კობა ხაბაზი: „ქართული ოცნება“ ახალგაზრდებთან ბრძოლაში კისერს მოიტეხს“

შორენა მარსაგიშვილი

მმართველმა პარტიამ კიდევ ერთხელ შემოიტანა რუსული კანონი და როგორც თავად აცხადებს, ამჯერად უკან არ დაიხევს. პარლამენტის ყოფილი წევრი, კობა ხაბაზი, რომელიც ახლა უკრაინაშია და რუსი ტერორისტების წინააღმდეგ იარაღით ხელში იბრძვის, აცხადებს, რომ რუსულ კანონს ახალგაზრდობა აპროტესტებს, ახალგაზრდობასთან კი ომს ვერცერთი ხელისუფალი ვერ მოიგებს.

რისთვის დასჭირდა მმართველ პარტიას რუსული კანონის ხელახალი შემობრუნება? უკავშირდება თუ არა ეს რუსების წარმატებებს უკრაინის ფრონტზე? რა უნდა გააცნობიეროს ოპოზიციამ? საჭიროა თუ არა გაერთიანება? _ ამ თემების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება ექსპარლამენტარი კობა ხაბაზი:

_ საქართველოს ხელისუფლებამ შარშან გაწვეული რუსული კანონი უკან დააბრუნა და მისი განხილვაც დაიწყო. თქვენი აზრით, რას უკავშირდება „ოცნების“ ეს გადაწყვეტილება? შემთხვევით იმას ხომ არა, რომ რუსეთმა უკრაინის ფრონტზე პოზიციები გაიუმჯობესა? მსგავსი კანონი ყირგიზეთსაც მიაღებინეს და სლოვაკეთსაც. რუსეთი უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს თავს და გავლენების არეალს იფართოებს  თუ „ოცნება“ ცდილობს, რუსეთს ერთგულება დაუმტკიცოს?

_ პირიქით, რუსეთი გამარჯვებულად ვერ მიიჩნევს თავს. რუსეთში ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ მათთვის სულ უფრო ცუდი სცენარით  განვითარდება მოვლენები როგორც უკრაინაში, ასევე საერთაშორისო არენაზე. ამიტომ ცდილობს რუსეთი, რომ იმ ქვეყნებს, რომელთაც თავისი გავლენის ქვეშ მყოფად მიიჩნევს, გასაქანი არ დაუტოვოს. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებამ მოსკოვიდან მიიღო დავალება, რომ სასწრაფოდ აემოქმედებინა რუსული კანონი. საქართველოს ხელისუფლებაც მორჩილად ასრულებს კრემლიდან მიღებულ დავალებას. მთელი ისტორია ძალიან მარტივია, ყველაფერი ხელის გულზე დევს. „ოცნება“, თავის მხრივ, ცდილობს, რუსეთის ერთგულება დაამტკიცოს, მაგრამ რუსული კანონი ამისთვის არ შემოუტანიათ, ეს მათი ინიციატივა არ ყოფილა.

_ ფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ კანონის ხელახალი შემოტანის სურვილი არ ჰქონდა?

_ ნამდვილად არ ჰქონდა. ცხადია, რომ „ქართულ ოცნებას“ არაფერში სჭირდებოდა ამ კანონის წამოწევა და მისით თავის ატკივება მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების წინ.

_ ფიქრობთ, რომ „ოცნებას“ არჩევნები, ფაქტობრივად, მოგებული ჰქონდა?

_ არჩევნები მოგებული ჰქონდა თუ არა, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ხელსაყრელ პოზიციაში ნამდვილად იმყოფებოდნენ. მთელი ოპოზიცია შიდა დაპირისპირებაზეა გადასული, ერთმანეთს ტალახსა და ნაგავს ესვრის. ხელისუფლებისთვის იდეალური ფონი იყო ქვეყანაში, რომ თავისი კორუფციული თუ სხვა ბინძური საქმეები თავისუფლად ეკეთებინა. ერთმანეთის ლანძღვაზე გადასული ოპოზიცია ვერც კი ამჩნევდა, რა ნეპოტიზმი და უკანონობა იყო ქვეყანაში. ყველაფერი კარგად მიდიოდა „ოცნებისთვის“ და მათ მართლა არაფერში სჭირდებოდათ ამ რუსული კანონით თავის ატკივება.

რუსეთმა სხვანაირად გადაწყვიტა. კრემლს სურს, რომ საქართველო თავიდან ბოლომდე კონტროლქვეშ ჰყავდეს და ამის გარანტიებს საკანონმდებლო დონეზეც ითხოვს. დაურეკეს კრემლიდან „ქართულ ოცნებას“ და მოსთხოვეს რუსული კანონის მიღება. ესენიც მორჩილად შეუდგნენ რუსული საქმის კეთებას. ეგონათ, რომ ამჯერად ამას იოლად გააკეთებდნენ.

_ რისი იმედი ჰქონდათ? რატომ ეგონათ, რომ იოლად გაუვიდოდათ? შარშანდელი პროტესტიდან ვერ გამოიტანეს სათანადო დასკვნები? შარშან მარტში ისეთი საპროტესტო ტალღა აგორდა, რომ იძულებულები გახდნენ, უკან დაეხიათ.

_ შარშანდელი პროტესტი კი ახსოვდათ, მაგრამ მაინც იფიქრეს, რომ წელს უფრო იოლად გაიტანდნენ ამ კანონს. ამის ფიქრის საფუძველი მათ ჩვენმა ოპოზიციამ მისცა. ოპოზიცია ნამდვილად არ გამოიყურება კარგად. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებას გაუწიოს ოპონირება, ერთმანეთის ნაგვის სროლით არის დაკავებული. ამ ყველაფერს ხომ კარგად ხედავს ხელისუფლება? შეხედეს ერთმანეთთან დაპირისპირებულ ოპოზიციას და იფიქრეს, რომ ამჯერად იოლად გააძვრენდნენ რუსულ კანონს, მაგრამ ბოლომდე ვერ გათვალეს და მიიღეს კიდევაც მძლავრი პროტესტი.

საქართველოს ხელისუფლებამ, რატომღაც, არ გაითვალისწინა ახალგაზრდობა და მოსახლეობა, საიდანაც უზარმაზარი საპროტესტო ტალღა წამოვიდა. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, და განსაკუთრებით ახალგაზრდობას, არ უნდა რუსეთი. ჩვენმა მოსახლეობამ იცის, რომ რუსეთი არის ჭაობი. ჩვენი მოსახლეობა კარგად აცნობიერებს, რომ რუსეთი არის გზა, რომელიც საქართველოს უფსკრულისკენ წაიყვანს. არ გაითვალისწინა მოსახლეობის განწყობა ხელისუფლებამ და მიიღო უდიდესი წინააღმდეგობა.

_ ხალხის პროტესტი კი დიდი და მძლავრია, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ამჯერად ხალხის აზრს არ გაითვალისწინებს და კანონს აღარ გაიწვევს. თქვენი აზრით, იქნება საქართველოში ისეთი საპროტესტო ტალღა, რომ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოუწევს უკან დახევა?

_ ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული _ დღემდე ძალიან ბევრი გამოვიარე, ბევრი პროტესტის მომსწრე და მონაწილე ვარ და ერთი რამე ზუსტად ვიცი, _ ახალგაზრდა თაობასთან დაპირისპირებული ხელისუფლება აუცილებლად წააგებს. შეუძლებელია, ქვეყნის მომავალს დაუპირისპირდე და იქ გაიმარჯვო.

_ ამ შემთხვევაში მართლა ახალგაზრდებს დაუპირისპირდნენ, ძირითადად სწორედ ახალგაზრდები აპროტესტებენ რუსულ კანონს, რადგან ყველაზე მეტად მათ დააზარალებს რუსული კანონი.

_ მაგიტომაც წააგებს „ქართული ოცნება“ ამ ბრძოლას. მაგრამ არის ერთი ფაქტორიც: ზოგიერთი მოგება-წაგებას რუსული კანონის მიღება-არმიღებას უკავშირებს.  მიღება-არმიღება უკვე არაფერს ნიშნავს. ეს ბრძოლა დასაწყისშივე წააგო „რუსულმა ოცნებამ“ („ქართულ ოცნებას“ „რუსული ოცნება“ დავუძახოთ, რადგან ამ ხელისუფლებას ქართულთან საერთო არაფერი აქვს).

ხელისუფლებამ ეს დაპირისპირება დასაწყისშივე იმიტომ წააგო, რომ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა. მომავალთან დაპირისპირება წინასწარ განწირული მგონია. კი არ მგონია, ეს ასეა და ეს დრომ და პრაქტიკამ არაერთხელ დაამტკიცა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ არის ხელისუფლების სათავეში, ყველა წააგებს, ვინც მომავალ თაობას შეეჭიდება. კანონი რომ მიიღონ, პროტესტი გაგრძელდება და საბოლოოდ მაინც დამარცხდება „რუსული ოცნება“.

_ კანონის მიღების შემთხვევაში ამ ახალგაზრდებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ. ეს არაფერს შეცვლის? ეს არ ჩაკლავს საპროტესტო მუხტს? შეიზღუდება არასამთავრობო სექტოორიც.

_ პრობლემები ნამდვილად  შეექმნებათ და მათი გზა გაცილებით ნარეკლიანი გახდება, მაგრამ მხოლოდ კანონის მიღება ბევრს არაფერს ნიშნავს, ამას საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. საბჭოთა კავშირის კანონებს თუ გავიხსენებთ, საქართველოს ვერასდროს უნდა მოეპოვებინა დამოუკიდებლობა, ისეთი საშინელი კანონები იყო. თუ რამე დრაკონული არსებობდა და თუკი რამე შეზღუდავდა ადამიანის თავისუფლებას, ასეთი კანონები ჰქონდა საბჭოთა კავშირს. სხვა პარტიების აკრძალვიდან დაწყებული, სიტყვის თავისუფლების გამოხატვის შეზღუდვით დამთავრებული. როდესაც ხალხის განწყობა საპირისპიროა, კანონი უკვე არაფერს ნიშნავს. ამის კლასიკური მნიმუშია ჩვენი ეროვნული მოძრაობა, რომელმაც პირწმინდად დაამარცხა საბჭოთა კავშირის ბოროტების იმპერია. არადა, მაშინდელ საბჭოთა კავშირში, როგორც უკვე გითხარით, საშინელი კანონები იყო.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: იმ შემთხვევაში, თუ „რუსული ოცნება“ „რუსულ კანონს“ მიიღებს, ახალგაზრდების გზა გახდება უფრო ეკლიანი, მაგრამ ამ გზაზე გამარჯვება მაინც გარდაუვალი იქნება. „რუსულმა ოცნებამ“ მომავალ თაობასთან დაჭიდება გადაწყვიტა და ამ ბრძოლას პირწმინდად წააგებს, როგორც საბჭოთა კავშირმა წააგო ეროვნულ მოძრაობასთან.

_ ახალგაზრდების პროტესტი და განწყობები აშკარაა, რომ მოგწონთ. ოპოზიცია როგორ მოგეწონათ ამ „რუსული კანონის“ ხელახალი დაიცინირების შემდეგ? ერთმანეთთან დაპირისპირების მიუხედავად, მაინც შეძლეს ერთიან პოზიციაზე დადგომა. საპროტესტო აქციებში ჯერ არ ჩართულან, მაგრამ მაინც…

_ სამშობლოზე შეყვარებული ახალგაზრდები როგორ შეიძლება, არ მომწონდეს? ისინი ჩვენზე ბევრად ლაღები და თავისუფლები არიან. როდესაც მათ ვუყურებ, გულში სულ ვეუბნები: „ახალგაზრდებო, ჩაიცვით დახეული ჯინსები, გაიკეთეთ პირსინგები, შეიღებეთ თმები ფერადად, ოღონდ იყავით თავისუფლები და გიყვარდეთ თქვენი სამშობლო“. მართლა ლამაზები არიან, ძალიან ფერადები და რაც მთავარია, ძალიან უყვართ საქართველო.

პოლიტიკოსებსა და ოპოზიციას რაც შეეხება, მათით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ვარ. ძალიან ცუდი საყურებელია, თუ როგორ ლანძღავენ ოპოზიციონერები ერთმანეთს.  ერთი მხრივ, მომეწონა კიდევაც, რომ პოლიტიკოსები ახალგაზრდების საპროტესტო აქციებში არ ერეოდნენ, მაგრამ, სინამდვილეში, ეს არ არის სწორი. პოლიტიკოსები ახალგაზრდების აქციებისგან დისტანცირებული არ უნდა იყვნენ.

_ რატომ არ უნდა იყვნენ დისტანცირებული? ახალგარზდები მათ გარეშეც მშვენივრად გამოხატავენ პროტესტს…

_ ნამდვილად ძლიერი საპროტესტო ტალღა ააგორეს. საქართველოში ყველა პროტესტის მამოძრავებელი ძალა იყო ახალგაზრდობა და სტუდენტობა, ეს იყო ეროვნული მოძრაობის დროიდან მოყოლებული, ისინი იყვნენ მთავარი ბირთვი პროტესტისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერები დისტანცირებული იყვნენ ამ პროცესებიდან. წარმატება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ოპოზიციისა და ახალგაზრდების პროტესტი ერთიან სინთეზში იქნება.

სამწუხაროდ, დღევანდელ ახალგაზრდობას პოლიტიკური ინსტებლიშნენტის მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. ოპოზიციას, თავის მხრივ, ურჩევნია, რომ საქმე ახალგაზრდებმა აკეთონ და თავად გარედან დატკბნენ ამ პროცესებით. არადა, გამარჯვება მხოლოდ ერთობით მიიღწევა.

_ თქვენი აზრით, ოპოზიცია ახლა გარედან ტკბება ახალგაზრდების პროტესტით?

_ ასე ჩანს. პროტესტს ახალგაზრდები გამოხატავენ, ისინი გარედან უყურებენ ამ პროტესტს. ახალგაზრდობა და სტუდენტობა დიდი ძალაა, მაგრამ გამარჯვებისთვის ახალგაზრდობა და ოპოზიცია ერთად უნდა დადგეს. გამარჯვებას ძალიან სჭირდება ერთობა.

_ იქნება ეს ერთობა? შეძლებენ ახალგაზრდები და ოპოზიცია ერთობლივი საპროტესტო აქციების მოწყობას?

_ ეს ერთობაც აუცილებლად იქნება. ახალგაზრდებს აუცილებლად დასჭირდება ორგანიზება. საჭირო იქნება მათი მოქმედებების კოორდინება. აიღებს ამას რომელიმე პოლიტიკური ძალა საკუთარ თავზე? _ ძალიან კარგი იქნება. თუ არ აიღებს, არც ეგაა პრობლემა. ბუნებაში ცარიელი ადგილი არ რჩება და აუცილებლად გამოჩნდება ის ძალა, რომელიც ამ ფუნქციას იტვირთებს. ამის ნათელი მაგალითია რამდენიმე წლის წინათ სომხეთში განვითარებული მოვლენები. ადრე იქ არავინ იცნობდა დღევანდელ პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს. საჭირო მომენტში მან აიღო საკუთარ თავზე ლიდერობა. წინააღმდეგობის მოძრაობა შექმნა. წინააღმდეგობის მოძრაობამ შეცვალა ხელისუფლება. ჩვენთანაც, ადრე თუ გვიან, იგივე მოხდება, თუ პოლიტიკური პარტიები გონს მოეგებიან.

იმისთვის, რომ ახალგაზრდებთან ერთად გამოხატონ პროტესტი, პირველ რიგში, ოპოზიციამ ნდობა უნდა დაუბრუნოს ახალგაზრდებს და მეორე _ კოორდინაციაში იყვნენ მათთან. არის მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი: დაძლევენ იმ ამბიციებს და გააცნობიერებენ, რომ მთავარი არა პარლამენტში შესვლა და დეპუტატობაა, არამედ საქართველოს გამარჯვებაა? _ წესით, ეს ამბიციები უნდა დაძლიონ. სხვანაირად არაფერი გამოვა.

_ ზემოთ თქვენ თქვით, გულში ახალგაზრდებს სულ ვეუბნები, ჩაიცვით დახეული ჯინსები, შეიღებეთ ფერადად თმებიო. ასეთი ვიზუალი ასოცირდება ლგბტ პროპაგანდასთან. ასეა რუსეთში და ჩვენთანაც შემოაქვთ იგივე კანონი. თქვენი ასეთი მოწოდებაც შესაძლოა, ლგბტ პროპაგანდად ჩათვალოს საქართველოს ხელისუფლებამ.

_ ლგბტ პროპაგანდაზე ძირითადად ლაპარაკობენ ის ადამიანები, რომლებიც რაღაცით არიან დაკავშირებული რუსეთთან ან პირდაპირ მათგან ღებულობენ მითითებებს. რუსეთში რომ გარყვნილებაა და რუსეთში რომ რაღაცები ხდება, ეგეთი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა. ამას დაამატეთ ის, რომ რუსეთს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. არაერთხელ მოგისმენიათ, ალბათ, ასეთი ფრაზა თბილისში, _ პაკისტანელებმა და ირანელებმა შეგვჭამეს და წაგვლეკეს. რაღაცა ხომ უნდა თქვან და ამბობენ ამას. ამათ რომ მოუსმინო, ევროპა და ამერიკაა გარყვნილ-გაფუჭებული, რუსეთი კარგი, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, სადაა გარყვნილების ბუდე და ბოროტების სავანე.

_ „ოცნებაშიც“ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთია ბოროტებისა და გარყვნილების სავანე, მაგრამ მაინც დასავლეთისკენ იშვერენ გამუდმებით ხელს.

_ იციან, ძალიან კარგად იციან, მაგრამ ამის თქმას ხმამაღლა ვერ გაბედავენ და დასავლეთზე გაიძახიან გარყვნილიაო. ამიტომ ახალგაზრდებს მოვუწოდებ, ნუ უსმენენ „რუსულ ოცნებას“, იყვნენ ლაღები, თავისუფლები, ფერადები და, რაც მთავარია, უყვარდეთ თავისი სამშობლო. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: კანონი რომც მიიღონ, არაფერი შეიცვლება. საბჭოთა კავშირის კანონების პირობებში გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ. გაიმარჯვებენ ჩვენი ახალგაზრდები. მთავარი ისაა, რომ ახალგაზრდობისა და მოსახლეობის დიდ ნაწილს არ უნდა რუსეთი.

_ საპროტესო გამოსვლების მიმდინარეობისას ახალგაზრდებმა ერთგულების ფიცი დაწერეს და შემდეგ ეს ფიცი დადეს. ერთგულების ფიცზე რას იტყვით? ძალიან ბევრს მოეწონა. ხელისუფლებამ და მისმა ტროლ-ბოტებმა საქილიკოდ გახადეს ეს ფიცი. თქვენ რას იტყვით?

_ ახალგაზრდები ყველაფერს ძალიან კარგად და ლამაზად აკეთებენ. „რუსულმა ოცნებამ“  გადაწყვიტა, ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირდეს. მოიტეხენ კისერს, ესაა ჩემი პასუხი. არაჯენზი თაობა, ჩემი ჩათვლით, ყველანი მონობაში ვართ გაზრდილები და გვაქვს მონის ფსიქოლოგია. ესენი არიან თავისუფლებაში გაზრდილი ახალგარზრდები. თავისუფალი თაობაა. ისინი სხვანაირად აზროვნებენ. აქილიკონ და იყონ, რას მოიგებენ, მაგასაც ვნახავთ.

მე საქართველოში არ ვარ და ახალგაზრდების პროტესტის კადრებს მხოლოდ ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ვნახულობ. ვინ არის იმ ახალგაზრდებზე ლამაზი, რომლებიც სხედან ქუჩაში და საქართველოს დროშა აქვთ მოხვეული? ულამაზესი და უკარგესი ახალი თაობა გვყავს. მათ უყვართ სამშობლო. მეტი არაფერი მაინტერესებს. მომავალთან ბრძოლაში „რუსული ოცნება“ წაიმტვრევს კისერს, ეს ახალგაზრდები კი ძალიან კარგ ქვეყანას ააშენებენ, განსხვავებით იმ მონა მანქურთებისგან, რომლებიც დღეს საქართველოს მართავენ.

_ ახლა უკრაინაზეც გკითხავთ: ომში უკრაინის გამარჯვებაზე დამოკიდებულია საქართველოს მომავალი. რა ხდება მანდ? ამერიკულმა დახმარებამ დაიგვიანა. ფრონტზე ვითარება გართულდა. რუსეთს აქვს რაღაც წარმატებები.

_ ფრონტზე სიტუაცია მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ისეთი რთულია, როგორც ამას რუსული პროპაგანდა ხატავს. დასავლეთშიც გაჩნდა ეჭვები, რომ უკრაინა ამ ომს აგებს. უკრაინის მოსახლეობაში გარკვეული სკეპტიციზმი შეიმჩნევა, მაგრამ მეობრძოლებში სკეპტიციზმი არ არის. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ჭურვებსა და ტყვია-წამალს ვუფრთხილდებოდით. გვეშინოდა, რომ სულ ნულზე არ დავრჩენილიყავით. ამის მიუხედავად, მაინც გვქონდა რუსებთან უპირატესობა. ამერიკიდან რომ დახმარება ჩამოვა, იარაღისა და საბრძოლო მასალის დეფიციტიც აღარ იქნება და უფრო თამამად ვიმოქმედებთ მტრის წინააღმდეგ. უკრაინის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზრდება. ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთმა ფრონტზე რაღაც უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ ხომ ადგილზე ვართ და სულ სხვა თვალით ვუყურებთ ფრონტზე არსებულ ვითარებას.

საქართველოში უყურებენ იმას, რომ რუსებმა ავდიივკა აიღეს და ჰგონიათ, რუსეთი იმარჯვებს. ძალიან ცუდია, რომ ოკუპანტებმა ეს ქალაქი დაიკავეს, მაგრამ ისიც ვთქვათ, რამდენი დრო შეალიეს ამას. ექვსი თვე იღებდნენ ამ პატარა ქალაქს. უამრავი ადამიანი მონაწილობდა ავდიივკის შტურმში და ექვს თვეზე ადრე ვერ შეძლეს ქალაქის აღება. ეს არაა წარმატება.

_ თუ გავითვალისწინებთ იმას, რამდენი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა დაკარგეს ავდიივკასთან, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ მიმართულებაზე წარმატება ჰქონდათ ოკუპანტებს.

_ მართლა უამრავი ცოცხალი ძალა და სამხედრო ტექნიკა დაკარგეს ამ პატარა ქალაქის წინააღმდეგ ბრძოლაში. გარედან შეიძლება ისე ჩანს, რომ რუსებს აქვთ უპირატესობა, მაგრამ აქ ასე არ ჩანს. ეს თვეები საბრძოლო მასალა ძალიან გვიჭირდა, მაგრამ ამის მიუხედავადაც ვერ მოიპოვეს რუსებმა უპირატესობა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როდესაც ამერიკიდან სამხედრო დახმარებას მივიღებთ? სამხედრო დახმარებას ევროპის ქვეყნებიც აგზავნიან. უკრაინა ფრონტზე მალე მოიპოვებს მნიშვნელოვან უპირატესობას. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი დამარცხდება. სხვანაირად არ შეიძლება, რომ მოხდეს.

_ რუსეთი უნდა დამარცხდეს, მაგრამ ბევრი ფიქრობს, რომ რუსეთის დამარცხება ადვილი არ იქნება. უფრო სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს შეუძლებელია.

_ რუსეთის დამარცხება ადვილი არ იქნება, მაგრამ ბოროტება აუცილებლად დამარცხდება. იყო პერიოდები, როდესაც ომები შემოსავლის წყაროდ განიხილებოდა. ახლა ომი არის ნგრევა და უბედურება. ახლა ომი ძალიან დიდ ფინანსურ რესურსებთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. უკრაინა აუცილებლად მოიგებს ომს, დანგრეული ქალაქებიც აღდგება, მაგრამ დაღუპულებს ვერავინ გააცოცხლებს. ყველამ იცის, რომ ამ ომში ბოროტება უნდა დამარცხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთი ისევ დაიწყებს ომს. ამ ომში რუსეთის დამარცხება დასავლეთის პრესტიჟის საქმეცაა. ევროპამ და ამერიკამ ღიად თქვა, რომ ეს ომი უკრაინამ არ უნდა წააგოს. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და დამარცხდება კიდევაც. ბნელი სინათლეზე ვეღარ გაიმარჯვებს. ისევე როგორც ახალგაზრდობასთან ვერ მოიგებს ვერცერთი ხელისუფალი ბრძოლას.