QronikaPlus
გიგი წერეთელი: „ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს“

გიგი წერეთელი: „ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს“

2016-10-07 11:16:27

„ქრონიკა+“ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ კანდიდატს ქუთაისში, გიგი წერეთელს ესაუბრება: _ ბატონო გიგი, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს როგორ შეაფასებთ? _ ქვეყნის მასშტაბით ზოგადი შეფასებით დავიწყებ. ხელისუფლებისთვის ადმინისტრაციული რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია. და ახლა, ამ ვითარებაში, როცა „ოცნებას“ პოპულარობის თვალსაზრისით ძალიან უჭირს, რასაკვირველია, ეს ბერკეტი კიდევ უფრო გააქტიურებულია. ამიტომ ამ მიმართულებით ყველა მომუშავესა და მათი ოჯახის წევრებზე ძალიან დიდი პრესი ხორციელდება. არაერთი შემთხვევა იყო, იგივე შტაბებზე გარკვეული ტიპის თავდასხმები, ბანერების ჩამოგლეჯა, პლაკატების ომი და სხვ. უფრო უკან არ მივდივარ და კორცხელის, ჯიხაშკარის შემთხვევებს აღარ ვიხსენებ. ბევრი ასეთი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას საქმე ძალიან ცუდად აქვს, როდესაც ასეთი ტიპის კამპანიას აწარმოებს. მეორე (რაც ძალიან მნიშვნელოვანია) მათი ლიდერების გამოსვლებია. ამაში, ისევე როგორც ბევრი მიმართულებით, ბიძინა ივანიშვილი ტოლს ვერავინ დაუდებს. ის, ძირითადად, მიმართულებებს რეგიონებიდან ყოველკვირეულ გამოსვლებში აძლევს, სადაც მთავარი თემა სწორედ „ნაციონალური“ მოძრაობაა. ასევე მისგან ყოვლად გაუგებარი საუბარია მოსალოდნელ პროვოკაციებსა და ა. შ. მაგრამ ჩვენ მსგავსი ტიპის საუბრები ჯერ კიდევ მინისტრ ჭიკაიძის დროს მოვისმინეთ. ეს იყო პირველი საზოგადო განცხადება, რომ რაღაც პროვოკაცია, გადატრიალება მზადდება. აბსოლუტურად გაუგებარი გამოსვლებია, რომელსაც არანაირი რეალური საფუძველი არ ჰქონია და მსგავსი არც არაფერი მომხდარა. ასე რომ, მუდმივად მოწოდებები „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ივანიშვილის მხრიდან ამაზე აპელირება (ყველაფერი კარგად არის და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ აფუჭებს საქმესო) იმაზე მიუთითებს, რომ წაგების ძალიან დიდი შიში აქვთ. ასევე განცხადებებია რაღაც პროცენტებზე, რომ 15 პროცენტს აიღებენ და მეტს არაო. ახლა წარმოიდგინეთ, რამხელა პროგრესია, როდესაც ადრე ივანიშვილიც და ღარიბაშვილიც ამბობდნენ, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არ ჩანს, პულსი არ ესინჯებათ და რადარებიდან გამქრალი არიანო. ჩვენ, ჯერ კიდევ, მაშინ 22-23%-ს ვიღებდით და ახლა 15-სა და 18%-ს რომ ამბობენ, ე. ი. ეს არჩევნები ცალსახად მოგებული გვაქვს. ამას ძალიან ნათლად ვხედავ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში, ქუთაისშიც, სადაც ყოველდღიურად ასობით ადამიანს ვხვდები. ძალიან აქტიური კარდაკარ კამპანია მაქვს და ვხედავ, რომ ადამიანების განწყობა მკვეთრად შეცვლილია. ახლა რაც უნდა იძახონ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცუდია, ამით რეალობას ვერ შეცვლიან. ფილმებს აფინანსებენ, მაგალითად, 40 მილიონი ივანიშვილის მხრიდან წყალში გადაყრილი ფულია. ამის მეათედი რომ ქუთაისში დაეხარჯა, ძალიან სერიოზულ პრობლემებს გადაწყვეტდა, თუნდაც, ჩემს მაჟორიტარულ ოლქში. ყველა სპორტული მოედანი გაკეთებული იქნებოდა და ბევრი სხვა, შიდა გზები და ა. შ. არ მინდა, ასეთი მიმართულებით ვისაუბრო, მაგრამ ვხედავთ, რომ ძირითადი რესურსი, ფული, ადამიანური რესურსი, ყველაფერი იმისთვის იხარჯება, რომ როგორმე ადამიანები გააბრაზონ, რაც შეიძლება ცუდად განაწყონ და ა. შ. ეს გააკეთონ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის მიმართ და ეს იყოს მათთვის შველა ამ ვითარებაში, როდესაც მთავრობა, პრაქტიკულად, არ საუბრობს, რა უნდა გააკეთოს. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, ვერ გეტყვის, თუ რა უნდა მოიმოქმედოს. თუ ჰკითხავთ რას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“, გეტყვიან, რომ პარტია აპირებს გადასახადების შემცირებას, ამის კვალდაკვალ 45 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, ბიზნესისთვის შეღავათების გაწევას (განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის), გარკვეული კატეგორიის გადასახადისგან მთლიანად განთავისუფლებას; ერთი ნაწილის დღგ-ს გადახდებისგან განთავისუფლებას, სტუდენტური გრანტების გაზრდას, პედაგოგების ხელფასის მინიმუმ 650 ლარიდან დაწყებას და ა. შ. აქ ბევრი რამ არის. ამ დროს კონკრეტულად რას აპირებს „ქართული ოცნება“? ისევ დღის წესრიგშია ოპოზიციის განადგურება, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედება, რაღაც გაუგებარ პროვოკაციებზე საუბარი და ა. შ. ახლაც, ამ დღეებშიც, პირდაპირ გაფრთხილებებს ვისმენთ, რომ რაღაც არ გაბედოს ვინმემ, რაიმე პროვოკაცია და მისთ. ეს რას ნიშნავს? რა პოვოკაცია? რის პროვოკაცია? ვეკითხები, _ ჩვენი საარჩევნო კამპანია არის პროვოკაცია? წუხელ ღამით ჩემი ძალიან დიდი ბანერი ერთ-ერთი კორპუსის კედლიდან ჩამოვარდა. ახლა ამაზე ხომ არაფერს ვამბობ? არ გამოვსულვარ და არ დამიწყია, რომ ეს ვინმემ შეგნებულად გააკეთა. შეიძლება, ეს გამორიცხულიც არ იყოს. მაგრამ ამას არ ვაკეთებ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერზე ასეთ ტონში საუბარი და თითის გაშვერა არ ღირს. დარწმუნებული ვარ, ჩემს რომელიმე კონკურენტს, ან „ოცნების“ წარმომადგენელს ეს რომ დამართნოდა, ე. ი. სააკაშვილიდან დაწყებული, ბოლო აქტივისტით დამთავრებული, ყველას დააბრალებდნენ ამ კონსპირაციაში მონაწილეობას. ეს ყველაფერი ამ არჩევნების სირთულეს კიდევ ერთხელ გვანახვებს. მე არ ვიცი, რას აპირებს ხელისუფლება, რა გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რის თავიდან აცილება სურს. თუკი იმაზეა საუბარი, რომ არჩევნების შედეგები გააყალბონ და ამაზე ხმა არავინ ამოიღოს, ეს, რასაკვირველია, გამორიცხულია. _ რას აპირებთ? _ არც ჩვენი მხარდამჭერები (რომლებიც აქ ძალიან ბევრნი არიან) აპატიებენ ვინმეს და არც ჩვენ გავჩერდებით, არავის შევარჩენთ ერთ ხმასაც კი. ჩვენ დავიცავთ ჩვენს აქტივისტებსაც და მიღებულ ხმებსაც. იგივე ჩემს ოლქში რამდენიმე ადამიანმა ღია ზეწოლაზე ილაპარაკა. ტელევიზიებსაც სთხოვეს და ეს მედიამაც გააშუქა, შესაბამისი ჩანაწერები არსებობს. მათ შორის ერთი შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანს ჯერ იმით დაემუქრნენ, რომ სოციალურ დახმარებას ჩამოართმევდნენ, თუ საერთოდ არ მისცემდნენ. როცა მან ეს ღიად თქვა და შემდეგ სიუჟეტი ტელევიზიებში, მათ შორის, „რუსთავი 2“-ში გავიდა, მეორე დღეს უარესად დაემუქრნენ. კონკრეტულად, ერთ-ერთი ადგილობრივი უწყების თანამშრომელი აქტიურობდა. შემდეგ, ბუნებრივია, საქმეში პოლიცია ჩაერია და რაღაცნაირად ეს სიტუაცია განიმუხტა. მეორე ასევე მედიის რაღაც მოსყიდვის მცდელობაზე საუბრობდა და ბევრი ასეთი ფაქტი არსებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ: ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ასეთი დრამატული სურათი შევქმნათ. მხოლოდ იმ რეალობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, რაც არის. მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ვთხოვთ, რომ ბევრი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და ადგილზე ნახოს, როგორ წარიმართება საპარლამენტო არჩევნები. მაგრამ თუ ვინმე რომელიმე დონეზე (საარჩევნო კომისიების დონეზე, ეგზიტპოლებით და ა. შ.) რაღაცნაირად სხვა სურათის შექმნას ეცდება, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ძალიან დემოკრატიულად, კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში დავიცავთ. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს მაჟორიტარულ ოლქში გავიმარჯვებ. ყველა კვლევა, რომელიც ტარდება (ძალიან კრიტიკული კვლევებიც გვაქვს) მიანიშნებს, რომ სხვა შედეგი არ შეიძლება, დადგეს. ეს მოხდება ერთადერთ შემთხვევში, თუ მასობრივად მოსყიდვა, გაყალბება და მისთანები მოხდება, რაც გამორიცხულად მეჩვენება. მე მაგალითად ქუთაისში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ რაც უნდა შემოგვთავაზონ, რაღაც რამდენიმე ათეულ ლარზე არავინ გაიყიდება და ტყუილად ამის იმედი ნუ ექნებათო. ასევე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ რა ფულიც იხარჯება, უმეტესეობა შავ ხვრელში მიდის. ამას რამე შედეგი არ ექნება და სჯობს, ფული ამ ხალხმა უკეთეს საქმეს მოახმაროს. _ ივანიშვილის აქტივობას რაც შეეხება; ეკონომიკურ ფორუმზე ბიზნესმენებს მოუწოდა, რომ არჩევნების წინ პოლიტიკური შეფასებები დააფიქსირონ... _ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე ფაქტია და კიდევ უფრო მკაფიოდ ასახავს ამ სასოწარკვეთილ ამბავს. აბა, ახლა როგორ შეიძლება ასე საუბარი? მით უმეტეს, ბიზნესმენებთან, რომელთა უმეტესობა ისედაც მათ ირგვლივ შემოკრებილია? ე. ი. ეს რას ნიშნავს? _ ადამიანებს აძალებ, მათზე ზეწოლას ახდენ, ემუქრები, რომ რამე თქვით და აგერ თქვენთან ვარო. რომ თქვას და ცოტა სხვანაირადაც მოიქცეს, მერე რას იზამს? მოსმენით კი უსმენენ და, რა თქმა უნდა, ამ მეთოდით შეიძლება შეავიწროონ. მაგრამ ბიზნესსაც უნდა ესმოდეს, რომ ყველა ხელისუფლება სადღაც მთავრდება. ნებისმიერ მთავრობას აქვს ლიმიტი. „ოცნების“ ხელისუფლებას აღნიშნული ლიმიტი ახლა ეწურება. ამიტომ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ მომავალში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. წინ უნდა გაიხედონ. ეს ხალხი უკან კი არ იყურება. არ ვიცი, ეს უკან გახედვა კიდევ რას ნიშნავს, არც მომისმენია, თქვენგან გავიგე ამის შესახებ. ამ ადამიანებმა, რომლებიც დღეს „ოცნების“ მონა- მსახურები არ არიან და ივანიშვილის კარის ბიზნესმენებად არ ქცეულან, სამომავლოდ წინ უნდა გაიხედონ და თუ ამას გააკეთებენ, ეს გაცილებით სწორი დამოკიდებულება იქნება. დანარჩენში თვითონ ეს ფაქტი მგონია, რომ დიდი მსჯელობის საგანი გახდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. აღქმული იქნება, როგორც პირდაპირი მუქარა ბიზნესისთვის, რაზედაც მე, სხვათა შორის, ძალიან გული მწყდება. ნამდვილად არ ვფიქრობდი, რომ მოვლენები ასე მიუღებელ კალაპოტში გადავიდოდა. ამიტომ ეს რაღაც ტერმინალური სტადიაა, როდესაც ხელისუფლება ამაზე მიდის. ახლა კვირიკაშვილი თუ ხელს არ უქნევს ბიზნესმენებს და ამას ივანიშვილი აკეთებს, არაფერს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს ერთიანი პოზიციაა და დღეს ივანიშვილია სწორედ ხელისუფლება. _ ივანიშვილი ასევე ძალიან განიცდის, რომ 250 000 ადამიანი მოტყუებულია და ისევნაციონალურ მოძრაობასუჭერს მხარს... _ აქ მათემატიკაში ვერავის გავეჯიბრები. არსებობს კონკრეტული ფაქტები. ჯერ ერთი, 250 ათასზე გაცილებით მეტი იყო, თუ არ ვცდები, ბოლო არჩევნებზე და ამას რა მნიშვნელობა აქვს? ახლა, ჩემი აზრით, ამაზე ორჯერ მეტია და შეიძლება, კიდევ უფრო მეტიც. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ამ ხელისუფლების იმედი ნამდვილად არ გააჩნიათ და სურთ, რომ ამ ქვეყანაში სასიკეთო ცვილებები მოხდეს. ვისაც მიაჩნია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეცდომები დაუშვა, დიახ, დაუშვა ეს შეცდომები თავისი ცხრა წლის განმავლობაში, მაგრამ ძალიან ბევრი საქმეც გააკეთა. დღეს ეს გამოცდილება არსებობს, როგორც ძალიან დიდი, პოზიტიური და ასევე გარკვეული ნეგატიური გამოცდილებაც; იქნება ეს სამართლადამცველი სისტემა, ბიზნესთან ურთიერთობა,  ადამიანის უფლებები, თუ სხვ. დარწმუნებული ვარ, ამ შეცდომებს „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ გაიმეორებს. _ მოსახლეობასთან შეხვედრებისას აქცენტს რა მთავარ პრობლემებზე აკეთებენ? _ მოსახლეობას ყოველდღიურად ვხვდებით. დღეს ქუთაისშიც და მთელ საქართველოშიც არის სიღარიბე. ესაა დაბალი შემოსავლები, უმუშევრობა, უიმედობა... ქუთაისში მოსახლეობის განწყობა იმგვარია, რომ ქალაქში აქტიური ცხოვრება, პრაქტიკულად, არ მიმდინარეობს, ბევრი რამ ჩამკვდარია. ვიღაცები ამბობენ, რომ, თურმე, აქ ტურიზმი ყვავის. აგერ ჩამობრძანდნენ ქუთაისში და ერთად გავიაროთ, სად ნახავთ ტურისტების დიდ ჯგუფებს? რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ყველა საწარმოს შემოსავლები შემცირებული აქვს, რაც მთლიანად აისახება ქალაქის, ადამიანების ცხოვრებაზე. მოქალაქეებს ძალიან უჭირთ სამედიცინო ნაწილშიც. ვერ ყიდულობენ მედიკამენტებს, რომელიც ძალიან გაძვირებულია. ის გარკვეული ოპერაციები, რომლებიც ნაწილობრივ ფინანსდება, იქაც თანაგადახდა საკმაოდ დიდია და ადამიანებს ამის საშუალება არ გააჩნიათ. ჩემს ოფისში დღე არ გავა, რამდენიმე ადამიანი არ მოვიდეს ჯანდაცვის სერიოზული პრობლემებით, იმის გამო, რომ თუნდაც იმ ნაწილს (თანაგადახდა), ან სხვა გამოკვლევებზე თანხას ვერ იხდის, რომელიც არ ფინანსდება.  ზოგადად, როდესაც ეკონომიკის შემცირებაზე და გაღარიბებაზე ვლაპარაკობ, ეს ყველაფერი ქალაქს ეტყობა. მათ შორის, თუნდაც ბინის, სახლის ფასებზე აისახება. თუ 5-6 წლის წინათ რაღაც ქონების, პირობითად, ბინა 30-40-50 ათასი ღირდა, დღეს ეს ყველაფერი განახევრებულ-გამესამედებულია და, შესაბამისად, მათი შესაძლებლობებიც ძალიან შემცირებულია. ბევრს ბინა დაგირავებული, იპოთეკით ჩადებული აქვს, მიზეზს ვეკითხები. ბევრი ამბობს, რომ წინა ხელისუფლებისას უფრო ოპტიმისტური განწყობა იყო ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებით, კრედიტებს იღებდნენ და ა. შ., მაგრამ ძალიან ბევრს სტიმული მისცა ივანიშვილის დაპირებამ უფასო ფულზე, დაბალპროცენტიან კრედიტებზე... ამან ძალიან ბევრს ვალების აღება გააბედინა და შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. დღეს ბევრი ეს ადამიანი მოტყუებული და სასოწარკვეთილია. ასეთი პრობლემები თვალში საცემია. რაც ყველაზე მთავარი და დიდი იდეაა (რისთვისაც აქ ვარ და მაჟორიტარულ ოლქში კენჭს ვიყრი), ეს ქუთაისის პოლიტიკურ ცენტრად ფორმირება, მისი რეალურად საპარლამენტო დედაქალაქად ქცევა და ამასთან დაკავშირებული მეტი ინვესტიცია, ეკონომიკური განვითარება და კეთილდღეობაა. დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ამას შევძლებთ.  

                                                                                                           გელა მამულაშვილი

   

გაზიარება