თქვენ მარტო არ ხართ, ბიჭებო!

უფალს ცოდვილი უყვარს და მე ცოდვას რომ გავეყარე, მაშინ ბოროტმა უკადრებელი იკადრა. მჯერა, უფალი არ მიმატოვებს, გამაძლიერებს, მომიტევებს და უსამართლობას დაუსჯელს არ დატოვებს!

 

31.03.2017

კვირის ბოლო აქტიური დღეა! პარასკევს ორის ნახევარზე გამეღვიძა. ძია მოწყენილია. ეტყობა, ორშაბათს „სუდი“ აქვს, საპროცესო უნდა გაუკეთონ, სამ თვეს მოიხდის კიდევ და წელს დაამთავრებს, 4 წელს პირობითს გაიტანს და გავა.

ნასვამი კაცი ქუჩიდან ნაცნობებმა დასაძინებლად წაიყვანეს, დილას გაეღვიძა, გარეთ გამოვიდა და კაცს ქურდობა შეტენეს. სირცხვილია ასეთი მართლმსაჯულება, ტეხავს, მაგრად ტეხავს! ადვოკატმა, ალბათ, ვერ მოახერხა მოსვლა. იმედია, ორშაბათს პირდაპირ პროცესზე გაუფორმებენ საპროცესოს! ვჭამე, ყავა დავლიე და ნიკამაც დაიძახა, _ „ხარში“, ადვოკატიო! გავიდვარ, აჩიკოს ველი და ნათია შემრჩა, კორკოტაძე, მებრძოლი რევოლუციონერი, მაგარი ქალბატონი, 2007, 2009, 20011 წლის 26 მაისი ერთად რომ გავიარეთ. _ ყველა კარგად არის, _ მიყვება ნათია, _ გოგოები ერთად არიან. კიდევ,  ნათიამ, _ ბიბი იკლავს თავს, არაფერი ვიცოდიო, იმათ დაურეკა და დააფარა თავზე, ეს რა ***ობაში გამხვიეთო. თავიც და ბოლოც მაგათ ხელშია, თუ ეს თვითინიციატივაა ვინმესი, ისე არაპროფესიონალურადაა გაკეთებული, ამას ჰგავს სწორედ, ვიწრო გარეწარი ჯგუფის ნახელავს. ადგნენ და დასაჯონ, მაგათ ხელშია! იმედი მაქვს, ეგრეც იქნება. ნათია მეუბნება, _ ძიებასაც ტყუილად ხომ არ დაიწყებდნენო? ანუ თუ ნება იქნა, ხომ კარგი! ძალიან მალე დაადგენენ ჩემს სიმართლეს. ხო, კიდევ, დეტალური ამოუღიათ და თან გრიფით საიდუმლო დაუდევთ!!! ვაი, ეს საცოდავები რას ხლართავენ:

ჩემი დაცემა უნდათ, 1000 დღეც რომ მომიწიოს აქ, მაინც არ მოხდება ეგ ამბავი არასოდეს!!! მე რომ ეგ გზა მდომოდა, მაშინ 7 კაცს არ გადავარჩენდი და მე არ „გავისუდებოდი“ 2004 წელს! უფალო, ვიცი, არ მიმატოვებ, ძალიან უჭირთ  და ხლართავენ უზომოდ. ეგ არაფერი, უფალს შესწევს მხოლოდ ბოროტის კეთილად განსრულება. ღმერთო, ძლიერო, შენ დამიფარე ამ ბოროტებისგან, მე უკვე ყველაფრისთვის მზად ვარ! მამაჩემი კარგადაა, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა, ყველა მხნედ და კარგადაა, რაც მთავარია!

13 მარტს დამიჭირეს და 21-ში მოუთხოვიათ სასამართლოსთვის განჩინება, სატელეფონო ჩანაწერების ამოღება და დაგრიფვა! ლა კომედია! :))) ჰო, კიდევ, რა ხდება, ისევ მიდის ეთერებში მსჯელობა ჩვენზე, ხალხი ჩვენკენაა, ესაა მთავარი! რა თქმა უნდა! ეს ხომ ცხადია, მასშტაბური აქციის გარეშე არაფერი გამოვა! ვნახოთ, რამდენი ადამიანი მოვა და რამდენ ადამიანს სტკივა უსამართლობა! მოძრაობის დროა!!! ჩვენ გავაღვიძებთ ერს!

 

01.04.2017

შაბათი უქმე დღეც არის და ციხეში, სადაც დრო გაჩერებულია, შაბათ-კვირა მკვდარია. ვეცადოთ, დრო გავიდეს! ნიკუშამ ნარდი შემოგვაწოდა. გუშინ დილით ადრე გამეღვიძა, 9-ის ნახევარზე გავცხეთ ნარდის თამაში, ძია მაგრად თამაშობს. 14 წელს რომ აქ გაატარებ, გაგორებას კი ისწავლი! ჯერ „ნარავნი“ ვარ, მაგრამ 5-მდე თამაშში 2-3 პარტიას ვუგებ :))) ნერვებს არ ვყვები, მაგრამ 3-4 დღეა, სევდა მოდის, ეგ არაფერი, ახლაც კი თავს ვაგულიანებ, ნელ-ნელა „ხოდზე“ მოვდივარ! რაც მოსაყოლი მაქვს, ნაწილი უკვე გაშლილია, ნაწილს გზადაგზა გავშლი, ახლა იმ გარემოს აღვწერ, სადაც ყოველდღიურობას ვკლავ, სადაც ვცხოვრობთ მე და ძია.

საკანი 78 _ კედლები ღია იისფერია, ჭერი _ ყავისფერი „გიფსო“! საკანში რომ შემოდიხარ, მარცხნივ 5 კვადრატული მეტრის საპირფარეშოა იზოლირებული კარით, ამის შემდეგ კიდევ მარცხნივ ნიჟარა დგას, რომელიც ყავისფერ კაფელშია მოპირკეთებული. ნახევარ ნაბიჯში უკვე დაჭედებული მაგიდაა, შუაში, მარჯვნივ და მარცვნივ, სკამები, ამის შემდეგ რკინის კონსტრუქციაში ჩასმული 2-სართულიანი კარადა, იარუსებს შუა ადგილი რაღაცების დასადებად, ამის მერე ორსართულიანი ნარი დგას, სადაც არავინ წევს მარტივი მიზეზის გამო, ფანჯარა და მის ქვემოთ დამონტაჟებული ღუმელი ახლოსაა. სწორედ ღუმლიდან ამოსული ორთქლია ტუბერკულოზის მაპროვოცირებელი, როგორც ძია მიხსნის, ამიტომ მაქსიმალურად შორს მძინავს. ამის მერე, მარჯვენა მხარეს, ოთახის ფანჯარასთან ახლოს, ძიას საწოლია, სადაც პირველ დღეს მე მეძინა, ძიას კი თავიდან _ მარცხნივ, პირველ იარუსზე ეძინა. ამის მერე კი ისევ შერკინული კარადაა, რაშიც ტანსაცმელს ვინახავ, ზემოდან წიგნები დევს, მერე კი ჩემი საწოლი იწყება, რომელიც მაგიდისა და მარჯვენა სკამის მარჯვნივაა… მერე ისევ კომოდია. ესაა მოკლედ ის ოთახი, რასაც მე და ძია ხუმრობით გენიოსების კამერას ვეძახით! მაგიდის კუთხეში, ნიჟარის მხარეს, ტელევიზორი დგას, 12 თუ 13 არხია: „იმედი“, „საზმაუწყებელი“, „მაესტრო“, „მეორე არხი“, რომელიც სულ გამორთულია. ამას მერე თV3 , NთV, ღENთV და რაც მთავარია, „ასობნიაკების“ საყვარელი არხი _ „შანსონია“, სადაც 24 საათი მუსიკა 80-იანიდან მოყოლებული, „ბლატნოი“ „ვეშებით“, ხანდახან ABBA , ჩელე და ძველი ჰიტებიც ისმის, „დალშე“ კიდევ სამი არხია: სომხური, აზერული და თურქული. ოთახი ისე ნიავდება, როგორც დავაკვირდი, შუა ოთახშია ყველაზე გრილი და სუფთა ჰაერი, სადაც თავი მიდევს. „პალაჟენიას“ რაც შეეხება, ვიცი, რა კითხვაც გაქვთ და არ არის: არც საერთოა, არც მაყურებლები. ყველა თავის პონტში ქმნის გარემოს და სიტუაციას! ერთი ისაა, რომ „ქათმები“ და ასევე „მენტები“ იზოლირებული არიან დანარჩენი პატიმრებისგან. საერთოდ ცალკეა „მენტების“ ფლიგელი და ცალკე, კიდევ, „ქათმების“. „მენტები“ მეორე სართულზე არიან ჩვენს წინა ერთ-ერთ კორპუსში! აი, „ქათმები“ სად არიან, ეგ არ ვიცით. ვინ დაგვანახებს მაგას, ვიცით მხოლოდ ის, რომ „რაბოჩები“, რომლებსაც შარვალზე ერთი ზოლი აქვთ, ეგენი არიან! ორზოლიანი კი „წესიერი“ „რაბოჩია“, მშრომელი გლეხი, მეტწილად, მაგრამ ყველა „რაბოჩი“ ადამიანისაა. დასკვნა თქვენ გააკეთეთ, რას ნიშნავს ეს. ჯერ რაც აქ ვარ, ერთზოლიანი შარვლით „რაბოჩი“ არ დამინახავს, ბალანდიორი, ვისაც ციხის საჭმელი დააქვს, წესიერი არსებაა, კაი სალმით! წესიერი სალამი აქ ბევრს ნიშნავს! სიგარეტს ვჩუქნი ხოლმე და მაგრად უსწორდება! აი, „ლარიოშნიკი“, ვისაც ციხის მაღაზიაში ვუშვებთ ხოლმე, გაქუცული „დურაკია“, ტყემალს რომ დააბარებ და კეტჩუპს ამოგიტანს. „კლუჩნიკს“ რაც შეეხება, სამია ჩვენს სართულზე: ახალგაზრდა, ალბათ, ჩემი ხნის, ან უფრო პატარა, გოჩა, თავიდან ვერ დავამუღამესავით, მაგრამ რამდენჯერ რამე ვთხოვე, იჯიგრა და კაი სალამი-მოკითხვა კი არა, ერთმანეთს ვეღადავებით ხოლმე რაღაც-რაღაცებს. მეორე ნიკა _ უმაგრესი ბუნჩულა, ჯიგარი ტიპი მიდი-მოდის, ამბავი რომ არ იკითხოს ჩემი, შანსი არაა. საერთოდ, ოფიცრებიც კი ძალიან მგულშემატკივრობენ, ათასებს გაუვლია მაგათ ხელში და ყველაზე კარგად იციან, ვინ ვინაა, რა გააფუჭა, ან გააკეთა!!! მესამე „კლუჩნიკი“ რამაზი, _ მშვიდი, უთქმელი კაცი, რომელიც უკონფლიქტოდ ასრულებს თავის საქმეს.

როცა ადვოკატებთან შესახვედრად ადმინისტრაციულ კორპუსში გავდივარ, იქაც კი, ვისაც მივყავ-მოვყავარ, მაგარი ნორმალური ხალხია, ყველა ზრდილობიანი და წესიერია. მოკლედ, ეს არის ის ოდესღაც საშინელებად ქცეული გლდანის ციხე, რომელიც ნამდვილად გაადამიანურებულია, არავის სცემენ! არავისზე ძალადობენ! თუ შენ არ აურევ და უაზროდ არ იუხეშებ, არავინ არაფერს გეუბნება. პირიქით, გვერდით გიდგას ყველა! მოკლედ, ესაა და კიდევ მოგიყვებით გზადაგზა რაღაცებს! ერთ დღეს გოჩა მეუბნება, ცოტა დამელოდე ექიმთან გასვლის დროს (წნევა რა ხილია, არ ვიცოდი! დაკავების დღეებში 160 მქონდა, მის მერე ვაკონტროლებ ყოველდღე), გენინსპექცია არის შემოსულიო. აი, აქ კი მადლობა, კახიშვილს. როცა სუბორდინაცია დაცულია, ზედმეტს ვერავინ ბედავს! მინისტრი ითხოვს, მოადგილეები ითხოვენ, გენინსპექცია ითხოვს, უფროსი ითხოვს და იძულებულია, ყველა წესიერად მოიქცეს და ასრულებდეს თავის საქმეს! ცალკე უნდა ვთქვა ექიმებზე, ყველა კარგად და ყურადღებით იქცევა! თუ ახალგაზრდა, ნაკლებად შეხედული გოგონები ცოტა ინდიფერენტულად არიან პატიმრების მიმართ, ქალბატონები ნამდვილ დედობრივ მზრუნველობას იჩენენ ყველას მიმართ. არის განსაკუთრებით ერთი ქალი, რომელიც მართლა შვილივით მეპყრობა, სახელი და გვარი უნდა გავიგო. აქ თბილი სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს! მეტიც, _ შეუფასებელია! აქაურობას და, ზოგადად, პატიმრობას რამდენიმე ოქროს წესი აქვს: ის უნდა დაიცვას პატიმარმა, თუ უნდა, შედარებით ასატანი გახდეს აქ ყოფნა:

აი, ისინიც!

  1. არასოდეს გაუღო გულის და ტვინის კარი სევდას;
  2. ეცადე, ნაკლები იფიქრო შენიანებზე მარტივი მიზეზის გამო, _ ახლობლებზე ბევრმა დარდმა შეიძლება აგჭრას;
  3. იყავი თბილი, მხიარული და გულგახსნილი (თუ გველებთან არ ზიხარ! არიან აქ ჩასაფრებული გველაძუებიც);
  4. აქ თეთრეულის, ტანსაცმლისა და ჰიგიენის ნივთების გარდა ყველაფერი საერთო გვაქვს და აქვთ! სიგარეტი, წვენი, ხილი და ა. შ.
  5. ყალბი კაი ბიჭობიდან გამომდინარე, არასოდეს დაელაპარაკო ციხის მუშაკებს გამომწვევად!
  6. არასოდეს, არავითარ შემთხვევაში, თუ გინდა, ძალიან ახლობელსაც არ გაუღო გულის კარი და გყავდეს დისტანციაზე, ეს ჩვენ არ გვეხება, პროფესორთა პალატას :)))))
  7. შ.

მე-3 და მე-6 წესი ერთმანეთს ხელს არ უშლის! ყველაფერი შეფარდებითია!

ოქროს ოქროს წესია: იყავი წესიერი, იცხოვრებ წესიერად!!!

 

დაბალი წნევა მაქვს 90-70. 120-70-ზეა ჩემი ნორმა. მთელი დღე გამოთაყვანებული ვარ, ცოტა ვჭამე, დილით ორი ჭიქა ყავა დავლიე, შუადღეს კარგად ვჭამე, რაღაც წამალი დამალევინეს, ახლა შედარებით უკეთ ვარ. 8-ის ნახევარია, ახლა საღამოა და ისევ წერამ ამიტანა, ისევ ფიქრები მიმღვრევენ გონსაწიერს, რაღაცნაირად, სულერთია გავხდი, _ რატომ და როგორ ვამტკიცო სიმართლე, ის ხომ სიმართლეა? ან აქ რომ ვიჯავრო, რა აზრი აქვს, პირიქით, ამრევს და დამრევს, ვიცი, არ დამეკარგება ჩემი უდანაშაულობა!!! ორი დღეა, როგორც იქნა, სიზმრები მეწვია. არ ვიცი, ეს რა ფენომენია, საერთოდ, რატომ ხდება, მაგრამ მერწმუნეთ, პატიმრებისთვის სიზმარი თავისუფლებაზე მოგზაურობის ნეტარებაა. ის საოცარი ემოცია, რაც ყველაზე მეტად გვენატრება _ ორი დღეა, ქუთაისი მესიზმრება, ბავშვობის პერიოდი, პირველი სკოლის დერეფნები, კლასელები და სიგიჟეები, ნეტავ, იმ დროს… იმედია, ყოველდღე მექნება ეს ბედნიერება. დროში მოგზაურობა ნამდვილად სიამოვნება და სიახლეა ციხის ერთფეროვან გარემოში. დრო ნელა, მაგრამ მაინც გადის…

 

XXX

ნარკოინდუსტრიაზე მოყოლას გავაგრძელებ. პოლიტიკა, ეკონომიკა, თავისთავად ბევრი გვაქვს; საქართველოზე, ქართველობის ფენომენზე, პრობლემებსა და გამოწვევებზე, რა თქმა უნდა, ფეხბურთზე, ასევე შსს-ზე, ზნეობასა და უზნეობაზე. ჯერ დრო მაქვს. ნეტავ, მალე გავიდე და ამ საკითხებზე იმდენი მაქვს ნაფიქრი, ლეპტოპთან ერთ კვირაში დავამთავრებ… ღმერთით, აუცილებლად შევძლებ, ჩემი თაობის სათქმელი ერს გავაგებინო!!!

 

კვირა 02.04.2017

სიზმარმა არ მიმატოვა :)), თვით პრეზიდენტებთან ვსადილობდი. ეს სიზმარი რაღაცის ნიშანია, აშკარად, ჯო ბაიდენთან ერთად ვსვამდი ჩაის და ხაჭაპურს ვჭამდი :))). 2-ის ნახევრამდე მეძინა. ძიამ ცხელი ყავა მომიტანა აზრზე მოსასვლელად, შუადღემდე ნარდის თამაშით გავირთეთ თავი. დღეს ბანაობის დღე გვაქვს, ცხელმა წყალმა გამომაფხიზლა, გაასწორა ბანაობამ!!! საკანიც განიავებული დამხვდა, პირველად ვჭამე კარგად, რაც აქ ვარ, ეს აუცილებელია, ჯანზე რომ ვიყო! რა გაათრევს ერთ საღამოს. ხვალ აჩიკო შემოვა და ახალ ამბებს გავიგებ, რა ხდება გარეთ, ჩემები როგორ არიან და რას აპირებს პროკურატურა კი არადა „ოცნება“, ყველაფერი გინდა-არ გინდა მაგათ ხელშია. კარგი, დავუშვათ, ზემოთ არ იცოდნენ, მაგრამ მაგის იქით პოლიტიკური (და არა მარტო) პასუხისმგებლობა მაგათია! არ იცოდნენ არ ნიშნავს, რომ პასუხი არ ჰქონდეთ! მაგათი მოყვანილია შსს-ს ხელმძღვანელობა! კეთილი ინებონ და დასაჯონ! თორემ ჩალა, რომელიც ქვეყანას ახურავს, ჩაიწვება და ჩაიფერფლება! დღეებს ვითვლი უკვე, როდის მოვა 18 აპრილი, 18-შია სასამართლო. ჩემებს ვნახავ, სხვა თუ არაფერი. წერა მინდა, მაგრამ მეზარება, ცოტა გადავიღალე, მგონი. ჩემები არ მოეშვან, ესაა ახლა მთავარი, სხვა დანარჩენი მოგვარებადია, მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, დარწმუნებული ვარ! ყველა მაგრად მენატრება, უბრალოდ, სევდის ადგილი აქ არ არის! რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს! მხოლოდ ეს პრინციპი იმუშავებს, სანამ აქ ვარ!

 

ორშაბათი 03.04.2017

დღეს ძიას სასამართლოა. რომ გამეღვიძა, ძია უკვე წაყვანილი დამხვდა, პური აკლია, დღეს საპროცესო უნდა გაუფორმონ. ღმერთმა ქნას, მალე გავიდეს გარეთ, 8 თვეა, ტყუილად ზის. მაგრად ტეხავს აი, ძაან! უფალი დაეხმარება ყველა გაჭირვებულს! 12-საათიანს ველოდები, სუპი გავიმზადე და შოკში ჩავვარდი, ხვედელიძეს თავს დაესხნენ ნიღბიანებიო. ნეტა, რა ხდება?! კარგადაა, რაც მთავარია, დაშინების მცდელობას ჰგავს, ერთი შეხედვით. რატომღაც, მგონია, რომ ჩემი ამბავიც ამ ამბის ნაწილია და ვიღაცა მაგრად ურევს, ძაან მაგრად, ნეტა, „იმან“ თუ იცის ეს ყველაფერი? ინფორმაცია, რასაც აქ ვიღებ, ძალიან მწირია, 3 საათზე ელისოს განცხადება იქნებოდა, 4-იანში ან 6-იანში იქნება, იმედია! ვიღაცა მაგრად ხლართავს. თავი და თავი მიზანი რა არის ამ ყველაფრის? როგორ ვაკლივარ ახლა ჩემებს, არასპონტანურად შევაჯერებდი ყველაფერს! 100 ყურია საჭირო! დიდი ეჭვი მაქვს, დამნაშავეებს ვერ დააკავებენ, არადა, აქ ყველგან კამერებია! რამდენიმე ვარაუდი მაქვს. ვნახოთ, აბა, რა იქნება. ჯერ ელისოს ბრიფინგს დაველოდოთ!

3.30 წუთია. ამ ამბავმა არია ყველაფერი, როგორც ჩანს და 5-ის ნახევრამდე თუ არ მოვიდა აჩიკო, მაშინ დღეს არავინ მოვა! არა უშავს, 2-3 ვერსია მაქვს. ახლა დაწერისგან თავს შევიკავებ, არ ღირს ჯერ ვარაუდების გამოთქმა! სულ რომ წრე შეკრან ელისოს გარშემო და მარტო დატოვონ, მაინც მოძებნის ელო ღირსეულ გამოსავალს! მოუსვენრობა დამეწყო, იქნებ, აჩიკო შემოვარდეს და ამბავი გავიგოთ, რა და როგორ ხდება…

 

04.04.2017

მშვიდობაა ჩვენს თავს, კარგად არის გელა, ოპერაციები გაუკეთეს. ზღვა ინფორმაციის მატარებელია ეს კაცი,  ბოროტების დასამარცხებლად აქტიურადაა, ჩემი ამბის გარკვევაშია ჩართული, როგორც ჩანს. 21 მარტის „ქრონიკა+“ შემომიგდეს, 4-ეულის ფოტოები დაბეჭდილა, არსად ჩანს საქმეში ის გარეწარი, რომელიც „კამანდრობდა“ ამ ჯგუფს და კაპიუშონი წამომაფარა! დღეს ელო პროკურატურაში იყო. ვიდეოს ნაწილი გაუგზავნია. რაც მთავარია, „კამანდირი“ დაადგინეს, ვინც არის! ძალიან კარგი! 28-ის ნომერი არ მაქვს, მაგრამ მაგრად მუშაობენ ჩემები, როგორც ჩანს! კარგია ძალიან! ყველა „ხოდზეა“! „მოსი“, საღოლ! მგელი ხარ! ცხადია, გოგაშვილის ხრიკებია, თავი ვიცით, ბოლო სად ექნება და როგორ, ესაა მთავარი, ფინიშზე მივალთ, ზუსტად ვიცი! უბრალოდ, ისე როგორ უნდა გაჯიქდე, შენიანი მტრად გაიხადო. ამას მოხერხება უნდა, ბიძინამ თუ არ გაიღვიძა, გააღვიძებენ და ძალიან ცუდად, თან! დილას კალაძემ, „ქუცნამ“ და რამდენიმე ადამიანმა „დაუპადერჟკა“! კარგია, რომ კარგადაა!

  1. შ.

ერთი რვეული გაივსო ამასობაში. ასე თუ ისე, რაღაც გამოდის და კონტურები მოხაზულია უკვე, მხოლოდ ის მინდა, სწორად აღიქვათ ჩემი ემოცია, პატარა წინადადებაშიც კი ზოგჯერ დიდი აზრია…

  1. P. შ. ასეთი თავისუფალი არასოდეს ვყოფილვარ! ერთ ოთახშიც კი შეიძლება, თავისუფალი იყოს ადამიანი! სული ჩემი ფოლადივით მტკიცეა, გული ჩემი სიყვარულით და საქართველოთია მთვრალი! ჯანზე ვარ, „ხოდზე“ ვარ, ერთადერთი, ჩემები მადარდებს გარეთ! ხვალ საღამოდან წერას გავაგრძელებ! კიდევ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი!

 

05.04.2017

ოთხშაბათი, სალამი, გუშინ არაფერი დამიწერია ბევრი, დღეს მთელი დღეა, „ნიტოდ“ ვარ. 90/60-ზე მაქვს წნევა, ჩეფირს ველოდები, ძია აკეთებს და წერას მინდა შევყვე. რაღაც ანალიზები და გარემოებები მივალაგ-მოვალაგე. რამდენიმე, ჩემი აზრით, საინტერესო იდეა მაქვს, რომელიც ბევრ ადამიანს დაეხმარება. ძალა ხომ ერთობაშია! დიდ მოძრაობას ვიწყებთ! არავინ, არც ერთი ადამიანი არ დაიჩაგრება უპატრონობის, უფულობის, უადვოკატობის გამო. 22-ში დაიწყება საქმეების შეგროვება, ვისაც ჩაუდეს, გაამწარეს, გაუჩალიჩეს, დაიწერება ერთი დიდი ღირსების საქმე სტრასბურგისთვის, _ საქართველოს მოსახლეობა Vშ საქართველოს შსს! აზრზე ხართ, როგორი უტვინო უნდა იყო, ჩემნაირი ადამიანი სისტემაში ჩაახედო?! თამამად ვიტყვი, რომ სისტემა ჩემია, ჩემია კაიც, „მუჟიკიც“, ადმინიც და ყველა _ „ქათმებისა“ და „რაბოჩების“ ნაწილის გარდა! ყველა ჩემიანია და ყველამ თავისიანად დამიგულა! იმხელა ენერგია და აზარტი მაქვს, მგონი, თქვენი დასაკლავი დანა თქვენვე გამოთხარეთ! გავაკეთოთ ფონდი, სადაც კეთილი ადამიანები დაგვეხმარებიან, ხატიაშვილი ადვოკატებს მოგვახმარს და სტრასბურგამდე მივალთ! ყველა საქმეს შეისწავლიან, ასევე ყველა დაიფიცებს ხატზე და ტყუილზე იქნება ქრისტიანული სასჯელი _ 9 თაობის წყევლა! ასევე თითო დაჩაგრულს, 10-15 ადამიანი მაინც უნდა იყოს, ვინც მას დაახასიათებს, მისი უდანაშაულობის ერწმუნება მთელი არსებით! ნარკოტიკჩადებულებს მივხედავთ ჯერ. მერე ყველას, ვინც სისტემამ არასწორად აზარალა! ჩემო ნაცნობო და უცნობო გლდანელებო, ქსანელებო, გეგუთლებო, დღეს მანდ არის ჩვენი სახლები და არა ჩვენს ოჯახებში, არა უშავს, თქვენ აღარ ხართ მარტო, ბიჭებო, მე თქვენთან ვარ, აღარც მე ვარ მარტო, ჩვენ ერთმანეთი გვყავს გვერდით და ძალა ერთობაშია! კარგია, რომ თქვენთან ვარ. მერწმუნეთ, ვერავინ ზედმეტს ვერ იზამს! ჩვენ აუცილებლად გავალთ აქედან, სულ რომ ჩემი თავის დადება გახდეს საჭირო და ჩემს გვამზე გადავლა მოუწიოთ (რაც არ მოხდება)! ჩვენ ხომ ერთნი ვართ! არავინ დარჩებით უყურადღებოდ! ვისაც სურვილი გექნებათ, აქ უკვე ადამიანები არიან! ადმინი კი არა, მინისტრიც კაცი და ჩვენია! მოკლედ, ძმებო, ბიჭებო, მეგობრებო, მე თქვენთვის და ჩვენთვის ვაპირებ ბრძოლას! ვისაც გული გერჩით, სისხლი გიდუღთ, თქვენი სიმართლე გჯერათ, ყველა ერთი ვართ და ერთი მიზანი გვაქვს! ჩვენ დასაკარგი აღარაფერი გვაქვს იმიტომ, რომ ყველაზე დიდი _ შინაგანი თავისუფლება მოვიპოვეთ! არავის გისურვებთ, რა თქმა უნდა, აქ მოხვედრას, მაგრამ აქ ყველაზე თავისუფალი ხარ, იმიტომ რომ შენ თავს ეკუთვნი მხოლოდ! თუ აქ  თავისუფლების ნამცეციც კი შენს თავში სულდგმულობს და არ ნებდები _ ზენიტში, პიკში ხარ და სამყაროს ააყირავებ!!!

მოკლედ, კეთდება ფონდი, გროვდება საქმეები, ვამზადებთ სარჩელს და ჩვენ აუცილებლად მოგვხედავენ, ამის გარანტი მე ვარ! თავით ვაგებთ პასუხს! უბრალოდ, თქვენი ერთად დგომა მჭირდება! 22-ში იმედი მაქვს, ხალხი გარეთ გამოვა, 500 ადამიანიც კი დიდი ძალაა ჩვენთვის, პროცესი უნდა დაიწყოს!!! და დაიწყო კიდეც! ყველა კარგი, წესიერი და ჩოხოსანი ჩვენთანაა. ვინც ჩვენთან არაა, 100-კაციან ჩოხოსანთა კრებაზე ავუხსნი, რატომაა გამყიდველი ვირთხა! ჩვენს უკან საქართველოა!!! წინ მტერია, უკან დახევა სირცხვილია! წაგება და დანებება ეს არ არის ჩვენი სტილი. მტერი ბევრი მანტიითაა, მაგრამ ეგ არაფერი, ჯერ არ მომხდარა, ერთად მდგომი ქართველობა მტერს დანებებოდა!!! ყველა გავალთ და ყველას გაგიყვანთ, ბიჭებო!!! არავინ დარჩება ბრძოლაში მიტოვებული! არასოდეს!!!