაოდ მოცულობითია და აღემატება 200 000 ზღვრულ ლარს, ასევე ყველა მათგანში ძირითად ტურში მონაწილეობდა მხოლოდ ერთი პრეტენდენტი და ყველა მათგანის კატეგორია მოიცავდა სასტუმრო მომსახურებას, ანუ სოციალურ აქტივობას მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო პროექტებსა და ბანაკებს.
ბუნდოვანია ატვირთული დოკუმენტაციის თანახმად რამდენიმე კომპანიის დისკვალიფიკაციისა და ტენდერის შეწყვეტის ან მისი უარყოფითად დასრულების მიზეზები, როცა ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ შესყიდვებში არ დაფიქსირებულა.
დოკუმენტაციის თანახმად გარკვეული ტექნიკური ხარვეზები გამოიკვეთა მონაწილე მომწოდებლის ხარჯთაღრიცხვაში, რაც მათი დისკვალიფიკაციის მიზეზად იქცა, თუმცა, ამავდროულად, არაა გამოვლენილი სხვა მიზეზები, რის გამოც უარი ეთქვა მომწოდებელს მსგავსი მნიშვნელოვანი მომსახურების შესყიდვაზე.
რომ შევაჯამოთ, დავასკვნით: ბოლო პერიოდში გამოცხადებული ტენდერების სიუხვე დედაქალაქის მერიის აქტიურ სამომავლო გეგმებსა და საქმიანობაზე მიანიშნებს, თუმცა, ამავდროულად, შეწყვეტილი ან ვერშემდგარი ტენდერების სიმრავლე უამრავ კითხვასა და ეჭვს ბადებს, _ რა ბედი ეწევა ამ კონკრეტულ პროექტებს, რომლებიც საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია სოციალური გარემოს გაუმჯობესებისთვის და რას გეგმავს მერია, ამ ჩაშლილი გეგმების ალტერნატივად შემოგვთავაზოს?!

ანა ურუშაძე