სკანდალური ფირის სკანდალური გაგრძელება – ვინ არის რამაზ თარაშვილი?

2017 წლის 13 მარტს დაწყებული დავით ხარშილაძის დაკავებისა და სისხლის სამართლის საქმე ახალი სკანდალური დეტალებით გრძელდება.

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, დავით ხარშილაძის წინააღმდეგ გამოძიება კუკური წივწივაძის ოპერატიული ინფორმაციისა და პატაკის შემდეგ დაიწყო. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჩემი შვილი 13 მარტს აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და მას აუცილებლად თან ექნებოდა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

დავით ხარშილაძის წინასასამართლო სხდომა 18 აპრილს გაიმართა. საქმე არსებითი განხილვისთვის უკვე გადაეცა თბილისის საქალაქო სასამართლოს. პროცესი პირველ მაისს ჩაინიშნა.

რა ხდებოდა წინასასამართლო სხდომაზე და რატომ იყო მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე პროცესზე მეორე პროკურორი? ამ დეტალების შესახებ აქვე მოგითხრობთ, ამჯერად კი სისხლის სამართლის საქმის ახალ სკანდალურ დეტალებზე მოგიყვებით:

დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმეში დევს ჩხრეკისა და დაკავების ოქმი, რომელსაც გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი ადგენს და ორივე ოქმში მხოლოდ ორი მოწმე, ორივე პოლიციელი _ ვალერიან ჩიბირაშვილი და ზაქარია ვასაძე ფიგურირებს.

რას წერს თავის ჩვენებაში ვალერიან ჩიბირაშვილი?

„2017 წლის 13 მარტს ჩემს თანამშრომლებთან, ზაქარია ვასაძესთან და ზურაბ ქუმელაშვილთან ერთად, მონაწილეობა მივიღე 24.02.1989 წელს დაბადებულ დავით გიორგის ძე ხარშილაძის პირად ჩხრეკასა და მისი ბრალდებულის სახით დაკავებაში, კერძოდ, ჩვენს სამსახურში მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, დავით ხარშილაძე 2017 წლის 13 მარტს პირადად უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც მას პირადად უკანონოდ უნდა ჰქონოდა შენახული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვცხადდით ქ. თბილისში ვ. ბოჭორიშვილის ქ. #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჩვენ შევამჩნიეთ ქვეითად მოსიარულე დავით ხარშილაძე, რომლის მიმართულებითაც მოძრაობა დავიწყეთ“.

ზუსტად იგივეს, სიტყვა-სიტყვით, იმეორებს მეორე მოწმე, ზაქარია ვასაძე:

„2017 წლის 13 მარტს ვიმყოფებოდი სამსახურში, რა დროსაც მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დავით ხარშილაძე 2017 წლის 13 მარტს უნდა ყოფილიყო ქ. თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე, რა დროსაც მას პირადად უკანონოდ უნდა ჰქონოდა შენახული ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მე ჩემს თანამშრომლებთან, ზურაბ ქუმელაშვილთან და ვალერიან ჩიბირაშვილთან ერთად, დაუყოვნებლივ გამოვცხადდი ქ. თბილისში, ვ. ბოჭორიშვილის ქუჩაზე, სადაც ბოჭორიშვილის ქუჩა #25-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენ შევამჩნიეთ ქვეითად მოსიარულე დავით ხარშილაძე, რის გამოც სამსახურებრივი პოლიციის ფორმებით ჩაცმულებმა დავიწყეთ მისი მიმართულებით სიარული“.

როგორც ხედავთ, ორივე მოწმე ხაზგასმით და მკაფიოდ ამბობს, რომ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე მხოლოდ სამი პირი: ზაქარია ვასაძე, ვალერიან ჩიბირაშვილი და ზურაბ ქუმელაშვილი იმყოფებოდა.

ჩემი შვილის დაკავების დღეს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ჩემთვის უცნობმა პირმა დაკავების დეტალები მომწერა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი ბოჭორიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობდა და ის შორიდან იცნობდა ჩემს შვილს. სწორედ შორენა ლალიაშვილი შეესრწო მისი დაკავების ფაქტს და მობილური ტელეფონის მეშვეობით ფირზე გადაიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაგმენტი. შორენა ლალიაშვილმა მის მიერ გადაღებული ფირი ნებაყოფლობით წარუდგინა ქ. თბილისის პროკურატურას და გამოძიებას შესაბამისი ჩვენებაც მისცა.

რომ არა შორენა ლალიაშვილი და მის მიერ გადაღებული ფირი, დავით ხარშილაძის სისხლის სამართლის საქმეში მხოლოდ სამი პირი იქნებოდა დაფიქსირებული და ბოლომდე გვეცოდინებოდა, რომ ის ზაქარია ვასაძემ და ვალერიან ჩიბირაშვილმა დააკავეს.

შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ დაკავების ადგილზე 12-ზე მეტი პოლიციელი იმყოფება. კადრში ასევე ჩანს შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ავტომანქანა და ნომრები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან გადის ბოლოს _ 16:40 წუთზე.

„ქრონიკა+“-მა საკუთარი არხებით შეძლო როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის, ასევე პოლიციის თანამშრომლების იდენტიფიცირება.

შს სამინისტროს მაღალჩინოსანი, რომლის ავტომანქანაც კადრში ჩანს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი, რამაზ თარაშვილია. დაკავების ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ პოლიციელები: მიხეილ ჩივიაშვილი, არჩილ ოქრუაშვილი, ალექსი კობერიძე, ალექსანდრე ჯაფოშვილი. ეს იმ თანამშრომელთა არასრული სიაა, რომელთა იდენტიფიცირებაც, ამ ეტაპზე, „ქრონიკა+“-მა მოახერხა.

არც ერთი მათგანის სახელი და გვარი დავით ხარშილაძის დაკავების ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიგურირებს. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რამაზ თარაშვილი ქ. თბილისის პროკურატურაში უკვე დაკითხეს და მან ჩვენებაში თქვა, რომ თბილისის მერიაში პირად საქმეზე იმყოფებოდა, რა დროსაც რაციაში გადმოსცეს, რომ ბოჭორიშვილის ქუჩაზე პირს აკავებდნენ, შემთხვევის ადგილას შეიარა და რაკი საგამოძიებო მოქმედებები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ამიტომ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილი მალევე დატოვა.

ჯერ ერთი, თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი და მის მიერ გადაღებული ფირი აშკარად ამხელს რამაზ თარაშვილს ტყუილში, _ მისი კუთვნილი სამსახურებრივი ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან სულ ბოლოს გადის, როცა ჩემი შვილი უკვე წაყვანილია. დავით ხარშილაძე გამოკითხვის ოქმში აცხადებს, რომ სწორედ რამაზ თარაშვილის ავტომანქანასთან მივიდა ზურაბ ვასაძე, რომელმაც მოლურჯო ფერის ხელთათმანები გაიკეთა, მანქანიდან ნარკოტიკები ამოიღო და მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდო. ჩადებული ნარკოტიკი იყო ორი პაკეტი ფხვნილი. ლოგიკურად, ამ რაოდენობით ნარკოტიკს, ცხადია, რიგით თანამშრომელს არავინ ანდობდა, სწორედ ამიტომ იმყოფებოდა ადგილზე მთავარი სამმართველოს უფროსი. ამასთან, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თარაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილე სოსო გოგაშვილის კადრია და მას პირადად ჰქონდა დავალებული ჩემი შვილის წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება.

შს სამინისტროს მაღალჩინოსნის მხილებისა და მისი იდენტიფიკაციის შემდეგ შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ის მთავარი სამმართველოს უფროსს, უბრალოდ, არ იცნობს, თუმცა სმენია, რომ ის კარგი კადრია. მინისტრის მოადგილის ეს კომენტარი, მინიმუმ, უხერხულია და, მაქსიმუმ, სასაცილო. თუმცა ისიც გასაგებია, რომ არავის უნდა იყოს გოგაშვილის ინტრიგების მონაწილე.

დაკავების შემდეგ დავით ხარშილაძეს ქ. თბილისის პოლიციის სამმართველოს შენობაში ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარდა, რომელსაც, სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ერთად, მისი ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე და პროკურორი დავით მესტვირიშვილი              ესწრებოდნენ. ექსპერტმა ჯერ კლინიკური შემოწმებისას, მერე კი ნარკოლოგიური ტესტირებისას არ დაადასტურა, რომ ჩემი შვილი ნარკოტიკული საშუალების ზეგავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ნარკოლოგიური შემოწმების ადგილზე განსაკუთრებით აქტიურობდა პოლიციელი  მიხეილ ჩივიაშვილი, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, რომ დავით ხარშილაძეს ე. წ. ბიოს მოხმარების ფაქტი დადგენოდა, რადგან დაკავების დროს, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სწორედ ორი პაკეტი ბიო ჩაუდეს, მაგრამ ამდენი მოწმის თანდასწრებით  ნარკოტესტის გაყალბება ვერ მოხერხდა. მოგვიანებით, გამომძიებელმა ზურაბ ქუმელაშვილმა დავით ხარშილაძე მალულად გაიყვანა გლდანის ციხიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით დასაჯარიმებლად ისე, რომ მისი არც ერთი ადვოკატი საქმის კურსში არ ჩააყენა, მათ შორის, არც არჩილ ჩუბინიძე, რომელიც ადგილზე ესწრებოდა ნარკოლოგიურ შემოწმებას. სასამართლო პროცესზე ჩემმა შვილმა იმ ექსპერტის დაკითხვა მოითხოვა, რომელმაც მას ნარკოტესტი ჩაუტარა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა 4 მაისს გადადო. პროცესზე დავით ხარშილაძის დაცვის მხარეს სრულფასოვანი დაცვის უფლების განხორციელების საშუალება მიეცემა და ობიექტური სასამართლოს პირობებში მარტივად დადასტურება, რომ ლაბორატორიული კვლევის შედეგები გაყალბებულია. მით უფრო იმ ფონზე, რომ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დაადასტურა, რომ პირველი ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, დავით ხარშილაძე ნარკოტიკული საშუალების ზეგავლენის ქვეშ არ იმყოფებოდა.

ჩემი შვილის ადვოკატებმა ასევე გამოკითხეს თვითმხილველი მოწმე შორენა ლალიაშვილი.

რას წერს შორენა ლალიაშვილი თავის ჩვენებაში?

2017 წლის 13 მარტს ვიმყოფებოდი ჩემს საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისი, ბოჭორიშვილის ქუჩის მესამე შესახვევი #12. იქნებოდა, დაახლოებით, 16:20 წუთი, დამიძახა მეზობლის ბავშვმა, რომელმაც მითხრა, რომ ვიღაცას აკავებდნენ. იქიდან გამომდინარე, რომ მე მყავს 19 წლის ვაჟი და იგი არ იმყოფებოდა სახლში, გარეთ გავედი, რათა გამეგო, რა ხდებოდა. ამ დროს შევამჩნიე მუქი ფერის ჯიპის ავტომანქანა, რომელიც შუა გზაზე იყო გაჩერებული, ხოლო ავტომანქანის წინ იდგა რამდენიმე ჩემთვის უცნობი პიროვნება. მათ მივუახლოვდი და განმიმარტეს, რომ ტარდებოდა სპეცოპერაცია და შემთხვევის ადგილთან მიახლოება არ შეიძლებოდა. მე არ დავემორჩილე მათ გაფრთხილებას და დაჟინებით ვითხოვდი შემთხვევის ადგილთან მიახლოებას და ჩხრეკაზე დასწრებას, ვინაიდან ჩემთვის უკვე ცნობილი იყო, რომ დაკავებული ჰყავდათ ახალგაზრდა მამაკაცი. ჩემს ხმამაღალ საუბარზე დაკავებული პირი შემობრუნდა და დამიძახა, _ შორე, მე არაფერი მქონია, ჩამიდეს. აღნიშნულმა სიტყვებმა გამაღიზიანა, ამოვიღე ჩემი მობილური ტელეფონი და, მიუხედავად მათი გაფრთხილებისა, გადაღება დავიწყე. შემთხვევის ადგილზე ვიმყოფებოდი, დაახლოებით, 10-15 წუთის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ჩააჯინეს ჩემთვის უცნობი მარკის ავტომანქანაში და წაიყვანეს.

კითხვაზე გიპასუხებთ: დაბეჯითებით შემიძლია გითხრათ, რომ შემთხვევის ადგილზე არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან დაკავებულ პიროვნებას ხელები უკან ჰქონდა და ხელებზე ედო ბორკილები.

კითხვაზე გიპასუხებთ: იქვე მდგომ ჩემთვის უცნობ პირებს, რომელთა ნაწილს ეცვა პოლიციელის ფორმა, ნაწილი იყო სამოქალაქო ჩაცმულობით, რაიმე დოკუმენტაცია ხელთ არ სჭერიათ.

კითხვაზე გიპასუხებთ: ჩემი მობილურით გადაღებულ კადრებში დაფიქსირებულია დრო და ადგილიც, საიდანაც ირკვევა, რომ დაკავებული პირი შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს 16:40 წუთზე.

კითხვაზე გიპასუხებთ: დაკავებული პირის წაყვანის შემდეგ ჩემთვის უცნობი პირები საუბრობდნენ, რომ დაკავების დროს მოხდა მის მიმართ ძალის გამოყენება, რა დროსაც ის გამხდარა ცუდად, დაუკარგავს გონება და აპირებდნენ სასწრაფოს გამოძახებას, რათა მისთვის პირველადი დახმარება გაეწიათ.

კითხვაზე გიპასუხებთ: პოლიციელების მიერ დაკავებულის წაყვანის შემდეგ მე დავინტერესდი მისი ვინაობით და გავარკვიე, რომ დაკავებული იყო დავით ხარშილაძე, რომელსაც ვიცნობ, დაახლოებით, სამი წელია, მაგრამ დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. ამის შემდეგ გადავწყვიტე მომეძებნა დავით ხარშილაძის ოჯახის წევრები, ან ახლობლები და მათთვის მეთქვა მომხდარის შესახებ. 17:05 წუთზე დავით ხარშილაძის დედას, ელისო კილაძეს, სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით მივწერე, მასვე შევატყობინე, რომ შევესწარი მისი შვილის დაკავებას და გადავუგზავნე ჩემ მიერ გადაღებული ერთი ვიდეოჩანაწერი, რის შემდეგ ამ ვიდეოჩანაწერების სანახავად მოვიდა ელისო კილაძის თანამშრომელი, სახელად თორნიკე, გვარი არ მიკითხავს. მას ვაჩვენე ვიდეო და ვუთხარი, რომ უბანში დაძაბულობა იყო და ამ დაძაბულობის შესუსტების შემდეგ ხსენებულ ჩანაწერებს გადავცემდი. რამდენიმე დღეში ჩემთან მოვიდნენ ელისო კილაძის თანამშრომლები, სახელად ნანა და თორნიკე, რომლებსაც ვუთხარი, რომ ვიდეოჩანაწერებს გადავცემდი მოგვიანებით. 2017 წლის 6 აპრილს ჩემს სახლში მოვიდა პროკურატურის გამომძიებელი, რომელმაც ჩემი სახლი გაჩხრიკა _ წაიღეს ოჯახის წევრების მობილური ტელეფონები და კომპიუტერები. გამომძიებელი ეძებდა ჩემ მიერ გადაღებულ ვიდეოჩანაწერებს. დაკითხვის დროს მე მას განვუცხადე, რომ ვიდეოჩანაწერები წაშლილი მქონდა, ხოლო ჩიპი, სადაც ვიდეოები იყო ჩაწერილი, გადავაგდე.

კითხვაზე გიპასუხებთ: 11 აპრილს სახლის დალაგებისას ნაგვის ურნასთან ვიპოვე ჩიპი, რომელზედაც ვიდეოკადრები მქონდა გადაღებული და აღნიშნული ჩიპიდან ვიდეოჩანაწერები გადმოვწერე დისკზე. 12 აპრილს განცხადებით მივმართე ქ. თბილისის პროკურატურის გამომძიებელ ბატონ ირაკლი კბილაშვილს და წარვუდგინე აღნიშნული ჩიპი, რომელზედაც დაკავების კადრებია ჩაწერილი. პარალელურად, წარმოგიდგენთ დისკზე ჩაწერილ იმ ვიდეოჩანაწერებს, რომელიც დავით ხარშილაძის დაკავების დროსაა გადაღებული“.

ქ. თბილისის პროკურატურაში დავით ხარშილაძის დაკავების დროს პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.

ფაქტი ერთია, _ ზურაბ ქუმელაშვილი, ზაქარია ვასაძე და ვალერიან ჩიბირაშვილი მათ მიერ მიცემულ პირველ ჩვენებაში ადასტურებენ, რომ დაკავების ადგილზე მხოლოდ სამი პირი იმყოფებოდა, ხოლო სულ სხვა ვითარებაა მოწმე შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ვიდეოფირზე. სისხლის სამართლის საქმეში არ დევს ოპერატიული ჯგუფის შექმნის, ან დამხმარე ძალის გამოძახების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, ისევე როგორც დოკუმენტურად არ დასტურდება, რატომ იმყოფებოდა დავით ხარშილაძის დაკავების ადგილზე შს სამინისტროს მაღალჩინოსანი რამაზ თარაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ამ დრომდე კამერებთან არ გამოჩენილა. პირველი და უკანასკნელი კომენტარი მან შს სამინისტროსთან მოძრაობა „არა ჩადებას“ აქციის შემდეგ გააკეთა და საპროტესტო აქციას სპექტაკლი უწოდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვოლსკი გიორგი მღებრიშვილს აქტიურად ლობირებს და ამბობს, რომ მისი თანამდებობიდან გაშვება ნარკოტიკების ჩადების აღიარებასა და უკანდახევას ნიშნავს, მაგრამ უმრავლესობაში ვოლსკიზე გაცილებით საღად მოაზროვნე ადამიანები არიან, რომლებიც ფიქრობენ, რომ პოლიციის ძალადობა უნდა შეჩერდეს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამთავრობო ცვლილებებს დიდხანს არ დააგვიანდება.

ელისო კილაძე