ვახტანგ კვიჟინაძე: „ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი უნდა მიენიჭოს“

სააპელაციო სასამართლომ დემირელის სკოლის პედაგოგის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის პატიმრობის შესახებ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბრალდებული და ადვოკატები აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და განთავისუფლებისთვის ლეგიტიმურ ბრძოლას აგრძელებენ. საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ უარი თქვას ჩაბუქის თურქული მხარისთვის გადაცემაზე, სადაც მას უფლებების დარღვევა ელოდება.

 

„ქრონიკა+“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს, ვახტანგ კვიჟინაძეს ესაუბრება:

_ სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების (პატიმრობა) შეფარდების შემდეგ ჩვენ, ადვოკატებმა, ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრეთ. მეორე, სააპელაციო ინსტანციამ პირველის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

_ სააპელაციომ ეს გადაწყვეტილება რის საფუძველზე მიიღო?

_ პირველის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, ის ვარაუდები გაიზიარა, რომელსაც აღნიშნული ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო. რასაკვირველია, ჩვენ ამას არ ვეთანხმებით, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ეს ადამიანი, ჯერჯერობით, პატიმრობაში რჩება.

_ ემრე ჩაბუქთან დაკავშირებით თურქული მხარე რას მოითხოვს?

_ თითქოს ეს ადამიანი ტერორისტებს ეხმარეობდა. დემირელის სკოლა, რომელიც ჩვენთან 25 წელია, ფუნქციონირებს, თურმე, ტერორისტული ორგანიზაცია ყოფილა, _ თურქული მხარის მოთხოვნაში ასე წერია. ამ დროს ეს ადამიანი სკოლის მესაკუთრე არ არის.

ერთმა მესაკუთრემ, გერმანიის მოქალაქემ, ამერიკაში დაფუძნებულ კომპანიას თავისი წილი მიჰყიდა. ეს პიროვნება, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დაქირავებული პერსონალია და მან ეს ყიდვა-გაყიდვის აქტი, გადაწყვეტილება, აიღო და საჯარო რეესტრში მიიტანა. სულ ეს არის და ეს, რაც ამ საქმეზე მოხდა.

თურქული მხარე კი აცხადებს, რომ ეს კაცი ტერორისტებს ეხმარება და ჩვენ გადმოგვეცითო: „ტერორისტული საქმიანობისთვის, წევრობისა და მათთვის დახმარების გაწევისთვის“.

_ რა საფუძველი აქვს თურქული მხარის აღნიშნულ პრეტენზიას პედაგოგის მიმართ?

_ არანაირი ნიადაგი არ აქვს და სწორედ ამ რეალობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. ამას ვამბობთ, რომ ეს სკოლები ბოლო 25 წლის განმავლობაში ფუნქციონირებს. ერთია, რომ ეს არანაირი ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, საგანმანათლებლო დაწესებულებაა. მეორეა, რომ, ვთქვათ, მასწავლებელი ვარ, ამა თუ იმ სკოლაში ვაკანსია გამოცხადდა და ასე დავიწყე მუშაობა. თუ ეს სკოლა, გინდ ტერორისტული და გინდ არატერორისტულია, ეს მე, დაქირავებულმა მასწავლებელმა უნდა ვარკვიო, თუ სპეცსამსახურმა?

ეს კაცი მთელი ათწლეულების განმავლობაში სკოლაში ჩვეულებრივად მუშაობდა. და თუ დაწესებულებას რამე კავშირი ჰქონდა დანაშაულებრივ სამყაროსთან (რაც წარმოუდგენელი ამბავია), მაშინ ამაზე სპეციალურ ორგანოებს უნდა ეზრუნათ, ხომ?

_ თქვენი შეფასებით, თურქული მხარის რეალური ინტერესი რა არის?

_ მათ რაღაც ორგანიზაცია ტერორისტულად შერაცხეს, დაზუსტებით არც კი ვიცი ამის შესახებ, ვერაფერს გეტყვით და გარკვევა ჩემს კომპეტენციაში არც შედის. მაგრამ აქ რატომ გადადგეს ეს ნაბიჯი, მართალი გითხრათ, ამის ზუსტი მოტივები ჩემთვის უცნობია. სავარაუდოდ, ამ საქმეში აღნიშნული პიროვნების მიმართ გარკვეული პოლიტიკური სარჩულები უნდა იყოს.

_ თავად მუსტაფა ემრე ჩაბუქი რას ითხოვს?

_ საქართველოში დარჩენას ითხოვს. ასევე ითხოვს, რომ მიიღოს, მიანიჭონ ლტოლვილის სტატუსი, რაც უკვე ექსტრადიციას და თურქეთისთვის გადაცემას გამორიცხავს, რადგან თურქეთის რესპუბლიკაში მას სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.

მას საქართველოს სახელმწიფოში სურს ცხოვრება. უკვე 15 წელია, აქ ცხოვრობს და ამიტომ ლტოლვილის სტატუსის მიღებას ითხოვს. რასაკვირველია, თუ შემდეგ პროცესი გაგრძელდება, შეიძლება, მოქალაქეობის მიღებაზეც იზრუნოს.

_ აქამდე საქართველოში რა სტატუსი ჰქონდა?

_ მას და მისი ოჯახის ყველა წევრს საქართველოში მუდმივი ბინადრობის მოწმობა ჰქონდა, მეუღლე და ორი შვილი ჰყავს. გარდა იმისა, რომ სკოლაში ბავშვებს ასწავლიდა და თაობებს ზრდიდა, კანონთან არანაირი პრობლემა არ ჰქონია, წესიერი და პატიოსანი ადამიანია.

_ რა პოზიცია აქვს სტატუსის მოთხოვნაზე ლტოლვილთა სამინისტროს?

_ რამე უარყოფითი რეაქცია არ ყოფილა, უბრალოდ, ჩვეულებრივად მივმართეთ, პროცედურები დაიწყეს, ამ პიროვნებისა და მისი ოჯახის წევრების ანკეტირება მოახდინეს.

ასევე ვაპირებთ წარვადგინოთ დამატებითი მასალები, რომელიც ლტოლვილთა სამინისტრომ დაწვრილებით უნდა შეისწავლოს, სანამ ამ საკითხს გადაწყვეტს.

ეს არის ადამიანის უფლებების ის დარღვევები, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციები თურქეთში დაკვირვებების შედეგად ავლენენ; ის მდგომარეობა, რომელიც პატიმრებისთვის უკიდურესად მძიმედ არის შეფასებული. საუბარია იმ პენიტენციურ სისტემაზე, რომელიც ამ დროისთვის თურქეთის რესპუბლიკაში არსებობს.

_ მთელი ოჯახისთვის ითხოვს თავშესაფარს?

_ დიახ.

_ არსებული ფონის გათვალისწინებით, რას ელოდებით ლტოლვილთა სამინისტროსგან? მიანიჭებს თუ არა ოჯახს ლტოლვილის სტატუსს?

_ რა თქმა უნდა, ერთადერთს ველოდებით, რასაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭება ჰქვია. აქ სხვა რამე ვერ იქნება და არც შეიძლება მოხდეს, რადგან უკვე წარვადგინეთ და კიდევ დამატაბით მივაწვდით ყველანაირ დამადასტურებელ ფაქტს იმ დარღვევების შესახებ, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია. ეს განსაკუთრებით პენიტენციურ სისტემას, პატიმრების მიმართ დამოკიდებულებას ეხება.

ამ საკითხში ქართულ მხარესთან პრეტენზია არ გაგვაჩნია გარდა მოთხოვნისა, რომ ჩაბუქი თურქულ მხარეს არ გადასცენ.

_ ამ საქმეზე ირიბი გავლენა ხომ არ მოახდინა აფგან მუხთარლის გატაცების საქმემ?

_ როგორც ადვოკატი და უფლებადამცვალი გატაცების ფაქტს (თუკი ისეა, როგორც საზოგადოებაში მუსირებს და ბრალს სდებენ), რა თქმა უნდა, არ მივესალმები და ნებისმიერი ასეთი ქმედების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ეს ნებისმიერ ადამიანს ეხება, გინდ საქართველოს მოქალაქე იყოს და გინდ, _ უცხო ქვეყნის.

მაგრამ ეს ორი საქმე ერთმანეთთან შინაარსობრივად კავშირში არ არის. რაც შეეხება საზოგადოებრივ გამოხმაურებას, ამ მხრივ, ერთიც სენსიტიურია და _ მეორეც. ამ საქმეებზე გარკვეული პარალელებიც შეიძლება გაევლოს.

იმედია, ღვთის მადლით, ემრე ჩაბუქის მიმართ იგივე დამოკიდებულება არ იქნება.

_ ერთ-ერთ განცხადებში ამ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩართვის შესაძლებლობაზე საუბრობთ, ეს რა ეტაპზე იგეგმება?

_ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამ საქმეში ჩაერთვება, როდესაც ადვოკატები დაცვის ობიექტთან მოლაპარაკების შედეგად განვსაზღვრავთ, რომ უკვე დროა და ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, რათა ექსტრადირების პროცესი შეჩერდეს.

მაგრამ კონკრეტულად როდის გავაკეთებთ, ამას დაცვის მხარე განსაზღვრავს, როდესაც ამ ყველაფერს საჭიროდ მიიჩნევს.

_ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმეზე ქართულმა სასამართლომ, გამოსავალი რა არის?

_ გამოსავალი ის არის, რომ აღნიშნულ პიროვნებას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს. რა თქმა უნდა, არც ერთ ადვოკატს და საქართველოს სხვა მოქალაქეს არ სურს, რომ საქართველოს თურქეთთან ურთიერობა გაუფუჭდეს, მაგრამ არანაირი ურთიერთობის დალაგება და არანაირ დათმობაზე წასვლა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ასეთი რამის გაკეთება, უბრალოდ, დაუშვებელია.

ადამიანის უფლება ამ საკითხში უმაღლეს დონეზე უნდა იყოს დაცული.

_ მსგავსი ტიპის პრობლემა სადღეისოდ თურქეთის რესპუბლიკის სხვა მოქალაქეებთანაც ხომ არ შეინიშნება?

_ საერთოდ, როგორც იურისტი მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით უნდა ვსაუბრობდე. რა საქმეშიც ჩართული არ ვარ, შესაბამისად, იმ საქმეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პიროვნებისთვის შეფარდებულ პატიმრობას არ ვეთანხმები. ეს არის ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ გამოიყენეს.

იმასაც არ ვეთანხმებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მისი ექსტრადირება განხორციელდეს, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცის დასკვნით (ამაზე ზეპირად არ ვსაუბრობ, ეს დასკვნები გამოქვეყნებულიცაა), ეს რეალურ საფრთხეს უკავშირდება. ამას ჩვენ, როგორც ლტოლვილთა სამინისტროში, ასევე პროკურატურასა და სასამართთლოში წარვადგენთ.

ამ ფონზე, ექსტრადირების შემთხვევაში რისკები ზემაღალია, რომ მისი უფლებები დაირღვევა. ასეთ პირობებში კი არამც და არამც არ უნდა განხორციელდეს პირის ექსტრადირება აღნიშნულ ქვეყანაში.

_ საერთაშორსო ორგანიზაციები თურქული მხარის ექსტრადირების მოთხოვნაზე რას ამბობენ?

_ ამ კონკრეტულ მუხლთან დაკავშირებით „ვენეციის კომისიის“ გადაწყვეტილება არსებობს, რომელიც ამ მუხლს ადამიანის უფლებების ჭრილში განიხილავს და მიიჩნევს როგორც ერთ- ერთ რეალურ ბერკეტს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის. „ვენეციის კომისიის“ დასკვნა ინტერნეტში დევს და საჯაროა. ეს ის მუხლია, რომლითაც ემრე ჩაბუქს ბრალი წარედგინა და იძებნება.

ასევე საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები გადაცემის კატეგორიული წინააღმდეგი არიან. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინათ მთავრობის კანცელარიასთან სოლიდარობის აქციაც გაიმართა. აღნიშნული ორგანიზაციები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ ემრე ჩაბუქის ექსტრადირება მოხდეს თურქეთის რესპუბლიკაში.

_ არგადაცემამ რამდენად შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქართულ-თურქულ ურთიერთობებზე?

_ ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მომუშავე ადვოკატი და ვამბობ, რომ, რა თქმა უნდა, დიპლომატიური არხებით ყველანაირი ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს. ეს ჩემი აზრი გახლავთ, როგორც მოქალაქის, რადგან თურქეთი ჩვენი მეზობელი, მეგობარი სახელმწიფოა, სახელმწიფო დონეზე გარკვეული კავშირები გვაქვს…

ამიტომ როგორც მოქალაქეს, ადვოკატს, არანაირი სრუვილი არ მაქვს, ჩემს ქვეყანას რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა დაეძაბოს. მაგრამ ამ ყველაფერს ადამიანის უფლებები არ უნდა შეეწიროს. ადამიანის უფლებები ამოსავალი წერტილი უნდა იყოს, ანუ მთავარი ღირსება, რომელსაც საქართველო უნდა ატარებდეს.

შესაბამისად, არ მგონია, რომ ადამიანისთვის ლტოლვილის სტატუსის გადაცემა (ერთეული მოქალაქეების დონეზე) გავლენას მოახდენს იმ ურთიერთობაზე, რომელიც უკვე წლებია, საქართველოსა და თურქეთს შორის არსებობს.

_ ბოლო შეხვედრისას ემრე ჩაბუქმა მედიასთან, საზოგადოებასთან რამე ხომ არ დაგაბარათ?

_ რასაკვირველია, ჩაბუქი საზოგადოების გვერდში დგომას ითხოვს, რომ თურქეთის მხარეს არ გადასცენ.

ასევე ითხოვს, რომ თუ საქართველოს სამართლადამცველებს რაიმე ეჭვი ეპარებათ (ეს ჩვენი საერთო პოზიციაა), რაშიც ბრალი ედება, რომ ეს აქ განახორციელა (საჯარო რეესტრში მისვლაზე ვსაუბრობ), ამიტომ აქვე გაირკვეს ეს ყველაფერი.

მეტი მას აქ არაფერი გაუკეთებია. ორი მესაკუთრის ყიდვა-გაყიდვის აქტის საჯარო რეესტრში მიიტანა, სულ ეს არის, რაც ჩაბუქმა „ჩაიდინა“.

შესაბამისად, ეს ყველაფერი საქართველოში განხორციელდა და ამაზე ქართულმა სამართალდამცველმა ორგანოებმა დაიწყონ გამოძიების პროცესი.

საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ენდობა, მაგრამ არ ენდობა იმ ქვეყანს, საიდანაც თავად არის წარმოშობით.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქს საექსტრადიციო პატიმრობა დაუსაბუთებლად შეეფარდა. როგორც „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, საქმის კონტექსტისა და თურქეთში არსებული ვითარების გათვალისწინებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში არსებობს მისი უფლებების შელახვის რეალური საფრთხე, შესაბამისად, საქართველომ არ უნდა განახორციელოს მისი ექსტრადირება:

 

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების განხორციელება თურქეთის მოთხოვნით დაიწყო. თურქეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი ინფორმაციით, მუსტაფა ემრე ჩაბუქი იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. კერძოდ, თურქეთის მხარის მტკიცებით, მას კავშირი აქვს ფეტულა გიულენთან დაკავშირებულ ორგანიზაცია „FEთO“-სთან, რომელსაც თურქული მხარე ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და უკავშირებს 2016 წლის ზაფხულში თურქეთში განვითარებულ მოვლენებს.

2017 წლის 25 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მუსტაფა ემრე ჩაბუქს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. „საია“ აკვირდებოდა შესაბამის სასამართლო პროცესს და მიიჩნევს, როგორც პროკურატურის პოზიცია პატიმრობის გამოყენების მოთხოვნასთან დაკავშირებით, ასევე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მოკლებულია სათანადო დასაბუთებას და შეუსაბამოა საქართველოს კანონმდებლობით და ევროპული კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან.

პროკურორის განმარტებით, არსებობდა ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებისა და მიმალვის საფრთხეები, თუმცა ამ მიზეზების დასასაბუთებლად მას რაიმე კონკრეტული არგუმენტები ან ფაქტები არ წარმოუდგენია. პროკურორმა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმით, ხასიათით, სასჯელის სიმკაცრითა და სპეციფიკით გაამართლა მუსტაფა ჩაბუქის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა.

თავის მხრივ, დაცვის მხარე არ დაეთანხმა შუამდგომლობას და სასამართლოს 10000 ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და პასპორტის ჩაბარება შესთავაზა. ადვოკატის განმარტებით, ბრალდებული დიდი ხანია ცხოვრობს საქართველოში, აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, თუმცა საცხოვრებელ მისამართზე არასოდეს მიუღია უწყება არც ქართული და არც თურქული საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, შესაბამისად, მისთვის ცნობილი არ იყო სამართალდამცველ უწყებებში გამოცხადების ვალდებულებები და არც თავი აურიდებია ამგვარი ვალდებულებისთვის.

გარდა ამისა, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ბრალდებული წარმატებულად ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და არის სკოლების გაერთიანების კოორდინატორი, მანამდე კი სკოლის პედაგოგი იყო და შემდეგ აღიჭურვა გარკვეული მენეჯერული ფუნქციებით. ადვოკატმა ასევე მიუთითა, რომ ჩაბუქი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია და არ არის ნასამართლევი.

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობა ისე გამოიყენეს, რომ არ უმსჯელიათ, თუ რატომ არ იქნებოდა საკმარისი მოცემულ შემთხვევაში პატიმრობაზე ნაკლებად შემზღუდველი ღონისძიების გამოყენება და რატომ იყო აუცილებელი სწორედ პატიმრობის _ ადამიანის უფლებების ყველაზე უფრო შემზღუდველი ზომის _ გამოყენება?

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცველი ორგანოების მიერ ძებნილი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საექსტრადიციო პატიმრობა, ან საექსტრადიციო პროცედურების თავისებურებების გათვალისწინებით სხვა სახის აღკვეთის ღონისძიებები (მაგალითად, გირაო, პირადი თავდებობა). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მთელი რიგი გადაწყვეტილებისა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის მიხედვით, პატიმრობა არის უკიდურესი ზომა და ყოველთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნაკლებად შემზღუდველ ღონისძიებას. ამასთან, პატიმრობა არ უნდა გამოიყენებოდეს დასჯის მიზნებისთვის და პატიმრობის შეფარდების გასამართლებლად წარმოდგენილი არგუმენტები არ უნდა იყოს ზოგადი და განყენებული. იგი უნდა შეიცავდეს კონკრეტულ ფაქტებზე მითითებას.

პატიმრობის გამართლება მხოლოდ დანაშაულის სიმძიმით, ხასიათით, სასჯელის სიმკაცრითა და სპეციფიკით პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებს.

ამასთან, ვინაიდან, პროკურატურის შუამდგომლობა პატიმრობის გამოყენების თაობაზე არ იყო დასაბუთებული და დამაჯერებელი და შემდგომში მოსამართლემაც, ასეთი დასაბუთების ფონზე, საექსტრადიციო პატიმრობა გამოიყენა, შთაბეჭდილება დარჩა, რომ ამ ღონისძიებას უფრო სადამსჯელო ხასიათი ჰქონდა, ვიდრე, მაგალითად, ექსტრადიციის პროცედურებისთვის ხელის შეშლის, ახალი დანაშაულის ჩადენის პრევენციის, მიმალვის საფრთხის თავიდან აცილებისა და ა. შ.

 

უფლებების დარღვევის რისკი

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკით, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, არ გადასცენ პირი, როდესაც არსებობს სერიოზული და აშკარა მოტივები იმის სარწმუნებლად, რომ მას რეალური საშიშროება ემუქრება, დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას.

მუსტაფა ემრე ჩაბუქის უფლებებს თურქეთში ექსტრადირების შემთხვევაში შეიძლება დაემუქროს სერიოზული საფრთხე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია გაითვალისწინონ თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით არსებული ვითარება, კერძოდ ის სამართლებრივი პრობლემები, რაც გამოიხატება თურქეთის ხელისუფლების მხრიდან ფეტულა გიულენთან კავშირში დადანაშაულებული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრივ ფაქტებში.

საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს აღნიშნულ კონტექსტს, ჯეროვნად შეაფასოს თურქეთის მხარის მიერ წარმოდგენილი გარანტიების ხარისხი და რამდენად  შეიძლება მათზე დაყრდნობა თურქეთში არსებული რეალობის მიხედვით.

„საია“ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საექსტრადიციო პროცედურების განხილვისას იმოქმედოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მისი ფუნდამენტური უფლებების ხელშეუხებლობა არ დადგეს რისკის ქვეშ“, _ აღნიშნულია „საიას“ განცხადებაში.

 

თავის მხრივ, სახალხო დამცველმა ემრე ჩაბუქის საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო და მისმა წარმომადგენელმა იმავე დღეს მოინახულა დაკავებული.

დაკავებულის განმარტებით, თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში მას აწამებენ, ვინაიდან თურქეთის რესპუბლიკის ხელისუფლება მას რესპუბლიკის პრეზიდენტისა და ხელისუფლების მოწინააღმდეგედ მიიჩნევს. ამასთან, 2016 წლის შემდეგ თურქეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დაკავებული პირების მიმართ სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან დაკავებულთა უფლებების დარღვევის ფაქტების თაობაზე გავრცელებული ინფორმაციები და საერთაშორისო ორგანიზაციათა შეფასებები წარმოშობს ეჭვს, რომ დაკავებულის შიში, ექსტრადიციის შემთხვევაში მისი უფლებების დარღვევისა და წამების შესახებ, არ არის საფუძველს მოკლებული.

ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მ.ე.ჩ.-ს თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეისწავლოს დაკავებული ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები და გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მ.ე.ჩ.-ს მიმართ არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.

 

გელა მამულაშვილი