ქუთაისის მერიამ ქალაქის 2017 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოს გადაუგზავნა და შენიშვნები კანონით განსაზღვრულ დროში უკანვე მიიღო. პროექტის მიხედვით, მომავალი წლის ბიუჯეტი 51 572 800 ლარით განისაზღვრა, რასაც რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი თანხაც დაემატება, რის შემდეგაც იგი, სავარაუდოდ, 74 200 800 ლარს გადააჭარბებს.
მომავალი წლისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტად ისევ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება რჩება, რასაც ეკონომიკა, გარემოს დაცვა და განათლება მოსდევს. რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, თანხობრივი რაოდენობის მიხედვით, ის დოკუმენტში ბოლო ადგილზე აღმოჩნდდა. თუმცა მანამდე, ვიდრე 2017 წლისთვის გასახარჯი თანხების საბოლოო ოდენობას განსაზღვრავდნენ, საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებების შედეგად სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების პროგრამამ 50 000 ლარი, ხოლო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამამ 80 000 ლარი დაკარგა. თანხები შემცირდა, ასევე, პროგრამა „კორპუსისთვის“. შემცირების ხაზით კორექტირება განიცადა ეკონომიკური სტიმულირების, ქალაქის გენერალური გეგმისა და სხვა პროგრამებმა. საკრებულომ დაზოგილი თანხების ხარჯზე გაზარდა და 2016 წლის ბოლომდე უნდა გახარჯოს თანხები, რომელიც მრავალშვილიანი ოჯახებისა და სამედიცინო უზრუნველყოფის პროგრამებს დაემატა, თითოეულისთვის 65 000 ლარი. წლევანდელ ბიუჯეტში თანხები გაიზარდა თეატრებისთვის, სპორტული კლუბებისთვის, გარე განათებისთვის და სხვა მიმართულებით. როგორც ქუთაისის ვიცე-მერმა, კოტე ქავთარაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული, წლის ბოლომდე კიდევ ორი საბიუჯეტო ცვლილება განახორციელონ.
რაც შეეხება მომავალი წლის ბიუჯეტს, ქალაქის მერიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები უკვე გამოთქვეს საკრებულოს დეპუტატებმა. რას ფიქრობენ ისინი და რა უნდა გაითვალისწინოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ, ამის გარკვევას „ქრონიკა+“ უშუალოდ ქუთაისელ კანონმდებლებთან გასაუბრებით შეეცადა.
დავით დვალი _ საკრებულოს თავმჯდომარე:
_ მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტი გაცილებით დაგეგმილი შეიტანა საკანონმდებლო ორგანოში დასამტკიცებლად. ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც, მართალია, გრძელვადიანი გეგმაა, მაგრამ, საბოლოოდ, მოქალაქეთა კეთილდღეობაზე დადებითად აისახება. ამჯერად უფრო სწრაფად და ოპერატიულად მივიღებთ მომავალი წლის საფინანსო დოკუმენტს. მეტიც, დეკემბრის პირველ ნახევარში ქალაქს უკვე 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ექნება.
ნატო ქათამაძე _ „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი:
_ შენიშვნები მერიისთვის მე არ გადამიგზავნია. არა იმიტომ, რომ არ მქონდა, არამედ იმიტომ, რომ აზრს ვერ ვხედავ. გასულ წელს მერიას საკმაოდ მოცულობითი მოსაზრებები მივაწოდე, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაუთვალისწინებიათ, ამიტომ შენიშვნას შენიშვნისთვის არ გავაკეთებ. ტყუილად ვიშრომებდი. საკრებულოს სხდომაზე კი, რა თქმა უნდა, კითხვებს დავსვამ. ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ ბიუჯეტით ნამდვილად არ უნდა ველოდოთ იმ კეთილდღეობას და სწრაფ განვითარებას, რასაც გვპირდებიან.
ისეთ მუხლებში არის ცვლილებები, რომლებიც წლის ბოლოს ხშირად იცვლება ხოლმე და თანხები სხვა მუხლებში გადადის. მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 150 000 ლარი განისაზღვრა წინა პერიოდში შეუსრულებელი ვალდებულებების დასაფარავად და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფისთვის. ანუ სასამართლო დავების შემდეგ კომპენსაციების გადახდისთვის. 2016 წლის ბიუჯეტში ამისთვის 100 ათასი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელსაც ამ დღეებში გამართულ საკრებულოს სხდომაზე 10 ათასი მოაკლდა და სხვა მუხლებში გადავიდა. განმარტეს, რომ ამდენი არ სჭირდებოდათ. მნიშვნელოვანია, რომ 2017 წლის ბიუჯეტში ამ მუხლში 50 ათასით გაზარდეს თანხა. ე. ი. მომავალ წელსაც ანალოგიურად მოხდება ამ მუხლიდან თანხების სხვა მიმართულებით გადაქაჩვა იქ, სადაც თავად საჭიროდ მიიჩნევენ. ახლა რომ გაზარდონ რომელიმე მუხლი, შეიძლება, კითხვის ნიშანი გაჩნდეს, ამიტომ მკვდარი თანხა აქვთ, რომელსაც მაშინ გამოიყენებენ, როცა დასჭირდებათ.
განცხადება კეთდდება, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები ბიუჯეტის პრიორიტეტია. მაინტერესებს, რომელი მსგავსი პროექტი დასრულდა ქუთაისში? მაგალითად, ასათიანის ქუჩა თვეებია, გადათხრილია. არც ერთი ქუჩა ბოლომდე და წესიერად გაკეთებული არ არის. კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე ასფალტი დააგეს, მაგრამ ნახევარსაათიანი წვიმის შემდეგ გადაადგილება შეუძლებელია, რადგან ღვარსადენი არ არის. აი, ასეთი მიდგომაა იმ პრიორიტეტებისადმი, რომლებზეც მილიონები იხარჯება.
როდესაც მერიის სარეზერვო ფონდი გაუმჭვირვალეა, როდესაც თანხები მუხლიდან მუხლში გადააქვთ საარჩევნოდ, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. წინა საკრებულოს სხდომაზე მილიონ ლარამდე ცვლილება განხორციელდა. ეს თანხები წამლების პროგრამას მოაკლდა და სპორტის მიმართულებით გადანაწილდა. ეჭვს რა იწვევს, იცით? _ ის ადამიანები, რომლებიც სპორტის სფეროში არიან წარმოდგენილნი, განსაკუთრებით აიპებში, არაფერს აკეთებენ. ესენი არიან დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ხელისუფლება იყენებს საპარლამენტო არჩევნებზე და ადგილობრივ არჩევნებზეც გამოიყენებენ. ეს თანხები აკლდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საცხოვრებელების, ავარიული სახლების რეაბილიტაციის პროგრამას, ცენტრალური გზებიდან კორპუსებამდე მისასვლელი გზების მოწესრიგების პროგრამას, ეკონომიკური სტიმულირებისა და ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამას, ქალაქის გამწვანებას, სკვერების კეთილმოწყობას. წერეთლის უნივერსიტეტის ბაზაზე თანამედროვე ბიბლიოთეკა უნდა აშენდეს, რომლისთვისაც ქალაქის ბიუჯეტში 200 ათასი ლარი იყო ჩადებული, მაგრამ ეს თანხა 2016 წლის ბიუჯეტიდან ამოიღეს. მერი მეუბნება, რომ მომავალ წელს გადავიტანეთო. რეალურად კი ეს თანხა სხვა მუხლში გადაიტანეს, ხოლო 2017 წელს ახალი ბიუჯეტიდან ჩაიდო თანხა. ქალაქის მერმა სანოტარო ბიუროდ აქცია ქუთაისის საკრებულო. აბსოლუტურად ყველაფერზე დადებითი პასუხია. ჩემს შენიშვნებს ყოველთვის გაურკვეველი რეაქცია მოჰყვება. უვიცობის დასაფარად თავდასხმაზე გადმოდიან.
ამირან ძოწენიძე _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“:
_ მომავალი წლის ბიუჯეტში პრინციპული ახალი არაფერია, მხოლოდ ციფრებით მანიპულირებენ. ბიუჯეტში დიდი ნაწილი კვლავ პირდაპირი სუბსიდირებაა. ქუთაისის ბიუჯეტი ძალიან ბევრი თანხის გამტარია და მეტი არაფერი. ეს ეხება კულტურულ დაწესებულებებს. კვლავ მაღალი წილია პროფესიონალური სპორტული კლუბების დაფინანსების. წარმოდგენილ ბიუჯეტში რამე ახალი არ არის. თუკი ქუთაისის ბიუჯეტი ქალაქს ემსახურება, მაშინ ისმის კითხვა, _ სუბსიდირებას რატომ ვუწევთ თეატრებს, როცა ისინი ცენტრალური დაქვემდებარების არიან? ან სამართავად გადმოგვცენ ეს დაწესებულებები, ან ფულიც თავადვე გადაიხადონ. ორ მილიონზეა საუბარი, რაც ქუთაისის ბიუჯეტისთვის ცოტა თანხა არ არის. ასევე საინტერესოა, რატომ ვაფინანსებთ პროფესიონალურ კლუბებს, როგორებიცაა „ტორპედო“, საკალათბურთო გუნდი და ა. შ.? პრინციპულად არ დგება საკითხი, ეს კლუბები კერძო მესაკუთრეს გადაეცეს. ქუთაისის მერიას რომ მოენდომებინა, აუცილებლად მოუნახავდა მათ კერძო პატრონს, რომელიც უფრო განავითარებდა ამ კლუბებს. ვერ ავყვები ჭორებს, თუ რატომ არ აკეთებს ამას აღმასრულებელი ხელისუფლება, მაგრამ ვხედავ, რომ სურთ, მის განკარგულებაში იყოს და თავადვე მართავდეს. „ვისოლს“ გაუთავებლად უწყობდნენ მიტინგებს, სტადიონზე შეუვარდნენ და აბსოლუტური დისკომფორტი შეუქმნეს. სამაგიეროდ, ახლა ქალაქის ბიუჯეტიდან ვიხდით ფულს, ვიცე-მერი შეკრებებზე დაჰყვება ანტალიასა და სხვაგან. გვეუბნებიან, რომ სპონსორო ვერ ნახეს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, სიცრუეა. როცა არ ეძებ, ბუნებრივია, ვერც იპოვი. მაქვს ინფორმაცია, რომ ირანელი და ქართველი ბიზნესმენების მხრიდან დაინტერესება იყო, მაგრამ, რატომღაც, ეს საკითხი გაჩერდა.
სიანტერესოა ისიც, რომ ახალი ტურისტული ააიპი შეიქმნა. რისთვის სჭირდება ტურიზმის ადმინისტრაციას ქუთაისში ეს რგოლი, არ ვიცი. თითქმის 2 მილიონი დაგვიჯდა შენობა მხოლოდ იმისთვის, რომ იქ რამდენიმე ადამიანი დაჯდეს. მიმაჩნია, ქალაქისთვის პირველი რიგის ამოცანა არის ინფრასტრუქტურა, პარკირების პრობლემის მოგვარება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სკვერები, პარკები და მტვრის მაღალი კონცენტრაცია. ქალაქის ცენტრი სავსეა მოშიშვლებული ტერიტორიებით, რაც მტვრის გადატანის კარგი საშუალებაა.
რას ჰგავს ქალაქის ცენტრი, ან რიონის სანაპირო! ქალბატონი ნატო ქათამაძე სულ საუბრობს მდინარე ოღასკურის შესახებ. ვერა და ვერ მოგვარდა ამ მდინარის კალაპოტის დასუფთავება და მოწესრიგება. დაახლოებით 2 მილიონი ლარია საჭირო, რომ მდინარის კალაპოტი გავამაგროთ, ავაცილოთ ყოველწლიური დატბორვის საფრთხე ბუხაიძისა და ავტოქარხნის დასახლებებს და დავამსგავსოთ არა სანაგვეს, არამედ იმ მდინარეს, რომლის გასწვრივაც რეკრეაციული ზონები იქნება.
დიდი ჰონორით ჩამოვიდა ბატონი მურღულია ქუთაისში, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა აქვს და ყველაფერს მოვაგვარებო. როგორც კი საკითხს ვაყენებთ, რომ მდინარე რიონის სანაპირო ქალაქის ცენტრში უნდა გაკეთდეს, ვერ გვპასუხობენ. კატასტროფული სიტუაციაა რიონის გასწვრივ, ნაგვის ბუდეა!
ასევე საკუთარი მოსაზრება გვაქვს საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით. დაახლოებით 10 ათასამდე საბავშვო ასაკის ბავშვია ქუთაისში. ბიუჯეტიდან 9 მილიონ 900 ათასი ლარია გათვალისწინებული მუნიციპალური ბაღებისთვის. როგორც გვეუბნებიან, დაახლოებით 7500 ბავშვი დადის, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს ციფრი გაბერილია. გათვალისწინებული თანხებიდან 2 მილიონამდე მხოლოდ კვებაზეა გამოყოფილი, 6 მილიონამდე ხელფასზე იხარჯება და დანარჩენი ადმინისტრაციას ხმარდება. ჩვენ ვთავაზობთ, რომ 10 ათასივე ბავშვს ვაუჩერი გამოეყოს და მშობელმა თვითონვე გადაწყვიტოს, სად მიიყვანს შვილს, _ კერძოში თუ მუნიციპალურში. ეს გაზრდის კონკურენციას და ბავშვები უკეთესი სერვისით ისარგებლებენ. 100-120 ლარად კერძო საბავშვო ბაღებში გაცილებით უკეთეს მომსახურებას ღებულობს ბავშვი. თითქმის იგივეს ვხარჯავთ მუნიციპალურ ბაღებში და შეადარეთ, რამხელაა სხვაობაა, თუნდაც, პირობებში, კვებაში.
სამსონ გუგავა _ საკრებულოს დეპუტატი, „ლეიბორისტული პარტია“:
_ ბიუჯეტის ეფექტიანობის განსაზღვრის კარგი კატალიზატორი ადამიანების კმაყოფილების დონეა. ქუთაისის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ვერ გრძნობს რაიმე სიკეთეს და ხშირად არც კი იცნობს ბიუჯეტსა და განხორციელებული პროექტების ჩამონათვალს. ბიუჯეტის ბენეფიციართა და მომხმარებელთა კონტინგენტი შეზღუდულია და ფართო მასებს არ მოიცავს. შესაბამისად, ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტი ნამდვილად არ პასუხობს რეალურ მოთხოვნებს.
უპრიანი იქნება, გამოვათავისუფლოთ სხვადასხვა ხარჯი და, დაახლოებით, 10 მილიონ ლარამდე გავითვალისწინოთ ქალაქის განვითარებისათვის. ყოველივე საშუალებას მოგვცემს, სოლიდურად გავზარდოთ განათლების, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, სპორტისა და კულტურის პროგრამების დაფინანსებები და ვიფიქროთ სხვა სოლიდურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც. ის, თუ როგორ ხედავს პრიორიტეტებს ხელისუფლება და რა გზებსაც სახავს შემდგომი საქმიანობისთვის, ათწლეულებით გაყინავს ქალაქის განვითარებას.
გურამ ტოროშელიძე _ საკრებულოს წევრი:
_ ბიუჯეტში, ჯამში, დაახლოებით, 1 100 000 ლარით გაზრდა მოვითხოვეთ გზების ორმული შეკეთებისთვის, გადახურვითი სამუშაოებისთვის, ატრაქციონებისთვის და „სპეციალური სერვისებისთვის“. მიუხედავად მოთხოვნისა, ბიუჯეტს იმ შემთხვევაშიც დავუჭერ მხარს, თუკი ეს ცვლილებები არ განხორციელდება, რადგანაც, მერია ბიუჯეტს შესაძლებლობებიდან გამომდინარე ადგენს.
თეიმურაზ ნადირაძე _ ჯანდაცვის კომისიის თავმჯდომარე:
_ ბიუჯეტში გარკვეული თანხები ჩაიდო აუტიზმის მკურნალობისთვის. აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის ვეტერანებისთვის წელიწადში ერთხელ ფულადი დახმარების გაცემის გადაწყვეტილება მივიღეთ. თანხობრივი კლება არც სხვა პროგრამებშია. შესაძლებელია, წლის მეორე ნახევარში ბიუჯეტი გადაიხედოს და თუკი რომელიმე პროგრამაში აუთვისებელი თანხები დარჩება, იგი როგორც ჯანდაცვის, ასევე საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა მიმართულებით გადაადგილდეს. საკრებულოს კომისიის მიერ გამოთქმულ ყველა შენიშვნაზე მერიასთნ კოორდინებულად მიდის მუშაობა, რაც ბიუჯეტის სრულყოფაზე ადეკვატურად აისახება.
ეჭვს არ იწვევს, რომ მიუხედავად ოპოზიციის პროტესტისა, მერიის საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო მხარს დაუჭერს. ხოლო რამდენად უპასუხებს ახალი ბიუჯეტი იმ მოთხოვნებს, რაც ქალაქს დღეს აქვს და იგრძნობენ თუ არა ქუთაისლები ხელისუფლების მხარდაჭერას, ამის შეფასება მხოლოდ მომავალი წლის ბოლოს გახდება შესაძლებელი.
ხვიჩა ვაშაყმაძე