ოთხშაბათი, 16 ივლისი, 2025
2025-07-16 12:33:35
გიგა გელხვიიძე
საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში დაძაბულობა და დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ტენდენციები სულ უფრო დიდ მასშტაბებს იძენს. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მაგალითზე ოპოზიციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ნაწილმა დასაბუთებული ინფორმაცია გაავრცელა საეჭვო გარიგებების, ჩარევისა და შედეგების ხელოვნურად დამუშავების თაობაზე, აღნიშნულმა კი უკმაყოფილო მოსახლეობის მობილიზაცია გამოიწვია და პროტესტი საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ამ დრომდე გრძელდება.
ევროპარლამენტის მიერ მიღებული რამდენიმე რეზოლუცია მკაფიოდ განსაზღვრავს ამ არჩევნების ლეგიტიმაციის არქონას, ხელისუფლების ავტონომიურად გადაქცევა კი ექსპერტებისთვის საყურადღებო დემოკრატიული დაქვეითების მანიშნებელია. ევროპარლამენტმა 9 ივლისის რეზოლუციით „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთხელ მოუწოდა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისკენ, რომელსაც გააშუქებენ დამოუკიდებელი სადამკვირვებლო მისიები და მას ჩაატარებს დამოუკიდებელი პირებით დაკომპლექტებული ცესკო.
მიუხედავად ზეწოლისა და საერთაშორისო კრიტიკისა, ხელისუფლება აგრძელებს დაკავებებს და პოლიტპატიმრების რიცხვის გაზრდას.
ამ და სხვა თემების შესახებ „ქრონიკა+“ ესაუბრა „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერ პაატა დავითაიას:
_ ბატონო პაატა, სანამ შიდა საკითხებზე ვისაუბრებთ, მინდა გკითხოთ „ნატოსა და ევროკავშირის“ საინფორმაციო ცენტრის, როგორც ცალკე აღებული სტრუქტურის, გაუქმების თაობაზე _ სადამდე მიიყვანს ეს ყველაფერი ქვეყანას? და რას ნიშნავს ეს ევროკავშირისკენ და ნატოსკენ მიმავალ გზაზე „მყოფი“ საქართველოსთვის?
_ ცალსახად ჩანს, მიჭირს საუბარი... გაუქმება იყო, რეორგანიზაცია არის, ასეთი ხმებიც წამოვიდა, მაგრამ ამას არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ნატოსთან აქტიურობა ძალიან დაბალ ნიშნულზეა. რეორგანიზაცია იქნება თუ სხვა მომენტები, რაღაცის შესრულება შეიძლება, მაგრამ როდესაც საპარლამენტო დელეგაციას უჩერდება ნატოში უფლებამოსილება, იმიტომ, რომ დაკომპლექტებული არ არის ოპოზიციის წარმომადგენლებით, ეს უკვე სახიფათო თემაა და რატომ? იმიტომ, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და ნატოს სტრუქტურა ეს არ არის მხოლოდ სამხედრო სტრუქტურა, ეს არის ღირებულებების სტრუქტურა, სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სიმყარე, დემოკრატიული რეჟიმის ცნებები, მედია ინდექსის შეფასება, ყველაფერი ეს არის ნატო და არა მხოლოდ ჯარი. ფაქტობრივად, როცა ჩვენ ვზღუდავთ დელეგაციებს, ვაკეთებთ რაღაც წინარე რეფორმას, რომელიც სტრუქტურების გადახალისებას უწყობს ხელს, აკნინებს იმ როლს ურთიერთობის, რაც გვაქვს ნატოსთან, ეს პირდაპირ აისახება კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც ჩვენ მივისწრაფით ნატოსკენ და ამ კონსტიტუციური მუხლის შეცვლაზეა ლაპარაკი! ეს ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის! ეს შეფასებება შეიძლება მიეცეს ამ ყველაფერს. რეალურად, სიმართლეს გავუსწოროთ თვალი, _ დაპირისპირებაში ვართ დასავლეთთან.
_ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოსთან ურთიერთობები. ხელისუფლება ახლა აკეთებს დამაზიანებელ განცხადებებს, საპირისპირო მხრიდანაც არის კონკრეტული გზავნილები.
_ იქითა მხრიდან გამოხმაურებებია. მე ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში ვიყავი 2022 თუ 2023 წელს და უკვე შეზღუდული გვქონდა უფლებამოსილება, როდესაც თავის დროზე ნატოს წვრთნებზე ვთქვით აქ უარი. უკვე შეშფოთება არის გამოხატული. მოლდოვა, რომელიც არ მიისწრაფის ნატოსკენ და ნეიტრალიტეტის სტატუსი აქვს (დსთ-ს წევრია არ დაგვავიწყდეს), ის უფრო ინტენსიურ კავშირებშია ნატოსთან, ვიდრე ჩვენ, ჩვენი საელჩო. ეს ასე იყო და ეს ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს დღის წესრიგია ასეთი.
_ ჩვენ ვნახეთ დევნილებთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუცია, რომელსაც მხარს არ უჭერს ის ქვეყნები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ გამოცხადებული ჰყავს თავის პარტნიორებად.
_ აჟიოტაჟი არის ამ თემასთან დაკავშირებით და მე ეს ძალიან მიკვირს, რადგანაც ყოველ წელს ხდება ამ რეზოლუციის მიღება, ერთი და იგივე რეზოლუცია მიიღება, ამ წლების განმავლობაში ხან 105 არის მხარდამჭერი, ხან 110, ხან 119, ხან 108 და ხანაც 102. ეს ხდება მთელი 30 წლის განმავლობაში. ეს არის ფარატინა დოკუმენტი, რადგანაც არცერთი რეზოლუცია გაეროსი არ შესრულდა. ჩემთვის არის ფარატინა, თორემ იურიდიულად დიდი წონის პატრონია სამართლებრივ ჭრილში გაეროს დოკუმენტი, მაგრამ ჩემთვის ფარატინაა, რადგანაც არავინ ასრულებს. გაეროს რეზოლუციას იღებენ და გაეროს მანდატით მყოფი დსთ-ს სამშვიდობო ძალები, რომელიც დგას აფხაზეთის ტერიტორიაზე, გახდა საოკუპაციო ძალები და მაგაზე არ არის რეზოლუცია, რომ სამშვიდობო ძალები გახდა ოკუპანტი ძალები. ამიტომ საუდის არაბეთი დაუჭერს მხარს, კონგო თუ სხვა, არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ თემას. თორემ ის ქვეყნები, მინდა ხაზი გავუსვა, მთელი ამ წლების განმავლობაში არ უჭერდნენ მხარს. გასულ წელს მოხდა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ სომხეთმა დაუჭირა მხარი. საუდის არაბეთი კი არა, ჩვენი მეზობელი, რომელიც ვამბობთ, რომ ამდენი წლის მანძილზე ჩვენი პარტნიორია, მთელი ამ წლების განმავლობაში არ უჭერდა მხარს და შარშან დაუჭირა მხარი.
_ ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესუსტებულია განცხადებები ნატოსა და ევროკავშირისკენ მისწრაფების თაობაზე, ჩვენ გვაქვს ოკუპირებული რეგიონები, რთული მდგომარეობაა აფხაზეთში, ვგულისხმობ იქ მომხდარ სახელისუფლებო ცვლილებებს. რას უნდა ველოდოთ, დააზიანებს თუ არა ეს მიდგომები ურთიერთობებს აფხაზებსა და ქართველებს შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით?
_ არავითარი პოლიტიკა ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკა და ეს არის სიჩუმე, თითქოს იქ არაფერი ხდება და ჩვენ არაფერი გვეხება, ეს პოლიტიკა აქვს სახელმწიფოს. ამიტომ ასეთი პოლიტიკით რა ზიანდება? _ ზიანდება ის, რომ ჩვენ ვვარდებით ნიჰილიზმში, რომ ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი მიდგომები და ამ არაფრის გაკეთებით სეპარატისტები ძლიერდებიან, რუსული კაპიტალი ძლიერდება და ის ოკუპაცია, რომელიც ახლაც არის, დიდი ალბათობით გადაიზრდება ანექსიაში.
_ ამას უნდა ველოდოთ არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ?
_ ცხინვალის რეგიონში რუსეთს მოგვარებული აქვს ყველაფერი, აფხაზეთში აფხაზები უწევენ წინააღმდეგობას. აფხაზები რომ არ უწევდნენ წინააღმდეგობას, იქაც დამთავრებული იქნებოდა ეს თემა. ვერ ამთავრებენ იქ წინააღმდეგობის გამო, აფხაზები უწევენ წინააღმდეგობას რუსეთთან მიერთებას.
_ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე რომ ვისაუბროთ, ძალიან რთული ვითარებაა ოპოზიციურ ფლანგზე, ოპოზიციის ნაწილი შედის თვითმმართველობის არჩევნებში. რამდენად აზიანებს ეს პროცესები ისედაც ჩიხურ მდგომარეობაში მყოფ ვითარებას ოპოზიციურ ფლანგზე?
_ ოპოზიციური კრიტიკისგან მაქსიმალურად ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ ფაქტი ერთია _ დღეს რომ ხელისუფლება ასეთ სიტუაციაშია, ოპოზიციის დამსახურებაა. პლუს ოპოზიციისა და ხალხის დამსახურებაა ის, რომ სანქცირებულები არიან და ის, რომ დღეს ასევე ხისტად უდგებიან და ვერ იგებს ოპოზიცია, ესეც ოპოზიციის ბრალია. დიდი ხანია ვამბობ, რომ რაც უნდა ხელისუფლებას, იმას აკეთებს და ამასთან წინააღმდეგობის გაწევა შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობით. აქ საუბარია ერთიან სისტემაზე, ერთიან შტაბზე, ერთიან საარჩევნო სისტემაზე, ყველაფერზე, სხვანაირად ვერ მოუგებ ამ რეჟიმს, რომელიც არის ფინანსურად სერიოზულად უზრუნველყოფილი, რომელსაც აქვს ჩამოყალიბებული სისტემური მიდგომები, სადაც არის ხისტი პოლიტიკა. ერთმანეთის დაპირისპირებით, კრიტიკით, ლანძღვით, ერთმანეთის დღის წესრიგის არევით, ერთმანეთში ჯიბრში ჩადგომით წავაგებთ. როდესაც ყველა პარტიას უნდა 100% ძალაუფლება თვითონ აიღოს, ყველა პარტიას თავისი პრემიერ-მინისტრი ჰყავს, ასე ვერ დამარცხდება „ქართული ოცნება“.
_ რამდენად სწორი ან არასწორია ამ სიტუაციაში არჩევნებში შესვლა?
_ არ არის მარტივად პასუხი გასაცემი. სწორია, თუ იქნება მერობის ერთიანი კანდიდატები და ერთიანი სისტემა. ოპოზიციურად განწყობილი ხალხი საქართველოში ბევრია და არჩევნებს მოიგებს ოპოზიცია. თუ ეს არ მოხდა, არჩევნებს აზრი არ აქვს. იქნება დაქსაქსულობა, ზოგი წავა, ზოგი არ წავა და ამით მოიგებს „ქართული ოცნება“. აქ კიდევ არ ვსაუბრობ იმ სარჩევნო პრობლემებზე, რაც აქვს დღეს საარჩევნო კოდექსს. ხაფანგები აქვს დადებული ხელისუფლებას ოპოზიციის წინააღმდეგ.
_ ფაქტია _ არ შეცვლილა საარჩევნო სისტემა. ერთადერთი ცვლილება რაც იქნება, ეს არის გასქელებული ხმის მიცემის ფურცელი და ის, რომ დამკვირვებლებს შეეზღუდათ გარკვეულწილად მუშაობა საარჩევნო უბნებზე.
_ მაგას ვამბობ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცდება, თავისი დღის წესრიგით იაროს და ამიტომ მნიშვნელოვანი არის, ამ ჭრილში გაკეთდეს ყველაფერი _ რომ იყოს ერთიანი ოპოზიციური პოზიცია და ეს თუ არ იქნება, აზრი არ აქვს და ყოველთვის გაიმარჯვებს ხელისუფლება.
_ ბატონო პაატა, ბოლო პერიოდში ისეთი საკადრო ცვლილებები განხორციელდა სახელისუფლებო ფლანგზე, რომ, ფაქტობრივად, სრულად შეიცვალა მმართველი რგოლი, ვგულისხმობ იმას, რომ წინა პრემიერის მიერ დანიშნული კადრები ირაკლი კობახიძემ ჩამოაშორა პროცესებს. აქედან რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია?
_ უფრო ვფიქრობ, რომ სანქცირებულ ტიპებს იშორებენ. აქ ორი მომენტია, ხელისუფლება რაღაც დათმობისთვის წასვლას ელოდება ან პირიქით _ უფრო მკაცრ რეჟიმში გადადის და ავტოკრატიის ნიშნები რჩება, ამ შემთხვევაში, უფრო გამოკვეთილად.
_ შეიძლება თუ არა დავუშვათ თეორიის დონეზე მაინც, რომ ერთ დღეს, ამ ყველაფრის ფონზე, ივანიშვილმა გასვლა გადაწყვიტოს პოლიტიკური პროცესებიდან?
_ ყველაფერი მოსალოდნელია. მიჭირს ლაპარაკი, მაგრამ ფაქტი ერთია _ ის ველის გაწმენდას ცდილობს. ეს დიალოგს გამოიწვევს თუ რას, ამას დრო გვაჩვენებს. ან დიალოგია ან უფრო მკაცრ რეჟიმზე გადადიან, როგორც უკვე აღვნიშნე.
_ ბოლოს გკითხავთ სალომე ზურაბიშვილის როლზე _ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც მან ჩამოაყალიბა, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი იქ უკვე აღარ არის. თუ გადავხედავთ ბოლო პროცესებს, რამდენად აქვს ზურაბიშვილს იმის შესაძლებლობა, რომ გავლენა იქონიოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე ოპოზიციაში?
_ არც პრეზიდენტობის დროს ჰქონდა მას მექანიზმი და არც ახლა აქვს. სულ ვამბობდი იმას, რომ ზურაბიშვილს არ ეყოფა ავტორიტეტი დიდი ერთობის ჩამოსაყალიბებლად. მას შეეძლო ეს გაეკეთებინა, საწყისი იყო ქარტია რომელიც გააკეთა და ეს კარგად იყო აღქმული ყველგან, მაგრამ შემდეგ ამ ქარტიის გზიდან გადაუხვია და პირადი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე სხვა ქმედებები განახორციელა. ამიტომაც არის ეს შედეგი.