რამდენად დაცულია მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე?

ფონდმა „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დაიწყო პროექტი „მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე“. როგორც ფონდის დირექტორი ირაკლი იზორია აცხადებს, ღონისძიება, დაახლოებით, ერთი თვეა, დაიწყო და ახლა კვლევის ეტაპზეა. პროექტი საქართველოს მასშტაბით განხორციელდება.

„ქრონიკა+“ ირაკლი იზორიას ესაუბრება:

_ ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს. 2017 წელი ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების კუთხით სამუშაოდ ავარჩიეთ. პროექტი „მიუსაფარი ბავშვების საგზაო უსაფრთხოება საქართველოს გზებზე“ გაეროს ბავშვთა ფონდთან, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და „საქართველოს კარიტასთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

პროექტის დამფინანსებელია „ბრიტანული ინსტი“, რომელიც ბავშვთა საგზაო უსაფრთხოებაზე გლობალურად ზრუნავს. პროექტი, დაახლოებით, ერთი თვეა, დავიწყეთ. ის ითვალისწინებს რამდენიმე ეტაპს. პირველია კვლევის ეტაპი. გვინდოდა გაგვეგო, ეს ბავშვები რა ლოკაციებზე გადაადგილდებიან, სად აღინიშნება მიუსაფარი ბავშვების ინტენსივობა საქართველოს გზებზე, ასევე გაგვეგო სტატისტიკური მონაცემები.

სამწუხაროდ, ქვეყანაში არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები, რამდენი მიუსაფარი ბავშვი დაშავდა და დაზიანდა. ეს ბავშვები წარმოადგენენ რისკის ჯგუფებს ქუჩებში გადაადგილების დროს. უკვე რამდენიმე კვირაა, ამ ბავშვებთან მუშაობა დავიწყეთ და სპეციალური ტესტები შევადგინეთ, გავიგეთ, რამდენად ესმით მათ ქუჩაში გადაადგილების წესები.

სამწუხაროდ, აღმოვაჩინეთ, რომ მიუხედავად მიწოდებული მასალისა, ამ ბავშვებს სჭირდებათ სპეციალური ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება.

კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ სპეციალური სასწავლო მასალები მომზადდება. კვლევის საბოლოო შედეგი, ჯერჯერობით, არ არის, მაგრამ ყველაზე სარისკო ადგილებად რუსთაველის გამზირი, შუქნიშნები და ცენტრალური კვეთის ადგილები მიიჩნევა.

კვლევის ეტაპის დასრულების შემდგომ მოვამზადებთ სპეციალურ სასწავლო-საინფორმაციო მასალებს. ესტონეთიდან უნდა ჩამოვიტანოთ ამრეკლი საშუალება, ბავშვებს დაუმაგრდებათ სამკლავურები, რათა მძღოლისთვის ღამისა და საღამოს საათებში 300 მეტრიდან ხილულები იყვნენ.

ერთი თვის შემდეგ დაიწყება საინფორმაციო შეხვედრები, ბავშვთა განათლებაზე ზრუნვა, ტრენინგები. დაახლოებით 6 თვის შემდეგ შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, სადაც იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე არასამთავრობო სექტორი. სამუშაო ჯგუფის მიზანია, ამ ბავშვების ადვოკატირების კამპანია დავიწყოთ, რათა მათ მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება გზებზე.

_ რატომ გახდა საჭირო ასეთი კვლევის ჩატარება?

_ ბოლო წლებში ბავშვთა ტრავმატიზმი და სიკვდილიანობა გაიზარდა. როცა შინაგან საქმეთა სამინისტროდან სტატისტიკა მოვითხოვეთ, ამ ბავშვებიდან მიუსაფართა რაოდენობა რამდენი იყო, მსგავსი აღრიცხვიანობა არ არსებობდა.

მერე დავიწყეთ გამოკვლევა, გზებზე, ზოგადად, რა პრობლემები იყო და გავარკვიეთ, რომ ამაზე ინფორმაცია საერთოდ არ მოიპოვებოდა. პროექტის მიზანი ზუსტად ის არის, რომ გავიგოთ, რამდენია მიუსაფარი ბავშვების წილი გზებზე, როგორ არის დაცული მათი საგზაო უსაფრთხოება, აქვთ თუ არა ელემენტარული ცოდნა და განათლება გზებზე გადაადგილების შესახებ.

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს თვითონ ამ ბავშვებთან შეხვედრებს და ტრენინგებს, ვიზუალური მასალების დარიგებას და ა. შ.

მაგალითად, ეს ბავშვები ღამით რომ ქუჩებში გადაადგილდებიან, ხშირ შემთხვევაში, მძღოლებისთვის ხილული არ არიან. ამიტომ გვინდა, ესტონეთიდან სპეციალური რეფლექტორები, ანუ ამრეკლი საშუალებები ჩამოვიტანოთ. ზოგი ჟილეტის, სამკლავურის, ზოგი „ბრელოკის“, ან სამაჯურის სახით. ეს გარანტიაა, რომ 300 მეტრიდან მძღოლისთვის ბავშვი ხილული გახდეს.

გვსურს, რომ პროექტი მთლიანად საქართველოს მასშტაბით გავაკეთოთ. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, ქვეყანაში არ არის ბევრი ბავშვთა სახლი, არც ამდენი დღის ცენტრია (საქალაქო), არც კრიზისული ცენტრები, სადაც ბავშვები გადარჩებიან. გვსურს, ყველა მოვიცვათ, დაახლოებით, შვიდი-რვა ცენტრია, ჯამში, სადღაც, 200 ბავშვი იქნება.

ამ ბავშვებთან კვლევა, ბოლოს, 2007 წელს ჩატარდა, ხოლო ახლა, 2017 წელს, ამ კვლევის ჩატარებას „იუნისეფი“ იწყებს. უნდა დაადგინონ, რამდენია მათი ოდენობა, რა მიზეზებით გამოდიან ეს ბავშვები ქუჩებში და ა. შ.

„იუნისეფს“ ვთხოვეთ, რომ ეს კვლევა საგზაო უსაფრთხოების კუთხითაც ჩაატარონ, _ დაითვალონ, დაახლოებით, რამდენი ბავშვია, რა ლოკაციებზე დგანან, არის თუ არა საშიში აღნიშნული მონაკვეთები მათი გადაადგილებისთვის. სწორედ „იუნისეფთან“ ერთობლივად გვინდა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე ერთი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ.

_ რა კონკრეტული გამოწვევებია ამ სფროში?

_ ჩვენი პირველი სამუშაო დავალება იყო, რომ უშუალოდ ბავშვებთან გვქონოდა შეხვედრები, გასაუბრება და ამ გზით ორი კომპონენტი დაგვედგინა. პირველი კომპონენტი მათი გადაადგილების არეალის ცოდნაა. ეს ინფორმაცია თვითონ ამ ბავშვებისგან უნდა მიგვეღო, _ სად მოძრაობენ, რა ლოკაციებზე იმყოფებიან.

ასევე გაგვეგო, ეს ბავშვები ფეხით რამდენს გადაადგილდებიან, ან, საერთოდ, თუ სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რამდენ დროს ატარებენ, როგორც ტრანსპორტზე, ასევე ქუჩაში? როგორც ჩვენი შუალედური კვლევებით ჩანს, დაახლოებით რვა საათი და მეტი არიან ქუჩაში.

მეორე კომპონენტი გულისხმობდა, ზოგადად, ცოდნისა და ცნობიერების შემოწმებას საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით, ანუ რამდენად ესმით საგზაო ნიშნები, ამ კუთხით რამდენად ინფორმირებული არიან?

შუალედური შედეგების მიხედვით, აქაც ძალიან ცუდი სიტუაციაა. ამ მიმართებით ბავშვებს ცოდნა საერთოდ არ გააჩნიათ: არ იციან, როგორ უნდა იმოძრაონ გადასასვლელებზე, თურმე, სპეციალურ ნიშნებს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას და არც ის უწყიან, კანონს რომ არღვევენ: დაუშვებელ ადგილებზე გადადიან, სხვადასხვა ნიშანს არ ემორჩილებიან, ამ კანონების არსებობის შესახებაც ინფორმაცია არ აქვთ. საბოლოო შედეგები უკვე მარტის დასაწყისში მზად იქნება და საინფორმაციო ღონისძიებებსაც ამის მიხედვით დავიწყებთ.

_ რატომ არ არის სტატისტიკური მონაცემები ასეთი ბავშვების დაშავების შესახებ?

_ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (სამოქმედო ტერიტორიაზე) დაშავებული და დაღუპული ბავშვების რაოდენობა ზოგადად აღინიშნება, ანუ ეს ცალკე არ იშიფრება და ბავშვები გარკვეული ნიშნით არ გამოიყოფა.

თუმცა ჩვენ გვსურს, სამუშაო ჯგუფი შევქმნათ და შემდგომ მის ფარგლებში სამინისტროს ვთხოვოთ, რომ ამ ბავშვების შესახებაც ჩაემატოს ინფორმაცია: სტატისტიკურ მონაცემებში ერთი გრაფა დაემატება, თუ როგორია მიუსაფარი ბავშვების მდგომარეობა საქართველოში? რამდენი შემთხვევა მოხდა მათი მონაწილეობით? რამდენი დაშავდა და რამდენი გარდაიცვალა?

_ პირველადი მონაცემებით, ყველაზე სარისკო ადგილები სად არის და რატომ?

_ ჩვენ ჯერ ორი ქალაქი მოვიცავით: თბილისის ნახევარი და რუსთავი. ბევრი რამ თვითონ ამ ბავშვებისგან გავიგეთ, ასევე შევხვდით სოციალური მომსახურების სააგენტოს იმ მობილურ ჯგუფებს, რომლებიც ქუჩებში გადაადგილდებიან და ამ ბავშვების იდენტიფიკაციას ახდენენ.

ასე გავიგეთ, რომ რუსთავის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია, ასევე მერიის შენობის წინა მხარე, სადაც საღამოობით მოსახლეობის ინტენსიური მოძრაობაა (ძირითადად, დასასვენებელი ადგილებია), სადაც ეს ბავშვები მოწყალების სათხოვნელად გამოდიან;

ხოლო თბილისში გვითხრეს, რომ ეს არის რუსთაველის გამზირი, ასევე სამების ეკლესიის, ავლაბრის მიმდებარე ტერიტორია, შემდგომ პეკინის გამზირი…

ალბათ, საბოლოო მონაცემებით, სხვა ლოკაციებსაც რუკაზე მოვნიშნავთ, თუ სად არიან ისინი უფრო კონცენტრირებულნი.

სხვათა შორის, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ადგილად დასახელდა ვეფხისა და მოყმის ძეგლის მიმდებარე არეალი, სადაც საპატრულო პოლიციამ დაგვიდასტურა, რომ რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა. საბედნიეროდ, ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ მათ მანქანებთან უშუალო შეხება ჰქონდათ.

_ არსებული სოციალური ფონის გათვალისწინებით, არის თუ არა მიუსაფარი ბავშვების მატების ტენდენცია?

_ როგორც მოგახსენეთ, ასეთ ბავშვებთან დაკავშირებით კონკრეტული სტატისტიკა არ არსებობს. ამ დროს როგორ მოქმედებენ ეს დღისა და ღამის ცენტრები? _ ბავშვები იქ მოდიან, ზოგჯერ ის შეიძლება მთელი ხუთი დღე გაჩერდეს, მერე წავიდეს, ორი თვის მერე დაბრუნდეს და ა. შ. აქედან გამომდინარე, ეს სტატისტიკა ცვალებადია, როგორც იზრდება, პერიოდულად მცირდება კიდეც.

ამიტომ, ამ ეტაპზე, ზუსტი ციფრების დასახელება სოციალური მომსახურების სააგენტოსაც გაუჭირდა.

ჩვენი კვლევა საშუალებას მოგვცემს, რომ დავითვალოთ, რამდენია ასეთი ბავშვი, რა მიზეზით ხვდებიან ისინი ქუჩაში და ა. შ. ამისთვის ძალიან დიდ კვლევას უცხოური კომპანია განახორციელებს, რომელიც ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მონაცემები წლის ბოლოს დაიდება.

_ გამოსავალი? თუნდაც კვლევის შედეგებით მთავრობამ რა ნაბიჯები უნდა გადადგას აღნიშნული პრობლემის შესამსუბუქებლად?

_ სოციალური მომსახურების სააგენტო რამდენიმე ასეთ დღისა და ღამის ცენტრს თანხებს აძლევს და ამ ბავშვებს სერვისს მიაწვდიან, მაგრამ ბავშვებს არ უტარდებათ სასწავლო ტრენინგები, თუნდაც მასალის მიწოდება, რისი გამოყენებითაც ისინი ქუჩაში უსაფრთხოდ იქნებიან.

ამიტომ ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში რეკომენდაცია გვექნება, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ სატენდერო პირობებში ამ კონკრეტული ბავშვთა სახლებისთვის ზუსტად ასეთი ტიპის სწავლებაც უზრუნველყოს. ჩვენ სპეციალური მასალებით უზრუნველვყოფთ, თუ რა პრინციპებით უნდა ასწავლონ.

როცა ტრენინგებს დავიწყებთ, უშუალოდ ბავშვებთან უფრო მეტი კონტაქტი იქნება, შესაბამისად, ბევრი ინფორმაციაც. თავადაც ეს ბავშვები ძალიან მოხარული არიან მსგავსი ინფორმაციის მიღებით. პირიქით, გვთხოვეს, რომ მომავალში ბევრჯერ ჩავატაროთ ტრენინგები.

_ ოჯახური მდგომარეობის თვალსაზრისით, ძირითადად, რა კატეგორიის ბავშვები არიან?

_ ჰყავთ მშობლები და მაინც ბავშვთა სახლებში არიან; საერთოდ, ოჯახებიდან წამოსულები არიან და ქუჩაში ცხოვრობენ, უბრალოდ, ღამით მიდიან გასათევად; ასევე არის კატეგორია, რომელსაც მშობლები ჰყავს და დღისით მიდის, რომ ასეთ ცენტრებში განათლება მიიღოს. ყველანაირი კატეგორიაა.

ასევე პრობლემას წარმოადგენენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ბავშვები, რომელთაგან ნაწილმა ქართული ენა არ იცის. გვსურს, რომ ამ ბავშვებთან მათსავე ენაზე კომუნიკაცია გვქონდეს. სხვათა შორის, ეს ბავშვებიც მოწყალების სათხოვნელად ცენტრებში მოდიან, სადაც მოსახლეობის ინტენსიური გადაადგილებაა.

 

გელა მამულაშვილი