რას ნიშნავს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება?!

ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 2017 წლის 8 მარტამდე შეაჩერა.

ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება „რუსთავი 2“-მა სტრასბურგიდან მიიღო.

ოფიციალურ შეტყობინებაში ვკითხულობთ:

„2017 წლის 3 მარტს სასამართლომ (მორიგე მოსამართლე) გადაწყვიტა, გამომდინარე მხარეთა ინტერესებიდან და პროცედურათა სათანადო დაცვით, მიანიშნოს საქართველოს მთავრობას, 39-ე წესის თანახმად, რომ 2017 წლის 2 მარტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღასრულება უნდა შეჩერდეს და ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ნებისმიერი გზით ჩარევისგან. ეს ზომა არის დროებითი, 2017 წლის 8 მარტამდე“.

მხარეთა ყურადღება გამახვილებულია იმ ფაქტზე, რომ თუ წევრმა სახელმწიფომ ვერ შეასრულა 39-ე წესით გათვალისწინებული ზომა, რაც, შესაძლოა, მოიცავდეს კონვენციის 34-ე მუხლის დარღვევას, ამასთან დაკავშირებით, მითითებულია დიდი პალატის 2005 წლის 4 თებერვლის განჩინების 128-ე და 129-ე პუნქტში, საქმეში „მამატკულოვი და აკსაროვი თურქეთის წინააღმდეგ“, პრიორიტეტი. სასამართლომ, ამას გარდა, გადაწყვიტა, პრიორიტეტი მიანიჭოს მომართვას 41-ე წესის თანახმად.

ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ბრიფინგი გამართა და სტრასბურგიდან მიღებული კორესპონდენციის შესახებ ისაუბრა.

„რუსთავი 2“-მა ამ სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად სხვადასხვა განცხადება წარადგინა, მათ შორის, სხვადასხვა დროს გაკეთებული სტრასბურგის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, EPP-ს წევრების, გუშინდელი ამერიკის საელჩოს განცხადება, შიგნით, მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი, ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, რაც შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მისთვის უარის თქმას მოჰყოლოდა. სტრასბურგის სასამართლოში, როგორც მათ მიერ გამოგზავნილი წერილიდან ირკვევა, მორიგე მოსამართლემ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო, რომლის გვარი, პროცედურა ასეთია, არის უცნობი და ისე, რომ ჩვენ მეორე მხარე, მოპასუხე მხარე, არ ვყოფილვართ საქმის კურსში ჩაყენებული და ჩვენგან რაიმე ინფორმაცია გამოთხოვილი დღის განმავლობაში არ ყოფილა. მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის დასრულებამდე, არამედ ამა წლის8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას. ამ საქმეს მოსამართლემ მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი, თუ სხვა, ამ ყველა საჩივარზე ადრე განიხილავს მოცემულ საქმეს. ჩვენ პროცედურის დაცვით მივყვებით ამ საქმეს ისე, როგორც იწარმოება ნებისმიერი სხვა საქმე სტრასბურგის სასამართლოში“, _ განაცხადა წულუკიანმა.

 

რას ითვალისწინებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება? რა სამართლებრივი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შემდგომ ამ საქმეზე?

„ქრონიკა+“ იურისტებს ესაუბრა.

 

ლევან ალაფიშვილი:

_ გასაგებად რომ ავხსნათ, რას ნიშნავს შეჩერების მექანიზმი და საქართველოს მაგალითები რომ მოვიხმოთ, შეგახსენებთ: საკონსტიტუციო სასამართლომ გასულ წელს შეაჩერა ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები მანამდე, სანამ თვითონ საკონსტიტუციო სასამართლო არსებითად არ განიხილავდა საკითხს. აქ იგივეა, ოღონდ არა საკონსტიტუციო, არამედ ჩვეულებრივ სასამართლოში რომ განვიხილოთ შემთხვევა. მაგალითად, სასამართლოში მხარეები კი დაობენ, მაგრამ სანამ სამი ინსტანციის სასამართლო განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს, სასამართლოს მიმართავენ და ის იღებს გადაწყვეტილებას, მაგალითად, ყადაღის გამოყენების შესახებ, ამა თუ იმ მოქმედების აკრძალვის შესახებ; დროებითი ღონისძიება სასამართლოს შინაარსობრივი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და კანონიერ ძალაში შესვლამდე. დროებითი ღონისძიება ამიტომ ჰქვია, სანამ შინაარსობრივად საბოლოო გადაწყვეტილება არ მიიღება. განსახილველ საქმეზე თუ გაინტერესებთ, შეგახსენებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლოს გამოყენებული აქვს დავის დაწყებისთანავე ყადაღა, „რუსთავი 2“-ის ქონება დაყადაღებულია და გამოყენებულია გარკვეული აკრძალვა, რაღაც გარიგებების წარმოება „რუსთავი 2“-ს აკრძალული აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ანუ უზენაესი სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდეო. ამდაგვარი ღონისძიებაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ გამოყენებული შეჩერების მექანიზმი, ოღონდ დადასტურების შემთხვევაში, რომელიც 8 მარტს უნდა მოხდეს, ის გაგრძელდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. რა თქმა უნდა, თუკი დადასტურდა, რა იყო, სად ვართ და რა უნდა მოხდეს 8 მარტს, ესეც საინტერესო იქნება.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოს რეგულაციებით ყველა საკითხი, რომელიც საქმის წარმოებას შეეხება და არა სარეგისტრაციო ადმინისტრაციულ პროცედურებს, ყველა საკითხზე მსჯელობს და გადაწყვეტილებას იღებს კოლეგიური შემადგენლობა, პალატა, მაგრამ იმისთვის, რომ გადაუდებელ შემთხვევებში სასამართლოს საქმიანობა ეფექტიანი იყოს, იგივე სტრასბურგის სასამართლოს რეგულაციით, გათვალისწინებულია გამონაკლისი წესი ე. წ. ერთი მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დროებით, სანამ არ შეიკრიბება კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია შემდეგ იმსჯელებს და ან დაადასტურებს მოსამართლის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას, ან შეცვლის, ან უარყოფს. რადგან კოლეგიურად იხილავს ყველა საკითხს, ბუნებრივია, მათი შეხვედრის დღის წესრიგი წინასწარ, ძალიან დიდი ხნით არის გაწერილი და სასწრაფო საკითხის წარმოჩენის შემთხვევაში გაწერილ დღის წესრიგში რადგან ამ სასწრაფოდ დაყენებული საკითხის ჩასმა ვერ ესწრება, სწორედ ამიტომ, რეგულაციით, ერთი მოსამართლე უფლებამოსილია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, ოღონდ იმ ვადით, რომ ე. წ. კოლეგიური დღის წესრიგის სხდომისთვის უახლოეს პერიოდში მოესწროს საკითხის განხილვა, დადასტურება თუ უარყოფა.

 

ვახტანგ ხმალაძე:

_ ყველა დემოკრატიულ სამყაროში ასეა, როდესაც მოსარჩელე სასამართლოს მიმართავს, მას უფლება აქვს, სასამართლოს სთხოვოს, რომ შეჩერდეს გარკვეული მოქმედება. მაგალითად, თქვენ მიჩივით მე და რაღაც ქონებაზე მედავებით. სასამართლოში რომ შეიტანთ სარჩელს, შეგიძლიათ სთხოვოთ, რომ ჩემს ქონებას ყადაღა დაადონ, რათა სანამ სასამართლო ამ საქმეს განიხილავს, ამასობაში მე ჩემი ქონება არ გავყიდო, რომელიც შეიძლება სასამართლომ თქვენ მოგაკუთვნოთ. ზოგადად, წესი ასეთია, როდესაც სასამართლოს სარჩელით მიმართავ, შეგიძლია მოითხოვო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გატარება. ამ შემთხვევაში ეს მოთხოვნა იყო, რომ შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ეს იყო „რუსთავი 2“-ის მხარის მოთხოვნა და დასაბუთებული იყო იმით, რომ შესაძლებელია, ამ გადაწყვეტილების აღსრულებამ გავლენა მოახდინოს ამ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე, ამიტომ გამოხატვის თავისუფლების დავის მიზნით, გთხოვთ, შეაჩეროთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაო. ჩვეულებრივ, ასეთ შუამდგომლობას ერთი მოსამართლე იხილავს, წესი ასეთია, იმ მოსამართლემ მიიჩნია, რომ ასეთი საფრთხე არსებობს, ამიტომ შეაჩერა ამ გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე. როგორც ჩანს, ასე მოიქცა იმიტომ, რომ მსგავსი ქონებრივი დავების დროს, სტრასბურგის სასამართლოს სხვა დროს, უფრო ადრე, არ შეუჩერებია სახელმწიფოს სასამართლოს გადაწყვეტილება, ასეთი პრეცედენტი იქ არ იყო, ამიტომ მან საკუთარ თავზე აიღო გადაწყვეტილების მყისიერი შეჩერება, მაგრამ შემდეგ ამ საკითხზე სასამართლო ფართო შემადგენლობით იმსჯელებს, ამიტომ შეაჩერა 8 მარტამდე, რომ ამასობაში გადაწყვიტონ, შეაჩერონ აღსრულება სტრასბურგის სასამართლოს მიერ არსებითად საქმის განხილვამდე, თუ  გადაწყვეტილების მიღებამდე მოხსნან ეს შეჩერება და მერე, როცა არსებითად განიხილავს, რასაც გადაწყვეტს, იმას გადაწყვეტს. 8 რიცხვი შორს არ არის, უნდა დაველოდოთ, ამ 2 დღის განმავლობაში სტრასბურგის სასამართლო რას იტყვის, ვინაიდან თვითონ მოსარჩელეები ითხოვდნენ აღსრულების შეჩერებას, სანამ სტრასბურგი არ გამოიტანს გადაწყვეტილებას და როგორც გუშინ მოვისმინეთ, საზოგადოებრივი ირგანიზაციების ერთმა ჯგუფმა და პოლიტიკური პარტიების ნაწილმა ასევე მიმართა სტრასბურგის სასამართლოს იმ თხოვნით, რომ აღსრულება შეჩერდეს მანამდე, სანამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო თავად არ გამოიტანს გადაწყვეტილებას. ასე რომ, ეს იქნება თვითონ სტრასბურგის სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი.

 

სოსო ბარათაშვილი:

_ საქართველო 1998 წლიდან მიერთებულია ევროპულ კონვენციას და, შესაბამისად, საქართველოდან წასულ საქმეებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იხილავს, მაგრამ გარდა კონვენციისა, არსებობს ევროპული სასამართლოს რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა საკითხს და, მათ შორის, არეგულირებს დროებითი ღონისძიების საკითხს. პარალელი რომ გავავლოთ, სამოქალაქო სამართალში ჩვენთან არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ანალოგიური რამ არის იქაც. ანუ რეგლამენტის 39-ე მუხლში წერია, რომ სასამართლოს შეუძლია მიიღოს დროებითი ღონისძიება იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, მაგრამ ვინაიდან ევროპული სასამართლო არის პრეცედენტული სასამართლო, ანუ პრეცედენტებს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა იყო აქამდე დამკვიდრებული დროებითი ღონისძიების მიმართულებით. აქ იყო ორი ტიპის შემთხვევა: პირველი იყო ექსტრადიციას დაქვემდებარებული საქმეები, როდესაც ექსტრადიციას აპირებდა ერთი სახელმწიფო, მეორისთვის გადაეცა მისი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც იმ ქვეყანაში წამება ელოდებოდა, თუ გადასცემდა, ფაქტობრივად, რაც არ უნდა სარჩელი განეხილა ევროპულ სასამართლოს, ის ვეღარ შესრულდებოდა. ამიტომ ამ მიმართულებით არაერთ საქმეზე გამოიყენეს დროებითი ღონისძიება, მათ შორის, საქართველოს საქმეებზეც _ შამაევი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, 2001 წელს, როდესაც ევროპულმა სასამართლომ შეაჩერა ჩეჩენი ეროვნების ადამიანის ექსტრადიცია ჩეჩნეთში და, ფაქტობრივად, საქართველოდან შემდგომ ეს ადამიანი აღარ გადასცეს. შემდგომ მათი საქმე ევროპულმა სასამართლომ განიხილა, გადაწყვეტილება მიიღო და ა. შ., მაგრამ ეს დროებითი ღონისძიება რომ არ ყოფილოყო გამოყენებული, ბუნებრივია, შემდგომში უკვე აზრი დაეკარგებოდა აღსრულებას. მეორე შემთხვევა არის, როდესაც ადამიანი ავადაა, ეს საკითხი პატიმრებს ეხება და მას სჭირდება გადაუდებელი მკურნალობა, ამ შემთხვევაშიც იყენებს დროებით ღონისძიებას, მაგალითად, მოლაშვილის საქმეზე გამოიყენეს ეს ღონისძიება, როდესაც სახელმწიფოს დაევალა, რომ, თავის დროზე, ჩაეტარებინა ეფექტიანი მკურნალობა, შექმნილიყო კომისია და სახელმწიფომ ამის გამო გარკვეული საზღაური გაიღო, მაგრამ როდესაც საქმე ეხება ქონებრივი ტიპის დავებს, ფაქტობრივად, ეს არასოდეს არ ყოფილა გამოყენებული ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში. ამიტომ შეჩერება ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ოღონდ აქ ერთ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ყურადღება: რომ ამ გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებულია სულ რამდენიმე დღით და 8 მარტს ევროპის სასამართლო კვლავ განიხილავს ამ საკითხს და თავის გადაწყვეტილებას მიიღებს დროებითი ღონისძიების თაობაზე, ან საბოლოოდ დანერგავს ამ ტიპის პრეცედენტს, რომ ასეთი ტიპის დავებზე შესაძლებელია დროებითი ღონისძიების გამოყენება, ან არ დანერგავს. რაც შეეხება შემდგომ ნაბიჯებს, საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ევროპული სასამართლო, ამას გააჩნია. თუ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა, სადაც მიჩნეული იქნება, რომ დარღვეული იყო საკუთრების, ან სამართლიანი სასამართლოს უფლება, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოს თავიდან დაევალება ამ საქმის განხილვა იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელთაც ევროპული სასამართლო მიუთითებს.

 

 

მალხაზ პატარაია:

_ თითქოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ მოახდენს გავლენას უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე და მისი აღსრულება მაინც მოხდება. ეს ან უმეცრებაა, ან კიდევ საზოგადოებისთვის განზრახ თვალში ნაცრის შეყრა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში 2010 წლიდან არის ნორმა, რომელიც უზრუნველყოფს შიდა სასამართლოს გადაწყვეტილების გადახედვას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

„მუხლი 423. განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ:

  1. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ:

ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს“.

ევროპის სასამართლო ამ დავაში სწორედ სახელმწიფოს მოქმედებებს განიხილავს, მათ შორის, უპირველესად შეაფასებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს კონვენციის ნორმებთან მიმართებით და დარღვევის დადგენის შემთხვევაში სტრასბურგის გადაწყვეტილება იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. ასეთი ნორმა არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიც. პრაქტიკულად, შემხებლობა გვქონდა ამ პროცედურასთან. ევროპის სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაისინჯა ერთი ჩვენი საქმე და გამამართლებელი განაჩენი გამოვიდა. ამჟამად, სასამართლოში პროკურატურასთან გაუქმებული გამამტყუნებელი განაჩენისაგან დამდგარი ზიანის თაობაზე ვდაობთ.

 

თამარ ბატიაშვილი