გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის!

რატომ ვერ ირეგისტრირებენ გლეხები მიწებს?

 

ლაგოდეხში, სოფელ ჭიარურში, 85 წლის ეთერი ბებოს სახლი, ეზო და ერთ ჰა-მდე მიწა აქვს. შვილიშვილების დაჟინებული თხოვნის შემდეგ ეთერი ბებომ მამისეული ქონების დარეგისტრირება გადაწყვიტა.

 

საჯარო რეესტრში სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი, როგორღაც, დაარეგისტრირა, მაგრამ სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი სადავო გაუხდა, რადგან არანაირი დოკუმენტი არ აღმოაჩნდა, რომელიც დაამტკიცებდა, რომ მიწა მისია. ერთადერთი გამოსავალი მიწის მომიჯნავე მეზობლების დასტურია, რომ მიწა ბებოსია, თუმცა ბებოს მომიჯნავე მეზობლებიც ვერ ამტკიცებენ, რომ მიწა მათია, რადგან მიწების განაწილების დროს გლეხებისთვის არავითარი დოკუმენტი არავის მიუცია. ეთერი ბებოს ის ადარდებს, ვაითუ მიწის დარეგისტრირება ვერ მოახერხოს და მისი სასიმინდე ყანები მთავრობამ უკან წაიღოს.

მიწების რეგისტრაციის რეფორმის მიმართ პრეტენზიები არასამთავრობო სექტორსა და მოქალაქეების ნაწილსაც აქვს. ნაკვეთების დაკანონებისას პრობლემა შესაბამისი დოკუმენტების მოძიების დროს იქმნება. საბუთების ნაწილი დაკარგულია. მიწის რეფორმა ერთი წლის წინათ დაიწყო, თუმცა მესამე სექტორში ამბობენ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში დარეგისტრირებული მიწების საერთო ფართი მხოლოდ ერთი პროცენტით გაიზარდა. არასამთავრობო ორგანიზაციები პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობენ და იუსტიციის სამინისტროს რეფორმის საკუთარ ვარიანტს სთავაზობენ. მათი აზრით, რეგისტრაციის პროცესი უნდა გამარტივდეს და საქმეში სოფლის რწმუნებულები უნდა ჩაერთონ, რომლებიც დაადასტურებენ, რომ კონკრეტული მიწის ფართობს კონკრეტული პიროვნება ამუშავებს და მას ეკუთვნის.

ერთი წლის წინათ ქვეყანაში მიწის რეგისტრაციის რეფორმა დაიწყო. ერთი შეხედვით, მოსახლეობას შესაძლებლობა აქვს, რომ მათ საკუთრებაში არსებული ყველა ტიპის მიწა დაირეგისტრიროს. სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს მიწის ერთიანი რეესტრი. სახელმწიფომ არ იცის, რა რაოდენობის მიწაა კერძო, ან სახელმწიფო საკუთრებაში. გამარტივებული მიწის რეგისტრაციის მიუხედავად, ადამიანები ვერ ახერხებენ, საკუთარი მიწა დაირეგისტრირონ რატომ? პასუხი მარტივია: საჭირო დოკუმენტაცია არ არსებობს. მიწასთან არსებული საკანონმდებლო  ცვლილებებიც და მასთან არსებული პრობლემებიც 2 ათეულ წელს ითვლის. რეფორმის დაწყებამდე საქართველოს მთელი მიწების მხოლოდ 25% იყო დარეგისტრირებული, ბოლო 1 წელიწადში კი დარეგისტრირებულია მხოლოდ 1%. მართალია, რეფორმის შედეგებით იუსტიციის სამინისტრო კმაყოფილია, მაგრამ უკმყოფილოა გლეხი და არასამთავრობო სექტორი. პრობლემის სათავე არასწორად დაწყებული მიწის რეგისტრაცია აღმოჩნდა, რომელიც 90-იან წლებში დაიწყო და შემდეგ არასწორადვე გრძელდებოდა. დღეს სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში საკუთარი მიწის რეგისტრაცია მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. დღეის მონაცემებით რეფორმა 2018 წლის 1-ლ ივლის უნდა დასრულდეს. თუმცა თუ ასე გაგრძელდა, დაურეგისტრირებელი მიწა მომდევნო წლისთვის კვლავ 65% იქნება.

მაკა მოსიაშვილი