QronikaPlus
გია ხუხაშვილი - ხელისუფლების მიზანია რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის დამყარება

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების მიზანია რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიის დამყარება

2025-12-26 11:17:32

გიგა გელხვიიძე

 

2025 წელი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის აღმოჩნდა არა მხოლოდ მორიგი პოლიტიკური კალენდარული ციკლი, არამედ ეგზისტენციალური არჩევანის პერიოდი. ქვეყანა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დასავლური ინტეგრაციის ამბიციით ცხოვრობდა, დღეს მწვავე ავტოკრატიისა და გეოპოლიტიკური ვექტორის რადიკალური ცვლილების საფრთხის წინაშე დგას.

 

ინტერვიუში ის არ ერიდება მძიმე შეფასებებს და დეტალურად აღწერს იმ „სრულ დეგრადაციას“, რომელიც, მისი აზრით, 2025 წლის მთავარ მახასიათებლად იქცა. გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლება დღეს მიზანმიმართულად აშენებს რუსული ტიპის „სუვერენულ დემოკრატიას“, სადაც ინსტიტუციური განვითარება ავტოკრატიულმა ჩაკეტილობამ ჩაანაცვლა.

გია ხუხაშვილი ასევე საუბრობს დასავლეთთან დამწვარ ხიდებზე, ოპოზიციის ლეგიტიმაციის კრიზისსა და იმ მცირე, თუმცა ჯერ კიდევ არსებულ შანსებზე, რომლებიც ქვეყნის ნორმალური განვითარების გზაზე დასაბრუნებლად არის საჭირო.

 

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი:

 

_ ბატონო გია, როგორ შეაფასებდით 2025 წელს პოლიტიკურად? იყო ეს გარუსების წელი თუ პოლიტიკური გადარჩენისთვის ახალი ბრძოლის ეტაპი დაიწყო?

_ ვერ ვიტყვი, რომ პროცესი შეუქცევადია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს წელი იყო სრული დეგრადაციის წელი. ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების კუთხით მივუახლოვდით შეუქცევადი პროცესების წერტილს. საშინაო პოლიტიკაში, სამწუხაროდ, ეს ავტოკრატია საბოლოოდ ჩაბეტონდა, ხელისუფლებამ ამისთვის ყველაფერი გააკეთა, ეს მოცემულობა გვაქვს.

_ თქვენ ხშირად საუბრობთ სისტემის ურჩხულზე და მინდა გკითხოთ თქვენივე სიტყვებით, მოახერხა თუ არა ხელისუფლებამ ძალაუფლების ჩაბეტონება?

_ ფაქტია, რომ ისინი მიდიან რეჟიმის გამყარების მიმართულებით და ყველაფერს აკეთებენ ამ კუთხით, რუსული ტიპის სუვერენული დემოკრატიული სისტემის ჩამოსაყალიბებლად და ამისთვის სარგებლობენ იმ ინსტრუქციებით თუ „შპარგალკებით“, რაც თავის დროზე რუსეთს დავუბრუნეთ და, პრინციპში, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ მიმართულებით მიდიან. მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი საკმაოდ მძლავრია და მასშტაბურია, გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი არის დაქსაქსული, მაკონსოლიდირებელი ფაქტორი არ არსებობს, ხელისუფლება ამით სარგებლობს და სულ უფრო და უფრო ამყარებს თავის პოზიციებს. ეს მოცემულობაა. ეს ხდებოდა 2025 წელს და რაც ყველაზე სამწუხაროა, საგარეო პოლიტიკაში დავკარგეთ სუბიექტურობა და ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ, ფაქტობრივად, იწვება ხიდები დასავლეთთან და მიმდინარეობს ჩვენი რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციის პროცესი. ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, კიდევ არის შანსები, რომ ეს ყველაფერი შეჩერდეს და ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალური განვითარების გზას, მაგრამ რაც დრო გადის ეს შანსი სულ უფრო და უფრო მცირდება. ამაში გარკვეული „დამსახურება“ ოპოზიციასაც აქვს.

_ აუცილებლად უნდა შევეხო 4 ოქტომბრის აქციას, ე. წ. დროშების რევოლუციას, რომელიც იყო დაანონსებული და დასრულდა კრახით. რა იყო ამის მთავარი მიზეზი? _ ხელისუფლების რეპრესიული მანქანა თუ ის დაქსაქსულობა, რომელიც არა მხოლოდ ამ აქციაზე, სხვა პროცესებშიც გვინახავს? ჩვენ გვახსოვს ასევე 2024 წლის არჩევნებზე ოპოზიციამ დააჯერა ამომრჩეველი, რომ არჩევნები ვერ გაყალბდებოდა, თუმცა მეორე დღეს აღმოჩნდა, რომ გაყალბდა.

_ მიზეზი ბევრია და მთავარი მიზეზი არის ოპოზიციის სისუსტე. როდესაც ხარ სუსტი, იქ ძალიან ბევრი სხვადასხვა პროცესი იჩენს თავს. ჩვენი ოპოზიცია არის სუსტი და არ გვაქვს მხოლოდ ხელისუფლების არალეგიტიმურობის პრობლემა, ოპოზიციის ლეგიტიმურობის პრობლემაც გვიდგას. როდესაც ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდები და ამბიციური ხარ, უკვე რაღაც ავანტიურისკენ გაქვს მიდრეკილება. 4 ოქტომბერი იყო ერთ-ერთი ასეთი ავანტიურა, რამაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება. ვითარება რთულია, მაგრამ არ მინდა იმის თქმა, რომ უიმედოა. ბრძოლა გრძელდება, ჩვენ ვხედავთ უამრავ ჯგუფს, რომლებიც არიან განწყობილი ბრძოლისთვის, თუმცა ამ ყველაფერს სჭირდება თავის მოკვრა, ლიდერი სჭირდება. არ არსებობს ისტორიაში არმია და ომი, რომელიც სარდლობის გარეშე იყო მოგებული.

_ რეალური ლიდერები ვინც იყვნენ, ყველა ციხეში არიან. ახალი ლიდერი კი ჯერ არ გამოკვეთილა, ესეც ფაქტია.

_ შესაბამისად, საჭიროა ლიდერი ან ლიდერთა ჯგუფი, რომელიც მოიპოვებს პროტესტის ნდობას, ავტორიტეტს. წარმოადგენს ამ პოლიტიკური ომის სწორ და ჯანსაღ გეგმას და ყველაფერი იქნება წესრიგში, თუმცა პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს ლიდერები სხვადასხვა მიზეზით ამას ვერ აკეთებენ. პროტესტი ცალკე ცხოვრებით ცხოვრობს თითქოს და ლიდერები _ ცალკე ცხოვრებით. ამით ყოველთვის კარგად სარგებლობს ხელისუფლება.

_ თქვენ კარგად გესმით იმ ნაბიჯების, რასაც დგამს „ქართული ოცნება“ და მინდა გკითხოთ, რამდენად არის შესაძლებელი, რომ აკრძალონ პარტიები, გაასუფთაონ ოპოზიციური ველი და რამდენად იქნება ამის შემდგომ ჩანიშნული ვადამდელი არჩევნები ლეგიტიმური, რომელზეც ხშირად ისმის საუბარი ბოლო დროს?

_ ხელისუფლების მიზანია, გითხარით უკვე, რუსული ტიპის, სუვერენული დემოკრატიის დამყარება და რას ნიშნავს ეს: ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ერთი დომინანტი პოლიტიკური ძალა და მისი სატელიტი ოპოზიცია. პარტიების გაუქმება არ არის თვითმიზანი, მიზანი არის პარტიების მოთვინიერება და მათი ჯიბეში ჩასმა. ვისთანაც ეს მოხერხდება, იმათ დატოვებენ სივრცეში. ყველას ურჩევნია, რომ ტრადიციული პარტიები იყვნენ, ვიდრე თვითონ გამოიგონონ. რა თქმა უნდა, თუ რომელიმე არსებული პარტია დათანხმდება ამ თამაშის წესებზე, ბუნებრივია, უფრო მარტივია მათთან მუშაობა, ვიდრე ახლის გამოგონება, „ხალხის ძალა“ და ისინი რომ არიან, თავის წიაღიდან რომ გამოჩეკეს. ხელისუფლებას ურჩევნია ტრადიციული პარტიები, თუმცა თუ ვინმე ჯიუტობს, ისინი უნდა იყვნენ გაყვანილი ლეგალური პოლიტიკური სივრციდან და ამის რა ფორმა არსებობს? პარტიის ლიკვიდაცია ან იძულება, რადიკალურ ნაბიჯებზე წავიდეს და მერე თეორიები შეთხზან, რაც ახლა ხდება,, აი საბოტაჟის საქმეები რომ გახსნეს და ა. შ.

ეს არის წმინდა რუსული სქემა. ამ სქემით ყველაფერი მოსალოდნელია, შეიძლება გააუქმონ, შეიძლება ყველა დაიჭირონ საბოტაჟის მუხლით. ყველაფერი შეიძლება გააკეთონ, ამოცანიდან გამომდინარე ხდება ეს ყველაფერი და ამოცანის მიხედვით ასეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბება არის გამიზნული, რომ „ქართული ოცნება“ სულ უნდა არსებობდეს ხელისუფლებაში, თავხედურად უნდა იყოს ოპოზიცია, რომელსაც ექნება თავისი შეზღუდული ბოსტანი. ეს არის დამკვიდრებული რუსეთში, არიან იქ ტრადიციული პარტიები „კომპარტია“ თუ „ლიბერალ-დემოკრატები“, მაგრამ ისინი თანხმდებიან ამ თამაშის წესებზე, მათ არ აქვთ ამბიცია, რომ ხელისუფლება შეცვალონ. ასეთი პარტიები სჭირდება ხელისუფალს, რომ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ.

_ გახარიაზე უნდა გკითხოთ, თქვენ მას სიტუაციურ მოკავშირეს უწოდებდით. ახლა სწორედ გახარიას პარტია აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც შევიდა „ქართული ოცნების“ პარლამენტში და ამავდროულად ჩვენ ვხედავთ აღძრულ საქმეებს ყოფილი პრემიერის წინააღმდეგ. სად ხედავთ გახარიას 2026-ში?

_ ყველა ოპოზიციური პარტიას აქვს პრობლემები და რა არის მათი მთავარი პრობლემა?  მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომელი პარტია რა ტაქტიკით ივლის, ვინ პარლამენტში შევა და ვინ არ შევა. ამ პარტიების პრობლემა არის ის, რომ მათ უკან არ დგას რეალური ამომრჩეველი, რაც ხელისუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა. ძალა ხომ ხალხშია? ოპოზიცია, თვითონ პარტია არაფერს ნიშნავს, თუ მის უკან არ დგას ამომრჩევლის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი სეგმენტი. სხვა შემთხვევაში, წავალთ ახლა მე და თქვენ და პარტიას ერთ კვირაში დავარეგისტრირებთ, რა პრობლემაა? 2026-ში ეს პარტიები სად იქნებიან, ძალიან ძნელი სათქმელია, ბევრ ფაქტორზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული და ეს არ არის მხოლოდ საშინაო ფაქტორები. ჯერჯერობით ჩვენი პარტიები იქცნენ ვირტუალურ პარტიებად, არც კი ცდილობენ, რომ იმუშაონ საზოგადოებასთან და გაზარდონ თავიანთი ელექტორალური ბაზა. რიგგარეშე არჩევნებს რომ ითხოვენ, რისი იმედით ითხოვენ? ობიექტური და კონკურენტული არჩევნებიც რომ ჩატარდეს, ჰყავთ მათ ელექტორატი? _ არ ჰყავთ, ეს არის პრობლემა! ყველა არასახელმწიფოებრივი სოციოლოგიური კვლევა ამას აჩვენებს და ნაცვლად იმისა, რომ ზრუნავდნენ ელექტორალური სეგმენტის გაფართოებაზე, ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებულები, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მათ მდგომარეობას. სხვა ნაბიჯები არის გადასადგმელი, პოლიტიკურ კინკლაობაზე უნდა ითქვას უარი და დიდ ძალას, რომელიც აქვს ხელისუფლებას, უნდა დაუკავშირონ ადეკვატური ძალა, რათა მოხდეს ერთჯერადი ამოცანის შესრულება და ეს ერთჯერადი ამოცანა არის ხელისუფლების ცვლილება. ამას სჭირდება უკვე გაერთიანება, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად შეუთავსებლები არიან. ცალ-ცალკე ისინი დღევანდელ შემთხვევაში ძვირი არ ღირან, რომ გითხრათ ერთად რაღაცა ფასი დაედებათ, ესეც არ არის. ერთად ყოფნას ის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთად რომ იქნებიან, მერე ხალხთან უნდა დაიწყონ მუშაობა, ეს დაქსაქსული საპროტესტო ენერგია ერთ მდინარებაში მოაქციონ. თუ ამას მოახერხებენ, პერსპექტივა გვაქვს და თუ სადღეგრძელოებით შემოიფარგლებიან, არანაირი შედეგი არ გვექნება.

_ ოპოზიციას რატომღაც დაავიწყდა ის, რომ რეგიონებში, სოფლებში გამჯდარია პროპაგანდა. იქ უმეტესად უყურებენ იმ სატელევიზიო არხებს, საიდანაც ჟღერს პროპაგანდა. არავინ ჩასულა ამ ადამიანებთან შესახვედრად. თუ გლეხს არ დაელაპარაკებიან პირისპირ, თუ არ გაეცემა მათ შეკითხვებს პასუხები, მხოლოდ სატელევიზიო ეთერები არის საკმარისი ამისთვის? რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რომ ეს მიმართულება გამოასწოროს?

_ ოპოზიცია იმ ხალხს თვალითაც არ უნახავს. რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვან და იარონ. პოლიტიკა არ კეთდება მონოლოგით, ტელევიზორში დაჯდომით და სიბრძნეების ფრქვევით, რადგანაც იმ გლეხს, რომელიც ახსენეთ, სჭირდება დიალოგი, დიალოგით უნდა დაარწმუნო, რადგანაც განსაკუთრებით რეგიონებში ხალხი მოწამლულია ამ პროპაგანდით და იმისთვის, რომ ამ ზომბირების მდგომარეობიდან გამოიყვანო, არ არის საკმარისი, მხოლოდ ტელევიზორიდან ელაპარაკო, ამ ადამიანებს სჭირდება რეალური დიალოგი. უნდა ჩაიცვან რკინის ქალამნები, იარონ სოფელ-სოფელ და ელაპარაკონ ამ ადამიანებს, თვალით არ უნახავთ ოპოზიცია სოფელში. არჩევნების წარმატების მიღწევაზე საუბარი ასეთ შემთხვევაში არის წარმოუდგენელი.

ამ არჩევნებზე (თვითმმართველობის) მნიშვნელოვანი იყო თბილისის პროექტი, რადგანაც ყველასთვის ცხადი იყო, რომ ნაციონალური მასშტაბით არ ჰქონდა ოპოზიციას შანსი, თუმცა თბილისის პროექტიც ჩაიშალა, როდესაც ოპოზიციის ერთი ფრთა დაუპირისპირდა მეორე ფრთას. და დაუპირისპირდა ისე, რომ რაღაც ბოიკოტისკენ მოწოდება არ იკმარეს და რა არ ეძახეს ერთმანეთს. ეს ყველაფერი იყო მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებში. ამ კუთხით ვითარება არ გამოსწორებულა. ისევ ერთმანეთზე შეტევებს ვუყურებთ. გახარია შეიძლება არ მოგწონდეს და კრიტიკულად იყო განწყობილი პარლამენტში მის ყოფნაზე, მაგრამ ამის გამო თეორიები შეთხზა, ეს არ არის სწორი. ამით თვითდაზიანებას იყენებენ და ამაში არ უნდა მიდიოდეს რესურსი. ჩვენ გვჭირდება აპოლიტიკური კლასის სისტემური გადატვირთვა. არსებული პოლიტიკური კლასის რესურსები აღარ არის საკმარისი, რომ ხელისუფლებას გაუწიო ოპონირება. ახალი პლეადა უნდა გამოვიდეს წინა პლანზე, იმ ჯგუფების ბაზაზე, რომელსაც ვხედავთ, მათ შორის, პროტესტის ნაწილში.

გაზიარება