ბიძინა ივანიშვილის ორი გზა

გვერდზე გადავდოთ პირადი სიმპათია-ანტიპათია ქვეყნის არაფორმალური მმართველის _ ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ნურც იმას მივაქცევთ ყურადღებას, რამდენად წარმატებული იყო და არის მისი ფორმალური თუ არაფორმალური მმართველობა; ნურც იმაზე დავწვრილმანდებით, რამდენად პირგაუტეხელი და გულმართალია იგი ქართველ ხალხთან _ ამომრჩეველთან; არც იმაზე გვინდა ახლა საუბარი, რამდენად სამართლიანია მისი პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებები, თუ 1-ლარიანი, ან მილიარდიანი მადა… ამ ჩამონათვლის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება _ არა სულის ტკბობისთვის, არამედ კომერციული მიზნით შეძენილი და ინგლისის საცავებში შენახული ხელოვნების შედევრებისა და ელექტრონული ფულის შოვნის ალღო-მოხერხებულობის ჩათვლით. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი გვერდზე გავწიოთ და ისე ვაღიაროთ, _ ეს კაცი, უდავოდ, ჭკვიანია!

დიახ, ივანიშვილი ჭკვიანია და მან ეს მორიგჯერ დაადასტურა 9 ნოემბერს. ეს დღე, სავარაუდოდ, საკმაოდ ბევრი მისი ხელდასხმული კლერკისთვის ნეგატიური, დიახ, ძალიან ნეგატიური დღეების რიგში ჩაეწერება.
მას შემდეგ, რაც ცოტა იავადმყოფა, ან მოიგონა ავადმყოფობა იმისთვის, რომ დასავლეთი დაერწმუნებინა, არანაირი არაფორმალური მმართველი არ ვარ _ არც ქვეყნის მართვაში ვერევი და არც გადაწყვეტილებებს ვიღებო (მიზანი საკუთარი აქტივების გადარჩენა იყო), მისი გარემოცვის უმეტესობამ, და ობივატელის არც თუ მცირე რაოდენობამ, ქვეყნის ახალი პატრონის ძებნა დაიწყო.
გამორიცხულია, რომ ივანიშვილი მიმდინარე პროცესებს არ აკვირდებოდა. სავარაუდოდ, შესაბამის დასკვნებსაც აკეთებდა. არც ის არის გასაკვირი, რომ იგი, იმის მიუხედავად, რამდენჯერაც უნდა უწოდოს წარმატებული საკუთარ მთავრობასა და უმრავლესობას, მისით კმაყოფილი იყოს.
ცალკე საკითხია, რომ მას არც აქვს სურვილი, უკეთესი _ ჭკვიანი კადრები ეძებოს, რადგანაც იცის, რომ ჭკვიანი ადამიანების უპირველესი ფასეულობა, თუ ისინი მლიქვნელები არ არინ, _ თავისუფლებაა. ხოლო ივანიშვილი შინაგანად არ არის მზად, ვინმეს და, განსაკუთრებით, საკუთარ მთავრობას თავისუფლება უბოძოს.
ივანიშვილს ნიცშე არ უყვარს, თორემ კანტთან კონფლიქტი არ აქვს და, შესაბამისად, კარგად იცის, _ ქართველებს ბატონის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ და მათთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ამ პატონს რას დაარქმევენ _ ლიდერს, ბელადს თუ, უბრალოდ, ბატონ ბიძინას. დიახ, იგი კანტს ეთანხმება, რომელიც ამბობს: „ადამიანი არის ცხოველი, რომელსაც სჭირდება ბატონი“.
ივანიშვილმა კანტის სხვა სიტყვებიც კარგად იცის: „მაგრამ სად შეიძლება ამ ბატონის პოვნა? მისი პოვნა შეიძლება მხოლოდ ადამიანებს შორის“. დიახ, ადამიანებს შორის და ბატონ ბიძინას ნამდვილად არ აქვს ილუზია, რომ შემცვლელი არ გამოჩნდება. მან ისიც იცის, რომ ბრბოს მხოლოდ ბატონი უნდა, რომელსაც, არც მეტი, არც ნაკლები, ემონება. რატომ? იმიტომ, რომ საკუთარი მოჩვენებითი თავისუფლება შეიძინოს, კომფორტი შეიქმნას. მაგრამ ჯერ არ დამდგარა 2030 წელი. ამ დრომდე, მისი ფილოსოფიით, სწორედ მას აქვს ბანქოს დარიგების უფლება, თან ისე, რომ მუდამ მას ეჭიროს ორივე ჯოკერი.
რამდენი ჩვენი თანამოქალაქე დასცინის „ხიხოს“ და დღემდე აღმერთებს ვინ ზვიადს, ვინ ედუარდს და ვინ მიშას… მაგრამ, ამავე ანალოგიით, სსრკ-ს რომელი შემდგომი ბატონი იყო სტალინზე ძლიერი ნებისმიერ ასპექტში? რომელს არ შესცქეროდა იმედის თვალით და გამორჩენის სურვილით საბჭოთა ხალხის უმეტესობა? მერე რა, რომ ზოგიერთს დასცინოდნენ, ეს ხომ დასაცინთა სტატუსს _ „ბატონს“ _ არ ცვლიდა? და განა მით უფრო ამაზრზენი არ იყო ამ ადამიანების მონობა იმის მიმართ, ვისზეც ქილიკობდნენ? ივანიშვილმაც იცის, რომ მასაც დასცინიან, მასზეც ქილიკობენ და თან ვინ? _ ისინი, ვისთვისაც ჩაუცვამს, უჭმევია, ზოგიერთისთვის სიცოცხლეც კი უჩუქებია.
ახლა 9 ნოემბერს დავუბრუნდეთ და მერე რამდენიმე დასკვნაც გავაკეთოთ:
9 ნოემბერს სახალხო პოეტი, ჯანსუღ ჩარკვიანი, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. ისე, ამ ფაქტზე მოჟღურტულეთა გასაგონად _ პანთეონი დახურული არ არის და იქ (ყველა დიდხანს აცოცხლოს ღმერთმა), სამი-ოთხი ადგილი კიდევ არის ერისშვილებისთვის. რაც შეეხება ჯანსუღ ჩარკვიანში ქვეყნისა და ზვიადის მოღალატის ხილვის მსურველებს, იქნებ, გამსახურდიების ოჯახისთვის მიეგდოთ ყური, მათი საქციელისთვის და გარდაცვლილისთვის პატივის მიგების ფორმისთვის მიედევნებინათ თვალი და მერე ექადაგათ საკუთარი ზემორალისტური პატრიოტიზმი.
და ისევ 9 ნოემბერს დავუბრუნდეთ: ხელისუფლებისა და უმრავლესობის წევრები პრემიერ კვირიკაშვილის, დედაქალაქის ახლად არჩეული მერის _ კახა კალაძის, აწ უკვე ექსმერის დავით ნარმანიასა და სამი მინისტრის გარდა, მთავრობის წევრები, არც სამებაში მისულან და არც _ პანთეონში. საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ ორიოდე დეპუტატი მივიდა სამებაში და ამ შემადგენლობით დაიტირა საქმეებით გადაღლილმა ხელისუფლებამ სახალხო პოეტი.
ის, ის იყო, სამებიდან საკუთარ ოთახში გადაინაცვლა კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემაც, ხოლო სამგლოვიარო პროცესია მთაწმინდის ფერდობს აუყვა, რომ ჭირისუფლებმა და პროცესიის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილი შენიშნეს. უცებ გაისმა ზარი გიორგაძესთან, რომელიც გადაღლილი სახით რამდენიმე წუთში გაჩნდა მთაწმინდაზე. ქეთი დოლიძემ შანსი არ გაუშვა ხელიდან და ფეხდაფეხ მისდევდა ექსპრემიერს, თან ფესტივალ „საჩუქარზე“ ესაუბრებოდა. არ ვიცი, რამდენად ღირს ამ ფრაზის გახმოვანება, მაგრამ, სავარაუდოდ, ბატონმა ივანიშვილმა უადგილოდ მიიჩნია დოლიძის გამოხტომა და რეჟისორს მიუგო: „დროა, ახალგაზრდებმაც აკეთონ საქმეები“. ამ ფრაზამ აღმართს შეყოლილ დოლიძეს აშკარად გამოაცლა ტემპი და ქოშინსაც მოუხშირა.
პოეტის საფლავთან მდგარი ივანიშვილი დიდი ხანი აკვირდებოდა პანთეონში მყოფ ხალხს. ქოლგაც დააკეცინა დაცვას, წვიმასაც არ შეეპუა და ერთხელაც რომ შეხედა გიორგაძეს, შემდგომ უკან მდგომ პერსონას გადაულაპარაკა, _ სხვები არ მოვიდნენ? პასუხად _ დუმილი. ივანიშვილმა თავი გააქნია და რეალობაში დაბრუნდა.
რომელი თქვენგანი დაიჯერებს იმას, მთავრობის წევრებსა და პარლამენტარებს უმრავლესობიდან რომ ჰქონოდათ ინფორმაცია, ივანიშვილი დაკრძალვაზე იქნებოდა, გნებავთ, სამებაში და, გნებავთ, პანთეონში, ისინი ვერ მოიცლიდნენ და საქმეებს ვერ მოსწყდებოდნენ?
ეს ფაქტი, ანუ ივანიშვილის სწორედ პანთეონში გამოჩენა, სხვა რამეზე მეტყველებს: მობეზრდა, დაღალა მლიქვნელებთან და სიტუაციების მონებთან ურთიერთობამ. მით უფრო იმ პირობებში, რომ ყოველ მათგანს ისე და იმ დროს იყენებს (შემეძლო, უფრო შესაფერისი სიტყვაც დამეწერა), როცა სჭირდება.
ივანიშვილის გაუჩინარებიდან დღემდე განვითარებული მოვლენები, მისი განრიდება თვითმმართველობის არჩევნების დროს და პროცესში ჩაურევლობა, ერთი შეხედვით, რთული პარადიგმაა, მაგრამ მისი ამოხსნა არცთუ ისე ძნელია.
როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სურვილების რეალიზებას, წარმოიქმნება პრობლემა. იგი ხვდება, რომ „მან საკუთარ გრძნობებში საკუთარი თავის რეალიზებაც ვერ შეძლო. და რად იქცა ის? სრულიად შემთხვევითი _ ვითარების მარიონეტად, საკუთარი მდგომარეობის მონად“ (მერაბ მამარდაშვილი, „ცნობიერების ტოპოლოგია“).
ამ შემთხვევაში უნდა დავუშვათ, რომ ივანიშვილი ბევრ რამეს მიხვდა და, სავარაუდოდ, ახლა მას მაქებრები უფრო ეზიზღება, ვიდრე მძაგებლები. მლიქვნელებზე გული ერევა და მის ფანტომობასა და ხელისუფლების წევრებთან ღია ურთიერთობისგან თავის არიდებას, კახურად რომ ვთქვათ, „წადით, თქვენი!..“ უდევს საფუძვლად.
და მეორე ფაქტორი _ ფული. ფულია ივანიშვილისთვის რწმენა და სალოცავი, ფულია მისი ძალაუფლების განმსაზღვრელი და, რა თქმა უნდა, ყველასა და ყველაფრის სანაცვლოდ იბრძოლებს მის გადასარჩენად. შესაბამისად, იგი ამ ფორმით ცდილობს, დასავლეთს დაუმტკიცოს, რომ არ არის არაფორმალური მმართველი და ასე იცავს საკუთარ აქტივებს.
მაგრამ, რატომღაც, ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის უკანაც უფრო მეტად შეგვიძლია ვეძებოთ როგორც ფილოსოფიური, ასევე ფსიქოლოგიური ფაქტორები.
ისევ კანტს მოვიშველიებ: „უზენაესი ბელადი თვითონ უნდა იყოს სამართლიანი და მიუხედავად ამისა, უნდა იყოს ადამიანი. ეს ამოცანა, ურთულესი ამოცანაა შესასრულებლად. არ არსებობს მასზე უფრო რთული ამოცანა“. ივანიშვილი ხვდება, რომ იგი ვერ გახდა სამართლიანი უზენაესი ბელადი და ცდილობს, ადამიანის სახე შეინარჩუნოს. მაგრამ ამ შემთხვევაშიც ვერ ახერხებს ადამიანური სისუსტეების დათრგუნვას, მით უფრო მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფულს _ ქონებას. თუმცა იგი მაინც ცდილობს, რადგან იცის, რომ მისთვის და სახელმწიფოსთვის, სამწუხაროდ, სამართლიანობის ლოზუნგით სახელმწიფოს სათავეში მოსული „ოცნება“ ისეთივე უსამართლო აღმოჩნდა, როგორიც მისი წინამორბედები და უარესიც _ მან წინა ხელისუფლებების ყველა უგვანობა გააუმჯობესა. ის, რომ „მაშინ, იმ 9 წელიწადში“ რაღაც ცუდად იყო, სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ახლა არსებობს ცუდად მოქცევის, მართვისა და საქმიანობის ლეგიტიმაცია. მაგრამ ივანიშვილი ათვითცნობიერებს, რომ ის, რაც ახლა ხდება, ხელისუფლებისა და მისი მხარდამჭერების სამართალია, რომელიც მუდამ „მართალია“ და, საბოლოოდ, თავისი სამართალი კლავს.
იმის მიუხედავად, ვის შურს ივანიშვილის და ვის _ არა, მოცემულ ვითარებაში თამამად შეგვიძლია ვისაუბროთ მისი მდგომარეობის ტრაგიკულობაზე.
წარმოიდგინეთ, თუ როგორ დააღწია თავი უბრალო, დაუფასებელმა ბიჭმა თავის მდგომარეობას. შემდგომ დაიჯერა, რომ ნებისყოფის სრული დაძაბვით ყველაფრის მიღწევა შეუძლია. საბოლოოდ, დაიჯერა ის, რასაც ქართველი მილიონერები იოლად იჯერებენ: დიდი ფულით სავსებით შესაძლებელია იმ სამყაროს მოდელირება, რომელშიც ცხოვრობ; შემდეგ სხვადასხვა მანქანებით შეძლო ვითარების სათავისოდ შეცვლა, ახლა კი ისეთ გარემოებებში აღმოჩნდა, რომ იძულებულია, გაიხსენოს: ის _ უბრალო და გაუნათლებელი ბიჭი არსადაც არ წასულა და ყველანი შეთქმულებივით ახსენებენ, რომ კვლავ ისაა და არა ვინმე სხვა _ „ხიხო“, „ჭორვილა“ _ და ვისგან? იმათგან, რომლებიც, მისი ლოგიკით, ცხოვრების ბოლომდე ფეხებქვეშ უნდა გადებოდნენ, ან სათანადო ღირსების შემთხვევაში მადლიერება უნდა ჰქონოდათ.
თუ ამ შემთხვევაშიც გვერდზე გადავდებთ ყველაფერ ნეგატიურს და დავუშვებთ, რომ მას მხოლოდ სასიკეთო მიზნები ჰქონდა ქვეყნის საკეთილდღეოდ, ცხადი ხდება, რომ ის მისთვის ბოლომდე გაუგებარ და დღემდე გაუაზრებელ პოლიტიკაში ათასი ძაფით გაიბლანდა და ამ დრომდე ვერ შეძლო თავის დაღწევა.
დღეს პოლიტიკა თავად დევნის მას და იგი ცდილობს, მეტ-ნაკლებად, ღირსეულად გადარჩეს. ამ შემთხვევაში მხოლოდ ორი გზაა: ის ან რეალურად უნდა ჩამოშორდეს პოლიტიკურ პროცესს, რაც ყოვლად წარმოუდგენელია; ან დაძლიოს საკუთარი კომპლექსები და ერთი დაპირება შეასრულოს _ შეცვალოს ხელისუფლება.
9 ნოემბრის ფილოსოფიური ანალიზი ცხადყოფს, რომ ივანიშვილი, ამჯერად, უფრო მეორე გამოსავლისკენ იხრება. თუმცა აქაც არის მნიშვნელოვანი პრობლემა, _ მას არ უყვარს გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება (და ამასობაში კარგავს უმთავრესს _ დროს). ივანიშვილი ხედავს, რომ მლიქვნელები, პირველ რიგში, საკუთარი თავისთვის ირჯებიან, სადაც მისი მოდელირებული საქართველოსთვის ადგილი არ რჩება. ეს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საკუთარ თავს ივანიშვილმა. მისი ხასიათის გათვალისწინებით „ოცნება“ და ქვეყნის ხელისუფლება ამ დღის ნეგატიურობას აუცილებლად მიხვდება, რაც შეეხება ორ გზას, სწორედ ამ ორი გზის შემადგენელ ნაწილად უნდა განვიხილოთ სამთავრობო ცვლილებები. მაგრამ ეს გადასარჩენად საკმარისი არ არის, რადგან ხალხისთვის სამიზნე მთავრობა ან კვირიკაშვილი კი არა, თავად და სწორედ ბიძინა ივანიშვილია.

გოჩა მირცხულავა