პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
2025-12-26 11:14:07
ირინა მაკარიძე
2025 წლის შეფასებასა და 2026 წლის მოსალოდნელ პოლიტიკურ ტენდენციებზე „ქრონიკა+“-ს ესაუბრება პოლიტიკურ ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე:
_ ქალბატონო ნინო, მიიწურა 2025 წელი. შევაფასოთ მისი მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელიც, ფაქტობრივად, განსაზღვრავს, თუ როგორი იქნება მომავალი 2026 წელი?
_ ძალიან მძიმე წელი იყო, რთული და მძიმე პროცესებით დატვირთული. 2024 წლის არჩევნებამდეც, ყველა, ვინც გულწრფელი ვიყავით საკუთარ თავთან, ვაცნობიერებდით, თუ საით მიჰყავდა ივანიშვილს საქართველო. რა თქმა უნდა, „რუსული კანონის“ პირველად ინიციირების შემდეგ უკვე ცხადი იყო, რომ ძალაუფლების ძალიან მკაფიო კონსოლიდაცია მოხდებოდა ამ რეჟიმის მიერ. დადებითად რაც შეიძლება ამ წელში შეფასდეს არის შემდეგი: საქართველოში, შიდა პროცესებიდან გამომდინარე, მოხერხდა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა ივანიშვილმა, მისმა რეჟიმმა. მეტიც: ერთგვარი დიაგნოზიც დაისვა ამ რეჟიმთან მიმართებით. საერთაშორისო პარტნიორები თუ აქამდე ბევრი წელი თვალს ხუჭავდნენ მრავალ რამეზე, ერთგვარ ფორას აძლევდნენ მას, _ იქნებ არ არის პირდაპირ რუსული გავლენების მატარებელი, იქნებ, მასთან მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ა. შ. დღევანდელი გადმოსახედიდან უმეტესობას ცხადად ესმის, რომ ეს ერთგვარი ილუზია იყო. შეიძლება ამან დღეს ვერაფერი შეცვალოს, მაგრამ დიაგნოზის დასმა პირველი ნაბიჯია განკურნებისკენ და ეს მაინც მნიშვნელოვანია, რომ ბევრს თვალი აეხილა და ილუზიებში აღარ არის, რომ ივანიშვილი შეიძლება დამოუკიდებელი მოთამაშე იყოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მათ პოლიტიკას განსაზღვრავს და უნდა განსაზღვრავდეს. ამავე კონტექსტში ითქმის ის, რომ ერთგვარად საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების გადატანა მოხდა რეგიონში სხვა მოთამაშეებზე, რომლებიც ბევრად უფრო ეფექტიანი აღმოჩნდნენ იმ გამოწვევებზე საპასუხოდ, რომელიც შეიქმნა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ პერიოდში, ვგულისხმობ სომხეთსა და აზერბაიჯანს, რომლებმაც ძალიან მყისიერი და შედეგიანი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მაქსიმალურად დისტანცირდნენ რუსეთისგან. ამავდროულად, დაასრულეს ერთმანეთში არსებული მრავალწლიანი გეოპოლიტიკური სირთულეები და ახალ მოთამაშეებს დაუკავშირეს თავიანთი ბედი, რომელიც არის ევროკავშირი, თურქეთი და აშშ. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თღIPP _ „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, რომელსაც პატრონაჟს უწევს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც მოახდენს რეგიონზე გავლენას, მოსალოდნელია, რომ პოზიტიურ გავლენას. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა 2025 წელს საკმაოდ ტურბულენტური და ემოციური იყო თვალის სადევნებლად ჩვენი რეგიონის მხრიდან და საქართველოდან, ასევე ბევრი რამ ხშირად გაურკვეველი თუ გაუგებარი იყო, იმ მოლოდინებს არ პასუხობდა, რომელიც 2024 წლის მიწურულს შეიქმნა. მაგრამ მიუხედავად ამისა, პარალელურად, ასევე პოზიტიური დინამიკაა ევროპის კონტინენტზე, სადაც თვისობრივად განსხვავებული შეფასებები კეთდება რეგიონში მიმდინარე პროცესების, საკუთარი ძალების, რესურსების მობილიზებისა და ჩნდება შანსი, რომ ევროპა ემზადება იმისთვის, რათა დაიბრუნოს პოზიციები, რომ რეგიონული პოლიტიკა განსაზღვროს. ამდენად, 2025 წელი გამოწვევებით სავსე წელი იყო, მაგრამ რაღაც დადებითი კონტურებიც იკვეთება მოვლენების შემდგომი განვითარების. რაც შეეხება საქართველოს, ამ წუთის მდგომარეობით განსაკუთრებულად დიდი ოპტიმიზმის საფუძველი მაინცდამაინც არ ჩანს საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელსაც ევროკავშირში გაწევრების სურვილი აქვს, რადგან ამის პერსპექტივა დღესდღეობით არ იკვეთება, _ საქართველოს მართავს რეჟიმი, რომელმაც ძალაუფლების უზურპაცია მოახდინა, ხალხს თავს მოახვია პოლიტიკა, რომელიც არ არის უმრავლესობის ინტერესი _ ამ შემთხვევაში, კონკრეტულად, საგარეო პოლიტიკას ვგულისხმობ. ჩვენ ახალ 2026 წელს ვხვდებით ძალიან დამძიმებული შიდა პოლიტიკით, გვყავს პოლიტიკური პატიმრები, „სინდისის პატიმრები“, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან პატიმრობაში, რომ რეჟიმს ან სავაჭროდ სჭირდება, ან სჯის იმის გამო, რომ მათ პოლიტიკას არ იზიარებენ. ვხვდებით საკმაოდ მძიმე მოცემულობით: არ ვიცით, უვიზო მიმოსვლას როდის შეგვიჩერებენ, ვის შეეხება, ვის არ შეეხება და რამდენად შესაძლებელია, ამ ქვეყნის მოქალაქეებს საერთოდ იმედი ჰქონდეთ, რომ ახლო მომავალში ჩვენ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით წინსვლა გვექნება.
_ „ოცნების“ პრემიერი ირაკლი კობახიძე გამოჩნდა აშხაბადში ე. წ. მშვიდობის ფორუმზე, რომელსაც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ესწრებოდა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ ეს სურათი ლოგიკურად ჯდება მთლიან სურათში, რომელიც წარმოადგენს ივანიშვილის რეჟიმს საქართველოში. ის არის რუსეთის ხელისუფლების გაგრძელება, კერძოდ, მისი სპეცსამსახურების კონკრეტული წარმომადგენლობა, რომელიც საქართველოსა და რეგიონში ატარებს რუსულ პოლიტიკას. სწორედ ეს არის, რაც კობახიძემ ამ კადრით დაგვანახა. ეს ბევრჯერ უჩვენებიათ, მაგრამ ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმას, თუ ვინ არის ქვეყნის მოკავშირე და რა ვექტორი აქვს „ოცნებას“ აღებული საქართველოსთვის. არაფერი განსაკუთრებული ან განსხვავებული არ გვინახავს იმისგან, რასაც არ ვისმენთ მათგან ყოველდღიურად. ეს იყო ერთგვარი დეკლარაცია იმისა, რასაც ისედაც ვგრძნობთ, მაგრამ ამით უკვე ღიად გვითხრეს, რომ შემდეგ რამე „სიურპრიზიც“ არ იყოს.
_ ამ ვიზიტთან დაკავშირებით რეჟიმის წარმომადგენელმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ კობახიძე არის იქ, „სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება“. რას იტყვით ამის შესახებ?
_ ესეც აღიარებაა, ანუ ამბობენ, რომ საქართველოს ბედი წყდება და იგეგმება რუსეთში და იმ ავტორიტარული მმართველების კოალიციაში დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც ხორციელდება ქართველი ხალხის ნების ასევე საწინააღმდეგოდ. ანუ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ბედი წყდება არა საქართველოში და საქართველოს მოქალაქეების ხმით და ხელით, არამედ წყდება ავტორიტარული მმართველების, ოკუპანტი სახელმწიფოს მეთაურისა და მათთან მოთანამშრომლე რეჟიმის მიერ. ფაქტობრივად, ამას ნიშნავს ეს განცხადება, რასაც ღიად ამბობს.
_ „ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები საკმაოდ ღია გახდა, თუმცა „დამაბნეველი“ არის ის, რომ პერიოდულად აღნიშნავენ, რომ ევროკავშირში უნდათ შესვლა, აპირებენ ამას, რომელიღაც წელს...
_ მგონი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ყველა ადამიანი უნდა გასცდეს იმ გულუბრყვილო თვითდაჯერების თერაპიის რეჟიმს, რომ აქ რამე არის დამაბნეველი. ცხადია, რომ მათ აქვთ თავისი გეზი აღებული, ისინი არ მიდიან ევროპაში და ამას ამბობენ ძალიან ღიად. ის, რომ მაკა ბოჭორიშვილი სადღაც რაღაცას ხელს მოაწერს ან ვიღაცას ხმას მისცემს, ეს საერთოდ არაფერს ნიშნავს. მსგავსი ბევრი მაგალითი არსებობს ამ უწყების ისტორიაში. მათ ძალიან მკაფიო კურსი აქვთ აღებული, თქვეს, რომ დასავლეთი არ გვინდა, რუსეთ-უკრაინის ომში დასავლეთი გამოაცხადეს, როგორც მანკიერი პოლიტიკის მქონე. „აგენტების შესახებ კანონში“ დასავლეთი განსაზღვრეს, როგორც საქართველოს მტერი და არავითარ ევროკავშირში გაწევრების პოლიტიკას ივანიშვილი არ აწარმოებს.
_ „ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე მიიღო მონაწილეობა, სადაც უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისია დაფუძნდა. იქ სიტყვითაც გამოვიდა, თუ ვამბობთ, რომ „ოცნებას“ პრორუსული კურსი აქვს აღებული, რა ახსნა აქვს მაშინ ამ ნაბიჯს?
_ ეს იყო მორიგი თვალთმაქცური ქმედება, რომლითაც ისინი ცდილობენ, რომ დრო მოიგონ დასავლეთთან ვაჭრობისას.
_ ახლახან გამოქვეყნდა ევროკომისიის ანგარიში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. მასში საქართველოს შესახებ ხაზგასმულია, რომ ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი რეგრესი მმართველობისა და კანონის უზენაესობის საკვანძო მოთხოვნებზე, რაც უვიზო მიმოსვლის მინიჭების ბაზისს ქმნის. შედეგად, პირველ ეტაპზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა შეეხოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მქონეებს, რიმლებიც ძირითადად პასუხისმგებლები არიან ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად უმოქმედობისთვის. მეორე ეტაპზე შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გაფართოვდეს, თუ საქართველოს მთავრობა პრობლემებს არ მოაგვარებს. საბოლოო ჯამში, საქართველომ შესაძლოა მთლიანად დაკარგოს უვიზო სტატუსი. რას იტყვით ამის შესახებ და რამდენად შესაძლოა, ეს ზემოქმედების ბერკეტი აღმოჩნდეს „ოცნების“ ხელისუფლებაზე, თუკი მას უკვე აქვს აღებული თავისი კურსი?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან, ალბათ, უნდა გავმიჯნოთ, რამდენად შეიძლება ეს ბერკეტად იყოს აღქმული. აქამდე, ვიდრე ჯერ კიდევ ილუზია არსებობდა, რომ რაღაც მოლაპარაკების რესურსი არსებობს, შესაძლოა, ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ჰქონოდა პრევენციული ხასიათი, რომ „ოცნებას“ შემდეგ შეეცვალა თავისი პოლიტიკა. ამის ილუზია, მგონია, რომ დასავლეთში არავის აღარ აქვს. ევროპის კავშირი ახლა ხელმძღვანელობს საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკიდან და იმ დამკვიდრებული მექანიზმებიდან გამომდინარე, რომელიც მათ აქვთ. საქართველოსთან მიმართებით ასოცირების პროცესი თუ აღარ არსებობს, შესაბამისად, აღარ იარსებებს ასოცირების ფარგლებში შექმნილი მექანიზმები, მათ შორის, ვიზალიბერალიზაცია. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ვინმე დასაჯონ, საქართველოს მოქალაქეები, რომ მათზე გადატყდეს ჯოხი. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ევროკავშირი ფიზიკურად მოკლებულია შესაძლებლობას, გააგრძელოს იგივე თანამშრომლობის პოლიტიკა ქვეყნებთან, რომლებიც აღარ არიან ასოცირების ნაწილში. ამას ემატება ის, რომ მათი უსაფრთხოების კონტექსტიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია მათი საემიგრაციო პოლიტიკა, რომელიც მათი ყველა დედაქალაქის დღის წესრიგში დგას, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ქვეყნებს, რომლებიც განიცდიან დემოკრატიულ რეგრესს. ამ შემთხვევაში საქართველოში დემოკრატიის მკვეთრი გაუარესება ითარგმნება, როგორც მოსალოდნელი გაუარესება სოციალური და ეკონომიკური პირობების, რაც ასევე ლოგიკურად უკავშირდება მიგრანტების ზრდას. ამიტომ ისინი ვალდებულები არიან, მიიღონ შესაბამისი ზომები, რითაც დაიცავენ საკუთარი სახელმწიფოების უსაფრთხოებას. ამაზეა აქ საუბარი. ეს არ არის არც პრევენციული ზეწოლის მექანიზმი და არც სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც ქართველ ხალხს მიემართება. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროპას უწევს მიიღოს საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ბუნებრივია, მათ არალეგალურ მიგრანტთა ნაკადის შემცირების ვალდებულება აქვთ თავიანთი ხალხის წინაშე. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ეს პოლიტიკა გამკაცრდება და ახლა თუ არის საუბარი დიპლომატიურ პასპორტებსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც მიიჩნევიან, რომ უშუალოდ არიან პასუხისმგებლები საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევასა და დემოკრატიის უკუსვლაზე, დროთა განმავლობაში ეს შეზღუდვა შესაძლოა, ასევე გავრცელდეს საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ. თუმცა ევროპის დედაქალაქებში ინტენსიური მსჯელობა მიდის იმაზე, როგორ გაატარონ ეს პოლიტიკა ისე, რომ საქართველოს მოქალაქეები მინიმალურად დაზიანდნენ. ამიტომ არის, რომ აქამდე ჯერ არ მიუღიათ მკვეთრი გადაწყვეტილებები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების ან გაყინვის თაობაზე.
_ მხარდაჭერის გამოხატულება არის ასევე პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ მას ეს პრემია გადაეცა ბელარუს ჟურნალისტთან ერთად, რომელიც ასევე პატიმარია. რისი დეკლარაციაა ეს ფაქტი?
_ ეს აჩვენებს იმას, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესების სათავეში მყოფ რეჟიმსა და ბელარუსის რეჟიმს განიხილავენ ერთ სიბრტყეზე. ეს დასტურია იმისა, რომ დიაგნოზის დონეზე შეფასება საკმაოდ ადეკვატურია დასავლეთში. ამავდროულად, აჩვენებს იმას, რომ ევროპა საქართველოსთან მიმართებით საკმაოდ მყარ პოზიციებს იჭერს და ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი ის ხალხია, რომელთანაც სოლიდარობის გამოხატვის ვალდებულება აქვს. ამას აკეთებენ იმ ფორმით, რა ფორმითაც მათ შეუძლიათ. ამიტომ, შესაძლოა, რომ ეს ერთგვარი სიმბოლური ჟესტია, ამავდროულად მრავლისმთქმელი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ევროპა ახლებურ პოლიტიკას აყალიბებს რეგიონთან მიმართებით.
_ ეს არის დამსახურება უწყვეტი პროტესტის, რომელსაც ხედავს დასავლეთიც და სწორედ მათ მიმართ არის ეს მხარდაჭერა, რას იტყვით ამის შესახებ?
_ აქაც ყოველთვის საღი პოლიტიკის მომხრე ვარ და საღი პოზიციის დაფიქსირების, _ ეს არის „ოცნების“ „დამსახურება“ პირველ რიგში, _ ივანიშვილმა 2022 წელს გადაწყვიტა, რომ დასავლეთისთვის ძალიან მყარად ეთქვა: „მე შევწყვიტე ორმაგი პოლიტიკის წარმოება და მიწევს ახლა მხარე გამოვკვეთო და მიწევს ახლა რუსეთ-დასავლეთის ომში ძალიან მკაფიო პოზიცია ჩამოვაყალიბო“. ამან განაპირობა ის, რომ შემოიღეს ისეთი კანონმდებლობა, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა დასავლეთში. ასევე ხალხის რეაქცია იქნა უკიდურესად არადემოკრატიული გზებით აღკვეთილი. ესეც იყო გზავნილი დასავლეთისთვის, რომ საქართველომ შეწყვიტა დასავლური ინტეგრაციის პროცესი. რასაკვირველია ის, რომ რეჟიმი ამ ფორმით შეფასდა, რომ მათ ვერ მოიპოვეს ლეგიტიმაცია, ვერ შეძლეს გაყალბებული არჩევნების იმ ფორმით გატარება, რომ დასავლეთში მაინც მოკავშირეები მოეძებნათ, რომ მათი აღიარება არ ხდება არც ერთ დონეზე, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან არ გააჩნიათ არანაირი საფუძველი, რომ დიალოგი აწარმოონ და იქ ყინული არ ლღვება, მიუხედავად მოლოდინებისა „ოცნების“ მხარეს, ეს ერთმნიშვნელოვნად იმის გამოძახილია, რომ საქართველოში უპრეცედენტო გაერთიანება ვიხილეთ _ 2024 წლის არჩევნების შედეგები საკმაოდ კონსოლიდირებულად შეფასდა, ერთსულოვანი იყო სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი და, შესაბამისად, საზოგადოებრივი დამოკიდებულება. ამომრჩევლის დამოკიდებულება მკაფიო გამოხატულებაა არჩევნების შედეგების მიმართ და ამან, რა თქმა უნდა, განაპირობა ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწია სახალხო პოზიციების გათვალისწინება. სწორედაც რომ ჩვენი ქმედებები განაპირობებს დასავლეთის რეაქციას. დასავლეთს შეუძლია, დაგვეხმაროს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პოლიტიკა უნდა განსაზღვროს ქართველმა ხალხმა. როდესაც ისინი კონსოლიდაციას ხედავენ, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება ცდუნება ჰქონდეთ, რომ რეჟიმთან დიალოგი აწარმოონ, ხალხი ამის შესაძლებლობას თუ არ მისცემს, ისინი ამას არ გააკეთებენ. ეს ყოველთვის ასეა და ახლა 2024 წლის შემდეგ ეს რეალობა შეიქმნა. გეოპოლიტიკურმა კონტექსტმაც თავისი როლი ითამაშა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მაგრამ ფაქტია, _ სახალხო პრინციპულობამ განაპირობა ის, რომ ევროპაში საქართველოს მიმართ პოზიციები ურყევი რჩება.
_ ხშირად აღნიშნავენ, რომ ეს უწყვეტი სახალხო პროტესტი ვერ გადაითარგმნა პოლიტიკურ პროცესად, ამის შესახებ რას იტყვით?
_ პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირია მიტაცებულ სახელმწიფოსა და მის ფარგლებში მოთამაშე პოლიტიკურ თუ სამოქალაქო საზოგადოებას შორის. 13 წელია, ქვეყანაში ძალიან თანმიმდევრულად მიმდინარეობს პოლიტიკური და სამოქალაქო ინსტიტუციების დასუსტების პროცესი. ამავდროულად, ძალიან აქტიურად მუშაობენ სპეცსამსახურები, ბევრ რესურსს ხარჯავენ იმაში, რომ სწორედ დეზორიენტირებული იყოს როგორც სამოქალაქო სექტორი, ისე პოლიტიკური სპექტრი. ამიტომ სრულიად ლოგიკური შედეგია, რომ 13 წლის თავზე ჩვენ გვყავს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც არ სარგებლობს ნდობით, რომელსაც არ გააჩნია აღარც ფინანსური და აღარც ადამიანური რესურსი და რომელსაც არ შესწევს უნარი, საზოგადოებრივი პროტესტის სენტიმენტებზე კაპიტალიზდეს. ეს არის სამწუხარო, მაგრამ სრულიად მოსალოდნელი შედეგი, საბოლოო ჯამში გამიზნული პოლიტიკის შედეგი, რომელიც ივანიშვილმა აწარმოა.
_ როგორ წარმოგიდგენიათ აქედან გამოსავალი?
_ რთულად წარმომიდგენია დღესდღეობით, რადგან როგორც ვთქვით, 13 წელი ძალიან ბევრია იმისთვის, რაღაცები ჩაბეტონდეს. წარმომიდგენია, იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური კონტექსტი, საგარეო მოცემულობა შეიცვლება. ამის მიმართ მოწყვლადია რეჟიმიც, რომელიც არ არის დამოუკიდებელი.
_ წელს ჩვენ ვხედავდით, როგორი სწრაფი ტემპით მიიღეს ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა. მომდევნო წელი იქნება დიქტატურის ჩაბეტონების წელი, თუ სხვაგვარი მოლოდინი შეიძლება გვქონდეს?
_ კი, მაღალი ალბათობით ასე იქნება, იქნება დიქტატურის ჩაბეტონების წელი, თუ საგარეო ფრონტზე ვითარება მკვეთრად არ შეიცვალა.
_ ჩვენ ვსაუბრობდით ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ვნახეთ, რომ ბოლო პერიოდში „ოცნების“ ხელისუფლებას ვითარება ეძაბება სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც, რას იტყვით ამის შესახებ?
_ როგორც ვიცით, აზერბაიჯანს ძალიან მკაფიო პოზიციები უჭირავს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მათ შეცვალეს თავიანთი სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატები, მთლიანად დისტანცირდნენ რუსეთისგან. რუსეთი ცდილობს ახლა საქართველოში შენარჩუნებული გავლენების გზით ასევე გავლენა მოახდინოს რეგიონულ პოლიტიკაზე. ამას უკავშირდება ის, რომ ივანიშვილი დროდადრო განსხვავებულ ინსტრუქციებს იღებს, მაგრამ ვიდრე გეოპოლიტიკური სურათი ასეთია, ამ პერსპექტივის შეცვლა მოსალოდნელი არ არის, ამიტომ შესაძლებელია, დროდადრო პოლიტიკური ვითარება დაგვეძაბოს მოკავშირე სამეზობლოშიც.