სოფლის მეურნეობის მინისტრად ოთარ დანელია ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავების რეკომენდაციით დაინიშნა. მართალია, ე. წ. კახელების კლანს ბოლომდე ეგონა, რომ დანელია მათი ერთგული კადრი იყო, მაგრამ მან მალევე ახალი პატრონის ძებნა დაიწყო და იპოვა კიდეც _ ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სახით. უჩა მამაცაშვილის ახლო ნათესავი იურა ნოზაძე მინისტრის მოადგილედ მხოლოდ ერთადერთი ნიშნით დაინიშნა, _ მას უნდა ეკონტროლებინა ოთარ დანელია და ყველა ის კორუფციული სქემა, რომელზეც ამ და სხვა სტატიებში ვისაუბრებთ.
დღეს ოთარ დანელია უჩა მამაცაშვილის რეკომენდაციით მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობას ისევ უჩა მამაცაშვილის კადრი, ლევან დავითაშვილი ასრულებს.
რა სქემით კეთდება ფული სოფლის მეურნეობის სამინისტროში და რატომ უნდა იჯდეს ოთარ დანელია პარლამენტის ნაცვლად ციხეში?
„ქრონიკა+“-ის სკანდალური ექსკლუზივი.
დასაწყისი
ის, რომ თურქული საკმაოდ მძიმე ინფექციური დაავადებაა, სპეციალისტები ამაზე კარგა ხანია, აღარ დაობენ. თურქულის ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობისთვის უფასოდ ტარდება. ბოლო ერთი წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა თურქულით დაავადების არც ერთი ფაქტი, რასაც დადებითად აფასებს ევროკავშირის წარმომადგენლობა. ეს ერთ-ერთი მთავარი პირობაა ადგილობრივი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გასატანად. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ვაქცინის შესაძენად ელექტრონულ ტენდერს წელიწადში ორჯერ ატარებს. ძირითადი შესყიდვა ხდება რუსეთიდან, რადგან ფასი, ევროპულთან შედარებით, გაცილებით დაბალია.
2014 წლის 2 სექტემბერს პირუტყვის მწვავე ინფექციური დაავადება თურქულის ვაქცინის შესყიდვასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული ტენდერი ჩაატარა.
სატენდერო მონაცემები:
• სატენდერო განცხადების ნომერი _ SPA140019261;
• ტენდერის გამოცხადების თარიღი _ 12.08.2014 წ.;
• წინადადების მიღების დაწყება _ 28.08.2014 წ.;
• წინადადების მიღების დასრულება _ 02.09.2014 წ.;
• შესყიდვის სავარაუდო ღირებულება _ 1 635 000 ლარი;
2014 წლის 2 სექტემბერს ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ: შპს „AHS “-მ და შპს „დრუნჩამ“. შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „დრუნჩა“, შეთავაზებული თანხით _ 1 602 300 ლარი.
„ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული სუბიექტურად და პროტექციონიზმით გამოვლინდა.
შპს „დრუნჩა“ დარეგისტრირდა ტენდერის გამოცხადების მეორე დღეს 13.08.2014 წ.;
შპს „დრუნჩას“ ერთპიროვნულ დამფუძნებელსა და დირექტორ დათო სოსიაშვილს არ გააჩნია შესაბამისი განათლება (სამედიცინო-ვეტერინარიული) და საქმიანი თვისებები (ბიზნესთვისებები, ვაქცინის მომწოდებელ ქვეყანასთან როგორც პირადი, ასევე ბიზნესურთიერთობა), რომელიც აუცილებელია ისეთი სპეციფიკური პროდუქტის მოწოდებასთან, როგორიცაა სამედიცინო პრეპარატები;
დათო სოსიაშვილის ბიზნესბიოგრაფია შემოიფარგლება მხოლოდ იმით, რომ ის ბიძამისთან, გივი სოსიაშვილთან და ბიძაშვილთან, ნინო სოსიაშვილთან მუშაობს სხვადასხვა ფირმაში („პაემანი“ და „დ&ნ“). აღნიშნული ფირმები დაკავებული არიან მცირე ბიზნესით (წვრილი საზკვების ობიექტები);
რაც შეეხება ვაჭრობაში მონაწილე მეორე იურიდიულ პირს, შპს „ AHS “-ს, სახელმწიფო ტენდერებში მისი მონაწილეობა შემოიფარგლება მხოლოდ ვაჭრობის ფონის შესაქმნელად („გამპრავებელი“ ფირმა), თითქოსდა გამოცხადებული ტენდერი მიმდინარეობდა კონკურენციის თანხლებით (მას მხოლოდ ორჯერ აქვს ტენდერში მონაწილეობა მიღებული, ორივეჯერ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში და შექმნა კონკურენციის ფონი);
პიროვნებების ნათესაური და პირადი კავშირების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გივი სოსიაშვილი (დათო სოსიაშვილის ბიძა) არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის, გენადი კერძევაძის დის მამამთილი.
ჩატარებულ ტენდერში, სავარაუდოდ, იკვეთება საჯარო მოხელის, გ. კერძევაძის (შესაძლოა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სხვა თანამდებობის პირებისაც) ფარული, კანონსაწინააღმდეგო ინტერესები. რაკი ეს ეჭვი გაჩნდა, ანტიკორუფციულმა სააგენტომ მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გადამოწმება. „ქრონიკა+“-ის წყაროს ცნობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოდან მოპოვებულ იქნა (ოპერატიული გზით) IP მისამართები, საიდანაც სატენდერო დოკუმენტაცია აიტვირთა. აღნიშნული IP მისამართების საფუძველზე, ასევე, ინტერნეტ-პროვაიდერების მეშვეობით, დადგინდა რეალურ პიროვნებათა მისამართები, რომლებიც სატენდერო პროცესში მონაწილეობდნენ. IP მისამართებისა და შსს-ს ბაზებში არსებული მონაცემების დამუშავების საფუძველზე გამოიკვეთა ისევ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის, გენადი კერძევაძისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ივანე ცერცვაძის კავშირები ტენდერში გამარჯვებულ ფირმის წარმომადგენლებს შორის.
იმის გამო, რომ იმხანად ოთარ დანელია უკვე გადაპორტირებული იყო უჩა მამაცაშვილთან, გამოძიება არც კი გაგრძელებულა და არც ის ინფორმაცია მოუპოვებია ვინმეს, რამდენად სრულფასოვნად ჩატარდა ვაქცინაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო 2015 წელს ბევრად უფრო შორს წავიდა, როცა 29 აპრილს დაავადება თურქულის საწინააღმდეგო 1 709 000 დოზა ვაქცინა შეისყიდა. მიმდინარე წლის 29 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონული ტენდერი ჩაატარა 1 709 000 დოზა თურქულის ვაქცინის (შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 709 000 ლარი) შესყიდვაზე. ფასის შესაბამისად _ 1 070 000 ლარი (ერთეული დოზის ღირებულება 62 თეთრი), ჩატარებულ ტენდერში გაიმარჯვა ვლადიმირის ქარხნის წარმომადგენელმა ფირმა შპს „ვესალიმ“. ტენდერის ჩატარების შემდგომ გავრცელდა გარკვეული ინფორმაცია, რომ მოსაწოდებელი ვაქცინა ვადაგასულია და უკვე საშემოდგომო აცრების დროს უვარგისი იქნება. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ვაქცინის ფასი, 62 თეთრი, იმდენად დაბალია, რომ ასეთ ფასად თვითონ რუსეთშიც არ ყიდის ვლადიმირის ქარხანა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საბაჟო, სატრანსპორტო და სხვა ხარჯებს; „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში ვლადიმირის ქარხანამ რუსეთსა და სხვა ქვეყნებში კონკურენცია ვერ გაუწია შოლკოვოს ქარხანას და, შესაბამისად, წარმოებული პროდუქცია ჩაუწვა. იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინის მოქმედების მაქსიმუმი ვადა 18 თვეა, ვლადიმირის ქარხანა ეტიკეტის გადარტყმას ახდენს (ანუ ახალი ვადების დაფიქსირებას ფლაკონებზე) და რეალიზაციას დაბალ ფასად აწარმოებს. სპეციალისტების აზრით, საქართველო უდიდეს ფინანსურ ზარალს მიიღებს არა მარტო იმიტომ, რომ ვადაგასულ ვაქცინაში მილიონ ლარზე მეტს გადავიხდით, არამედ გასულ ოთხ წელიწადში დახარჯული ათეულობით მილიონი ლარი წყალში გადაყრილი იქნება, _ ვადაგასული ვაქცინის გამოყენება უკუეფექტს გამოიწვევს და შესაძლოა, პირუტყვში თურქულის დაავადების ეპიდემია მივიღოთ, რომლის აღმოფხვრასაც რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. გარდა ამისა, აღნიშნული დაავადების გავრცელებით შესაძლოა, ქართული პროდუქციისთვის წლების განმავლობაში დაიკეტოს ევროპოს ბაზარი.
სხვათა შორის, სურსათის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია ჰქონდათ იმის თაობაზე, რომ ყაზახეთმა ვლადიმირის ქარხნის ვაქცინის სრული ექსპერტიზა ბრიტანეთის ლაბორატორია „პირბრაიტის ინსტიტუტში“ ჩაატარა. დასკვნის საფუძველზე ყაზახეთმა ვლადიმირის ქარხნის ვაქცინის შესყიდვაზე უარი თქვა, რადგან იგი გამოსაყენებლად უვარგისი აღმოჩნდა.
ამ ინფორმაციის არსებობის მიუხედავად, ვაქცინის სრული პარტია საქართველოში 19 ივნისს შემოვიდა და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 22 ივნისს იგი დაასაწყობა. დასაწყობების პროცესში აღმოჩნდა, რომ ვაქცინა შუშის ნაცვლად პოლიმერის ამპულებში იყო ჩამოსხმული. საქართველოს კანონმდებლობით და ასევე სატენდერო პირობებით, ვაქცინა და მისი ტარა მიწოდებამდე შესაბამისი წესით უნდა დარეგისტრირდეს. ვლადიმირის ქარხნის მიერ წარმოებული თურქულის ვაქცინა საქართველოში დარეგისტრირებულია მხოლოდ შუშის ამპულებში, შესაბამისად, მოწოდებული ვაქცინა რეგისტრაციის პირობებს არ აკმაყოფილებს. საბაჟო დეპარტამენტი ვალდებული იყო, საზღვარზე მხოლოდ რეგისტრირებული პრეპარატი შემოეშვა.
შემოტანილი ვაქცინა სურსათის ეროვნული სააგენტოს საწყობში დასაწყობდა, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, თუმცა ვაქცინის უვარგისობაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს.
აღნიშნულ საკითხზე სურსათის ეროვნულ სააგენტოში საგანგებო თათბირიც გაიმართა. „ქრონიკა+“-ის წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთ ვერსიად ვაქცინის ხელახალი შესყიდვა განიხილებოდა, მაგრამ დამატებით ხარჯებზე სამინისტრომ უარი განაცხადა, ამიტომ დანაშაულებრივი გზა აირჩიეს, _ კანონის დარღვევით შემოტანილი პრეპარატი დაარეგისტრირეს და საგაზაფხულო აცრებიც სასწრაფოდ დაიწყეს. მართალია, გადაწყვეტილება მიიღეს, რომ პრეპარატი ბრიტანეთში „პირბრაიტის ლაბორატორიაში“ შემდგომი შემოწმების მიზნით გაეგზავნათ, მაგრამ „ქრონიკა+“-ის წყარო ვერ აკონკრეტებს, ნამდვილად გაიგზავნა თუ არა და რა პასუხი მოვიდა ბრიტანეთიდან.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ან პარლამენტში გადაინაცვლებს და მას მამაცაშვილ-ნოზაძის დუეტი დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარეობასაც ჰპირდებია, ან მაჟორიტარულ არჩევნებს წააგებს და სახლში წავა ისე, რომ მისი პასუხისმგებლობის საკითხს არავინ დაუბრუნდება.
ბიძინა ივანიშვილის საყვარელი დეიდაშვილი კი სოფლის მეურნეობის სამინისტროზე გავლენებს ლევან დავითაშვილის მეშვეობით შეინარჩუნებს. მერე რა, რომ ყოფილმა პრემიერმა სამინისტროში ყოფილი მინისტრის, დავით კირვალიძის დაბრუნების განკარგულება გასცა? ჯერჯერობით, კირვალიძეს მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილის მრჩევლის პოსტს სთავაზობენ.
ელისო კილაძე