მეთოჯინე ბიჭი, რომელიც მთელი სხეულით გრძნობს თავის მოწოდებას

29 წლის მეთოჯინე პროფესიით ფართო პროფილის ვეტერინარი ექიმია, თუმცა ეს მხოლოდ დიპლომით, ისე კი საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია და ახლა მთელი სხეულით გრძნობს იმას, რასაც აკეთებს.

იყო მასწავლებელიც, დევნილ ბავშვებს ასწავლიდა ძერწვას, თითქმის ერთი წლის მანძილზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის დილის ეთერში ვიქტორინა მიჰყავდა და საკუთარ ხელნაკეთ სათამაშოებს ათამაშებდა. უმსახიობია კიდეც, უთამაშია კომედიაში „ზაზუ“ მსახიობ მიშა მესხთან ერთად, სადაც „ძველი ბიჭის“ როლი მოირგო, გამომძიებელიც ყოფილა ერთ-ერთ ქართულ სერიალში. ამბობს, რომ არც „ძველი ბიჭია“, არც გამომძიებელი, არც ვეტერინარი (მიუხედავად ცხოველებისადმი სიყვარულისა), მისი ნამდვილი საქმე თოჯინების კეთებაა, რომელშიც ყოველთვის გულწრფელ ემოციებს დებს. როგორც ამბობს, მთავარი იდეაა, ის, თუ როგორ იქმნება ნამუშევარი გონებაში, მერე ნელ-ნელა მიდის ყველაფერი.

ამჟამად მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულის, თოჯინების მუზეუმის კურატორია.

 

დღეს ქართველ მეთოჯინე ბიჭს, ბაჩო ცანავას გაგაცნობთ:

_ ბაჩო, ცოტაოდენი მოგვიყევი შენზე, რამ გიბიძგა თოჯინების შექმნისკენ და როგორ დაიწყო შენი ისტორია ამ სფეროში?

_ 10 წლიდან ვაკეთებ თოჯინებს, ძერწვით და თამაშით დავიწყე, სამწუხაროდ, არ ვხატავ, თორემ აკადემიაში ჩავაბარებდი. ამის გამო აკადემიაში არ ჩავაბარე და ცხოველების სიყვარულმა ჩამაბარებინა ვეტერინარიულზე. თუმცა ხელოვნებამ მაინც თავისი გაიტანა და მეთოჯინე გავხდი. მასშტაბურად თოჯინების კეთება 2006 წლიდან დავიწყე. თან ვსწავლობდი ვეტერინარიულზე და თან თოჯინებს ვაკეთებდი, მაგრამ არავინ იცოდა, ოჯახის წევრებისა და ახლო მეგობრების გარდა. ჩემი პირველი გასვლა იყო სააღდგომო გამოფენაზე.

2008 წელს, როცა სწავლა დავამთავრე, უკვე მთლიანად სათამაშოებზე გადმოვერთე.

2010 წელს ვატიკანის ელჩის მიწვევით იტალიაში, ნეაპოლში წავედი, სადაც კაპო დე მონტეს სამეფო ფაიფურის სასწავლებელში ვსწავლობდი _ ეს  ერთადერთი განათლებაა ამ სფეროში, რაც მაქვს. როსოს ქუჩაზე პატარა საწარმოებში ოსტატები მუშაობდნენ და ჩვენ შეგირდები ვიყავით. იქ ერთადერთი ქართველი ვიყავი და ვარ, ვინც წავიდა. ვმუშაობდი ისეთ ძვირფას მასალაზე, როგორიც ფაიფურია, რა თქმა უნდა, ფერებიც დავხვეწე და ეს პროცესი ძალიან საინტერესო იყო. იქ ხომ თოჯინებისა და ფაიფურის ტექნიკა ძალიან განვითარებულია.

_ რაიმე გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვს?

_ კი, რა თქმა უნდა, „ჯამბაზი“, რომელიც ძალიან საინტერესო გამოვიდა. გამოფენაზე ბევრჯერ მქონია გატანილი და ვინც ხედავს, ყველა ამბობს, რომ მე მგავს. არ ვიცი, რით მგავს, მაგრამ მაინც, ხშირად ვამბობ ხოლმე, როცა ხელოვანი ნამუშევარს ქმნის, მისი ემოცია, შინაგანი სამყარო, ყოველთვის ნამუშევარში გადადის.

თუ დააკვირდებით, მეთოჯინეების ნამუშევრები ჰგავს ხოლმე ავტორს.

_ ძირითადად, რა მასალით ქმნი ხოლმე ნამუშევარს?

_ შერეულ მასალას ვიყენებ: იტალიური თიხა, ცვილი, პლასტილინი. ძალიან ბევრი მასალაა. ჩემი მასალაც მაქვს, საკუთარი. ამ ბოლო დროს თოჯინებისთვის ნაჭრისგან დავიწყე ტანსაცმლის გაკეთება, ადრე ყველაფერს ერთი მასალისგან ვძერწავდი.

_ რამდენ ხანს ანდომებ ერთ ნამუშევარს?

_ გააჩნია, რა ხასიათზე ვარ. შეიძლება, დასაწყისში, ან შუა გზაშიც მივატოვო. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ თვეობით მიმიტოვებია ნამუშევარი და არც მივბრუნებივარ.

_ სირთულეები ბევრი შეგხვედრია ცხოვრებაში?

_ მარტივი ცხოვრება არ მქონია, თუმცა მშიშარა არ ვარ. ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მიყვარს.

ბევრი სირთულე შემხვედრია ცხოვრებაშიც, ხელოვნებაშიც, მაგრამ აქამდე მოვდივარ და ღმერთის წყალობით, ისეთი ადამიანები მხვდებიან ირგვლივ, რომ შესაძლებლობა მაქვს, ჩემს საქმეს ვემსახურო.

_ ბავშვობიდან რა გახსოვს ყველაზე მეტად?

_ ჩემი ვეტერინარიული მიდრეკილებები: გველები, ხვლიკები, ბაყაყები ყოველთვის მიზიდავდა. არ ვხოცავდი, როგორც სხვები, მაგრამ ერთმანეთს ვაჯიბრებდით, ან ზოოპარკებს ვაკეთებდით. თუმცა პათოლოგიურად მეშინია ყველაფრის, რასაც ბუმბულები აქვს.

_ ოჯახში როგორ მოსწონთ შენი საქმიანობა?

_ ჩემი ოჯახი არ არის ხელოვანების, თუმცა ყოველთვის მქონდა მხარდაჭერა. მეუბნებოდნენ, ბიჭი ხარ და ხელოვნებით არ იქნება ფულის შოვნის შანსიო, მაგრამ ისეთი ტიპი ვარ, რომ რაც მინდა, ის ბოლომდე გამაქვს, მით უმეტეს, თუ მთელი სხეულით ვგრძნობ და ვიცი, რომ ეს ჩემი საქმეა. როცა იტალიაში თოჯინების გამოფენაზე გავემგზავრე, მერე უფრო დაიწყო ხელშეწყობა, ჩემი ნამუშევრების პირველი შემფასებელი დედა იყო ხოლმე.

_ რომელიმე გადაწყვეტილება თუ გინანია?

_ შეიძლება… ხშირად მიფიქრია იმაზე, თუ რას ვნანობ. ვნანობ მხოლოდ  იმას, რომ დედის ავადმყოფობა უფრო ადრე ვერ გავიგე (თუმცა არ ვიცი, ამას უფრო ადრე როგორ გავიგებდი), უფრო ადრე რომ გამეგო, შეიძლებოდა, მეშველა, ეს მაქვს გულში ჩარჩენილი. დანარჩენს არაფერს ვნანობ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ წმინდანი ვარ. უბრალოდ, დანარჩენი კონკრეტული ისეთი არაფერია.

_ რომელ თვისებას აფასებ ადამიანში ყველაზე მეტად?

_ ყურადღებას. ერთი უცნაური ჩვევა მაქვს, ძალიან მარტივად ვხვდები ადამიანის შინაგან სამყაროსაც კი. არ მჭირდება წლები და თვეები, რომ ადამიანი შევიცნო. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ და შეგრძნებები გამძაფრებული მაქვს. ყურადღება ისაა, რაც ჩემთვის ადამიანში ყველაზე ღირებულია.

_ როგორ გგონია, შენში რა არის ღირებული?

_ ცოტა რთულია, საკუთარ თავზე ისაუბრო, მაგრამ ყურადღებიანი ვარ. რასაც სხვების მიმართ ვაკეთებ, იმავეს ვითხოვ. ეს ფინანსებზე არ არის დამოკიდებული. როცა მე, შეიძლება, 10-ჯერ დაგირეკო, მოგიკითხო, როგორ ხარ, შენ კი არც გაგახსენდები, აქ უკვე ძალიან ცუდად შეიძლება წავიდეს საქმე.

_ რა არის ისეთი ძვირფასი რამ, რისი გაცემაც გიჭირს ხოლმე?

_ ყველაზე ძვირფასი ჩემთვის ოჯახია, რომელსაც ვერასდროს გავცემ. ნამუშევრები ჩემთვის ღირებულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა სრულიად უცნობი ადამიანისთვისაც კი მიჩუქებია. უნდა მივხვდე, რამდენად აფასებს ნამუშევარს. თუ არ აფასებს და არაფრად უღირს, რა თქმა უნდა, არ ვაჩუქებ.

_ ინსპირაცია როგორ მოდის?

_ ადრე, ძირითადად, წაკითხული ლიტერატურიდან ვაკეთებდი და ეტყობოდა კიდეც ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ ახლა ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა, ბევრი რამ გამოვცადე და ჩემი ნამუშევრები უფრო ადამიანური გახდა. არ ვიცი, საიდან მოდის, მაგრამ მნახველი ყოველთვის ამბობს, რომ ჩემი ნამუშევარი ემოციურია.

ყოველთვის ვიყავი ემოციური, ახლა ჩემს ნამუშევარს მეტის თქმა შეუძლია. ალბათ, რაც უფრო იზრდები, მით უფრო მეტად იზრდება შენი ნამუშევრები.

_ მუშაობის პროცესში მუსიკას თუ უსმენ ხოლმე?

_ არა, თუმცა ძალიან მიყვარს კლასიკა. სხვა ჟანრებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ მაინც შეიძლება რაღაც დავიჭირო და იმას მოვუსმინო.

_ ვინმე წიგნის, ან ფილმის გმირი თუ გყავს, რომელსაც გგონია, რომ ჰგავხარ?

_  არ მყავს, თუმცა მყავს საყვარელი გმირები. ერთ-ერთი ასეთი იყო ჯეინ ეარი და პირველი თოჯინა სწორედ ის გავაკეთე, რომელიც ზომებში გავზარდე. სახასიათო და დიდი ნამუშევარი გამოვიდა.

ადამიანებში ძალიან მიყვარს სიძლიერე. დადებითი სიძლიერე. ვგულისხმობ, როცა საკუთარ თავსაც გადაარჩენ და ცდილობ, ირგვლივ სხვებიც დაიცვა, როცა სხვისი სიყვარული და მისი გადარჩენაც შეგიძლია, ეს ორმაგი ნიჭია.

_ შენი აზრით, რისი შეცვლაა საჭირო იმ სისტემაში, რომელშიც ხარ?

_ მინდა, რომ თოჯინური ხელოვნება უფრო მასშტაბური, ცნობადი იყოს და მეტი ყურადღება ექცეოდეს.

_ ვინ ან რა გენატრება?

_ დედაჩემი, რომელიც სულ ახლახან წავიდა.

_ რა გეამაყება?

_ ჩემი ოჯახი, მეგობრები და საკუთარი თავიც.

_ კმაყოფილი ხარ საკუთარი ნამუშევრებით?

_ არასდროს, ყოველთვის ვხედავ რაღაცას, რაც შესაცვლელია. არ მიყვარს ხოლმე გაპრიალებული ნამუშევრები, მაგრამ როცა ნამუშევრები გამოფენაზე გაგაქვს, ე. ი. მოგწონს. ადამიანების თვისებაა, რომ როცა რაღაცას ხედავ, გინდა შეეხო, ამიტომ მეშინია ხოლმე, რომ ვინმემ რამე არ დაუზიანოს, სულ სადარაჯოზე ვდგავარ გამოფენებზე.

_ რისი გჯერა?

_ ბევრი რამის. ცრუმორწმუნეც ვარ, არასდროს გავივლი იქ, სადაც შავმა კატამ გადაიარა. ცუდად მაქვს დაცდილი და როცა შეიძლება, რომ იქ არ გავიარო, რატომ უნდა გავიდე?!

ერთხელ მქონდა შემთხვევა: თავისუფლების მოედანზე ვიდექი და ვხედავ, შავმა კატამ გადაირბინა. იმწამსვე გავჩერდი და არაფრით არ გავიარე. ჩემ უკან, თურმე, კიდევ ხუთი ადამიანი იდგა, ვიღაც მოხუცმა ქალმა ჩაიარა და ისე გამლანძღა, რომ ახლაც მახსოვს, _ რა შუაშია შავი კატა, რა დააშავა, რომ შავიაო და ა. შ. ვუთხარი, _ მე ასე მჯერა და ხომ მაქვს უფლება, ისე მოვიქცე, როგორც მჯერა-მეთქი?!

ცხოველები ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი ცრურწმენა მაქვს.

_ შენთვის ცხოვრების აზრი რა არის?

_ პირველ რიგში, ადამიანი _ ოჯახი, მეგობრები. მარტო ფულის შოვნას აზრი არ აქვს. ჩემი ცხოვრების აზრია ის, რასაც ამ წუთას ვაკეთებ. ეს საქმე რომ არ მიყვარდეს, საათობით არ დავჯდებოდი და რაღაც თოჯინას არ გამოვძერწავდი.

_ მაქსიმალისტი ხარ?

_ კი, რაც ჩემს საქმიანობაში გამოიხატება.

_ რისი კეთება გიყვარს ყველაზე მეტად?

_ ადრე ჯამბაზების მიყვარდა და ეგ პერიოდი დავამთავრე. ახლა სახასიათო ადამიანების კეთება მიყვარს.

_ რა გაბედნიერებს?

_ როცა ჩემს ნამუშევრებს ხედავენ და მეუბნებიან: შენი ნამუშევრებით ბავშვობაში დამაბრუნეო.

_ რა გაღიზიანებს?

_ კრიტიკა, თუმცა გააჩნია, ვინ გაკრიტიკებს. როცა ადამიანი კომპეტენტურია, მიიღებ. როცა აზრზე არაა და გაკრიტიკებს, მაშინ ვახვედრებ და ყველაფერს კონკრეტულად ვეუბნები.

_ როგორ ადამიანს სცემ პატივს?

_ ნიჭიერ ადამიანს, რომელმაც თავისი საქმე კარგად იცის და შენს ნამუშევარს აფასებს, როგორც მცოდნე.

_ რაზე ფიქრობ ყველაზე ხშირად?

_ მაგალითად, ვფიქრობ, საიდან მოვდივართ. რაღაც დასკვნასთან რომ მივალ, ტვინი ვეღარ ძლებს და ითიშება (ასეა ყველა, გონება რაღაცისადმი მიუწვდომელია), ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობ.

_ საკუთარი თეორიები თუ გაქვს ჩამოყალიბებული?

_ თეორიები არა, მაგრამ ჩემები ხშირად მეუბნებოდნენ, შენი კანონებით ნუ ცხოვრობ, თორემ გაგიჭირდებაო. მე ასეთი ვარ. რაღაცებზე საკუთარი შეხედულება მაქვს.

_ თავისუფალი დრო თუ გაქვს, რას შვრები ხოლმე?

_ ძირითადად ვმუშაობ, სახლის ტიპი ვარ. მირჩევნია, ჩემთან მოვიდნენ, ვიდრე გავიდე. არ მჭირდება გარეთ სიარული და ა. შ. კლუბებში სიარული არ მიყვარს.

_ თავისუფლება რა არის შენთვის?

_ თუნდაც ის, რომ არ შემზღუდონ იმაში, რასაც ვაკეთებ.

_ თავისუფალი ხარ?

_ არა.

_ რა გაკლია თავისუფლებამდე?

_ ჩემს გონებას ბევრი რამ აკლია მაგისთვის. ისეთ გარემოში გავიზარდე და ვიზრდები, სადაც ვერ ვიქნები ბოლომდე ისეთი, როგორიც ხელოვანი უნდა იყოს.

_ ყველაზე დიდი მიღწევა შენთვის რა იქნება?

_ ის, რომ ჩემს ნამუშევრებს ლუვრში დადებენ.

_ ახლა რა არის?

_ ახლა საქართველოში მუზეუმებში რომ არის დაცული ჩემი ნამუშევრები და კატალოგებშიც შეტანილი, ალბათ, ის.

_ რისთვის არ გყოფნის დრო?

_ ბევრი რამისთვის და, საერთოდ, მგონია, რომ ძილში ვკარგავთ დროს. სულ ვმუშაობ. უამრავი საქმე მაქვს სამსახურშიც. მერე რაღაცებს ვკითხულობ და სულ მგონია, რომ ძილში ვკარგავ დროს. ეს შეგრძნება ახლა დამეწყო და ვფიქრობ, რომ არასაკმარისი დროა. კიდევ ბევრი რამის გაკეთება მინდა, მაგრამ ვერ ვასწრებ. თან მე დღისით ვმუშაობ. იმდენი დეტალია დასამუშავებელი, რომ ღამით როგორი შუქი, განათებაც უნდა იყოს, ამას ვერ ვაკეთებ. ზამთარში ეს განსაკუთრებულად მიჭირს.

_ რას ნიშნავს სიყვარული შენთვის?

_ ბევრ რამეს, სტიმულია. ზოგი ზარმაცდება და ზოგი _ პირიქით. მე გავაქტიურდი და ზუსტად მაგ პერიოდში მქონდა გამოფენა. მერე, როგორც ხდება ხოლმე, დავშორდით. ისიც ხელოვანი იყო, მეც და ბევრი რამე გადაიკვეთა. მერე იტალიაში წავედი… მას მერე ისეთი სიყვარული არ მწვევია.

_ ვინ არის ბაჩო ცანავა?

_ ადამიანი, რომელსაც საკუთარი საქმე უყვარს და ემსახურება მას. მადლობა ნინი სანადირაძეს, რომელმაც საშუალება მომცა, აკადემიურ სივრცეში მეკეთებინა ჩემი საქმე.

_ საკუთარი თავი და ადგილი იპოვე?

_ კი, ალბათ, აქ არის,

_ მომავალში რას გეგმავ?

_ დიდი ხანია, მინდა პორტრეტული გამოფენა მოვაწყო. ისეთი ტირაჟული არა, როგორიც ჯამბაზების დროს მქონდა. მინდა, თოჯინებში ავსახო საინტერესო ადამიანები თავიანთი ემოციებით, დღევანდელობაში გადმოსულები და ა. შ.

ახლა შესვენების პერიოდი მაქვს, რაღაცას ვაკეთებ და ვერ მიპოვია. ზოგადად, როცა რაღაცას აკეთებ, ყელაზე მნიშვნელოვანი იდეური ჩანასახია, მერე თავისით ვითარდება ქმნილება, თუმცა ამასაც ბევრი შრომა უნდა. იდეურ ჩანასახს ვეძებ და ადამიანებსაც ვეძებ.

_ რას ეტყვი საზოგადოებას, რა იქნება შენი გზავნილი?

_ ერთმანეთის მიმართ დამთმობები იყვნენ, ერთმანეთი უყვარდეთ. სიტყვას დიდი ძალა აქვს. ვუსურვოთ ერთმანეთს დადებითი, რომ ამ ქვეყანაშიც დალაგდეს ყველაფერი.

ასევე, საზოგადოებას ვთხოვ, რომ დაინტერესდნენ თოჯინების ხელოვნებით, რადგან ეს ძალიან ლამაზი და  საოცარი სამყაროა.

 

ამ საოცარ სამყაროში დავტოვე ბაჩო. ახალი იდეით და საინტერესო სახეებით ის ბევრ რამეს გეგმავს. ალბათ, წუხელაც ძალიან ცოტა ხანს ეძინა და დროს არ „კარგავდა“ ძილში. ის ხელოვანია, რომელიც მთელი სულითა და სხეულით გრძნობს თავის ადგილს იქ, სადაც ახლაა.

გაიცანით ბაჩო ცანავა, _ 29 წლის მეთოჯინე თბილისიდან.

 

ნინო ტაბაღუა