დიდი ხნის წინათ, როცა ოთარ დანელია, ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის ფავორიტი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, როცა მეტსახელად „ჩებურაშკა“ შეარქვეს, მოგვიანებით იგი ბიძინა ივანიშვილის საყვარელ დეიდაშვილთან, უჩა მამაცაშვილთან გადაპორტირდა. როგორც ამბობენ, კახელების ვარსკვლავთბიჭუნა ექსპრემიერის დეიდაშვილს ძალიან მოეწონა _ ისიც იმიტომ, რომ გაყოფისას 10%-ს სჯერდებოდა, დანარჩენი კი ივანიშვილის ნათესავებისთვის მიჰქონდა. მას არც მოტყუების შანსი ჰქონდა, იმიტომ რომ პირად კონტროლად საკუთარი მოადგილე, უჩა მამაცაშვილის სიძე, იურა ნოზაძე დაუნიშნეს. მართალია, ოთარ დანელია პერიოდულად ხმებს თავად ავრცელებდა, ხან შინაგან საქმეთა მინისტრად ინიშნებოდა და ხანაც პრემიერ-მინისტრის სავარძელს უმიზნებდა, მაგრამ, საბოლოოდ, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობა შერჩა ხელთ.
ოთარ დანელიას მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელება სწორედ ივანიშვილის ნათესავების დამსახურებაა. მასთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილს შორსმიმავალი გეგმები აქვს _ დანელიას პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარედ ამზადებენ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროში კარგად აწყობილ კორუფციულ სქემებს საფრთხე არ შეექმნას და რომელიმე ცნობისმოყვარე პარლამენტარმა ზედმეტად ცხვირის ჩაყოფა არ მოინდომოს.
ახლა თანმიმდევრობით იმ კორუფციული სქემის შესახებ, რომლის გამოც ოთარ დანელია ციხეში უნდა იჯდეს და არა _ პარლამენტში.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კორუფციული სქემა, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოქმედებდა, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ქართულ ცხვარს უკავშირდება.
მსოფლიო ბაზარზე ქართული ცხვარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ჯანმრთელია და დაავადებებთან იმუნურად მდგრადი, შესაბამისად, საკვებად უსაფრთხო. საქართველოში მიღებულია მომთაბარე ტიპის მეცხვარეობის ფორმა (ზამთრისა და ზაფხულის საძოვრები), აქედან გამომდინარე, ცხვარი მუდმივად მოძრაობაშია, უვითარდება კუნთი და ხდება ჯანმრთელი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არაბულ ქვეყნებში ქართული ცხვრის ექსპორტის მოთხოვნა ძალიან მაღალია. პირველი განცხადებები სომხური ცხვრის ქართულად გასაღებისა და საფრთხეების შესახებ მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილმა გააკეთა. მან იმ საფრთხეებზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს ამ სქემის გაშიფვრის პირობებში ემუქრება, ეს კი, უპირველეს ყოვლისა, ხუთწლიანი ემბარგოა, რომელიც საბოლოოდ გაანადგურებს ქართულ მეცხვარეობას. ბექა გონაშვილის განცხადებებს, ცხადია, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, რადგან სოფლის მეურნეობის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემას ბიძინა ივანიშვილის ნათესავები მფარველობდნენ.
2009 წლამდე ქართულ მეცხვარეობაში კატასტროფული მდგომარეობა იყო, რისი დამადასტურებელიც გახლავთ საქსტატის მონაცემები: 2008 წელს ცხვრის იმპორტი სჭარბობდა ექსპორტს, იმპორტი 18 850 ერთეული (1 128 900 ლარი), ექსპორტი 8800 ერთეული (595900 ლარი); 2009 წელს ქართულ მეცხვარეობაში გარდატეხა მოხდა, გაიხსნა არაბული ქვეყნების ბაზარი და აღნიშნული სფეროთი ქართველი ფერმერები დაინტერესდნენ. ლომის წილი ამ საქმეში სწორედ საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის პრეზიდენტმა ბექა გონაშვილმა ითამაშა. სხვათა შორის, სწორედ ამ წლებში ქართული ცხვრის აღორძინებას ფინანსურად ბიძინა ივანიშვილმაც შეუწყო ხელი, 2009 წლის ეს გარღვევა სტატისტიკის მონაცემებში ასე აისახა: „იმპორტი 16 500 ერთ. (986 160 ლარი), ექსპორტი 261 000 ერთ. (28 652 500 ლარი).
2012 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრად დავით კირვალიძე დაინიშნა. მისმა მრჩეველმა გიორგი იაკობაშვილმა (მეტსახელად „ბუა“) საკუთარ თავზე აიღო ცხვრის ექსპორტის კონტროლი. სხვათა შორის, ამ დღეებში იაკობაშვილის ძმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა. იაკობაშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელ ადმინისტრაციის უფროსს, ივანე ცერცვაძესა და სააგენტოს უფროსის ყოფილ და ამჟამინდელ მოადგილე მიხეილ სოხაძეს, რომელიც, თავის დროზე, ტენდერებში დარღვევების გამო სამსახურიდან გაუშვეს და 2015 წელს დანელიამ ისევ დააბრუნა თანამდებობაზე, ცხვრის ექსპორტის კონტროლი დაევალათ. ივანე ცერცვაძე იმდენად გახლართული იყო ტენდერების თემაში, სამსახურში მისი დაბრუნება იურა ნოზაძემაც ვერ გარისკა.
2012 წელს სწორედ ივანე ცერცვაძის მეშვეობით დაიწყო ექსპორტიორებისთვის პრობლემების შექმნა:
მოქმედი კანონმდებლობა ითხოვს, რომ გასაყვანმა ცხოველებმა საკარანტინო პერიოდი უნდა გაიაროს, უნდა მოეწყოს სანიტარიული ზონა, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დაავადებათა გამოვლენის პროცედურები უნდა ჩაატარონ, ჯანმრთელი და დაავადებული ცხოველები უნდა განცალკევდნენ. მხოლოდ ამ პროცედურებისა და ვაქცინაციის შემდეგ ვეტერინარი შესაბამის დასკვნას გასცემს და კომპანიას სერტიფიკატი ეძლევა. საკარანტინო ვადა საკმაოდ ხანგრძლივია _ 2-3 კვირა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსნებმა სწორედ საკარანტინო პროცედურის სირთულე გამოიყენეს და ექსპორტიორ ფირმებთან კორუფციულ გარიგებაში შევიდნენ, დაწესდა კონკრეტული თანხაც: თითო ცხვარზე ორი ლარი. კორფციული სქემა ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა და ამ ხნის მანძილზე 300 000 ერთეული ცხვარია გაყვანილი.
იმდენად, რამდენადაც ექსპორტიორი კომპანიები რამდენიმე ათეული იყო და კორუფციული სქემის არსებობაც მალევე გახმაურდა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ბევრად მარტივი სქემა მოიფიქრეს: მოძებნეს ძმები გია და მამუკა ადამიები, მათ დააფუძნეს შპს „ვიქტორია“ და შპს ,,ალკერნიზი”, ფაქტობრივად, მონოპოლისტებიც გახდნენ. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დანარჩენ ექსპორტიორ კომპანიებს საკარანტინო პრობლემები შეუქმნა, შემდეგ კი მათ არაოფიციალურად აცნობეს, რომ თუ „ვიქტორიას“ მეშვეობით ექსპორტს განახორციელებდნენ, სურსათის ეროვნულ სააგენტოში სასერტიფიკატო პრობლემები აღარ ექნებოდათ.
სწორედ აღნიშნული კორუფციული სქემის არსებობის გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სერიოზული პრობლემები შეუქმნა ერთ-ერთ მსხვილ უცხოურ კომპანიას, რომელიც ცხვრის ექსპორტს აწარმოებდა. არაბული კომპანია AL MAKI LLC-ის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკუთარი ბერკეტების გამოყენებით ბოლომდე ჩაძირეს.
შალვა ფიფიას მინისტრობის დროს სოფლის მეურნეობის სამინისტროში კიდევ ერთი კორუფციული სქემა დამუშავდა: გადაწყდა, ცხვარი შემოეყვანათ სომხეთიდან, რუსეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან, კარანტინზე დაეყენებინათ საქართველოში და არაბული ქვეყნებისთვის მიეწოდებინათ, როგორც ქართული. ეს სქემა ისევ ძმებ ადამიებს უნდა განეხორციელებინათ და სწორედ მათი მეშვეობით სამინისტროში შავი ფული უნდა მისულიყო. ამ ქვეყნებში, ქართულთან შედარებით, ცხვარი გაცილებით იაფია და ერთ სულზე მოგება 30-40 აშშ დოლარი რჩება. სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშვნისთანავე ოთარ დანელია მალევე გაერკვა ამ კორუფციულ სქემაში, რადგან `ვიქტორიას” დამფუძნებლის, გია ადამიას შვილი ოთარ დანელიას ახლო მეგობარი და ამავე დროს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, მიხეილ სოხაძის მეჯვარე და ნათელმირონია. იმ პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები არცთუ მყარი იყო, დანელიამ მთელი სქემა უჩა მამაცაშვილს მიუტანა, ერთგულებაც დაუმტკიცა და მისი სიძე იურა ნოზაძე მოადგილედაც დაინიშნა.
მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილ ცხვარზე სავაჭრო-სამრეწველო პალატას უნდა გაეცა ყალბი წარმოშობის სერტიფიკატი, რომ საექსპორტო ცხვარი დაბადებული და გაზრდილია საქართველოში. საქართველოს მთავრობის #420 დადგენილების მე-6 მუხლში მკაფიოდ განმარტებულია:
საქონელი, რომელიც მთლიანად წარმოებულია განსაზღვრულ ქვეყანაში, მლიანად წარმოადგენს ამ ქვეყანაში წარმოშობილს.
მოცემულ ქვეყანაში მთლიანად წარმოებულად მიიჩნევა მხოლოდ:
ა) სასარგებლო წიაღისეული, მოპოვებული მოცემული ქვეყნის წიაღებიდან, მისი ტერიტორიული წყლიდან, ან ზღვის ფსკერიდან;
ბ) მცენარეული წარმოშობის პროდუქცია მოყვანილი, ან შეგროვებული ამ ქვეყანაში;
გ) ამ ქვეყანაში გაჩენილი და გაზრდილი ცხოველები;
დ) ამ ქვეყანაში ბინადარი ცხოველებისგან მიღებული პროდუქტები.
სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გაცემული წარმოშობის სერტიფიკატის შემდეგ უკვე სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემდა ვეტერინარიულ სერტიფიკატს. მოგეხსენებათ, სავაჭრო-სამრეწველო პალატა მთლიანად ზვიად ჯანყარაშვილის განკარგულებაში იყო (ლამის, მთელი დედოფლისწყარო იქ ჰყავდა დასაქმებული). მსგავსი ყალბი სერტიფიკატები ასეულობითაა გაცემული. ეს იმ დროს, როცა საქართველოში მილიონი ერთეული ქართული წარმოშობის ცხვარი, ფაქტობრივად, გასაღების ბაზრის გარეშეა დარჩენილი.
2014-1015 წლებში საქართველოში გაურკვეველი დაავადება გავრცელდა, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, მხოლოდ ირანული წარმოშობის ცხვარს ახასიათებს. ანუ როგორც „ქრონიკა+“-ს მისი ინფორმირებული წყარო ეუბნება, ორგანიზებულ საერთაშორისო დანაშაულთან გვაქვს საქმე _ სომხური და რუსული ცხვრის პარალელურად, საქართველოში კონტრაბანდული გზით ირანული ცხვარიცაა შემოყვანილი.
ეს კორუფციულ სქემა ციფრებით ასე გამოიყურება: 2013-1014-1015 წლებში შემოყვანილი და გაყვანილია 150 000 ერთეული ცოცხალი ცხვარი, რომლის ღირებულებაც 26 000 000 ლარია. თითო ცხვარზე მოგება თუ, მინიმუმ, $40 შეადგენს, მაშინ მხოლოდ, ამ მარტივი არითმეტიკით, 6.000.000 დოლარი წავიდა უჩა მამაცაშვილისა და მისი კომპანიონების ჯიბეში.
საკარანტინო ვადა 6 თვე კონკრეტულად დაწესებული არ არის, სხვადასხვა ქვეყანა ითხოვს სხვადასხვა ვადას. აზერბაიჯანი ორ კვირას, იორდანია ორ თვეს, ევროპა ექვს თვეს და ა.შ. რადგან ყალბი სერტიფიკატების გაცემაზე სერიოზული ამბავი ატყდა, საუბარი დაიწყო საკარანტინო ვადის კანონიერ ფარგლებში მოქცევაზე.
2015 წლის მარტში „ვიქტორიას“ დირექტორმა სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ოფიციალური წერილით მიმართა. წერილში ნათქვამი იყო, რომ „ვიქტორიამ“ 500 000 ცოცხალი ცხვრის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმა საუდის არაბეთსა და იორდანიის სახელმწიფოებში. ამავე წერილში გ. ადამია აღიარებს, რომ ქართულ ცხვართან ერთად ფიქრობენ მეზობელი ქვეყნებიდან ცხვრის იმპორტზე, მაგრამ საკარანტინო ვადა (ექვსი თვე) მათთვის ხელსაყრელი არ არის და ვადის ერთ თვემდე შემცირებას ითხოვს.
აქ უკვე ოთარ დანელიას მოადგილე და უჩა მამაცაშვილის სიძე, იურა ნოზაძე, ოფიციალურად ერთვება საქმეში. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსს, ზაზა დოლიძეს, მინისტრის მაგივრად წერილს სწორედ იურა ნოზაძე უგზავნის და „ვიქტორიას“ წერილის განხილვას სასწრაფოდ ითხოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ზაზა დოლიძე ოთარ დანელიას ახლო მეგობარია, მას არც შესაბამისი განათლება აქვს და არც _ ვეტერინარის დიპლომი. იგი ჯერ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით _ სურსათის ეროვნულ სააგენტოს. მიუხედავად ამისა, ოთარ დანელია გაერიდა ამ თამაშში ოფიციალურ მონაწილეობას და საკითხის მოგვარება იურა ნოზაძეს გადააბარა.
საპასუხო წერილში ნათქვამია, რომ საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის _ ცხვრისა და თხის იმპორტთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტა გამოაგზავნა, რომლის თანახმადაც, საქართველოდან ექსპორტირებული ცხოველები უნდა აკმაყოფილებდნენ მითითებულ ვეტერინარიულ მოთხოვნებს, კერძოდ, წარმოშობის ქვეყნად აუცილებლად უნდა იყოს მითითებული საქართველო; ან საერთაშორისო სერტიფიკატის ზოგად მოთხოვნას უნდა პასუხობდეს, რომლის თანახმადაც ექსპორტზე გაყვანილი ცხოველები, მინიმუმ, ექვსი თვე მაინც საქართველოში უნდა იმყოფებოდნენ.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, რეალურად, საპასუხო წერილი სააგენტოს თანამშრომელმა მაკა შველიძემ კანონმდებლობის სრული დაცვით მოამზადა. წესით, წერილში მოყვანილი არგუმენტების შემდეგ იურა ნოზაძეს დამატებითი პრეტენზიები აღარ უნდა გასჩენოდა, მაგრამ პასუხის მიღებიდან რამდენიმე დღეში მინისტრის მოადგილემ სურსათის ეროვნულ სააგენტოში კიდევ ერთი წერილი გააგზავნა და, ამჯერად, სრულიად გაუგებარი მოთხოვნით, _ საკარანტინო ვადის ექვსი თვიდან ერთ თვემდე შემცირების საკითხის გადაწყვეტას საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით ითხოვდა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ოთარ დანელიას მაინც მოუწია საკითხის მოგვარებაში ჩარევა, მან იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომლები გვარიანად „დაარაზბორკა“ და ოპერატიულად დაავალა საკითხის მოგვარება.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ამჯერად, სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი ჩავლეიშვილი მყისიერად გამოეხმაურა: „ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველის ყოფნის არანაკლებ ექვსთვიან პერიოდთან დაკავშირებით საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტო არ არის წინააღმდეგი, სერტიფიკატიდან ამოღებულ იქნას აღნიშნული ჩანაწერი, რისთვისაც საჭირო გახდება ცვლილებების შეტანა დადგენილებაში“, _ ნათქვამია წერილში, რომელიც ირაკლი ჩავლეიშვილმა იურა ნოზაძეს გაუგზავნა.
ქვეყნის ინტერესები უფრო აწუხებდა იურა ნოზაძეს, თუ საკუთარი შავი შემოსავლები, მისი ოპერატიულობიდან გამომდინარე, ძნელი დასადგენი ნამდვილად არ არის.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ამ კომბინაციით არაბულ ქვეყნებში სწორედ ირანული და სომხური ცხვარი იგზავნება. თუ 2009 წლიდან კარგი პირობებისა და სარეალიზაციო ბაზრის გაფართოების შედეგად საქართველოში ცხვრის რაოდენობა ერთ მილიონამდე გაიზარდა, 2012 წლიდან არაბული ქვეყნების სარეალიზაციო ბაზარი ქართული ცხვრისთვის, ფაქტობრივად, დაიკეტა. მეცხვარე ვეღარ აუდის ნამატის შენახვას, ამის გამო ადგილობრივი ფერმერები აზერბაიჯანულ ბაზარს მიადგნენ, იქ ცხვრის ფასი რეალურზე გაცილებით დაბალია. 2008-2012 წლებში აზერბაიჯანთან საქონელბრუნვა ორი რეჟიმით მიმდინარეობდა: იმპორტი და ექსპორტი, 2013-2015 წლებში კი მხოლოდ ექსპორტი გვაქვს, ისიც შეზღუდული რაოდენობით. 2016 წლის სტატისტიკის მონაცემებით ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული ცხვრის რაოდენობა განახევრდება.
მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საკუთარ ამომრჩეველთან სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებით იწონებს თავს, რეალურად კი ეს რეფორმები ის კორუფციული სქემებია, რომლითაც შავი ფული ბიძინა ივანიშვილის ნათესავების ჯიბეებში ილექება. „არჩევანში“ ოთარ დანელიას ოპონენტებმა დელიკატურად შეახსენეს, რომ სამინისტროს რეალური მმართველი სწორედ უჩა მამაცაშვილის სიძე იყო, დანელიამ კი საკუთარი რეპუტაციის დაცვას ნოზაძის კომპეტენციის ხარისხზე საუბარი არჩია. პასუხიც მარტივია, რატომ? _ მისი მომავალი საქართველოს პარლამენტში სწორედ უჩა მამაცაშვილზეა დამოკიდებული.
ელისო კილაძე