კახა კახიშვილის კომფორტის ზონა

დღევანდელი სასჯელაღსრულების მინისტრი 2015 წლის 1-ლ აგვისტომდე ამ უწყების მინისტრის მოადგილე იყო. იგი 1973 წლის 22 მარტს თბილისში დაიბადა.

არც ისე მცირეა ჩამონათვალი იმ ადგილებისა, სადაც მას განათლება მიუღია და უმუშავია. მოკლედ, მან თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის  იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. გარდა ამისა, დაამთავრა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, ჩააბარა პროკურატურის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდები,

ტურიზმის განვითარება რეგიონებში (ისრაელი), ჩააბარა ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდები, იყო  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი და იუსტიციის მრჩეველი.

რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, მან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის ისნის რაიონის შსს სამმართველოს საპატრულო-საგუშაგო სამსახურიდან პოლიციელობით დაიწყო, შემდეგ იყო კრწანისის რაიონის პროკურატურაში სტაჟიორ-გამომძიებელი, შემდეგ უფროსი გამომძიებელი, პროკურორი, ლექტორი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ა. შ.

2014 წლის 7 ოქტომბრიდან 2015 წლის 1-ლ აგვისტომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მინისტრის პირველი მოადგილე იყო, არის სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, სისხლის სამართლის სისტემის რეფორმების უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი, ექსპერტთა კლუბის წევრი.

2012-2014 წლის ოქტომბრამდე ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი;

2012 წლიდან დღემდე საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს წევრი;

2012 წელს საარჩევნო სიის დაზუსტების სახელმწიფო კომისიის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან;

2011 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ სამართლებრივი დირექტორი;

2010-2014 წლის ოქტომბრამდე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, ადვოკატი;

2008-2014 წლის ოქტომბრამდე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორი;

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო _ მრჩეველი;

კასპის, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე;

შპს „კონსულტანტის“ დამფუძნებელი და დირექტორი.

მის დოსიეში კიდევ მოიძებნება რამდენიმე თანამდებობა, თუმცა ახლა უფრო მნიშვნელოვანი მისი ქონებრივი დეკლარაციისა და საცხოვრებელი კომფორტის ზონის აღწერაა, შესაბამისად, ამ საქმეზე გადავიდეთ.

მას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

 

 

კახა კახიშვილის ქონებრივი დეკლარაციის საჯაროდ გამოტანა და მისი ათვლა 2002 წლიდან იწყება, როცა კახიშვილი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ პირველი დეკლარაციის მიხედვით, ოჯახის წვერთა გრაფაში ვხედავთ, რომ მას ჰყავს მამა _ გიორგი (გოგი) კახიშვილი, დედა _ მარინა კახიშვილი, და _ ოლღა კახიშვილი, მეუღლე _ ჟანა კახიშვილი, შვილი _ მარინა კახიშვილი.

მამის, გიორგი კახიშვილის სახელზე თბილისში არსებული ბინაა, რომელიც 50 000 ლარადაა შეფასებული, ასევე მამის სახელზეა ავტოფარეხი, 70 000 ლარად შეფასებული მაღაზია და მსუბუქი ავტომობილი. კახა კახიშვილის სახელზე კი 20 000 ლარის ღირებულების ავტომანქანაა. დეკლარაციის შევსების მომენტში კახიშვილის მშობლებს 30 000 და 20 0000 ლარი ჰქონდათ. თავად კახიშვილს რაიმე თანხა, ან წლიური შემოსავალი მითითებული არ აქვს.

მორიგი ქონებრივი დეკლარაცია 2003 წელს შეავსო, ამჯერად, როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში. ამ დეკლარაციაში უძრავი ქონების მიმართულებით ცვლილებები არ არის. 2004-2006 წლებში მის მიერ შევსებულ დეკლარაციებში პირად ანგარიშებზე არსებული თანხისა და შემოსავლების შესახებ არაფერი წერია. ამ პერიოდში იგი საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე იყო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში.

შემდეგ იყო 2008 და 2014 წლებში შევსებული დეკლარაციები, რომელთა მიხედვით, 2008 წლის დეკლარაციაში ვხედავთ, რომ მას შვილი, ანა-მარია შეეძინა და მეუღლის სახელზეა ბინაც თბილისში, რომლის ღირებულებაც 150 000 ლარია. მის სახელზევეა 20 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაული, 7000-ლარიანი ჭაღი და 6000-ლარიანი საძინებელი.

2014 წელს უკვე კახა კახიშვილის მამის სახელზე თბილისში 220 კვ.მ. ფართობის ახალი ბინა ფიქსირდება. კახა კახიშვილის მფლობელობაშია  Jaguar XJ, ხოლო მამის მფლობელობაში Hyundai-ს მარკის მანქანა.

ახლა კი ყველაზე ბოლოს შევსებულ დეკლარაციას რაც შეეხება, რომელიც გასული წლის 23 დეკემბრით თარიღდება. დეკლარაციის მიხედვით, უძრავი ქონების მხოლოდ ერთი ნაწილი ფიქსირდება და ეს უკვე ხსენებული, თბილისში, ავლაბარში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე მდებარე 220.00 კვ.მ. ფართობის ბინაა, რომელიც მინისტრის მამის სახელზეა.

უძრავ ქონებაში მის სახელზეა მსუბუქი ავტომანქანა Jaguar XJ, ხოლო მამის, გოგი კახიშვილის სახელზე, ასევე, მსუბუქი ავტომანქანა Hyundai .

დეკლარაციის შევსების მომენტში კახა კახიშვილის ანაბარზე, რომელიც „საქართველოს ბანკში“ აქვს გახსნილი, 1750.00 ლარი (კრედიტი(+) ირიცხება და ამავე ბანკში სახელფასო ბარათზე 3500 ლარი (კრედიტი(+).

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ არც თავად და არც მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. ასევე, ცარიელია გრაფა, სადაც ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებულ ნაღდ ფულად თანხაზეა საუბარი, რომლის ოდენობა აღემატება 4000 ლარს. აქვე არ ფიქსირდება ოჯახის არც ერთი წევრის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში და პლუს, დეკლარაციის შევსების მომენტში არ ფიქსირდებოდა მოქმედი ხელშეკრულება, რომლის საგნის ღირებულება აღემატება 3000 ლარს (მათ შორის, წილის მინდობის ხელშეკრულება ღირებულების მიუხედავად), კიდევ ცარიელია გრაფა, სადაც საუბარია მის ან მისი ოჯახის წევრის მიერ წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებულ საჩუქარზე, რომლის ღირებულება აღემატება 500 ლარს.

რაც შეეხება მის მიერ აღებულ თანხას საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობისას, იგი დეკლარაციის შევსების მომენტში 72550 ლარს აღწევდა.

დაბოლოს, მისი 23 წლის შვილის, მარინე კახიშვილის სწავლის გადასახადი ფიქსირდება 5250.00 ლარის ოდენობით.

11-გვერდიანი სტანდარტული დეკლარაციიდან 5 მონაცემებს არ შეიცავს.

ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ სწორედ მის დეკლარაციაში მითითებული მისამართისკენ ავიღე გეზი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ავლაბარში მდებარეობს.

თავიდან ცოტა გამიკვირდა, რომ ასეთი ოჯახი მსგავს ხალხმრავალ ადგილს არჩევს საცხოვრებლად, თუმცა სხვა გზა არც მქონდა და მეც ვახტანგ VI-ის ქუჩას დავადექი.

„ავლაბრის“ მეტროდან რომ ამოხვალთ, მარჯვნივ უნდა მოუხვიოთ და შემდეგ გზას უნდა გაჰყვეთ სამებისკენ.

გზა ორად იყოფა და რუკიდან რომ შეხედოთ, დიდ სამკუთხედს ქმნის. ქუჩა, რომელიც მეტროდან გამოსვლის შემდეგ მარჯვნივ მიდის, შემდეგ ორად იყოფა და კვლავ მარჯვნივ იღებს გეზს, ძალიან დატვირთულია. მოძრაობა ცალმხრივია, თუმცა ქუჩის ორივე ნაწილი მცირე ბიზნესს, გამყიდველებს თავიანთი საქონლით უჭირავთ.

ქუჩაზე ხელმარცხნივ ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საცხობია, რომლის ვიტრინებიდანაც უკანა განყოფილებაში გამომცხვარი ტკბილეული და ნაციონალური, სწრაფი კვებისთვის დამზადებული, მცირე ზომის ლობიან-ხაჭაპური შემოგცქერით. ეს მაშინ, როდესაც გვერდით დიდი სიამაყით მარწვი იყიდება, მის გვერდით შლოპანცები და კედები, ხოლო ამის შემდეგ, მიწის ქვეშ, საოჯახო ქიმიასაც კი გადააწყდებით _ ეს მარცხენა მხარეს.

დაახლოებით იგივე, თუმცა მცირედით განსხვავებულია ვითარება ქუჩის მარჯვენა მხარეს, სადაც ხილისთვის გამოყოფილი ტერიტორია განედად ეშვება აღნიშნული ქუჩის კვეთაზე და აქ უკვე ერთმანეთის მიყოლებით დახლებზე დალაგებულ და სხვადასხვა პიროვნების მფლობელობაში არსებულ პატარა ხილის მაღაზიებს ნახავთ, უკვე იმ ქუჩაზე კი, რომელიც მინისტრის სახლისკენ მიუყვება გზას, მარჯვენა მხარეს ხის ფანერებით მცირე ზომის კედელია აგებული, რომელიც მთავრდება იქ, სადაც იწყება მუსიკის ხმა.

აქ უკვე ორი დიდი დინამიკი დგას, ფანერების კედელი იხსნება და შიგნით პატარა ოთახში ერთი კაცი ზის, რომლის ოთახიც სხვადასხვა მომღერლის დისკებითა და კასეტებითაა გამოჭედილი _ ეს ყველაფერი გასაყიდადაც აქვს გამოფენილი.

ოთხშაბათს კარგი ამინდი იყო, თუმცა საღამოს ცოტა მოიღრუბლა და წვიმაც წამოვიდა. სანამ ამინდი შეიცვლებოდა, მანამდე მივედი დანიშნულების ადგილზე.

ჯერ „ავლაბრის“ მეტროსთან, მერე კი გზას უკვე აღწერილი ქუჩისკენ გავუყევი. ეს ის ადგილია, სადაც ერთი ხელოვანი, ბევრისგან მივიწყებულად, ნაქირავებ ოთახში ცხოვრობს. ადრე მასზე დავწერე და ბევრიც დაინტერესდა მისით, თუმცა მხატვარი აჩიკო ჯაფარიძე სხვა თემაა და დღევანდელი ჩვენი ინტერესის ობიექტი _ სხვა, ამიტომ კვლავ მას დავუბრუნდეთ.

მოკლედ, გავუდექი გზას და თან ჩემი საძიებო სისტემაც ჩავრთე, რომ მარტივად მიმეგნო ვახტანგ VI-ის ქუჩისთვის. რუკაზე ჩანდა, რომ პირველ არა და მეორე შესახვევში უნდა შემეხვია, მარცხნივ. მივყვები გზას და უფრო მეტად ძლიერდება იმ ხის ფანერშეწეული ოთახიდან და გარეთ დადგმული დინამიკებიდან გამომავალი მუსიკის ხმა. თან ხალხი ირევა და აქვე ქუჩასაც აგებენ, რაც თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მალე მტვერშიც გავეხვევი და ამ ყველაფრისთვის უნდა მოვემზადო.

უკლებლივ ყველა მაღაზია ჩავიარე, რაც უკვე აღვნიშნე, პირველი შესახვევიც გავიარე (სადაც ის ხსენებული ხელოვანი რესპონდენტი ცხოვრობს), ჯერი მეორე შესახვევზე მიდგა. სანამ შევუხვევდი, იქვე, აღმართზე მდგომ კაცს ვკითხე ამ ქუჩის შესახებ. _ არ ვიციო, _ მიპასუხა, _ არც მინისტრზე ვიცი რამეო და მაღაზიაში შევიდა.

მე მარცხნივ მოვუხვიე და ისეთი სურათი დამხვდა, რომ აშკარად არ იქნებოდა ეს მინისტრის საცხოვრებელი სახლი, ამიტომ უკან დავბრუნდი და იმ აღმართზე ავედი, რომელიც ორას მეტრში სამების საკათედრო ტაძრამდე აგიყვანდა და სადაც ახლა ქვაფენილი იყო დაგებული.

აქ რომელიღაც რესტორანი აღმოჩნდა გახსნილი, რომლის მზარეულებიც გარეთ, კართან ისხდნენ, ოთხივეს თეთრი ფორმა ეცვა და ქუდები ეხურა, ორი მათგანი სიგარეტს ეწეოდა.

მათ ქუჩის მდებარეობა ვკითხე და ამიხსნეს, რომ კვლავ ქვემოთ უნდა ჩავყოლოდი ქუჩას და უკვე მეორე შესახვევში შემეხვია, იქ ერთ-ერთ ცნობილ, მაღალ სასტუმროს გადავაწყდებოდი და სწორედ ის ქუჩა იყო ვახტანგ მეექვსის.

მოკლედ, მადლობა გადავუხადე და გზას გავუდექი. აქ მართლაც აღმოჩნდა ეს დიდი სასტუმრო და სანამ იქამდე მივიდოდი, ნომერი 40-იც გავიარე, სადაც, წესით, ჩვენი ინტერესის ობიექტი უნდა ცხოვრობდეს, არადა, აშკარად ვნახე, რომ აქ სხვა, საოჯახო ტიპის სასტუმრო იყო გახსნილი, თუმცა იქვე, ამ დიდი სასტუმროს დაცვას ვკითხე, _ ნამდვილად ის ნაცრისფერი სახლი არის ამ ქუჩის #40, თუ მე მეშლება რამე-მეთქი? _ არ გეშლებაო და იმ სახლისკენ მიმითითა.

სახლი ნაცრისფერია, საოჯახო ტიპის სასტუმრო კი მის მეზობლად მდებარეობს, ერთი კედელი ჰყოფთ. გარედან ორი ბრა ამშვენებს და მაინცდამაინც განსაკუთრებულს ვერაფერს შეატყობთ გარედან.

სახლის ჭიშკარს დიდი თეთრი კამერა უყურებს, თავად ჭიშკარი ფართე და შავია მოყავისფრო-მოყვითალო ფერის ორნამენტებით. ჭიშკართან ვაზი ხარობს და მისი ყლორტები მაღლა, ხისა და რკინის წვრილ ჯოხებზეა გაყვანილი.

სახლს აღნიშნული სასტუმროსგან ჯერ ბეტონის, შემდეგ კი წითელი ფერის, მერე მასზე დადებული თეთრი ფერის ეზოს ფაქტურა ჰყოფს.

სახლის გარეთ, ჭიშკართან, მცირე მანძილზე, ქვის ფილებია დაგებული. შენობას მივუახლოვდი და ფოტოები გადავუღე, ქუჩის მხარეს ოთხი ფანჯარა და ორი კონდიციონერი ჩანს, ფანჯარა მეტალოპლასტმასისაა და გისოსებშია. სახლი ქუჩის კიდეზე მდებარეობს და კუთხეში პატარა სარდაფის მსგავსი ჩასასვლელიცაა, რომელიც არ ვიცი, სახლს ეკუთვნის თუ არა, ამიტომ მასზე ვერაფერს ვიტყვი.

სახლისთვის ფოტოების გადაღების შემდეგ ქუჩაში გადავინაცვლე, აქ მეზობლებს ვერც გამოვკითხავდი და ვარჩიე, მაღაზიებში მომუშავეებისთვის მეკითხა, როგორი ადამიანი და მეზობელია ჩვენი მინისტრი და თუ დადის იგი საყიდლებზე თავად, რამდენად უშუალოა ურთიერთობაში და ა. შ.

ხილის რამდენიმე გამყიდველმა საერთოდ არ იცოდა მის შესახებ, არც იმ შუახნის კაცმა, რომელსაც სამი ცალი ცხელი თონის პური მიჰქონდა ძლივსძლივობით, მაგრამ შემდეგ კუთხის მაღაზიაში შევედი და მყიდველმა კითხვაზე, _ იცნობდა თუ არა, ან გაეგო თუ არა მინისტრის აქ ცხოვრების შესახებ, დადებითად მიპასუხა, თუმცა რადგან თავად არ იცნობდა, პასუხის ღიად გაცემას თავი აარიდა, თავად გამყიდველმა კი მითხრა:

_ საინტერსო პიროვნებაა.

_ ანუ თქვენთან დადის ხოლმე?

_ თვითონ, რეალურად, არ დადის, მაგრამ მამამისს ვიცნობთ, დადის ხოლმე ჩვენთან.

_ რამდენად უშუალოები არიან?

_ ძალიან.

_ გმადლობთ.

თითქმის იგივე სურათი განმეორდა რამდენიმე გამყიდველთანაც.  ტანსაცმლის გამყიდველ ბაბუსთანაც მივედი ქუჩის გაღმა:

_ გამარჯობა, გაზეთ „ქრონიკა+“-დან ვარ, მინისტრის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ. კახა კახიშვილი ხომ გაგიგიათ?

_ კი, რა თქმა უნდა.

_ როგორი მეზობელია, თუ იცნობთ? თქვენთან თუ გამოდიან ხოლმე?

_ კი, კი, ვიცი, ვინცაა, აქვე, კუთხეში ცხოვრობენ. თავად, უშუალოდ, იშვიათად, მაგრამ მამამისი გამოდის ხოლმე, დგას ჩვენთან, ზოგჯერ საუბრობს, მაგრამ მე ისე, უშუალო შეხება არც მაქვს.

_ კარგი, გმადლობთ-მეთქი.

გზა გავაგრძელე, ახლა იმ დიდ დინამიკებს ჩავუარე, წეღან რომ გამაყრუებლად მღეროდა.

ვიღაც პატარა ბავშვი დამდგარყო ამ დინამიკთან და მუსიკაზე ცეკვავდა, ეტყობოდა, ტურისტების შვილი იყო, ორი ქალბატონი გარს ერტყა და ვიდეოს უღებდა იმას, თუ როგორ აყვა რიტმს ეს პატარა ბიჭუნა.

ახლა იმ ხილის პატარა მაღაზიების წყებას მივადექი, ადრე რომ აღვნიშნე. სულ ახალი მარწყვი იყო დახლზე. იმ მომენტში, რატომღაც, მომეჩვენა, რომ ახალდაკრეფილი იყო, მაგრამ ეს ასე არ იქნებოდა და ჩემს საქმეზე გადავედი პირდაპირ.

_ გისმენ, შვილო, _ ასე მომმართა წითელმაისურიანმა სიმპათიურმა გამყიდველმა ქალმა, რომელმაც დაინახა, რომ მისკენ დაჟინებული მზერით მივდიოდი.

_ კახა კახიშვილს თუ იცნობთ?

_ როგორ არ ვიცნობ, მეზობლად ცხოვრობს.

_ როგორი მეზობელია, თუ გამოდიან ხოლმე ხილის საყიდლად თქვენთან?

_ ძირითადად, მისი მეუღლე გამოდის, თვითონ იშვიათად. მამამისსაც ვიცნობთ, ძალიან კარგი ადამიანები არიან.

_ უშუალოები არიან?

_ კი, ძალიან, როგორც ტოლს, ისე გექცევიან სულ.

_ კარგი, გმადლობთ.

ამ ქალბატონთანაც მოვრჩი საუბარს. ქუჩას ფოტოებიც გადავუღე. ქვემოდან ჩანდა, სამების საკათედრო ტაძარი როგორ ნათდებოდა ნელ-ნელა (ბინდდებოდა).

კახა კახიშვილის სახლისკენ მიმავალ გზას თუ ბოლომდე გაუყვებით, იგი ტაძრამდე მიგიყვანთ.

მანამდე კი გავარკვიეთ, რომ აქ, ავლაბარში, ვახტანგ VI-ის ქუჩაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კომფორტის ზონა მდებარეობს, სადაც იგი მეუღლესთან, მშობლებთან და შვილებთან ერთად ცხოვრობს.

 

ნინო ტაბაღუა