ვირჯინიული მონოპოლია რუსული სუბტიტრებით – საიდან და ვისი ფული მოედინება ოფშორულ ჯიბეში?

მას მერე, რაც საქართველოში ერთი მეორის მიყოლებით აგრარულ ბაზრებს ხურავენ და მის ნაცვლად, ინდოეთის მოქალაქის მფლობელობაში მქონე  შპს „ჯიბის“ საბითუმო ცენტრებს ხსნიან, „ქრონიკა+“ ხსენებული კომპანიით დაინტერესდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი  ის გახლავთ, რომ მსგავსი დახვეწილი სქემა, სადაც ოფშორი, რუსეთი, აზიის ქვეყნები (ახლო და შორეული აღმოსავლეთის) და საქართველო ოსტატურად არის გადახლართული, ჩვენ არ შეგვხვედრია. პირველ ეტაპზე შევეცდებით ჯერ ეს კვანძი გავხსნათ, სადაც ბიზნესი, პოლიტიკა და უცხო ქვეყნის ინტერესები ერთად იყო  გამოფსკვნილი.

დავიწყოთ:

შპს „ჯიბე“ლევან დავითაძემ (95%) და სერგო გელაშვილმა  (5%) 2008 წელს  ჩამოაყალიბეს. 2010 წლისთვის წილი სხვისდება კვიპროსში დარეგისტრირებულ კომპანია „ფი ემპორტო მედიტერაზე“ (30%) და  ლევან ესვანჯიაზე (70%).  2012 წელს წილი კვლავ სხვისდება გიორგი ისაკაძეზე (55%) და ინგა კაკაჩიშვილზე (45%), დირექტორად კი ინიშნება ნიკოლოზ ივანიშვილი.

ცნობისთვის: ნიკოლოზ ივანიშვილმა 2010 წელს ჩამოაყალიბა კომპანია  „ჯი ემ სი“ გიორგი ისაკაძესთან, მატვეი განაპოლსკისთან და ბიძინა ბარათაშვილთან ერთად. 

ნიკოლოზ ივანიშვილი შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ კახა თარგამაძის დროს საგზაო პოლიციას ხელმძღვანელობდა. ირიცხებოდა „მრეწველთა პარტიის“ რიგებშიც, 2006 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ივანიშვილმა მთაწმინდის რაიონში სწორედ „მრეწველების“ სიით იყარა კენჭი.

ახლა კი მივყვეთ ქრონოლოგიას:

2013 წელს შპს „ჯიბის“ დირექტორი ხდება  ინგა კაკაჩიშვილი, რომელიც აღნიშნულ კომპანიაში 2012 წლიდან დაწყებული, 2013  წლის ნოემბრამდე ფლობს 45%-იან  წილს.  2014  წლიდან ინგა კაკაჩიშვილს წილი აღარ აქვს. სამაგიეროდ, 2015 წლის  ივლისისთვის მას შპს „დგსში“ უჩდნება 67,66%-იანი წილი.

ვინ დგას შპს „დგს“ უკან, რომლის წილობრივი პარტნიორი (მართალია, ცოტა ხნით) ხდება „ჯიბის“ ყოფილი მეწილე?

კომპანია „დგს“ 2014 წლის  26 ნოემბერს დაარეგისტრირეს გიორგი ნასყიდაშვილმა (66.67 %) და დავით გიგაურმა (33,33%). ზუსტად ერთ დღეში, 27 ნომბერს, გიორგი ნასყიდაშვილს ანაცვლებს გიორგი ხაბელაშვილი და ის ხდება 66.67 %-იანი წილის მფლობელი.

ნიკოლოზ ივანიშვილი 2013  წლის  იანვრიდან აპრილამდე შპს „ჯიბეში“ ფლობდა 55%-იან წილს. მანამდე, ნიკოლოზ ივანიშვილი (2011-2012 წწ-ებში)  „ჯიბის “  დირექტორი გახლდათ.  ქართული საზოგადოება კარგად იცნობს ნიკა ივანიშვილს, რომელიც სხვადასხვა წლებში იყო  საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი,  კლუბ „დინამოს“ დირექტორი.

2013 წლის განმავლობაში დირექტორები მონაცვლეობენ: ნიკა ივანიშვილი, ინგა კაკაჩიშვილი, გიორგი ხაბელაშვილი, ლევან ნიჟარაძე. 

2014  წელს შპს „ჯიბე“ იცვლის მეპატრონეს და მისი წილის მფლობელები ხდებიან: „გალმინგტონ ჰოლდინგს ლიმიტედ“, ვირჯინიის კუნძულები  (55%) და თეიმურაზ მარეხაშვილი (45%). ასე და ამგვარად, „ჯიბის“ საკონტროლო პაკეტი გადადის ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიაზე.

2017 წლისთვის  შპს „ჯიბეს“  ახალი მეწილეები ჰყავს. ესენი არიან: სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი“ (20%),  გიორგი ხაბელაშვილი (20%) და სააქციო საზოგადოება „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ (60%).  20%-იანი წილის მფლობელი გიორგი ხაბელაშვილი 2018 წლის ბოლომდე რჩება კომპანიის დირექტორადაც, 2019 წელს კი დირექტორად ნიშნავენ ანა გახარიას. იმავე წლის აგვისტოდან  ხაბელაშვილი აღარ ფიგურირებს მეწილეებში და მისი წილი გადადის  „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯიაზე“, რომლის შემდეგაც ინდოეთის მოქალაქის კომპანია შპს „ჯიბის“ 80%-იანი მფლობელი ხდება. 

დღეს, 2020 წელს, „ჯიბის“ მეპატრონეები არიან:  სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი“  – 20% და  სააქციო საზოგადოება „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ – 80%.

აი ახლა კი დავიწყოთ!

სააქციო საზოგადოება „პონტო ჰოლდინგი“ დარეგისტრირდა 2016  წელს მისამართზე – გუდიაშვილის მოედანი #4.  მმართველი ორგანო გახლავთ აქციონერთა საერთო კრება, ხოლო დირექტორი – გიორგი ბერიანიძე. წესდების მიხედვით, დამატებითი უფლებამოსილება ენიჭება გიორგი კილასონიას და ლევან ქანთარიას, რომელთაც უფლება ეძლევათ, ხელი მოაწერონ დამფუძნებლის სახელით.  ეს 20%-იან მფლობელს რაც ეხება!

სს „ჯი-ეიჩ-ელ ჯორჯია“ დარეგისტრირდა 2017 წელს, ინდოეთის მოქალაქე რაჯეშ ვასუდევან ნამბიარის მიერ.  პირველი კითხვა, რაც აქ ისმის, არის შემდეგი: 2008 წელს დაფუძნებული კომპანიის  დამფუძნებლები 2016 და 2017 წლებში გახსნილი კომპანიები ვერ იქნებიან. შესაბამისად, ისინი არიან შპს „ჯიბის“ ახალი მეპატრონეები. სწორედ ამ ახალი მეპატრონეების შემოსვლის შემდეგ იწყება „ჯიბის“ აღმასვლისა და მისი მონოპოლისტად ქცევის ისტორია.

ვინ და რა დგას ახალი მეპატრონეების უკან?

აქ ძალიან საინტერესო ფიგურანტად გვევლინება გიორგი კილასონია, რომელიც „გარედან“ არსად ჩანს, თუმცა „ქრონიკა+“-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტაციაში  ფიგურირებს მთელი თავისი რეგალიებით. 

ცოტა შორიდან დავიწყებთ.

შპს „ჯონსონ ენდ ჯონსონ მედიკალ ლიმიტედის“  წარმომადგენლობა საქართველოში დარეგისტრირდა 2008  წელს.  დირექტორი გახლდათ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე არმან ვოსკერჩიანი. 2012 წლისთვის მისი ლიკვიდატორები ხდებიან კომპანიის პარტნიორები: რუსეთის მოქალაქე ოლესია აკიმცევა და რუსუდან ჭკუასელი.

ვინ არის არმენ ვოსკარჩიანი, რომლის დაფუძნებული კომპანიის პარტნიორიც გახლდათ რუსუდან ჭკუასელი?

არმენ ვოსკარჩიანი (რომელიც ფრანგულად „არმანად“ მოიხსენიება) გახლავთ რუსეთში სამედიცინო პროდუქციის მწარმოებელთა ასოციაციის (IMEDA) შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. იგი ხსენებული ასოციაციის დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი ხდება 2008 წლიდან. მანამდე, 1998 წელს, მუშაობა დაიწყო კომპანია Johnson & Johnson-ში  საკმაოდ მოკრძალებულ ადგილზე – სავაჭრო წარმომადგენლად. წლების შემდეგ იგი კომპანიის დსთ-ს ქვეყნებში ბიზნესის განვითარების მენეჯერად გვევლინება, 2007 წელს კი რუსეთის  Johnson & Johnson-ის გენერალური დირექტორი ხდება.

2013 წელს არმანი მოსკოვის Philips-ის კომპანიაში გადადის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, 2015 წლიდან კი მისი გენერალური დირექტორია. როგორც ჩანს, სწორედ Philips-ში გადასვლას უკავშირდება საქართველოში მის მიერ დაფუძნებული Johnson & Johnson-ის ლიკვიდირება თავის  ორ პარტნიორთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი რუსუდან ჭკუასელია.

ცნობისთვის: Johnson & Johnson-ის წარმომადგენლობამ საქართველოში მოღვაწეობა განაახლა 2015 წელს და მისი დამფუძნებელი გახდა, რა თქმა უნდა, ისევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ნატალია სიჩევა.

Johnson & Johnson-ის კომპანიიდან რუსუდან ჭკუასელი გვაინტერესებს (რუსეთის ფედერაციას არ ვიმჩნევთ).

 შპს „ეფ ეს ტექნოლოჯი“ დარეგისტრირდა 2016 წელს. იურიდიული მისამართი: გუდიაშვილის მოედანი #4 (ზუსტად იგივე მისამართზე, რაც „ჯიბის“ 20%-იანი მესაკუთრის, „პონტო ჰოლდინგის“ იურიდიული მისამართია).  2017 წელს კი დაიწყო მისი ლიკვიდირება ხელმძღვანელობის წარმომადგენლობის მიერ. ლიკვიდატორები იყვნენ:  გიორგი კილასონია, ინგა ნათელაური (საქართველო, რუსეთის ფედერაცია),  მარიამ ჩიხრაძე, დემეტრის პოლიკარპო (დირექტორი, კვიპროსი), მიკალის კრისტო (დირექტორი, კვიპროსი).

შპს „ეფ ეს ტექნოლოჯიდან “გიორგი კილასონიასა და მარიამ ჩიხრაძეს გამოვყოფთ (რუსეთის ფედერაციას არ ვიმჩნევთ).

შპს „გეთ ტექნოლოჯიზი“ დარეგისტრირდა 2007 წელს. 2019 წელს მოხდა მისი ლიკვიდირება ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობის მიერ. ლიკვიდატორები არიან:  გიორგი კილასონია, ლიკა კაპანაძე, მარიამ ცისკარაშვილი, მარიამ ჩიხრაძე, დირექტორი – შლომო შაული (ისრაელი), – ელიას ტანუსი – (დირექტორი, ისრაელი).

შპს „გეთ ტექნოლოჯიზი“ – ისევ ლიკვიდაცია, სადაც   გიორგი კილასონია და მარიამ ჩიხრაძე ფიგურირებენ.

სიეკო ბითისის (გაერთიანებული სამეფო) ლიმიტედის წარმომადგენლობა საქართველოში უცხოური საწარმოს ფილიალი გახლავთ,  რომელიც საქართველოში დარეგისტრირდა 2015 წელს მისამარათზე გუდიაშვილის  მოედანი #4. ხელმძღვანელი გახლდათ იაპონიის მოქალაქე ათუში კავასაკი. 2018 წელს მოხდა მისი ლიკვიდირება ხელმძღვანელობა-წარმომადგენლობის მიერ. ლიკვიდატორები არიან: რუსუდან ჭკუასელი, გიორგი კილასონია, მარიამ ჩიხრაძე, ათუში კავასაკი (ხელმძღვანელი, იაპონია).

„სიეკო ბითისის“  შემთხვევაში აქ უკვე ყველა ზემოთ ხსენებული პიროვნება ერთად არის მოქცეული.

დოკუმენტაციას ცოტა ხანი დავანებოთ თავი და სხვა ტიპის ფაქტებზე გადავალთ!

შპს „ჯიბე“ თავის ოფიციალურ გვერდზე, გრაფაში „ვინ ვართ ჩვენ“, წერს:

„კომპანიის დაარსებამდე  ქვეყანაში საბითუმო ვაჭრობას არაორგანიზებული  და ქაოსური სახე ჰქონდა. ეს ყველაფერი ნეგატიურად მოქმედებდა დარგის განვითარებაზე.  მეწარმეებსა და იმპორტიორებს უჭირდათ პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლა და საბოლოოდ, მომხმარებლამდე მიტანა. რეალიზაციის ძირითადი არეალი შემოიფარგლებოდა დედაქალაქით, რაც თავისთავად აისახებოდა პროდუქტის საფასო პოლიტიკის ფორმირებაზე, განსაკუთრებით რეგიონებში. თავისთავად გაჩნდა საბითუმო ვაჭრობის ლეგალიზების, ორგანიზებისა და საფასო პოლიტიკის დარეგულირების  საჭიროება, რამაც საფუძველი ჩაუყარა კომპანიის დაფუძნებას. დამფუძნებლების 20-წლიანმა გამოცდილებამ იმპორტში, ვაჭრობასა და დისტრიბუციაში, არსებული სიტუაციის გაანალიზებამ და მონდომებამ, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით შექმნილიყო ცივილიზებული და ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი, სულ მალე გამოიღო შედეგი და 2010 წელს დაარსდა კომპანია  „ჯიბე ქეშ&ქერი“. მალევე მკვეთრად შეიცვალა სიტუაცია საბითუმო ვაჭრობის სფეროში, შესაძლებელი გახდა წარმოებული და იმპორტირებული პროდუქციის მთელი ქვეყნის მასშტაბით გაშლა და, შესაბამისად, მომხმარებელს გაუჩნდა საშუალება შუამავალი რგოლების გარეშე საქონლის შესყიდვისა. კომპანიის ზრდასთან ერთად მატულობდა მოთხოვნა და საჭირო გახდა თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების დანერგვა.

ასევე სწორედ ამიტომ საჭირო გახდა სტრატეგიული პარტნიორის მოძიება. 2015 წლიდან განხორციელდა სოლიდური ინვესტიცია კომპანიის გასავითარებლად.  კომპანიის ერთ-ერთი აქციონერი გახდა „გალმინგტონ ჰოლდინგ ლიმიტედი“. გალმინგტონი მსოფლიო ბაზარზე ოპერირებს, ფლობს და მართავს „ქეშ & ქერის“ ქსელებს  აზიისა და აფრიკის კონტინენტზე. „ჯიბე ქეშ&ქერი“ არის საქართველოში პირველი და ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი, რომელიც ემსახურება როგორც იურიდიულ პირებს, ასევე – საცალო მომხმარებლებს.

„გალმინგტონ ჰოლდინგ ლიმიტედი“ ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიაა, რომელიც „ჯიბის“ გარდა ფლობს შპს „ჯეომილს“. მას ამ უკანსკნელში ეკუთვნის – 63%, სააქციო საზოგადოება ლგბ კომპანიას – 6%, საზოგადოება „პონტო კაპიტალს“ –  4%,  ლია ენუქიძეს – 2%, პარინ რაჯანიკანტ კაპასის – 25% (ინდოეთი).

ბარემ აქვე დავძენთ, რომ „ჯეომილსის“ დირექტრომა ბესიკ ბეჟაშვილმა „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა, ხოლო „პონტო ჰოლდინგის“  დირექტორმა გიორგი ბერიანიძემ – 10 000 ლარი („ოცნებას“). ბესიკ ბეჟაშვილი გახლავთ ასევე შპს „წინანდლის ღვინის მარნის“ მეწილე და  Paradise Development Group-ის დირექტორი.

Paradise Development Group-ის 37% და 38%-ის მფლობელები არიან ჰიმატლალ კაპასი და პარინ რაჯანიკანტ კაპასი, ორივე ინდოეთის მოქალაქეა.

ძალიან ბევრი ინდოეთი და ოფშორული ზონა ფიგურირებს, ასევე ამ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული  კომპანიები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ ურიცხავენ ფულს.

რატომ იყენებენ ისინი ოფშორს?

კომპანიის ოფშორში რეგისტრაციის მთავარი მოტივატორი კონფიდენციალობა და ფულის წარმომავლობის გადამოწმების დაბალი სტანდარტებია.  ოფშორებს ხშირად იყენებენ როგორც მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, ისე სახელმწიფო მოხელეები, რომლებსაც ბიზნესსაქმიანობა ეკრძალებათ. ყველას კარგად გახსოვთ „საგამოძიებო ჟურნალისტების საერთაშორისო კონსორციუმის“ მიერ 2016 წლის აპრილში გამოქვეყნებული „პანამის დოკუმენტები“. 

„ქრონიკა+“ „ვირჯინიის კუნძულების დოკუმენტებს“ ამზადებს.

თამარ როსტიაშვილი