მო-ვალეობა საქართველოში და მო-ვალეთა სია

საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, რთულია იპოვოთ ადამიანი, რომელსაც სესხი (თუნდაც, ერთჯერადად) არ აუღია. ამას მთელი რიგი მიზეზები უძღვის წინ, თუმცა ფაქტი ისაა, რომ არსებობს მოვალეთა რეესტრი, სადაც ადმინისტრაციული ჯარიმისა და სხვადასხვა ვალის გადახდის პრობლემის მქონე პირები „ხვდებიან“.

 

მხოლოდ ბოლო 2 თვის მანძილზე მათი რიცხვი 8 ათასით გაიზარდა და დღეს 200 000-ს ადამიანს აღემატება.

მსგავსი მეთოდი ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული და უშუალოდ ბაზის არსებობა ცალსახად ნეგატიურ ფაქტორს როდი წარმოადგენს, თუმცა საგანგაშო ის ციფრებია, რაც ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის ამ სიაში გვხვდება.

 

სოფო ქართაული _ აღსრულების ეროვნული ბიუროს იურისტი:

_ მოვალეთა რეესტრში ვერ დარეგისტრირდება იპოთეკით  უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოვალე,  თუმცა აღსრულების პროცესში, როგორც უზრუნველყოფილი, ასევე არაუზრუნველყოფილი მოვალის ქონება შეიძლება გაიყიდოს, თუ, გარკვეულწილად, მხარეთა ინტერესების სამსახურმა რაღაც შეთანხმებას არ მიაღწია.

აღსრულების ეროვნული ბიურო თავის საქმეს აკეთებს, თუმცა საზოგადოებისთვის ახალი ხილი არ არის, რომ ბანკებიდან და ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებიდან კონკრეტულ მსესხებლებს უკავშირდებიან და მუქარის, დაშინების წესით თანხის დაბრუნებას აიძულებენ.

 

ოთარ კაჭკაჭაშვილი _ საადვოკატო ბიურო OK & CG-ის დირექტორი:

_ ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძირითადად, მომართვიანობა, ამ ბოლო პერიოდში, არის ბანკების დავალიანებასთან და ონლაინ სესხებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი რაოდენობით ზარი შემოდის. მომართვიანობის თემა და პრობლემა, როგორც აღვნიშნე, ონლაინ სესხებია, თუმცა, რადგან ამ ტიპის ბენეფიციარებისთვის იურიდიული მომსახურება ხელმისაწვდომი არ არის, უფასო კონსულტაციებით შემოვიფარგლებით, ხოლო, ჩვეულებრივ, საბანკო სესხებზე კი ძალიან ბევრი დავა გვაქვს წარმოებაში.

დაახლოებით, დღეში, შეიძლება, 50-100 ზარი შემოვიდეს ონლაინ სესხებთან დაკავშირებით, ან, უფრო მცირე, მაგრამ არანაკლებ, დღეში 20 ზარისა, თემა კი კვლავ ბანკების სხვადასხვა დავალიანებაა.

ბევრის მდგომარეობა იქამდეა მისული, რომ სააღსრულებლო წარმოებაშია, მოვალეთა რეესტრშია ჩასმული, მათ ანგარიშები დაუყადაღეს და თავიანთ მინიმუმს ვერ განკარგავენ, მერე დადასტურება უწევთ, რომ ეს ხელფასი მათი საარსებო მინიმუმია.

რაც შეეხება გამოსავალს, რასაც დახმარების მთხოვნელებს ვთავაზობთ, როცა საქმე ონლაინ სესხებს შეეხება, საკრედიტო ოფიცრები არ ვიცი, რა მეთოდებთ, მაგრამ ოჯახის წევრებზე ზეწოლებს ახდენენ, მათთან მიდიან, ეუბნებიან, რომ ქონებას დაუყადაღებენ და გაუყიდიან. ამ დროს, კონსულტაციებისას, ვეუბნებით, რომ ამის უფლება არც ამ საკრედიტო ოფიცრებს და არც საკრედიტო ორგანიზაციას პირადად არ აქვთ, სასამართლოს გარეშე ეს არ წყდება!

საბანკო სესხების შემთხვევაში სამართალწარმოებები გვაქვს, სადაც სადავოს ვხდით პროცენტებს, საჯარიმო სანქციებს. ხშირია შემთხვევები, როცა ვითომდა რესტრუქტურიზაციით (ანუ დროის გადათამაშებით) ყველა პროცენტსა და ჯარიმას გადაუტანენ ხოლმე ძირ დავალიანებაში და ამით ახალი ვალდებულება წარმოიშობა. რეალურად, შეიძლება, ერთ ან ორ თვეს აძლევენ, მაგრამ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებენ და უფრო მეტის გადახდაზე აწერინებენ ხელს მსესხებელს. სწორედ ამას ვხდით ხოლმე სადავოდ და სასამართლო ხშირად ანულირებას უკეთებს მათ, მაგრამ ზოგჯერ სასამართლოც არაეფექტიანია, რადგან, საშუალოდ, სამოქალაქო დავები წელიწადს ან წელიწადნახევარს გრძელდება, ამიტომ, რეალურად, ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესებია და ბენეფიციარები ეფექტს ვერ იღებენ.

თავად მოვალეთა რეესტრში მნიშვნელოვანი ისაა, რომ 200 000-ზე მეტი ადამიანია მასში მოქცეული. ჩვენი რაოდენობისთვის ეს ყოველთვიურად გაზრდადი და სავალალო ციფრია, თორემ რეესტრი აპრობირებული მეთოდია, უნდა არსებობდეს კიდეც _ სხვას იცავს, ადამიანს, რომელსაც გადახდისუუნარო მსესხებელთან საქმიანი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგალითად, მე უნდა ვიცოდე, რომ თუ ამ ადამიანს ვალდებულება აქვს, მასთან კონტრაქტი არ გავაფორმო, ის გადახდის უუნაროა.

საბოლოოდ, რა სახის საბანკო დაწესებულებაც უნდა იყოს, მას არ შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მივიდეს და კონკრეტულ პირს ქონება დაუყადაღოს ინფორმაციის ნაკლებობის გამო. ხშირად მოსახლეობა ტერორშია. მთავარი კონსულტაცია სწორედ ესაა, რომ არ მოტყუვდნენ! სასამართლოს უნებართვოდ არავის აქვს უფლება, მსესხებელს სახლში დაადგეს, ნივთები აღუწეროს, დაუყადაღოს, გაუყიდოს და ა. შ. საამართლო კი პროცედურების დასრულების შემდეგ აკეთებს ამას.

 

შოთა გულბანი _ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი:

_ ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მდგომარეობა, გარკვეულწილად, დარეგულირდა და გამკაცრდა. თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც მსესხებლის უფლებები ირღვეოდა.

ჩვენს ორგანიზაციას ერთი პერიოდი ძალიან ბევრი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციის მიერ დაზარალებული და დაშინებული ადამიანი მომართავდა, რომელთა უფლებებიც დაირღვა, სპეციალურ ტექსტურ შეტყობინებებსაც გვიგზავნიდნენ, რომლითაც დასტურდებოდა, თუ როგორ ემუქრებოდნენ საკრედიტო ორგანიზაციების წარმომადგენლები, _ ეს, რა თქმა უნდა, კანონის გვერდის ავლით იყო, მაგრამ ახალა ასე ნაკლებად ხდება.

რაც შეეხება მოვალეთა რეესტრს, მასში მოხვედრილი ადამიანების რაოდენობის ზრდა მხოლოდ ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციებზე არ არის დამოკიდებული, ძირითადად, ბანკები გასცემენ ფართო მასშტაბით სესხებს, რომლებსაც ვერ იბრუნებენ, ურთულდებათ მდგომარეობა და ეს, თავისთავად, დაკავშირებულია ეკონომიკურ მდგომარეობასთან, მოქალაქეების მასობრივად გადახდის უუნარობასთან, ხოლო ამის გამოსწორება ერთჯერადი პროცესი არ არის, გრძელვადიან პერიოდში ქყვეყანა უნდა განვითარდეს, მთავრობამ შესაბამისი სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებით მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი უნდა გაზარდოს. ასევე მნიშვნელოვანია, შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში, სესხები არ გაიცემოდეს. დღეს ამ კუთხითაც გარკვეული პოზიტიური ძვრებია საფინანსო დაწესებულებებში. მთლიანობაში, სიტუაცია, რეგულირების კუთხით, დადებითისკენ შეიცვალა. მთავარი პრობლემა მასობრივი უმუშევრობაა, საჭიროა მისი მოგვარება.

 

„ქრონიკა+“ დაუკავშირდა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტს, ზურაბ გვასალიას, რომელმაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ამ კუთხით კომენტარის გაკეთება არ შეუძლია, საბანკო სექტორის კუთხით ვერ განიხილავს, რადგან ეს რეესტრი სასამართლოდან გამომდინარეა. რაც შეეხება სესხების ამოღებას, ამის  პრობლემა კი მათ (ბანკები) არ აქვთ, რადგან პრობლემური სესხები მხოლოდ 3%-ს შეადგენს, რაც მთლიან პორტფელთან მიმართებით ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

 

გიორგი კეპულაძე _ ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დირექტორი:

_ მოვალეთა რეესტრში მსესხებლების რაოდენობის ზრდას იწვევს ის, რომ მათ სხვადასხა ტიპის დავალიანება უგროვდებათ. სახელმწიფო მოვალეთა რეესტრში ხვდებიან ისინი, ვისაც სესხი აქვთ, ვინც ჯარიმა ვერ გადაიხადა და ა. შ.

როცა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპი დაბალია, თავისთავად, ჭარბვალიანი მოსახლეობა უფრო მეტია. სამწუხაროდ, მოვალეების რიცხვს ჩვენს ქვეყანაში სტაბილური ზრდა ახასიათებს.

ყველაფრის გამოსწორება მაღალი ეკონომიკური ზრდით შეიძლება. ხალხს ფული უნდა გაუჩნდეს ჯიბეში და ამისთვის საჭიროა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამასთანავე, აუცილებელია, რომ იყოს მეტი მოსახლე მეტი შემოსავლით. ამ რეესტრში, ძირითადად,  ხვდებიან დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ადამიანები, ეს კი ღარიბი ქვეყნის სინდრომია. იმისთვის, რომ ეს დაიძლიოს, მაღალი ეკონომიკური ზრდაა საჭირო.

დაშინებას რაც შეეხება, ცალკე საკითხია. აქ საქმე ეხება იმას, რომ როდესაც ადამიანს რომელიმე საფინანსო ინსტიტუტში ვალი აქვს, ის ამ საქმეს პრობლემური სესხების კომპანიას გადაცემს და ხშირად მსესხებლის მორალური უფლებები ილახება _ აქ სისხლის სამართლის დანაშაულს არ აქვს ადგილი, მაგრამ ჩვენც მოგვმართავენ ეს ადამიანები, რომელთაც ასეთი კომპანიიდან დაურეკეს და მათი მორალური უფლებები დაირღვა, თორემ იურიდულად შეიძლება, როცა სესხის გამცემ კომპანიას არ უბრუნებენ თანხას, მან ამ თანხის ამოღებისთვის სასამართლოს მიმართოს და იმუშაოს. სასამართლოსთვის მიმართვაზე უფრო ხშირად არის ხოლმე სატელეფონო ზარები, მუქარა, რაც ხშირ შემთხვევაში საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს კეთდება იმისთვის, რომ ადამიანზე ზეწოლა მოახდინონ, რომ მან სწრაფად დაფაროს სესხი.

საქართველოში სამოქალქო საქმეები იმდენად გაწელილ ვადებთანაა დაკავშირებული, რომ ამ ორგანიზაციებს ურჩევნიათ, პირადი კომუნიკაციით ამოიღონ სესხი.

 

ირაკლი თედორაძე _ ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტი:

_ საქართველოში ასეთი სოციალური ფონია და არასტაბილური შემოსავალი.  როგორც ვიცი, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც მუშაობს, მაგრამ, უმეტესად, ხელფასები გვიანდება. მსესხებლებს ყველაფერი გათვლილი აქვთ დროულად აღებულ ხელფასზე და როდესაც მათ სესხის გადახდის დრო მოსდით, უგვიანდებათ და დროულად გადახდას ვერ ახერხებენ.

აქ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები რომ გავითვალისწინოთ, რასაც  საქსტატი აქვეყნებს, რომ იზრდება ბიზნესის მოცულობა, ინვესტიციები შემოდის და ა. შ., ეს ნაკლებად შეესაბამება რეალობას. ჩვენ თუ სეზონის ეკონომიკაზე მიბმას შევეხებით, მოსალოდნელიც იყო, რადგან ტურისტული სეზონი იწყება და უფრო სეზონური ბიზნესის გააქტიურებამ გამოიწვია ზრდა, ვიდრე,  გრძელვადიანმა პროექტებმა.

გვაქვს კანონი პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ, რომელიც ადამიანის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებას არეგულირებს. ზოგადად, უკვე ისწავლეს კრედიტორმა კომპანიებმაც მუშაობა _ ამაში იგულისხმება ის, რომ ისინი ხელშეკრულებაში ნებართვას იღებენ, რომ შემდგომში თუ სესხი გაპრობლემდება, მესამე პირებს მიმართონ ინფორმაციის დასადგენად, ან მოიწვიონ და ინფორმაცია დაამუშაონ. აქედან გამომდინარე, ტექნიკური და კანონის დაცვის კუთხით დარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა ეს შენიღბულია, როგორც, მაგალითად, გახსოვთ, ალბათ, პრემია და დანამატის შემთხვევაში იყო _ ერთი სიტყვის შეცვლით აღმოიფხვრა პრემიის პრობლემა… გამომდინარე აქედან, როცა კონკრეტული პირის ფინანსური სტატუსი ნებისმიერი ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიმაჩნია, რომ ეს არის უფლებების დარღვევა, მაგრამ ამას გამოსავალი ის აქვს, რომ კრედიტორი კომპანია წინასწარ ხელშეკრულებაში ნებართვას იღებს, ავტომატურად, ეს არის პირობა.

თითოეული მიკროსაფინანსო და საკრედიტო ორგანიზაცია პასუხისმგებლობის გრძნობით უნდა მიუდგეს სესხის გაცემის პროცესს და კიდევ _ აუცილებელია შრომის კანონმდებლობის დაცვა: ხელფასების არდაგვიანება, სტაბილური სამუშაო ადგილი და ა. შ. ჩვენი შრომის კოდექსი ტრაფარეტულია.

 

ვახტანგ ხომიზურაშვილი _ ექსპერტი:

_ მსესხებლების უმეტესობა ამ თანხებს იმიტომ იყენებს, რომ ალტერნატიული სტაბილური წყარო არ გააჩნია. არის კატეგორია, რომელიც გარკვეული აზარტული თამაშებისთვისაც იყენებს მას, მაგრამ ეს ჯგუფი მცირერიცხოვანია. უმეტესად, მაინც, სამუშაო ადგილების დეფიციტიდან გამომდინარეა მსესხებელი. ბევრი ადამიანი შემცირებაშიც მოყვა.

როდესაც ადამიანს სწრაფად უქრება შემოსავლის წყარო, რთულია. არის კატეგორია, ვინც პროდუქტებისთვის იყენებს ამ თანხებს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ პირობებს, რადგან მანამდე დიდი საპროცენტო განაკვეთი იყო სესხებზე, აქედან გამომდინარე, ამ სესხების მომსახურება ხალხს ძალიან უჭირდა. ბოლო პერიოდში საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით საკითხები, გარკვეულწილად, დარეგულირდა და გამკაცრდა. იგი ახლა არ უნდა აღემატებოდეს წლიურ 100%-ს. თუმცა ონლაინ სესხებს რომ დავანებოთ თავი, ზოგიერთი ბანკი ძალიან მაღალ საპროცენტო განაკვეთს იყენებს და უშუალოდ თვითონ არღვევს კრედიტის გამოყენების პრინციპებს. „საქართვლოს ბანკი“ მომხმარებელს საშუალებას არ აძლევს, რომ მან ნაწილ-ნაწილ დაფაროს ვალი, ანუ თანხის ერთბაშად შეგროვება პირს უჭირს, ამიტომ მთლიანად დაფარვას აჭიანურებს, თუმცა ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთია უკვე გახანგრძლივებაზე. წარმოიდგინეთ, 10%-ია თვეში, ანუ წლიური 120% და როცა ბანკი ასეთ ხრიკებს მიმართავს, ხაფანგივით არის, არ იძლევა საშუალებას, ნაწილ-ნაწილ დაფარო და ამხელა განაკვეთია. რასაკვირველია, ბევრი ასეთ წნეხს ვერ აუდის. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი რომ ერთმანეთზე დაალაგო, იმ ადამიანების რიცხვი თავისთავად იზრდება, რომელიც ვალდებულებებს ვეღარ ასრულებს.

სიტუაციის შედარებით დარეგულირებამდე ყველა ღონეს მიმართავდნენ, რომ ადამიანებზე ფსიქოლოგიურად ემოქმედად. შედარებით მსუბუქად, მაგრამ ახლაც გრძელდება ეს ზეწოლა და, სხვათა შორის, აღნიშნული ტენდენცია მხოლოდ ონლაინ სესხების მხრიდან არ არის, ბანკების მხრიდანაც შეინიშნება. საკრედიტო ოფიცრები წარმოუდგენლად უხეშად არღვევენ ადამიანის უფლებებს.

ყველაფერი კი მაინც ეკონომიკურ ზრდაზეა მიბმული. თუ იქნება ინვესტიციების ზრდა ეკონომიკის რეალურ სექტორში, ამ შემთხვევაში სამუშაო ადგილები ავტომატურად გაჩნდება _ ეს ერთადერთი გამოსავალია. მოსახლეობას მიეცით სამუშაო და ისიც დალაგდება, სხვა შემთხვევაში, სულ ასე იქნება.

 

საქართველოში ონლაინ სესხების ბიზნესი, ბოლო ათი წლის განმავლობაში, გააქტიურდა. ბაზარზე, პრაქტიკულად, ყოველთვიურად იქმნებოდა ახალი კომპანიები, რომლებიც სარეკლამო კამპანიით იზიდავდა მომხმარებელს. ონლაინ სესხების საპროცენტო განაკვეთი, ხშირ შემთხვევაში, 700-900%-ს აღწევდა წლიურად.

თუმცა ახლა, ხელისუფლების ამ წლის იანვრით დათარიღებული გადაწყვეტილებით, ონლაინ სესხების გამცემ კომპანიებს სესხის გაცემის დროს სესხის სარგებლის ზედა ზღვარი დაუწესდათ. ამ გადაწყვეტილებით ქვეყანაში მაღალპროცენტიანი _ 150%-ზე ზემოთ ონლაინ სესხების გაცემა, პრაქტიკულად, იკრძალება. სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ დარეგულირდა შედარებით მდგომარეობა ბაზარზე, თუმცა ფაქტი მაინც სახეზეა და იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც „შავ სიაში“ ხვდებიან, სტაბილურად, თქვენი ამ სტატიის კითხვისა და ჩვენი ძილის დროსაც კი იზრდება.

 

ნინო ტაბაღუა