რას არ ადასტურებენ ხორნაბუჯში და რატომ ამბობენ საბათლოში, რომ პრემიერი მათი „ზემლიაკია?!“

asw3

ცისკარა ხომ გახსოვთ, აი, ის ცისკარა, ძველი ქართული ზღაპრიდან დევებს რომ ებრძოდა სოფლისთვის წყლის დასაბრუნებლად? ხოდა, ახლა ეგ ცისკარას ზღაპარი დედოფლისწყაროში აქტუალურ თემად იქცა. დევი სად არის, არ ვიცით, მაგრამ მითი იმაზე, რომ რაიონს 24-საათიანი წყალმომარაგება 2012 წლის მერე აქვს, ტყუილია. და თუ რატომ, დავიწყოთ ცოტა შორიდან…

2011 წელს შვიდი მილიონი ლარი გაიხარჯა ბიუჯეტიდან, რომ დედოფლისყაროში შიდა წყალგაყვანილობა გამოცვლილიყო. 2012 წელს ხელისუფლებაც შეიცვალა და 2013-ში წყალი მართლა მოდიოდა… დადგა ეს 2014 წელი _ უკეთესი რომ უნდა ყოფილიყო და წყალიც დაშრა. 24 საათზე არავინ დაობს, დღეში ერთხელ თუ მოვიდა, „პარადია“, „პარადი“!..

სამაგიეროდ, ხორნაბუჯში, სადაც საქართველოს გული ფეთქავს და პრემიერს ბავშობა აქვს გატარებული, ყველა ოცნება ასრულდა, წყალიც 24-საათიანია, გზებიც 41 ფენად გადაკრული, მოასფალტებული, სპორტული მოედნებიც მოწესრიგებული, გალამაზებული და სოფელიც ნათელშია… რას იზამს კაცი, აბა, პრემიერი ხორნაბუჯში დაიბადა, გაიზარდა და საკუთარი მიწისთვის კი უნდა მიექცია ყურადღება…

ამის სანაცვლოდ დედოფლისწყაროს წყალი გრაფიკით აქვს, დენი თვალის ჩაკვრით, რაიონში არსებულ მონასტერს ელექტროენერგიის დავალიანების გამო, სავარაუდოდ, ჩაბნელება უწერა, სტადიონებზე ხანდახან ქიზიყელი ბავშვები თამაშობენ, უფრო ხშირად კი ძროხები თარეშობენ…

გია გოგოლაშვილი წყალმომარაგების დედოფლიწყაროს რაონის ხელმძღვანელია, მისი ფუძე და სახლ-კარი იქვე, პრემიერის მეზობლადაა და საკრებულოს დეპუტატიც სწორედ ხორნაბუჯიდანაა წარდგენილი. ასე რომ, ღარიბაშვილის ოჯახის მეგობარი საქმეს პირნათლად ასრულებს და წყალს იქ უშვებს, სადაც დიდი უფროსების ოჯახები ცხოვრობენ, მაგრამ სადაც ღარიბაშვილს თავისი ნათესავები დავიწყებული ჰყავს, იქ მაინც ახსოვთ მისი არსებობა.

 

სოფელი საბათლო

საბათლო საქართველოს საზღვრისპირა სოფელია, რომელსაც ერთ მხარეს ალაზანი აკრავს, ალაზნის იქით კი აზერბაიჯანია. ამ სოფელში ყველაზე ადრე შემოდის გაზაფხული, შესაბამისად, რთველიც ყველაზე ადრე იწყება, ყურძენსაც ყველაზე მაღალი შაქრიანობა აქ აქვს. ამდენად, სოფელი კი უნდა იყოს ღონიერი, მაგრამ სოფლამდე რომ მიხვიდე, რაიონიდან, საშუალოდ, 65 კილომეტრი უნდა გაიარო, გზა კი ისეთია, რომ ცხენიც და ძაღლიც ფეხს მოიტეხს, ამ სოფელს არც 2003 წელი შეხებია და არც _ 2012…

მაგრამ სოფელში ახსოვთ, როგორი იმედით უყურებდნენ „ოცნებას“, თუმცა ეს ქართული ოცნება არ იყო, რადგან აქ სომხური ეთნოსი ცხოვრობს და სომხურად ოცნებობენ.

ოცნება კი, თურმე, მათ „ზემლიაკს“ ეხებოდა!

საბათლოში სომხებმა XX საუკუნის დასაწყისში დაიდეს ბინა, მას მერე სოფელი კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა,

სახელმწიფოს საუბედუროდ, აქ მცხოვრებლები ქართულს ნაკლებად ეუფლებიან, ძირითადად, მშობლიურ ენაზე საუბრობენ. მართალია, სკოლა ქართულენოვანია, მაგრამ პედაგოგები, რომლებიც აქ ასწავლიან, ან ძალიან მოხუცები არიან, ან არაკვალიფიციურები, რადგან ბოლოს საბათლოდან უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელება ვინ გადაწყვიტა, აღარ ახსოვთ!

სოფელი მშრომელი და მუყაითია, კვირაში ერთხელ სოფელს ე. წ. ბაზრობა, ანუ მოვაჭრეთა არმია მოადგება „პაზიკი ავტობუსით“ და ჩამოტანილ საქონელს მხოლოდ ნატურალური მეურნეობის აღებ-მიცემობით ასაღებს, ფული ნაკლებად ტრიალებს,

_ ჩუსტი გინდა? ერთი დედალი ღირს!

_ „ტუფლი“ მოგეწონა? _ ქათამი, კვერცხი და ყველი…

ახლა არ გაიკვირვოთ, ეს სად ხდებაო? _ აქ, ჩვენთან, საქართველოში, პრემიერის მშობლიურ მხარეშია ეს ამბავი!

ჩემი საბათლოელი მეგობარი მთხოვს, რომ მისი ვინაობა საგულდაგულოდ შევინახო, მიზეზად კი მისახელებს, _ ამათი თავი არ მაქვსო. როცა ვეკითხები, _ ვინ ამათი-მეთქი? მეუბნება:

_ ჩვენებური რომ იყო და მერე გვარიც შეიცვალა და უარესი _ საფლავების ქვებიც მოთხარა, რომ მათი წინაპრების გვარი არავის გაეგოო…

რუბენას, ანუ ირაკლი ღარიბაშვილის პაპის პაპა აქედან იყო. ჩვენებურია, ჩვენ აზერბაიჯანში მცხოვრები სომხები ვყოფილვართ და იქიდან XX საუკუნის დასაწყისში ქრისტიან ქართველებთან ერთად გამოვიქეცით, ჩვენს წინაპრებს რჯულის შეცვლა არ უნდოდათ და ასე აღმოვჩნდით ალაზნის მეორე მხარეს, ერთ მხარეს აზერბაიჯანი გვაკრავს, სადაც გახედვისაც კი გვეშინია, მეორე მხარეს საქართველო, რომელმაც იმთავითვე მიგვატოვა!

_ კონკრეტულად?

_ კონკრეტულად ის, რომ არავის ვახსოვდით, მერე 2011 წელს სოფლის მოხუცმა კაცებმა თქვეს, ჩევნი რუბენას შვილიშვილი ტელევიზორშიც გამოჩნდა, აქაც იყო და „ოცნებას“ თუ მივცემთ ხმას, სოფელს ეშველება, ეს ბიჭი მოგვხედავს და სხვა თუ არაფერი, სოფლამდე მოსასვლელ გზას მაინც დაგვიგებს, ერთი ჩვენებური გვეყოლება მთავრობაშიო.

_ მხოლოდ ამიტომ მიეცით ხმა?

_ მაგის პაპა კარგი კაცი იყო, თავიდან რუბენას მამასაც აქ უცხოვრია, მერე გადასულა ხორნაბუჯში, მაგრამ აქ ხშირად მოდიოდა და თავის ნათესავებს ნახულობდა. ირაკლი იცი, რატომ დაარქვეს? რუბენას თავისი სახელი არ მოსწონდა და როცა ბავშვი გაჩნდა, პაპამ ასე თქვა, რუბენა და ირაკლი კი წააგავს რაღაცით და მოდი, ქართული სახელი დავარქვათო.

_ მასე, ირაკლის მამას ტარიელი ჰქვია!

_ ხო მასეა! მაგ ტარიელს ყველა „რუბენიჩს“ ეძახდა, 2013-ში საპრეზიდენტო არჩევნები რომ მოდიოდა, ჩამოვიდა სოფელში, ხალხს ეგონა, უნდა ეთხოვა, მარგველაშვილს დაუჭირეთ მხარიო. ეგ არ ითხოვა, რუბენიჩი აღარ დამიძახოთო, ბატონი ტარიელით მომმართეთო. აი, ამის სათქმელად მოვიდა აქ!

მერე სოფელში ხმა გავარდა… 2011-ში რუბენასა და მისი მამის საფლავის ქვები გააქრეს, შეიძლება ახლები დადგეს, რადგან იმ საფლავის ქვებზე ღარიბაშვილის ნაცვლად მათივე გვარი ეწერა _ ღარიბოვი. ასევე, როცა პრემიერი გახდა მისი შვილი, მამა სოფელ-სოფელ დადიოდა და ამბობდა, რუბენიჩი აღარ დამიძახოთო. უარესი: „რუბენიჩს“ თანამშრომელი ჰყავდა კარინა, ხოდა, იმ კარინასაც სახელი შუცვალა და ქეთინო დაარქვა. მე ისიც კი მაქვს გაგონილი, რომ თამაზაშვილს სასიძოდ არ მოსწონდა, თურმე, ეს ჩვენებური. სომხობას გვიწუნებდა, ალაბათ, მაგრამ თამაზაშვილთან რა გვინდა, ღარიბაშვილმა გვკრა წიხლი, ჩვენ რომ სომხები ვართ, რით ვართ ნაკლები?

_ დარწმუნებული ხართ, რომ ღარიბაშვილი სომეხია და სომხობის რცხვენია? სამარცხვინო რად უნდა იყოს?

_ თავად ხომ არის დარწმუნებული, რომ წინაპრების ქვის საფლავები მავნებელია მისი „ჩესტისთვის“? ან იმაში თუ არის დარწმუნებული, რომ ქართველია?

_ რატომ უნდა გაეკეთებინა ეს?

_ ადრე, თურმე, სადღაც გაზეთებში ეწერა სააკაშვილზე, სააკოვიაო, და, ალბათ, მისთვისაც რომ ღარიბოვობა არ შეეხსენებინათ, ამიტომ გააკეთა ეს.

_ ხო, მაგრამ ასეთი ფაქტები არსად იმალება.

_ მთავარი სხვა რამეა: როცა გავიწყდება, ვისი გვარის ხარ, იქ ყველაფერი მთავრდება!

 

P.S. ცოდვა გამხელილი სჯობსო და ხორნაბუჯში ეს ამბავი არავინ დაგვიდასტურა, მაგრამ საბათლოში მაინც ამბობენ, რომ პრემიერი მათი „ზემლიაკია“, დღემდე გზას ველოდებით, როდის დაგვიგებს, მაგრამ ესეც ოცნება ყოფილაო. ცისკარათი დავიწყეთ და  მთლად დევებით რომ არ დავამთავროთ, საბათლოში პრემიერს ელოდებიან. იქნებ, ჩავიდეს, სათქმელი აქვთ ორი სიტყვა.

 

                                                                                        მაკა მოსიაშვილი