დალევს თუ არა სააკაშვილი ივანიშვილის სტაფილოს წვენს?

სოლოლაკში, ჭორვილასა და ურეკში ლოცვები გააძლიერეს

„ხმები ჩემი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია“, _ ეს სიტყვები გენიალურ მარკ ტვენს რომ არ ეთქვა, აუცილებლად იტყოდა მიხეილ სააკაშვილი. თუმცა რაღა იტყოდა, თქვა კიდეც და ყველა სკეპტიკოსი, რომელსაც მიშა ჩამოწერილი ეგონა, ააფორიაქა.

 

ზოგადად, ამ ფორიაქს სხვადასხვა შინაარსობრივი კონტექსტი აქვს, მაგრამ თუ შევეცდებით, სულ ორ განზომილებაში წარმოვიდგინოთ, მაშინ სწორი იქნება ვთქვათ, _ ზოგიერთი აღაფრთოვანა და ეიფორიაში ჩააგდო, ხოლო ზოგიერთი დააფრთხო და სასოწარკვეთილებამდე მიიყვანა. გვსურს თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ არა მხოლოდ საქართველოსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც კი არ მოიძებნება არც ერთი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც თავისი ექსცენტრიკულობით, ავანტიურიზმით, ალღოთი და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობით სააკაშვილს გაეტოლება.

ის მართლაც არ ჰგავს არავის თავისი არაორდინარულობით და თუნდაც იმით, რომ ის ყველაზე კონტრვერსიული პოლიტიკოსია იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენს თვალსაწიერში ხვდება.

რა თქმა უნდა, მის გაკეთებულ საქმეებზე, _ კარგზეც და ცუდზეც, _ ბევრი შეგვიძლია ვიდაოთ, მაგრამ სააკაშვილი საინტერესოა სხვა მხრივაც. თუნდაც უკრაინაში განვითარებული ბოლო მოვლენების ფონზე შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ ის თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკოსის სტანდარტულ დოგმებს ანგრევს და ყალიბდება (აქაც შეიძლება დავა და იმის თქმა, რომ იგი უკვე არის) როგორც ახალი პოლიტიკური ესთეტიკის მატარებელი პოლიტიკური სთარი _ ვარსკვლავი. ამ შემთხვევაში სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ხვალ, _ ცხადია, რომ ეს ესთეტიკა დღეს იქმნება და მისი ფუძემდებელი სწორედ რომ მიხეილ სააკაშვილია.

მას ხშირად უწოდებენ პოლიტიკურ ცხოველს. სხვათა შორის, ეს ტერმინი სააკაშვილის მიმართ, ერთ დროს, მისმა თანამოაზრე ნინო ბურჯანაძემ გამოიყენა. თუმცა სააკაშვილის შემთხვევაში, ალბათ, უპრიანი იქნება, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ დრაკონად მოიხსენიონ _ მისი პოლიტიკური რეინკარნაციის უნარი და სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის დღის წესრიგის ფორმირება ნამდვილად სცდება ნორმალური ადამიანის _ პოლიტიკოსის, თუნდაც, პოლიტიკური ცხოველის ენერგიას, უნარსა და შესაძლებლობებს.

2017 წლის 10 სექტემბერი, რაოდენ ამაღელვებელიც არ უნდა ყოფილიყო სააკაშვილის მომხრეებისთვის უკრაინასა და საქართველოში, ფაქტია, რომ ეს დღე „11 სექტემბრის“ ტრაგედიის ტოლფასი აღმოჩნდა უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს, საქართველოს ფაქტობრივი მმართველის, ბიძინა ივანიშვილისა და რუსეთის უგვირგვინო იმპერატორის, ვლადიმირ პუტინისთვის. ამ სამი პერსონის დავარცხნილ და მშვიდ პოლიტიკას თმები გაეწეწა. მას შემდეგ, რაც სააკაშვილის პოლონეთის საზღვართან გამოჩენამდე გავრცელდა ოფიციალური და კულუარული ინფორმაციები მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო ექსტრადირების თაობაზე, ცხადი გახდა, რომ ორი ოლიგარქი გარიგდა. რა თქმა უნდა, ამ გარიგებაში, სულაც რომ არ მიეღო არანაირი მონაწილეობა, შედეგი მნიშვნელოვნად სახარბიელო იყო ვლადიმირ პუტინისთვის, მაგრამ „გიჟმა“ ტრიოს ოცნებები დაუნგრია და უკრაინაში შევიდა.

„უკრაინაში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მომხდარი მოვლენები ნიშნავს პეტრო პოროშენკოს, ბიძინა ივანიშვილისა და ვლადიმირ პუტინის დამარცხებასაც. უკრაინული ტალღა მალე საქართველოსაც მოწვდება“, _ აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზაზა ბიბილაშვილი.

ამ ფონზე საკმაოდ უსუსურად გამოიყურება საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების არგუმენტები სააკაშვილის ავანტიურისტობაზე და წარსულად მოხსენიებაზე. ეს განცხადებები ნათლად ცხადყოფს, რომ საქართველოს მართავენ „საქმეში ჩაუხედავი“ ადამიანები, თორემ პოლიტიკოსი ზომიერების ფარგლებში, დიახაც, ავანტიურისტი უნდა იყოს.

მართალია, მმართველი პარტიის წარმომადგენლების ეს განცხადება ობივატელზეა გათვლილი და ხელისუფლება წინასაარჩევნოდ მათ დარწმუნებას ცდილობს, რომ სააკაშვილი საქართველოში ვერასოდეს ჩამოვა, თუმცა ეს ყბის ცახცახით წარმოთქმული ფრაზა და განმცხადებელთა სხეულის ენა სხვა რამეზე მეტყველებს. დიახ, იმ ობივატელსაც კი, რომელსაც მიშა ჩამოწერილი და წარსული ეგონა, დღეს სჯერა, რომ ოდესმე და, ალბათ, მალე სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა. სჯერა იმისიც, რომ თუ არ გამოატარებენ, თავად გაარღვევენ კორდონს და შემოიყვანენ და იმისიც სჯერა, რომ მესაზღვრეები და სპეცრაზმი მას ვერ ესვრის.

და ერთიც, სააკაშვილი და ციხე. ნებისმიერ, ოდნავ ალღოიან ხელისუფალს უნდა ესმოდეს, რომ მესამე პრეზიდენტის ციხეში ჩასმა გვირგვინისა და პიჯაკებისთვის ავტომატურად ნიშნავს ხელისუფლების სამზადისს ახალი პიჯაკით კუბოში ჩასაწოლად და გვირგვინს მის პოლიტიკურ საფლავზე. არ ვიცი, რა ეტაპზე გაითავისეს ეს აქსიომა უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებებმა, მაგრამ ფაქტია, რომ რიხიანი განცხადებები სააკაშვილის შესაძლო დაპატიმრების ან/და მისი ექსტრადირების შესახებ ამ დროისთვის აქტუალური არ არის.

„უკრაინის პრეზიდენტს ეგონა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინების პროცესში ეს ყველაფერი იოლად გაკეთდებოდა. იგი ფიქრობდა, რომ ექსტრადიციის მუქარით მიხეილ სააკაშვილი შეშინდებოდა და ბუჩქებში დაიმალებოდა. პეტრო პოროშენკომ ტაქტიკური შეცდომა დაუშვა, რაც მიხეილ სააკაშვილმა მაქსიმალურად გამოიყენა“, _ ამბობს ექსპერტი გია ხუხაშვილი.

თუმცა აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ პოროშენკომ სტრატეგიული შეცდომა მაშინ დაუშვა, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში მიიწვია და მერე რეგიონში მოისროლა. მოქალაქეობის ჩამორთმევა და შემდგომ განვითარებული მოვლენები ის დამოკლეს მახვილია, რომელიც სიხარულის ნაცვლად ტრაგედიად ექცა არა მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, არამედ ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნებას“ სრული შემადგენლობით.

ერთი მნიშვნელოვანი შეგონება ხელისუფლებას, უფრო სწორად, ისტორიული ფაქტის გახსენება: 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 10-დან 15%-მდე მერყეობდა. 2 ნოემბრის გაყალბებული არჩევნების შედეგების კორექტირებისთვის სააკაშვილი და მისი მომხრეები სულ რამდენიმე მანდატს ითხოვდნენ. 22 ნოემბერს სააკაშვილმა შევარდნაძის ჩაი დალია. ვადაგასულმა პარლამენტმა, პირველ რიგში, მაჟორიტართა კორპუსმა, ელვის სისწრაფიდ მიიღო ის კანონები, რომელიც იმდროინდელ რევოლუციურ მთავრობას სჭირდებოდა. პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან კოალიციაში შემავალმა პარტიებმა, მათ შორის, ისეთებმა, რომლებმაც 2 ნოემბერს ბარიერიც კი ვერ გადალახეს _ არჩევნებში გამარჯვება იზეიმეს. სულ რაღაც სამმა, თუნდაც, ათმა მანდატმა და იმდროინდელი ხელისუფლების სიჯიუტემ და სიხარბემ საქართველოს ისტორია შეცვალა, იმავე ადამიანებმა კი, ვინც რამდენიმე ხნის წინათ „მოქალაქეთა კავშირს“ დაუჭირეს მხარი, მეტწილად სააკაშვილის გუნდის სასარგებლოდ გააკეთეს არჩევანი. ამიტომ ხელისუფლება დიდად ნუ დაიიმედებს თავს მისი მაღალი რეიტინგითა და ხალხის დიდი სიძულვილით მიშასა და „ნაციონალების“ მიმართ.

დალევს თუ არა სააკაშვილი ივანიშვილის სტაფილოს წვენს, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სოლოლაკში, ჭორვილასა და ურეკში ლოცვები გააძლიერეს. თუმცა აქ, „უღმერთოთა“ ქვეყანაში, სადაც საპატრიარქოშიც კი შავ მაგიაზე საუბრობენ, ჯადოებს მკითხავების დახმარებით ეძებენ, ეპისკოპოსები და მღვდლები საკუთარ კომფორტზე უფრო ზრუნავენ და ღმერთი მხოლოდ ბიზნესიდეა ჰგონიათ, ვინ შეისმენს ივანიშვილისა და „ოცნების“ ლოცვას? ან რა ატყვია ამ ქვეყანას ლოცვაშესმენილი და თან ამდენი მორწმუნისა თუ ღვთისმსახურის მიერ ნალოცი?

„იქ“ _ „ნატვრის ხეში“, ციციკორეს ვირზე შეუსვამს პირუკუღმა მარიტა, აქ კი ივანიშვილმა შეაბრუნა და პირუკუღმა წაიყვანა საქართველო… მაგრამ გახსოვთ, „იქ“ „რევოლუცია მოდის“, აქ კი _ მიშა მოდის!

კოკა წერეთელი