ემა ქეცბაია _ „სპარსული ხალიჩა“ მებრძოლი სულით

წარმოიდგინეთ ქალბატონი, რომელიც ხატავს, წერს, ქარგავს, კერავს და მარტო ცხოვრობს კატასთან ერთად. ის იმ სპარსულ ხალიჩას ჰგავს, რომელიც სარდაფში თავისთვის ცხოვრობს ისე, რომ მისი სილამაზით მხოლოდ საკუთარი თავი უნდა დაატკბოს.

ემა ქეცბაია 80 წლის აფხაზი მხატვარი და ფილოლოგია, რომელიც ამაყობს თავისი წინაპრებით, თავის დროზე, რუსეთის იმპერატორის წინაშე რომ გამოდიოდნენ სიტყვით. ამის გამო ერთხელ ნიკოლოზ პირველის ორდენით, მეორედ კი 100 ჰა მიწით დააჯილდოვეს.

ემა მშობლების მესამე შვილი იყო, რომელიც დედის გარდაცვალების მერე ბორჯომში წაუყვანია ბიძას (დეიდის ქმარს), რადგან საკუთარი შვილი არ ჰყავდა. 1942 წელს მამობილი ომში დაღუპულა და ემა ნამდვილ მამასთან და და-ძმასთან აფხაზეთში დაბრუნებულა.

ჯერ კიდევ სკოლაში წასვლამდე დამართია პოლიომიელიტი, რის გამოც სიარული დღემდე უჭირს. იხსენებს, რომ როდესაც მამა პირველად მოვიდა მის სანახავად და ფეხებს უსინჯავდა, გაჰკვირვებია, _ ვინ არის ეს უცხო, როგორ მიბედავს ამასო? და გაქცეულა. მერე უფროსი და უნახავს, რომელსაც უთქვამს, მე შენი და ვარო და ემასაც დაუჯერებია მისი. ამის მერე ახსოვს, როგორ ისხდნენ მამა და შვილები ცხენზე და მიდიოდნენ პირველ გალში: „მამას წინ ვეჯექი და მომეჩვენა, თითქოს ზღაპარში ვიყავი, ეკლით დაბურდულ ხეებში რომ გავდიოდით“.

 

ემა იხსენებს:

_ ჩემი ძმა რომ შემოვიდა და დამინახა, მაშინ ქართულად ვლაპარაკობდი და მეგრული არ ვიცოდი, მაგრამ ის წინადადება დღემდე მახსოვს, როცა ჩემზე იკითხა: _ მი რე თე მუნდბურდღამ ქორთუ? _ (უხეშად ნათქვამი, _ ვინ არის ეს ქართველი?) ეს მან სიყვარულით არ თქვა და გულში ჩამრჩა, თუმცა შემდეგ სკოლაში გადავედით საცხოვრებლად და ჩემმა ძმამ მხრებზე შემოსმული შემომატარა მთელი სოფელი. აქ, ამ სკოლის ეზოში, ორი შენობა იდგა, ერთი უფრო დიდი, სადაც ბავშვები სწავლობდნენ და მეორე _ ჩვენ სადაც ვცხოვრობდით.

ყველა რომ გაიკრიფებოდა სახლიდან, მე მარტო ვრჩებოდი და იქ ვთამაშობდი ხან ყვავილებთან, ჭიანჭველებთან, ათასნაირ რაღაცას ვიგონებდი და მეჩვენებოდა, რომ ეზო დიდი იყო, მე კი _ პატარა. მეჩვენებოდა, რომ დევი მოდის და მე თვალებს ვხუჭავ, გავრბივარ, ჩემს ფეხს მოვაფართხუნებ, რომ გავიქცე, ოთახში შევრბივარ, ურდულით ვკეტავ კარს და მერე ფანჯრიდან უნდა შევხედო, წავიდა თუ არა დევი _ როგორ ცოცხლად ვგრძნობდი, რომ საფრთხე მოდიოდა.

შემდეგ უკვე მე-6 კლასში გადმოვდივარ ქალაქ გალში და ბაბუასთან ვიზრდები. აქ ჩემი გამზრდელი არის დეიდა, რომელიც ქარგავდა. ხელოვნების სიყვარული მისგან ვისწავლე.

_ სკოლის დამთავრების შემდეგ რას აკეთებთ? რატომ გაგიტაცათ მხატვრობამ, ან ფილოლოგიამ?

_ სკოლა დავამთავრე, კარგად ვსწავლობდი, ყველა გამოცდა ჩავაბარე. მინდოდა, დიდი მხატვარი გამოვსულიყავი, დიდი მწერალი და არა, უბრალოდ, მხატვარი, ან მწერალი. მეგონა, 3 წელს ვიმუშავებდი და მერე ჩემთვის ვიცხოვრებდი, მაგრამ ცხოვრება ეგრე არ გამოდგა.

თბილისში წამოვედი და სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე, აქ ძალიან ძლიერ მხატვართან, ჯიბსონ ხუნდაძესთან ვმეცადინეობდი _ ის შესანიშნავია!

ამავე დროს სოხუმში დაუსწრებლად დავამთავრე ფილოლოგიის ფაკულტეტი. მასწავლებლობამ ძალიან გამიტაცა, მომთხოვნი ვიყავი, აი, ისეთი, სულითა და გულით რომ აძლევ ყველაფერს მოსწავლეს და ფიქრობ, რომ შენს ქვეყანას ისეთი ადამიანები სჭირდება. მკაცრი ვიყავი და არავის მარტივად არ ვუწერდი ნიშანს, მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორის, მასწავლებლის, ან შეძლებული ოჯახის შვილი იყო.

_ ახლა რას აკეთებთ ყოველდღე?

_ სახლში ვარ და ვცდილობ, ჩემი „სპარსული ხალიჩა“ არ დავარღვიო. კი ვწერ რაღაცებს, მაგრამ მხოლოდ მასზე უნდა ვფიქრობდე, არადა, ხატვა და ქარგვა,  ნივთების გადაკეთებაც ძალიან მიყვარს. ქალს ვაიდეალებ და მე თვითონ ბუნებით არ ვარ მორჩილი. ერთხელ ვთქვი, რომ გავთხოვილიყავი და ასეთი ფეხებითაც შევყვარებოდი ვინმეს, შეურაცხყოფა რომ მოეყენებინა, მე მასთან ერთი წუთითაც არ გავჩერდებოდი. ის, რაც ჩემთვის შეურაცხმყოფელია, აუტანელიცაა, რადგან არ ვარ მორჩილი!

რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავედი, რაღაც ნივთები მქონდა საყიდელი და, როგორც იქნა, ისე მოვახერხე, რომ ჩემი პენსიიდან თანხა გადამედო. „სახლიდან გასვლა“ _ ეს იმ დღის მოთხრობა იყო:  როგორ ვუყურებდი ადამიანებს, ან იქ რომ მივედი საყიდლად, მეგონა, რომ ყველაფერი ჩემ ირგვლივ დატრიალდა,  ტაქსის მძღოლმა რომ მომიყვანა სახლში, ვიღაც მოხუცი რაღაცას რომ ყვებოდა ჩემ გვერდით, ქალი და კაცი, რომლებიც მაწანწალებად მომეჩვენა _ ეს ყველაფერი ძალიან ლამაზი რაღაც იყო. იმ დღეს არ მეძინა და მეგონა, რომ ლამაზ მოთხრობას დავწერდი, მაგრამ არ ავდექი, დამეზარა. მე 80 წლის ვარ და ასეთი სიხარულის დღეები ბევრი არ მქონია.

ყოველ დილით როცა ვდგები, ვამბობ: მადლობა, ღმერთო, რომ მაჩუქე დღევანდელი დღე.

საერთოდ, როცა ვხატავ, წერა მინდება და როცა ვწერ, ხატვა მინდება და ასე ივსება ჩემი ცხოვრება.

_ ყველაზე დიდი სირთულე რა შეგხვედრიათ?

_ ის, რომ მგონია, ჩემი არ ესმით. ყოველთვის რაღაცას მიმტკიცებდნენ, მაგრამ არ ვუყვარდით. ვგრძნობდი, რომ არ ვუყვარდით, რადგან სიმართლეს ვეუბნებოდი.

_ გაქვთ გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ?

_ ვნანობ, მამას რომ არ დავუჯერე და ფეხზე ოპერაცია გავიკეთე, არადა, რომ დამეჯერებინა, ახლა მხოლოდ სპეციალური მაღალყელიანი ფეხსაცმლის ტარება მომიწევდა. ოპერაციის მერე კი ყველა ნაწილი ცალკე მიმოძრავებს და ყავარჯნების გარეშე ვეღარ დავდივარ.

_ ვინ არის თქვენთვის იდეალური მხატვარი, რომელი ფერი გიყვართ?

_ ვან გოგი და ყვითელი, რა თქმა უნდა. იცით, გამოფენაზე ვან გოგის წიგნი ვიყიდე, კარგი წიგნი, თუმცა ძვირი კი ღირდა, მაგრამ ჩემმა დისშვილმა, რომელიც ისრაელშია, ფული გამომიგზავნა, რომ ეს წიგნიც და საღებავებიც მეყიდა. ძალიან მძიმეა ეს წიგნი, 1 კილოზე მეტი მაინც არის, შემდეგ ვიყიდე გუაშის საღებავები (იაფი რომაა, იმიტომ ვყიდულობ მაგას, თორემ ისე ზეთში ვხატავ). როგორ წაიღებო? _ გამყიდველმა მკითხა (ღმერთი ისეთ რაღაცებს მჩუქნის, გაოცებული ვარ ხოლმე და მიკვირს, რატომ მჩუქნის, ამიტომ ვიფიქრე, რამე გამოჩნდება, რამენაირად წავიღებ-მეთქი). _ რაღაცით წავიღებ, _ ვუთახარი, გამოსავალი ყოველთვის არის. მე მიგატანინებთ მანქანამდეო, _ კარგი-მეთქი. ვნახე, რომ ვიღაცის მანქანაში ალაგებდა ამ ნივთებს, _ მე წაგიყვანთო, _ მითხრა, თურმე, თავისი მანქანით მივყავდი. _ ხომ იყო ეს საჩუქარი? მერე ვუთხარი, _ აფხაზი ვარ და იქ რომ ჩავალ, ვეტყვი, თქვენ როგორ წამაღებინეთ ეს ნივთები, ქართველებს აფხაზები უყვართ და იმიტომ მცეს პატივი, რომ მე აფხაზი ვარ, ამას გადავცემ-მეთქი.

_ აფხაზეთში დადიხართ ხოლმე?

_ ბოლოს სოხუმში ვიყვი და ისეთი გაჩანაგებულია, ვტიროდი, რომ ვუყურებდი. დავდივარ ხოლმე, პასპორტიც მომცეს. ჩემმა ნათლიამ გამიკეთა, რომელიც სპეციალურად შევარჩიე, რადგან ღარიბი ოჯახის ქალი იყო, ჩემი მოსწავლის დედა. სხვა მოსწავლის შეძლებულმა დედამ მითხრა, რადგან ჩემს შვილს უფასოდ ამეცადინებ, მე მოგნათლავ და 1700 მანეთიან ბრილიანტის საყურეს გიყიდიო. პირველად რაც გავიფიქრე, იყო: ღმერთო! ღმერთით როგორ ვივაჭრებ?! არაფერი ვუთხარი, წავედი და ყველაზე ღარიბი მოსწავლის დედა მოვძებნე, ავუხსენი, როგორ მითხრა იმ მდიდარმა ქალბატონმა და ვთხოვე, _ შენ მომნათლე-მეთქი. მას შემდეგ ჩემი ნათლიაა. მან გამიკეთა მერე პასპორტიც.

_ აქ როგორ ცხოვრობთ? რამე დახმარება გეძლევათ?

_ არა, პენსია მაქვს მხოლოდ და ძალიან ეკონომიურად ვცხოვრობ (ახლა თქვენ ჩაგირთეთ გამათბობელი, თორემ მიჩვეული ვარ სიცივეში ყოფნას, მაგრამ მეც ხომ მეკუთვნის ერთი დღე, რომ გავთბე?) და  მიჩვეული ვარ, ცივი წყლით ვიზელ ხოლმე ტანს, რომ იმუნიტეტი მქონდეს კარგი.

_ ვან გოგი რატომ გიყვართ?

_ მე ვმეცადინეობდი მხატვართან, ჯიბსონ ხუნდაძესთან, გასულ წელს მისი 9 ნამუშევარი „ერმიტაჟმა“ შეიძინა, იმდენად ძლიერი მხატვარია. მას უყვარდა ვან გოგი და სულ მიყვებოდა მასზე. ამიტომ შემიყვარდა. ლენინგრადში გალერეაში ვან გოგის ოთახში მთელ დღეს ვატარებდი, ხოლო „ერმიტაჟში“ გოგენის ოთახში რომ შევედი პირველად, უბრალოდ, მომინდა, დამეჩოქა და მელოცა, ვან გოგთან კი მთელ დღეს ვატარებდი.

_ ყველაზე მეტად რისი კეთება გიყვართ?

_ თქვენ იცით, რომ მე ვკერავ, ვქარგავ, გადავაკეთებ ხოლმე რაღაცებს, მეგობრებს ვაგიჟებ, ისეთ რაღაცებს ვკერავ ხოლმე, ნემსზე მაქვს გართულება, ნივთების, ტანსაცმლების გადაკეთება მიყვარს ხატვასთან და წერასთან ერთად.

_ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

_ ადამიანები მაღიზიანებენ. ვთქვათ, ეკლესიაში დავდივარ. მეუბნებიან, რა კარგია, რომ დადიხარ, რადგან მას ვეცოდები და გამოხატავს, _ ეს მაღიზიანებს, არადა, მე ხომ ასე დავდივარ მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე? გამიჭირდა? _ მეორე ჯოხი ავიღე და ერთხელ, როცა კიდევ ასე მითხრეს, ვუთხარი, აქ იმიტომ დავდივარ, რომ ასე მინდა და არა იმიტომ, რომ ვთხოვო, _ ღმერთო, რაიმე მომეცი-მეთქი.

_ ვისთვის ან რისთვის არ გენანებათ რაიმე?

_ სწორი აზროვნების ადამიანისთვის. არ ვასხვავებ, თუნდაც სისხლის ნათესავები არ ვიყოთ.

_ რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, რას შეცვლიდით?

_ არაფერს შევცვლიდი, ჩემთვის დედამიწაზე არის ბედნიერება, ოღონდ ჩემი „სპარსული ხალიჩა“ არ დაირღვეს და ასე მინდა იყოს.

_ ვინ არის ყველაზე ძვირფასი თქვენთვის?

_ ჩემი მასწავლებელი, ჯიბსონ ხუნდაძე. ვიცი, როგორ უხარია, რომ მივიდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ წუხდება და არ მივდივარ. ყველაზე მეტად ვინც დავაფასე, ისაა და დღემდე ჩემი მასწავლებელია, მე იმის წინ ყოველთვის თავდახრილი ვარ და სულ ველოდები, რომ კიდევ რაღაცას მეტყვის.

_ რაზე ფიქრობთ ყველაზე ხშირად?

_ ჩემს თავთან ვსაუბრობ, რაც სხვასთან უნდა ილაპარაკო ხოლმე და ისე მომწონს ეს საუბარი, რაიმეზე ვკიცხავ ხოლმე ჩემს თავს.

_ რისი ან ვისი იმედი გაქვთ?

_ ჩემი მამუკასი, რომელიც ისრაელშია, დედასავით საყვარელი ხარო, მეუბნება, ჩვენ საათობით ვსაუბრობთ. ის ჩემი ხვალინდელი დღეც არის, სიხარულიც თავის დავითთან (შვილთან) ერთად.

_ თქვენს ნახატებს არ ყიდით?

_ არა. ერთი პერიოდი ერთი ბერძენი გვიკეთდა და ფულს გვაძლევდა, მაგრამ როცა შენით ხატავ, ერთობი, თამაშობ…

_ მეგობრები ბევრი გყავთ?

_ ლესია არის ჩემი მეგობარი, ჯგუფელი, რომელიც ძალიან ამომიდგა მხარში, ბერძენი რომ ჩამოდიოდა, ამან მიმიყვანა, რომ ცოტა ფული მეშოვა, რემონტი მაგან გამაკეთებინა იმ თანხით.

_ მეზობელი არ შემოდის ხოლმე?

_ აღარ. ჩემ გვერდით ცხოვრობს დედა-შვილი, რომელთაც გასაღებს და კატას ვუტოვებ, თუ სოხუმში მივდივარ, დედას არ უნდოდა, რომ კატისთვის მიეხედა, არადა, თუ რამე იყო, ამ გოგონას ვჩუქნიდი სულ. მეორე მეზობელი კი მემდურის. მიზეზი მისი არაეთიკური ქცევა იყო, ფული რომ ვასესხე, ის მომიბრუნდა და მითხარა, ჩვენი მეზობლობა დამთავრდაო, არანაირი კავშირი არ გვაქვს, მაგრამ დამდურება, უბრალოდ, არ არის კარგი.

_ ცხოვრების აზრი რა არის?

_ ის უნდა იყო, ვინც ხარ. ადამიანობა პასუხისმგებლობაა.

_ ვინმეს ჰგავხართ?

_ არა, იცი, როგორ ვღიზიანდები, ვინმეს რომ მადარებენ?! მაგრამ ტელეფონი დამიდგეს გალში ერთხელ, რაღაც სამხედრო პაროლი იყო, მგონი და ვიღაც რეკავდა _ მე ვარ ჰერა, _ მეუბნებოდა, _ მე ათენა პალადა ვარ _ ვპასუხობდი. მერე ვიღაც მამაკაცი წერდა ნოველას და მე მისი ათენა ვიყავი. სიბრძნის ქალღმერთი, ჭკვიანი.

_ ხელოვნება რა არის თქვენთვის?

_ ამაზე პასუხის გაცემა ძნელიაო, _ მითხრა ჯიბსონმა, როცა ამ კითხვით მივმართე, მაგრამ ეს არის ჩვენი სამყარო, ილუზორული, რომელსაც ჩვენ ჩვენს მიღმა ვქმნით.

_ თავისუფალი ხართ?

_ კი, რადგან ეს ჩემი უდიდესი მონაპოვარია, ამიტომაც ვერავისთან ვძლებ.

_ რა არის თავისუფლება?

_ ის, რომ იცხოვრო ისე, რისთვისაც გაჩნდი და რისი შესაძლებლობაც გაქვს.

_ თქვენი აზრით, მისია გაქვთ?

_ ზოგჯერ მგონია, რომ მაქვს, ყველას აქვს. ბევრი მოსწავლისთვის ცხოვრება შემიცვლია და დამინახვებია, რომ მთავარი ადამიანობაა და არა ფული. მისია ყველას აქვს, აი, ჩემს კატასაც. მოგიყვებით: გალში რომ ვცხოვრობდი, კატის ყოლის დრო არ მქონდა, სულ ვმუშაობდი. მეგობრის რჩევით მანქანა გავყიდე, რომ ბინის ყიდვა მომესწრო, სანამ იაფი იყო. ნათესავს ვთხოვე ფული. ვაჭრობა ჩემს ბუნებაში არ ზის, ამიტომ ვუთხარი, _ მინდობილობით წადი ზუგდიდში, ეს მანქანა გაყიდე და ფული მომიტანე-მეთქი. წავიდა, გაყიდა, ჩამოვიდა და ფაქტის წინაშე დამაყენა, _ გავყიდე მანქანა და ვიყიდე თხილიო, მოსავალი როცა მოვა, თხილს ჩაგაბარებო. _ კარგი-მეთქი. იმ ზაფხულს მოსავალი არ იყო. მათ სახლში ვცხოვრობდი. ამ ხნის მანძილზე ეს კატა ვნახე და ისე მომეფერა, ჩემს ნათესავს ვუთხარი _ ის კატა მინდა-მეთქი. იმან კატის პატრონს უთხარა და მომიყვანა.

დავარქვი კაჭუ. კატუ მეგრულად ჰქვია კატას და ჭუ დავამატე. მივიყვანე იქ, სადაც ჩემი ფული ემართათ და ერთად ვცხოვრობდით. ეს კატა ყველგან და ყველაფერს სვრიდა. ნათესავს ცოლმა უთხრა, იშოვე, სადაც გინდა ის ფული და ემა კატიანად გაუშვი აქედანო. კატა დამეხმარა, რომ ფული დამებრუნებინა, _ მასაც ჰქონია მისია. ცოცხალი არსებაა, კი გამიფუჭა იატაკი, მაგრამ როცა გიყვარს, ხომ უთმენ?!

_ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის?

_ ერთმანეთი უყვარდეთ, ეს ლიტონი სიტყვა და განმეორება რომ არ აღმოჩნდეს, უბრალოდ, ვიტყვი _ მე აქამდე ვერ მოვიდოდი, სიყვარული რომ არ ყოფილიყო. ვთქვათ, იგივე, წიგნი და საღებავები რომ მომატანინა, იმან ხომ სითბო გამოიჩინა. ზოგჯერ ქარია, ქუჩაზე რომ ვერ გადავდივარ, ისეთი სიყვარულით მეხმარებიან და ეს არის ულამაზესი გრძნობა. იმ დროს ისეთი გახარებული ვარ და იმ დროს ჩემი ტვინი და გული ყვავის. ერთხელ, სტუდენტობის დროს, საშინელი ქარი იყო და იქვე მდგომმა დარაჯმა პალტო გაშალა, ისე წამიძღვა, ამიტომაც ვამბობ, _ სიყვარული არის სითბო და ამის მსგავსი არაფერია.

_ თქვენ რისი გჯერათ?

_ სიტყვის, ვიჯერებ ყველაფერს, ეს ღმერთის საოცარი საჩუქარია ადამიანისთვის და არასწორად არ უნდა გამოვიყენოთ.

_ თქვენი მისიისგან შესასრულებელი რა დაგრჩათ?

_ ჩემი 80 წლის გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ჩემი მისია არის ჩემი გადარჩენა, პირადად ჩემი. მიხაროდეს ის, რასაც ვაკეთებ და ვუყურებ.

_ ვინ არის ემა ქეცბაია?

_ ის, რომელიც ცხოვრებამ აფხაზეთიდან ბორჯომში, იქიდან უკან, მერე თბილისში გადმომაგდო, თუმცა დღემდე ვარ ადამიანი, რომელიც არ გატყდა და არის ისეთი, როგორიც არის.

 

ემა არის გმირი, რომელმაც ბევრის ცხოვრება შეცვალა, რომლისთვისაც მთავარი აზროვნების ხარისხი და პასუხისმგებლობაა. ის არ არის მორჩილი და იბრძვის ბოლომდე, მისი საბოლოო მისია საკუთარი თავის გადარჩენაა. ის ახლაც მარტო კითხულობს ამ სტატიას ისე, რომ მისი „სპარსული ხალიჩა“ დაურღვეველია. ცოტა ხანში თავის საღებავებს, კალამს, ან ნემსს აიღებს, საყვარელ საქმეს შეუდგება და ხელოვნების კიდევ ერთი ნიმუშიც მზად იქნება.

 

ნინო ტაბაღუა