მერაბ მეტრეველისა და ხათუნა ლაგაზიძის შემდეგ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გიორგი რუხაძემ დატოვა. მისი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა. რუხაძე აქტიურ საჯარო სივრცეში დარჩენას გეგმავს.
„მე ვტოვებ პაატა ბურჭულაძის პარტიას, რადგან ეს აღარ არის ბურჭულაძის მოძრაობა. ეს აღარ არის ალტერნატივა არც „ქართული ოცნების“, არც „ნაციონალური მოძრაობის“. ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს. თუ „სახელმწიფო ხალხისთვის“ ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში „ქართული ოცნების“ დამატება გახდება.
პაატა ბურჭულაძე თავდაპირველად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა, თუმცა ივანიშვილმა მას ყველა ფინანსური არხი ჩაუკეტა და შემდეგ გაუხსნა ერთი არხი „გირჩის“ სახით. ახლა ივანიშვილი ფიქრობს, უღირს თუ არა, აღნიშნულმა ძალამ ბარიერი გადალახოს და როგორც კატა თაგვს, ისე ეთამაშება“, _ ამბობს რუხაძე.
„ქრონიკა+“ მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელსა და ყოფილ წევრს, გიორგი რუხაძეს ესაუბრება:
_ ბატონო გიორგი, უფრო დაწვრილებით რომ ვისაუბროთ, რა გახდა პაატა ბურჭულაძის პარტიის დატოვების მიზეზი?
_ მიზეზი ის გახდა, რომ ეს აღარ იყო პარტია, რომელიც ერთად ჩამოვაყალიბეთ. ამ პარტიას უკვე აღარ გააჩნდა ის მიზნები და ამოცანები, რაც თავიდან გვქონდა, როდესაც პოლიტიკური ორგანიზაცია ერთად დავაფუძნეთ. დღეს პაატა ბურჭულაძე ამ პარტიის რეალური ლიდერი აღარ არის. ის ნომინალური ლიდერია და პარტია ბურჭულაძესა და მის დამფუძნებლებს აღარ ეკუთვნის. შედეგად მივიღეთ ის, რომ პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ მძვევალი გახდა. ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა, თუ რატომ დავტოვე მოძრაობა ახლა და არა, მაგალითად, სამი კვირის წინათ, როდესაც ეს გაერთიანება შედგა?
მე ბოლომდე ვიბრძოლე იმისთვის, რომ ეს მოძრაობა კვლავაც პაატა ბურჭულაძისა და ჩვენი ყოფილიყო. ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებდით პარტიის შენარჩუნებას. არ გადავდგი ნაჩქარევი ნაბიჯი, დაველოდე პაატა ბურჭულაძის აშშ-დან ჩამოსვლას, რათა სრული ინფორმაცია მიმეღო ამ ყველაფერზე. ჩემ წამოსვლამდე 2-ჯერ გვქონდა შეხვედრა. ჩემდა სამწუხაროდ, მან ერთი მიზეზიც კი ვერ დამისახელა, თუ რატომ უნდა დავრჩენილიყავი პარტიაში და ვერ დამარწმუნა, რომ ეს პოლიტიკური მოძრაობა კვლავაც ჩვენ, დამფუძნებლებს გვეკუთვნოდა. იმის დასტური, რომ ვერც ბურჭულაძე და ვერც პარტიის დამფუძნებლები მოძრაობას ვეღარ აკონტროლებდნენ, გახდა საპარალამენტო სია, რომლის ათეულში „პარტია სახელმწიფო ხალხისთვის“ უმცირესობაში აღმოჩნდა. პირველ ათეულში ბურჭულაძის გუნდიდან, მის გარდა, მხოლოდ, 2 სახეა წარმოდგენილი.
ცალკე საკითხია სიის ფორმირებაც, როდესაც ამ პროცესში არც გამგეობის წევრები მონაწილეობენ (პარტიას სულ ოთხკაციანი გამგეობა ჰყავს: მე, ხათუნა ლაგაზიძე, კიდევ ერთი ადამიანი და თვითონ ბურჭულაძე) და არც თავმჯდომარე. ძნელი მისახვედრი არ არის, ამ შემთხვევაში ვინ აკონტროლებს პარტიას და ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს. პაატა ბურჭულაძე თავად აცხადებს, რომ სიის ფორმირებაში მონაწილეობა არ მიუღია, მან შეგნებულად აარიდა თავი ამ პროცესს, შეერთებულ შტატებში გაემგზავრა და სწორედ იქიდან წარმოადგინა საპარლამენტო სია, რომელიც ერთი დღით ადრე გაუგზავნეს.
_ თქვენს პარტიაში ეს პრობლემები რამ მოიტანა, გამომწვევ მიზეზებს სად ხედავთ?
_ აქ რამდენიმე მიზეზია და შევეცდები, უპირველესად, პროცესის ანატომიაზე ვისაუბრო: ბურჭულაძემ პოლიტიკაში მოღვაწეობა ძალიან დიდი მუხტით დაიწყო. მას ქვეყანაში ყველაზე მაღალი პიროვნული რეიტინგი ჰქონდა, როგორც ლიდერს. ასევე პარტიას ძალიან მაღალი საწყისი რეიტინგი ჰქონდა, რომელიც 12%-ით შემოიფარგლებოდა და ეს, თავის დროზე, აშშ-ს რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გაზომა. ეს რეალობა სხვა კვლევებითაც დასტურდებოდა. მას ასევე საკმაოდ სერიოზული დაფინანსების წყაროები ჰქონდა. ის უკვე შემოვიდა პოლიტიკაში, შეკრიბა გუნდი და ჩვენ მასთან ერთად მაქსიმალური აქტივობით გამოვირჩეოდით იმისთვის, რომ ჯგუფი ძლიერ პარტიად გადაგვექცია.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ხელისუფლებამ და ბიძინა ივანიშვილმა დაინახა. მან დაიწყო საკუთარი გეგმის შესრულება იმისთვის, რომ პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაენადგურებინა, შემდგომში ეს მოძრაობა დაესუსტებინა და საკუთარი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.ხელისუფლებამ რამდენიმე მიმართულებით დაიწყო მოქმედება. ჩემდა სამწუხაროდ, დღეს პაატა ბურჭულაძე, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის მძევალია. როგორც კი პარტიამ აქტივობა დაიწყო, ხელისუფლების მხრიდან მაშინვე წამოვიდა შავი პიარი, რომელიც, ერთი მხრივ, პაატა ბურჭულაძის რეპუტაციის შელახვას ისახავდა მიზნად, მეორე მხრივ, კი ბურჭულაძის მოძრაობას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებდა. ეს ცხადად ყოველთვის და ყველა მომენტში იგრძნობოდა.
აქ მარტივი ამოცანა იყო, ივანიშვილმა „ქართული ოცნებისთვის“ ელექტორალური საფრთხე დაინახა და შეეცადა, რომ პაატა ბურჭულაძის მოძრაობა „ნაციონალური მოძრაობის“ ნიშაში გადაეწია, რითაც „ოცნება“ ნაკლებ ხმას დაკარგავდა, „ნაცმოძრაობა“ _ მეტს და ბურჭულაძის მოძრაობა სააკაშვილთან ასოცირებული გახდებოდა, რითაც მას გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიმხრობის შესაძლებლობა შეუმცირდებოდა. პარალელურად, ამუშავდა „სუსი“ და ჩვენს წევრებზე ძალიან სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა, ეს ბევრი მიმართულებით კეთდებოდა. მესამე და მთავარი: ფინანსური წყაროების ბოლომდე ჩახშობა მოხდა და შედეგი ის დადგა, რომ აგვისტოს შუაგულისთვის მოძრაობას საკმაოდ სერიოზული, რამდენიმე მილიონის ფინანსური ვალდებულება დაუგროვდა, რის შემდეგაც გაიხსნა დაფინანსების ერთადერთი არხი, რომელიც „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ საშუალებით იყო შემოთავაზებული. როდესაც ეს პრობლემები დადგა, მე პირადად პაატა ბურჭულაძეს ვურჩიე, რომ სჯობდა, მას ეს ყველაფერი საჯაროდ ეთქვა, საკუთარი მოძრაობა ჭეშმარიტ სახალხო მოძრაობად ექცია და სწორედ ხალხისგან მიეღო ის მხარდაჭერა, მათ შორის, ფინანსური, რითაც ის დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას მოახერხებდა.
სამწუხაროდ, მან მეორე, შედარებით იოლი გზა აირჩია და პოლიტიკურ მოედანზე დამოუკიდებელ მოთამაშედ დარჩენას, ვალდებულებების შესრულება „გირჩთან“ და ახალ „საქართველოსთან“ ერთად არჩია. ეს გარიგება საიდუმლოდ, პარტიის გამგეობის ზურგს უკან მოხდა. უკვე შემდგარი ფაქტი წარმოგვიდგინეს, როგორც აუცილებელი რეალობა. შერწმყა, ბუნებრივია, არ მესიამოვნა, თუმცა ბოლო წუთამდე იმის იმედი მქონდა, რომ ეს იქნებოდა პაატა ბურჭულაძის გაერთიანება და შემოერთებული ორგანიზაციები მას შეერწყმებოდა. რეალურად კი ყველაფერი საპირისპიროდ მივიღეთ.
_ რით დასტურდება, რომ „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ დასახელებული ფინანსური არხი ბიძინა ივანიშვილამდე მიდის?
_ მე იმას არ ვამტკიცებ, რომ გაერთიანებას პირადად ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს. ვამბობ, რომ ეს მისი ხელდასხმით, ნებართვით გაკეთდა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ივანიშვილმა მოახერხა, რომ პარტიის ყველა ფინანსური წყარო გაანეიტრალა და პოლიტიკური მოძრაობა გაკოტრებამდე მიიყვანა. შემდეგ კი „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ საშუალებით ფინანსური წყარო გაჩნდა (ამ პარტიების ჯამური რეიტინგი ერთ პროცენტსაც არ აღემატება). ისმის ლოგიკური კითხვა: თუ ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოძრაობის ბოლომდე გაკოტრება სჭირდებოდა, მაშინ იმასაც მოახერხებდა, რომ „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ საშუალებით მოსული ფინანსებიც ჩაეკეტა.
მეორე მხრივ, არც ერთი ჭკუთმყოფელი, თუ მას სხვა ტიპის პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნია, ერთპროცენტიან გაერთიანებებში რამდენიმე მილიონიან ინვესტიციას არ დებს. შესაბამისად, აქ ძალიან მარტივი ლოგიკაა. კიდევ ერთხელ ვამბობ: ჯერ შექმნა ფინანსური კრიზისი, ბურჭულაძე და მისი მოძრაობა ამის მძევალი გახადა და შემდეგ უკვე ფინანსური არხი გაიხსნა; ხოლო ამ წყაროს საფასური „გირჩთან“ და „ახალ საქართველოსთან“ გაერთიანება უნდა ყოფილიყო, რაც რეპუტაციულადაც დაანგრევდა ბურჭულაძის მოძრაობას და მას, როგორც პოლიტიკოსს, „გირჩისა“ და „ახალი საქართველოს“ ლიდერების გვერდით დააყენებდა, რითაც ივანიშვიმა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა.
_ დაბრუნების შემდეგ პაატა ბურჭულაძეს რომ შეხვდით, აღნიშნულ ბრალდებებზე მისგან რა პასუხი მიიღეთ?
_ მისგან პასუხები ვერ მივიღე. შესაბამისად, საბოლოო მიზეზი, რამაც უკვე გადამაწყვეტინა ნაბიჯის გადადგმა ის იყო, რომ მას ამ ყველაფერზე პასუხი არ ჰქონდა. შესაბამისად, დავასკვენი, რომ ის უკვე შეგუებული იყო აღნიშნულ რეალობას.
_ რა ელის გაერთიანებას, თქვენი პროგნოზი როგორია?
_ ძალიან რთული ფაზა უდგას დღეს ამ გაერთიანებას იქიდან გამომდინარე, რომ ის ღამურას მდგომარეობაშია. „ქართული ოცნება“ მას „ნაციონალურ მოძრაობას“ აწებებს გასაგები მიზეზების გამო, „ნაცმოძრაობა“ კი ხედავს, რომ ეს გაერთიანება უკვე ივანიშვილის საკუთრებაა და ისე იყენებს, როგორც სჭირდება. ერთი მხრივ, ივანიშვილი ისევ ცდილობს, ეს მოძრაობა (რომელიც უკვე მისი მძევალია) კვლავაც მიაწებოს „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ნაცმოძრაობას“ რაღაც ელექტორატი წაართვას. ამ გზით მის მთავარ მოწინააღმდეგეს ებრძოლოს. თუ ეს მოძრაობა მოახერხებს, ბარიერს გადალახავს და ამას „ნაციონალური მოძრაობის“ ხარჯზე გააკეთებს, ამით ერთი, რომ „ნაცმოძრაობა“ დაზარალდება და მეორე, პარლამენტში ეყოლება რამდენიმე ადამიანი, რომელსაც მერე ისე გამოიყენებს, როგორც თვითონ დასჭირდება. თუ ბარიერს მიღმა დარჩება, არც მაინცდამაინც ამაზე შეიწუხებს თავს.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ბურჭულაძე მოვიდა, როგორც გამოკვეთილი ლიდერი, რომლის ამოცანაც ხელისუფლებაში მოსვლა იყო. დღეს ამ ყველაფერმა ისეთი ფორმა მიიღო, რასაც, უბრალოდ, არავინ ელოდა. ვერავინ წარმოიდგენდა ბურჭულაძის ამ ორ ლიბერტარიანულ ორგანიზაციასთან ერთად დგომას. ბუნებრივ მდგომარეობაში ეს არ მოხდებოდა და არც უნდა მომხდარიყო. ამან საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია და ელექტორატმა ნამდვილად აღარ იცის, რა ხდება. შესაბამისად, ამ გაერთიანებას ძალიან მძიმე დღეები უდგას და ეჭვი მეპარება, რომ მან ბარიერის გადალხვა მოახერხოს.
_ სამომავლოდ რა კონკრეტული გეგმები გაქვთ?
_ კონკრეტული გეგმები არ მაქვს. შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, რომ არ ვაპირებ საჯარო სივრციდან გასვლას. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის ვალდებულებაა, საზოგადოებას სიმართლე ვუთხრა ამ ყველაფერზე და არა მხოლოდ ამასთან დაკავშირებით. კიდევ ვიტოვებ იმედს, რომ პაატა ბურჭულაძეს (რომელსაც მართლა ბევრი კარგი საქმე უკეთებია ქვეყანაში და სამომავლოდაც პოტენციალი აქვს, რომ ძალიან კარგი საქმეები აკეთოს) ეყოფა ძალა და სიბრძნე, რომ გამოვიდეს და საზოგადოებას რეალურად აუხსნას, თუ რა გარიგება შედგა. საერთოდ, რა ესაქმება პაატა ბურჭულაძის მოძრაობას „გირჩთან“ და „ახალ საქართველოსთან“? საბოლოო ჯამში, ყველაფერი ასე რატომ დამთავრდა? იმედი მაქვს, რომ პაატა ბურჭულაძე ამ ყველაფერზე და თავის სამომავლო გეგმებზე თავად ისაუბრებს. საჯარო სივრცეში აქტიურად დავრჩები. ეს იქნება აქტიური პოლიტიკა თუ, უბრალოდ, საჯარო სირცე, ამას უკვე მოგვიანებით გადავწყვეტ.
გელა მამულაშვილი