თამარ ჩხეიძე: „რუსული აგრესია დამარცხებისთვისაა განწირული“

აგვისტოს ომის მორიგ წლისთავზე კვლავაც გვიწევს მსჯელობა თემებზე: ვინ არის მტერი და ვინ _ მოყვარე? გრძელდება თუ არა ქვეყნის ოკუპაცია და რამდენად ადეკვატურია მოვლენების მიმართ როგორც საზოგადოება, ასევე ხელისუფლება?

ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრება ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარეს, პროფესორ თამარ ჩხეიძეს:

_ 9 წელი 2008 წლის აგვისტოს ომიდან. დიდი ტკივილი: ანექსირებული ტერიტორიები, დაღუპულები, დევნილები… ალბათ, ნებისმიერი ერისა და სახელმწიფოსთვის ეს იქნებოდა დიდი ტრაგედია. ჩვენს შემთხვევაში რამდენად ადეკვატურია ერის ემოციური და სახელმწიფოებრივი დამოკიდებულება აგვისტოს ტრაგედიისადმი?

_ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება იმ საშინელი ტრაგედიის მიმართ, რაც 2008 წელს და 90-იანი წლებში მოხდა და დღესაც გრძელდება, ცხადია, ადეკვატური არ არის. მოქალაქეობრივ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნების დეფიციტი, რომელიც ყველა სხვა სფეროში ვლინდება, ამ უპირველეს საკითხზეც ვრცელდება. ერის უდიდესი ნაწილის მიერ საქვეყნო საკითხები, ზოგადად, არ არის საკმარისად გაცნობიერებული, როგორც უშუალოდ საკუთარი ტრაგედია. მის აღქმაში ეს ყველაფერი კი ხდება და  სამწუხაროა, მაგრამ უშუალოდ მისი არ არის, უშუალოდ მას არ ეხება. ქართული საზოგადოების ერთ, არა უმრავლეს, მაგრამ საკმაოდ დიდ ნაწილს კი, რომელიც მოხვედრილია საბჭოთა ეპოქის ნოსტალგიისა და მტრის პროპაგანდის გავლენაში, საერთოდ დაკარგული აქვს მტერ- მოყვრის გარჩევის უმარტივესი კრიტერიუმი. ყველაფერ ამის მიუხედავად, ჩემი განწყობა არ არის უკიდურესად პესიმისტური და ვფიქრობ, რომ დგება ხოლმე მომენტები, როცა ერის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვითშეგნება იღვიძებს და თავის საქმეს აკეთებს. ამასთან ერთად, დარწმუნებული ვარ, რომ, გლობალური თვალსაზრისით, რუსული აგრესია დამარცხებისთვისაა განწირული და ჩვენ საკმაოდ ახლო მომავალში აუცილებლად დავბრუნდებით აფხაზეთშიც და ცხინვალშიც.

_ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომელშიც ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი შამბა, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკუთარი ერის გენოციდზე საუბრობს. რასთან გვაქვს საქმე, _ აფხაზები ხვდებიან თავიანთ რეალურ მდგომარეობას და გარკვეულ სიგნალებს გვაწვდიან?

_ შამბას ეს კონკრეტული განცხადება, როგორც ჩანს, გამომრჩა და არ ვიცნობ. აფხაზების გარკვეულ ნაწილში, ალბათ, მართლაც, იარსებებს განცდა, რომ რუსეთის მხრიდან მათ, როგორც ერს, კარგი დღე არ ელის. მე არ მაქვს ინფორმაცია, რეალურად, როგორია ამ მხრივ მდგომარეობა აფხაზებს შორის. ასეთი განწყობების ზრდა, ზოგადად, ხელსაყრელია, მაგრამ მსგავსი ინფორმაციების ნიადაგზე არ უნდა შეგვექმნას ილუზია და არ უნდა გვაცდუნოს პუტინისა და მისი ადგილობრივი აგენტურის მიერ შემოთავაზებულმა ფორმულამ _ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური მოლაპარაკებების, როგორც პრობლემის გადაწყვეტის გზის შესახებ. ეს საერთაშორისო არენაზე რუსეთის, როგორც ოკუპანტისა და აგრესორის როლის მიჩქმალვასა და მოვლენის ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტად წარმოსახვას ემსახურება. საერთაშორისო არენაზე რუსეთზე, როგორც ოკუპანტზე ზეწოლა კი ჩვენს სასიცოცხლო ინტერესში შედის, რათა შესაფერის მომენტში საქართველომ დაიბრუნოს თავისი მიწები. თანაც, რუსეთის ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლებს არ ძალუძთ რაიმე გადაწყვეტილების მიღება, ისინი არც ოს, ან აფხაზ ხალხს არ წარმოადგენენ და არამცთუ მხარე არ არიან, არამედ მათზე გამოცხადებული უნდა იყოს დევნა, როგორც გენოციდისა და ეთნოწმენდის ჩამდენებზე.

_ ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას კრემლმა არ მისცა უფლება, ჩაეტარებინა რეფერენდუმი „ორი ოსეთის“ გაერთიანების შესახებ. ერთი შეხედვით, სხვა პოლიტიკური კონფიგურაციაა აფხაზეთთან შედარებით. რატომ იკავებს რუსეთი ამ ნაბიჯისგან თავს?

_ ფაქტია, რომ, ჯერჯერობით, პუტინი თავს იკავებს პირდაპირი, ოფიციალური ანექსიისგან, უფრო სწორად, ჩვენგან მოგლეჯილი მიწების პირდაპირ რუსეთის შემადგენლობაში შეყვანისგან ორივე, როგორც ცხინვალის რეგიონის, ასევე აფხაზეთის შემთხვევაში. თუმცა ის ამ მიმართულებით მოძრაობს _ სამხედრო ნაწილების გაერთიანება და სხვა საკითხები ამას ადასტურებს და ამისთვის ნიადაგს ამზადებს; ჯერჯერობით, მდგომარეობა საკმარისად მომზადებულად არ მიაჩნია.

_ პუტინის მოსალოდნელი ვიზიტი სოხუმში რამდენად არის საპასუხო სვლა საქართველოში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისა და ეს ხომ არ არის ერთგვარად შემაკავებელი ფაქტორი, ანუ აფხაზების გაფრთხილება, რომ მათ ჩვენკენ და დემოკრატიული სამყაროსკენ არ გამოიხედონ და ასევე, მესიჯი ვაშინგტონისთვის, რომ პენსი „შეცდა“ და საქართველო არ გაერთიანდება?

_ არ ვიცი, ქრონოლოგიურად უძღოდა თუ არა პუტინის ამ განზრახვას წინ ინფორმაცია პენსის საქართველოში ვიზიტის შესახებ. ადრეც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლები ხაზგასმით სტუმრობდნენ ჩვენგან მიტაცებულ, მათგან დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებულ ტერიტორიებს. ამაში არსებითად ახალი არაფერია. პუტინი, როგორც აღვნიშნე, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს მიზნისკენ _ ცდილობს, მსოფლიო თანდათან შეაგუოს „ახალ რეალიებს“. იქნებოდა თუ არ იქნებოდა პენსის ვიზიტი და განცხადებები, პუტინი ამას მაინც გააკეთებდა. ამერიკის ისეთი მესიჯები კი, როგორიც პენსის განცხადებები იყო, მას ძალიან უშლის ხელს, ჩვენ კი გვიცავს რუსეთისთვის სასურველი „ახალი რეალიების“ ლეგალიზაციისგან. ისე, პუტინისა და აქაური რუსეთუმეების სურვილის საწინააღმდეგოდ, პენსი არ შემცდარა და საქართველო აუცილებლად გაერთიანდება.

_ აშშ-ის ახალი სანქციები საკმაოდ სოლიდურად და „დამანგრევლად“ გამოიყურება. 180 დღის განმავლობაში გამოძიების ფედერალურმა სამსახურმა თეთრ სახლს იმ პერსონების სიები უნდა წარუდგინოს, რომელთაც აქტივები დასავლეთში აქვთ. რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ საქციებით ვაშინგტონი ცდილობს, აიძულოს რუსეთის ელიტა, თავად შეცვალოს ქვეყანაში მმართველობა და პუტინი. რამდენად არის მოსალოდნელი, პროცესები ასე განვითარდეს და ამ სანქციებიდან რა სარგებელი შეიძლება ვნახოთ ჩვენ?

_ ეს სანქციები აგრესორის მიმართ სწორედ ის გზაა, რასაც მტკიცედ და თანმიმდევრულად უნდა ადგეს დემოკრატიული სამყარო. აგრესორის, სამხედრო დამნაშავის მიალერსება, მისი დანაშაულის მიჩუმათება რომ აგრესიას ვერ აჩერებს, პირიქით მწვანე შუქს უნთებს, ეს გარდა ელემენტარული საღი აზრისა, უბრალოდ, კარგად ცნობილი ისტორიული და თანამედროვე ჭეშმარიტებაა. თუკი აგრესორს ეცოდინება, რომ მართალია, მას დაგმობენ, უსაყვედურებენ, მის მოქმედებებზე შეშფოთებას გამოთქვამენ, მაგრამ, საბოლოოდ, მის წინააღმდეგ, ბევრს არაფერს მოიმოქმედებენ, ის დაუსჯელობის კომპლექსით გათამამებული, კიდევ უფრო დიდ უბედურებებს დაატრიალებს გლობალური მასშტაბით, განსაკუთრებით კი ყოფილ საბჭოთა ტერიტორიებზე, რომელსაც უშუალოდ თავის სამფლობელოდ განიხილავს. საფასური აგრესიისთვის იმდენად საგრძნობი უნდა იყოს აგრესორისთვის, მისი ქვეყნის მმართველი ელიტისთვის, რომ მას არ უნდა უღირდეს ამ საფასურის გადახდა, თორემ რაღაც საფასურს ის თავისი იმპერიული ბუნების რეალიზაციისთვის ყოველთვის გადაიხდის. ჩვენთვის კი ეს სანქციები, თუკი ის არასაკმარისი არ აღმოჩნდა, იმდენად მნიშვნელოვანია, რამდენადაც მნიშვნელოვანია აგრესორის, ჩვენი მიწების მიმტაცებლის გაუვნებელყოფა და, საბოლოო ჯამში, ჩვენი სასიცოცხლო ინტერესის _ ჩვენი მიწის დაბრუნების რეალიზაცია.

_ ყურადღება გავამახვილოთ ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე. ფაქტია, რომ გარდა „წიწმატის“ შეთანხმებისა, რასაც აბაშიძე-კარასინის ფორმატში ვადევნებთ თვალს, პოლიტიკურად ჩვენ ძალიან სუსტად გამოვიყურებით. როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას და ქვეყნის ხელისუფლების ქმედებებს დეოკუპაციის კონტექსტში?

_ საქართველოს ხელისუფალნი, დამოუკიდებელნიც რომ იყვნენ თავიანთ ქმედებებში, მათი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძნელი წარმოსადგენია, რომ ქვეყნის ინტერესების ერთგულ და ეფექტიან დამცველებად ვიხილოთ. მაგრამ, საუბედუროდ, ისინი დამოუკიდებელნიც არ არიან და არავისთვის მსოფლიოში საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ არაფორმალური მმართველის მიერ იმართებიან, ხოლო კიდევ უფრო საუბედუროდ თავად ეს არაფორმალური მმართველიც იმართება თავისი არაფორმალური მმართველის მიერ და მისი მისიაა, გაატაროს ამ მმართველის ინტერესები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მართალია იძულებულია, მეტ-ნაკლებად, შენიღბოს თავისი პოლიტიკა, მაგრამ, არსებითად, აუცილებელი პროდასავლური ლოზუნგების მიუხედავად, შეძლებისდაგვარად, ატარებს პატრონის პატრონის, ანუ დამპყრობელი სახელმწიფოს დამნაშავე ლიდერის პოლიტიკას. თუმცა რეალობა, საბედნიეროდ, ასე სწორხაზოვანი და მარტივიც არაა, ხელისუფლება იძულებულია, ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თავისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, გარკვეული ანგარიში გაუწიოს მსოფლიოში არსებულ მძლავრ ძალებს. მას დღევანდელი ქართული საზოგადოების სუსტი ქმედითუნარიანობის მიუხედავად, ვერც ქვეყანაში დიდი ხნის მანძილზე დამკვიდრებულ პროდასავლური არჩევანის უგულებელყოფა შეუძლია მთლიანად. ამ ფაქტორების ზემოქმედებით ყალიბდება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური კურსი, რომელიც მოკლედ ასე გამოიყურება: პროდასავლური ლოზუნგები, ზოგიერთ შეუქცევად პროცესში მეტწილად ფორმალური ჩაყოლა, ხოლო ძირითადად პრორუსული ინტერესების შეძლებისდაგვარი მსახურება. ხელისუფლება თავიდანვე თავგამოდებით ეცადა, კომფორტული გარემო შეექმნა ოკუპანტისთვის არა მარტო ოკუპაციის ლეგალიზაციისა და მასთან მთელი მსოფლიოს შეგუებისთვის, არამედ შემდგომი გაფართოებისთვის _ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე შეტევა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის საკითხით მსოფლიოს ნაკლებად შეწუხების ანონსი შესაბამისი მოქმედებებით და უმოქმედობით, ოკუპაციის ხაზიდან ყოველგვარი დაცვის მოხსნა და არა მარტო მაქსიმალური სიჩუმე და მხოლოდ სხვების რეაქციის შემდეგ უმნიშვნელო წაკნავლება, არამედ ოკუპანტის გამართლებაც კი, აგრესორის მსხვერპლისთვისვე პასუხისმგებლობის დაკისრებით. ასეთი არაერთი განცხადება გაკეთდა და კეთდება თავად ივანიშვილის, თუ მისი მაღალი რანგის ქვეშევრდომების მხრიდან. ამის ერთ-ერთი სკანდალური მაგალითია სერგეენკოს სულ ახლახან გაკეთებული განცხადება. ფაქტებიდან ადვილად მისახვედრია, რომ ივანიშვილს ნაკისრი აქვს ვალდებულება, მაქსიმალურად ჩუმად და წინააღმდეგობის გარეშე ჩატარდეს ე. წ. მცოცავი ოკუპაცია.

_ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა დაგვაიმედა, რომ საქართველო იქნება ერთიანი. რა აძლევს მას ამის იმედს და ისიც ხომ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით იძულებითი _ რეაგირებითი განცხადებების გარდა ხილულად არაფერს აკეთებს. ცალკე საკითხია ისიც, რომ ქვეყნის გაერთიანების იდეოლოგიური საფუძვლებიც არ იქმნება და ეს სურვილი სადღეგრძელოებს, ლოცვებსა და სურვილებს არ სცდება.

_ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არამცთუ ეფექტიანი არ არის, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით კონტრპროდუქტიულიც კია, საბედნიეროდ, არსებობს ისეთი შემაკავებელი ფაქტორი, როგორიც აშშ-ის და, ზოგადად, დასავლეთის ნებაა, _ არ დაუშვას ამ რეგიონში რუსეთის სრული გაპარპაშება და განიხილოს საქართველო დასავლეთის სამყაროს ნაწილად. ამის გარეშე შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა. სწორედ ამ ნების დემონსტრირება იყო, ჩემი აზრით, პენსის დამაიმედებელი განცხადება.

არ ვამბობ, რომ რუსეთის მხარდამჭერთა რაოდენობა იზრდება, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ადრე ღიად ამაზე არ საუბროდნენ, ახლა პოზიციონირებენ _ აწყობენ მარშებს, აკეთებენ განცხადებებს, გამოთქვამენ მოსაზრებებს და, ფაქტობრივად, იდეოლოგიურად ამუშავებენ მერყევ და შესაძლოა, უხეში ნათქვამია _ ჩვენს გაუნათლებელ თანამოქალაქეებს. როგორ აღვუდგეთ ამ პროცესს?

რუსული პროპაგანდის მანქანა მართლაც ძალიან გააქტიურებულია. ღია თუ ნაკლებად ღია პრორუსულ-შავრაზმული ძალები ქტიურად ამკვიდრებენ აზრს, რომ რუსეთი მოწინააღმდეგე კი არა, ერთმორწმუნე მეგობარია, რომელიც სააკაშვილმა გააღიზიანა და აიძულა, საპასუხო ზომები მიეღო. აი, დასავლეთი კი ამკვიდრებს გარყვნილებას და საფრთხეს უქმნის ჩვენს ქართველობას! ეს აბსოლუტურ სიცრუეზე, სრულ დეზინფორმაციაზე აგებული პრიმიტიული ლოზუნგი, სამწუხაროდ, საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს, მით უფრო, საბჭოთა ნოსტალგიის ფონზე. ამ პროპაგანდას სჭირდება სწორი ინფორმაციის, ელემენტარული ფაქტების ფართოდ გავრცელება.

 

არმაზ მეტრეველი