დავით სიხარულიძე: „უაღრესად ძლიერი ძალა აქვს გზავნილს: საქართველო არასოდეს შეურიგდება ოკუპაციას და არ ემორჩილება რუსეთის ზეწოლას!“

  • ნატოში ინტეგრაცია და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია არ არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში;
  • აშშ-ში საკმაოდ კეთილგანწყობილი გარემოა მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლისთვის, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად;
  • დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ თანხმობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას;
  • არაფორმალური მმართველობა ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება;
  • რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება;
  • რუსეთის აგრესიის შეკავებისა და, საბოლოო ჯამში, მისი უკან დაწევის დასავლური სტრატეგია თანდათან მკაფიო კონტურებს იძენს;
  • რუსული საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთშიც მიმდინარეობს.

 

 

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ქართული სახელმწიფოს წინაშე მდგომ გამოწვევებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი _ დავით სიხარულიძე:

 

_ ბატონო დავით, ერთი მეტად საინტერესო დაკვირვებით მსურს დავიწყო ჩვენი საუბარი: როგორ ფიქრობთ, მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე ვართ?

_ საქართველო საინტერესოა თავისუფალი სამყაროსთვის, როგორც წარმატებული დემოკრატია. ჩვენდამი ინტერესი განპირობებული იქნება ჩვენი უნარით, დავამტკიცოთ, რომ მსოფლიოს ამ ნაწილში შესაძლებელია იყოს დემოკრატიული, თავისუფალი სახელმწიფო არაკორუმპირებული ინსტიტუტებით და ეფექტიანი მმართველობის სისტემით. ამიტომ ხშირად ნათქვამი ფრაზა: „საქართველო ლიდერია რეგიონში“, ბევრს არაფერს ნიშნავს. რეგიონის სხვა ქვეყნებს სხვა ტიპის ეროვნული და სტრატეგიული ამოცანები აქვთ. ჩვენი დემოკრატიის შედარება შესაძლოა, რელევანტური იყოს მხოლოდ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებისადმი, რომელთაც ჩვენი მსგავსი ამოცანები აქვთ: ტრანსატლანტიკურ ერთობაზე დაფუძნებული უსაფრთხოება და სტაბილურობა, თავისუფლება და ადამიანის უფლებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დამყარებული მმართველობითი სისტემა და კეთილდღეობა. საქართველოსადმი ყურადღება იზრდება მაშინ, როცა დემოკრატიული ინსტიტუტები ძლიერდება, სახელმწიფო ინსტიტუტები ეფექტიანია, ქვეყანა ვითარდება. საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისა და ეფექტიანი მმართველობის პროპორციულია. მიუხედავად ხშირად ყურმოკრული გამონათქვამისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, ჩვენი მთავარი სისტემური პრობლემები თვალში საცემია.

_ რას გულისხმობთ?

_ არაფორმალური მმართველობა, სასამართლო სისტემა, პლურალისტული პოლიტიკური სისტემის სისუსტე, მედიის თავისუფლების ხარისხი. ამასთანავე, ისეთი მძიმე საკითხები, როგორც, მაგალითად, მუხთარლის საქმეა, ერთი მხრივ, წარმოაჩენს ადამიანის უფლებების პრობლემას, მეორე მხრივ კი სერიოზულ კითხვებს ბადებს სახელმწიფო მმართველობის სისტემისადმი, რაც დამაზიანებელია საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

არასახარბიელო მდგომარეობაა ეკონომიკური ზრდის მიხედვითაც. ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებია 2.9%-ით ზრდა 2015 წელს, 2.7%-ით _ 2016 წელს. ეს უაღრესად მცირე ციფრებია ისეთი ეკონომიკისთვის, როგორიც საქართველოა. აშკარაა, რომ ქვეყანაში გარკვეულ სტაგნაციასთან გვაქვს საქმე. არ განხორციელებულა სერიოზული, დიდი საერთაშორისო პროექტები, რომელიც მნიშვნელოვანი ეფექტის მოხდენას შეძლებდა.

_ კერძოდ, რომელ პროექტებს გულისხმობთ?

_ მაგალითისთვის, გაუგებრადაა გაჭიანურებული ყარსი-ახალქალაქის რკინიგზის მშენებლობა. ის ეკონომიკური პროგრამები კი, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, როგორც ჩანს, ეფექტს ვერ ახდენს.

მეორე კომპონენტი, რაც საქართველოსადმი მეტი საერთაშორისო ყურადღების მიქცევას იწვევს, ესაა ჩვენი საგარეო პოლიტიკური აქტივობა. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო მხოლოდ უნდა ელოდოს შესაბამის საერთაშორისო გარემოს საკუთარი უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წაწევისთვის.

_ ანუ სხვა, ეფექტიანი რეკომენდაცია გაქვთ?

_ აუცილებელია აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება იმისთვის, რომ საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ფუნდამენტური საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო დღის წესრიგში. ეს საქართველოს განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია. მთავრობის დღევანდელი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რბილად რომ ვთქვათ, არასაკმარისია. საქართველოსთვის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ორი უმთავრესი საკითხი: ნატოში ინტეგრაცია და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, _ არ არის სათანადო დონეზე წარმოდგენილი საერთაშორისო დღის წესრიგში. ამის ობიექტური მიზეზებიც არსებობს, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენი მცდელობები არასაკმარისია.

_ იქნებ, დააკონკრეტოთ.

_ მაგალითად, პრემიერ-მინისტრის ბოლო ვიზიტისას გერმანიაში შეხვედრების შემდეგ გაკეთებულ არც ერთ განცხადებაში ნატოში საქართველოს გაწევრიანების საკითხები არ ფიგურირებდა. ამ ხარვეზის გამართლება არანაირი დიპლომატიური ტაქტიკით არ მეჩვენება ადეკვატურად.

მიუხედავად პრობლემებისა ვერ ვიტყოდი, რომ საქართველო გამქრალია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. ბოლო პერიოდში შეერთებული შტატების კონგრესის მიერ მიღებული კანონპროექტები, რომლებიც კრძალავენ აშშ-ს დახმარებას იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, რუსეთისთვის სერიოზული სანქციების დაწესება, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისთვის, ადასტურებს ყურადღებას საქართველოს მიმართ. ახლა შეერთებულ შტატებში საკმაოდ კეთილგანწყობილი გარემოა მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად საქართველოს ნატოში გაწევრიანების წინსვლისთვის, რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად, დეოკუპაციისა და რეინტეგრაციის საკითხში პროგრესის მისაღწევად და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი ურთიერთობების თვისობრივად ახალ დონეზე ასაყვანად. საჭიროა საქართველოს მეტი ძალისხმევა ამ საკითხების წინ წასაწევად.

_ რა საფრთხეებს ხედავთ ახალ კონსტიტუციაში და რამდენად პოზიტიურად, ან ნეგატიურად იქნება ეს დოკუმენტი და თანმდევი პროცესები აღქმული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ?

_ ვფიქრობ, რომ ახალ კონსტიტუციაში ბევრი კონკრეტული ხარვეზია, თუმცა აქ მინდა სხვა პრობლემა აღვნიშნო: პროცესი, რომლითაც ეს კონსტიტუცია შეიქმნა და იღებენ, უკიდურესად დამაზიანებელია ქართული სახელმწიფოებრიობისთვის. ყველა კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ეროვნულ კონსენსუსს. ასეა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ჩვენთან კი ეს პროცესი ძალიან ცუდად წარიმართა. გარდა მმართველი პარტიისა, კონსტიტუციას მხარს არ უჭერს არც ერთი სხვა პარტია, ან მეტ-ნაკლებად ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია. ასევე არის საზოგადოებისთვის საერთოდ მიუღებელი დებულებები. მაგალითად, გამოკითხვებით მოსახლეობის 90% მხარს უჭერს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, რასაც ახალი კონსტიტუცია აუქმებს. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ თანხმობაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული, ხელს უწყობს საზოგადოების პოლარიზაციას.

_ ვისარგებლებ შემთხვევით, რომ ვესაუბრები საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს და აუცილებლად უნდა გკითხოთ: 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება მცირდება. რამდენად პასუხობს ქვეყნის ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს?

_ თავდაცვის ბიუჯეტი აბსოლუტურად არაადეკვატურია ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებისა და გამოწვევების გათვალისწინებით. ეს მხოლოდ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს არ ეხება, ეს გრძელდება უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადია. 2013 წელს თავდაცვის ბიუჯეტი 75 მილიონით შემცირდა და დღემდე შენარჩუნებულია ამ პარამეტრებში. ამასთანავე, შეიარაღებული ძალების რიცხოვნობა არ შეცვლილა. ეს ნიშნავს, რომ თავდაცვის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი პირადი შემადგენლობის ხარჯია. ძირითადად შემცირება შეეხო წვრთნას, სწავლებებს, შეიარაღების შეძენასა და ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს ძალიან მძიმედ აისახება მზადყოფნის დონეზე და ეფექტიანობაზე. ასევე, ასეთი ბიუჯეტის პირობებში საერთოდ ვერ ხდება ქვეყნისთვის ისეთი კრიტიკული შესაძლებლობების განვითარება, როგორიცაა საჰაერო თავდაცვა, ანტისატანკო შესაძლებლობები, მობილურობა. თუ გავითვალისწინებთ, რომ 2013 წელთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით, დაახლოებით, 33%-ით გაუფასურდა, თავდაცვის ბიუჯეტის სიმწირე კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

_ აუცილებლად უნდა გკითხოთ ვერტმფრენების თემაზე.

_ ცალკე საკითხია ვერტმფრენების თემა. საქართველო მთაგორიანი ქვეყანაა და ვერტმფრენების ეფექტიანი პარკის არსებობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ვერტმფრენები აუცილებელია როგორც შეიარაღებული ძალების მობილურობის უზრუნველსაყოფად, ასევე ძებნისა და გადარჩენის, სამედიცინო ევაკუაციის, საზღვრის კონტროლის, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შემთხვევაში ოპერაციების ჩასატარებლად როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო საჭიროებებისთვის. გასულ ზაფხულს ტყის ხანძრებისას გამოჩნდა, რომ ამ მიმართულებით უმძიმესი ვითარება გვაქვს. შეიარაღებულ ძალებში, პრაქტიკულად, არ აღმოგვაჩნდა ვერტმფრენი, რომელსაც ოპერირება შეეძლო. ძირითადად, შსს-ს საბჭოთა წარმოების ორ ვერტმფრენზე იყო ქვეყანა დამოკიდებული. როგორც ჩანს, თავი იჩინა, რომ წლების განმავლობაში ვერტმფრენების პარკის შენარჩუნებისა და განახლებისთვის სათანადო დაფინანსება არ არსებობდა. აუცილებელია, ხელისუფლებამ რადიკალური ნაბიჯები გადადგას ვერტმფრენების პარკის განსაახლებლად. ამის გარეშე მთავრობა ვერ შეძლებს სახელმწიფოს საბაზისო ფუნქციების შესრულება. ამას სჭირდება თანმიმდევრული და გრძელვადიანი პროგრამა, რომელიც სათანადოდ უნდა იყოს დაფინანსებული. ასევე აქცენტი უნდა გაკეთდეს ნატოელი პარტნიორების წარმოების ვერტმფრენებზე.

_ ნატო ახსენეთ, რომელსაც შესაბამისი სტანდარტები აქვს თავდაცვისთვის გამოსაყოფი ხარჯების მოცულობაზე.

_ დიახ, ნატოს სტანდარტით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% უნდა იყოს მიმართული თავდაცვაზე, ამასთანავე. თავდაცვის ბიუჯეტის 20% უნდა იხარჯებოდეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენასა და გაუმჯობესებაზე. ჩვენი ბიუჯეტი ამ პრინციპს ვერ აკმაყოფილებს. აუცილებელია თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა, თუნდაც, იმ უამრავი უაზრო და ქვეყნისთვის არაფრისმომტანი გასავლის ხარჯზე, რომელიც მრავლადაა ჩვენს ბიუჯეტში.

_ კონკრეტულად?

_ განსაკუთრებით უაზროდ გაზრდილი ბიუროკრატიის ხარჯი.

_ ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნების წინ თქვენ აცხადებდით: „არაფორმალური მმართველობა არის ფუნდამენტურად საწინააღმდეგო იმისა, რასაც დასავლური _ თავისუფალი სამყარო ეფუძნება“. სწორედ ეს ხომ არ გახდა ბიძინა ივანიშვილის _ არაფორმალური მმართველის _ „გაქრობა-გაუჩინარების“ მიზეზი?

_ შემიძლია იგივე გავიმეორო: არაფორმალური მმართველობა ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება. ესაა ჩვენი დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი. პრაქტიკულად, ძალაუფლების სამივე შტო კონტროლდება ერთი ადამიანის მიერ, რომელიც არანაირ პოლიტიკურ თანამდებობასაც კი არ იკავებს. შეიქმნა ვითარება, როდესაც პოლიტიკური ძალაუფლება არაა დაკავშირებული პოლიტიკურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებასთან. არ ვფიქრობ, რომ ეს შეუმჩნეველი რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის. უპირველეს ყოვლისა კი ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის განვითარებაზე.

_ ყოველდღიურად ვდგავართ მცოცავი ოკუპაციის ფაქტის წინაშე და ამაზე საერთაშორისო თანამეგობრობა არც კი რეაგირებს, ან რეაგირებს, როგორც იტყვიან, „კატის კნავილით“. პენსის ვიზიტისას გაჟღერებული ფრაზები მოსკოვში უკვე მიავიწყდათ. რა მზა რეკომენდაციას მისცემდით ამ ვითარებაში მთავრობას, იმის მიუხედავად, რომ ისინი, ფაქტობრივად, არასოდეს ითვალისწინებენ „სხვის“ რჩევებს?

_ ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ რეაგირებს რუსეთის აგრესიაზე. რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ გრძელდება. ამ ჰიბრიდული ომის ამოცანები უცვლელია: ძირი გამოუთხაროს ქართულ სახელმწიფოებრიობას, დაასუსტოს ქვეყანა ეკონომიკურად და პოლიტიკურად, გამოიწვიოს მწვავე დაპირისპირება საზოგადოებაში, რათა ქვეყანა მოაქციოს საკუთარი გავლენის ქვეშ. რუსეთი ამ მიმართულებით იყენებს ყველა ტიპის ძალას. მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები, პერიოდულად ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, მაღალია რუსული სპეცსამსახურების პენეტრაცია საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში. ეკონომიკა, ვაჭრობა, ფინანსები, ენერგეტიკა ასევე ტრადიციულად რუსეთისთვის ომის იარაღს წარმოადგენს. ასევე, რუსეთი განსაკუთრებით აქტიურად იყენებს საინფორმაციო ომის მთელ სპექტრს: პროპაგანდას, დეზინფორმაციას, კიბერ სივრცეს, მედია-მანიპულაციებს და ა. შ. ეს ყველაფერი, ისევე როგორც სამხედრო აგრესია, საქართველომ საკუთარ თავზე გამოსცადა.

_ თუმცა რუსეთი ამ მეთოდებით მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ არ იბრძვის.

_ დიახ, ასეთი ტიპის ჰიბრიდულ ომს რუსეთი მთლიანად თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგაც აწარმოებს. დასავლეთში უკვე აშკარად ხედავენ რუსეთის ამ ქმედებებსა და მის შედეგებს. სამხედრო აგრესიამ საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ, „სავაჭრო და ენერგეტიკულმა ომებმა“ ევროპის მრავალ ქვეყანასთან, რუსეთის მიერ ჩარევის მცდელობებმა მთელი რიგი ქვეყნების საარჩევნო და დემოკრატიულ პროცესებში, სპეცსამსახურების ზეაქტიურობამ, ფინანსების გამოყენებამ სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, ულტრამემარჯვენე და ულტრამემარცხენე რადიკალების მხარდაჭერამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და საინფორმაციო ომებმა დასავლეთის სერიოზული რეაგირების საფუძველი შექმნა. სანქციები რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ში და ამ სანქციების საკანონმდებლო წესით გამყარება ამ ზეწოლის მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის აგრესიის შეკავებისა და, საბოლოო ჯამში, მისი უკან დაწევის დასავლური სტრატეგია თანდათან მკაფიო კონტურებს იძენს. დასავლეთის დახმარება და მხარდაჭერა საქართველოსთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მით უფრო დიდი და ქმედითი გახდება, რაც უფრო მდგრადი და ეფექტიანი იქნება ქართული სახელმწიფო რუსეთის ზეწოლის მიმართ. ქვეყნის მდგრადობის განმტკიცება აუცილებელია. ამის უზრუნველსაყოფად, ვფიქრობ, სერიოზულადაა გადასახედი უსაფრთხოების სისტემა. პირველ რიგში, უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების, აღსრულებისა და კრიზისების მართვის ეფექტიანი პოლიტიკური სისტემის შექმნაა აუცილებელი. არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზა ვერ პასუხობს ამ საჭიროებებს. შესამუშავებელია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გაგვაჩნია.

_ უფრო კონკრეტულად?

_ მნიშვნელოვანია თავდაცვის სისტემის ადეკვატური ფინანსირება და მისი მზადყოფნის ზრდა. საჭიროა ქმედითი უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, განსაკუთრებით სპეცსამსახურების, მისი ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, ასევე მათთვის მკაფიო ამოცანების განსაზღვრა. ეს გაზრდის უსაფრთხოების სისტემის ქმედითუნარიანობას და ხელს შეუშლის საზიანო გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მრავლადაა. მაგალითად, სრულიად გაუგებარ და ქვეყნისთვის საზიანო გადაწყვეტილებად მიმაჩნია სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ფოტოკამერების გაუქმება. ყველა ქვეყანა აქტიურად იყენებს ბიომეტრიული იდენტიფიცირებისთვის ფოტოკამერების სისტემას საზღვარზე. ასე იყო საქართველოშიც, თუმცა ორი-სამი წლის წინათ გაუქმდა, რაც გაუგებარი და ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საზიანოა.

მაღალი რისკების მატარებელია ეკონომიკური და ენერგეტიკული დამოკიდებულების ზრდა რუსეთზე. გაზრდილი სავაჭრო ბალანსი რუსეთთან ხიფათის მატარებელია იმის გამო, რომ რუსეთი ვაჭრობას იყენებს, როგორც ჰიბრიდული ომის იარაღს და ამის მაგალითები ჩვენს უახლეს ისტორიაში მრავლად გვაქვს.

_ თქვენ ზემოთ საინფორმაციო ომი ახსენეთ. მიმაჩნია, რომ ჩვენთან სწორად არ ესმით ამის მნიშვნელობა და ომი მხროლოდ ტანკები და ყუმბარები ჰგონიათ.

_ უაღრესად მნიშვნელოვანია რუსულ საინფორმაციო ომთან გამკლავება. ამ ომში რუსეთის მთავარი ამოცანაა, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გზით საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შუღლის გაღვივება, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ნიჰილიზმის გაღვივება, საზოგადოებაში დესტრუქციული მუხტის შემოტანა. რუსული საინფორმაციო ომი საქართველოს წინააღმდეგ დასავლეთშიც მიმდინარეობს. მისი მიზანია, შექმნას მცდარი წარმოდგენები: საქართველო წარმოჩნდეს, როგორც არშემდგარი სახელმწიფო არაადეკვატური ინსტიტუტებითა და უმწიფარი საზოგადოებით, რომელიც პრობლემების შემომტანია საერთაშორისო თანამეგობრობაში. ეს საინფორმაციო ომები საჭიროებს შესაბამის ქმედებებსა და სტრატეგიას მის გასანეიტრალებლად. ჯერჯერობით, ასეთი მწყობრი, გააზრებული და ეფექტიანი სტრატეგია მთავრობას არ გააჩნია. ზოგ შემთხვევაში საქმე გვაქვს კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემასთან. ესაა ხელისუფლების პარტიული დღის წესრიგის დომინირება ეროვნულ დღის წესრიგზე. ამის მკაფიო მაგალითია მთავრობის ზოგიერთი წევრის განცხადებებში და მინიშნებებში მცდელობა, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომში ბრალი დასდონ საქართველოს. ბოლო ასეთი განცხადებები მოვისმინეთ ამა წლის აგვისტოშიც. გარდა იმისა, რომ ეს სიცრუეა, ასევე დიდი სიბრიყვეცაა, რადგან მხოლოდ რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს ამით.

მთლიანობაში, საინფორმაციო ომში დიდი როლი აქვს საზოგადოებასაც. უაღრესად ძლიერი ძალა აქვს საქართველოს საზოგადოებისგან წამოსულ გზავნილს, რომ საქართველო არასოდეს შეურიგდება ოკუპაციას და არ ემორჩილება რუსეთის ზეწოლას.

ნინო რამიშვილის უარი, მის ანსამბლს ეცეკვა რუსეთში, მიუხედავად შეთავაზებული დიდი ჰონორარისა, ან ხატია ბუნიათიშვილის უარი, დაეკრა უაღრესად პრესტიჟულ კონცერტზე იმის გამო, რომ ამ კონცერტს დირიჟორობდა პუტინის თაყვანისმცემელი და მისი პოლიტიკის მომხრე, არის არა მხოლოდ ეთიკური და მორალური საქციელი, არამედ წარმოუდგენლად დიდი გაწეული სამსახური საქართველოსთვის.

არმაზ მეტრეველი