ზოგიერთი დიდი რევაზ ლაღიძის შავ ლაქად მიიჩნევს მის სიმღერა-კანტანტას „როცა მოგვიხმობს პარტია“, თუმცა ცოტამ თუ იცის, რომ ამ ლექსის ავტორი პეტრე გრუზინსკი და მუსიკის ავტორი რევაზ ლაღიძე, როცა სიმღერამ დღის სინათლე იხილა, დილემის წინაშე აღმოჩნდნენ.
თავდაპირველ ვარიანტში, ანუ ორიგინალში იყო „როცა მოგვიხმობს სამშობლო“, მთლიანად ლექსის პირველი ნაწილი კი ასე იკითხებოდა:
„როცა მოგვიხმობს სამშობლო,
აგუგუნდება მთა-ბარი,
მამულს შესწიროს სიცოცხლე,
ყველა ჩვენგანი მზად არის.
თამარის ნათელით ქართველი ერის სული ბრწყინდება,
მარად წინ ვიაროთ, მერმისი უკეთეს დღეს გვპირდება,
სამშობლოს მომავალს ვუმღეროთ დიდება,
დიდება სამშობლოს, სამშობლოს დიდება!..“
„ამ ლექსის ავტორი პეტრე გრუზინსკი და კომპოზიტორი იქ, სადაც ჯერ არს, დაუბარებიათ და მოუთხოვიათ, სამშობლო პარტიით შეცვლილიყო! ბატონ პეტრეს შეუნიშნავს, _ სამშობლოს მაგივრად პარტია რიტმში არ ჯდება, არ ჟღერსო! _ შენთვის თუ არ ჟღერს, ჩემთვის ჟღერს ძალიან კარგადო! _ მკვახედ მოუჭრიათ და ამ შესანიშნავი კანტატა-სიმღერის ავტორები კომპრომისზე წასულან“, – წერს თავის სტატიაში „ის კაცი იყო და ჰანგად იქცა“ ნინო ჩხიკვიშვილი (ჟურნალი „ომეგა“, 2000 წ., #4), ხოლო რევაზ ლაღიძის ქალიშვილი ლელა ადასტურებს, რომ მართლაც ასე იყო.
ლექსები, სიმღერები და ამ სიმღერებზე შექმნილი კლიპები წინასაარჩევნოდ, როგორც ჩანს, კომუნისტებსაც კი სჭირდებოდათ, ანუ მათ, ვისაც ისედაც „ირჩევდნენ“, კონკურენტები არ ჰყავდათ და ამომრჩევლის მომადლიერება არაფრად სჭირდებოდათ. ეს იდეოლოგიის ნაწილი იყო.
საბჭოთა ეპოქიდან გადმოყოლილ ამ ტრადიციაზე მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს პირველმა და მეორე მთავრობებმა თქვეს უარი: სოციალ-დემოკრატების მთავრობამ, შესაძლოა, ეს ვერც მოასწრო, ან ამისთვის არ ეცალა, თუმცა თუ გავიხსენებთ, რომ მათსა და ბოლშევიკებს შორის იდეოლოგიური თანხვედრა უფრო მეტი იყო, ვიდრე განსხვავება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ დასცალდებოდათ, აუცილებლად მივიღებდით რამე „როცა მოგვიხმობს პარტიის“ მსგავსს.
რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მთავრობას, მას ასეთი საიმიჯო კლიპები ნამდვილად არ სჭირდებოდა... სამაგიეროდ, ბედის ირონია იყო, რომ გამსახურდიას დროს აღდგენილი დამოუკიდებლობის, 1988 წლის ნოემბრის აქციების, 1989 წლის მიტინგების, მანიფესტაციების კადრები უკვე შემდეგ, როცა იმ ხელისუფლების წევრები ან მოკლეს, ან ემიგრაციაში წასვლა აიძულეს, ან კიდევ ციხეში გამოამწყვდიეს, ძალიან ბევრმა პარტიამ გამოიყენა თავის საარჩევნო კლიპში და ამ მხრივ ყველაზე მეტად ედპ აქტიურობდა.
ცხადია, ედპ არ იყო ერთადერთი, რომელმაც წინასაარჩევნო კლიპების ტაქტიკას მიმართა. ახლაც, როცა, თითქოს, XXI საუკუნეში მდარე ხარისხის კლიპები, წესით, არანაირ მოწონებას არ უნდა იმსახურებდეს, არჩევნებამდე ორიოდ თვით ადრე მსგავსმა „შედევრებმა“ ტელეეთერი წალეკა. ამასთან, კლიპიც არის და კლიპიც, მაგრამ სანამ აწმყოს განვიხილავთ, უახლოეს წარსულსაც გადავავლოთ თვალი...
ედუარდ შევარდნაძისა და „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ პიარკამპანიის სპეციალისტები პირველები იყვნენ, რომლებმაც წინასაარჩევნოდ ცნობილი მომღერლებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების გამოყენება გადაწყვიტეს. შესაძლოა, ამ ყველაფერს ისიც დაედო საფუძვლად, რომ ერთი ასეთი, ერთობლივად შექმნილი კლიპი, რომელიც წმინდად პოლიტიკური კი არა, უფრო ემოციური იყო, არნახულად წარმატებული აღმოჩნდა. ვგულისხმობ ქართული ესტრადის წარმომადგენლების მიერ ერთობლივად და სახელდახელოდ, 9 აპრილის შემდეგ შექმნილ კლიპს: „ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები“. ამ სიმღერის ტექსტი და მუსიკა, ფაქტობრივად, ერთ ღამეში დაიწერა, მერე სახელდახელოდ ჩაწერეს, სახელდახელოდ გადაფარეს კადრებით და გამოვიდა სიმღერა, რომელსაც დღესაც ვერ მოუსმენ ისე, რომ ჟრუანტელმა არ დაგიაროს... 9 აპრილს შექმნილი ამ კლიპის საპირწონედ, ალბათ, მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაწერილი, ასევე ქართველი მომღერლების „საქართველო, საქართველო, ჭირსა შიგან გამაგრდი“ თუ გამოდგება _ ისიც სახელდახელოდ შექმნილი და გაკეთებული...
მოკლედ, 1998 წელი იყო და „მოქალაქეთა კავშირმა“ გადაწყვიტა, შეექმნა ჰიმნი, სადაც მონაწილეობას მიიღებდა ახალფეხადგმული ქართული ესტრადის ყველა ცნობილი სახე. ჯემალ სეფიაშვილმა დაწერა არცთუ მაღალი ხარისხის, მაგრამ ფეხის ტერფასაყოლებელი მუსიკა, ტექსტი კი უკიდურესად დასამახსოვრებელი იყო, განსაკუთრებით, მისი დასაწყისი, სადაც სიმბოლიზმისთვისაც კი დარჩა ადგილი შევარდნაძისა და მისი პარტიის მოწინააღმდეგეებისთვის: ალბათ, გახსოვთ, დასაწყისში დასმული შეკითხვა: „სოსო ჩამოვიდა... პავლიაშვილი?“ და კადრში სოსო, რომელიც ტრაპზე ჩამორბის და შემდეგ სწორედ სოსო მეორდება ყველაზე მეტჯერ კლიპში _ ბევრმა ეს შევარდნაძის ჩამოსვლის მინიშნებად აღიქვა...
„გიხაროდენ“ კიდევ იმით იყო საინტერესო, რომ მასში ახალი და ძველი სახეები გაერთიანდნენ, თითქმის მთელი სპექტრი, დაწყებული ნანი ბრეგვაძითა და დასრულებული, ჯერ კიდევ, ნორჩი ქრისტინე იმედაძით, ხოლო ტექსტი იყო გაჯერებული ოპტიმიზმით, ახლის გამოჩენის მოლოდინით და, რასაკვირველია, სარწმუნოებასთანაც იყო დაკავშირებული, თუნდაც, მხოლოდ ეს პასაჟი რად ღირს:
„ღმერთო, განსხიპე ტოტები მავნე,
მოეც სიკეთე ჩემს გზას და რწმენას,
ასვი მირონი მამულის ვენახს,
შთამომავლობის გადასარჩენად.
არა გუნდრუკით გადამთიელის,
შენ თავად ზარდე შენი გავაზი,
და სულ გახსოვდეს, ხარ ნაშიერი
აღმაშენებლის და ფარნავაზის“.
ღმერთმა, ეტყობა, ეს თხოვნა სხვაგვარად გაიგო და კლიპის გამოსვლიდან, სულ რაღაც, 5 წელიწადში ის განსხიპა, ვისაც კლიპი ეძღვნებოდა. მოვიდა ახალი ხელისუფლება და მან სულ სხვაგვარ ხარისხში აიყვანა საიმიჯო კლიპები და სიმღერები: სააკაშვილის ხელისუფლებამ დახვეწა ხარისხი, ტექნიკურად სრულყო კლიპის ვიზუალი, მოგვიანებით, კლიპში ჩასართავი კადრებიც გაჩნდა _ ახალი ხელისუფლების გარდაქმნილი პოლიცია, ახალი შენობები, მშენებლობები, ფასადები, პატრიოტები ბანაკებში და დროშები, დროშები, დროშები...
სააკაშვილის ხელისუფლების კლიპებზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი ისევ „გიხაროდენ“ ვახსენოთ: რამდენად წარმატებული აღმოჩნდა ეს კლიპი და რამდენად დიდი წვლილი მიუძღვის მას იმ არჩევნებში შევარდნაძისა და „მოქკავშირის“ გამარჯვებაში? პოეტი დავით-დეფი გოგიბედაშვილი მიიჩნევს, რომ „გიხაროდენ“ უნიჭობის ზეობა იყო:
„გიხაროდენ“ ჩემთვის საშინელება იყო და ასეთად რჩება კონტექსტიანად და მუსიკა-ტექსტი-სათაურიანად. უბანძესი რამაა, შევარდნაძის ეპოქის საშინელება“, _ ამბობს ის და არც იმ მოსაზრებას ეთანხმება, რომ წინასაარჩევნოდ, ან ხელისუფლების მონდომებით საიმიჯო კლიპების შექმნა საბჭოთა ეპოქის გადმონაშთია:
„ეს ამბავი, ვფიქრობ, საბჭოთა გადმონაშთი არ არის, რამდენიმე ქვეყანაში იყო ასეთი პრაქტიკა საბჭოეთამდეც. ზოგში იმუშავა, ზოგში _ არა. ზოგჯერ პოპულარულია ასეთი ხერხი, ზოგჯერ _ არა. გააჩნია დროსა და ენერგიას, თუ რა ვითარებაა და რა ენერგია დგას ქვეყანაში, ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს. ამიტომ პრობლემა კომპეტენციაშია და არა აღქმაში.
დიდი ზემოქმედება აქვს მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, ვიდეოს, ქორეოგრაფიას, კლიპს. რაც მთავარია, აუდიტორიის მოსანუსხად საჭიროა „დრაივ“ _ ძლიერი, შემტევი შემართება, ან მშვიდი, მანუგეშებელი ენერგიის უმსუბუქესი ნაკადი. პირდაპირ გულიდან და არა ფულიდან წამოსული. ცოცხალი და ნამდვილი სურათი, ბუნებრივი ვნება და არა სრული სიყალბე, გალოკილი და დავარცხნილი, ზედემტად გამზეურებული, ხელოვნური სურათი. თანაც ქვეყანაში არსებული ენერგიისთვის, იმწუთისათვის არსებული ცნობიერების ველისათვის ზედ გამოჭრილი და არა კონტექსტიდან ამოღებული.
კომუნისტების სიმღერა „როცა მოგიხმობს პარტია“ სრული სიყალბეა, რადგან კომუნისტური ეპოქაა სასიკვდილო სიყალბე და სიმღერა ომახიანი ვოკალით მაშინ შეიქმნა. საქმე კი ისაა, ეს სიმღერა რომელიმე ჰარდ-როკ ბენდმა დღეს რომ დაუკრას, სხვა ტექსტით შეასრულოს, ჰიტი გახდება. მელოდია ძალიან მაგარი აქვს, მაგრამ იმ თავის ძველ კონტექსტში მიზანს ვერ აღწევს, რადგან შინაარსობრივად, თავისი გზავნილით, სიყალბეა“, _ ამბობს დეფი.
დეფისთან საუბრისას კიდევ ერთი წინასაარჩევნოდ შექმნილი თუ გადამღერებული კლიპი გავიხსენეთ: „უცნობის“ „ველოდები მზეს“, რომელიც „ახალი მემარჯვენეების“ სარეკლამო კლიპი იყო და საკმაოდ პოპულარულიც გახდა, რაც თავად „უცნობის“ შესრულების მანერამ და ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ „ბანდიტსკი პეტერბურგიდან“ იყო გადმოკოპირებული, მერე კი ქართულ პოლიტიკურ რეალობას მორგებული:
„აქ ყველაფერი მახარებს“ ასეთი ზემოქმედებითი კუთხით ისეთივე ნაგავია, როგორც „გიხაროდენ“ _ საშინელებაა. უნიჭობის საშინელება. ცუდად შეფუთული სიყალბე აუდიტორიამდეც ყალბადაა მოტანილი, თანაც „ბანდიტსკი პეტერბურგიდან“ თავიდან ბოლომდე მოპარული. „ლედ ზეპელინის“ უტიფარ პლაგიატს ვერ ვიტან და ეს რა ასატანია?! განსხვავება ისაა, „ზეპელინის“ შესრულებული სიმღერა დღემდე იგივე რჩება, მუშაობს და პეტერბურგის კონცერტებიც გააუქმა რობერტ პლანტმა, როცა რუსეთი უკრაინას თავს დაესხა. ხომ გესმით, რას ვგულისხმობ? გააჩნია, ვინ ვინაა“, _ ამბობს „ქრონიკა+“-თან დეფი.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს უამრავი წინასაარჩევნო თუ საიმიჯო კლიპი შეიქმნა, შემუშავდა პატრიოტული კლიპებისა და სიმღერების წახალისების მექანიზმიც. შეიქმნა სიმღერები ლექსენის მონაწილეობით, კლიპები აფხაზეთზე, მონაწილეები ღირსების ორდენითაც დაჯილდოვდნენ, კლიპებში იყენებდნენ სააკაშვილის გამოსვლის ემოციურ ფრაგმენტებს, მაგალითად: „სოხუმი არის საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალაქი და ჩვენ სოხუმს აუცილებლად ავაშენებთ“. მათდა სასახელოდ და ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი დღემდე პოპულარულია. მაგალითად, „გამარჯობა, აფხაზეთო, შენი“ და პოლიციის ჰიმნი ის სიმღერებია, რომლებმაც დროს გაუძლო და ასოციაციების მიუხედავად, ადგილიც დაიმკვიდრა: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი“ დღემდე გვხვდება საბავშვო ბაღებისა და სკოლის მოსწავლეების საჩვენებელი გამოსვლების რეპერტუარში, პოლიციის ჰიმნი კი, იმის მიუხედავად, რომ მისი აჟღერებისგან 2012 წლის არჩევნებიდან ცოტა ხნის განმავლობაში საერთოდ თავს იკავებდნენ, ყველაზე მოთხოვნადი სიმღერაა ქართულ რესტორნებში და, შიგადაშიგ, ქორწილებშიც ისმის ხოლმე. და რაც მთავარია, ამ ჰიმნის ჰანგებზე ძველი და ახალი პოლიციელები მშვიდად როკავენ ერთმანეთის პირისპირ...
და მაინც, რა თქმა უნდა, სააკაშვილის მმართველობის დროს შექმნილი კლიპებიდან ყველაზე დასამახსოვრებელი მაინც „მიშა მაგარია“ იყო, რომელიც გამოსვლისთანავე გახდა აზრთა სხვადასხვაობის საგანი. გოგა ხაჩიძე, რომელიც მიშასგან აწ განდგომილია, სწორედ „მიშა მაგარიასთან“ ასოცირდება იმის მიუხედავად, რომ პოლიციის ჰიმნიც მისი დაწერილია.
ამ კლიპში ახალი მეთოდი ის იყო, რომ იდეის ავტორმა უარი თქვა ცნობილ სახეებზე და ის უწყვეტ კადრად, „მასოვკის“ ფონზე გადაიღო. მინიშნება რუსეთზე, საქართველოს ნათელ მომავალსა და მაგარ პრეზიდენტზე _ ეს იყო ის, რაც კლიპს წინამორბედებისგან განასხვავებდა, რადგან თვით შევარდნაძის დროსაც კი მისი პერსონიზება და წარმოჩენა არც ერთ კლიპში არ მომხდარა.
გოგა ხაჩიძემ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ გაჟეჟილს გატეხილი სჯობს და სათქმელი პირდაპირ თქვა. მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში, კლიპის შემდეგ, ამბობდა კიდეც, ერთადერთი სიტყვა, რაც „მიშას“ წარმოთქმის შემდეგ შეიძლება გაგიჩნდეს, „მაგარია“ გახლავთ და ამიტომაც, „მიშა მაგარია“ არც კონტექსტიდანაა ამოვარდნილი და სიმართლეცააო. როგორც მუხრან მაჭავარიანი იტყოდა, „არაფერი გულწრფელი კაცს არ გაემტყუნება“ და სწორედ ეს გულწრფელობა იყო, ალბათ, ის ფაქტორი, რამაც კლიპის პოპულარობა განაპირობა იმდენადაც კი, რომ კარგა ხნის განმავლობაში ტელეფონის მელოდიის ზარების ნუსხაშიც იყო შეტანილი ორივე მობილური კავშირგაბმულობის კომპანიის მიერ და უამრავი ჩამოტვირთვაც ჰქონდა.
მახსოვს, 2008 წელს, ჩხოროწყუში, სადაც აგვისტოს დღეებში რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ, მათ ბლოკპოსტთან აქცია გაიმართა _ ხალხთან ერთად მავთულხლართებს ხმის გამაძლიერებლით აღჭურვილი მანქანაც მიადგა, საიდანაც ბოლო ხმაზე „მიშა მაგარია“ ისმოდა. გაოგნებული უწვერულვაშო ოკუპანტები მანქანას უყურებდნენ, რამდენიმემ რიტმს თითებიც კი ააყოლა ავტომატის კონდახზე, ერთმა კი ვერ მოითმინა და იკითხა: „ჩო ეტა ზა პესნია?“ რის პასუხადაც ერთმა, არცთუ სანაქებოდ ფხიზელმა დემონსტრანტმა მაშინვე „მიუთარგმნა“: „ნაშ მიშა კრეპკი ჩუვაკ!“
„მიშა მაგარიას“ დიდი დრაივი ჰქონდა და კლიპიც ხოშიანი იყო, მაგრამ არ იმუშავა. დააგვიანა კლიპმა, მაშინ დიდი მღელვარება იყო და კონტექსტში ბოლომდე ვერ ჩაჯდა _ თუმცა სლოგანი „მიშა მაგარია“ შვეიცარიული საათივით მუშაობდა და ვფიქრობ, დღემდე მუშაობს. ამ კლიპისა და სიმღერის გზავნილიც ეს იყო _ სლოგანი, გზავნილი ბოლომდე სხარტი ყოფილიყო და ადამიანებს დამახსოვრებოდათ“, _ ასე აფასებს „მიშა მაგარიას“ დავით-დეფი გოგიბედაშვილი.
კლიპებისა და სიმღერების ტრადიციაზე არც „ქართულმა ოცნებამ“ თქვა უარი. თავდაპირველად იყო 2012 წლის 30 სექტემბერი, როცა გაისმა სიმღერა ემიგრანტებისთვის „ჩვენ დავბრუნდებით“, რომელიც, თითქოსდა, „ქართული ოცნების“ ჰიმნი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვერ იმუშავა და ამიტომაც, წინასაარჩევნოდ, უკვე ოთხი წლის თავზე, ახალი კლიპის შექმნა გახდა საჭირო. იფიქრეს, იფიქრეს და ბოლოს მოიფიქრეს საქართველოს თავზე მფრინავი „ახალი დრონი“, რომელსაც ხელს უქნევს ყველა, დაწყებული ბიძინა ივანიშვილითა და მისი ოჯახის წევრებით, კახა კალაძით დამთავრებული... კლიპი გამოსვლისთანავე გახდა დიდი აურზაურის მიზეზი: ზოგს ის ენიშნა, რომ კლიპში არაფერი ჩანს „ოცნების“ გაკეთებული და აშენებული (რაც არ აუშენებიათ, რას აჩვენებდნენ?), ზოგს იმაზე გაეცინა, ხელს რომ უქნევენ აშკარად ხელოვნურად დამონტაჟებულ დრონს და, რაც მთავარია, ეტყობა, თავად „ოცნებაშიც“ მიხვდნენ, რომ რაღაცებში გადაამლაშეს, ამიტომ კლიპი მიჩეხ-მოჩეხეს და ივანიშვილი, პრემიერი და რამდენიმე ფიგურა ამოიღეს... „ნაციონალების“ დროს ისე მაინც ხდებოდა, რომ ისინი რასაც აკეთებდნენ, ჯერ კარგად გათვლიდნენ დეტალებს, ყველა რგოლთან შეათანხმებდნენ და მერე გამზადებულ პროდუქტს ჩაუშვებდნენ, რასაც არაფრის დიდებით შეცვლიდნენ. საზოგადოებრივი აზრის მიუხედავად, „ქართული ოცნებაც“ (შესაძლოა, თავად ბიძინა ივანიშვილიც ვიგულისხმოთ) კი, საზოგადოებრივი აზრის მიმართ საკმაოდ მოწყვლადია...
დავით-დეფი ამ კლიპზე ყველაზე ვრცლად საუბრობს, რაც იმით თუ აიხსნება, რომ ეს მაინც აწმყოა, ახალია და ჯერაც მოქმედებს:
„ეს უახლესი _ ჩემთვის გამოჩენის წამიდან სრულიად მიუღებელი „ქართული ოცნება“ _ გენიალური და ჩემი უსაყვარლესი სიმღერის ფონზე, რომელსაც ადრე, ასევე გენიალურად მღეროდა „ორერა“ და „ცისფერი ტრიო“. ამ კლიპსაც იგივე პრობლემა აქვს, მთა-ბარი ხოშიანია, პლანეტა დედამიწაა ასეთი, ჩვენი ქვეყანაა ასეთი და მხოლოდ ამიტომ, ხოლო ადამიანის მიერ შექმნილი, არტისტის მიერ შექმნილი ის ენერგია, რაც გზარავს ან გამშვიდებს, გამოგზაურებს ან ადგილზე გყინავს, გახარებს ან განაღვლებს, გაფიქრებს, თუნდაც _ ნული. დროსთან, კონტექსტთან, მომხდარ ამბებთან მიმართებით სრული სიყალბე, როგორც სიმღერის ახლებური, უყალბესი „რიმეიქი“, ისე გამომხატველობითი სახე.
და რაც მთავარია, კლიპში არაა მსგავსი არაფერი, რითიც ქოცები ამაყობენ: უამრავი ქარხანა და ა. შ. იქნებ, ვინმემ თქვას, რა მიზეზით არ არის? მხოლოდ ახალი გზის, როგორც იქნა, ბოლომდე მიყვანილი ნაწილია კლიპში და თვითკმაყოფილი პოლიტიკოსები, რატომღაც, ხელს უქნევენ „დრონს“.
ამ კლიპს გზავნილი არ გააჩნია, გაპრიალებული თოჯინასავითაა, რომელიც დეკორაციადაც არ გამოდგება. გზავნილის არქონა კი შინაარსის არქონაა.
სწორედ ამას ჰქვია BULSHIT.
ამიტომ გააჩნია, ვინ ვინაა და რას აკეთებს და როგორ აკეთებს, _ მდიდარი გულით თუ ცარიელი ფულით? ასო-ბგერაშია განსხვავება და ყველაფერი იცვლება. ე. ი. იცვლება არჩევანიც“, _ ამბობს პოეტი.
როგორ იმუშავებს „ოცნების“ საარჩევნო კლიპი, პროგნოზირება ძნელია, პირველი რეაქცია კი არცთუ სახარბიელო მოჰყვა. დანარჩენი, დაახლოებით, ერთ თვეში გამოჩნდება, ზოგიერთმა კი „ოცნების“ კლიპის ბოლოს უკვე კითხვის ნიშანიც დასვა, „ნუთუ“ ასოციაციით: ჩემი საქართველო აქ არის?
ლაშა ბერულავა