ჩიორა თაქთაქიშვილი _ „ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი სტაჟიანი წარმომადგენელი, პოლიტსაბჭოს წევრი და მათ შორის მყოფი, ვინც ბოლოდროინდელ შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მიხეილ სააკაშვილის სიმბოლურ თავმჯდომარედ დატოვებას და მრავალათასიანი ყრილობის ჩატარებას დაუჭირა მხარი, ამბობს, რომ ვადამდელი საპარალამენტო არჩევნების მოთხოვნა, რაზეც ბოლო დროს ბევრს საუბრობენ, „სააკაშვილის გუნდის“ მხრიდან დღის წესრიგში ჯერ არ დგას და არც ყრილობაზე განიხილება.
ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, ის, რაც კენჭისყრის შედეგად მოხდება და თავად კენჭისყრის შედეგიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა და აქტივისტთა დაკვეთა იყო. მთავარი სიტყვა კი ყრილობაზე და ახალ პოლიტსაბჭოზეა, რომელსაც ამ ყრილობაზე აირჩევენ. ამიტომაც, ახლა, მისი აზრით, ისევ ერთიანობის შენარჩუნება და ყრილობისთვის მომზადებაა მთავარი.
ჩიორა თაქთაქიშვილთან საუბარი, ბუნებრივია, იმ შეკითხვით დავიწყეთ, თუ რამდენად მოულოდნელი იყო მისთვის პოლიტსაბჭოზე გატანილი ყრილობის ფორმატის შესახებ კენჭისყრის შედეგები:
_ პრინციპში, მოულოდნელი, შეიძლება, არ იყო, მაგრამ ეს არ გახლდათ მარტივი ბრძოლა პოლიტსაბჭოს შიგნით, რადგან როგორც შედეგი აჩვენებს, პოლიტსაბჭოს წევრთა მოსაზრებები გაიყო და ერთმა ხმამ ძირითადი შედეგი გადაწყვიტა. სწორედ ამიტომ ეს არ იყო ადვილად მისაღწევი მიზანი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ დღეს, რომ კარგად წარმომეჩინა და გამეჟღერებინა პოლიტსაბჭოს შიგნით ის მოლოდინი და წუხილი, რომელიც აქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ _ ამ ძლიერი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მრავალ ათას მხარდამჭერს. ნახევარ მილიონზე მეტმა ადამინმა გამოუცხადა ამ უსამართლო ბრძოლაში ნდობა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ჩემი და სხვა პოლიტსაბჭოს წევრების ვალია, მაქსიმალურად გავითვალისწინოთ და წარმოვაჩინოთ ის ხედვები, რომელიც ჩვენს მხარდამჭერებს აქვთ. ამ კუთხით ეს შედეგი არის სწორედ მხარდამჭერების გამარჯვება და ეს არ არის რომელიმე შიდა პოლიტიკური გუნდის გამარჯვება.
_ მაგრამ „დამარცხებულების“ მომხრეებში გაიჟღერა ვერსიამ, თითქოს ზოგმა იმიტომ მისცა ხმა 7-ათასიან ყრილობას, რომ თქვენი გუნდი ყრილობის ბოიკოტით და პარტიის გახლეჩით იმუქრებოდა...
_ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ისტორიული პოლიტსაბჭოს სხდომა შედგა იმდენად, რამდენადაც ჩვენ ორ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გვიხდებოდა მსჯელობა, ერთი _ როგორი გზით მიდის „ნაციონალური მოძრაობა“ _ ის მიდის იმ გზით, რომელიც მიგვიყვანს მეტი მხარდამჭერის შეძენამდე, მობილიზაციამდე, ნდობის აღდგენამდე, ხალხთან ერთად ახალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაწყებამდე, თუ მივდივართ იმ გზით, რომლის მიზანიცაა ,,ნაციონალური მოძრაობის“ „რესპუბლიკური“ პარტიის მსგავს ძალად ქცევა, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ჰყავს, არ გააჩნია მხარდამჭერთა ისეთი მნიშვნელოვანი არმია, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში საფრთხე არ შეექმნას არც ევროპული განვითარების კურსს და არც თითოეული მოქალაქის თავისუფლებას.
ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, არაფორმალური მმართველობა, ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. დღეს არსებული მდგომარეობა ლარის კურსთან დაკავშირებით, ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებით სწორედ ამას მიუთითებს. ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ მივექანებით რუსეთისკენ, იმ სტატუსისკენ, რომელიც არის არა დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის სტატუსია, არამედ რუსული გუბერნიის სტატუსი და სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი გამოწვევების დროს ხალხის პოზიციის გამჟღერებელი და წინააღმდეგობის გამწევი ივანიშვილის არაფორმარული მმართველობისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ ძლიერ სახალხო მოძრაობაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტია. სწორედ ამიტომ იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი მრავალათასიანი ყრილობის მოწყობა იმისთვის, რომ ჩვენს მხარდამჭერებს არ ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი არ არიან საკმარისად ჩართული პარტიის მართვაში, მათ ჰქონდეთ განცდა, და არა მარტო განცდა, ნამდვილად შეეძლოთ, გავლენა მოახდინონ პარტიის ბედზე. „ნაციონალური მოძრაობის“ მომავალ სტრატეგიაზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ის, ქვეყანა დაუბრუნდება თუ არა დასავლურ, ევროატლანტიკურ რელსებს და სწორედ „ნაციონალურ მოძრაობაზეა“ დამოკიდებული ის, რომ ამ მძიმე ეკონომიკურ პირობებში ჩვენ ხალხის ხმა გავაჟღეროთ.
_ როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ფონზე, ვგულისხმობ სტატუსებს, კომენტარებს სოციალურ ქსელში, განხილვას მედიაში _ პარტიაში ერთიანობის შენარჩუნება მოსალოდნელია? რა როლს ითამაშებს ყრილობა ამ კუთხით?
_ ერთიანობის შენარჩუნება არამცთუ მოსალოდნელია, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ძლიერი პოლიტიკური პარტია, მზად იყოს იმისთვის, რომ მომავალ არჩევნებში გაიმარჯვოს. ერთიანობას არ აქვს არანაირი ალტერნატივა. ისე წარმოჩენა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იშლება, არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისა და სუს-ის ინტერესებში. ძალიან პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა იყო, რაც ასევე პრინციპულ საკითხს ეხებოდა: „ნაციონალური მოძრაობა“ გაძლიერდება მიხეილ სააკაშვილთან ერთად, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმისთვის, რომ სამომავლო პოლიტიკური გეგმით გამოვიდეს, მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნა სჭირდება? „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსოლუტური უმრავლესობა და მეც პირადად დარწმუნებული ვართ, რომ სააკაშვილი არის სწორედ ერთიანი სახალხო მოძრაობის სიმბოლო. ის ამ პოლარიზებულ პროცესში არის ბიძინა ივანიშვილის საპირწონე ლიდერი და დიახ, ეს ფაქტი არის სამწუხარო, მაგრამ ფაქტია, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს რომელიმე სხვა ასეთი მნიშვნელობის ლიდერი და დიახ, „ნაციონალური მოძრაობა“ სწორედ მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომ ჩვენ მომავალშიც არ დავდგეთ იგივე წაგებული არჩევნების საფრთხის წინაშე და შევძლოთ არათუ გარკვეული პროცენტული რაოდენობის მოპოვება პარლამენტში, არამედ დავარწმუნოთ ხალხი და საზოგადოება, რომ კვლავ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობის“ ნდობა და სწორედ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ჩვენს ქვეყანას წაიყვანს ევროპისკენ, ნატოსკენ და რომელიც არ დაუშვებს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ისეთ გაუარესებას, რომელსაც დღეს ვხედავთ.
_ პოლიტოლოგების, ექსპერტების, ენმ-ს მხარდამჭერთა ნაწილის აზრით არის საფრთხე, რომ, შესაძლოა, ყრილობა მიტინგს დაემსგავსოს, სადაც ამდენი დელეგატის ხმა ვერც კი დაითვლება. ამაზე გიფიქრიათ? ორგანიზაციულ საკითხებს ვგულისხმობ...
_ ასეთი შიში, რა თქმა უნდა, შეიძლება, ვინმეს გაუჩნდეს, მაგრამ თუ ჩვენ ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ტიპის, თანამედროვე ევროპული სტილის პოლიტიკური პარტია, ბუნებრივია, ჩვენ იმ გამოწვევასაც უნდა გავუმკლავდეთ, რომ ორგანიზება გავუწიოთ სწორედ ისეთ ყრილობას, რომელიც ახალი განაცხადი იქნება არა მარტო „ნაციონალური მოძრაობისთვის“, არამედ, ზოგადად, პოლიტიკური პარტიებისთვის საქართველოში, როდესაც სახეზეა არა ერთი შემოთავაზებული საკითხი და ერთი შესაძლო გადაწყვეტილება, არამედ სადაც, როგორც ერთ, ასევე მეორე შეხედულების მქონე ლიდერებსა და ასევე მხარდამჭერებს შესაძლებლობა ექნებათ, განსხვავებული მოსაზრებები გამოიტანონ, წარმოადგინონ არგუმენტები, რატომ მიიჩნევენ საჭიროდ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებას და ჩვენ ისეთი უპრეცედენტო არჩევნები ჩავატაროთ ყრილობაზე, რომელიც არავითარ ეჭვს არ დატოვებს, რომ რაიმე ფორმის ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს ან ყრილობას, ან ყრილობაზე მიღებულ შედეგს. სწორედ იმიტომ ვეწინააღმდეგებოდით 2000 დელეგატიან ყრილობის ფორმატს, რომ იქ ძალიან ადვილი იყო იმ ფორმატში, რა ფორმითაც მოხდებოდა დელეგატების შერჩევა, დელეგატთა სიმცირის გათვალისწინებით, რომ მხარდამჭერების აზრით მანიპულირება მომხდარიყო.
_ და მაინც, თუ მოვლენები პარტიის ერთიანობისთვის არასასურველი სცენარით წარიმართა, რას აპირებთ, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას?
_ ეს საკითხი ამ დრომდე პოლიტიკური საბჭოს არც ერთი შემადგენლობის ფორმატში არ განხილულა. ჩვენი ამოცანაა, ყველა გადაწყვეტილება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღოს, ერთი მხრივ, არგუმენტებზე დაყრდნობით, სიტუაციის რეალური შეფასების შედეგად და, მეორე მხრივ, მხარდამჭერთა აქტიური მონაწილეობით და ჩართულობით. თქვენი კითხვა ეხებოდა იმას, რა მოხდება, თუკი მოვლენები არასასურველი მიმართულებით განვითარდება პარტიაში, თუკი გარკვეული ჯგუფი პარტიის ერთიანობას გაემიჯნება? მე ამას ვერ ვხედავ და ამის მოლოდინი არ მაქვს. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეგვიძლია გამოსავალი ვიპოვოთ ან პოლიტსაბჭოზე, ან ყრილობაზე და სწორედ იმიტომ იყო ის წესები, რომელსაც მე ვუჭერდი მხარს _ დემოკრატიული. ის არ არის უმრავლესობის დიქტატი უმცირესობაზე, ის ითვალისწინებს პარიტეტული შემადგენლობის ყრილობის მოსამზადებელ კომისიას, სადაც ყველა მოსაზრების გამომხატველი ადამიანი იქნება წარმოდგენილი. სწორედ ისინი გაუწევენ ორგანიზებას ახალი ყრილობის მომზადებას და ახალი ყრილობის დღის წესრიგის საკითხების განსაზღვრას. ყრილობის ფორმატის ის წესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ და რომელიც დამტკიცდა, განსხვავებული პოზიციების შეჯერებას და წარმოდგენას ითვალისწინებს სხდომაზე. პოლიტსაბჭოს შიგნითაც ჩვენი დამოკიდებულება იყო, რომ კონსენსუსი მოგვეძებნა და პოზიციები შეგვეჯერებინა, რომ პოზიციების დაშორება არ მომხდარიყო, რაც შეიძლებოდა გარკვეული დაძაბულობის შემომტანი გამხდარიყო.
_ რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი ყრილობის, მაინცდამაინც, ეს ფორმატი?
_ სწორედ ის შედეგი, როგორიც არის 7000-იანი ყრილობა და ისეთი წესები, რომელიც უზრუნველყოფს ყველა განსხვავებული აზრის ასახვას და გარანტიაა, რომ არ მოხდება მცირე ჯგუფის ან დიდი ჯგუფის მხრიდან უაპელაციოდ საკუთარი აზრის თავსმოხვევა მეორე ჯგუფზე, არის ერთიანობის გარანტია, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, მხოლოდ ძლიერ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია, ერთი მხრივ, გააანალიზოს გასული ოთხი წლის საქმიანობა, გამოიტანოს დასკვნა და სწორად დაგეგმოს სტრატეგია იმისთვის, რომ მან არჩევნებში გაიმარჯვოს და რაც მთავარია, უკეთ გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა უყენებს ქვეყანას. სამწუხაროდ, ჩვენ შთაბეჭდილება გვრჩებოდა და ჩვენს მხარდამჭერებსაც, რომ არ ვიყავით საკმარისად მობილიზებული, რომ ყველა ის საფრთხე გაგვეაზრებინა, რომელიც არაფორმალურ მმართველობას უკავშირდებოდა. მეც ვარ ამაზე პასუხისმგებელი, როგორც პოლიტსაბჭოს და როგორც წინა პარლამენტის წევრი... მხარდამჭერები და აქტივისტები ჩვენგან უფრო მნიშვნელოვან ნაბიჯებს მოითხოვდნენ და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი დიდი ყრილობა უზრუნველყოფს, რომ მათი მოსაზრებები იყოს გამოთქმული და გათვალისწინებული. მეორე მხრივ, ყრილობა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ჩვენი სამომავლო სტრატეგია დავსახოთ იმ შეცდომების გათვალისწინებით, რომლებიც, თუნდაც, გასული ოთხი წლის მანძილზე დავუშვით.
ხოლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას. თუმცა ჩვენი მიზანი სწორედ ის გახლავთ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელიც გავლენას მოახდენს არა მხოლოდ პარტიაზე, არამედ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ პროცესზე, პარტიაში მიიღებოდეს ჩართულობის ფორმატში და არა რომელიმე კაბინეტში, კულუარულად, მხარდამჭერთა აზრის გაუთვალისწინებლად.
ლაშა ბერულავა