ალექსანდრე ელისაშვილის კომფორტის ზონა

„მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები“, _ ეს ის განცხადებაა, რაც დღეს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცა. ალექსანდრე ელისაშვილმა უსამართლობის მხილებითა და უმწვავესი გამოსვლებით დაამახსოვრა ხალხს თავი. მისი „კომფორტის ზონის“ დადგენა და მასზე თქვენთვის მოყოლა კი დღევანდელი ჩვენი თემაა.

რადგან მერობის ამ კანდიდატს დეკლარაცია არ შეუვსია, შესაბამისად, მისი ქონებრივი შემოსავალიც, წლიურად, 40 ათასზე ნაკლები გამოდის და მისი საცხოვრებელი ადგილის დადგენაც ერთიორად გართულდა, თუმცა ჟურნალისტიკა ყოველთვის იყენებს თავის გზებს ინფორმაციის მოსაპოვებლად და ამას საჯარო რეესტრის უწყებაც ხელს უწყობს. სანამ უშუალოდ „კომფორტის ზონაზე“ გადავალთ, მისი ბიოგრაფიული ცნობები მიმოვიხილოთ, რომ უფრო ნათელი გახდეს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი.

რადიო „თავისუფლების“ პროექტის „თავისუფლების დღიურებზე“ მიცემული ინფორმაციის მიხედვით, მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი, დაიბადა თბილისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი პოლიტოლოგიის სპეციალობით.

მისი წარსული ჟურნალისტურ საქმიანობასაც მოიცავს: 1996 წლიდან მუშაობს ჟურნალისტად ჯერ გაზეთებში, შემდეგ _ სხვადასხვა რადიოსადგურსა და ტელეკომპანიაში;

2008 წლიდან ტელეკომპანია „კავკასიის“ თანამშრომელია;

2013 წლის ნოემბერში დაინიშნა შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარედ;

2014 წლიდან თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი,  საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატია; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრი; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის წევრი;

ასევე, გახლავთ ქალაქზე მზრუნველთა არასამთავრობო გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი.

მასზე ბევრს საუბრობენ: ზოგს ძალიან მოსწონს მისი დამოუკიდებელი პოზიცია და პოლიტიკა, ზოგი კი ხშირად დემაგოგადაც მოიხსენიებს. ფაქტი ერთია, _ ოდესღაც ჟურნალისტი პოლიტოლოგი დღეს თბილისის მერობისთვის იბრძვის.

11 ივლისს, ძველ თბილისში მერობის კანდიდატად წარდგენისას, ელისაშვილმა ღიად დადო პირობა, რომ თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი მხოლოდ ხალხის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.

ალექსანდრე ელისაშვილი სწორედ იქ გაიზარდა და გაატარა ბავშვობა, სადაც სამი წლის წინათ არჩევნებში გაიმარჯვა. ეს ადგილი საბურთალოა, კერძოდ, მისი სახლი ყაზბეგის გამზირზე მდებარეობს. თავდაპირველად მერობის კანდიდატის „კომფორტის ზონის“ დასადგენად სწორედ ამ ადგილს მივაშურე.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, დეკლარაციის არარსებობის გამო, საჯარო რეესტრის დოკუმენტის გამოყენება გახდა საჭირო. ამ უკანასკნელის მიხედვით, მის სახელზე ორი უძრავი ქონება ფიქსირდება: ერთი  ყაზბეგის ქუჩაზე, საბურთალოზე, ერთიც _ მთაწმინდაზე, ვეძინის ქუჩაზე. ეს უკანასკნელი 68 კვ.მ-ის ფართს წარმოადგენს.

მოკლედ, სტატიის მთავარი მიზნის დასადგენად, პარასკევს, დღის 13:00 საათზე, სწორედ ყაზბეგის გამზირს მივაშურე. საკმაოდ კარგი დრო შევარჩიე იმისთვის, რომ სიცხეს ჩემთვის ქანცი არ გამოეცალა და ძალიან არ დავღლილიყავი.

ეს ის ადგილია, სადაც ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის თანამედროვე ვიტრინული ტიპის მაღაზიები და მაღაზიის გარეთ, დახლებზე დალაგებული პროდუქტები.

უკვე ხსენებული დრო იქნებოდა, როცა #8ა-ს მივადექი და ეზოსაც შემოვუარე, რამდენიმე კარზე დავაკაკუნე და ხანში შესულმა ქალბატონმა მითხრა, რომ ჩემი ინტერესის ობიექტი გვერდით სადარბაზოში ცხოვრობდა. სამწუხაროდ, მეორე სადარბაზო სხვა კორპუსს ეკუთვნოდა და საკმაოდ დიდი კედლის გადავლა რომ ვერ მოვახერხე, ამის გამო უკან, იმავე გზით გამოვედი, რომლითაც შევედი და ტრასის მხრიდან გავუყევი გზას. ადგილს, წესით, თაღს ვეძებდი, საიდანაც კორპუსებისკენ მიმავალ გზაზე აღმოვჩნდებოდი. გზად ერთი ახალგაზრდა მამაკაცი შემხვდა, ხსენებული მაღაზიის გარეთ დალაგებულ ხილს ყიდდა, სუფთად იყო გაპარსული და კოხტადაც გამოიყურებოდა. დასახმარებლად მას მივმართე:

_ უკაცრავად, ალექსანდრე ელისაშვილი აქ ცხოვრობს?

_ კი, _ მიპასუხა.

_ ხომ არ იცით, როგორ უნდა მივიდე მის საცხოვრებელ კორპუსთან?

_ წინ რომ წახვალთ, თაღს შეამჩნევთ, იქ შეხვალთ და მერე მარტივად იპოვით.

_ გმადლობთ, თქვენ ხედავთ ხოლმე? რამდენად სალმიანია?

_ იშვიათად, მაგრამ კი, ვხედავ. წინასაარჩევნოდ ყველა სალმიანია, გოგონა, მერე იკითხეთ თქვენ, თორემ, _ მიპასუხა ღიმილით.

ხსენებული თაღისკენ ავიღე გეზი.

ინტუიციამ არ მიღალატა და თაღში შესვლისთანავე ლამაზ ბაღს გადავაწყდი, სადაც ბავშვებისთვის სკვერი იყო გაკეთებული. დღის ამ მონაკვეთშიც კი პატარებს იქაურობა საკმაოდ აქტიურად აეთვისებინათ.

ხელმარჯვნივ შევუხვიე და დიდი ნაცრისფერი კარი ვნახე, რომლის გარეთ არც გრამაფონი იყო და არც რაიმე ზარის მსგავსი. მოკლედ, სადარბაზოში შესასვლელი კოდი თუ არ იცოდი, იქ ვერ მოხვდებოდი. კარის გაღებას რომ შევეცადე, უკნიდან ახალგაზრდა ქალის ხმა გავიგე:

_ გოგონა, ვინმეს ეძებთ?

_ დიახ, ალექსანდრე ელისაშვილის ბინა ამ სადარბაზოშია, თუ იცით?

_ არა, აი, ხომ ხედავ, იმ კორპუსს, _ მანიშნა სკვერის გადაღმა მდგარ „ხრუშოვკის“ ტიპის კორპუსზე, _ იქ ცხოვრობენ მისი მშობლები.

_ გმადლობთ და თქვენ თავად თუ იცნობთ? რამდენად სალმიანია? ხშირად ხედავთ?

_ ხშირად არა, აქ აღარ ცხოვრობს, ისე კი ძალიან სალმიანი და კარგი ბიჭია, მისი მშობლებიც ძალიან დადებითი და კარგი, ზრდილობიანი ადამიანები არიან. ცუდს ვერავინ იტყვის მასზე _ პირიქით.

_ გმადლობთ-მეთქი… და სწორედ იმ კორპუსს მივაშურე, წეღან რომ მიმითითეს. მისი უკანა მხრიდან კვლავ არ იყო შანსი, რომ კარის კოდის გარეშე შეგეღწია, ამიტომ გადავწყვიტე, კორპუსისთვის წინა მხრიდან შემომეარა, მივხვდი, რომ იქიდან შესვლის მეტი პერსპექტივა მექნებოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი!

კვლავ სადარბაზოს ნაცრისფერ კარზე, პაროლიანი საკეტის ზემოთ, მარჯვენა მხარეს, ის გრამაფონი იყო დამონტაჟებული, საიდანაც სადარბაზოში შესვლის გარეშეც შემეძლო მეზობლებთან გასაუბრება, ამიტომ რამდენიმე მათგანზე აქტიურად დავიწყე ზარის დარეკვა, თან ისე, რომ ვცდილობდი, იმისთვის არ დამეჭირა, რომელშიც ელისაშვილი, ან მისი ოჯახის წევრები მიპასუხებდნენ. მათ გარდა კი იქ მცხოვრები გვარებიდან მხოლოდ ერთმა მიპასუხა:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება ბატონ ალეკო ელისაშვილზე.

_ გისმენთ.

_ მის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ და მაინტერესებს, თქვენთვის, როგორც მეზობლისთვის, რამდენად დადებითი პიროვნებაა? რამდენად სალმიანი?

_ უიმე, შვილო, ძალიან! უაღრესად პატიოსანი, დადებითი, სალმიანი, ზრდილობიანი ბიჭია. ძალიან კარგი მეზობელი.

_ ხშირად ხედავთ ხოლმე?

_ ხშირად არა, უკვე აქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ როცა ვხედავ, შანსი არ არის, რომ არ მოგვესალმოს და არ მოგვიკითხოს.

მადლობა გადავუხადე და იმ წამსვე გაიღო სადარბაზოს კარი, იქიდან ლურჯმაისურიანი შუახნის ასაკის მამაკაცი გამოვიდა და მეც მაშინვე სადარბაზოში შევედი.

პირველივე, მარჯვნივმდებარე კარს ჩავუარე და ზემოთ სართულებს მივაშურე. რატომღაც, გადავწყვიტე, რომ მაღლიდან დამეწყო მეზობლების გამოკითხვა. კორპუსი არ იყო მრავალსართულიანი და, შესაბამისად, არც გამირთულდა საქმე, მაგრამ მთელი ამბავი ის გახლდათ, რომ ყავისფერ და თეთრ კარს ან ზარი არ ჰქონდა, ან დაკაკუნების შემდეგაც არ გამოდიოდნენ გარეთ.

ერთ-ერთი მათგანიდან უკვე შუახნის ასაკს გადაცილებულმა ქალბატონმა გამომძახა, _ ვინ ხარო? _ რომ ვუპასუხე, ჟურნალისტი ვარ და კითხვა მაქვს-მეთქი, იმწამსვე ხმაც გაქრა და ქალბატონიც.

ისევ ქვევით დავეშვი იმის იმედით, რომ აქ მაინც ვნახავდი ვინმეს. ქვედა სართულზე ჩამოსული კვლავ იმ ლურჯმაისურიან მამაკაცს გადავაწყდი, წეღან რომ მისი მეშვეობით შევედი სადარბაზოში. გავაჩერე და ახლა მასთან დავიწყე საუბარი:

_ გამარჯობა, ჟურნალისტი ვარ, ალექსანდრე ელისაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მაინტერესებს, რამდენად სალმიანია? როგორი მეზობელია?

_ ძალიან კარგი (ეს მითხრა, სათვალე მოიხსნა და გააგრძელა), ძალიან სალმიანიც, მაგრამ ახლა აქ არ ცხოვრობს, მისი მშობლები ცხოვრობენ მხოლოდ აქ.

_ გასაგებია, გმადლობთ, _ ვუთხარი და ის იყო, გასასვლელისკენ მივდიოდი, რომ სწორედ იმ ბინიდან, წეღან რომ ბოლოსთვის შემოვინახე და პირველ სართულზე მდებარეობდა, შინდისფერი რკინის კარიდან, ქალბატონი და შუახნის მამაკაცი გამოვიდნენ.

_ ვის ეძებთ? _ მომმართეს.

_ ჟურნალისტი ვარ „ქრონიკა+“-დან, ალეკო ელისაშვილის „კომფორტის ზონაზე“ ვწერ, მეზობლები მინდოდა მენახა, მაინტერესებს, რამდენად სალმიანია მათთან, რამდენად ხშირად ხედავენ, როგორ ახასიათებენ და ასე შემდეგ.

ამის თქმაზე ქალბატონმა გამიღიმა და მამაკაცმა მკითხა:

_ და თქვენი ჟურნალისტობის დამადასტურებელი საბუთი გაქვთ?

_ რა თქმა უნდა-მეთქი! _ და ჩემს საშვს დავუწყე ძებნა, ამოვიღე და სათნოსახიანმა ქალბატონმა მითხრა:

_ არ მინდა, შვილო, მჯერა, მე ალეკოს დედა ვარ, უბრალოდ, წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან გვეშინია, ალეკოს რამე არ აუტეხონ. ხომ იცით, რამდენ რამეს ააშკარავებს და როგორ იბრძვის?

_ კი, გასაგებია, უბრალოდ, ამჯერად მერობის კანდიდატების „კომფორტის ზონაზე“ ვწერ და მაგიტომაც მოვედი ახლა აქ.

_ მეც მესმის თქვენი, _ კვლავ სანდო სახით განაგრძო საუბარი ამ ქალბატონმა, _ თვითონ ალეკო აქ აღარ ცხოვრობს, მაგრამ აქ დაიბადა და გაიზარდა. აბა, ვინ უნდა გითხრათ აუგი მასზე? ყველას ძალიან უყვარს, თავადაც შეგიძლიათ გაიგოთ.

_ ვესაუბრე უკვე რამდენიმე მეზობელს და დადებითად დაახასიათეს.

ახლა სად ცხოვრობს, ვერ მეტყვით?

_ ალეკომ რომ არ იცოდეს, ისე ვერ გეტყვით, შვილო, არ გეწყინოს.

_ არა, რა თქმა უნდა, გასაგებია.

_ ჰო, კიდევ, იცოდე, თქვენი რედაქტორი მომიკითხე, ძლიერი ქალია და გამძლეობა უსურვე.

_ აუცილებლად გადავცემ, გმადლობთ, _ ვუთხარი და წამოვედი. სანდოსახიანმა ქალბატონმა გამაცილა.

ახლა უკვე ვხვდებოდი, რომ უეჭველად იმ ადგილისთვის უნდა მიმემართა, საჯარო რეესტრის მონაცემები, ვეძინის ქუჩა და 68 კვ.მ ფართობი რომ ვახსენე. ეს კიდევ დედაქალაქის ცენტრში, ოპერის შენობასთან ახლოს, მაგრამ უფრო და უფრო მაღლა, მთაწმინდაზე მდებარეობდა.

საბურთალოზე, ინტერესის ობიექტის ოდესღაც საცხოვრებელი სახლიდან გამოსულმა, რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალს ფოტო გადავუღე და ახლა მთაწმინდისკენ ავიღე გეზი, თუმცა შუადღის ხვატმა მართლა ძლიერად დამრია ხელი და თავს უფლება მივეცი, ცოტათი მაინც დამესვენა და უკვე საღამოს მივსულიყავი ელისაშვილის ფაქტობრივ საცხოვრებელთან, დამეთვალიერებინა იქაურობა, გამომეკითხა მეზობლები, გადამეღო ფოტოები და შემდეგ თქვენთვის მეჩვენებინა.

ეჭვგარეშე იყო, რომ ჩემი მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ჩვენი ინტერესის ობიექტს უკვე ეცოდინებოდა, შესაბამისად, ჩემთვის ხელსაყრელი დრო შევარჩიე და საღამოს 19:00 საათისთვის იმ გზას დავადექი, რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენე.

მთაწმინდის ტერიტორიაზე, ძირითადად, კერძო, იტალიური ეზოს ტიპის სახლებს შეხვდებით, რომლებიც ხშირად ძალიან ლამაზადაც არის მორთული (თუმცა ეს ყველაზე არ ვრცელდება).

რუსთაველის გამზირზე, ოპერის შენობის მოპირდაპირე მხარეს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა ადის, რომელსაც ჯერ გრიბოედოვის და შემდეგ არსენას ქუჩა კვეთს. ეს ის ადგილია, სადაც ნამდვილად არის თავმოყრილი ძალიან ლამაზი შენობები თავისი იტალიური ეზოებით, „პატარა ბაზრებით“, გარეთ გამოტანილი და დახლზე დალაგებული ხილით. სწორედ ამ უბანში გადავეყარე კუთხის ბოლოში ერთად შეკრებილ ახალგაზრდა შავმაისურიან ბიჭებს, რომლებიც უბანში ლუდს სვამდნენ და საჭირბოროტო საკითხებს განიხილავდნენ.

როგორც უკვე აღვნიშნე, რამდენიმესაათიანი შესვენების შემდეგ, საღამოს 19:00 საათისთვის, მთაწმინდის ამ უბანს მივაშურე. აქ ვიწრო ქუჩები სულ უფრო მაღლა ადის და ამის პარალელურად იზრდება ერთმანეთის უკან მდგარი, ერთ მწკრივად განლაგებული მანქანების დერეფანი.

ვეძინის ქუჩაც ერთ-ერთი ვიწრო ქუჩაა ამ მიმდებარე ტერიტორიაზე და მჭიდროდ მიჯრილი სახლებისა და იტალიური ეზოს ნაზავს წარმოადგენს.

როგორც იქნა, #14-ს მივადექი და ვნახე, რომ ჭიშკარსაც იგივე ნომერი ეწერა. მეორე სართულიდან ვარდისფერი აივანი და ამ აივანზე ყვავილების წყება ქუჩის ყველაზე ლამაზ ადგილს წარმოადგენდა, ალბათ (მე როცა მივედი, მაშინ ასე იყო). ქუჩაში მხოლოდ 5-6 წლის გოგონა ატარებდა ველოსიპედს და უფროსებიც არსად ჩანდნენ. ცოტა მაღლა ავედი, კარს ფოტო გადავუღე და უკვე რამდენიმე წუთი რომ გავიდა, გადავწყვიტე, მეზობელი სახლის კარზე დამეკაკუნებინა და შევსულიყავი.

როგორც ვთქვი, იტალიური ეზოები აქ ბევრია, ერთ-ერთის ჭიშკარიც ღია იყო. სწორედ აქ შევედი, იქიდან კი იმ კარს მივუკაკუნე, საიდანაც შუქი გამოდიოდა და ვიღაცის ხმა მესმოდა. იქ ერთი ქალი თეფშებს რეცხავდა და თურმე მეორე ოთახშიც იყო სხვა ადამიანი. მოკლედ, მათთან მივედი, კარზე ხმამაღლა დავაკაკუნე და გარკვეული დროის შემდეგ გამომხედეს:

_ გამარჯობა, ჟურნალსტი ვარ, ორიოდე კითხვა მექნება, თუ შეიძლება.

_ გისმენთ, _ მომიგო იმ მეორემ, მისი არსებობაც კი რომ არ შემინიშნავს მანამდე იმ ოთახში.

_ ალეკო ელისაშვილი თქვენ წინ ცხოვრობს ხომ?

_ დიახ, #14 აწერია კარსაც, ნახავთ თქვენც.

_ მაინტერესებს, როგორი მეზობელია? რამდენად სალმიანი?

_ ძალიან კარგი, ნამდვილი ქართველია. ქართველი მეზობელია.

_ და „ქართველი მეზობლის“ ცნება რას გულისხმობს თქვენთვის, იქნებ, დამიკონკრეტოთ?

_ დიახ, ჭეშმარიტი ქართველი, კარგი, სალმიანი მეზობელია. ეს ცნება ახლა თქვენი თაობისთვისაა გაუგებარი და გაუფასურებული, თორემ ასეა ეს! _ მომიგო ამრეზით.

_ კი, ძალიან სალმიანია, გამარჯობას ამბობს, _ მითხრა მეორემ, თეფშებს რომ რეცხავდა.

_ კარგი, დიდი მადლობა, _ ვუთხარი ორივეს. ამასთან, ჩემი და ჩემი თაობის ირიბად გალანძღვის ფაქტი ღირსეულად ავიტანე და გარეთ გამოვედი.

ქუჩაში კვლავ არავინ იყო, ბოლოს წითელსამოსიანი გოგონა გამოჩნდა, რომელმაც კითხვებს თავი აარიდა და მეც სხვა გზა აღარ მქონდა, კიდევ ერთხელ ამოვიღე ჩემს ობიექტივში ელისაშვილის საცხოვრებელი და სტატიის დასაწერად გამოვემართე.

 

ნინო ტაბაღუა