მადონა კოიძე: ,,მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ყოველთვის იყო ხელისუფალთა ინტერესების სფერო!”

2016 წელს „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სპეციალურად შექმნილმა კომისიამ მთავრობას თინათინ რუხაძის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც 28 სექტემბერს დამტკიცდა. ვინ შედიოდა კომისიაში, რომელმაც რუხაძე დირექტორად დაამტკიცა?!

დირექტორობის კანდიდატებს თბილისის მერის თავმჯდომარეობით შექმნილი კომისია აფასებდა, კომისიის შემადგენლობაში კი შედიოდა როგორც მერის ორივე მოადგილე, ისე კულტურისა და განათლების სამსახურების უფროსები, ასევე თბილისის საკრებულო და სპორტის სამინისტრო. კონკურსი 2016 წლის 15 აგვისტოს გამოცხადდა და მასში მონაწილე 46 პირისგან 8 შეირჩა. მეორე ეტაპზე გასული კანდიდატები კომისიამ მათ მიერ წარმოდგენილი სასახლის განვითარების კონცეფციების გათვალისწინებით შეაფასა. აქვე დავძენთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოზიციაზე თიკა რუხაძის კანდიდატურა საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა,  რომელშიც კულტურის სფეროს წარმომადგენლები შედიოდნენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ნატო მეტონიძე, დავით დოიაშვილი, ფრიდონ სულაბერიძე, ვალერი ასათიანი, მაია ჯაბუა, მურაზ მურვანიძე, ბასა ფოცხიშვილი, ნიკოლოზ შენგელაია, ზუზუ ნოდია და სხვები. აქ მათ სრულად არ ჩამოვთვლით. მათ სრულად სხვაგან ჩამოვთვლით.

ჯერ განცხადება, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის, „ადვოკატთა ალიანსისა“ და „საქართველოს პარაოლიმპიური ფონდის“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის მხარდასაჭერად საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა გაავრცელეს:

„თქვენო აღმატებულებავ, გვინდა დავადასტუროთ, რომ მამუკა მდინარაძე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც პროფესიონალი იურისტი და წარმატებული ადვოკატი, ამასთანავე, არის კარგი შვილი, მეუღლე და მამა, კარგი მეგობარი, ობიექტური, სამართლიანი, ერთგული და პრინციპული ადამიანი, ჩვენი აზრით, აღნიშნული თვისებები მნიშვნელოვანია პიროვნებისთვის, რომელმაც უნდა დაიკავოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა.

ჩვენ, როგორც საზოგადოების წარმომადგენლები, ვუერთდებით იურისტთა და მეცნიერთა წრეს, რომელმაც უკვე მოგმართათ წინადადებით მამუკა მდინარაძის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენის შესახებ. ჩვენი აზრით, ამ პოსტზე მისი საქმიანობით ქვეყანაში ნამდვილად გაიზრდება საზოგადოების ნდობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ბატონო პრეზიდენტო,

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ თუკი თქვენ მიერ მამუკა მდინარაძის კანდიდატურის განხილვისას დეტალურად დაინტერესდებით მისი განვლილი პროფესიული კარიერით და პიროვნული თვისებებით, თავად დარწმუნდებით, რომ ის მართლაც არის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ღირსეული პრეტენდენტი“.

მიმართვას ხელს აწერენ: ირაკლი მეძმარიაშვილი, ბასა ფოცხიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი, მიშა კობახიძე, ნინო დარასელი, თიკა რუხაძე, დავით ოქიტაშვილი, გიო ხუციშვილი, ნატო გელაშვილი, მამუკა ჩარკვიანი, ეკა კახიანი, მიშა მესხი, ია სუხიტაშვილი, ილო ბეროშვილი, მაია ჯაბუა, ქეთათო ჩარკვიანი, ერნა წიფურია, ჯემალ ბაღაშვილი, გია ბაღაშვილი, ბახვა ბრეგვაძე, ვაჟა აზარაშვილი და ა. შ.

თიკა რუხაძის გვარს კარგად ხედავთ მამუკა მდინარაძის მხარდასაჭერ პეტიციაში. ეს, ფაქტობრივად, იგივე გვარებია (ყოველ შემთხვევაში, ძირითადი ნაწილი), რომლებმაც ორი წლის შემდეგ, უკვე, თინათინ რუხაძის კანდიდატურა წარადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის პოსტზე. ანუ მამუკა მდინარაძესა და თიკა რუხაძეს ერთი და იგივე რეკომენდატორები ჰყავს.

სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ის კითხვაზე, _ მართალია თუ არა, რომ მამუკა მდინარაძე და თინათინ რუხაძე ნათელ-მირონები არიან, თიკა რუხაძისგან მივიღეთ პასუხი, _ არა!

განვაგრძოთ: ნიკოლოზ რაჭველმა (მემანიშვილი) თავისი რეკომენდაცია იმით დაასაბუთა, რომ რუხაძეს დიდი გამოცდილება ჰქონდა ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობის დროს, რომ კარგი მენეჯერია და ა. შ. რუხაძის კარგ მენეჯერობას ხაზი გაუსვეს, ასევე, დოიაშვილმა, მეტონიძემ და ა. შ.

კიდევ სამი წლით უკან დავბრუნდეთ და საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს არხის გენერალური დირექტორის პოსტზე თიკა რუხაძის მიერ შეტანილ განცხადებას გადავხედოთ. კონკურსში მონაწილე 146 კანდიდატიდან რუხაძე ბორდის მიერ არჩეულ ოთხეულში მოხვდა და შემდეგ ტურში გადავიდა.

„საბჭომ უნიჭო სპექტაკლი დადგა, რომელშიც ჯერ ჰყავდათ ერთი მთავარი მოქმედი პირი, მერე მეორე მოქმედი პირი და მათი უნიჭო თამაშის გამო ყველაფერი ეს სააშკარაოზე გამოვიდა, შემდეგ გამოვჩნდი მე, ჩემი კრიტიკით და ამის ფონზე, რა თქმა უნდა, არ ამირჩევენ“, _ განაცხადა იმ დროს თიკა რუხაძემ. „ჩემი ცხოვრებით და ჩემი გამოცდილებით მაქსიმალურად ვეცადე, აქამდე ისე მოვსულიყავი, რომ მიკერძოებული არ ვყოფილიყავი. მიკერძოებული ხარ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ჯგუფზე ხარ დამოკიდებული. თუ ჟურნალისტები ვერ აკმაყოფილებენ ჟურნალისტურ სტანდარტებს და ისინი მაინც ტენდენციურად გადმოსცემენ მოვლენებს, ამ დროს მენეჯმენტი უნდა ჩაერიოს. მთავარია, რომ სწორი კადრები შეარჩიოს, მაღალპროფესიონალური, რომელიც თავის პროფესიას არ აკადრებს, რომ ტენდენციურად გააშუქოს ესა თუ ის პროცესი. რატომ და როგორ მოხდა ისე, რომ კრიზისში შევიდა არხი, მე ვერ გეტყვით იმიტომ, რომ არ ვარ ჩახედული“.

რატომ მოხდა, რომ კრიზისში შევიდა „ცენტრ პოინტ“ ჯგუფი?! კრიზისში კი არა, კრიმინალში?! თიკა რუხაძემ „ქრონიკა+“-თან განაცხადა, რომ იგი რიგითი თანამშრომელი იყო და იქ განვითარებულ მოვლენებთან არაფერი აკავშირებდა.

2007 წელი, 16 იანვარი. ამონარიდი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ჰუმანრაითვოჩის“ ანგარიშიდან:

„სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტის“ წარმომადგენელი თიკა რუხაძე ამბობს, რომ მსგავსი კანონმდებლობის მიღება აუცილებელი იყო, თუმცა არ უარყოფს, რომ წლის ბოლოს ფასები გაიზარდოს: „საჭიროა, ყველა სახის სამშენებლო დარღვევაზე ცალკე გაიწეროს, _ რა ხდება და როგორ ხდება, რომ კანონი კანონს დაემსგავსოს. როცა წესებს კანონი დაარეგულირებს, კომპანია ვალდებული არ იქნება, მშენებლებს გარკვეული სტანდარტები მოსთხოვოს. თუ ადრე ობიექტური მიზეზებით კორპუსის ჩაბარების დაგვიანებაზე თვალს ვხუჭავდით და მთელი დარტყმა ჩვენზე მოდიოდა, ახლა მშენებელს ეცოდინება, რომ ამისთვის მას კონკრეტული სასჯელი დაეკისრება და თავად აგებს პასუხს“.

რაც შეეხება ფასებს, ტარიფები მშენებლობაზეც ისევე გაიზრდება, როგორც სხვა დანარჩენზე. ფასების ზრდა ყოველი წლის ბოლოს საკმაოდ აქტუალური თემაა: „წლის ბოლოს ყველაფერი ძვირდება. როგორც წესი, ჩვენ სამშენებლო მასალებით დამოკიდებული ვართ საერთაშორისო ბაზარზე და ასევე მიწის ფასზე, რომელიც წლიდან წლამდე ძვირდება. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ყველაფერმა საბოლოო პროდუქტის ფასზე ზეგავლენა იქონიოს“, _ ამბობს თიკა რუხაძე.

გარდა იმისა, რომ ხსენებული ორგანიზაცია რიგით თანამშრომლებს არ წერს, აქ თიკა რუხაძე წარმოდგენილია, რომ „ცენტრ პოინტის“ წარმომადგენელია, რომელიც ფასებზე, სანქციებზე, კანონმდებლობაზე და ა. შ. საუბრობს. „ცენტრ პოინტის“ თემას აქ აღარ შევეხებით, წინა პუბლიკაციაში საკმაოდ მიმოვიხილეთ და ისიც აღვნიშნეთ, რომ პროკურატურის მიერ ახლახან აყვანილი ქეთევან ჟორდანია სწორედ იმ სამსახურის თანამშრომელი იყო, რომლის ხელმძღვანელიც თიკა რუხაძე გახლდათ.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, არ არის გამორიცხული, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ამ ფუნქციას დროებით ინარჩუნებდეს.

 

მადონა კოიძე _ „მომხმარებელთა ფედერაციის“ თავმჯდომარე:

_ ის ტენდენცია, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში საჯარო პირები და მაღალჩინოსნები ანგარიშებს და მოხსენებებს ატარებენ, არასწორია.

_ რას გულისხმობთ?

_ მაგალითად, 2016 წლის სექტემბერში დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების პრეზენტაცია სასახლეში გამართა. ვისთვის? _ ბავშვებისთვის ხომ არა? ანდა, ყველას კარგად ახსოვს, რა მოხდა, პატრიარქი და ივანიშვილი სასახლეში რომ მივიდნენ… უფრო სწორად, ივანიშვილი აღარ მისულა. ყველა სამთავრობო ღონისძიებაზე ხომ მკაცრი შემოწმება ტარდებოდა. მაშინ სასახლეც დაიკეტა, შეწყდა სასწავლო პროცესი, პედაგოგებს სასახლის ბაღში შესვლის ნებაც არ დართეს. სასახლე ის ორგანიზმია, სადაც ნებისმიერი ბავშვი თავისუფლად უნდა შედიოდეს და გადიოდეს. სამთავრობო ღონისძიებები კი ასეთ რამეს ნამდვილად არ უწყობს ხელს.

_ ქალბატონო მადონა, წინა მერის დროს საუბარი იყო იმაზე, რომ სასახლე მისთვის საგანგებოდ აშენებულ ცენტრში სხვაგან უნდა გადასულიყო, აქ კი სხვა რამე იქნებოდა.

_ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ყოველთვის იყო ხელისუფალთა ინტერესების სფერო. რა თქმა უნდა, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ხვალ შენობა ტენდერში გატანილი ვიხილოთ. მე მომხმარებელთა უფლელების დამცველი ვარ და, მით უმეტეს, მოზარდების უფლებების. ვინაიდან ამას ვამბობ, ე. ი. მაქვს ეჭვის საფუძველი, თუმცა მანამდე ჩემი დამოუკიდებელი მოკვლევა უნდა ჩავატარო.

 

თამარ როსტიაშვილი