QronikaPlus
მამუკა ნოზაძე: ,,ოქრუაშვილს „ოცნება“ მფარველობს და ის რეალურად მათი კანდიდატია!”

მამუკა ნოზაძე: ,,ოქრუაშვილს „ოცნება“ მფარველობს და ის რეალურად მათი კანდიდატია!”

2016-10-07 11:26:12

ადვოკატი მამუკა ნოზაძე გორში „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატია. ის „ქრონიკა+“-ს გორის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო დარღვევებზე ესაუბრა.   მამუკა ნოზაძე: _ საქართველოში წინასაარჩევნო გარემო არასახარბიელოა. კანდიდატები არ არიან ჩაყენებული თანასწორ პირობებში. ამ მხრივ სცოდავს მედია, რადგან მედიასივრცით სარგებლობის საშუალებას აძლევენ მხოლოდ სასურველ კანდიდატებს. ყურადღებას გავამახვილებ ეროვნულ მაუწყებლებზე, რომლებიც, ამ მხრივ, განსაკუთრებით არღვევენ კანონს. რეგიონებში, წინასაარჩევნოდ, მიმდინარეობს ბრძოლა წესების გარეშე თავად კონკურენტების მხრიდანაც. ქალაქში აკრძალულ ადგილებზე აკრავენ პლაკატებს, რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. _ რა ადგილებზე არ შეიძლება პლაკატების გაკვრა? _ გორის საკრებულომ დაამტკიცა ნუსხა, სად შეიძლება წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით პლაკატის გამოკვრა და სად _ არა. აკრძალულია ყველგან გაჩერებებისა და ბოძების გარდა. სკოლებში, მიზეუმებში, პოლიციაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან და მსგავს ადგილებში კი აკრძალულია. მიუხედავად ამისა, გორის დიდების მუზეუმის კედლები ორი კანდიდატის _ მაკრახიძისა და ირაკლი ოქრუაშვილის  პლაკატებით არის აჭრელებული. დღემდე ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ მოუხდენია. სანამ ეს მოხდებოდა, მერიაში განცხადება შევიტანე, სადაც ვწერდი, რომ მხოლოდ გაჩერებები და ბოძები არ იქნებოდა წინასაარჩევნო პლაკატებისთვის საკმარისი, მაგრამ ეს არ გაითვალისწინეს. შემდეგ კი, როცა კანონდარღვევის შესახებ განვაცხადე,  მერიამ მითხრა, რომ ოქრუაშვილი გააფრთხილეს, წერილი გაუგზავნეს და თუ ის მსგავს ქმედებებს გააგრძელებს, ადმინისტრაციულად დაჯარიმდებაო. წერილის ჩაბარების ათასგვარი საშუალება არსებობს, მაგრამ უკვე თვეზე მეტია, თავს ვერ აბამენ. იმალება ირაკლი ოქრუაშვილი და იმიტომ ვერ იბარებს, თუ მერია ვერ ასრულებს თავის მოვალეობას?თუ კანდიდატი არ ხსნის აკრძალულ ადგილებზე თავის პლაკატებს, მერიას ვალდებულება აქვს, რომ სასამართლოს მიმართოს. საბოლოოდ, მერიისგან სრულიად უცნაური წერილი მივიღე, რომ ჩვენ პლაკატებს ვერ ჩამოვხსნით, რადგან ეს საარჩევნო კოდექსის დარღვევააო. არჩევნები მოახლოვდა და კანდიდატებს არ გვაქვს საშუალება, რომ წინასაარჩევნოდ პლაკატები გამოყოფილ ადგილებზე განვათავსოთ, ვინაიდან ისინი უკვე დაკავებულია. _ რამდენიმე დღის წინათ დამოუკიდებელმა კანდიდატმა გორში ირაკლი ოქრუაშვილმა სოფლის ადვოკატი გიწოდათ. რის გამო დაიმსახურეთ ასეთი შეფასება? _ ირაკლი ოქრუაშვილს ჭკუა აღარ მოეკითხება და ამიტომაც გადასულია აგრესიულ რიტორიკაზე. ის გაამწარა იმან, რომ მის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები გამოვამჟღავნე. მთელი ცხოვრების მანძილზე ეს ადამიანი ინტრიგებს ხლართავდა. როცა ის მთავარი პროკურორი გახლდათ, საქართველოში უკანონობების დამკვიდრების ინიციატორი იყო. როცა მას ამ თანამდებობაზე ირჩევდნენ, პირდაპირ განაცხადა, _ ჩემი იდეალია რაზმაძის დროინდელი პროკურატურაო. საზოგადოებას შევახსენებ, რომ ვახტანგ რაზმაძე სსრ კავშირის დროს საქართველოს გენერალური პროკურორი იყო, რომელიც ამ ფორმაციას ემსახურებოდა. ყველას მოეხსენება, როგორ „ყვაოდა“ სამართალი, ან როგორი სამართლიანობა იყო იმ დროს. ასეთი პერიოდი და ადამიანი გაიხადა მან იდეალად და მართლაც გაჰყვა მის გზას. გორში, სწორედ, ოქრუაშვილი იყო ვიდეოკამერების ფარულად დაყენების ინიციატორი, არადა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომ ის იყოს ხელშეუხებელი. ის ასევე მონაწილეობდა გორში ქონებების გადანაწილებაში და სამწუხაროა, რომ საზოგადოებამ ეს ფაქტები დაივიწყა. კიდევ შემიძლია მისი „საქმენი საგმირონი“ ჩამოვთვალო: გორის ბაზრის დირექტორს, წიკლაურს მან ბაზარი წაართვა, თავად კი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ციხეში გამოკეტა. სანამ წიკლაურმა იძულების წესით არ აჩუქა ეს ობიექტი სახელმწიფოს, მას მზის სხივიც არ დაანახვეს. წიკლაურის საჩივარი გაგზავნილია ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში, თუმცა ადამიანი, რომელმაც მას ქონება წაართვა, დღეს უტიფრად ჰპირდება გორელ ხალხს, რომ მათ ბაზარს დაუბრუნებს. ეს მაშინ, როცა ის კერძო ინვესტორის ხელშია გადასული და მესაკუთრეც ჰყავს. გავიხსენებ ფაქტს, როცა ოქრუაშვილი ბონდო შალიკიანის ოჯახში შევარდა და ზონდერებს ცოლ-ქმარი ლოგინიდან გადმოაყრევინა. ის მონაწილეობდა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ დემონსტრაციულ დაჭერებში: როგორ მოეპყრო მირცხულავას, სულხან მოლაშვილს. 2003 წლიდან მან ბრძოლა დაიწყო სასამართლოს საკუთარ ხელში მოსაქცევად და მოსამართლეებზე ზეწოლებს ახდენდა. ის მოსახლეობაში შიშს თესდა. როცა კახელმა გლეხებმა პროტესტი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ მათ მიერ მოწეული მოსავლის შესყიდვა ხდებოდა არაადეკვატურ ფასებში, ოქრუაშვილი კახელებს ჯერ დაემუქრა, _ ტანკებს გამოვიყვან და გადაგიხნავთ ვენახებს! თუ არ გაჩერდებით, ციხეებში „პერედაჩებში“ მოგიწევთ მთელი შემოსავლის ზიდვაო! იმ პერიოდში ის თავდაცვის მინისტრი იყო. ხალხს ახსოვს, როგორ მოიქცა ის კოდორთან მიმართებით. ამ ყოველივეს შემდგომ ირაკლი ოქრუაშვილს ჰყოფნის თავხედობა, საზოგადოებას საკუთარი თავი შესთავაზოს და ეუბნება, რომ გამოსწორდა. ჩვენ დავინახეთ, როგორი „გმირიც“ არის ოქრუაშვილი. ის სააკაშვილის ყველა დანაშაულის თანამონაწილეა, შემდგომ კი ორი დღეც ვერ გაძლო ციხეში და დევნილის მანტია მოისხა. ეს არის კაცი, რომელსაც კარგად შეუძლია სუსტის დაჩაგვრა. მან მეგობრობაც კი არ იცის, რადგან მიშა ქარელზე, რომელიც მას გადაჰყვა და, შეიძლება ითქვას, საკუთარი თავი ანაცვალა, ამბობს, ღორის ტილს ფეხზე რომ დაისვამ, თავზე აგაცოცდებაო. ადამიანისგან, რომელმაც არ იცის მეგობრობა, კანონი, სამართალი, ჩემი სახელის აუგად მოხსენიება რა გასაკვირია? სოფლის ადვოკატი მიწოდა და ამით შეურაცხყოფა მე კი არა, სოფელს მიაყენა. როგორც ჩანს, გორი და გორელები მას მდაბიოებად მიაჩნია. მინდა, თქვენი გაზეთით მას ვუთხრა, რომ მე, როგორც ადვოკატი, არა მარტო გორში, არამედ საქართველოს ყველა კუთხეში ვაწარმოებ საადვოკატო საქმიანობას. მან ისიც არ იცის, რომ მთელი სამყაროა სოფელი და მას წუთისოფელს ეძახიან. სოფელს კნინობითი ფორმით მოიხსენიებს და, ამ დროს, სწორედ ამ სოფლელებისგან ითხოვს მხარდაჭერასა და თანადგომას. ჩემ მიმართ მისი ეს გამოხტომა საზოგადოებამ ცუდად შეაფასა, განცხადებით გამოეხმაურა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და არაგონივრული შეფასებისთვის ოქრუაშვილს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ეს ადამიანი ჭკუას ვერ სწავლობს და დღემდე ცდილობს, დანაშაულებრივი გზით კვლავ მოვიდეს ხელისუფლებაში. _ ბატონო მამუკა, დანაშაულებრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობაში რას გულისხმობთ? შეგიძლიათ, ამის თაობაზე ფაქტებით გვესაუბროთ? _ გორში საქილიკოდ იქცა მისი ქმედებები და ამის შესახებ სოციალურ ქსელშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ოქრუაშვილი 10-კაციან ჯგუფებს ხვდებოდა ე.წ. ბირჟებზე, ლუდს ყიდულობდა და მათთან ერთად მიირთმევდა. ამას აკეთებდა იმ მიზნით, რომ არჩევნების დროს მისთვის ხმა მიეცათ. ის ამ ადამიანებს უმტკიცებდა, რომ გამოსწორდა და წარსულში ჩადენილ შეცდომებსაც აღარ გაიმეორებდა. ეს გახლდათ ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვა, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ ქალაქ გორში, კომბინატის დასახლებაში, 11, 12 და 13 ნომერ კორპუსებში მცხოვრებლებს მიუტანა ამანათები, რომელშიც შედიოდა ზეთი, წიწიბურა, ლობიო, ხორცის კონსერვი, შედედებული რძე და კიდევ სხვა პროდუქტები. სხვათა შორის, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ოქრუაშვილის კანდიდატმა კახა ერგემლიძემ სწორედ ასეთი გზით მოიპოვა წარმატება და მეორე ტურში ასე გადავიდა, რასაც ყურადღება არავინ მიაქცია. როგორც მოსახლეობა აცხადებს, ამანათებით ოქრუაშვილმა მადლიერება გამოხატა მათ მიმართ, რადგან ოქრუაშვილის პარტიას დავუჭირეთ მხარიო. მას შემდეგ, რაც არჩევნები დაინიშნება, აკრძალულია ამომრჩევლისთვის მსგავსი საჩუქრების მირთმევა, რადგან კანონის ენაზე მას ამომრჩევლის მოსყიდვა ჰქვია. _ რით ამტკიცებთ, რომ ამომრჩეველი ნამდვილად მოისყიდა? _ მე ვცხოვრობ იმ უბანში. როცა ეს ამბავი შევიტყვე, ვერ ვიჯერებდი, რომ იურისტმა ადამიანმა ასეთი კანონდარღვევა ჩაიდინა და იკადრა. იქ მცხოვრებ რამდენიმე ნაცნობს დავუკავშირდი და ვკითხე, მართლაც დაურიგეს თუ არა მათ პროდუქტები? მათ დამიდასტურეს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, რის შემდეგაც ადგილზე მივედი და სხვებსაც ვესაუბრე. ყველამ მითხრა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი იყო მათ უბანში, ორი დღის შემდეგ კი პროდუქტები გაუგზავნა. ვუთხარი, რომ აქტი უნდა შემედგინა, რომელშიც ამ ყველაფერს ჩავწერდი და მათ ხელი უნდა მოეწერათ. თავიდან თანხმობა განმიცხადეს, მაგრამ როცა აქტის წერა დავიწყე, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ლოიალურმა რამდენიმე მოქალაქემ აგრესიული გამოხტომები დაიწყო, _ რა საჭიროა ეს, ჩვენ ვართ გაჭირვებულები და ამიტომ ავიღეთ პროდუქტი. სხვა კანდიდატიც თუ მოგვიტანს, იმასაც სიამოვნებით ავიღებთო. ქვეყანაში ხდება უბედურება, მოქალაქეები შიმშილის ზღვარზე არიან და 2 კილო ლობიოსა და ერთ ლირტ ზეთზე ყიდიან საკუთარ ხმებს. ეს არის ქვეყნის კატასტროფა. შემდგომ ამ ადამიანებმა ოქრუაშვილის პარტიის წევრებს გამოუძახეს. ისინი ფარულად იღებდნენ და თან პასუხს ითხოვდნენ ჩემგან, თუ რატომ ვადგენდი აქტს. სხვათა შორის, ოქრუაშვილის უგუნურმა მომხრეებმა შემდგომ ეს ჩანაწერი ატვირთეს და ამითაც დაადასტურეს ეს ფაქტი. ისინი ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილს არ მიუტანია ეს პროდუქტები, მაგრამ ნებისმიერი კანდიდატის სახელით მოქმედი პირის მიერ ჩადენილი ასეთი დანაშაული, თუ მას აქვს მასობრივი ხასიათი, მიიჩნევა კანდიდატის მოსყიდვად და საარჩევნო კოდექსის თანახმად, ის ექვემდებარება კანდიდატობიდან მოხსნას. ოქრუაშვილის მიერ გამოგზავნილმა, მობილიზებულმა ადამიანებმა, ბუნებრივია, შეაშინეს და გადამალეს ის ადამიანები, რომელთაც საჩუქრები მიიღეს. აქედან გამომდინარე, ჩემ მიერ შედგენილ აქტს ყველამ ვერ მოაწერა ხელი. ერთმა პიროვნებამ გამოიჩინა გამბედაობა და ეს ამბავი ხელმოწერით დაადასტურა, თუმცა ამის შემდგომ მას ჩხუბი დაუწყეს. მასზე ზეწოლები შემდგომაც გაგრძელდა. 15 სექტემბერს აღნიშნული ოქმი პროკურატურაში წარვადგინე და გამოძიების დაწყება მოვითხოვე. _ თქვენ მიერ დასახელებულ ფაქტზე გამოძიება დაწყო? _ შიდა ქართლის პროკურატურას გამოძიების დაწყების ვალდებულება ჰქონდა და მას აუდიტის სამსახურისთვისაც უნდა წარედგინა მასალები. თუ ფაქტი დადგინდება, პროკურატურა სასამართლოს მიმართავს კანდიდატის მოხსნის თაობაზე, მაგრამ პროკურატურას ორჯერ მოვმართე და მან არანაირი რეაგირება არ მოახდინა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურს, მას სექტემბრის დასაწყისში მივმართე და 22 სექტემბერს დამიკავშირდნენ. მათ ახსნა-განმარტება მივეცი და ის ვიდეოკადრები წარვუდგინე, რომელიც ოქრუაშვილის თანაპარტიელებმა გადაიღეს. ასევე დავუსახელე 10 მოწმე. საქმეში ჩართულია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც მონიტორინგს ახორციელებს არჩევნების მიმდინარეობაზე. მათაც მოითხოვეს ფაქტზე რეაგირება. აღნიშნული ინფორმაცია ასევე მივაწოდე ეუთოს სადამკვირვებლო მისიას, რომელიც ჩემს ოფისში იმყოფებოდა. ახლა ველოდები, როგორ იმოქმედებს აუდიტის სამსახური? რამდენად სწრაფად, დროულად დაკითხავს ამ საქმეში მონაწილე ადამიანებს და სასამართლოს მიმართავს ოქრუაშვილის კანდიდატობიდან მოხსნის თაობაზე. გამოძიება სისხლის სამართლის კუთხით უნდა გაგრძელდეს. არჩევნები გვიახლოვდება და აუცილებლად უნდა მოეთხოვოს პასუხი ყველა იმ პირს, რომელმაც ეს ქმედება ჩაიდინა. ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნონ ადამიანებმა, მიუხედავად მათი სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვებისა, არ უნდა გაიყიდონ ფულზე და ქრთამის სახით, ხმის მიცემის სანაცვლოდ, არ უნდა მიიღონ არც ფული, არც პროდუქტები და მათი არჩევანი უნდა იყოს თავისუფალი. _ ამან გააბრაზა ოქრუაშვილი, სოფლის ადვოკატი რომ გიწოდათ? _ დიახ, მაგრამ ის ვერაფერს იტყოდა ჩემზე, რადგან, მისგან განსხვავებით, მე სუფთა წარსული მაქვს. ჩემი პროფესიონალიზმი მთელმა საქართველომ იცის, განსაკუთრებით იურისტების სფეროში და ნაცვლად იმისა, რომ ჩემს არგუმენტებზე გაეცა პასუხი, ასეთი ფორმით მებრძვის. მან ასევე თქვა, რომ თურმე ბრმანაწლავის ოპერაცია გაიკეთა და ის ვერავის მოისყიდიდა. რა მნიშვნელობა აქვს, როდის გაიკეთა მან ოპერაცია, როცა ფაქტია, რომ მისმა თანამზრახველებმა იმისთვის, რომ ოქრუაშვილმა ხმები მიიღოს, ხალხი მოისყიდეს. გაანჩხლებული ადამიანის პოზიცია იყო, რომ თურმე სოფლის ადვოკატი ვყოფილვარ. _ გორში სხვა კანდიდატები არ არღვევენ კანონს? _ „ოცნების“ კანდიდატი მაკრახიძე კანონით აკრძალულ ადგილებში აკრავს პლაკატებს და თან სხვა კანდიდატის პლაკატებს აზიანებას, რადგან მათ პლაკატებს ზედ აკრავს თავისას. მაკრახიძე არის ნასამართლები. კანდიდატად მის წარდგენამდე 2-3 თვით ადრე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა საქმე და ამნისტიის საფუძველზე შეწყვიტა. მის მიმართ გამოყენებულ იქნა ორი ამნისტია _ 2012 წლის და 2016 წლის. ამნისტიის გავრცელებისთვის საჭირო იყო დაზარალებულის თანხმობა. თანხმობა მისცეს გორის მუნიციპალიტეტის გაგებელმა და მერმა. მისი ფირმა ტენდერებში მონაწილეობს გზების დაგებასთან დაკავშირებით და მან 80-ათასიანი ზარალი მიაყენა სახელმწიფოს. 2016 წლის ამნისტია კი გავრცელდა იმ პირებზე, რომლებიც ხანდაზმულები არიან. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნების“ კანდიდატი არის 72 წლის. კანონის მიხედვით, 65 წლის ქალებსა და 70 წლის მამაკაცებზე ვრცელდებოდა ამნისტია. მან ამ ხელისუფლების დროსაც ჩაიდინა დანაშაული და „ნაციონალების“ პერიოდშიც. ქალაქში ხმები დადის, რომ მაკრახიძეს არ უნდოდა არჩევნებში მონაწილეობა, მაგრამ იმის გამო, რომ მის ფირმას 70-მილიონიანი ბრუნვა აქვს და ხელისუფლებას უნდა, არჩევნებში მას ფული დაახარჯინოს, კანდიდატად დაასახელესო. კიდევ ერთ დარღვევაზე მინდა, მოგახსენოთ: მივმართე გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელს და სკოლის პედაგოგებთან შეხვედრა მოვითხოვე. საარჩევნო კანონში განსაზღვრულია იმ ადამიანთა ნუსხა და ორგანიზაციების სია, სადაც წინასაარჩევნო აგიტაციის ჩატარება არ შეიძლება. ამ სიაში არ შედის სკოლა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგრამ რესურსცენტრიდან ჩემს შეთავაზებას გამოხმაურება არ მოჰყოლია. ასეთი ქმედება არის ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი წინასაარჩევნოდ კანდიდატისთვის. _ ანუ წინასაარჩევნო კამპანიაში სახელისუფლებო რესურსი ჩართულია? _ დიახ, ისინი ჩართული არიან სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად. მერიაში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა წინასაარჩევნოდ მაკრახიძეს დასდევს. ამ საქმეში ასევე ჩართულები არიან საკრებულოს წევრები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები და ა. შ. ამ კანდიდატთან შეხვედრების დროს ხდება  ამ ხალხის მობილიზება. გორში კვლავ არის შიშიანობა. ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, რომ ხმას კი მომცემენ, მაგრამ ამას საჯაროდ ვერ დააფიქსირებენ. _ ხალხში გავცელებული ხმებით, ოქრუაშვილიოცნებისფავორიტია, მათ, რეალურად, მისი გაყვანა უნდათ, მაკრახიძე კი მხოლოდ ხალხის მოსატყუებელი ხაფანგიაო და ეს სიმართლეა? _ დიახ, ასეთი ხმები არსებობს. ჩემ მიერ აუდიტის სამსახურში შეტანილი განცხადება იქნება ტექსტი ამ საკითხზე. თუ პროკურატურა ზემოთ აღნიშნულ ფაქტზე ოქრუაშვილთან მიმართებით გამოძიებას დაიწყებს და აუდიტის სამსახურიც შესაბამისად მოიქცევა, ეს მითქმა-მოთქმა იქნება ჭორი, მაგრამ თუ ეს არ მოხდა, დავიჯერებ, რომ ეს ყველაფერი სიმართლეა და ოქრუაშვილს სწორედ „ოცნება“ მფარველობს და ის რეალურად მათი კანდიდატია.  

                                                                                                            ნელი ვარდიაშვილი

 

გაზიარება