პროფესია _ კოლექციონერი

მოგზაურობა დროში, მოგზაურობა ეპოქაში, თვეებში, წლებსა და საუკუნეებში. მოგზაურობა ბორბლებისა და საჭის გარეშე. კოლექციონერი ადამიანი ინახავს ძველს, ინარჩუნებს რეალურს და მას სამომავლოდ უფრთხილდება.

ერთი შეხედვით, საინტერესო და სახალისო საქმიანობა, ერთდროულად, ნებისყოფას, სიყვარულსა და სურვილს მოითხოვს. კოლექციონერის ამ თვისებებს, წლების შემდეგ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება შეუძლია. უნიკალურის ძიება და თანმდევი აზარტი _ ის, რაც დიდ სამომავლო მარაგს ქმნის.
საბიბლიოთეკო ტერმინების განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, კოლექციონერი არის პირი, რომელიც აგროვებს ერთგვაროვან საგნებს, ადგენს კოლექციას.
როდესაც კოლექციის შეგროვებაზე ვსაუბრობთ, მონეტები ერთ-ერთია იმ ექსპონატებს შორის, რომლებსაც თავისთავად მოიაზრებს მეხსიერება. როგორც შეგროვების საწყისი ნიმუშები, მონეტის კოლექციონერობა ანტიკური პერიოდის რომიდან იღებს სათავეს. რენესანსის პერიოდში გადაიდგა სწორედ ის პირველი ნაბიჯები მეცნიერული ნუმიზმატიკის შექმნის საქმეში, რომელსაც კოლექციონერობა დაერქვა.
ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი ცნობილი ჰუმანისტი, პოეტი პეტრარკა იყო. მან რომაული მონეტების ბრწყინვალე კოლექცია შექმნა. მისი მოღვაწეობის პერიოდიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ვივარაუდოთ, რომ ეს „გატაცება“ მე-14 საუკუნის პირველი ნახევრიდანვე იღებს სათავეს. მისსავე პერიოდიდან მოყოლებული, საინტერესო ნივთების შექმნის ინტერესმა ევროპის არაერთი ქვეყნის მმართველი წრეები შეიპყრო, ეს საქმიანობა გასცდა იტალიის საზღვრებს და საფრანგეთში, ავსტრიასა და სხვა სახელმწიფოებშიც დაიმკვიდრა ადგილი.
ამ სამოყვარულო საქმიანობით სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მსოფლიოსთვის ცნობილი არაერთი ადამიანი დაინტერესდა და სამყაროს კოლექციის უცნაური და საინტერესო ნიმუშები შესთავაზა.
თუ შესაძლებელია, უცნაური ნივთების შემგროვებლებზე ვილაპარაკოთ, სერ დევიდ როკფელერის მხედველობიდან გამორჩენა უსამართლობა იქნება. მისი კოლექციის ექსპონატებს „მაისის ხოჭოები“ შეადგენს. როკფელერი ხსენებულ მწერებს 10 წლის ასაკიდან მოყოლებული აგროვებდა. კოლექციის შემადგენელი რამდენიმე ხოჭოს პირველად აღმოჩენაც სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული.
როკმომღერალი და არაერთი სიმღერის ავტორი, ბრიტანელი როდ სტიუარტი და სათამაშო მატარებლების მისი კოლექცია _ ნიმუშები, რომლებიც მისთვის, ხშირად, მოგზაურობის მნიშვნელოვანი ატრიბუტია. სტიუარტს ბევერლი ჰილზზე მდებარე საკუთარი სახლის მესამე სართული პატარა მატარებლების სარკინიგზო ქსელად აქვს გადაკეთებული.
გარდა სტიუარტისა, კოლექციონერობის ხიბლმა ჯონი დეპიც შეიპყრო. 13 წლის ასაკში გიტარების კოლექციით დაიწყო და სულ სხვა მიმართულებით გაგრძელდა _ ჯეკბეღურა ცხოველებისა და მწერების თავის ქალებით შეგროვებამ გაიტაცა.
მსახიობ ტომ ჰენქსის ყურადღება ვინტაჟურმა საბეჭდმა მანქანებმა მიიპყრო. ეს კოლექცია ნივთების 300-მდე ეგზემპლარს შეიცავს და არაერთ იშვიათ გამოცემას ითვლის.
იმავე პროფესიის წარმომადგენელი ანჯელინა ჯოლი ანტიკვარული დანების კოლექციას გვთავაზობს. მისის სმიტის ეს კოლეცია, უმთავრესად, შუა საუკუნეებისა და აღორძინების ეპოქის დროინდელ დანებს მოიცავს. გარდა ამ პერიოდებისა, ის სხვადასხვა ეპოქის ხმლების იშვიათ ეგზემპლარებს ინახავს.
მსახიობის გატაცება, მისგან დამოუკიდებლად, ქართველი გოგონას გატაცებაც აღმოჩნდა. 23 წლის თაკო თავბერიძეც „ჯიბის დანების“ კოლექციონერია. დანებით ის 13 წლის ასაკში დაინტერესდა. ეს იმ პერიოდიდან დაიწყო, როდესაც საკუთარ ბიძას საზღვარგარეთიდან სხვადასხვა ფორმისა და დიზაინის დანები ჩამოჰქონდა. „ერთ-ერთი დანა, რომელიც პირველად მომეწონა, იყო ძალიან თხელი, დაკეცილი, პატარა და წვრილი. ერთი მხრიდან ყანწის ფორმა ჰქონდა, მეორე მხრიდან კი _ გველის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან მომეწონა და შევინახე. ამის შემდეგ დავიწყე ლამაზი „ჯიბის დანების“ ყიდვა. იმდენად შევეჩვიე, რომ ჩანთაში ერთი დანა ყოველთვის მქონდა. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ძალიან მიყვარს ეს ნივთები და როცა საზღვარგარეთ უწევდათ წასვლა, „თაკოსთვის ერთი დანა“ ყოველთვის იყო საჩუქრად გათვალისწინებული. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რატომ მიყვარს ეს ნივთები ასე ძალიან, მაგრამ ბოლო კაპიკამდე არ მენანება დახარჯვა, თუ საინტერესო დანას გადავეყრები. ყველაზე გამორჩეულად ორი დანა მიყვარს: ერთი შავია, ჩემმა მეგობარმა საკუთარ დაბადების დღეზე თვითონვე მაჩუქა. რატომღაც, ძალიან შემიყვარდა. მეორე უფრო განსაკუთრებულია. ვერცხლისფერია, ღილაკით იშლება და „ყვავის“ სიმბოლო აქვს ამოტვიფრული. ჩემი მეგობრები ამ დანის, თუნდაც, თხოვებას მეხვეწებოდნენ, მაგრამ ვერ ვიმეტებდი და, საზღვარგარეთ რომ გადავწყვიტე წასვლა, ზუსტად იმ დღეს გავაჩუქე სამახსოვროდ. სხვათა შორის, მენატრება“.
შენახული ნივთები ეპოქების შეხსენებაა. ისინი, ჯერ კიდევ, წლების წინათ არსებულ რეალობას გახსენებს. როდესაც მარიამ მეტრეველმა ლამაზი ხელსახოცების შეგროვება დაიწყო, იმ დროისთვის, მათი მრავალფეროვნებით განებივრებული არავინ იყო. ხელსახოცების შეგროვებით ის სკოლის პერიოდიდანვე იყო გატაცებული. საკუთარ კოლექციას ახალს, დღესდღეობით, აღარაფერს მატებს, თუმცა არსებულს კარგად უფრთხილდება. რომელიმე ერთის გამორჩევა უჭირს. „როცა მათი შეგროვება დავიწყე, როგორც ახლაა, მაშინ ასე ხშირი არ იყო ლამაზი და ნახატიანი ხელსახოცები. უბრალოდ, სურვილი მქონდა, თითო ცალი შემენახა და ასე მიეცა კოლექციის სახე“.
ჭიქების კოლექციით დაინტერესდა 23 წლის მირანდა შეყრილაძე. ერთ წელზე მეტი არაა, რაც ის ამ ნივთებს ერთ სივრცეში უყრის თავს. „კოლექციის გაკეთება ყავის სიყვარულმა განაპირობა. ყავას ყოველდღე ვსვამ, დღეში რამდენჯერმე და მინდოდა, ყველა ჯერზე სხვადასხვა ჭიქა მქონოდა. თავიდან ორი ცალი ვიყიდე, შემდეგ ნელ-ნელა მივამატე. როდესაც ამის შესახებ ჩემმა ახლობლებმა გაიგეს, თვითონაც დაიწყეს ჩემთვის ჭიქების ჩუქება. იციან, რომ ეს საჩუქარი ნამდვილად გამახარებს. ჩემთან მოსულ სტუმრებს ჩაის ან ყავას ჩემი კოლექციის ჭიქით ვთავაზობ. მათ უკვე აქვთ მათთვის გამორჩეული ჭიქები ჩემი კოლექციიდან. მაქვს ერთგვარი ტრადიცია: ახალი ჭიქით პირველად მე უნდა დავლიო ყავა. შემდეგ უკვე სხვებსაც აქვთ ამის უფლება… არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდე, მაგრამ კოლექციის გაკეთება ძალიან აზარტული აღმოჩნდა და ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულები ჩემი ახლობლებიც. რამდენიმე ადამიანი განსაკუთრებით“.
მიუხედავად იმისა, რომ მისი კოლექციის ჭიქების ძირითადი ნაწილი საქართველოშია ნაყიდი, მასში მოიძებნება ექსპონატები ეგვიპტიდან და რიოდან. ნივთები საკმაოდ მრავალფეროვანია. ეს იმიტომ, რომ მოიცავს როგორც ხელნაკეთ, ისე სპეციალურად მირანდასთვის შექმნილ ჭიქებს. ამის გამო, ბუნებრივია, თითოეულ მათგანს მისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. არაერთი მათგანი კონკრეტულ ფაქტებთანაა დაკავშრებული, ამიტომაც კოლექციის ყველა ჭიქა მფლობელს ძალიან მოსწონს. „ამ ტემპით, ძალიან ბევრი ჭიქა შემიგროვდა, ამიტომ ვაპირებ, ამიერიდან მხოლოდ განსაკუთრებულები შევიძინო“.
ნინი მოსიაშვილს მარკების კოლექცია აქვს. ბავშვობიდან, (დაახლოებით, ათი წლის ასაკიდან), ეს კოლექცია მისი ცხოვრების ნაწილია. დღესდღეობით, უკვე 500-ზე მეტი მარკა აქვს. მათი ძირითადი ნაწილი საბჭოთა კავშირის დროსაა გამოშვებული. კოლექციაში საიუბილეო მარკებიც შედის. მფლობელს ისინი ალბომებში (კლაისერი) თემატურად აქვს განაწილებული. ასევე _ გამოშვების წლების მიხედვით. „ძალიან მიყვარს ის მარკები, რომლებზეც ფრინველების მრავალი სახეობაა გამოსახული. ჩემს კოლექციას ნამდვილად არავის დავუთმობ. საგულდაგულოდ ვინახავ. ძალიან ლამაზია თითოეული მათგანი. ფერად-ფერადებია და მინდა, უფრო და უფრო მეტი მქონდეს. მრავალფეროვნება ძალიან სასიამოვნოა. თავისი ხიბლი აქვს, ალბომებს რომ გადაშლი და აღარ მთავრდება“.
კოლექციები და კოლექციონერები ზუსტადაც რომ აახლოვებს, აკავშირებს, ანათესავებს ადამიანებს, ქვეყნებს, კონტინენტებს. ზუსტად შეგროვების თანმდევი პროცესები, ძიება, გაკითხვა და გამოკითხვა გადაკვეთს ხოლმე ეროვნებების ხაზებს. როცა ვიღაცისთვის გაუგებარია, რატომ შეუძლია ადამიანს დიდი თანხის გადახდა კონკრეტულ ნივთებში, ეს გასაგები მხოლოდ კოლექციონერისთვის შეიძლება იყოს. კიდევ უფრო ეფექტურია, როცა საკუთარი ქვეყნის ნიმუშით, თუ ნამუშევრით სხვა ქვეყანა ინტერესდება.
„გამარჯობა! მე ჰარი პოტერის წიგნების კოლექციონერი ვარ. ვაგროვებ წიგნებს სხვადასხვა ენაზე და ახლა მხოლოდ ექვსი განსხვავებული თარგმანი მჭირდება. ერთ-ერთი ასეთია ჰარი პოტერის მეშვიდე წიგნი „სიკვდილის საჩუქრები“. ვეძებ მხოლოდ სქელყდიან გამოცემას“, _ წერს კოლექციონერი და პირობას დებს, რომ კარგ თანხასაც გადაიხდის.

მარიამ ტიელიძე