დოსიე ზაზა (ზურაბ) ბაქრაძეზე: ვინ არის მთავარი “მომნანიებელი”?

გასული კვირის სატელევიზიო სივრცის „გმირისა“ და მომნანიებლის, ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის სახელი და გვარი არაერთ სკანდალურ საქმეში ფიგურირებს. „ქრონიკა+“ იწყებს მასალების მოძიებას ზაზა ბაქრაძესთან დაკავშირებით და ამის მიზეზი არაერთი ფაქტია.
რედაქციაში რამდენიმე ადამიანის სატელეფონო ზარი გაისმა და სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში მისი მოწმეობა დასახელდა.

მაშ, ასე! _ ვინ არის ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე? ის შევარდნაძის დროის პოლიციელია. ის იყო ე. წ. დოლიძის პოლიციის უსტაბაში, შემდეგ ვაკის, ქალაქის კრიმპოლის, დაბოლოს აჭარის სოდ-ის სამმართველოს უფროსი. დღეს მის ანგარიშზეა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეებში მრავალჯერადი მოწმეობა და ახლა უკვე ბრალდებულადაც ყოფნა. თუმცა სანამ მის ბრალდებულად სხვადასხვა საქმეში ყოფნის შესახებ მოგიყვებით, მანამდე მის მოწმეობასთან დაკავშირებულ უმძიმეს და დღემდე ბურუსით მოცულ საქმეზე გეტყვით.
2007 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ უფლებამოსილების გადამეტებისა და ექსპერტიზის ყალბი დასკვნის მიღებისთვის სხვისი წაქეზების ფაქტზე იმდროინდელი შსს-ს გენინსპექციის უფროსის მოადგილე, დავით კეკუა დააკავა. კეკუას პროკურატურა ედავებოდა მისი ქალაქის პოლიციის უფროსის მოადგილეობისას ჩადენილ დანაშაულს, რაც დღემდე გამოუძიებელია და საქმე დაუსრულებელია. ჩვენი ინფორმაციით, სწორედ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ჩვენების საფუძველზე დააკავეს გენერალი დავით კეკუა, რომელმაც წინასწარ პატიმრობაში ყოფნისას, გამოძიების ინფორმაციით, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„ქრონიკა+“ დავით კეკუას მაშინდელ უფლებადამცველ ადვოკატს, ზურაბ კუხიანიძეს დაუკავშირდა:
_ ბატონო ზურაბ, „ქრონკა+“-დან გაწუხებთ.
_ დიახ, გისმენთ…
_ ბატონო ზურაბ, რედაქციაში მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ცრუ ჩვენების საფუძველზე, 2007 წელს დააკავეს გენერალი დავით კეკუა, რომელსაც გამოძიება ნიკა ლომინაძის, „ეი-ი-ეს თელასის“ ყოფილი ფინანსური მენეჯერის, მკვლელობის საგამოძიებო საქმეში მტკიცებულებების გაყალბებას ედავებოდა. მართალია, რომ გამოძიებას ბაქრაძემ, ჩვენების სახით, ასეთი ინფორმაცია დაუწერა?..
_ დიდი ბოდიში, ვერ გაგცემთ პასუხს… ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ახლობლებისგან თანხმობის მიღების გარეშე…

ამის მერე ადვოკატმა, ბატონმა ზურაბმა, ტელეფონი გათიშა… რაც შეეხება მისი დაცვის ქვეშ მყოფს ის, სამწუხაროდ, გარდაცვლილია…
გავაგრძელოთ თემა…
მას შემდეგ, რაც ზაზა (ზურაბ) ბაქრაძემ გასულ კვირას „პალიტრანიუსის“ ეთერში ერთ-ერთ გახმაურებულ, „ბუტა რობაქიძის საქმეზე“ ჟურნალისტებს აიღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ის ამ საქმეში დამნაშავეა და მან პირადად მიიღო მონაწილეობა საქმის გაყალბებაში, რედაქციაში ბაქრაძის წარსულის შესახებ ზარები ახლაც არ წყდება. მიუხედავად იმისა, რომ რობაქიძის საქმეში უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებული სხვა პირები დანაშაულს არ აღიარებენ და მათი მთავარი უდანაშაულობის მტკიცებულება ფირია _ გასროლისა და იარაღის უწყვეტი კადრი _ ზაზა ბაქრაძეს პროკურატურასთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებენ.
ისე, გასაკვირიც არაფერია, _ თუ ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის ცრუ ჩვენების საფუძველზე გენერალი კეკუა დააკავეს, რატომ არ შეიძლება, რომ რობაქიძის საქმეშიც ის იგივენაირად მოქმედებდეს?
ზაზა ბაქრაძის შესახებ რედაქციას, სხვადასხვა სკანალურ ინფორმაციასთან ერთად, კიდევ ის უთხრეს, რომ ის საქართველოდან 2012 წელს არა რობაქიძის საქმისთვის ბრალდებულად გამოცხადების გამო გაიქცა, არამედ სხვა, უფრო მძიმე დანაშაულისთვის. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ის ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაშია ბრალდებული. ამ ინფორმაციის გადამოწმება ჩვენ ყველა მიმართულებით ვცადეთ, თუმცა გასაგებია, რომ სხვადასხვა უწყება ახლა „ქრონიკა+“-თან ამ თემაზე არ ისაუბრებს. თან იმ ფონზე, როცა ზაზა ბაქრაძეს დღეს პროკურატურა „ოქროს მოწმედ“ იყენებს.
ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის კადრია. ბაქრაძის შესახებ ახლა მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ იგი ძებნილია და გავრცელებული ინფორმაციით, ხან ბელარუას, ხან კი უკრაინას აფარებს თავს. მოკლედ, კახა თარგამაძის დროის პოლიციელობიდან ოქრუაშვილის კადრობამდე ზაზა ბაქრაძემ დიდი გზა გაიარა.
ამ ინფორმაციების პარალელურად „ქრონიკა+“-ს ისიც უთხრეს, რომ ზაზა ბაქრაძე მეტსახელად წულათია ცნობილი. თურმე, მას ეს მეტსახელი იმიტომ შეარქვეს, რომ სულ ფულზე წუოდა და ზმუოდა… მავანი ამბობს, რომ ბაქრაძე ქრთამის ცნების დიდი მოყვარულია და კარგად იცის წამლისა და იარაღის უდანაშაულო ადამიანებისთვის ჩადების სქემებიც. პრინციპში, იარაღისა და ფაქტების ფალსიფიკაცია ბაქრაძემ ერთ-ერთ საქმეში თავად აღიარა… მაგრამ რის სანაცვლოდ, ეს ჯერ უცნობია, თუმცა აუცილებლად შევიტყობთ, მაგრამ როდის?.. ალბათ, ესეც არცთუ გვიან მოხდება.
„ქრონიკა+“-მა ბოლო დღეებში, რაც ზაზა (ზურაბ) ბაქრაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში გამოჩნდა, მის შესახებ ინფორმაციებსა და სხვადასხვა სახის კომენტარს საჯარო სივრცეშიც გადაავლო თვალი. კერძოდ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ კონკრეტული ადამიანები წერდნენ, რომ ბაქრაძე მოძალადეა, მკვლელია, მექრთამეა და ა. შ.
საჯარო სივრცის კომენტარები თავად იხილეთ.
ზაზა (ზურაბ) ბაქრაძის შესახებ კიდევ ერთი ამბავია გავრცელებული: როგორც ამბობენ, ისი დიდი გადამგდები და თაღლითიც არის. ერთ-ერთი ასეთი საქმე ბიზნესმენ, ვინმე ლევან ჯაფარიძეს უკავშირდება, რომელიც ბაქრაძემ 10 000 დოლარში ააყირავა…

გიორგი ნაცაძე