გია ხუხაშვილი: „ქვეყანა დენთის კასრზე ზის“

11-12 მარტის ღამით ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელისუფლებამ დესტრუქციული ძალების ქმედებები მინიმალური ზიანით აღკვეთა და ამ ყველაფრის გამოწვევაში ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დაადანაშაულა. პოლიტიკური ოპონენტები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და მთავრობას იმ მძიმე სოციალურ ფონზე მიანიშნებენ, რამაც მსგავსი ბუნტი შესაძლებელი გახადა.

ამ თემაზე „ქრონიკა+“ ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრება:

_ ბატონო გია, თქვენი დაკვირვებით, რა მოხდა ბათუმში?

_ ჩემი დაკვირვებით, ეს იყო სოციალური აფექტის გამოვლინება, შემდგომი პოლიტიკური შეფუთვით ისე, როგორც ამ ქვეყანაში ხდება ხოლმე. პროცესი სპონტანური, სტიქიური იყო და ამას თავისი სოციალური საფუძველი ჰქონდა. სამწუხაროდ, ეს სოციალური ფონი არა მხოლოდ აჭარაში, მთელ საქართველოშია შექმნილი. დღეს მაღალი სოციალური რისკებია იქიდან გამომდინარე, რომ საშუალო სტატისტიკური ქართველი, პრაქტიკულად, გაკოტრებულია. შესაბამისად, მისი აფექტის მდგომარეობაში მოქცევა ძალიან ადვილია. ქვეყანა ასეთი სოციალური დენთის კასრზე ზის.

ბუნებრივია, როდესაც პროცესი დაიწყო, პოლიტიკური ძალები ამის კაპიტალიზებას (პოლიტიკურად) ცდილობენ და ჩვენ ამასაც შეჩვეული ვართ. უნდათ, რომ ამ ყველაფერს მათთვის სასარგებლო მიმართულება მისცენ.

პოლიტიკურ ძალებზე საუბრისას აქ მარტო ქვეყნის შიდა ძალებს არ ვგულისხმობ. არ გამოვრიცხავ, რომ გარე ძალებიც ამ შემთხვევასთან დაკავშირებით სიტუაციის ტესტირებას ახდენდნენ. მაგრამ ეს უფრო შემდგომში თანმდევი მოვლენა იყო და არა გამომწვევი მიზეზი.

მთავარი მიზეზი ისევ მაღალ სოციალურ რისკებში დევს, რაც დღეს ქვეყანაში გვაქვს, რადგან 20, 30 და 50 ლარი ადამიანებისთვის უკვე სასიცოცხლო ჩვენების კაპიტალი გახდა. შესაბამისად, მათი აფექტში გადაყვანა (როდესაც ადამიანი უკვე ინსტინქტებით მოქმედებას იწყებს და არა გონებით) ძალიან გაადვილებულია.

ყველაფერი, დაახლოებით, ასე დაიწყო. მერე, რასაკვირველია, ამას პოლიტიკური შეფუთვაც მოეძებნა.

როდესაც ხელისუფლება ცდილობს, რომ აქცენტები წმინდა პოლიტიკურ კონტექსტზე გააკეთოს (რომ ამ ყველაფერს პოლიტიკური მიზეზი ჰქონდა), არ მიმაჩნია, რომ ეს სწორია და თუნდაც ხელისუფლებისთვის მომგებიანი დამოკიდებულებაა. აქ გრძელვადიან პერსპექტივას ვგულისხმობ და გეტყვით, რატომაც:

ხელისუფლებას სჩვევია, რომ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ პრიზმაში უყურებს, ყველა საკითხს ამ ჭრილში განიხილავს. პრინციპში, ასეთ უნივერსალურ ფორმულას გვთავაზობს, რომ სამყაროში მხოლოდ ორი რამ არსებობს, ჩვენ, _ კეთილი ძალა და ბოროტი ძალა, _ მიშა სააკაშვილის სახით… და სხვა ყველაფერი კარგადაა, ანუ ცხოვრება მშვენიერია.

სინამდვილეში, ასე არ არის, ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა. ამ ჭრილში გადაყვანა, შეიძლება, ფიქრობენ, რომ პოლიტტექნოლოგიურად მომგებიანია, მაგრამ, სინამდვილეში, წამგებიანია. რადგან ამით მიშა სააკაშვილს კი არ ასუსტებენ, პირიქით, აძლიერებენ. ანუ ამით სააკაშვილის რაღაც უძლეველობის მითს აღვივებენ.

ფაქტობრივად, სააკაშვილის მხარდამჭერებსა და სხვებს უმტკიცებენ, რომ მიშა იმდენად მაგარია, კიევიდან რაღაც გრძელი საცეცებით პროცესების ინიცირებას ახდენსო. სინამდვილეში, ეს სრული აბსურდია, რადგან სააკაშვილს ამის არანაირი შესაძლებლობა არ გააჩნია, მსგავსი სურვილიც რომ ჰქონდეს.

აი, ამგვარად ხდება თემის დავიწროება, ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობა, რაც, ბუნებრივია, პრობლემებს ვერ წყვეტს. შეიძლება, ტაქტიკურ ამოცანას ასრულებს, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება, რაც პირდაპირ უკავშირდება მაღალ სოციალურ რისკებს.

ელემენტარულად, ხალხს შია, სწყურია, უმუშევარია და როდესაც მას აჯარიმებენ, ან დამატებით რაღაც დაუგეგმავი ხარჯი უჩნდება, ის აფექტის მდგომარეობაში ვარდება. როგორც აღმოჩნდა, ასეთი ერთი და ორი არა, ბევრია და მერე უკვე ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ. ახლა ამ ადამიანებს, ყველას „ნაციონალური მოძრაობის“ აგენტებსა და მათ მხარდამჭერებს რომ უძახიან, ესეც, მაინცდამაინც, გონივრული საქციელი არ არის, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ხალხი იქ პარტიული ნიშნით მისული არ ყოფილა. ყველას სატკივარი ჰქონდა და ამ სატკივრით იყო მისული. როგორც ჩანს, ეს სატკივარი უკვე იმდენად მძიმეა, რომ ძალიან აგრესიულ ფორმებს იღებს, რაც, ბუნებრივია, ხელისუფლებისთვის სერიოზული სიმპტომია, რადგან ამან, შეიძლება, სხვაგან და სხვაგან იფეთქოს.

_ ამის გათვალისწინებით, ხელისუფლების ადგილზე რეაგირება როგორ უნდა განვიხილოთ?

_ ამ რეაგირებას მაინც ძალიან უარყოფითად არ შევაფასებდი. რასაკვირველია, ხარვეზები იყო. ვფიქრობ, ხელისუფლებას უფრო ადრე რომ დაეწყო მოქმედებები, შეიძლებოდა, ეს პროცესი ასე შორს არ წასულიყო და მას სწრაფი რეაგირება რომ ჰქონოდა, კონფლიქტი ძირშივე ჩამქრალიყო. გადაწყვეტილების მიღების უუნარობით ეს პროცესი გაიწელა, სანამ შეუქცევადი ხასიათი არ მიიღო და მერე ამ ყველაფრის მოვლა ძალიან გაუჭირდა.

თუმცა ყველაფერი შედარებითია. წინა ხელისუფლებას თუ შევადარებთ, განსხვავება ის იყო, რომ როდესაც წინა მთავრობა ასეთი კრიზისების მართვას იწყებდა, ამას სადამსჯელო ფორმით აკეთებდა. ანუ მიზანი მარტო ის კი არ იყო, რომ დაეშალა, არამედ მიზნად ჰქონდა, რომ სამაგალითოდ დაესაჯა, ემანდ, ხვალ ამ ადამიანმა კიდევ რამე პროტესტის გამოთქმაზე არ იფიქროსო.

დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, მათ შორის, გუშინ ეს არ იგრძნობოდა. ეს სადამსჯელო აქცია კი არა, უფრო კონკრეტულ ფაქტზე რეაგირებისა და დაშლის, ჩაცხრობის ფუნქციის მატარებელი იყო. ეს არის სისტემური პლუსი, განსხვავება დღევანდელი სისტემისა წინასთან მიმართებით.

თუმცა ეს, გარკვეულწილად, ეფექტიანობის შესუსტების ხარჯზე ხდება, რაც პრობლემურია. რაღაცის ცალკეული გამოვლინებები შეიძლება იყოს, დავუშვათ, ძალის გადამეტებასაც ვერ გამოვრიცხავთ, რადგან არ ვიცით, რა და როგორ იყო. მაგრამ ეს შეიძლება (სავარაუდოდ) ცალკეული გამოვლინებები ყოფილიყო და არა პოლიტიკური დავალება, რაც ჩვენ არცთუ ისე ბევრი წლის წინათ ვიხილეთ, _ 7 ნოემბერს იქნებოდა თუ 26 მაისს.

_ ამ სიტუაციაში მომხდარისადმი ოპოზიციური ძალების დამოკიდებულება როგორ შეიძლება შეფასდეს?

_ რა გითხრათ? რაღაც კომენტარებს ვისმენ და ეს ყველაფერი უკვე საკმაოდ ადეკვატურია. პირველ განცხადებებში ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ, რომ ამისთვის თავისი სასარგებლო მიმართულება მიეცათ, ანუ კაპიტალიზაცია მოეხდინათ, ხელისუფლებასთან ოპონირების ტალღაზე დამსხდარიყვნენ. მაგრამ, მერე და მერე, ეს ტონი შეიცვალა და ახლა ამ მხრივ ხელისუფლების მიმართ, მაინცდამაინც, სერიოზულ კრიტიკას ვერ ვხედავ. კრიტიკა უფრო იმ მიმართულებითაა, როგორიცაა უუნარობა, არაეფექტიანობა და ა. შ.

თვითონ აქციის ამ ფორმას, რაც მან შეიძინა, პრინციპში, არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ამართლებს. ანუ რაც უკვე აქციის მეორე, ყველაზე დრამატულ ნაწილში ხდებოდა, ფაქტობრივად, მთელი პოლიტიკური სპექტრის მხრიდან კრიმინალად და პროვოკაციად არის შეფასებული.

ამ ყველაფერს მარილსა და ინტრიგას ჰმატებს ღოღობერიძის ფიგურა, რაც, ალბათ, სერიოზული ანალიზის საგანი უნდა გახდეს. როგორც ჩანს, ღოღობერიძემ ამ ყველაფერში გაპონის როლი ითამაშა. არ ვიცი, ის ნამდვილად სუს-ის აგენტია თუ არა. თუ მას ასეთ სპეცმოქმედებებთან რამე კავშირი აქვს, მაშინ ეს უნდა გაირკვეს, ანუ რა ძალებზე მუშაობს ის და რა იყო მათი მიზანი.

_ სად რის გამოსავალი, რომ მსგავსი მოვლენები ნაკლებად განვითარდეს?

_ გამოსავალი ძალიან მარტივია: კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საფუძველთა საფუძველი არსებული სოციალური პრობლემაა. რა სჭირდება ადამიანს? ადამიანს სჭირდება ორი რამ: ეს არის კეთილდღეობა და თავისუფლება. ეს ორი რამ უნდა მისცე, თუნდაც მინიმალური დოზით. როდესაც აქედან არც ერთი არ აქვს (ან ერთ-ერთი), ეს რისკი ყოველთვის რჩება.

შესაბამისად, ხელისუფლების ამოცანაა, დაასაქმოს ეს ხალხი. პრობლემა ჯარიმის გამოწერა ხომ არ არის? პრობლემა ის არის, რომ გამწარებული ადამიანისთვის (რომელიც უმუშევარია) 50-ლარიანი ჯარიმა დიდი უბედურება და დიდი სტრესია. ის რომ დასაქმებული იყოს და შემოსავალი ჰქონდეს, რასაკვირველია, ასეთი აფექტური და აგრესიული არ იქნება.

ასე რომ, დღეს ქვეყანაში მთავარი პრობლემა ეს არის: მაღალი სოციალური რისკები და აზრის გამოხატვის თავისუფლება. ეს ორი რაღაც ადამიანებს სრულფასოვნად რომ მიეცემათ, ამ ტიპის რისკები არ გაჩნდება. რისკები დარჩება, მაგრამ სოციალური რისკები, მეტ-ნაკლებად, შემცირდება.

 

სახალხო დამცველი აღშფოთებას გამოთქვამს ბათუმში განვითარებული მოვლენების გამო. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ხელისუფლების ვალდებულებაა, სრულყოფილი გამოძიების შედეგად ამომწურავი პასუხი გაეცეს ყველა კითხვას, რაც ამ მოვლენებმა საზოგადოებაში გააჩინა:

„შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და სახელმწიფო ხელს უწყობს ამ უფლების რეალიზებას, თუმცა 11 მარტის მოვლენები გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და გადაიზარდა დაპირისპირებაში, რომელიც შესაძლოა, შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს.

სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. მათ დაუყოვნებლივ მოინახულეს ექვსივე დაკავებული, ვინც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს ფართომასშტაბიანი აქციის დაწყებამდე. მნიშვნელოვანია, რომ არც ერთი მათგანი პოლიციის მხრიდან ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე არ საუბრობდა.

სამწუხაროა, რომ აქცია, რომელიც მშვიდობიანად დაიწყო, შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა ადამიანების ფიზიკური დაზიანება, ავტომანქანებისა და ქონების განადგურება. კატეგორიულად მიუღებელია ვანდალიზმის მსგავსი გამოვლინება. პროტესტის ნებისმიერი ფორმით გამოხატვისას მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ქმედებით ზიანი არ მიაყენონ სხვა ადამიანთა უფლებებს, საფრთხე არ შეუქმნან სხვა პირთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და ქონებას.

მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ფართომასშტაბიანი ძალადობის პრევენცია მაინც ვერ მოხდა. ამ მოვლენებმა აჩვენა, რომ გაანალიზებას საჭიროებს, რამდენად მზადაა ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურები და სამართალდამცველი სისტემა, დროულად და ეფექტიანად გაუმკლავდეს მსგავს კრიზისს და არსებობს თუ არა ეფექტიანი რეაგირების გეგმა, რომელიც შეეცდებოდა მოვლენების პრევენციას და შემდეგ უკიდურესად დაძაბულ ვითარებას განმუხტავდა.

მოვუწოდებ სამართალდამცველ ორგანოებს, ჩაატარონ სრულყოფილი გამოძიება დამნაშავეთა გამოვლენისა და სასამართლოს წინაშე მათი წარდგენის მიზნით. ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა კანონიერი საშუალება, რომ მოქალაქეთა უსაფრთხოება იყოს დაცული და კანონის დამრღვევმა პირებმა პასუხი აგონ კანონის წინაშე. ამასთან, გამოძიებული უნდა იყოს პოლიციის მხრიდან ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენების სამართლებრივი საფუძველი და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები, თუკი ასეთი მოხდა.

გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, აღნიშნული ძალადობრივი მოქმედებები და დაპირისპირება მართლაც სპონტანურად დაწყებული საპროტესტო აქციის შედეგი იყო, თუ მართული პროცესი. სახელმწიფო ხელისუფლებას აღნიშნულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხის გაცემის ვალდებულება აკისრია, რაც ეფექტიანი და ყოვლისმომცველი გამოძიების შედეგი უნდა იყოს. ამასთან, მიუღებელია, რომ შექმნილი ვითარება იქნეს პოლიტიზებული და პოლიტიკური მანიპულაციების საგნად იქცეს.

მოვუწოდებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შეისწავლოს ხარვეზები, რომლებიც სამართალდამცველ უწყებებს კრიზისების მართვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების მიმართულებით აქვთ“, _ აღნიშნულია განცხადებაში.

 

გელა მამულაშვილი