თელავის მაჟორტარობის კანდიდატი „ქართუს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იქნება?!

er4

2016 წელი საქართველოსთვის კიდევ ერთი გამოცდის წელიწადია. წითელი მაიმუნის წელიწადის რა გითხრათ, მაგრამ ცხელ-ცხელი რომ უნდა იყოს, ამას ყველა ხვდება. წელს საკანონმდებლო ორგანიზაციის სივრცე იცვლება და ვინ იქნება სამომავლოდ კანონების აღმწერ-დამწერი, ამას უკვე შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები ცხადყოფს.

მოლოდინი ერთია, შედეგი კი _ მეორე…

გეოგრაფიული ტერიტორიების დაყოფა მაჟორიტარული ოლქებისათვის, ჯერ კიდევ, დიდი საკამათო თემაა. თუმცა მაინც უმთავრესი მაჟორიტარი კანდიდატები არიან.

თელავში უკვე გადაჭრით საუბრობენ, რომ „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი წინანდლელი უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანი, პაატა ბატიაშვილი იქნება. ამ ჭორს ის ფაქტიც ამყარებს, რომ თელავის თემის საკრებულოს თავმჯდომარე, პაატა გიორგობიანი, საჯაროდ, სხდომებსა თუ კაბინეტებში დეპუტატებს უკვე ამზადებს წინასაარჩევნო კამპანიისთვის და თავის მეგობრისა და თანასოფლელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

და ახლა უვე მთავარი კითხვა, _ ვინ არის უშიშროების პოლკოვნიკი ბატიაშვილი?!

დაილოცოს გუგლი, რაც არ უნდა მეხსიერების პრობლემა გაგიჩნდეს, გუგლში ჩაწერ და გუგლიც შეგახსენებს.

პაატა ბატიაშვილი დაიბადა 1964 წელს სოფელ წინანდალში. მრავალი წლის მანძილზე უშიშროებაში მაღალი თანამდებობები ეკავა, თუმცა ტაიმ-აუტიც ჰქონდა, _ როცა მისი მეგობარი და ნათელმირონი ვალერი ხაბურძანია ქართული პოლიტიკის რადარებიდან გაქრა, ბატიაშვილიც დაითხოვეს სამსახურიდან.

სამსახურიდან დათხოვამდე კი იყო კახეთის უშიშროების სამსახურის რეგიონის უფროსი, მოგვიანებით, 2012 წლის მერე კი სუს-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.

ბატიაშვილი ხაბურძანია-თარგამაძე-თამაზაშვილის დროინდელი მუშაკია, წორედ მისი და თამაზაშვილის მმართველობის პერიოდში გაიტაცეს ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ. თამაზაშვილ-ბატიაშვილის ხანას უკავშირდება პანკისის ხეობის მრავალი შავბნელი ისტორია, გაუხსნელი მკვლელობა, ჩეჩენ მებრძოლთა შემოსვლა რეგიონში. ნარკოტიკების სარეალიზაციო ბუდედ იყო ქცეული კახეთის რეგიონი. სამართალდამცველების მხრიდან მექრთამეობა, გამოძალვა და დაშინება მათი პერიოდის მთავარი ნიშაა…

როგორც გახსოვთ, ტყვეობიდან განთავისუფლების მეორე დილასვე ბრიტანელი ბანკირი პიტერ შოუ იმ პირობით გაემგზავრა სამშობლოში, რომ ყოველნაირად დაეხმარებოდა ქართველ სამართალდამცველებს მისი გატაცების საქმის გამოძიებაში. 13 დეკემბერს ლონდონიდან დაბრუნებული შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წევრები დაბნეულნი გამოიყურებიან. ლონდონში შეხვედრისას პიტერ შოუმ, ჯერ ერთი, აღშფოთება გამოთქვა მის მიმართ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, რაც შეეხება პიტერ შოუსთან გასაუბრების სხვა დეტალებს, ერთ-ერთ მედიასთან მიცემულ ინტერვიუში საგამოძიებო ჯგუფის წევრი, კახეთის სამხარეო უშიშროების განყოფილების უფროსი პაატა ბატიაშვილი, ამბობს, რომ პიტერ შოუმ ჩვენება შეცვალა, საქმე კი გაუხსნელი დარჩა…

ეს არის მედიაში შემონახული პირველი კომენტარი, რომელიც დღეს უკვე თელავის მომავალმა მაჟორიტარმა დეპუტატმა გააკეთა. ანუ შევარდნაძის ეპოქის ყველაზე მიღებული უშიშროების თანამშრომელი დღეს საკანონმდებლო სივრცეში გადაადგილებაზე ოცნებობს.

სულ რამდენიმე წლის წინათ ვალერი ხაბურძანიას ერთ-ერთ ინტერვიუს ვინმე მოქალაქე ასეთი ფორმით ეხმაურება:

„ხაბურძანიას მინდა ვკითხო, რა თანამდებობაზე უნდა დანიშნოს მისი მინისტრობის დროინდელი, ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული სამმართველოს უფროსი, პაატა ბატიაშვილი, რომელიც კახეთში ყველას და ყველაფერს წილში რომ ეჯდა და ატყავებდა, ახლა „ოცნებაში“ არის შეფარებული და შსს-ში თანამდებობაზე რომ დასკუპდა, მერე რა პოსტს შესთავაზებს ბატონი ვალერი თავისი ნათლულის მამას?“

თუმცა ბატიაშვილის სამეგობრო წრე უფრო ვრცელია. მის ერთ-ერთ უახლოეს მეგობრად სახელდება უშიშროების ყოფილი პრესსამსახური, ხოლო მოგვიანებით ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა ლალიაშვილი.

როგორც თელავში ქრისტიან-დემოკრატები იხსენებენ, ჯერ კიდევ 2010 წელს სწორედ მათი პარტიის სახელით სურდა ბატიაშვილს არჩევნებში მონაწილეობა. მოგვიანებით, მასზე პარტიამ ფსონი აღარ დადო, თუმცა პაატა გულდაწყვეტილი დრაჩა, რომ პარლამენტი გაემაზა. დარწმუნებული იყო, აუცილებლად შევიდოდა საკანონმდებლო ორგანოში. რატომ იყო ასე დარწმუნებული, არ ვიცი, მაგრამ რომ სჯეროდა და ძალიან უნდოდა, ეგ ვიცი. დღეს კი უკვე ყველას მოგვეხსენება, საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. აი, ასე იგონებენ ყოფილი ქრისტიან-დემოკრატები მას, თუმცა, რატომღაც, ვინაობის გამხელას არ ისურვებენ, ერთი მარტივი მიზეზით: „არ მაქვს მაგის თავი, გადაკიდება იცის და სამარემდე ჩაყოლა“.

2012 წლის შემდეგ ბატიაშვილი ძველ უწყებას კვლავ უბრუნდება, რამდენიმე წელიწადი იმსახურა სუს-ში, მაგრამ ძველი, შევარდნაძისეული მეთოდები ვერ დაივიწყა და მრავალი კითხვის ნიშნით გაათავისუფლეს უწყებიდან. კერძოდ:

რას წერს მედია ბატიაშვილის განთავისუფლებაზე?!

 

„ბი ნიუსი“: თითქმის ერთი წლის წინათ „შპს გზის“ მეპატრონე გია ჭყონია სკანდალში ეხვევა.

ცნობილი ხდება, რომ მის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, პაატა ბატიაშვილი.

ბატიაშვილი ბიზნესმენ გია ჭყონიას უახლოესი მეგობრია, წლების განმავლობაში გარკვეული საფასურის სანაცვლოდ უწევს მფარველობას ბიზნესმენს და მისი წყალობით ჭყონიამ არაერთი მსხვილი პროექტი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ბატიაშვილის მიმართ მიმდინარეობს მოკვლევა უსაფრთხოების სამსახურში ოპერატიული თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით, აგრეთვე ბიზნესმენებისგან „კრიშის“ სახით თანხების აღებასა და ბიზნესის მფარველობაზე.

ბატიაშვილის მიმართ ასევე მოკვლევა მიმდინარეობს დაბა ბაკურიანში მიწების უკანონო შეძენა-მითვისებაზე, კერძოდ, დაბა ბაკურიანში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხორციელდება 160-მილიონიანი ინვესტიცია. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბატიაშვილმა წინასწარ შეისყიდა მიწები, შემდეგ ინვესტორზე მისყიდვის მიზნით“.

„ბი ნიუსის“ წყაროზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ბატიაშვილი პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან დაახლოებული და მის მერ ნდობით აღჭურვილი პირია.

რა ქონებას ფლობს კაცი, რომელიც გამუდმებით მექრთამეობაშია მხილებული და, ამავდროულად, ხშირად უშიშროების ხერხემლადაც მოიხსენიებდნენ?

რამდენიმე ათობით ჰექტარ მიწას წინანდალში, ვარდისუბანსა და კახეთის სხვადასხვა ტერიტორიაზე; აქვს ბინა წინანდალში, თბილისში, თელავში…

განსაკუთრებით იზიდავს უძრავი ქონების დაპატრონების სურვილი, სულ რამდენიმე თვის წინათ თელავის უნივერსიტეტის კუთვნილი 16 ჰა მიწის მოსაპოვებლად უსიამოვნო საუბარი ჰქონდა სხვადასხვა მაღალჩინოსანთან, თუმცა მიწა მაინც ვერ იგდო ხელთ და იგი ალექსანდრე ჭიკაიძის საკუთრება გახდა.

რაიონში ბატიაშვილის ცნობადობა მაღალი და არარეიტინგულია. თუ მისი განთავისუფლების ბოლო ფაქტსაც გავიხენებთ, მივხვდებით, რომ  ბატიაშვილის მარადიული პრობლემა ვინმეს „დაკრიშვა“ და სანაცვლო გასამრჯელოს მიღებაა.

დღეს იგი „ქართუს“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსია, რაც კიდევ ერთხელ აჩენს მყარ ეჭვს, რომ იგი ნამდვილად ემზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის.

ასე რომ, ქართულ პოლიტიკას მალე ყოფილი „კაგაბეშნიკი“ და უკვე „ქართუდან“ გადმოსახლებული პოლიტიკოსი მოევლინება.

 

                                                                                                                მაკა მოსიაშვილი