ვახტანგ ხმალაძე: „რიგგარეშე იქნება არჩევნები თუ მორიგი, არ მგონია, ოპოზიციამ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს!“

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება საკონსტიტუციო საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრი, კონსტიტუციონალისტი _ ვახტანგ ხმალაძე:

_ ბატონო ვახტანგ, პარტიების ნაწილმა პრეზიდენტ მარგველაშვილს გადადგომისკენ მოუწოდა, ნაწილმა კი მისი ინსტიტუტის დასაცავად აქციები დააანონსა. მათი თქმით, თუ მარგველაშვილი ვადამდე ადრე გადადგება, ორ თვეში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება და ხალხს საშუალება ექნება, პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიოს. ამ ნაბიჯით მარგველაშვილი საპრეზიდენტო ინსტიტუციას გადაარჩენს და ხელისუფლების ქმედებას კონსტიტუციის ცვლილების წინაშე ხელს შეუშლის. ასეთი სახის წინადადებით ადრე დავით უსუფაშვილიც გამოვიდა. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

_ როგორც მახოვს, დავით უსუფაშვილმა თქვა, რომ თუ მომდევნო წელს იქნება არჩევნები და ეს ცვლილება მოხდება, შესაძლებელია ამისგან თავის არიდება, თუ ცვლილების ამოქმედებამდე პრეზდენტი თანამდებობიდან გადადგება. ეს იყო მოვლენათა განვითარების ვერსიები, ანუ თუ ცვლილების ამოქმედებამდე პრეზიდენტი გადადგება თანამდებობიდან, მაშინ მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, სავალდებულო იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რომელიც პირდაპირი არჩევის წესით უნდა გაიმართოს. ეს თქვა უსუფაშვილმა, როგორც მოვლენათა განვითარების ერთ-ერთი შესაძლო ვერსია. ეს არ იყო რჩევა პრეზიდენტისადმი, რომ გადადექიო.

_ ზოგადად, ამ პოლიტიკური ხრიკის გამოყენებაზე რას იტყვით?

_ ეს არასწორი იქნება. ჩემი დამოკიდებულება ასეთია, რომ პრეზიდენტის არჩევნები საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში უმჯობესია იყოს ირიბი და არა პირდაპირი, მაგრამ მომდევნო წელს პირდაპირი წესით არჩევნებზე უარის თქმა და ირიბზე გადასვლა არასწორად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, როგორი მოდელი იქნება მიღებული ირიბი არჩევნებისთვის, _ მხოლოდ პარლამენტის მიერ თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ, ვინაიდან ამჟამად პარლამენტში ერთ პოლიტიკურ პარტიას 77%-იანი უმრავლესობა ჰყავს და სრულიად აშკარა ხდება, რომ პრეზიდენტად ის პირი აირჩევა, ვინც ამ ერთ პოლიტიკურ პარტიას ენდომება. ამიტომ მიმაჩნია არასწორად! ამიტომ იყო ჩემი წინადადება საკონსტიტუციო კომისიაში, რომ 2023 წელს ირიბ არჩევნებზე გადავიდეთ, ვინაიდან მანამდე ორი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება და ორჯერ შეიცვლება თვითმმართველობის საკრებულოთა შემადგენლობა. 2023 წლამდე საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, ანუ თუ სამართლიან საარჩევნო სისტემას შემოიღებენ, პარლამენტშიც ვეღარ იქნება ასეთი დიდი ერთპარტიული უმრავლესობა. მაშინ შესაძლებელია, უკვე პრეზიდენტის არჩევნების შედეგად მივიღოთ ისეთი არჩეული პრეზიდენტი, რომელიც მხოლოდ ერთი პარტიის ფავორიტი არ იქნება. მით უფრო, თუ ამას იმ პირობასაც დავამატებთ, რომ ირიბი არჩევნებისას პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა, ანუ ნახევარზე მეტის. მაგალითად, თუ პრეზიდენტის არამორიგი არჩევნები გაიმართა, გაისად, ანუ პრეზიდენტი გადადგა თანამდებობიდან და რიგგარეშე არჩევნები გაიმართა, სიმართლე გითხრათ, შედეგის თვალსაზრისით, ვერ ვხედავ, რომ რაიმე განსხვავება იყოს. პირდაპირი არჩევნებით იქნება თუ ირიბით, ვფიქრობ, შედეგი ერთნაირი იქნება, რადგან პირდაპირი არჩევნებისას საჭიროა დიდი ფინანსური რესურსი, რაზედაც ყველაზე მეტად ხელისუფლებაში მყოფ პარტიას მიუწვდება ხელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციური პარტიები ყველა დასუსტებულია, ეს დასუსტება ვლინდება არა მხოლოდ ფინანსური შესაძლებლობების სიმწირეში, არამედ ორგანიზაციულ პრობლემებში. პირდაპირი არჩევნები მოითხოვს ძალიან სერიოზულ ორგანიზებას, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვას, მასში უამრავი ადამიანის მონაწილეობას, სხვაგვარად წარმატება ვერ მიიღწევა. ამიტომ გინდა რიგგარეშე იყოს არჩევნები და გინდა მორიგი. მორიგ არჩევნებზე კიდევ უფრო ნალებად ვიტყოდი, რადგან იქამდე წელიწადნახევარია დარჩენილი, ამ პერიოდში შეიძლება ვითარებები შეიცვალოს, მაგრამ ახლა თუ იქნება რიგგარეშე არჩევნები, არ მგონია, რომ ოპოზიციამ მისთვის სასურველი შედეგი მიიღოს.

_ საქართველო მზადაა, რომ აქ საპარლამენტო მოდელმა იმუშაოს?

_ 1995 წელს საპარლამენტო რესპუბლიკა რომ დადგენილიყო, დღეს ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით, ერთპარტიული ან ერთპიროვნული უზურპაციის თვალსაზრისით. ჩვენ ასეთ შემთხვევაში არ გვექნებოდა არც დღევანდელი მდგომარეობა და არც ის მდგომარეობა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის პირობებში იყო და არც ის ვითარება, რომელიც 2004 წლამდე შევარდნაძის ხელისუფლების დროს იყო. ასე რომ, თქმა იმისა, მზად ვართ თუ არა ამისთვის, მიმაჩნია, რომ არსებითად არასწორია, რადგან მაშინ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, შეიძლება ვთქვათ, რომ იმ დროს არც ერთი მოდელისთვის არ ვიყავით მზად, რადგან საქართველოს ორი საუკუნის განმავლობაში არ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობა. ცხადია, ასეთი მზაობა არც ერთი მოდელის მიმართ არ იყო. პრობლემა სწორედ ის გახლდათ, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა სწორედ ის არჩევანი, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, ისეთი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა და აგვეშენებინა, რომელშიც ასეთი სახის რისკების დაბალი ხარისხი იქნებოდა და ასეთი რისკების დაბალი ხარისხი არის ყველაზე მეტად სწორედ საპარლამენტო რესპუბლიკაში. საპრეზიდენტოში, ნახევრად საპრეზიდენტოში, იქ რისკების სხვა ხარისხია, მაგრამ ყველაზე დაბალი ხარისხი არის საპარლამენტო რესპუბლიკაში. ასე რომ, რაც უფრო დროულად გადავალთ ისეთ სისტემაზე, რომელიც ნაკლები რისკების შემცველი იქნება, მით უკეთესი. ოღონდ საპარლამენტო რესპუბლიკა მხოლოდ ამ სიტყვებით თუ შემოიფარგლება, ეს არაფერს მოგვცემს, _ აქ უნდა იყოს ის მახასიათებლები, რომლებიც უზრუნველყოფს ასეთ სისტემაში დაბალ რისკებს. ეს არის არჩევნების სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის მდგომარეობაზე მორგებული სისტემა. ჩემი აზრით, ეს გახლავთ პროპორციული არჩევნები; პროპორციული არჩევნებისას არჩევნების ისეთი წესი, მანდატების განაწილების ისეთი წესი, რომელიც სამართლიანი იქნება; ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მრავალპარტიულ წარმომადგენლობას და არა მხოლოდ ორპარტიულ წარმომადგენლობას. პრობლემას ქმნის ამ თვალსაზრისით ახლა შემოთავაზებული მოდელი, როდესაც, ერთი მხრივ, იკრძალება საარჩევნო ბლოკების შექმნა და, მეორე მხრივ, 5%-იანი ზღურბლი რჩება პარტიებისთვის. შეიძლება, ეს 5% პრობლემა არ იყოს გერმანიისთვის, ან რომელიმე ევროპული ქვეყნისთვის, მაგრამ ჩვენთან, პარტიული სისტემის განუვითარებლობის გამო, ის ვითარებაა, რომ 5%-იანი ზღურბლის შემთხვევაში, იმავდროულად, თუ აიკრძალება საარჩევნო ბლოკებით არჩევნებში მონაწილეობა, მაღალი ალბათობით, დაკარგული ხმების რაოდენობა გაიზრდება, რაც, შესაბამისად, ვერ უზრუნველყოფს პარლამენტში რამდენიმე პარტიის წარმომადგენლობას. შეიძლება პარლამენტში აღმოჩნდეს 2 ან 3 პარტია, იმავდროულად, ბევრი დაკარგული ხმით, ანუ ჩვენი მოქალაქეების წარმომადგენლობა პარლამენტში იქნება უფრო დაბალპროცენტიანი. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეთა საკმარისად დიდი რაოდენობის, სადღაც 20%-ის, ანუ 1/5-ზე მეტის აზრი საერთოდ არ იქნება გათვალისიწნებული. შესაძლებელია მათ საერთოდ არ ჰყავდეთ წარმომადგენელი პარლამენტში და ეს ცუდია პოლიტიკური სტაბილურობისთვის. ამიტომ მე ვამბობ საპარლამენტო სისტემას, მაგრამ სამართლიანი საარჩევნო სისტემით. მთავრობასა და პარლამენტს, პრეზიდენტს შორის უფლებამოსილებათა ოპტიმალური გადანაწილებთ, ძლიერი საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფით, სასამართლო სისტემის იმ ძირითადი პარამეტრების დადგენით, რომელიც შანსს მოგვცემს, რომ შეიქმნას და ჩამოყალიბდეს სამართლიანი სასამართლო სისტემა; რომ სასამართლოს მიმართ იყოს ნდობის მაღალი ხარისხი.

_ „ვენეციის კომისიის“ დასკვნის პროექტის ნაწილი გასაჯაროვდა, სადაც საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებებია შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ აცხადებდა, მხოლოდ „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს გავითვალისწინებო, როგორ ფიქრობთ, შეასრულებს პირობას?

_ ნამდვილად არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა ამ პირობას. არის სიტყვიერი განცხადებები პარლამენტის თავმჯდომარისა, რომ შეასრულებენ, თუმცა, რეალურად, რა მოხდება, ვერც თქვენ და ვერ მე ვერ ვიტყვით, პარლამენტის თავმჯდომარე არის მაღალი თანამდებობის პირი, მაგრამ მაინც ერთი პირი. არ არის ჩვენთან ისეთი ვითარება, როდესაც მის მიერ გაკეთებული განცხადება, შეიძლება, უპირობოდ მიიღოს ხელისუფლების უმრავლესობის დანარჩენმა წევრებმა. ამიტომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რა მოხდება. რაც შეეხება ჩემს აზრს „ვენეციის კომისიის“ დასკვნის პროექტის მედიაში გავრცელებული ნაწილის თაობაზე, შემიძლია გითხრათ, რომ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, მიმაჩნია, ეს დასკვნები სწორია, ოღონდ მათი სწორი ინტერპრეტირების შემთხვევაში.

_ უფრო კონკრეტულად?

_ პირველ რიგში, ეს განსაკუთრებით ეხება პარლამენტის არჩევის სისტემას და პრეზიდენტის არჩევნების წესს. პრეზიდენტის არჩევნების თაობაზე იმას ვიტყვი, რომ რაც გამოქვეყნდა, „ვენეციის კომისიას“ არაფერი უწერია საწინააღმდეგო ირიბი არჩევნებისა და პირდაპირ ამბობს, რომ საპარლამენტო სისტემებში არის როგორც ირიბი, ასევე პირდაპირი არჩევნები. ორივე მიიჩნევა მისაღებად, მაგრამ იქ უთითებენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ირიბი არჩევნებისას მაღალი კონსენსუსის უზრუნველყოფა. ამისთვის უმჯობესი იქნება, თუ პრეზიდენტი აირჩევა არა ჩვეულებრივი უმრავლესობით, ანუ კოლეგიის ნახევარზე მეტით, არამედ, კვალიფიციური უმრავლესობით, ანუ უფრო მაღალი ალბათობით. ეს წინადადება ჩემთვის სავსებით მისაღებია და ეს საკითხი მე დასმული მქონდა საკონსტიტუციო კომისიაში. ამასთან ერთად, რადგან ირიბი არჩევნებისას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა თანაფარდობას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ის, პარლამენტში არჩევნები რამდენად სამართლიანი სისტემით ჩატარდება. ერთიმეორეზეა დამოკიდებული ეს ორი საკითხი. პარლამენტის არჩევნების სისტემაზე „ვენეციის კომისია“ ამბობს, რომ პარლამენტში საარჩევნო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მრავალპარტიული წარმომადგენლობა, ამომრჩევლების აზრის ადეკვატურად ასახვის შესაძლებლობა და რომ ამ თვალსაზრისით წარმოდგენილ პროექტში რამდენიმე ნორმაა, რომელიც ამას პრობლემურს ხდის. ეს არის საარჩევნო ბლოკების გაუქმება, 5%-იანი ზღურბლი და მანდატების განაწილების წესი. იქვე ჩამოთვლილია რეკომენდაციები: ბლოკების დატოვება ან/და საარჩევნო ზღურბლის შემცირება, ან/და მანდატების განაწილების წესის შეცვლა პროპორციული განაწილების წესით, ან აუცილებელი მანდატების გადაცემისას მანდატების ზედა ზღურბლის განსაზღვრა, რაღაც რაოდენობა რომ ვერ მიიღოს ერთმა პარტიამ. ამ რეკომენდაციების ინტერპრეტირებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ეს სამი საკითხი, _ ბლოკები, ზღურბლი და მანდატების განაწილების წესი, _ არ არის ყველა პირდაპირ კავშირში ერთმანეთთან, ანუ ეს სამი საკითხი არ არის ერთიანობის ალტერნატივა, ამ სამიდან ერთი რომელიმეს გაკეთებით პრობლემა არ გადაიჭრება. ერთიმეორესთან არსებით კავშირშია საარჩევნო ბლოკების არსებობა-არარსებობა და მეორე მხრივ, საარჩევნო ზღურბლი. ამასთან კავშირში არ არის მანდატების განაწილების წესი, რადგან საარჩევნო ბლოკების გაუქმების, აკრძალვის შემთხვევაში, ჩვენთან არსებულ ვითარებაში ზღურბლი შეიძლება გადალახოს ორმა ან სამმა პარტიამ. ასეთ დროს კი დაკარგული ხმების რაოდენობა დიდი იქნება. ამიტომ აქ ორი რამ არის გასაკეთებელი, _ ან ზღურბლმა უნდა დაიწიოს და „ვენეციის კომისია“ გვირჩევს, რომ დავწიოთ ორ ან სამ პროცენტამდე (აქ ისინი ეყრდნობიან საქართველოში წლების განმავლობაში გამართული არჩევნების შედეგების ანალიზს, თუ როგორია ხოლმე დაკარგული ხმების რაოდენობა სხვადასხვა პროცენტული ზღურბლის შემთხვევაში), ან უარი არ უნდა ითქვას საარჩევნო ბლოკებზე. ზღურბლი გინდა 3% იყოს, გინდა _ 5%, მანდატების განაწლების წესი ცალკე დგას. ორივე შემთხვევაში ეს წესი უნდა იყოს სამართლიანი, ოღონდ ერთი რამეც არის გასათვალისწინებელი, _ პროექტში წარმოდგენილი წესის მიხედვით, გაუნაწილებელი მანდატები მიეკუთვნება პირველ ადგილზე გასულს, ამას დრამატული შედეგი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ზღურბლი იქნება მაღალი, რადგან ასეთ დროს დაკარგული ხმები ძალიან ბევრი იქნება და, შესაბამისად, გაუნაწილებელი მანდატებიც _ ძალიან ბევრი. დაბალი ზღურბლის შემთხვევაში ეს ზიანი ნაკლები იქნება. ჩემი წინადადება და რჩევა იქნებოდა, რომ აქცენტი გაკეთდეს საარჩევნო ზღურბლის დაწევაზე, ვიდრე საარჩევო ბლოკების აკრძალვაზე, უარის თქმაზე, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვნად მიმაჩნია თუნდაც იმისთვის, რომ უფრო მყარი და მდგრადი პარტიული სისტემა ჩამოყალიბდეს. ხოლო მანდატების განაწილების წესი, ყველა შემთხვევაში, სამართლიანი უნდა იყოს. სწორი წაკითხვა და სწორი ინტერპრეტირება სჭირდება „ვენეციის კომისიის“ დასკვნას. როგორი იქნება საბოლოო დასკვნა, არ ვიცი, ეს მხოლოდ პროექტია, დაველოდოთ, სულ რამდენიმე დღეში ესეც ცნობილი გახდება.

თამარ ბატიაშვილი