დიპლომატიის დაუწერელი კანონი: სანამ შეიძლება მინიშნებებით ლაპარაკი, მანამდე აქცენტები არ არის მკვეთრი!

 

ზოგადად, საქართველოსთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოება ასე ერთიანი, კარგა ხანია, არ ყოფილა _ მათთვის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ის წითელი ხაზი აღმოჩნდა, რომელიც ხელისუფლებამ გადალახა. ამ საკითხში მსოფლიო პრესისა და პოლიტიკოსების პოზიციებიც ერთმანეთს დაემთხვა.

როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციები და ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა თუ აშშ-ის სახელმწიფო სტრუქტურები თავად „რუსთავი 2“-ის ქართველ გულშემატკივრებზე ნაკლებად არ ელოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ალბათ, სწორედ ეს გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო ტესტი, რა ფორმისა და შინაარსის განცხადებები გაკეთდებოდა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და რა ფორმით გამოხატავდნენ ისინი „რუსთავი 2“-ის მხარდაჭერას.

მანამდე ეს ორგანიზაციები, ასე თუ ისე, ფრთხილობდნენ. ყველაზე ხშირად საკითხს აშშ ეხმიანებოდა, ხან საქართველოში აშშ-ის ელჩის, ხან კი სახელმწიფო დეპარტამენტისა თუ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის სახით.

დიპლომატიის ანაბანა გვასწავლის, რომ განცხადებებში მთავარი სტრიქონებს შორის აზრის წაკითხვაა, ან წარმოთქმულ სიტყვებში იმის დაჭერა, რაც არ თქმულა, მაგრამ ნაგულისხმევია.

როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება დიპლომატიური განცხადებების გაშიფვრის ამ ელემენტარულ მეთოდს ან არ აღიარებს, ან, უბრალოდ, ყურადღებას არ აქცევს. ორივე შემთხვევაში ხელისუფლებისთვის ეს მხოლოდ წამგებიანია და ცუდად მიუბრუნდება, რაც უკვე ჩანს კიდეც.

სანამ უზენაესი სასამართლო თავის ცნობილ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, საქართველოში აშშ-ის ელჩი ყველაზე ხშირად, მაგრამ დიპლომატიური სიფრთხილით აკეთებდა განცხადებებს და ამბობდა, რომ აშშ ყურადღებით აკვირდება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ დავას.

იქვე აუცილებლად აყოლებდა, რომ პლურალისტული მედიაგარემო ძალიან მნიშვნელოვანია და რომ სარედაქციო პოლიტიკა იძულებით არ უნდა შეიცვალოს.

ერთი შეხედვით, ამ განცხადებაში არაფერი იყო ისეთი, რის გამოც, ვთქვათ, ხელისუფლებას უნდა შეშინებოდა _ იან კელის ყოველ განცხადებას მოჰყვებოდა ხოლმე ხელისუფლების, ან ხელისუფლებასთან აფილირებული პირების განმარტებები და იმის მტკიცება, რომ ეს დავა სულაც არ ეხება ხელისუფლებას, რადგან ორ კერძო სუბიექტს შორის დავაა.

იან კელის რომ ულვაშები ჰქონოდა, ალბათ, იმდენჯერ ჩაეღიმებოდა, რამდენჯერაც ხელისუფლების წარმომადგენელთა ამ კომენტარებიან რელიზს შეუტანდნენ, ინგლისურად ნათარგმნს.

დიპლომატიას კიდევ ერთი დაუწერელი კანონი აქვს: სანამ შეიძლება მინიშნებებით ლაპარაკი, მანამდე აქცენტები არ არის მკვეთრი, მაგრამ ეს მოცემულობა მაშინვე იცვლება, როცა განცხადებების ობიექტი წითელ ხაზს გადავა. კაცმა რომ თქვას, განცხადებათა ტონის ცვლილებებითაც შეიძლება იმის განსაზღვრა, როგორი დამოკიდებულება აქვთ შენ მიმართ, მაგრამ თუ შენი თავით აღტაცებული ხარ, რომ საქმეს უჩუმრად აკეთებ ისე, რომ არ ჩნდები, თუ კბილები გიკაწკაწებს მოუთმენლობისგან, რადგან ცაიტნოტში ხარ და ხედავ, თუ არ დაუჩქარებ, ეს „რუსთავი 2“ ყოფას გიტირებს, რასაკვირველია, ტონის ცვლილებას ან ვერ შეამჩნევ, ან, უბრალოდ, იძულებული ხარ, ყურსმიღმა გაატარო…

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ჯერ ხელმომწერთა მელნები არ იყო შემშრალი, რომ განცხადებების ბუმი დაიწყო. პირველი ნაბიჯი, რასაკვირველია, თავად რუსთავი ორელებმა გადადგეს და როგორც კი ვებგვერდზე გადაწყვეტილების შინაარსი გამოქვეყნდა, მაშინვე დაიწყეს მისი სტრასბურგში გასაჩივრებისთვის მზადება, თუმცა აქ ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ თავად „რუსთავი 2“-იც კი დიდი იმედით არ უყურებდა სტრასბურგულ პერსპექტივას.

მაგალითად, „რუსთავი 2“-ის იურისტის, თამთა მურადაშვილის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოსადმი მათი მიმართვის მიხედვით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, რაც ტელეკომპანიის ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემას გულისხმობს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე უნდა შეჩერდეს:

„სამართლებრივად მიგვაჩნია, რომ ძალიან სუსტია შანსები. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ამგვარი გადაწყვეტილება, ანუ სარჩელის უზრუნველყოფა, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, კერძოდ, კანონით დაცული ყველაზე დიდი სიკეთის, სიცოცხლის გადასარჩენად, როცა ადამიანის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

არასდროს ყოფილა პრაქტიკა, სიტყვის თავისუფებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული. ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, ყველა არსებული ბერკეტი გამოვიყენოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ“.

და მაინც, მოხდა ისე, რომ სტრასბურგის ევროსასამართლომ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ეს იყო სიგნალი საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი. თუმცა, ყველაზე პირველად, ჯერ კიდევ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, საკითხს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და საკმაოდ ჭკვიანური განცხადება გააკეთა:

„თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა ყველა მხარეს მოვუწოდო: საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს მოვუსმინოთ, დაველოდოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები“.

სულ მალე ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს გავლენიანი პოლიტიკოსები, ანალიტიკოსები და საერთაშორისო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე ალაპარაკდნენ და მასში ქვეყნისთვის სერიოზული პრობლემა დაინახეს.

მაგალითად, ევროპარლამენტის წევრმა და სახალხო პარტიის ვიცეპრეზიდენტმა, ცარიუშ ვოლსკიმ, ტვიტერის გვერდზე დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა დაელოდა უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხის, „რუსთავი 2“-ის, ხელში ჩაგდებას უვიზო მიმოსვლის მიღებამდე გულუბრყვილო ევროკავშირისგან. კურიერთან ინტერვიუში კი ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს:

„ეს არის მკვეთრად არასწორი გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილს და მის მთავრობას. ეს გააკეთეს ვიზალიბერალიზაციის მიღებიდან მეორე დღეს, რაც ევროკავშირის დაცინვა იყო.

ასეთ ვითარებაში, სანამ „რუსთავი 2“-ის ბედი არ გაირკვევა, ვიზალიბერალიზაცია უნდა შეჩერდეს, რადგან საქართველო არ ასრულებს კრიტერიუმებს. ევროკავშირს ყველა საბაბი აქვს, რომ თავი იგრძნოს საქართველოს მიერ მოტყუებულად. ქართველი ხალხი იმსახურებს უვიზო რეჟიმს, მაგრამ არა ეს მთავრობა, რომელსაც ივანიშვილი კულისებიდან მართავს“, _ თქვა მან.

ცარიუშ ვოლსკი ერთადერთი არ იყო, ვინც მსგავსი განცხადება გააკეთა. ესტონელმა დიპლომატმა და პოლიტიკოსმა ერიკ კროსმა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ასევე, „ტვიტერზე“ დაწერა:

„ევროკავშირმა უნდა გაუყინოს საქართველოს ვიზალიბერალიზაცია, სანამ ხელისუფლების მიერ „რუსთავი 2“-ის კონფისკაცია სრულად არ იქნება გამოძიებული“, _ მიიჩნევს კროსი.

ევროპარლამენტის წევრმა, გუნარ ჰოკმარკმა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის საქმეზე შეაფასა, როგორც ევროპულ გზაზე უკან გადადგმული ნაბიჯი.

პოზიციები „ტვიტერზე“ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა, ჯოზეფ დოლიმ და ევროპარლამენტის დეპუტატებმაც გამოხატეს.

„ალდეს“ ჯგუფს მიაჩნია, რომ მედიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან „რუსთავი 2“ საქართველოს მთავრობის ნდობით აღჭურვილი პირის ხელში გადავიდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა.

„ეუთოს“ წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა, ჯერ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ისა და თავისუფალი სიტყვის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო და ფაქტი მედია პლურალიზმზე უდიდეს დარტყმად შეაფასა, ამის შემდეგ კი „ეუთოს“ სახელით ოფიციალური განცხადებაც გავრცელდა.

ოფიციალური განცხადება საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამაც გააკეთა:

„ევროკავშირის წარმომადგენლობა პირველი დღეებიდანვე აკვირდება „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევე, როგორც მის შედეგებს.

ამავდროულად, ვიცავთ დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს ცალკეულ გადაწყვეტილებებზე კომენტარს არ ვაკეთებთ.

უკვე წლებია, რაც ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებასთან სასამართლო სისტემის რეფორმაზე მუშაობს, რომლის განხორციელებისას ძირითადი ყურადღება ეთმობა სასამართლო პროცედურების დამოუკიდებლობას, გამჭვირვალობასა და ხარისხს, რაც კანონის უზენაესობის დაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს პოლიტიკური პლურალიზმის, მედიის თავისუფლებისა და განსხვავებულ შეხედულებებზე წვდომის აუცილებლობას.

დღევანდელ ეტაპზე ამ პრინციპების შენარჩუნებას ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიის დაცვისა და განმტიცების საქმეში, რაც შეესაბამება ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებაში მოცემულ უმთავრეს ვალდებულებებს“, _ აღნიშნული იყო განცხადებაში.

„გადაწყვეტილება ძირს უთხრის მედიის თავისუფლებას“, _ ასეთი პირველადი შეფასება გააკეთეს Fრეედომ Hოუსე-ში:

„სასამართლო პროცესზე ამგვარი ზეწოლა ყოველთვის ბადებს კითხვას სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ, როდესაც საქმეში ჩართულია მედიაკომპანია, ეჭვები სასამართლოს დამოუკიდებლობის შესახებ უფრო მყარდება.

ამ გადაწყვეტილებით ჩანს, რომ სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის მოდელს მიჰყვებიან, რომლის შედეგიცაა კრიტიკული მედიის პოტენციური დახურვა“, _ აღნიშნა ორგანიზაცია Fრეედომ Hოუსე-ის პროექტების დირექტორმა, ნეით შენკანმა.

აშშ-ის საელჩო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა:

„ამერიკის შეერთებული შტატები შეშფოთებით უყურებს უზენაესი სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რამაც, შესაძლოა, ფაქტობრივად, შეზღუდოს სამაუწყებლო მედიისადმი ოპოზიციური ხმის წვდომა.

პლურალისტური მედია უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ზომები მიიღოს, რათა უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“, _ ნათქვამი იყო განცხადებაში.

ამერიკელი ანალიტიკოსი, პოლ კრიგო, უფრო შორს წავიდა და აცხადებდა, რომ „რუსთავი 2“-ის მითვისების მცდელობის ფონზე, საქართველო უფრო მეტად ემსგავსება რუსეთს.

მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა ადამიანის უფლებების მიმართულებით უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას „ქვეყნისთვის მოვლენების სამწუხარო განვითარება“ უწოდა.

ძალიან საინტერესო და ხელისუფლებისთვის არანაკლებ ნიშანდობლივი უნდა ყოფილიყო საერთაშორისო პრესის გამოხმაურება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით:

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ დროებითი ზომის მოთხოვნას მხოლოდ გამონაკლის საფუძველზე თანხმდება, როდესაც განმცხადებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სერიოზული და შეუქცევადი ზიანის რეალური რისკის წინაშე დგება.

ხალვაში ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დროს, მას ტელევიზიის რეალურზე დაბალ ფასად გაყიდვა აიძულა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ირწმუნებიან, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების უკან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელმაც კოალიცია „ქართული ოცნება“ დააფუძნა და ერთი წლის განმავლობაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა“, _ დაწერა რადიო „თავისუფლებამ“.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას ღეუტერს-იც გამოეხმაურა:

„საქართველომ, ევროპული სასამართლოს ჩარევის პასუხად, პარასკევს შეაჩერა შიდა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყნის უდიდესი დამოუკიდებელი ტელეკომპანია მთავრობის ახლო მოკავშირის კონტროლს დაუქვემდებარეს. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ხუთშაბათს გადაწყვეტილება გამოიტანა, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ყოფილ თანამფლობელ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდეს, რასაც კრიტიკოსებმა ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთაც მედიის გაჩუმების მცდელობა უწოდეს“, _ წერდა გამოცემა.

„თუკი „რუსთავი 2“-ს მთავრობასთან დამეგობრებული ბიზნესმენი წაიღებს, ეს საქართველოს ევროპულ გზას დააზიანებს“, _ ეს განცხადება კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ამერიკელმა ჟურნალისტმა, ჯეიმს ქირჩიკმა, გააკეთა, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი უწოდა:

„ევროატლანტიკური ინტეგრაცია რომ წარმატებული იყოს, ამის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მედიის პლურალიზმი და თავისუფლებაა. ჩვენ ვხედავთ, თუ რა ხდება ქვეყნებში, სადაც დამოუკიდებელი მედია სახელმწიფოს ტყვეობაში ექცევა.

ამას ვუყურებთ რუსეთში. თუკი „რუსთავი 2“-ს მთავრობასთან დამეგობრებული ბიზნესმენი წაიღებს, ეს საქართველოს ევროპულ გზას დააზიანებს. ვფიქრობ, რომ ეს თემა ევროპელებისთვის მნიშვნელოვანია“, _ განაცხადა ჯეიმს ქირჩიკმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა, ასე ვთქვათ, ოდნავ დააგვიანა ბიძინა ივანიშვილისთვის „დედის დღის“ მილოცვა. ეს, სავარაუდოდ, იმან განაპირობა, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოს უკვე ჰქონდა განცხადება გაკეთებული, საელჩოს პოზიცია კი იგივე თეთრი სახლის პოზიციაა.

მართალია, ეს „ოცნების“ მესვეურებს არ ესმით და ერთხელ ისიც კი თქვეს, რომ ელჩის ნათქვამი მისი „პირადი აზრი“ იყო, მაგრამ, მოგვიანებით, თავად ელჩმა მათ ცივი წყალი გადაასხა და თქვა, რომ ელჩის კომენტარი გიგივე თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოზიციაა.

საინტერესო ისიცაა, რომ, ამჯერად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლისთვის „რუსთავი 2“-ის კორესპონდენტ დავით ნიკურაძეს შეკითხვა არ დაუსვამს _ სახდეპარტამენტის წარმომადგენელმა სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის, სინდი სეინის შეკითხვას უპასუხა:

„შეერთებული შტატები შეშფოთებულია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით (საქართველოს) უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. (გადაწყვეტილებამ) შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში.

პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, ნაბიჯები გადადგას და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური“.

რაც შეეხება ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენის აღსრულების შეჩერების შესახებ, ამ გადაწყვეტილებას ამერიკელი ანალიტიკოსები კმაყოფილებით შეხვდნენ.

ექსპერტების თქმით, სტრასბურგის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „რუსთავი 2“-ის საქმე დემოკრატიისთვის, რადგან მას მოსამართლის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მოჰყვა.

„ჩემი აზრით, ეს უჩვენებს იმას, თუ რამდენად სერიოზულად აღიქვეს ეს საქმე, როგორც ევროპაში, ისე ვაშინგტონში. მედიის თავისუფლება კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სათუთი ღირებულებაა. როდესაც ევროპული სასამართლო ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს დადასტურებაა, თუ რამდენად შეშფოთებულები არიან ამ საკითხთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იურიდიულად და ტრანსპარენტულად იყოს, თუმცა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრესის თავისუფლება დაიცვან საქართველოში. ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც უნდა გამოსწორდეს. პრესის თავისუფლება და ოპოზიციის წვდომა მედიასთან უმთავრესია“, _ განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა.

მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ნატოში, კურტ ვოკერი, ამბობს, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის, თავისუფალი და მრავალფეროვანი მედიაგარემო აუცილებელია. დიპლომატი იმ სახიფათო ტენდენციებს განმარტავს, რომელიც ამას ხელს უშლის:

„გახსნილი მედია გარემო, მრავალფეროვანი მფლობელებით, ბევრი ასპექტით და მრავალმხრივი შეხედულებით, სადაც თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა, ნებისმიერი ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს გვჭირდება შეერთებულ შტატებშიც. ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო და გახსნილი მედიაგარემო, სხვადასხვა მხარით და ყველას ხმა ისმის.

ეს ყველა ქვეყანას სჭირდება და, მათ შორის, საქართველოს. ეს სწორედაც რომ აძლიერებს მთავრობას და ოპოზიციასაც, რადგან მედიის საშუალებით უფრო ენერგიული დებატები იარსებებს“, _ განაცხადა კურტ ვოკერმა.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ მაუწყებლებს არ უნდა ჰქონდეთ ერთნაირი შეხედულებები.

„თუ ჩვენ გვექნება ისეთი სიტუაცია, როდესაც მთავრობის მიერ მართულ მაუწყებელს და სხვა მთავარ კერძო მაუწყებლებს ექნებათ ერთნაირი პოლიტიკური შეხედულებები, ეს შეკითხვას წამოწევს სისტემური მედიის გახსნილობისა და მრავალფეროვნების შესახებ“, _ განაცხადა კურტ ვოკერმა.

მედიის თავისუფლების საკითხზე თავიანთი მოსაზრებები რუსმა ექსპერტებმაც გამოთქვეს:

ანალიტიკოსი ანდრეი ილარიონოვი ფიქრობს, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები და ძირითადი თავისუფლებები ყველა ქვეყნისთვის ძალიან ღირებულია.

მისი აზრი მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ ილარიონოვი წლების წინათ ვლადიმირ პუტინის მრჩეველი იყო და იმ პროცესის მომსწრეა, როდესაც რუსეთში არაერთი ტელეკომპანია გააჩუმეს.

რასაკვირველია, საერთაშორისო გამოხმაურებები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იმიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ 8 მარტამდე ის საკითხის შესწავლას მოასწრებს და, სავარაუდოდ, შემდგომი გადაწყვეტილების მიღებამდე სწორედ ამ საერთაშორისო გამოხმაურებების სიმწვავეს და მკვეთრ ტონს დააკვირდება.

საქართველოს ხელისუფლება, უკვე მერამდენედ, თითქმის, გამოუვალ სიტუაციაშია. იმდენადაც კი, რომ ეს ნაბიჯი თვით თეა წულუკიანმაც ვერ „გააპრავა“ და მხოლოდ ფაქტის კონსტატაციით შემოიფარგლა, მერე კი ფრიად კომიკური რამ დააყოლა, რითაც „ღამის მორიგეების“ თემაზე ახალი მახვილგონივრული ხუმრობების ტალღას ჩაუყარა საფუძველი.

ლაშა ბერულავა