ხშირად ვრცელდება განცხადებები, რომლითაც მოქალაქეები საზოგადოებისგან მატერიალურ დახმარებას ითხოვენ, რათა მათი ოჯახის წევრი საზღვარგარეთ წაიყვანონ, სადაც ის სამედიცინო დახმარება ჩაუტარდებათ, რომელიც საქართველოში ვერ კეთდება.
როგორც ცნობილია, ტრანსპლანტოლოგია საქართველოში კარგად არის განვითარებული და ორგანოების გადანერგვის ოპერაციებიც კეთდება, თუმცა პაციენტთა უმეტესობა მაინც უცხოეთის კლინიკებში წასვლას ითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, საკმაოდ ძვირი ჯდება. როცა ჯანდაცვის ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონები ემატება, როცა ვამბობთ, რომ ჩვენი მედიცინა ევროპის დონეზეა, რატომ უნდა გარბოდნენ ჩვენი თანამემამულეები სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენად უცხოეთში? რატომ არ შეიძლება, რომ საზოგადოებას შეღავათი გაეწიოს და მსგავსი ოპერაციები საქართველოშიც ჩატარდეს?
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სამედიცინო უნივერსიტეტის ტრანსპლანტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, გია თომაძე:
_ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ბაზაზე 1997 წლიდან არსებობს. ამ პერიოდიდან გადაიდგა კიდეც პირველი ნაბიჯები ორგანოთა გადანერგვის კუთხით საქართველოში. იმ დროს, ჯერ კიდევ, არ არსებობდა კანონი ორგანოთა გადანერგვის შესახებ და, ჯანდაცვის სამინისტროსთან და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტთან ერთად, ამ საკითხებზე მუშაობა დავიწყეთ. ამჟამად საქართველოში 250-მდე ორგანოგადანერგილი პაციენტია, აქედან, 50 არის ღვიძლგადანერგილი, 200 _ თირკმელგადანერგილი და 2 _ გულგადანერგილი. აქედან 31%-მა ოპერაცია საზღვარგარეთ გაიკეთა.
_ თუ ტრანსპლანტოლოგიას საქართველოში ათწლეულების ისტორია აქვს, პაციენტები ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში რატომ მიდიან?
_ ტრანსპლანტაციის ოპერაციის გასაკეთებლად უცხოეთში ორი მიზეზით მიდიან: როცა სჭირდებათ ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ კეთდება, ან უნდათ, რომ გადაუნერგონ გვამური დონორის ორგანო, რომელიც ჩვენთან ასევე არ კეთდება. რატომ არ კეთდება ჩვენთან ეს ოპერაციები, ამასაც თავისი მიზეზები აქვს, თუმცა ის კანონმდებლობასთან კავშირში არ არის. საქართველოს კანონმდებლობით, გვამი-ორგანოს გამოყენება არის ნებადართული, ეს უფრო მეტად ჩვენი და ჟურნალისტების არაეფექტიანი თანამშრომლობის შედეგია.
_ ჟურნალისტებს რაში ადანაშაულებთ?
_ მოსახლეობას, ერთობლივად, ისეთი წინასწარი განწყობა ვერ შევუქმენით, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრი მედიცინის მუშაკებს დაეთანხმოს, გარდაცვლილის ორგანო გადასანერგად გამოიყენოს. ანუ საქართველოს მოსახლეობაში არ არის მზაობა, წინასწარი ფსიქოლოგიური განწყობა, რომ ოჯახის წევრები გარდაცვლილის ორგანოს გამოყენებაზე დათანხმდნენ.
_ რა შემთხვევაში გამოიყენება გარდაცვლილის ორგანო ტრანსპლანტაციისთვის?
_ ტრანსპლანტოლოგიის მიხედვით, გარდაცვლილი ორ კატეგორიად იყოფა: გარდაცვლილი, რომელსაც გულისცემა შეწყვეტილი აქვს და გარდაცვლილი, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს გულისცემა შენარჩუნებული, მაგრამ თავის ტვინი მკვდარია. თავის ტვინის სიკვდილი და ადამიანის გარდაცვალება ერთი და იგივე ცნებებია, თუმცა საზოგადოება არ არის იმისთვის მზად, რომ არსებული პროცესი რეალურად აღიქვას. ისინი ფიქრობენ, გული თუ ცემს, ადამიანი გარდაცვლილი არ არის და ის შეიძლება, გადარჩესო, მაგრამ გული იმიტომ ცემს, რომ ის აპარატზეა შეერთებული. ჩემი აზრით, არაეთიკურიც არის, გარდაცვლილი ადამიანი აპარატზე იყოს შეერთებული და მას ხელოვნურად ასუნთქებდე.
_ აპარატიდან გამორთვა კი უკვე ევთანაზიას ნიშნავს, რაც საქართველოს კანონით აკრძალულია. მაინტერესებს, როდის შეიძლება გამოდგეს გვამის ორგანო გადასანერგად ვარგისი, სხვა ადამიანი მაინც რომ გადარჩეს მოსალოდნელი სიკვდილისგან?
_ იმ შემთხვევში, როცა სუნთქავს არა თავად ადამიანი, არამედ აპარატი, მაგრამ თავის ტვინი არის მკვდარი, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი მკვდარია. ასეთი გარდაცვლილი უნიკალური დონორია. ჩვენს კანონში ზუსტად არ წერია, რომ თუ თავის ტვინის სიკვდილი დადგა და პაციენტი მაინც აპარატზეა შეერთებული, ის უნდა გამორთო თუ არა? ეს დამოკიდებულია პაციენტის ახლობელზე, მაგრამ ისინი ხშირად ამბობენ, სანამ ისუნთქებს, შეერთებული იყოსო. ამაში ფუჭი ხარჯებიც მიდის და აბსოლუტურად უაზროდ იხარჯება ფული, რადგან ადამიანი მკვდარია. კანონმდებლობაში წერია, რომ ასეთ დროს, 12 საათის ინტერვალით, ორმა დამოუკიდებელმა ჯგუფმა უნდა გასინჯოს პაციენტი და თქვას, რომ დიახ, თავის ტვინი მკვდარია. ამ დიაგნოზის დასასმელად ერთი და იგივე მეთოდი უნდა იქნეს გამოყენებული ორივეჯერ. ასეთ შემთხვევაში დგება გარდაცვალების ოქმი, იწერება, რომ გარდაცვალება დადასტურებულია თავის ტვინის სიკვდილის გამო და ამის შემდეგ უთხრა პაციენტის ახლობელს, გარდაიცვალა და აპარატიდან უნდა გამოირთოსო. თუმცა კანონში იმპერატიულად არ არის ნათქვამი, რომ მედიცინის მუშაკები აუცილებლად უნდა მოიქცნენ ასე, ანუ კანონი მათ ამის გაკეთებას არ ავალდებულებს და ეს არის ეთიკურ-ლეგალური საკითხი.
_ ყოფილა შემთხვევა, რომ მედიცინის მუშაკებს გამოურთავთ აპარატიდან პაციენტი და მის ახლობელს ეს გაუპროტესტებია?
_ ყოფილა შემთხვევა, როცა თავად პაციენტის პატრონს უთქვამს, ნუღარ ვაწვალებთ, იმედი აღარ არის და გამორთეთო, მაგრამ ვეუბნებით, რომ ეს შეიძლება ჩაითვალოს ევთანაზიად, რასაც კანონი კრძალავს. მართალია, პაციენტი უპერსპექტივოა, მაგრამ რადგან თავის ტვინის სიკვდილი არ დამდგარა, შეერთებული უნდა იყოს. გამორთვა ნიშნავს მკვლელობას და ამიტომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ყოფილა შემთხვევები, როცა თავის ტვინის სიკვდილი დადასტურდა, მაგრამ პაციენტის პატრონის დაჟინებული, კატეგორიული მოთხოვნით, პაციენტი მაინც დატოვეს აპარატზე.
_ ეს ყველაფერი კანონმდებლებმა, პარლამენტარებმა, რომლებიც ჯანდაცვის საკითხებზე მუშაობენ, ალბათ, იციან, არა? კანონში ყველაფერი დაზუსტებით რომ იყოს მითითებულ-დაკონკრეტებული, იქნებ, ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში წასასვლელად აღარ ჰქონდეთ საქმე?
_ კანონში შეიძლება იმის დაზუსტება, როცა თავის ტვინის სიკვდილის დიაგნოზი დაისმება, ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უნდა გამოირთოსო, რაც ახლა არ წერია. ვალდებულება რომ იყოს, ალბათ, ტრანსპლანტაციის კუთხით უკეთესი შედეგები გვექნებოდა, მაგრამ ეს კანონი უკვე ექიმს ჩააყენებს ცუდ დღეში, თუ საზოგადოების მიდგომაც არ შეიცვალა აღნიშნული საკითხების მიმართ. ამიტომ „დავადანაშაულე“ თქვენი კოლეგები. სხვა შემთხვევაში ამ პუნქტის ჩასწორება ექიმსა და პაციენტის ახლობელს შორის დაპირისპირებას გამოიწვევს, რადგან მას ვალდებულება ექნება, რომ აპარატიდან გამორთოს, პაციენტის ახლობელს კი ამისი სურვილი არ ექნება. მედიცინის მუშაკი პაციენტის ოჯახს შეეჯახება, რადგან მას არ ეცოდინება, რომ არსებობს თავის ტვინის სიკვდილი და ეს რეალურად ნიშნავს, რომ ადამიანი გარდაიცვალა. ამიტომ არის მეტი ინფორმირებულობა და საზოგადოების გაცნობიერება საჭირო. ამის გამო კი ზარალდებიან ის ადამიანები, რომელთაც უჭირთ და იმისათვის, რომ იცოცხლონ, ორგანოს გადანერგვა სჭირდებათ, თუმცა საქართველოში ამის არც უფლება აქვთ და არც _ საშუალება. აი, ამ ფორმით იკარგება დონორი, არადა, ერთმა ადამიანმა შესაძლებელია, 10 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე. მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს ორი თირკმელი, ღვიძლი შეიძლება შუაზე გაიყოს და ისე მოხდეს მისი გადანერგვა, ანუ 4 ადამიანი გადარჩეს, პანკრიასიც შეიძლება გაიყოს და ორ ადამიანს ეშველოს. ასევე ხდება ფილტვის გადანერგვა, რომელიც არის ორი, ნაწლავიც შეიძლება დაიყოს რამდენიმე ნაწილად და ასევე შეიძლება გულის გადანერგვა. რქოვანის გადანერგვით ადამიანს მხედველობა შეუნარჩუნდეს და ა. შ. იმის თქმა მინდა, რომ ერთმა დონორმა შეიძლება, 10-12 ადამიანს შეუნარჩუნოს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს რამხელა სიკეთეა, ხომ წარმოგიდგენიათ?!
არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც ვერ ხერხდება ორგანოების გადანერგვის ზოგიერთი ოპერაცია საქართველოში. ორგანო რომ ამოიღო, მერე ის სადმე ხომ უნდა წაიღო? ამისთვის კი წინასწარ უნდა გვქონდეს ორგანოს მოლოდინის რეჟიმში მყოფი პაცენტების სია. ამ სიაში შეყვანილი პაციენტები წინასწარ უნდა იყვნენ გამოკვლეულები სისხლის ჯგუფზე, ლეიკოციტურ ანტიგენებზე. ექიმმა ტრანსპლანტოლოგმა უნდა იცოდეს, ვის მიესადაგება ეს ორგანო. გვინდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან იმ კუთხით ვითანამშრომლოთ, რომ პაციენტების მოლოდინის სია შედგეს და მათი სკრინინგი გაკეთდეს სისხლის ჯგუფისა და ლეიკოციტური ანტიგენების მიხედვით. ათასობით ადამიანია საქართველოში, რომელსაც ორგანოს გადანერგვა სჭირდება. ორგანო რომ გამოჩნდება, უკვე გვეცოდინება, რომელ ადამიანს გამოადგება იგი.
_ როგორც მახსოვს, საუბარი იყო იმაზეც, რომ საკითხი ამ მიმართულებით თუ წავიდოდა, საქართველოში არსებულ ღარიბ ფენებში ორგანოებით ვაჭრობა დაიწყებოდა, რაც მიუღებელი იქნებოდა…
_ მართალი ბრძანდებით. დონორი შეიძლება იყოს როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალიც. წინათ კანონმდებლობაში შეზღუდვა იყო და მხოლოდ გენეტიკური ნათესავი შეიძლებოდა ყოფილიყო დონორი, ან მეუღლე. ეს იმიტომ კი არ ხდებოდა, რომ არაგენეტიკური ნათესავი არ შეესაბამებოდა იმუნოლოგიურად, შეიძლება მოზამბიკელის ორგანოც კი გამოადგეს ქართველ პაციენტს. ასეთი შეზღუდვა არსებობდა იმიტომ, რომ არ მომხდარიყო ორგანოებით ვაჭრობა. შემდეგ ცოტა გავზარდეთ დონორთა არეალი და დონორების სიას დაემატნენ მეუღლის ნათესავებიც. გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადი შეიტანეს და ეს მუხლი შეჩერდა.
_ ვინ შეიტანა საჩივარი და რატომ შეაჩერა ეს მუხლი საკონსტიტუციო სასამართლომ?
_ საჩივარი შეიტანა კონკრეტულმა პაციენტმა. ამ პაციენტის ძმა ადვოკატი იყო და მას მეგობარი საჭირო ორგანოს აძლევდა. ჩვენი კანონმდებლობით არ შეიძლება, მეგობარმა მეგობარს ორგანო მისცეს, რადგან ეს ვაჭრობად მიიჩნევა. ამ ადამიანს კი, ვინც კანონმდებლობით შეიძლებოდა გამოეყენებინა დონორად, ასეთი არ ჰყავდა. სასამართლოს მოთხოვნა წაუყენეს კონსტიტუციის მე-14 პარაგრაფით _ გვაქვს სიცოცხლის უფლება, ტრანსპლანტაციის კანონის მე-18 მუხლით კი არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის დონორი, რომელიც გვყავს, სხვა დონორი არ გაგვაჩნია, ე. ი. სიცოცხლის უფლება გველახებაო. აქედან გამომდინარე, შეჩერდა კანონმდებლობის იმ მუხლის მოქმედება, რომლითაც მხოლოდ ოჯახის წევრსა და ცოლის ნათესავებს ჰქონდათ დონორობის უფლება. 2016 წელს კი კანონში შეიტანეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, დონორი შეიძლება იყოს კერძო ურთიერთობის მქონე ნებისმიერი პიროვნება. ანუ ემოციური სიახლოვეც შემოვიდა კანონმდებლობაში, ე. ი. მეგობარი. თუმცა ის პუნქტი, სადაც წერია, რომ ორგანოებით ვაჭრობა აკრძალულია და დასჯადი, უცვლელად რჩება. ამ მუხლში იგულისხმება ის, რომ მეგობარს უნდა ჰქონდეს უფლება, მეგობარს დაეხმაროს და გადაარჩინოს ის. თუმცა მაინც ჩნდება კითხვის ნიშანი, _ როგორ უნდა განსაზღვრო, რომ ისინი ნამდვილად არიან მეგობრები და ორგანოებით ვაჭრობასთან არ გვაქვს საქმე? ვინაიდან ეს საკითხი ყველანაირად სცილდებოდა ექიმთა კომპეტენციას, კანონმა ამ გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს დააკისრა. სასამართლოში განცხადებას შეიტანენ და იტყვიან, ეს ჩემი მეგობარია და მინდა, ესა თუ ის ორგანო მომცეს, რომელიც მე დაავადებული მაქვს და ჩემს სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებსო. მოხდება გამოკვლევა, გამოკითხვა და სასამართლო გადაწყვეტს, უნდა მისცეს თუ არა ორგანო. უკვე ორი შემთხვევა გვაქვს, როცა სასამართლო გადაწყვეტს, ექნება თუ არა უფლება მეგობარს, დონორობა გასწიოს. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე მეც გამომიძახეს, როგორც ექსპერტი და ჩემი აზრი გამოვთქვი.
_ რომელი ორგანოს გადანერგვაზეა ამჯერად საუბარი?
_ საუბარია ღვიძლზე. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ალტერნატივა არსებობს დიალიზის სახით, ღვიძლის შემთხვევაში კი ალტერნატივა არ არსებობს, მისი შემცვლელი არ არის, აქედან გამომდინარე, ასეთი ადამიანი მართლა მოკვდება და კვდებიან კიდეც ღვიძლის, ფილტვის უკმარისობით. თავისთავად, ჰუმანური საქციელია, რომ მეგობარს მეგობრის დახმარების საშუალება მისცე, მაგრამ, ამავე დროს, საკმაოდ გავაღეთ კარი ორგანოთა ტრეფიკინგის მიმართულებით. ჩვენმა სასამართლომ სიყოჩაღე თუ არ გამოიჩინა, პროცესები შეიძლება ცუდი კუთხით განვითარდეს. სამწუხაროდ, სასამართლოს არ აქვს ამ საკითხებში გამოცდილება, ამიტომ, ჩემი ვარაუდით, შეიძლება გახშირდეს ორგანოთა ყიდვა-გაყიდვის ფაქტები. _ ამ კანონს როცა იღებდნენ, თქვენ წინააღმდეგი არ იყავით?
_ დონორთა არეალის გაფართოების წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ როცა სასწორის ერთ მხარეს ადამიანის სიცოცხლეა, მეორე მხარეს კი ტრეფიკინგის საშიშროება, ვერ გადაძლია ტრეფიკინგის საშიშირებამ ადამიანის სიცოცხლეს. ასეთ შეთხვევაში პაციენტები ამბობენ, _ ჩვენ რა შუაში ვართ, სახელმწიფომ იბრძოლოს, ისეთი სისტემა შექმნას, რომ ტრეფიკინგი არ მოხდეს, მე რატომ მიკარგავ სიცოცხლის უფლებასო? კანონში ეს ცვლილება წელს მოხდა.
_ ჩემი აზრით, როგორც კი ეს კანონი მიიღეს და, ფაქტობრივად, ნებსით თუ უნებლიეთ, კარი გაუხსნეს ორგანოებით ვაჭრობის პროცესს, პარალელურად, რაიმე ღონისძიებებიც უნდა დაეგეგმათ და გაეტარებინათ, რათა ორგანოებით ვაჭრობის დაწყება თავშივე აღკვეთილიყო. ასეთი ღონისძიებები განხორციელდა?
_ რამდენადაც ვატყობ, ასეთი ღონისძიებები არც დაწყებულა. ხომ გითხარით, სასამართლოს დავესწარი და მათ არ ჰქონიათ რაიმე ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც ტრეფიკინგის პროფილაქტიკისთვის გამოდგებოდა, ან ასეთ რამეს გამორიცხავდა. მოსამართლე ეკითხებოდა, რამდენი ხანია იცნობთ ერთამანეთს, როგორ გაიცანით, რატომ აძლევთ ორგანოსო? და ა. შ. ასეთი კითხვებით რეალური მდგომარეობის დადგენა შეუძლებელია.
წინათ ჯანდაცვის სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭო იძლეოდა ნებართვებს. გვქონდა შემთხვევა, როცა ქალი კაცს აძლევდა ორგანოს _ ღვიძლს. როცა ჩავეკითხეთ, აღმოვაჩინეთ, რომ სულ 4-ჯერ იყვნენ ერთმანეთს შეხვედრილები. აქედან გამომდინარე, გასაგები გახდა, რომ ადგილი ჰქონდა ორგანოს ყიდვა-გაყიდვას და უარი ვუთხარით ტრანსპლანტაციის ოპერაციაზე. უბრალოდ, მოუმზადებელი წყვილი იყო, თორემ მათ რომ ეთქვათ, ყოველდღე ვხვდებოდითო, რით დავუმტკიცებდით, რომ ასე არ იყო? ჰოდა, ასე რომ არ მოხდეს, ამის დასადგენად გარკვეული ღონისძიებებია მოსაფიქრებელი და გასატარებელი, თანაც სასწრაფოდ,
_ ალბათ, დონორის რისკიც დიდია. ყოფილა შემთხვევა, როცა ორგანოს გაცემა დონორისთვის ფატალურად დასრულებულა?
_ ღვიძლის ტრანსპლანტაციის დროს, 1000 ოპერაციიდან, სრულიად ჯანმრთელი დონორი შეიძლება ერთი გარდაიცვალოს ოპერაციის გართულების გამო; თირკმლის გადანერგვისას 3000 შემთხვევაში _ გარდაიცვალოს ერთი; ღვიძლის გადანერგვის დროს რისკი უფრო დიდია, თუმცა მას რეგენერაციის უნარი აქვს. კავკასიის მთებზე მიჯაჭვული ამირანის მითშიც ხომ სწორედ ეს ფაქტია გამოყენებული _ დღის განმავლობაში მიდიოდა არწივი და ამირანის ღვიძლს კორტნიდა, ღამით კი მისი ღვიძლი რეგენერაციას განიცდიდა და აღდგენას ახდენდა. რა თქმა უნდა, ეს არ არის აბსოლუტური რეგენერაცია, მაგრამ ის ხდება უჯრედების დონეზე. 6 თვის შემდეგ, ექოსკოპისტმა თუ არ იცის, რომ ამ ადამიანს ღვიძლი ამოჭრილი აქვს, შეიძლება ვერც მიხვდეს, ისე იქნება გაზრდილი. გადანერგვის დროს ნახევარი ღვიძლი იკვეთება, ბავშვის შემთხვევაში კი პატარა ნაწილი იჭრება. ჩვენთან უკვე ჩატარებულია ღვიძლის გადანერგვის 18 ოპერაცია და ყველა გაუკეთდა უფროსი ასაკის ადამიანებს. პატარებზე ღვიძლის გადანერგვა საქართველოში დაწყებული არ არის, მაგრამ მგონია, რომ 2017 წელს ესეც დაიწყება. ამიტომ გადაიყვანეს ღვიძლის გადასანერგად პატარა გოგონა თურქეთში. ღვიძლგადანერგილი ბავშვები ჩვენთან კონსულტაციებზე დადიან, რომელთაც ოპერაცია თურქეთში, რუსეთსა, ან ბელარუსში გაუკეთეს. ბავშვებში ხშირად ხდება ღვიძლის გადანერგვა, რადგან არსებობს ე. წ. თანდაყოლილი დაავადება _ სანაღვლე გზების ატრეზია, ანუ განუვითარებლობა. ასეთ დროს ბავშვს დაბადებიდანვე არ აქვს სადინრები, რის გამოც ვითარდება სიყვითლე და ოპერაცია თუ არ ჩაუტარდა, გარდაიცვლება.
_ მიუხედავად იმისა, რომ კანონი ორგანოებით ვაჭრობას კრძალავს, ხშირად საუბრობენ, რომ საქართველოში ასეთი ფაქტები ხდება. ჰყვებიან კიდეც სხვადასხვა ისტორიებს და ამ ისტორიებს არ აქვს დასასრული. შეიძლება, ეს ყველაფერი სიმართლე იყოს?
_ თეორიულად შეიძლება, რომ ადამიანი წაიყვანო, ორგანო ამოაცალო და ახლობლის სიცოცხლის გადასარჩენად გამოიყენო, მაგრამ მათი ორგანოები ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. ჯერ ერთი, დონორი თავიდან ბოლომდე უნდა იყოს გამოკვლეული. იმისთვის, რომ მოიძებნოს დონორის შესაბამისი რეციპიენტი, საკმაოდ დიდი მასივის სკრინინგი უნდა გაკეთდეს. ვიღაცას სჭირდება დონორი, დაავლო ხელი, წაიყვანა და ორგანო ამოაცალა, ასეთი რამ არის აბსურდი, რადგან ეს ორგანო, დიდი ალბათობით, არ გამოადგება. თუ წინასწარ დაიწყო ვიღაცამ პაციენტების გამოკვლევა, 1000% გამოიკვლია, იქიდან შეიძლება რომელიღაცა ამოირჩიოს და წაიყვანოს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. რომ იშვილოს, მაშინაც, დიდი ალბათობით, შეიძლება, რომ მისი ბიოლოგიური შვილის პარამეტრებს არ დაემთხვეს და დონორად ვერ გამოიყენოს. ზოგჯერ და-ძმის პარამეტრებიც კი არ ემთხვევა ერთმანეთს და უცხო ადამიანის დაემთხვევა? აქედან გამომდინარე, ასეთი ხმები, ხშირ შემთხვევაში, ჭორია.
_ ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია ასეთ საკითხებში რა ფორმით ერევა? ოპერაციების შესრულების გარდა სხვა რა გევალებათ?
_ ჩვენთან ტარდება ეთიკის კომისიის სხდომა, სადაც ყველა შემთხვევა იხილება. კომისიაში ექიმების გარდა შედიან ექთნები, იურისტები, სასულიერო პირები და თითოეულ შემთხვევას ერთად ვიხილავთ. ეთიკის კომისიის გარეშე ტრანსპლანტაციის ოპერაცია საქართველოში 2016 წლამდე არ ჩატარებულა. წელს აქტიურად ჩაერთო სამინისტროს ტრანსპლანტაციის საბჭო და მას საბოლოო გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს. ჩვენმა ასოციაციამ თავიდან აირიდა ისეთი შემთხვევები, როცა არანათესავი დონორები აძლევენ ერთმანეთს ორგანოებს. ასეთი მოთხოვნები გადავეცით ტრანსპლანტაციის საბჭოს და ის თავად გადასცემს შემდგომ სასამართლოს. ამ საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია. საბჭოს წევრი მეც გახლავართ.
მინდა, აქვე გითხრათ, რომ სხვა სახის ცოცხალი დონორებიც არსებობენ. პირადად მე ვარ ასეთი დონორი.
_ რას გულისხმობთ?
_ მე მაქვს სპეციალური საბუთი და ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში თანახმა ვარ, ჩემი ორგანოები გადასანერგად გამოიყენონ. ასეთი შემთხვევები, სამწუხაროდ, ბევრი არ გვაქვს. 100-ზე ოდნავ მეტია მსგავსი დონორი, თუმცა რადგან ხშირად ვერ განსაზღვრავ, როდის გარდაიცვალა ადამიანი რეალურად, შეიძლება, ისე მოხდეს, ან ისეთ ასაკში მოკვდეს ადამიანი, რომ მისი ორგანო ვეღარ გამოიყენონ. დონორი ისეთი ასაკის უნდა იყოს, რომ მის ორგანოს ფუნქციონირების რეზერვი ჰქონდეს. 90 წლის ადამიანის ორგანო, მხოლოდ და მხოლოდ, ამ ასაკის პაციენტს თუ გამოადგება, თორემ 20 წლის ადამიანისთვის ის გამოუსადეგარია.
მსოფლიოში ორგანოს გადანერგვის 120 ათასი ოპერაცია ტარდება წელიწადში. ჩვენთან, საქართველოში, შარშან 50 გადანერგვის ოპერაცია ჩატარდა. ეს არის ყველაზე დიდი რიცხვი, რაც ოდესმე ჩაგვიტარებია, თუმცა სამჯერ მეტია საჭირო. იმისთვის, რომ ეს მიმართულება განვითარდეს, საჭიროა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ფინანსები და დონორის ინსტიტუტის ჩამოყალიბება. უნდა შეიქმნას ცენტრალიზებული ორგანო, რომელიც ამ საქმეს კურირებას გაუწევს. ტრანსპლანტაციის საბჭო ასეთი არ არის, რადგან ის თვეში ერთხელ იკრიბება, ჩამოყალიბებული ორგანო კი მხოლოდ ამ საქმეზე უნდა იყოს ორიენტირებული და ყოველდღიურად უნდა მუშაობდეს აღნიშნულ საკითხებზე. მან უნდა შეისწავლოს დონორების საკითხები და თუ გამოჩნდა დონორი, რეციპიენტიც უნდა მოიძიოს; შექმნას მოლოდინის სია, მათი სკრინინგი უზრუნველყოს, მოახდინოს თანხვედრა და ა. შ. ამისთვის კი საჭიროა შესაბამისი აპარატურა. სახელმწიფო უნდა იყოს ამით დაინტერესებული.
წინა მთავრობის დროს ერთ-ერთმა მინისტრმა ხაზგასმით მითხრა, რომ მას არ სურს, ტრანსპლანტაცია განვითარდეს, რადგან ამის საშუალება არ გვაქვსო. მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა, მოგვეთხოვება, რომ ჯანდაცვის სისტემაში ორგანოთა გადანერგვა განვავითაროთ. აქედან გამომდინარე, მეჩვენება, რომ ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურდება და უფრო მეტი პრაქტიკული ნაბიჯიც იდგმება. ამის წინაპირობაა ტრანსპლანტაციის საბჭოს მუშაობა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სურვილი გამოთქვა და ხარჯები მოიძია, რომ გარკვეულად დაეხმარონ იმ ადამიანებს, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა სჭირდებათ. თბილისის ჯანდაცვის დეპარტამენტთან გვქონდა შეხვედრა და უკვე თბილისის ბიუჯეტიც ითვალისწინებს დახმარებას იმ პაციენტებზე, რომელთაც ღვიძლის გადანერგვა ესაჭიროებათ. ეს არ იყო არასოდეს. თირკმლის გადანერგვის პროგრამა არსებობდა, მაგრამ ღვიძლის _ არა. 60 ათასი დოლარი უნდა ღვიძლის გადანერგვას საქართველოში და ცხადია, ამის გადახდა ბევრს არ შეუძლია, უცხოეთში კი ეს ოპერაცია მეტი ღირს. საერთაშორისო სტატისტიკით მილიონ მოსახლეს ორგანოს 25 გადანერგვა სჭირდება. ჩვენთან, სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად უნდა გაკეთდეს ღვიძლის 100 გადანერგვა. ჯერჯერობით, მხოლოდ 10 გაკეთდა.
_ ღვიძლის გადანერგვის ასეთ მოთხოვნას საქართველოში რას აბრალებთ?
_ ჩ ჰეპატიტი ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია. სწორედ ამიტომ შეიმუშავეს ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის უპრეცედენტო პროგრამა. თუმცა ეს პროგრამა ვირუსების ინაქტივიზაციას იწვევს, თორემ ცეროზული ღვიძლი დაავადებულ ღვიძლად რჩება. ანუ ამ სფეროს განვითარება მრავალი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და შენარჩუნების გარანტი იქნება და ამიტომ არის ეს სათუო.
გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს 4 დეპარტამენტი აქვს: ზოგადი ქირურგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის, ნეიროქირურგიისა და ტრავმატოლოგ-ორთოპედიის დეპარტამენტი. მე გახლავართ ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ჩვენი ცენტრი იმით არის განსაკუთრებული, რომ 6 პროფესორი მუშაობს და პასუხისმგებელი ქირურგებიც პროფესორები არიან. არსად ისე არ არის, რომ სისხლძარღვთა ორი ქირურგი 24 საათის განმავლობაში იყოს კლინიკაში, ჩვენთან კი ამის საშუალება არის. ამიტომაც ვამბობ, რომ ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა საავადმყოფოიდან და, მათ შორის, თბილისიდანაც ხდება პაციენტების ჩვენთან გადმოყვანა იმისთვის, რომ ჩატარდეს თუნდაც სისხლძარღვთა ქირურგიული ოპერაციები. შეიძლება, სასწრაფომ სხვა საავადმყოფოში მიიყვანოს ასეთი პაციენტი, მაგრამ მერე მათ მაინც აქეთ გადმოამისამართებენ ხოლმე, რადგან აქ უფრო კვალიფიციური სპეციალისტები გვყავს. მოჭრილი თითი ან ხელი რომ მიაკეროს, ასეთი სპეციალისტები ბევრს არ ჰყავს.
_ თუ კონკრეტულ საავადმყოფოში შესაბამისი პირობები არ აქვთ, რომ ადამიანს დროულად ჩაუტარონ საჭირო ოპერაცია და კიდური აღარ დაკარგოს, სასწრაფოს ასეთი ავადმყოფი პირდაპირ თქვენთან რატომ არ მოჰყავს? ბოლოს და ბოლოს, პაციენტსაც ხომ აწვალებენ და მის სიცოცხლეს საფრთხის ქვეშ აყენებენ?
_ არ ვიცი. ამაზე ვერაფერს გეტყვით.
„ქრონიკა+“ ამ საკითხით დაინტერესდება და მომდევნო ნომერში ინტერვიუს შემოგთავაზებთ პროფესორ თემურ კოპაძესთან, რომელიც მოგვიყვება, თუ როგორ აკითხავენ მათ სასწრაფო დახმარების მიერ სხვა საავადმყოფოში გადაყვანილი პაციენტები და რამდენად მნიშვნელოვანია უბედური შემთხვევის შედეგად ამპუტირებული ორგანოს დროული აღდგენა.
ნელი ვარდიაშვილი