ვინ აუქმებს უფუნქციო გუბერნიების ფონზე თვითმმართველ ქალაქებს?!

2014 წელს საქართველოს მთავრობამ ახალი თვითმმართველობის კოდექსი დაამტკიცა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უმთავრესი სიახლე ის იყო, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდებოდა, სტატუსი იმ ქალაქებსაც მიენიჭებოდა, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 000-ს აჭარბებს. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან კი თემები ჩამოყალიბდებოდა, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდებოდა. თვითმმართველი ერთეულების (ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების) მმართველი რგოლები არჩევითი გახდებოდა. კოდექსით ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენდა.

კოდექსი ასევე ითვალისწინებდა სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, რაც სოფლის მცხოვრებთა რეალურ მოთხოვნილებებს გამოავლენდა და დააკმაყოფილებდა.

თვითმმართველობის კოდექსის თანახმადვე, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, კოლეგიალური ორგანო შეიქმნებოდა, რომელშიც საკრებულოს წევრები შევიდოდნენ. ეს ორგანო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩაერთვებოდა.

თვითმმართველობის კოდექსის შემუშავებაში რეგიონული განვითარების სამინისტროსთან ერთად საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭო, არასამთავრობო ორგანიზაციები და საექსპერტო წრეებიც აქტიურად მონაწილეობდნენ.

ახალი კოდექსის წყალობით მივიღეთ: მერები და გამგებლები აირჩევიან პირდაპირი წესით; იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა; პირველ ეტაპზე, თბილისში, საკრებულოსთან ერთად, ასევე აირჩევიან უბნის საბჭოები; გუბერნატორების ადმინისტრაციებთან შეიქმნა ადგილობრივი საკრებულოების კოლეგიური საბჭოები; სამოქალაქო ჩართულობის მიზნით შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭოები; 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზე თვითმმართველი ორგანოები, გამონაკლისის სახით, 3 წლის ვადით აირჩიეს.

პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგად, თვითმმართველობის ორგანოები, გამონაკლისის სახით, აირჩიეს 3 წლის ვადით, ნაცვლად მათთვის გათვალისწინებული 4-წლიანი უფლებამოსილების ვადისა. შესაბამისად, ამ დებულების დამტკიცების შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნები უნდა ჩატარებულიყო 2017 წელს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები

 

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოა საკრებულო, ხოლო აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს გამგებელი (მერი), რომელიც ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე და იმ მოსახლეობის წინაშე, ვინც მას პირდაპირი წესით აირჩევს. კოდექსის თანახმად, საკრებულოები აირჩევა 4 წლის ვადით იმ სისტემის საფუძველზე, რომელიც, ჯერ კიდევ, განსასაზღვრია საარჩევნო კოდექსით. თვითმმართველობის კოდექსის პროექტი არანაირ მინიშნებას არ შეიცავს,

თუმცა კანონი საკრებულოში წევრთა რაოდენობის ქვედა და ზედა ზღვარს განსაზღვრავს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, საკრებულოებში, შესაძლოა, აირჩეს 21 წლის არანაკლებ 15 და არაუმეტეს 30 წევრისა. საკრებულოს თავისი შემადგენლობიდან არჩეული თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ხოლო სხვა თანამდებობის პირები არიან თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის თავმჯდომარე _ პროექტი ამ თანამდებობის პირებისთვის როგორც არჩევის, ისე უნდობლობის გამოცხადების პროცედურებსაც განსაზღვრავს.  მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარმოადგენს გამგებელი _ თვითმმართველ თემში და მერი _ თვითმმართველ ქალაქში, რომლებიც პირდაპირი წესით აირჩევიან 4 წლის ვადით.

 

სამი წლის შემდეგ

 

თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების ინიციატივა, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს, ჯერ პარლამენტში არ შესულა. მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

შესაბამისად, 2017 წლის შემოდგომისთვის თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შესაძლოა, ქალაქის ხელმძღვანელის არჩევა 12-დან მხოლოდ 5 ქალაქში შეძლოს. მთავრობის ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, მალე შევა. ამ დროისთვის მინისტრთა კაბინეტის წევრები მმართველ გუნდთან კონსულტაციების რეჟიმში მუშაობენ.

საპარლამენტო უმცირესობა თვითმმართველი ქალაქების რაოდენობისა და არჩევითი პოსტების შემცირებას მხარს არ დაუჭერს. კოდექსში შესატანი ახალი ცვლილებების შედეგად, საზღვრები თავიდან უნდა დადგინდეს და ბიუჯეტი თავიდან გადანაწილდეს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ ადგილობრივი არჩევნებისთვის საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება დაიწყო. ახალი ინიციატივის პოლიტიკურ მოტივაციაში დარწმუნებულია მესამე სექტორიც. არასამთავრობო ორგანიზაციები კონსულტაციების გამართვისკენ მოუწოდებენ. იმ შემთხვევაში, თუ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა შემცირდა, ადგილობრივ არჩევნებზე მერს მხოლოდ თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში აირჩევენ.

 

თელავში, რომელიც თვითმმართველი ქალაქი 2014 წლის ივლისში გახდა და თემს გამოეყო, ახალ ინიციატივას, ძირითადად, უარყოფითად აფასებენ. ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარე, არჩილ თხლაშიძე კი ფიქრობს, რომ უკეთესი იქნება, თუ ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი შეუნარჩუნდება.

 

სამწუხაროდ, ქალაქ თელავის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეებმა საერთოდ არ იციან აღნიშნული კანონპროექტის ინიციატივის შესახებ. ფრაქციის თავმჯდომარე დავით ჯორჯაძემ მიიჩნია, რომ „ქრონიკა+“ ეხუმრებოდა და კითხვაზე, _ რას ფიქრობდა იგი ამ საკითხზე? პასუხად დაგვიბრუნა:

_ ნუ მეღადავებითო…

 

ფრაქცია „ძლიერი თელავის“ თავმჯდომარე და მასში გაერთიანებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელი არ იცნობენ ამ ინიციატივას და, შესაბამისად, ვერც კომენტარს აკეთებენ.

 

იმედა კევლიშვილი _ იურისტი, წლების მანძილზე თვითმმართველობაში მოღვაწეობდა, საკრებულოს იურისტი, ფრაქციის თავმჯდომარე, დეპუტატი და ა. შ.

_ თვითმმართველობა ძალიან არასწორად არის მოწყობილი და მისგან შესაბამის შედეგსაც ვერ მივიღებთ…

რეალურად, თვითმმართველობა არის იმ ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი საკითხების გადასაჭრელად და მოსაგვარებლად შექმნილი ორგანო. ბიძინას გამოჩენის მერე არ მოუგონიათ თვითმმართველობა! იგი ფარნავაზიდან დაწყებული არსებობს. მართალია, მთლად თვითმმართველობა არ იყო, მაგრამ ადმინისტრაციული დაყოფის ფორმა იყო, ანუ ცხრა საერისთავოდ დაყოფა და სათავეში ერისთავების ჩაყენება, ჯერ კიდევ, ჩვენს წელთაღრიცხვამდე არსებობდა.

თვიმმართველობა არის რაღაც უფლებების დელეგირება ცენტრალური ხელისუფლებიდან, რასაც ადგილობრივი ხელისუფლება ვერ ახორციელებს. რაღაც უფლებამოსილებები, რასაც ცენტრალური ხელისუფლება არ ახორციელებს, გადმოცემულია ადგილობრივ ხელისუფლებაზე. შევარდნაძის მმართველობის პერიოდში გამგებელი ინიშნებოდა, ახლა არჩევითია და სწორადაც არის. მაგალითად, თელავის მუნიციპალიტეტი რატომ გაყვეს ორ მუნიციპალიტეტად, ვერ მივხვდი. იდეა იყო ერთი, რომ სოფელ აკურიდან რატომ უნდა წავიდეს თელავში მოქალაქე, მას თვიმმართველობა სოფელში უნდა ჰქონდეს, თავისთან ახლოსო. ჯამში, რა გამოვიდა? ამ სოფლელების თვიმმართველობაც თელავშია და ქალაქ თელავის თვიმმართველობაც ქალაქ თელავშია. ეს არის დეცენტრალიზაცია. კანონის თავდაპირველი იდეა ასეთი იყო: სოფელს უნდა ჰყავდეს თავისი არჩეული 5-კაციანი საკრებულო, საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი არჩეული გამგებელი და სოფელი თავად უნდა წყვეტდეს მომავალს, მაგრამ დღეს სახელმწიფოს უჭირს. ასე ორდონიან თვიმმართველობად დაყოფა იმაზე მეტ ხარჯს მოითხოვს, რაც 2014 წლამდე იყო. თუ თვიმმართველობა რეალურად უნდათ, ამ ეტაპისთვის ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი, ან სხვა თვითმმართველი ქალაქები კი არ უნდა გააუქმონ, არამედ გუბერნია უნდა გააუქმონ. პრობლემა იყო ჩვენს დროსაც და პრობლემა არის ახლაც. ჩვენს დროს თუ გუბერნია რამეს აკეთებდა, ახლა გუბერნატორი ვინ არის, ისიც კი არ ვიცი.

_ თვიმმართველობის კოდექსის შეცვლის შემდეგ თელავი უფრო დამოუკიდებელი გახდა?

_ რა თქმა უნდა, არა. ახლა, სამწელიწადნახევრის შემდეგ თუ გავაერთიანებთ მუნიციპალიტეტებს, რა შეიცვლება? რა თქმა უნდა, არაფერი. შეცვლილი თვიმმართველობის კოდექსმა სარგებელი ვერ მოგვცა. განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობამ ვერანაირი სარგებელი ვერ ნახა. ამ ეტაპისთვის სოფელს გამგებელი ჰყავს და სოფლის დახმარებით არსებული დაფინანსება შეწყვეტილია. პრაქტიკულად, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში ბიუროკრატიული ხარჯი გაიზარდა, დავასაქმეთ ნათესავები და პარტიის აქტივისტები. აქამდე არსებული სოფლის დახმარების პროგრამით, მაგალითად, სოფელ წინანდალში აშენდა სოფლის ტუალეტი, რომელიც უფუნქციოდ არის და დანგრეულია. მივიღეთ ერთი რამე: დეცენტრალიზაცია, რომელიც ხალხისთვის სასიკეთო უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბლეფი აღმოჩნდა. საკრებულოს აპარატი, პრაქტიკულად, სანოტარო ბიუროა.

_ გაამართლა თუ არა თვითმმართველობამ ქალაქ თელავში?

_ ქალაქ თელავში დღესდღეობით თვიმმართველობა არ ამართლებს. სისტემა არასწორადაა მოწყობილი. მაგალითად, თელავის თვიმმართველობას რისთვის სჭირდება კულტურის აიპი, ვერავინ დამისაბუთებს. ანუ როცა გაქვს კულტურის სამსახური და მის გარდა კულტურის აიპი, ეს ერთობლივი არსებობა უკვე ფლანგვაა. მაგალითად, ნადიკვარზე მომღერლებმა რომ იმღერონ, ამას კულტურის აიპი რად უნდა? ხომ შეიძლება, მერის ერთ-ერთმა მოადგილემ თავის თავზე აიღოს ეს ყველაფერი? ამ ყველაფრის დასარეგულირებლად წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს ჩართულობის გაზრდაა საჭირო. ეს კონკრეტულად თელავის მერის, ან საკრებულოს პრობლემა კი არ არის, არამედ მთელი საქართველოსი.

_ აღმოჩნდა, რომ ბოლო 4-5 წლის მანძილზე საკრებულოებში ძალიან ბევრი ფრაქციაა შექმნილი. თელავის მაგალითზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ არც ერთი ფრაქციის სხდომის ოქმი არ არის გამოქვეყნებული მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, განსხვავებით სხვა ფრაქციისგან. პრაქტიკულად, ფრაქციის არც ერთი გასვლითი შეხვედრა არ გაუშუქებია მუნიციპალიტეტის პრესსამსახურს. მოქალაქეებმა არ ვიცით, აკეთებს კი რამეს ამგვარი პოლიტიკური გაერთიანებები? და თუ აკეთებს, ხომ მათსავე ინტერესში უნდა შედიოდეს, რომ გვაჩვენონ? არც ჩანს და არც გვესმის. სამაგიეროდ, ფრაქციის ხელმძღვანელსა და წევრებს ჩვენი ბიუჯეტიდან არც ისე ურიგო ანაზღაურება აქვთ… რა ბერკეტი არსებობს იმისთვის, რომ ასეთი გაუთვალისწინებელი ხარჯები ავიცილოთ? დღეს მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების საკითხი სწორედ მათ ხარჯებთან დაკავშირებთ დგას…

_ საკრებულო ნორმატიულ აქტებს იღებს, განსაზღვრავს და ამტკიცებს ბიუჯეტს. ეს არის მთავარი ფუნქცია. ამის კონტროლი ახლანდელ საკრებულოს ეკუთვნის. იმის უფლებაც აქვს, რომ მერი ან გამგებელი გადააყენოს. თუმცა ფრაქცია პოლიტიკური ორგანიზაციაა და ეს მხოლოდ დეპუტატების ნების მიხედვითაა შექმნილი. შესაბამისად, იგი იქმნება ნებაყოფლობით, რაღაც იდეა აქვს, რომელიც უნდა განახორციელოს. ამ ჯგუფში გყავს თანამოაზრეები. ფრაქციას ყველა საკრებულოს სხდომაზე უნდა ჰქონდეს თავისი პოზიცია, რაღაც კონცეფცია ნებისმიერ საკითხზე. ფრაქციას თავისი მიზნები უნდა ჰქონდეს, სადაც ნათლად უნდა ჩანდეს, ის მემარჯვენეა თუ მემარცხენე. დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური განვითარება ჩვენს რაიონს ნული ექნება. როცა მთელ საქართველოში ეკონომიკური განვითარება 3%-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში 0%-ია. აი, ფრაქციებს ეკონომიკური სტრატეგიული გეგმები შემუშავებული უნდა ჰქონდეთ.

დღეს ფრაქციების უმრავლესობა ფიქრობს, არავის არ ვეჩხუბოთ, არავინ გავაბრაზოთო. თუმცა ავიწყდებათ, ისინი რატომ აირჩია ხალხმა, რომ ისინი იმ ხალხის დეპუტატები არიან. შემიძლია, ჩემს მაგალითზე ვთქვა, რომ 6 თვე ვიყავი ფრაქციის თავმჯდომარე და მაშინდელი გუბერნატორის წინადადება იყო, ბიუჯეტში დაგეგმილი სტადიონების გაკეთება ამოგვეღო და აღნიშნული თანხები თელავის თეატრის დასაფინანსებლად გადაგვემისამართებინა. თუმცა ფრაქციამ უარი უთხრა. ახლაც მიმაჩნია, რომ თელავის სახელმწიფო თეატრს თანხას უნდა აძლევდეს სახელმწიფო და არა _ მუნიციპალიტეტი.

იყო კიდევ ერთი საკითხი, რომ თელავის მუნიციპალიტეტს დაეფინანსებინა თელავის კორტების რეაბილიტაცია. თუმცა ფრაქციამ მანამდე არ დააფინანსა პროექტი 300 000 ლარით, სანამ თვითონ კორტები მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ გადმოვიდა. ნებისმიერი საკითხი, რომელიც გადიოდა, იმ საკითხზე ფრაქცია 1 კვირით ადრე იკრიბებოდა და მსჯელობდა. მართალია, ნებისმიერი ფრაქციის თავმჯდომარე რომ ჩამოატაროთ დღეს სოფელ-სოფელ, ვერავინ გეტყვით, რომ ის ფრაქციის თავმჯდომარეა. შესაძლოა, ფრაქციამ არ ჩაატაროს არც ერთი სხდომა, მას არ ჰქონდეს არც პოზიცია რომელიმე საკითხზე, მაგრამ ფრაქციის დაშლა, ან გაუქმება ანტიდემოკრატიული ნაბიჯია. ფრაქციის მიზანი უნდა იყოს, რომ ისე იმუშაოს, მომავალში კიდევ მისცენ ხმა. შესაბამისად, ფრაქციის ხელფასებზე მეტად სხვა არასწორი ხარჯვაც აქვს მუნიციპალიტეტს. ახლა მუნიციპალიტეტების გაერთიანება ახალ ველოსიპედს ვერ მოგვცემს, ეს, უბრალოდ, ხელისუფლების შოკია, არ იცის, როგორ გადაირჩინოს თავი მოსალოდნელი ადგილობრივი არჩევნების დროს, სულ ესაა.

 

შაქრო ტერტერაშვილი _ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი:

_ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, რომ არ ვიმსჯელოთ, უფრო ფართო სურათს უნდა დავაკვირდეთ: რაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, ამჟამინდელი დედაქალაქის მერი და ყოფილი რეგიონული განვითარების მინისტრი, ბატონი ნარმანია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოსვლისთანავე გამოაცხადეს თვითმმართველობის რეფორმის დიდ შემოქმედად, წარმოადგინეს რაღაც გაუგებარი პროექტი, რომელიც არათუ ვინმე პოლიტიკური ან არასამთავრობო ჯგუფის მოწონებას იმსახურებდა, არამედ კონცეფციის ძირშივე დებულებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, ამასთან ერთად, ჩანაწერები იყო საწყის კონცეფციაში, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ და ჩვენს სამართლებრივ სივრცეში მაღალი იერარქიის საფეხურზე დგას.

სწორედ აქედან გამომდინარე პირველმა პროექტმა სერიოზული რისხვა დაიმსხურა, რის შედეგადაც ბატონი ნარმანია, და, ზოგადად, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, უკან წაეღო თავისი პროექტი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დაანონსებული ჰქონდათ თვითმმართველობის რეფორმა, გადაწყვიტეს, დეცენტრალიზაციის სახელით შემოეთავაზებინათ რაღაც სახის ცვლილება. კონკრეტულად კი ეს ცვლილება გამოხატული იყო თვითმმართველი ქალაქების შექმნაში.

აქედან გამომდინარე, პირველი: დეცენტრალიზაცია გულისხმობს უფლებამოსილებათა გადაცემას ხელისუფლების მაღალი რგოლებიდან დაბალი რგოლებისთვის, მაგრამ, სინამდვილეში, თვითმმართველ ქალაქებს არანაირი დამატებითი უფლება არ გადმოეცათ ცენტრიდან და იმ უფლებამოსლების ფარგლებში დარჩნენ, რაც მანამდე ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებს. შესაბამისად, პრაქტიკამ აჩვენა, რომ ხალხისთვისის ახლად შექმნილმა თვითმმართველმა ქალაქებმა ვერ შექმნა სიკეთის მცირედი ელემენტიც კი და გამოიწვია ადგილზე კადრების ზრდა, რაც შესაბამისად ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

მეორე: კახეთის მაგალითზე, თელავი გაიყო თელავის თემის მუნიციპალიტეტად და თვითმმართველ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტად. თელავის თემის მუნიციპალიტეტში გაერთიანდა თელავის რაიონის სოფლები, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, არ არსებობდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, მეორე მხრივ, სოფლებს შორის კავშირი ხდებოდა ქალაქ თელავის გავლით, შეუძლებელი და არასახარბიელო იყო თვითმმართველი თემის ადმინისტრაციის განთავსება თემში შემავალ რომელიმე სოფელში. აქედან გამომდინარე, ცრუ შემოქმედი ნარმანიას ნაცოდვილარის საფუძველზე მივიღეთ კომიკური სიტუაცია, როცა თვითმმართველობების ადმინისტრაციული შენობები და, შესაბამისად, ხელმძღვანელი პირები, აღმოჩნდნენ სხვა თვითმმართველი ორგანოების ტერიტორიაზე. ამის გარდა, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ მას აღარ გააჩნია ის ნდობის რესურსი, რაც 2014 წლის თვითმმართველობების არჩევნების დროს ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა, ერთი მხრივ, უკან დაეხია და გაეუქმებინა თავისი ნაცოდვილარი, რომელმაც სამწელიწადნახევრის განმავლობაში ზიანის მეტი არაფერი მოუტანა თვითმმართველობებს; მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებისთვის მზადება დაიწყო საკანონმდებლო ცვლილების გზით.

 

მაკა მოსიაშვილი