პოლიციელებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირებით დასრულებული კვირა ბათუმში!

11 მარტის საღამოს ქალაქ ბათუმში ვითარება მოულოდნელად დაიძაბა, სადაც პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციაში გადაიზარდა. აქციაზე 30-ზე მეტი პირი დაშავდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

არეულობა აჭარაში, კერძოდ, ბათუმში, შაბათს გვიან ღამით დაიწყო. სამართალდამცველები და მოქალაქეები ერთმანეთს მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც მოქალაქეთა ჯგუფი აჭარის პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა და იმ ექვსი პირის განთავისუფლება მოითხოვა, ვინც პოლიციამ, მათი თქმით, უკანონოდ დააკავა. მანამდე საინფორმაციო სააგენტოებმა თვითმხილველთა მონათხრობი გაავრცელეს, რომლის მიხედვითაც, საპატრულო პოლიციამ მანქანის არასწორად გაჩერებისთვის რამდენიმე მოქალაქე დააჯარიმა, რასაც პოლიციასა და დაჯარიმებულებს შორის შელაპარაკება, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელთა დაკავება მოჰყვა. მათი დაკავებიდან სულ მალე დაიწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც გაისმა მოწოდებები დაკავებულთა განთავისუფლებისა და აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის გადადგომისკენ. აქციის მონაწილეთა თქმით, პოლიციის უფროსი გორელია და ადგილობრივ მოსახლეობას „თათრებად“ მოხსენიებით შეურაცხყოფას აყენებს.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს და პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს. აქციის დასაშლელად პოლიციის სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები და ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ბათუმში ჩავიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელმაც აქციის მონაწილეებს მოუწოდა, შეეწყვიტათ ძალადობა და, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, გადაწყვეტილება მიიღო ექვსი დაკავებული პირის განთავისუფლების თაობაზე. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის, ინფორმაციით, პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად ბათუმის საავადმყოფოებში 30-ზე მეტი პირი მოათავსეს. დაშავებულთა შორის რამდენიმე პოლიციელია. შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ ვანდალურ აქტთან დაკავშირებული არც ერთი პირი დაუსჯელი არ დარჩება.

„ბათუმში წუხელ განვითარებულ მოვლენებს, სამწუხაროდ, პოლიტიკური ელფერიც დაჰკრავს“, _ განუცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ჟურნალისტებს ბათუმში განვითარებული მოვლენების შეფასებისას.

 

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ბათუმში განვითარებული მოვლენები „ქრონიკა+“-თან შეაფასეს.

 

დავით ბაციკაძე _ „ქართული ოცნება“:

_ გასაგებია, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს საპატრულო პოლიციასთან უთანხმოება მოუვიდა, რასაც პროტესტი მოჰყვა, მაგრამ ამას შემდეგ ორგანიზებული ჯგუფები შეემატა და პროტესტი უმართავ პროცესში გადაიყვანეს. ხალხი პოლიციის სამმართველოს შენობისკენ დაიძრა და ვანდალიზმი განხორციელდა. ფაქტი ერთია, რომ ეს ხალხი მიზანმიმართულად ცდილობდა, პოლიციის ქონება გაენადგურებინა, ისინი გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სისასტიკით და სიმართლე გითხრათ, ასეთი რამ არასოდეს მახსოვს. ეს ამბავი 7 ნოემბერს მახსენებს, როდესაც თბილისში პოლიციამ და ხელისუფლებამ აქცია დაარბია, ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს მათ ხელწერას. ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ამ ფაქტების უკან კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტები დგანან, ყოველ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობა“ მაინც. ორი აზრი არ არსებობს, ამასთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს. 7 ნოემბრის აქციის მონაწილე ვარ როგორც რუსთაველზე, ასევე რიყეზე, „ტელეიმედთან“ გაზით საშინლად მოვიწამლე და 7 ნოემბრისგან განსხვავებით, პოლიცია, ამ შემთხვევაში, იყო ძალიან მობილიზებული, არააგრესიული, ცდილობდა, ეს აგრესია როგორმე ჩაეკლა და ფრთხილად ეპყრობოდა იმ ადამიანებს, რომლებმაც მათ კოლეგებს დიდი ზიანი მიაყენეს. პოლიციამ ყველა ეტაპზე პროპორციული ძალა გამოიყენა მომიტინგეების აგრესიის შემდეგ, ცრემლსადენი გაზი ერთჯერადად გაისროლეს, მას შემდეგ, რაც ორ წუთზე მეტი არ შეწყდა ქვების წვიმა. ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ისროლეს და აქცია დაშალეს. როდესაც პოლიციის სამმართველოზე შტურმი იწყებოდა, მხოლოდ მაშინ აძლევდა პასუხს პოლიცია. ბოლოს დაშლა ყველამ ვნახეთ კადრში და ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ეს ისე მოხდა, ბევრ ევროპულ ქვეყანას შეშურდებოდა.

_ ბატონო დავით, აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ბოლო პერიოდში საპატრულო პოლიცია ძალიან დიდ ჯარიმებს უწერს მძღოლებს და ამან მასობრივი ხასიათი მიიღო. თქვენ, როგორც დეპუტატს, აქციამდე ამის შესახებ თუ გსმენიათ?

_ მანამდე, შეიძლება, პოლიციამ, სადღაც, უფლებამოსილებას გადაამეტა და 200-ლარიანი ჯარიმა გამოწერა, მე ასეთი შემთხვევის შესახებ ვიცი, იმ ადამიანმა გაასაჩივრა და სასამართლოში მოიგო, მაგრამ მთავარი თემა, რაც აღიზიანებდათ, ის არის, რომ ბათუმში მოძრაობის წესებს არავინ დაგიდევთ, ეს ფაქტია. ამ მხრივ, აქ ძალიან რთული ვითარებაა. საზოგადოების მხარდაჭერაც ამიტომ ვერ მოიპოვა ამ აქციამ _ შეიძლება, კონკრეტულ შემთხვევაში შეეცოდათ ადამიანები, ვის გამოც პროტესტი დაიწყო, მაგრამ მომიტინგეებს მხარდაჭერა იმიტომ არ ჰქონდათ, რომ ყველამ დაინახა, ცენტრალურ ქუჩაზე თუ ბათუმის შემოსასვლელში, როდესაც ნახევარი საათი უნდებოდი ნახევარმეტრიანი მონაკვეთის გავლას, აღარ იყო შეზღუდვები და ძალიან მარტივად გადიოდი მანქანით. მესმის, რომ შეიძლება, ცოტა მეტი სიმკაცრით იქცეოდა საპატრულო პოლიცია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ვიმეორებ, ყველას აქვს უფლება, სასამართლოში იჩივლოს. ხშირად დაგაჯარიმებენ, როდესაც ხშირად დაარღვევ წესებს. შეიძლება, პოლიცია მართლაც ზედმეტად მკაცრად მოიქცა და ცოტა უფრო ლმობიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ესეც სამსჯელო საგნად უნდა ქცეულიყო და არა იმად, რომ ბათუმის ცენტრალური ნაწილი იმ დღეში ჩავარდნილიყო.

 

ცოტნე ანანიძე _ „ქართული ოცნება“:

_ აქციის დაწყების წუთიდან იქ ვიმყოფებოდი, იქ იყვნენ ასევე ჩემი კოლეგები. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვცდილობდით, რომ გარკვეული აგრესია, რომელიც აქციის მონაწილეების მხრიდან მოდიოდა, როგორმე განეიტრალებულიყო და მშვიდ ვითარებაში ყოფილიყო პროტესტის გამოხატვა. პრაქტიკულად, ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვეცადეთ, მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ვიმყოფებოდით, თუმცა რაც ვნახეთ, ეს არის ფაქტი, რომელიც შეიძლება შეფასდეს ვანდალიზმად. ჩვენ არ გვინახავს პროტესტის ასეთი გამოხატვის ფორმა, როდესაც პირდაპირი აგრესიაა ინფრასტრუქტურაზე, ავტომობილებზე, მათ შორის, ჩემი სამსახურებრივი ავტომობილიც დაიწვა და აბსოლუტურად განადგურდა. ამ ფაქტს ძალიან უარყოფითად ვაფასებ, ასეთი რამ საქართველოში არ უნდა განმეორდეს და რომ არ განმეორდეს, ამას სჭირდება კვალიფიციური სამართლებრივი შეფასებები და ამასთან ერთად, უნდა შეფასდეს პოლიტიკურადაც. პროტესტი იქნება თუ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი უნდა იყოს დემოკრატიულ სტანდარტში, რასაც კანონი და სამართლიანობა ითვალისწინებს. სამართალდამცველი ორგანოებისთვის არსებობს ამის ვალდებულება, რომ ეს ყველაფერი გამოიძიონ, გამოკვეთილია სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც საზოგადოება ხედავს და ამ ყველაფერს ძალიან სწორი სამართლებრივი მიდგომა სჭირდება.

 

ელგუჯა ბაგრატიონი _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

_ ეს იყო ძალიან კარგად ორგანიზებული ვანდალიზმი, რაც გვიან ღამით განვითარდა. მშვიდობიანი აქცია ხელისუფლებამ თავისი პროვოცირებით ვანდალიზმში გადაზარდა. ყველა ის მაღალჩინოსანი, რომელიც მუშაობს სუს-ში თუ შს სამინისტროში და ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც ხელისუფლებაშია, ეს მათი პროვოკატორების მიერ მოწყობილი ვანდალიზმია, რომელთაც იქ მყოფი ადამიანები პროვოკაციაზე წამოაგეს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ, გამოიძიონ ეს ფაქტი და უმკაცრესად დაისაჯოს ყველა ის მონაწილე, რომელიც ამ ვანდალიზმში მონაწილეობდა და ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ეს უმსგავსობა დაგეგმა და მოაწყო.

_ ბატონო ელგუჯა, ვანდალიზმის მოწყობის პროვოცირებაში ხელისუფლებას ადანაშაულებთ? ისინი კი თქვენი პარტიისკენ იშვერენ ხელს, რა არის მათი მიზანი?

_ სწორედ ეს იყო ხელისუფლების მთავარი მიზანი, რომ თავისი უკანონობა და ძალადობა შემდეგ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გადაებრალებინა, რადგან მიზეზად ჰქონდეთ, რომ აღარ მისცენ უფლება მომავალი მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად. ეს იყო სწორედ მათი მცდელობა, მაგრამ მინდა, ხელისუფლებას ვუთხრა: ეს იყო ძალიან ცუდად დაგეგმილი პროვოკაცია, ამით კიდევ უფრო მეტად შეურაცხყოფთ აჭარის მოსახლეობას. ისინი დიდ პროვოკაციაზე წავიდნენ, როცა სპონტანურად შეკრებილ ადამიანებს, რომელთაც პრობლემა ჰქონდათ და ამას მშვიდობიანად გამოხატავდნენ, პოლიციამ დარბევა დაუწყო. ეს იყო პოლიციის მხრიდან გადამეტებული ქმედება და ძალადობა.

 

პეტრე ზამბახიძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:

_ ძალიან სამწუხაროა, რაც გუშინ ბათუმის ცენტრში მოხდა, ტურისტულ ქალაქში, სადაც არასდროს გვახსოვს ასეთი ვანდალური ფაქტები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მართულ პროცესს ჰგავდა. ამიტომ უნდა ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და დადგინდეს: რა ჯგუფებს შორის იყო დავა და ერთი ჩვეულებრივი პრობლემის ირგვლივ დაწყებული აქცია რატომ გადაიზარდა ასეთ სერიოზულ დაპირისპირებაში? რა თქმა უნდა, მე პირადად ვგმობ ასეთ ფაქტებს, ძალადობას არანაირ შემთხვევაში არ აქვს გამართლება, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს _ რა კანონებს იღებს ხელისუფლება და როგორ უზრდის უფლებებს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეულ წარმომადგენლებს, რომლებიც სწორედ განსაკუთრებით ბათუმში მუშაობენ იმისთვის და იმაზე, რომ ხალხი უარყოფითად განაწყონ. მოსახლეობა სამართლიან პროტესტს გამოთქვამს ასეთ ფაქტებზე და ეს, პირველ რიგში, ეხება ღამის საათებში ისევე როგორც საპატრულო პოლიციის მხრიდან დაჯარიმებას, ასევე ქალაქში გადაადგილებული ცალკეული ადამიანების დაპატიმრებას, დაკავებასა და ა. შ. ეს არის იმ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგი, რაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო. ამან მეტი უფლება მისცა პოლიციას ცალკეული ადამიანების ღამის საათებში შემოწმებისთვის, სწორედ ეს არის შედეგი ამ უკანონობებისა. ცალკე დამარტოხელებული ასეთი ადამიანების გაერთიანება, როგორც ჩანს, 11 მარტს შედგა. რა თქმა უნდა, ეს არის დასაგმობი და ამას გამართლება არ აქვს, მაგრამ ხელისუფლება ასევე უნდა მოვიდეს გონს და სამართლებრივად ადამიანის უფლებების დაცვით და პრიორიტეტით უნდა წარიმართოს თითოეული გამოძიება და საქმე. ამდენი ადამიანის ღამის საათებში საპატიმროებში უკანონოდ გადაყვანა, ასევე ნარკოლოგიურ ცენტრებში, ეს ყველაფერი ძალიან სამწუხაროა და ხალხში დაგროვდა. ბოლო დროს აჭარაში ძალიან ბევრი ფაქტი დაფიქსირდა, ბევრი საქმეა ჩადების, ადრე შემჩნეული ადამიანების კვლავ საპატიმრო დაწესებულებაში გამწესებისა და რელურად, უკანონო მოქმედებების. ვფიქრობ, ყველაფერმა ამან, რაც 11 მარტს მოხდა, თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო სწორედ აქ და ვისგანაც არ უნდა იყოს მართული, ხელისუფლების დაფიქრებას საჭიროებს. მე, როგორც უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის წევრი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მორიგეობა იქნება თუ სხვა სახით, მუდმივად ვაკონტროლოთ ხელისუფლება და ის აღვირახსნილი ადამიანები, რომლებიც კანონს არღვევენ, რომ ასეთი ტიპის გაღიზიანებული ხალხი კვლავ არ გაერთიანდეს. ეს პროცესი არ შეიძლებოდა ყოფილიყო მარტო ერთი შემთხვევიდან აგორებული, ბუნებრივია, ადამიანები საკუთარი უსამართლობიდან გამომდინარე, დღეს, ასეთ საკითხზე გაერთიანდნენ. თუმცა ის, რაც განვითარდა, ძალიან ცუდია, ეს ბათუმში არ უნდა მომხდარიყო. შეიძლება, ხელისუფლება არ იქცეოდა კარგად და ხშირ შემთხვევაში კანონს არღვევდა მოქალაქეების წინააღმდეგ, მაგრამ ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს, ისევე როგორც პოლიციამ არ უნდა გამოიყენოს ძალადობა, ასევე პოლიციელის მიმართ არავინ უნდა იძალადოს. არსებობს კანონი და პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა განვიხილოთ.

 

გიორგი ცინცქილაძე _ „ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა“:

_ ბათუმის მოვლენები იმ ყველაფრის შედეგია, რასაც წლების განმავლობაში ვამბობთ: ეს პერიოდი „ქართულმა ოცნებამ“, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, კოჰაბიტაციაში გაატარა და დღესაც იგივე გრძელდება. ეს არ იყო სპონტანურად მომხდარი შეკრება, მიტინგი, რომელსაც შემდეგ გამწვავება მოჰყვა, ეს იყო ორგანიზებულად დაგეგმილი აქცია, ჩვენ ხალხის მასებთან ძალიან ახლოს ვიყავით და კარგად ვხედავდით ამ ყველაფერს. იმასაც ვხედავდით, თუ როგორ მოჰქონდათ ტომრებით შეგროვებული ქვები და „მოლოტოვის კოქტეილები“. ასეთი რამეები დაუგეგმავად არ ხდება. თუ კვირის ბოლოს გადავხედავთ, თვალნათლივ დავინახავთ, რომ ტელევიზიით და პრესით თემის აგორება იყო ჩვეულებრივად საპატრულო პოლიციის ამბებზე, ეს ხელვაჩაურშიც ხდებოდა, დაფიქსირებულია ქობულეთშიც და სხვაგან, ერთი სიტყვით, მომზადებული თემა იყო. მესმის, როდესაც ადამიანი კანონიერად დასასჯელია და ჯარიმას ექვემდებარება, ჩვენც მძღოლები ვართ და ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ თავი და თავი რაც არის, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ უნიათობა და მათი უსუსურობა. დილამდე, ფაქტობრივად, ვერაფერი გააკეთეს, რომ ეს პროცესები დაელაგებინათ და ხალხს ვანდალიზმი არ ჩაედინა. 12-ში გამთენიისას განცხადება არ გავაკეთე, კიდევ ზედმეტად რომ არ დაგვეძაბა სიტუაცია. სიტუაცია დასაწყნარებელი იყო და პირიქით, იქ ხალხი საპატრონო იყო, აქედან გამომდინარე, ახლა თქვენთან გავაკეთებ განცხადებას და ვაფიქსირებ, რომ ჩვენმა მოქმედმა ხელისუფლებამ უსუსურობა და უნიათობა გამოიჩინა და ვერანაირი ღონისძიება ვერ გაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში კი არა, ერთ საათში ჩაექროთ ხალხის მღელვარება.

_ ბატონო გიორგი, თქვენი მოლოდინი როგორია, ხელისუფლება ამ საქმეს გამოიძიებს და რეალურად თუ გამოაშკარავდება, ვინ დგას ამის უკან?

_ საქმეც ეგ არის! წლების განმავლობაში ვერ აღდგა სამართლიანობა, ჩვენი პარტია ამას დღესაც ითხოვს. 26 მაისის ამბავი გამოიძია ვინმემ?! ის გაუბედურებული, გარდაცვლილი და დაზარალებული ხალხი დღესაც ელის სამართალს, რამდენიმე ადამიანი ახლახან გამოაკლდა ამ ქვეყანას მაშინ მიყენებული ტრავმებით, კაციშვილი ამას არ იძიებს! სასამართლოსთან ტერიტორიულად ახლოს ვართ და სიტუაციას ვუყურებთ, წაიყვანენ ადამიანს, 100 ლარის ოდენობით ჯარიმას გამოწერენ და იქ მთავრდება ყველაფერი. კადრების პრობლემაა აჭარაში. ზოგადად, ისეთი სათუთია აჭარა და ბათუმი, რომ ზედმეტი განცხადებების გაკეთება და ვის რა მოეხასიათება, არ შეიძლება, ეს ხალხი სულ სხვაა და სულ სხვანაირად უყურებს აქ ყველაფერს. მათ შორის, საკადრო პოლიტიკასთან მიმართებით, ეს ყველაზე დიდი პრობლემა აქვს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ყველაფერი, რაც ადამიანს ენაზე მოადგება, არ შეიძლება, ამაზე ისაუბროს. დღეს, ხვალ კიდევ რა აქვთ ჩაფიქრებული და რა უნდა გააკეთონ, კაციშვილმა არ იცის. სამართალდამცველი ორგანოების ყველაზე დიდი შეცდომა და მინუსია ის, რომ ასეთი ორგანიზებული რამ ხდება და არ იციან! ე. ი. სძინავთ და აზრზე არ არიან, ქვეყანაში რა ხდება! ჩვენც მოვხვდით იმ ორომტრიალში და მხუთავი გაზი ჩვენც ვისუნთქეთ, ძალიან ცუდად იყვნენ ჩემი კოლეგები, ყველა ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით, ცალკე ისინი იყვნენ საპატრონოები, ვინც ამ ვანდალიზმში არ მონაწილეობდა, ხალხი იყო გამოსული ქუჩაში, ვისაც ქალაქზე გული შესტკივა, ვინც დამნაშავეა და ამ საქმეში ვისი ხელიც ურევია, ვინც ორგანიზატორები არიან, ეს უნდა გამოიძიონ. ჩემი აზრით, ამის გამოძიებას არ სჭირდება ერთი კვირა, ერთი თვე… მესმის, დეტალურად უნდა შეისწავლო, მაგრამ ეს თუ დღემდე შესწავლილი არ არის და თვეები უნდა დასჭირდეს ამის გამოკვლევას, მაშინ ამ ხელისუფლების საქმე ნამდვილად ძალიან ცუდად არის!

 

თამარ ბატიაშვილი