გოდერძი ტყეშელაშვილი: ,,ვადის ათვლა, ერთი, რომის პაპმა დაიწყო და რომის პაპი მყავს ტექნიკური უნივერსიტეტი?!”

გასული წლის 18 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში რექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი გოდერძი ტყეშელაშვილი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი. არჩევანი არჩილ ფრანგიშვილზე გაკეთდა, რომელიც 2008-2009 წლებში ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა, რის შემდეგაც 2009, 2012 და 2016 წლებში უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გოდერძი ტყეშელაშვილი:

 

_ „უმაღლესი განათლების შესახებ კანონით“, უმაღლეს სასწავლებლებში, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაფუძნებული, არ შეიძლება, რომ რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, აკადემიური საბჭოს წევრები და დეკანები მესამე ვადით აირჩიონ. ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო საფეხურის ყველაზე ხანგრძლივი დროით, ანუ ჩვენთან ბაკალავრიატი ოთხწლიანია და ეს ვადა რვა წელს მოიცავს, რექტორი მესამე ვადით არ უნდა იყოს არჩეული. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონს“ მე-16, მე-18, მე-20, 22-ე და 87-ე მუხლები არეგულირებს. ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს კანონი დარღვეულია.

როცა რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა, ვიცოდი, რაც მოხდებოდა, მაგრამ განცხადება მაინც დავწერე _ მეც მქონდა პრეტენზია, რომ რექტორობის კანდიდატი ვყოფილიყავი. არჩევნები გასული წლის იანვარში ჩატარდა. სისტემა ასეთია: რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო, სადაც თითო ფაკულტეტიდან ორ-ორი კაცია წარმოდგენილი. ჩვენთან მაშინ რვა ფაკულტეტი იყო (ახლა, მგონი, თერთმეტია) და აკადემიური საბჭო, შესაბამისად, თექვსმეტი კაცისგან შედგებოდა. ღია, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა და იქიდან ხმას რომ არავინ მომცემდა და ვერც მომცემდა, ვიცოდი, მაგრამ მაინც ასე გადავწყვიტე. მოქმედმა რექტორმა, ბატონმა არჩილ ფრანგიშვილმა, რა თქმა უნდა, განცხადება შეიტანა, რომელიც საარჩევნო კომისიას არ უნდა მიეღო, რადგან ეს კანონის უხეში დარღვევა იყო, მაგრამ მიიღო, აკადემიურ საბჭოში კი მისი ხალხი იყო და, რა თქმა უნდა, ხმაც მას მისცა. სხვათა შორის, თავიდან გამოცხადდა და საიტზეც დადეს, რომ ვითომ 17 ხმა მიიღო, მაგრამ მერე დაფიქრდნენ, მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და 17 შეცვალეს 16 ხმით…

_ მას შემდეგ, რაც მოხდა, საზოგადოებისთვის ცნობილია: თქვენი და თქვენი თანამოაზრეების პროტესტი ქუჩაში გაგრძელდა, შემდეგ კი არჩევნების ბათილად ცნობისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეთ… რა ხდება დღეს, რატომ მოხვედით რედაქციაში?

_ იმიტომ მოვედი, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რა სიტუაციაა, საერთოდ, უმაღლესი განათლების სფეროში… ტექნიკური უნივერსიტეტი, უმეტესწილად, შემოსავლებზეა ორიენტირებული, რომლის მიღებასაც ყველანაირად ცდილობს: რესტორნებზე, სასადილოებზე ფართები იჯარით გასცეს… ისეთი პარადოქსული სიტუაციაც არის, რომ პირველი კორპუსის წინა ეზოში პროფესორების მანქანებს არ უშვებენ. იქ რესტორანი ააშენეს და იმ რესტორნის კლიენტები და თანამშრომლები აყენებენ მანქანებს, ჩვენ კი _ ვერა. ის ფართი ამ რესტორანზე იჯარით გაიცა. რაც შეეხება ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსს, თუ დააკვირდებით, მთელი მესამე კორპუსის პირველი სართული რესტორნებად იქცა; მეორე კორპუსის ეზოში პროფილაქტიკაა; ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დათმო თავისი მეხუთე და მეცხრე კორპუსები, სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი, საცურაო აუზი… ასე ნელ-ნელა იყიდება ტექნიკური უნივერსიტეტი.

_ თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს, რას ითხოვთ?

_ ხელისუფლებას კანონის დაცვა მოვთხოვოთ, რადგან ეს არჩევნები არალეგიტიმური, კანონსაწინააღმდეგო იყო, კანონიერება აღდგეს.

_ იმედი გაქვთ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში არჩევნები ხელახლა რომ ჩატარდეს, გაიმარჯვებთ?

_ მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მე გავიმარჯვებ თუ სხვა, უკანონობა არ უნდა იყოს. როცა ორგანიზაციასა და საჯარო სივრცეში უკანონობაა, ეს მეტ უკანონობას ბადებს.

_ განათლების სამინისტრო არჩევნებთან დაკავშირებით ტექნიკური უნივერსიტეტის ქმედებაში უკანონოს ვერაფერს ხედავს.

_ განათლების სამინისტრო და განათლების მინისტრი ვერ გასცდა ზღაპრების დონეს. რას ჰქვია, უკანონო არ არის?! აბა, კანონში რისთვის არის ჩანაწერი, ვისთვის გაკეთდა?! განათლების სამინისტროს პასუხი აბსურდულია, რასაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ პოზიციაც ამტკიცებს, რომ მე მართალი ვარ და კანონი დარღვეულია. გარდა ამ ორგანიზაციებისა, პირად საუბარში ყველა მეთანხმება, რომ არ შეიძლება მესამე ვადით არჩევა.

საკითხი სახალხო დამცველმა დაწვრილებით შეისწავლა და მისი დასკვნაც ასეთია: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესი დარღვეულია, რაც უკანონობაა. განათლების სამინისტროს გარდა საქართველოს პრემიერსა და სასამართლოს მივმართეთ. სასამართლო საქმეს აჭიანურებს, ჯიუტად არ იხილავს, პრემიერმა საერთოდ არ გვიპასუხა, განათლების სამინისტრო კი ამ სისტემას ამართლებს და საფუძვლად მოჰყავს ის, რომ 2012 წელს, როცა საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ტექნიკური უნივერსიტეტი, არაკომერციულ იურიდიულ პირად გადაკეთდა, მაშინ წესდებაც შეიცვალა, რომლის მიხედვითაც ვადის ათვლა 2012 წლიდან უნდა დაიწყოს. როგორ შეიძლება, ასეთი კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერი გაკეთდეს წესდებაში? რას ჰქვია, ვადის ათვლა აქედან დაიწყოს? ვადის ათვლა, ერთი, რომის პაპმა დაიწყო და რომის პაპი მყავს ტექნიკური უნივერსიტეტი, თუ რა ხდება, ვერ გავიგე?!.

_ რას ფიქრობთ, თუნდაც ამ კანონის აღსრულების შემთხვევაში, ტექნიკურ უნივერსიტეტში მოგვარდება პრობლემები? რა არის უმთავრესი პრობლემა?

_ სწავლების დონის ამაღლება და სამეცნიერო კვლევითი მუშაობის გაცოცხლება. საერთოდ მკვდარია ყველაფერი. რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია აკეთებს უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგებს. ჩვენ რეიტინგული ტექნიკური უნივერსიტეტი ვიყავით, დღეს ყველაზე დიდი რეიტინგული შეფასება რაც არის ათი ათასი უნივერსიტეტის ჩამონათვალში, ათი ათასშიც არ ვართ. დღეს XXI საუკუნეა, ტექნიკის, ინფორმატიკის, მეცნიერების საუკუნე და თუ ქვეყანა ინჟინერს ვერ გაზრდის, ამის საშუალება არ ექნება, ცივილიზებული ერების სიიდან სამუდამოდ ამოვარდება. ინჟინრის მოუმზადებლობა, უინჟინრო საზოგადოება არის მასა, ბრბო და აქეთკენ მივდივართ…

_ ამაზე არ ზრუნავს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი?

_ როგორ გგონიათ, არალეგიტიმური ხელმძღვანელობის ზრუნვას რაიმე შედეგი ექნება? როცა ყველამ იცის, რომ ეს არაკანონიერია, ვინმე დაუჯერებს? ან თუ დაუჯერებს, ის დაჯერება დაჯერება იქნება?

_ სასამართლოში შეტანილ თქვენს სარჩელზე კი აღნიშნეთ, საქმე ჭიანურდებაო, მაგრამ უფრო კონკრეტულად რას გვეტყვით?

_ სასამართლოს ორ თვეში უნდა განეხილა საქმე, მაგრამ, როგორც იქნა, 11 თვის შემდეგ განიხილა და გააჩერა: შენი ინტერესები არ შელახულაო, _ ზეპირად გამოაცხადა. ორ კვირაში განჩინება წერილობით უნდა მოეწოდებინა, რომ ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების საშუალება მქონოდა, მაგრამ ერთ თვეზე მეტი გავიდა, ვრეკავ და მეუბნებიან, მზად არ არის, ბევრი საქმე გვაქვს, დაელოდეთ და როცა იქნება, გაგაგებინებთო. ეს არის სასამართლო?!

_ გასაჩივრებას აპირებთ?

_ რა თქმა უნდა, ზემდგომ ინსტანციაში გავასაჩივრებ, თუმცა არც იმის დიდი იმედი მაქვს, მაგრამ მჯერა, საზოგადოება არ გაჩერდება.

 

***

ამონაწერი სახალხო დამცველის დასკვნიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წესის დარღვევასთან დაკავშირებით: „მიმაჩნია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2016 წლის 18 იანვრის არჩევნები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ამასთან, დარღვეულ იქნა რექტორობის კანდიდატთა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი, რითაც შეილახა რექტორობის კანდიდატების, მათ შორის, გოდერძი ტყეშელაშვილის კანონიერი უფლება და ინტერესი“.

 

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას. პასუხები ორივე მხრიდან ცალსახად ერთმნიშვნელოვანია: არაკანონიერ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

„ქრონიკა+“-მა კომენტარისთვის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმართა:

_ პირველ ყოვლისა, მადლობას მოვახსენებ „ქრონიკა+“-ს დაინტერესებისთვის, გააშუქოს მეორე მხარის პოზიცია, თუმცა ინტერვიუში მოყვანილ „ფაქტებზე“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა არაერთხელ გასცა მოტივირებული პასუხი და რომ არა ჟურნალისტისადმი დიდი პატივისცემა, ამჯერად ბატონი გოდერძის მორიგ უსაფუძვლო მოსაზრებებს პასუხს არ გავცემდით.

სიმართლე გითხრათ, მას შემდეგ, რაც ბატონმა გოდერძიმ და მისმა ოთხმა (აქედან ერთი არ არის სტუ-ის თანამშრომელი) მხარდამჭერმა სრული კრახი განიცადეს და მათ მიერ სტუ-ის ადმინისტრაციის შენობაში მიმდინარე ე. წ. აქციას არავინ გამოეხმაურა, სასამართლოში (რომელსაც იმავე მოთხოვნებით მიმართეს, რასაც თქვენთან ინტერვიუში აცხადებს) კი პროცესი წააგეს. არ გვეგონა, თუ ის კიდევ გააგრძელებდა „ბრძოლას“, მაგრამ რაკი გოდერძი ტყეშელაშვილი ვერაფრით ეგუება მოცემულობას, შევახსენებთ: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, გოდერძი ტყეშელაშვილის სარჩელი  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 2016 წლის 18 იანვრის რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის წარმოება უსაფუძვლობის გამო შეწყდა. სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელი იყო და არ დგინდებოდა გასაჩივრებული აქტით, როგორ შეილახა მოსარჩელის (გოდერძი ტყეშელაშვილი) უფლება ან/და კანონიერი ინტერესი. სამწუხაროა, რომ ბატონი გოდერძი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს, მეტიც, სადავოდ ხდის და რაკი ყველა სამართლებრივი გზა ამოეწურა, სამართალს სხვადასხვა რედაქციაში ეძებს.

 

თამარ ოთიაშვილი