გარეთ აგვისტოა, _ დიდება გმირებს!

გარეთ აგვისტოა… საზარელი აგვისტო… ჩვენი წარსულისა და რეალობის განმსაზღვრელი, რომელსაც, მინიმუმ, ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენთვის. მაგრამ იმ ვითარების გათვალისწინებით, რამდენად გულარხეინად, სპონტანურად და „საზეიმო თუ სამგლოვიარო“ ცერემონიის კონტექსტში აღვიქვამთ ამ დღეებს, განა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაიმე დასკვნები გავაკეთეთ ჩვენი უახლესი ისტორიიდან?

გარეთ აგვისტოა…

ავღანეთში სამშვიდობო მისიაში მონაწილე 25 წლის ქართველი ჯარისკაცი, მდინარი საბას ძე ბებიაშვილი დაიღუპა. ერთადერთი, რითაც ნამდვილად შეგვიძლია ვიამაყოთ, გმირების დეფიციტს არ განვიცდით, უბრალოდ: „ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი“ (კ. გამსახურდია, „დიდოსტატის მარჯვენა“).

გარეთ აგვისტოა, _ დიდება გმირებს!

 

***

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, ყველაზე მეტად იმის უნდა გვეშინოდეს, რომ საქართველო ისევ ორად არის გახლეჩილი _ იდეოლოგიურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად. ამავე დროს, უაღესად საშიშია მდგომარეობა, როდესაც სახელმწიფოს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია რეალობის გაანალიზება, დასკვნების გამოტანა და შესაბამისი მოქმედება. ამ მიზეზების გათვალისწინებით ადვილია დავასკვნათ, რომ ქვეყანა გამოწვევებზე საპასუხოდ მზად არ არის.

მავანნი იტყვიან, რომ ხელისუფლების პოლიტიკის მონაგარშია ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია და თუნდაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტისას გაჟღერებული ფრაზა, რომ საქართველო იქნება ერთიანი. თუმცა თუ ამ მოვლენებს ერთიანი პოლიტიკური პროცესების პრიზმაში დავინახავთ, სრულიად ლეგიტიმურად დაგვრჩება შთაბეჭდილება და დავასკვნით იმასაც, რომ ყველა პროცესი ერთგვარ „ძალადობის“ აქტს შეიცავს _ ხელისუფლების იძულებას და მთავრობა ამ „პოლიტიკური ბულინგის“ მსხვერპლია. ეს სიკეთეები მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის სრულიად მისაღები, დასაფასებელი და საკეთილდღეოა, ხალხის ინტერესებისთვის ჩადენილი აქტია, მაგრამ ისიც რეალობაა, რომ ამაზე, მეტწილად, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ზრუნავენ, ვიდრე ხელისუფლება. ვიმეორებ: აბსოლუტურად ლეგიტიმურია განცდა იმისა, რომ ხელისუფლება იძულებისა და „დასავლეთისკენ მისწრაფების“ პოზის რეჟიმშია.

 

***

დიპლომატიაში არის ასეთი აქსიომა, _ არავინ არის ვალდებული, ახსოვდე შენ და ახსოვდეს შენი პრობლემები. ანუ ისე უნდა იმუშაო, რომ არავის დაავიწყდე. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის გამო ქართულ დიპლომატიას, ლამის, დაფნის გვირგვინი დაადგეს თავზე, თუმცა განა თავად დიპლომატებმა არ იციან, რომ მათ ამ ვიზიტისას მხოლოდ ტექნიკური თემები ჰქონდათ მინდობილი (აქაც იაღლიში მოუვიდათ და ისიც ვერ უთხრეს სწორად აშშ-ის მხარეს, როდის აშენდა სიონი). მაიკლ რიჩარდ პენსის ევროპულ ვიზიტს (ესტონეთი, საქართველო, ჩერნოგორია) ამერიკისთვის გეოპოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა, რომელიც კონკრეტულ მესიჯებს შეიცვადა კონკრეტული ადრესატის მისამართით და ეს ადრესატი ვლადიმირ პუტინი იყო.

ამერიკულმა დიპლომატიამ კარგად იცის, რომ სათქმელს, ნათქვამს აქვს რამდენიმე კომპონენტი: პირველი _ ვინ ამბობს (სენეკასეული თეორია), მეორე _ რას ამბობს და მესამე _ სად ამბობს. და თუ მთლიანობაში პენსის ვიზიტს სწორად აღვიქვამთ, ჩვენ მესამე _ არც თუ უმნიშვნელო კომპონენტი გვერგო. დიახ, სწორი პიარმენეჯმენტის შემთხვევაში ნამდვილად შეგვიძლია კონფიგურაციის შეცვლა და თქმა: აქ _ ჩვენთან, ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, თუმცა პენსის ვიზიტი უკვე მიივიწყეს ხელისუფლებაში და ახლა 9 წლის წინანდელი ომის გახსენების დღეებია გადასაგორებელი. თან ისე, რომ რუსეთი არ გავაბრაზოთ, მით უფრო, რომ პუტინი 8 აგვისტოს თბილისიდან 400 კილომეტშია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში რუსის ტანკი დგას და ქვეყნის მთავარ ავტობანამდე კრემლს 400 მეტრი აშორებს.

 

***

 

ცოდვა გამხელილი სჯობს და ბოლო დღეების განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის თავგანწირვა _ ადმინისტრაციული საზღვრის მონიტორინგი _ უდიდესი დიპლომატიური იარაღი შეიძლება გახდეს ოდნავ პატრიოტი ხელისუფლებისთვის, რა ვალშიც არ უნდა იყოს იგი რუსეთის წინაშე. გონიერი ხელისუფლება ამ პროცესს თავად წაახალისებდა _ ფარულად და მნიშვნელოვან ინსტრუმენტად გამოიყენებდა რუსეთთან ნებისმიერ ფორმატში დიალოგისას.

სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებასა და ცალკეულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ არ ესმით, რა პოლიტიკური, სოციალური და საზოგადოებრივი წყობაც არ უნდა იყოს რუსეთში, მისი მეთოდები, ინსტრუმენტები და მიზნები საგარეო პოლიტიკურ არენაზე არ იცვლება. შესაბამისად, რუსეთი მისი „დერჟავული“ მენტალობით არასოდეს იქნება მეგობარი და არც უფროსი ძმა. მისთვის მისაღები ვიქნებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თბილისში კრემლის მიერ დასმული ხელისუფლება იბატონებს.

 

***

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც მეხსიერება არ ღალატობს, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ 1991 წლიდან, როდესაც კრემლზე საბჭოთა კავშირის დროშა დაეშვა და რუსეთის ფედერაციის დროშა აღიმართა, დასავლეთს არ შეუწყვეტია მცდელობა, რომ რუსეთი რამენაირად გაეხადა ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. გაიხსენეთ თითქმის მთელი დასავლეთი სხვადასხვა მეთოდითა და შესაძლებლობით უხსნიდა, რომ არავინ უქმნის საფრთხეს რუსეთის არსებობას. შედეგი? _ ის რაც დღეს ხდება: ოკუპირებული აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, ყირიმი, რუსეთის თავხედური ქმედებები სირიაში, ახალი კონფლიქტის პროვოცირების მცდელობა ყარაბაღში, ღია საომარი კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში და ა. შ.

ამ ყველაფერის ფონზე ცხადი ხდება, რომ დასავლეთში ნელ-ნელა ითავისებენ მწარე რეალობას _ რუსეთის გაკეთილშობილება მისი მმართველობის სისტემის ნგრევის გარეშე შეუძლებელია, რადგანაც მასში „მესამე რომის“ ფენომენი ბობოქრობს.

ცხადია, რომ დასავლეთისა და, პირველ რიგში, აშშ-ის სანქციები რუსეთის მიმართ იმის მანიშნებელია, რომ, სულ მალე, ვლადიმირ პუტინი შესაძლოა, მმართველობის 20-წლიან პერიოდს თავად რუსეთის ელიტამ ჩამოაშოროს.

 

***

2008 წლის აგვსიტოში თბილისში რუსეთის შემოჭრის შემაკავებელი ფაქტორი არა მხოლოდ დასავლელი ლიდერების მხარდაჭერა, ან ჩვენი ჯარისკაცების თავგანწირვა გახდა, არამედ ის, რომ სრულიად ქართული საზოგადოება გმობდა რუსეთის აგრესიას. ისინი, რომლებიც სიხარულით მოელოდნენ პუტინის მმართველობის დამყარებას თბილისში, დახურული დარაბებიდან ადევენებდნენ თვალს გარეთ მიმდინარე მოვლენებს.

ახლა ეს ადამიანები ხელისუფლების უნიათობის შედეგად ქუჩებში დადიან, გულზე მჯიღს იცემენ და პოლიტიკურ განცხადებებსაც არ ერიდებიან, ერთმორწმუნე ძმასთან ურთიერთობის აუცილებლობისა და მასთან ინტეგრაციის შესახებ.

ჰო, მაშინ, 2008 წლის აგვისტოში, არავინ დაუფინა თბილისისკენ მომავალ რუსულ ტანკებს ბზა თუ ზეთისხილის რტო. იმ დღეებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, თუნდაც, დანა-ჩანგლით დაგვეცვა სამშობლო, ისტორიულ კონტექტსში, უფრო პატრიოტულად და გმირულად ჟღერს, ვიდრე ცნობილი ნარატივი: „დათვს ბაბაია უნდა დავუძახოთ“.

 

***

იდეოლოგიურად, მენტალურად და ფსიქოლოგიურად ორად გახლეჩილ ქვეყანაში, სადაც ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოქალაქეები ატარებენ მონიტორინგს, საზოგადოება აღშფოთებულია მცოცავი ოკუპაციის ფაქტებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტიც ჩვენს მტერს ჩვენივე ქვეყნიდან უქნევს თითს და აფრთხილებს, ვაშინგტონი, მათ შორის, ჩვენ გამო, რუსეთს სანქციებს უმკაცრებს, ხელისუფლების წევრები გმირების საფლავებზე გვირგვინებით მიდიან (ვაცლავ ჰაველისთვის განკუთვნილი გვირგვინიც გახსენდება ადამიანს), მაშინ, როდესაც რამდენიმე დღეში პატივით უნდა დაკრძალონ ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცი და მეტიც, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი „გვარწმუნებს“, რომ საქართველო არასოდეს იქნება ერთიანი _ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არავითარი ოკუპაცია არ ხდება. ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური საზოგადოება და ნორმალური მთავრობა სავარძლიდან ააგდებდა ასეთ მინისტრს. უბრალოდ, ჩვენთან „როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს“.

 

***

გარეთ აგვისტოა… საზარელი აგვისტო… ჩვენი წარსულისა და რეალობის განმსაზღვრელი… საქართველო ისევ ორად არის გახლეჩილი, თუმცა, ალბათ, მაინც ცდებოდა დიდი კონსტანტინე, _ ეს ქვეყანა ერთეული გმირების ქვეყანაა, ეს გმირები განაპირობებენ მის უკვდავობას და გამარჯვებასაც. ამიტომაც:

დიდება გმირებს!

დიდება საქართველოს!

 

კოკა წერეთელი