„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ აცხადებს, რომ სადღეისოდ ქართულ სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკაროების შესახებ ხედვა და ამ პრობლემასთან ბრძოლის სტრატეგია, ინფორმაცია მის გამომწვევ მიზეზებსა და უსახლკაროთა რაოდენობაზე, ასევე უსახლკაროთა პრევენციისა და რეაგირების ერთიანი სისტემა. არასამთავრობო ორგანიზაციის სპეციალურ კვლევაში აღნიშნულია, რომ უსახლკაროთა პრობლემა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წრეებში მას სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
დოკუმენტის ავტორები ქვეყნის ხელმძღვანელობას უსახლკაროთა პრობლემების გადაჭრის გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას სთავაზობენ.
„კვლევამ აჩვენა, რომ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უსახლკარობასთან ბრძოლის პოლიტიკის არქონა და სუსტი მუნიციპალური პოლიტიკა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევას სრულიად ფრაგმენტულს ხდის და ადგილობრივ დონეზე თანამედროვე და ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას გამორიცხავს“, _ აღნიშნულია კვლევაში. ორგანიზაცია ქვეყნის ხელმძღვანელობას რეკომენდაციით მიმართავს, ერთიანი სტრატეგია შემუშავდეს, რომელიც კვლევის მონაცემებს დაეყრდნობა. ავტორებს მიაჩნიათ, რომ სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი და თვით უსახლკაროები.
კვლევაში აღნიშნულია, რომ უსახლკარობის დაძლევის გრძელვადიანი სერვისები, მათ შორის, სოციალური საცხოვრისისა და საცხოვრებლის ხელმისაწვდომობის პროგრამები, ფაქტობრივად, არ მოქმედებს, რაც, თავის მხრივ, უსახლკაროთა მდგომარეობის შეცვლას შეუძლებელს ხდის.
„თბილისში 86 ათასი პოტენციურად უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. უკიდურესი სიღარიბის მიუხედავად, მუდმივი საცხოვრებელი ადგილის არქონის გამო, უსახლკარო პირებს არ შეუძლიათ დარეგისტრირება სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში, ასევე მათთვის მიუწვდომელია სოციალური დახმარება“, _ აღნიშნულია დოკუმენტში.
„მცირე საფინანსო რესურსები და სერვისები, რომლებიც მოკლევადიან და გადაუდებელ საჭიროებებზეა მიმართული, უსახლკაროთა პრობლემებს გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ გადაჭრის“, _ ხაზს უსვამენ კვლევის ავტორები.
2015 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის აგვისტომდე, მხოლოდ თბილისის რაიონულ ადმინისტრაციებს უსახლკაროთა სტატუსის რეგისტრაციის თხოვნით 2750 მოქალაქეზე მეტმა მიმართა. კომისიამ მხოლოდ 501 განაცხადი განიხილა. აქედან დადებითი რეკომენდაცია 275 პირზე გაიცა, უარი მიიღეს 191 შემთხვევაში. ადრე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დედაქალაქში აღწერა ჩაატარეს და უსახლკაროების მონაცემთა ბაზა შექმნეს. აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 3 ათას ოჯახს არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი და, პრაქტიკულად, ქუჩაში ცხოვრობს. ამ მონაცემთა ბაზაში მოხვდნენ ოჯახები, რომლებმაც სახლები დაკარგეს სტიქიური უბედურების შედეგად, იპოთეკური კრედიტის, ან სოციალური პრობლემების გამო. იქ არ შევიდა მონაცემები იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ, რადგან მათ პრობლემებზე შესაბამისი სამინისტრო მუშაობს.
თათული ჭუბაბრია, იურისტი, კვლევის ავტორი:
_ დღეს არ არსებობს უსახლკარობის სტრატეგია, ასევე სამოქმედო გეგმა, საქართველოში არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, რომელიც ამ უსახლკარო ადამიანებს აღრიცხავდა, ასევე აღრიცხავდა მათ საჭიროებებსა და უფლებრივ მდგომარეობებს. უსახლკარობა და სათანადო საცხოვრისის არქონა საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს, თუმცა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სივრცეებში ეს საკითხი არასათანადოდ არის აღიარებული. პრობლემის სიმწვავის მიუხედავად არ ხდება ამ გამოწვევის წინაშე მდგარ პირთა საჭიროებების, ასევე უსახლკარობისა თუ სათანადო საცხოვრისის არქონის ფორმებისა და გამომწვევი მიზეზების შესწავლა.
უსახლკარობის პრობლემის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა არის კოორდინაციის არარსებობა სახელმწიფო უწყებებს შორის.
სახელმწიფოს დღეს არ გააჩნია კოორდინაციის მექანიზმები ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე პოლიტიკის წარსამართავად. ასევე ცენტრალური ხელისუფლება სათანადო დონით არ აწარმოებს იმ პოლიტიკას, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივ დონეზე მუნიციპალიტეტებს შეეძლებოდათ პრობლემების აღმოფხვრა და სამოქმედო გეგმის შესრულება. ამიტომ ის, რომ დღეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ, არ წყვეტს პრობლემას, რადგანაც არ არსებობს საერთო გეგმა. მწვავე საკითხებს შორის არის ასევე ინტეგრირებული ხედვის არარსებობა უსახლკარობის პოლიტიკის სხვა პოლიტიკასთან, როგორიცაა დასაქმება, ჯანდაცვა, თუნდაც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წარმოებული პოლიტიკა. ასევე დამატებითი პრობლემა არის დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ნარკოდამოკიდებულ პირებს თავშესაფრებით სარგებლობა არ შეუძლიათ.
ეროვნული კანონმდებლობა ვიწროდ განმარტავს საცხოვრისის უფლების შინაარსსა და მას უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას უკავშირებს. ამასთან, უსახლკარო პირის ცნების ბუნდოვანება ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა უსახლკარობის სხვადასხვა გამოვლინების ამ ცნებაში მოქცევასთან დაკავშირებით, რამაც შესაძლოა, საცხოვრისის საჭიროების მქონე არაერთი ჯგუფი ცნების მოქმედების არეალის მიღმა დატოვოს.
კვლევაში „უსახლკარობა _ სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები სახელმწიფოს მიერ უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის კონკრეტული მიმართულებების შექმნის, გაძლიერებისა და გაუმჯობესების მიზნით. კვლევა სახელწოდებით „უსახლკარობა _ სახელმწიფო პოლიტიკის კრიტიკა“ არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს გააცნო.
თავის მხრივ, სახალხო დამცველი იმ სისტემურ პრობლემებზე საუბრობს, რომლებიც უსახლკარო პირების უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით დგას სახელმწიფოში. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული უსახლკარობის დასაძლევად საჭირო სამოქმედო გეგმა; არ არსებობს უსახლკარო პირების შესახებ მონაცემთა ბაზები, რის შედეგადაც უცნობია ქვეყანაში უსახლკარობის რეალური მასშტაბები; ეროვნულ დონეზე არსებული უსახლკარო პირის დეფინიცია არ ფარავს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით სათანადო საცხოვრებლის უფლების ფარგლებში გათვალისწინებულ სუბიექტებს.
„ქრონიკა+“-ს ესაუბრება სათნოების სახლ „კათარზისის“ ხელმძღვანელი, ზაურ ალადაშვილი:
_ ბატონო ზაურ, რატომ არ არსებობს ქვეყანაში უსახლკარობის სტატისტიკა და რამდენად გამოხატულია ეს პრობლემა?
_ კვლევის შედეგებს, რომ საქართველოში უსახლკარობის რეალური სტატისტიკა არ არსებობს, ვეთანხმები. ასეთი სტატისტიკა ბოლო 15 წლის განმავლობაში საერთოდ არ გამიგია. ადრე რა ხდებოდა, ნამდვილად ვერაფერს გეტყვით. ვფიქრობ, რომ პრობლემა ბევრად უფრო მწვავე ადრეულ წლებში იყო, ვიდრე დედაქალაქის მერია მაშინდელი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით გააკეთებდა უსახლკაროთა თავშესაფარს, რომელიც დღეს ლილოში ფუნქციონირებს. პრინციპში, იქ მხოლოდ თბილისელებს იღებენ და ციფრიც შესატყვისია. მათი რაოდენობა ბევრად დიდია, თუ საქართველოს მასშტაბს ავიღებთ. დედაქალაქის ფარგლებს გარეთ დღეს ქვეყანაში რაიმე თავშესაფარი არ გაგვაჩნია. თუ ადამიანი თბილისში ჩაწერილი, ან დარეგისტრირებული არ არის და რეალურად უსახლკაროდ დარჩა, მას არც ლილოს თავშესაფარში და არც სხვაგან იღებენ. სადღეისოდ, უსახლკაროთათვის მარტო ეს ობიექტი ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, რასაკვირველია, პრობლემა მწვავეა.
_ სტატისტიკის არარსებობას რას უკავშირებთ?
_ ალბათ, იმ კონკრეტული ადამიანებისა თუ სამსახურის უყურადღებობას თუ გულგრილობას, რომლებიც ამ პრობლემზე უნდა მუშაობდნენ. გარდა ამისა, თვითონ ეს საკითხიც მარტივად შესასწავლი არ გახლავთ. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს გადამფრენი ჩიტების სტატისტიკას შევადაროთ (რამდენი ჩიტი გადაიფრენს საქართველოზე და ა. შ.), მაგრამ ეს ამ თემას რაღაცით მაინც ჰგავს, რადგან ჩვენ არ ვიცით, სად უნდა ვეძიოთ ისინი, ვინც არსად არის რეგისტრირებული. თბილისში ამის გაკეთება, მეტ-ნაკლებად, შესაძლებელია, რადგან კომპაქტური ადგილებია. ზამთრის პირობებში ისინი იმ ადგილებში იკრიბებიან, სადაც მეტი სითბოა. ვთქვათ, მეტროსადგურების სიახლოვეს; ან ეს ყოფილი ნანგრევებია, მიტოვებული შენობების ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, პატარა კოცონის გამართვა, გათბობა და ა. შ.
რაიონებში ეს ყველაფერი ძალიან რთულადაა. რეგიონში ეს პრობლემა, პრაქტიკულად, შეუსწავლელი, აუთვისებელი ყამირია.
_ ამ სიტუაციაში რაიონში მცხოვრებ უსახლკაროებს რა გამოსავალი აქვთ?
_ კითხვას ცოტა სხვანაირად დავსვამდი, _ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანების პრობლემა ისევე იყოს გადაჭრილი, როგორც ვცდილობთ, რომ თბილისის ფარგლებში გადავჭრათ? რადგან რეალურად მათ არანაირი გამოსავალი არ გააჩნიათ. ვთქვათ, ფული გინდათ და არ გაქვთ, ბინა გინდათ და არ გაქვთ, საჭმელი გინდათ და არ მოგეპოვებათ, რა გამოსავალი გაქვთ?
ამიტომ ძალიან რთულია აქ რაიმე კანონიერ, ლეგალურ და ცივილიზებულ გამოსავალზე საუბარი.
_ „კათარზისის“ სახლი ამ პრობლემის გადაწყვეტასთან კავშირში ხომ არ არის?
_ სადღეისოდ არანაირ პირდაპირ მიმართებაში არ გახლავართ. ადრე, ალბათ, ერთადერთი არასამთავრობო კი არა, სამთავრობოც ვიყავით, როდესაც ამ თემაზე უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში ვმუშაობდით (ცოტა მეტი თუ არა). ყოველ შემთხვევაში, ჩვენთან მოყვანილი, შემდგომ გადამისამართებული უსახლკაროების სტატისტიკის შედგენა, დაახლოებით, 20 წლის წინათ დავიწყეთ. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ეს თემა თავის ხელში აიღო, ბუნებრივია, პრობლემამ ჯერ მოსკოვის გამზირზე უსახლკაროთა თავშესაფარში გადაინაცვლა, სადაც „კათარზისი“ ოპერირებდა, ხოლო მას მერე, რაც ლილოში სტაციონარი ააშენეს და იქ გადავიდნენ, რაც საქალაქო სამსახურმა ეს პრობლემა საკუთარ თავზე აიღო, „კათარზისი“ აღნიშნულ თემას ჩამოშორდა.
_ სათნოების სახლში რამდენი ბენეფიციარი გყავთ?
_ თუ თბილისის ორგანიზაცია იგულისხმება, 310 ბენეფიციარი გვყავს. უფრო სწორად, ყოველდღიურად 310 სადილი კეთდება იმ საერთო სტატისტიკაზე დაკვირვებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენთან ვაწარმოებთ. რეალურად, აღრიცხვაზე, დაახლოებით, 500-მდე ადამიანია. მაგრამ ჩვენ ვიცით, კონკრეტულად როგორ ხდება ხოლმე, ბენეფიციართა ამ რაოდენობის არსებობის პირობებში რამდენი ადამიანი ახერხებს ყოველდღიურად, ასაკიდან გამომდინარე, ჩვენთან მოსვლას. ამიტომაც, ყოველდღიურად, 310 სადილი კეთდება.
_ თქვენთან ადგილზე რამდენი რჩება?
_ 14 საწოლი ადგილი გვაქვს.
_ რის გაუმჯობესებას ცდილობთ?
_ თუკი რაიმე შესაძლებელია, ყველაფრის გაუმჯობესებისკენ მივისწრაფით, რადგან იმისკენ ვართ მიმართული, რომ არც ერთი წუთით ადგილზე არ ვიდგეთ. შენ თუ ადგილზე დგახარ და არ ვითარდები, ეს იმას ნიშნავს, რომ უკან მიდიხარ, ამიტომ ჩვენი დევიზი წინ სიარულია.
_ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების გზაზე რას მიაღწიეთ?
_ თუ დღეს ჩვენს ხანდაზმულებს უკეთესი სადილი აქვთ, ვიდრე 5-6 წლის წინათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით რაღაცას მივაღწიეთ. თუ თქვენ იმ მანსარდას გულისხმობთ, რომელიც ჩვენს შენობას დააშენეს და გვინდოდა, რომ ეს დაგვრჩენოდა, არის კიდეც დღეს ჩვენს მფლობელობაში. პირველი რიგის ამოცანა ის გახლავთ, რომ ამ გამოთავისუფლებულ 700 კვ.მ. სივრცეში მოთავსდეს საქართველოში პირველი კლასიკური ჰოსპისი, რომელიც ხანდაზმულებზე ზრუნვის მთელ ციკლს საკუთარ თავზე აიღებს, _ აქ უკურნებელი სენით დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვის სრული ციკლი იგულისხმება.
გელა მამულაშვილი