გია ხუხაშვილი: „ცივილიზებული ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროში მიტინგებს არ უწყობს საკუთარ ხალხს“

თამარ სანაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებული იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. 14 სენატორის წერილი სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია.

ორპარტიული წერილის გაგზავნას ხელმძღვანელობდნენ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ შაჰინი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყველაზე მაღალი რანგის რესპუბლიკელი წევრი, სენატორი ჯეიმს რიში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სენატორები სწერენ, რომ ისინი, როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები, „იძულებული“ გახდნენ, გამოეხატათ „უღრმესი შეშფოთება“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, ხელახლა შემოეღო „რუსული სტილის უცხოეთის აგენტების კანონი“.

სენატორების უმკაცრეს გზავნილებზე, საქართველოს ხელისუფლების ქმედებებსა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

_ ბატონო გია, ვართ რეალობაში, რომელშიც პარლამენტს პირველი მოსმენით აქვს მიღებული „რუსული კანონი“. მიუხედავად მასშტაბური პროტესტისა და მასობრივი უკმაყოფილებისა, ხელისუფლებამ ეს ნაბიჯი მაინც გადადგა. წარმოუდგენელია, მათ ეს პროტესტი არ გაეთვალათ, მაგრამ მაინც წავიდნენ ამ ნაბიჯზე. რით ხსნით ხელისუფლების ასეთ ქმედებას?

_ არა მგონია, რომ მათ ეს ყოველივე არ გაეთვალათ. გათვლით გათვალეს, მაგრამ ყველაფერი არასწორად გააკეთეს. არასწორი ანალიზი და გათვლები გააკეთეს _ შარშან ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამ კანონის მიღებაში ხელი შეუშალეს ახალგაზრდებმა, ახალი თაობის აქტიურობამ, ეს ფაქტორი მაშინ არ ჰქონდათ გათვალისწინებული და ერთი წლის წინ არ ელოდნენ ამხელა წინააღმდეგობას ახალგაზრდებისგან.

ეს ერთი წელი ჩათვალეს, რომ იმუშავეს ახალგაზრდებთან ძალიან კარგად, სტუდკავშირებმაც ანგარიშები ჩააბარეს, რომ ახალგაზრდობას შიგნით პრობლემები აქვს, ოპოზიციას ვერ იტანენ. ანუ ყალბი ანგარიშებისა და ანალიზის საფუძველზე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება და მოინდომეს კონტრშეტევის განორციელებია, ერთგვარი რევანშის აღება იმ სისუსტის გამოვლინებაზე, რაც მათთვის ძალიან სერიოზული პრობლემაა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო არასწორი გათვლის შედეგი. აღმოჩნდა, რომ ახალგზრდობა არათუ იმ ჭკუაზეა, რაზეც შარშან იყო, რამედ კიდევ უფრო მოძლიერებული და მეტად თანმიმდევრულია თავის მოთხოვნებში. გარდა ამისა, ხელისუფლებაში არ ელოდნენ დასავლეთისგან ასეთ ცალსახა და მკაცრ მოთხოვნას. ისინი მიიჩნევდნენ და, პირდაპირ ვიტყვი, რომ ელოდნენ რაღაც უკმაყოფილებას, მაგრამ რაც ხდება, განსაკუთრებით საყურადღებოა სენატორების განცხადებები, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უყვართ ბევრი ლაპარაკი, გაგაფრთხილებენ, გეტყვიან, არ გააკეთებ და პირდაპირ გადავლენ მოქმედებაზე, საქმეზე.

„ქართული ოცნება“ ახლა არის ჩიხის მდგომარეობაში, გაიწვიონ ეს კანონი და ეს იქნება სისუსტის დემონსტრირება, რაც მაღალი ალბათობით არჩევნების წაგებად დაუჯდებათ, არ გაიწვიონ და სულ სხვა ტიპის პრობლემები ელოდებათ. თვითონ ესენი რისი გამკეთებლები არიან, ელოდებიან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, ივანიშვილი კი ასეთ ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს ე. წ. საერთო-სახალხო შეკრებაც იმისთვის სჭირდებათ, რომ თითქოს ჰქონდეთ შეგრძნება, ვითომ ხალხი უჭერს მხარს, სრული აბსურდია, ეს კარგად გვესმის, ხომ? ადმინისტრაციული რესურსით რომ ცხვრებივით მოყრი იქ ხალხს, ეს არაფერი არ რის, პირიქით, კიდევ უარესია, ძალიან ნეგატიურად იმუშავებს და უფრო გააღიზიანებს საზოგადოებასაც და დასავლეთს, მით უმეტეს. ასეთი დიდი შეკრებები მთავრობის მხრიდან არის ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილი ხელისუფლების ტექნოლოგია. ცივილიზებული ხელისუფლება ცივილიზებულ სამყაროში მიტინგებს არ უწყობს საკუთარ ხალხს.

_ ხელისუფლების დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას მიიღებს „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი. რისი დემონსტრირება უნდა ამით ჩვენს ხელისუფლებას?

_ ამათ ვინ ეკითხება რამეს? ბიძინა ივანიშვილს რა უნდა, ესაა მთავარი. ივანიშვილს ფართო სურათში თავიდანვე სხვა მიზნები ჰქონდა, მისთვის მთავარი იყო, რომ ის მოცემულობა, რომელიც რუსულ იმპერიულ სალაროში შეიქმნა დღეს სხვადასხვა ოფშორში, აი, ამ ფულის მოზიდვა საქართველოში. ეს კანონიც ხომ შემოაგდეს ოფშორების შესახებ ამ ყველაფრის ფონზე, მაგრამ ოფშორებიდან რუსული ფული რომ მოიზიდოს საქართველოში, მანამ უნდა მოახდინოს დემონსტრირება ოლიგარქებთან, რომ ყველაფერს აკონტროლებს და ის არის აქ მთავარი მოქმედი პირი, ერის მამა.

_ ახსენეთ კანონი ოფშორების შესახებ, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. რისთვის შეიძლებოდა გაკეთებულიყო ეს და  რა საფრთხის შემცველია ის ჩვენი ქვეყნისთვის?

_ კანონი ოფშორების შესახებ ჩვენი ქვეყნისთვის უზარმაზარი საფრთხის შემცველია. არის ამბიცია ასეთი, რომ ბოროტების მომსახურე იმპერიული სალარო გადმოვიდეს პირდაპირ საქართველოში, აქტივებზე მაქვს საუბარი, ფულზე არ ვლაპარაკობ, აქტივების საქართველოს იურისდიქციაში გადმოტანაზე ვსაუბრობ, თან გადასახადების გარეშე. ეს აქტივები თუ საქართველოში აღმოჩნდა, ნიშნავს იმას, რომ იმპერიის ნაწილი ვართ. ამ აქტივების ღირებულება ძალიან დიდია და ჩვენ, ფაქტობრივად, აღმოვჩნდებით რუსეთის იმპერიაში. არ არის საჭირო ტანკები, ქვეყნებს ეკონომიკურადაც იპყრობენ.

_ ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში თქვენ სენატორების წერილზე გაამახვილეთ ყურადღება და აღნიშნეთ, რომ ამერიკას არ უყვარს ბევრი ლაპარაკიო. 14 სენატორის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილი შეშფოთების უპრეცედენტო ნოტა სენატის მიერ დაფიქსირებულ სხვა განცხადებებს შორის ყველაზე მკაცრია. როგორი შეიძლება იყოს პარტნიორების საპასუხო რეაქცია კრიტიკული განცხადებების შემდეგ?

_ თუ რამე სისტემურად არ შეცვალა ხელისუფლებამ და უკან არ დაიხია, ნაბიჯები უკან არ გადადგა, ველოდები რამდენიმე ეტაპიან კონკრეტულ ქმედებას ჩვენი პარტნიორებისგან. არა მგონია, რომ პირდაპირ ივანიშვილს მოადგნენ, მაგრამ 2-3 ეტაპად გაივლიან, რამდენიმე პირს გამოყოფენ, ვინც ძალიან აქტიური იყო ამ ანტიდასავლური პროპაგანდის დისტრიბუციაში და ასე ნელ-ნელა მიჰყვებიან. თუკი თავისი დაწყებული გზა განაგრძო ხელისუფლებამ, ბუნებრივია, რომ მიიღებენ იზოლაციას. სულ ტყუილად ამბობენ, რომ ვიზა-ლიბერალიზაციას საფრთხე არ ემუქრება, სინამდვილეში ვიზა-ლიბერალიზაციას სერიოზული საფრთხე ემუქრება. თუ დასავლეთმა მიიჩნია, რომ საქართველო იქცა ერთგვარ ტროას ცხენად დასავლეთში, ეს უკვე მათი უსაფრთხოების საკითხია. შესაბამისად, თუ ეს დეგრადაცია გავაგრძელეთ და მივისწრაფეთ რუსეთისკენ, ცხადია ვიზა-ლიბერალიცაზიის თემა დღის საკითხში დადგება.

_ ბატონო გია, ჩვენ მოვისმინეთ არაერთი განცხადება, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ირწმუნებიან, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შეწყვეტის წინაშე არ დავდგებით,. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია. საკითხის განხილვა რომ დაიწყოს, 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭიროო, ვის რას უმტკიცებენ ამგვარი განცხადებებით ხელისუფლების წარმომადგენლები?

_ ზოგი ძალიან ბრიყვია და ნამდვილად არ ესმის, რეალურად რა პროცესებში ვართ, ზოგს ესმის ყველაფერი ძალიან კარგად, მაგრამ ასე უნდა ილაპარკოს, რადგან სხვა გზა არ აქვს. არ უნდათ ხალხში უკმაყოფილების დამკვიდრება, ამიტომ მთელი ძალებით ცდილობენ, ტვინები გამოურეცხონ ხალხს და ეუბნებიან, რომ არც არაფერი ხდებაო და არწმუნებენ ამაში. სხვა რა შესაძლებლობა აქვთ, ეს უნდა იძახონ.

„ოცნების“ ლიდერებმა, პაპუაშვილმა, ღარიბაშვილმა ხომ ყველაფერი მაგრად იციან და მათ გარდა არავინ არაფერი იცის, ჯიუტად ამტკიცებენ სიცრუეს, რომ ეს კანონი რაც შემოაგდეს, ანალოგიური კანონია და ამერიკაში მოქმედებს. არანაირად არ არის ეს ამერიკის ანალოგი. ჯერ ერთი, სამიზნე ამ კანონის არ არის სამოქალაქო სექტორი, გარდა ამისა, პრეზუმპფცია მოქმედებს, იქ მოკვლევის საფუძველზე ხდება ყველაფერი. ფული მიიღე და აგენტი ხარ, ასეთი რეალობა არ არის იქ, ამას არავინ გეუბნება, იქ უნდა დაგიმტკიცონ, რომ შენ მართლა უცხო ქვეყნის ინტერესს ატარებ. მტკიცებულებები უნდა მოიტანონ შესაბამისი მოკვლევის საფუძველზე, აქ კი ფული მიიღე, მორჩა, აგენტი ხარო, ამტკიცებენ. დიდი ბოდიში, მაგრამ მე რომ რეპატრირებული ქართველების შვილებს საქართველოში ქართულს, საქართველოს ისტორიას ვასწავლი და ხვალ რომ ამისთვის რომელიმე ფონდმა დამაფინანსოს, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი ვიქნები? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდამდეა ყველაფერი დასული. კი ბატონო, მე ასეთ კანონს განვიხილავდი, მაგრამ გრადაცია უნდა მოხდეს მტრული ქვეყნებისა და მეგობარი ქვეყნების. ასეთი კანონი მიიღოს მტრულ ქვეყნებზე, რუსეთთან მიმართებით, ირანთან მიმართებით, მაგრამ როდესაც მეგობრები ცდილობენ დაგვეხმარონ და შენ მათ წინააღმდეგ მიდიხარ, ეს არის წარმოუდგენელი მარაზმი.