პიარში დახარჯული მილიონები, რომელიც ყოველდღე გვტროლავს

გასულ კვირას „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველომ“ საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო უწყებების პიარაქტივობებში დახარჯულ თანხებს ეხება.
კვლევა მოიცავს 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს, ანუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხორციელებულ საქმიანობას პიარის მიმართულებით.

კვლევის მიხედვით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, საჯარო უწყებებმა პიარაქტივობებსა და რეკლამაში 98 მილიონ 480 ათას ლარზე მეტი დახარჯეს.
ჯამურად, პიარსამსახურებში დასაქმებულთა ხელფასებში, რეკლამასა და სხვადასხვა პიარაქტივობაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან, 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით, 159 მილიონ 730 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
პიარაქტივობებისა და სარეკლამო ხარჯის მხრივ დიდი წილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე („ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, „ღვინის ეროვნული სააგენტო“ და „აწარმოე საქართველოში“) მოდის; ხოლო ყველაზე მზარდი 2016 წელია, როდესაც მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2013-2017 წლებში მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებულების ანაზღაურებამ 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარ სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის (61,250,000 ლარი), დაახლოებით, მეხუთედია.
რამდენადაც ცნობილია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2018 წლის მარტშიც გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ასახული იყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საჯარო უწყებების პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობისა და მათი ანაზღაურების მკვეთრად ზრდის დინამიკა.
ამჯერად, იმავე საკვლევ პერიოდში პიარაქტივობებსა და რეკლამაში დახარჯული თანხების ოდენობის შესახებ ორგანიზაციამ 134 საჯარო უწყებიდან ინფორმაცია გამოითხოვა 2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით პიარმომსახურებისა და რეკლამის წარმოების, განთავსების, გავრცელების ხარჯის შესახებ. სამწუხაროდ, 9 უწყებამ მათ ინფორმაცია არ მიაწოდა. მათ შორის იყვნენ: მთავრობის ადმინისტრაცია, თავდაცვის, ენერგეტიკის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და იუსტიციის სამინისტროები. თუმცა მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების სარეკლამო ხარჯების შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ სხვა კვლევის ფარგლებში ჰქონდა მიღებული, რაც საერთო მონაცემებშიც ჩათვლილია. აღსანიშნავია, რომ ამ უწყებების მიერ პიარაქტივობებში დახარჯული თანხა კვლავ უცნობია, რაც საჯარო უწყებების ხარჯებს, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაზრდიდა.

მამუკა ანდღულაძე _ „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მედია პროგრამების მენეჯერი:
_ პირველი კვლევა გასული წლის ოქტომბერში გამოვაქვეყნეთ. ზოგადად, კვლევის მიზანია, დადგინდეს და მოსახლეობამ იცოდეს, თუ რა თანხა იხარჯება ბიუჯეტიდან სახელმწიფო დაწესებულებაში მომუშავე საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დასაქმებულ თანამშრომლებზე? სულ რამდენი თანამშრომელი მუშაობს? კვლევის მეორე ნაწილის მიზანი იყო დაედგინა, თუ რა თანხა იყო გაღებული მათ მიერ განხორციელებულ ერთ სარეკლამო ღონისძიებაზე მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში?
შესაბამისად, საკვლევი პირიოდი მოიცავს 2013-2017 წლებს (ათვლის წერტილად ავიღეთ 2012 წელი, ანუ „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებაში მოსვლისას რა მდგომარეობა დახვდა და რა ხდება დღეს).
ორივე კვლევის შედეგებით გამოიკვეთა, რომ 2013 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით 122 ადმინისტრაციულ ორგანოში, როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში, პიარსამსახურის თანამშრომლებზე ანაზღაურებამ (ბონუსი, ხელფასი, დანამატები _ ფართო გაგებით) და პლუს მათ მიერ გაღებულმა ხარჯებმა მიმდინარე სარეკლამო რგოლებში შეადგინა 160 მლნ. ლარამდე. აქედან, 100 მლნ. ლარამდე არის პიარსარეკლამო ხარჯები, ხოლო 61 მლნ. ლარამდე არის ხელფასები. აქ აღსანიშნავია, რომ 12 მლნ. ლარზე მეტი მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციას აქვს აღებული(!). ანუ 122 ადმინისტრაციულ ორგანოში 61 მლნ.-ზე მეტი დაიხარჯა ხელფასებში და მათგან მარტო ერთში, მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციაში, 12 მლნ. ლარზე მეტი.
გამოიკვეთა სსიპების აქტიურობაც, მათ შორის, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, „აწარმოე საქართველოს“ და ა. შ.
უკვე 2016 წელს როგორც ხელფასების, ასევე გეგმური პიარსარეკლამო ხარჯების კუთხით ფიქსირდება ყველაზე დიდი ოდენობის თანხის გაცემა. ვვარაუდობთ, რომ ეს არის არჩევნების წელი და სწორედ ამან განაპირობა ხელისუფლების მობილიზება!
ვფიქრობთ, რომ ეს კვლევა ცალსახად საჭიროა და უკვე მასზე საჯარო დისკუსიაც მიმდინარეობს.
საინტერესო იყო, რომ ჩვენ ოქტომბერში დავიწყეთ კვლევა და როცა საჯარო ინფორმაციას ითხოვ, ბუნებრივია, დრო იწელება, თუმცა მათ პირველ ეტაპზე საერთოდ არ მოგვცეს ის ინფორმაცია, რასაც ვითხოვდით, ეს იყო მხოლოდ თანამშრომლების ოდენობა და ხელფასი. ამის შემდეგ საჯაროდ მოვუწოდეთ ინფორმაციის გადმოცემაზე, მერე პრეზენტაციაზეც განვაცხადეთ და ბოლოს, სასამართლოს მივმართეთ. რამდენიმე კვირის წინ, სასამართლო პროცესის დროს, ოქტომბერში გამოთხოვილი ინფორმაცია მოგვაწოდეს(!).
ჩვენი კვლევის მთავარი არსი ისაა, რომ ეს საჭირო ინფორმაციაა და ყველამ უნდა იცოდეს, თუ რამდენია ანაზღაურება, სად ხარჯავენ ფულს და მინიმუმ, როცა გამოითხოვ ინფორმაციას, აქტიურად უნდა გიპასუხონ. აუდიტის სამსახურმაც უნდა შეამოწმოს შემდეგ ის, თუ რამდენად ეფექტიანად იხარჯება თანხა.
ამ ეტაპზე ეს სურათი დაიდო, დანაჩენი უკვე დისკუსიის საფუძველზე გადაწყდება“.

კვლევით დგინდება: „2012 წლიდან 2017 წლის ოქტომბრის ჩათვლით საჯარო უწყებების მიერ პიარმომსახურებასა და რეკლამაში გადახდილმა თანხამ 110 მილიონ 650 ათას ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც 98 მილიონ ლარზე მეტი 2013-2017 წლებში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიხარჯა.
აღნიშნული მონაცემები მიუთითებს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საჯარო უწყებების პიარისა და სარეკლამო დანახარჯები მკვეთრად მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის მონაცემები ოქტომბრის ჩათვლით გამოითხოვეს, იგი 2012 წელს ამ მიმართულებით დახარჯულ თანხას, დაახლოებით, 2-ჯერ აღემატება.
რეკლამასა და პიარღონისძიებებში დახარჯულმა თანხამ, ისევე როგორც პრესსამსახურებში დასაქმებულ თანამშრომელთა ხელფასების ოდენობამ, საარჩევნო 2016 წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 28 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2016 წლის ხარჯების ზრდა, სავარაუდოდ, საპარლამენტო არჩევნების პერიოდმა გამოიწვია _ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მაქსიმალურად მოახდინა საბიუჯეტო სახსრების მობილიზაცია“, _ აღნიშნულია კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით გამოვლინდა ყველაზე მაღალბიუჯეტიანი უწყებები:

„2013-2017 წლებში ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შემდეგი საჯარო სამართლის იურიდიული პირები წარმოადგენენ: „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია“, „ღვინის ეროვნული სააგენტო“ და „აწარმოე საქართველოში“. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან პიარაქტივობებისა და რეკლამების დანახარჯის ზრდა, ძირითადად, ამ სამი უწყების ხარჯზე ხდება. აღსანიშნავია, რომ „აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს შეიქმნა, თუმცა ყველაზე მაღალდანახარჯიან უწყებებს შორის მაინც მოხვდა.

მთავრობის ადმინისტრაცია

ცალკე აღსანიშნავია მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოს“ მიერ პიარის თანამშრომელთა რაოდენობისა და ანაზღაურების შესახებ წინა კვლევაში მთავრობის მიერ დოკუმენტების მოუწოდებლობის გამო ვერ მოხვდა. სასამართლოსთვის მიმართვის შემდეგ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და სახელფასო ანაზღაურება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მზარდია და 2013-2017 წლებში (2017 წლის მონაცემები მოწოდებულია ოქტომბრის ჩათვლით) 12 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, რაც ამ პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით 122 საჯარო უწყების მიერ პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხის 61 მილიონ 250 ათასი ლარის, დაახლოებით, 20%-ს შეადგენს.
2012 წელთან შედარებით 2016 წელს ანაზღაურებაში დახარჯული თანხა 90%-ით გაიზარდა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნება იყო ის, რომ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციამ 2010-2017 წლებში რეკლამის განთავსება დაუკვეთა ისეთ მედიასაშუალებებს, როგორიცაა „ასავალ-დასავალი“ და „ალია“, რომლებიც სიძულვილის ენით გამოირჩევიან და ღიად ავრცელებენ ქსენოფობიურ თუ ჰომოფობიურ განცხადებებს და ანტიდასავლურ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული წევრის, გიორგი (გია) იაკობაშვილის მიერ დაფუძნებული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი For.ge ასევე იმ მედიების სიაში მოხვდა, ვინც რეკლამის განთავსების დაკვეთა მიიღო.
კვლევაში ნათქვამია, რომ გია იაკობაშვილი გამოირჩევა სამოქალაქო სექტორის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით და მიუხედავად ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციისა, მთავრობის ადმინისტრაციამ არ მიაწოდა დეტალები, რომელ წლებში თანამშრომლობდა კონკრეტულ მედიასაშუალებებთან და რა ღირებულების კონტრაქტები ჰქონდა მათთან დადებული, შესაბამისად, უცნობი დარჩა, მათ შორის, რა თანხა გადაურიცხა მთავრობამ „ასავალ-დასავალს“, „ალიასა“ და For.ge -ს“, _ წერია კვლევაში.

საინტერესოა ის გარემოება, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის აზრით პიარსამსახურებში დახარჯული თანხა ე. წ. ტროლების დასაფინანსებლად მიემართება.

აკაკი ცომაია _ ეკონომიკის ექსპერტი:
„ჩემი შეფასება ძალიან მოკლე და უარყოფითია. რა თქმა უნდა, ჩანს, რომ ხარჯვას არანაირი შედეგი არ მოუტანია და არც არანაირი საინვესტიციო გეგმა არსებობს იმისი, თუ დახარჯული ფული რა შედეგს მოუტანს ქვეყანას _ ამის არანაირი დოკუმენტი არ არსებობს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით დახარჯულ რესურსს უკუგება არ ჰქონია! მეტიც, არის გონივრული ეჭვი, რომ ეს დახარჯული ფულადი რესურსი ხმარდება ტროლების ინსტიტუტს საქართველოში და პროცესებს რომელიც ქვეყანას, საერთო ჯამში, საწინააღმდეგოდ, უარყოფითად უბრუნდება. ისინი ქმნიან ერთგვარ საზოგადოებრივ აზრს სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით, რაც, საბოლოო ჯამში, საზოგადოების ნერვებზე უარყოფითად მოქმედებს.
რაც შეეხება ტურიზმის კუთხით დახარჯულ თანხებს, მათში თუ ვგულისხმობთ ვიდეო და სარეკლამო რგოლებს, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო არხზე ტრიალებს, მის სარგებლიანობაზე კიდევ შეიძლება ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ. თუმცა ძალიან რთულია იმის თქმაც, თუ რა უკუგება და სარგებელი მოიტანა ამ რეკლამებმა.
ჯამურად, პიარზე დახარჯული მთლიანი რესურსის ძალიან პატარა ნაწილია ეს ვიდეო რგოლები. უფრო მეტი რესურსი დაიხარჯა სხვადასხვა ადამიანის ხელფასებსა და მათ განვითარებაზე. ამ ადამიანების ჯგუფი კი უფრო ჩართულია ტროლების შექმნაში, ვიდრე სხვა, რეალურად სარგებლის მომტან საქმიანობაში“.

კვლევა წარმოდგენილია და ვიცით, თუ რამდენი დახარჯა ხელისუფლებამ თავისი საქმის გასაპიარებლად. ისიც ვიცით, თუ რომელ მედიასაშუალებას აფინანსებს მთავრობა ბიუჯეტის ფულით. რეალურად კი სად დაიხარჯა ამდენი მილიონი და აისახა თუ არა იგი ქვეყნის დადებითი იმიჯის გამყარებაზე, ამას თავადაც კარგად ხედავთ!

ნინო ტაბაღუა